Batumelebi | საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია – Batumelebi

საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია

რამდენად ღრმაა „ნაციონალურ-დემოკრატიულ“ ერთობაში გაჩენილი ბზარი? ეს კითხვა წინა კვირას განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე თავისთავად გაჩნდა. „ნაციონალებისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ პარტიად შერწყმის დიადი გეგმის ჩაშლა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს – კობა დავითაშვილს დაბრალდა. მისი ხმამაღალი განცხადება, არჩევნების შემდგომ მისივე სიჩუმის ფონზე, უფრო მკვეთრად გაისმა. თუმცა, განხეთქილების თაობაზე ეჭვებს სხვა გარემოებებიც აძლიერებდა.

ყველაფერის თავი და თავი ის საკონსტიტუციო ცვლილებები გახდა, რომლის მიღებაც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ წინა კვირას, დიდი მითქმა- მოთქმის მიუხედავად, პრეზიდენტის „წაქეზებით“ მაინც მოახერხა. საკონსტიტუციო ცვლილებების სამეულისთვის მისაღები ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით განიხილა, მიუღებელი აღმოჩნდა იურისტ კობა დავითაშვილისთვის.

საკონსტიტუციო ცვლილებების გამო საყოველთაო „ნაციონალური მორატორიუმის“ ფონზე დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილს, უფრო სწორად, სახელმწიფო მინისტრს – ზურაბ ჟვანიას აუჯანყდა. პროტესტის ნიშნად მან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის პოსტიც კი დატოვა. კონსტიტუციაში საკამაოდ გათვითცნობიერებულმა დავითაშვილმა, ახალი კონსტიტუციური ცვლილებები რატომღაც ზურაბ ჟვანიაზე მორგებულად მიიჩნია.

დავითაშვილის მხრიდან ეს სერიოზულ არგუმენტად ჟღერდა, მაგრამ ამ დებულებას შემდეგ უკვე სხვა არგუმენტიც დაემატა. დეპუტატმა უკვე ვეღარ დამალა თავად სახელმწიფო მინისტრის პიროვნებისადმი ანტიპათია: არ შემიძლია იმ პიროვნების გვერდით დავდგე, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას, ხმა მისცა ე.წ. ნულოვან ვარიანტსო.

შეგახსენებთ, ამ ვარიანტით საქართველომ უარი თქვა თავის წილზე უკვე დაშლილი სსრკ-ის ქონებიდან, რუსეთის მხრიდან საგარეო ვალების გამოქვითვის სამაგიეროდ. ეს ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობისას, 1998 წელს მოხდა. მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ სსრკ-დან კუთვნილი „წილი“ საქართველოს უფრო სარფიანად შეეძლო გაეცვალა და დაებანდებინა. თუნდაც, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან უფრო ოპერტიულად გაყვანის თვალსაზრისით. კობა დავითაშვილი, როგორც საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის ერთ-ერთი წევრი ამ ფაქტს მაშინაც აპროტესტებდა. მაგრამ არა ისე კატეგორიულად, რომ ზურაბ ჟვანიას მაშინდელი „მოქალაქეთა კავშირიდან“ განკვეთა მოეთხოვა.

თავის მხრივ, როგორც საკმაოდ გათვითცნობიერებული ხალხი აცხადებდა, ზურაბ ჟვანია მაშინ ასეთ არახელსაყრელ გარიგებაზე პრეზიდენტის მხრიდან მსუბუქი ზეწოლისა და მინისტრთა კაბინეტის დაპირების სანაცვლოდ წავიდა. ზურაბ ჟვანია მაშინაც მინისტრთა კაბინეტის ისეთ მოდელზე ოცნებობდა, რომელიც მინისტრებს გუნდური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით აამუშავებდა. ჟვანიას მხრიდან ამგვარი არაპოპულარული ნაბიჯის მიუხედავად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა პარლამენტში არ იჩქარა.

კობა დავითაშვილის განცხადება ზურაბ ჟვანიას მიერ წინასწარგამოცხადებულ გაერთიანებას უძღოდა წინ. კონფერენცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დემოკრატების“ გაერთიანება უნდა მომხდარიყო, გადაიდო. როგორც მოგვიანებით „ნაციონალების“ ოფისში შეკრებილი ორივე პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ გაერთიანებას ხელი მხოლოდ ტექნიკურმა მიზეზებმა შეუშალა. ერთ-ერთი მიზეზით იმან, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადები არ გადაწია…

გაერთიანება მაინც შედგება – ირწმუნებიან როგორც ორივე პარტიის რიგითი წევრები, ისე მათი ლიდერები. „გაერთიანების პროცესს მაინც ვერავინ შეაჩერებს. ეს არის ჩემი ინიციატივა. უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები, მთლიანად საზოგადოება, რათა ამოვიდეთ იმ წუმპიდან, რომელშიც შევარდნაძემ ჩაგვყარა. იმისათვის, რომ ერთად გავუმკლავდეთ მაფიას”, – ამბობს სააკაშვილი. გადადებული ერთობლივი კონფერენციის თაობაზე ამგვარი კომენტარისას მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილის განცხადებაზე კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა: მე ხალხი მაინტერსებს და არა პიროვნებებიო.

მეორე ქვა, „ნაციონალური რიგებიდან „დემოკრატიულ ბოსტანში“ უკვე პეტრე ცისკარიშვილმა ისროლა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ჯერ კიდევ ბურჯანაძის მოქმედი პრეზიდენტობის პერიოდში ნომინირებულ ცისკარიშვილს დაპირებული პოსტი უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდგომ ეღირსა. პოსტზე მან სულ ორი დღე დაჰყო და ბრალდებები წაუყენა ბურჯანაძეს. „თუ ცისკარიშვილი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, მაშინ ფაქტია, ჩვენ ერთ პარტიაში არ დაგვედგომებაო“, – ასეთი იყო ბურჯანაძის რეაქცია თანაგუნდელის განცხადებაზე, რომელიც მისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ცისკარიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა ითხოვა. ცისკარიშვილმა ბოდიში არ მოიხადა, თუმცა „ქვეყნისა და პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე“ თანამდებობა დატოვა. ბოდიშის მოხდას ნინო ბურჯანაძის წინაშე ცისკარიშვილი არ აპირებს.

ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, ასე დაარქვა თავად ახალმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 170 ხმით მიიღო. ამ მოდელისა და 2001 წელს პარლამენტში პრეზიდენტის ინიციატივით შესულ ცვლილებებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

მთავარი დისკუსია, როგორც ცნობილია, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტს, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უფლებამოსილებების გადანაწილების საკითხმა გამოიწვია. საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად რევოლუციური სამეული შემდეგ ვარიანტზე შეთანხმდა:

ფაქტია, რომ სამომავლოდ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მიხეილ სააკაშვილმა უფრო პასუხისმგებლობა გადაუნაწილა, ვიდრე უფლებები. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტთან შეთანხმებით, აკომპლექტებს მთავრობას. ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში პრეზიდენტს აქვს პარლამენტის ან მთავრობის დათხოვნის უფლება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ავტომატურად უნდა გადადგეს მინისტრთა კაბინეტიც. თუ პარლამენტი პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტს იმპიჩმენტის თხოვნით მიმართავს, საამისოდ მან კონსტიტუციით განსაზღვრული ორი წესიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს, რის შესახებაც წინასწარ ამცნობს საზოგადოებას. პირველის მიხედვით, პარლამენტი 118 დეპუტატის ხმით მიმართავს პრეზიდენტს მთავრობის გადადგომის შესახებ, თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს ამ თხოვნას, პარლემენტს მისი განმეორების უფლება სამი თვის ვადაში აქვს. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი. მეორე ვარიანტით, იმპიჩმენტის ინიციატივის წამოყენება შეუძლია 79 დეპუტატს, მიმართვიდან 15 დღის ვადაში კი იმპიჩმენტს მხარი პარლამენტის წევრთა სამმა მეხუთედმა უნდა დაუჭიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალია, ქვეყნის მეთაურს პარლამენტის დათხოვნა არ შეუძლია, მაგრამ პარლამენტს იმპიჩმენტის საკითხის წამოყენება 6 თვის ვადით ეკრძალება. პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში აკრძალულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოყენება.

თავად მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დიქტატურის დამყარების კი არა, ძლიერი ხელისუფლების შესაქმნელად მიღებული ზომებია.

სადავოა თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვის პროცედურაც – კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში განხილვამდე ერთი თვით ადრე უნდა იყოს გამოქვეყნებული.

ამიტომ ხელისუფლება იძულებულია თავადვე აღიაროს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე შევარდნაძის მიერ არის შემოტანილი. ამ აღიარებას იგი ოპოზიციის მიერ წაყენებული ბრალდების გასამართლებლად იყენებს. ბურჯანაძის აზრით, ეს ცვლილებები მართალაც უფრო უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ეტაპზე მმართველობის ეფექტიანობისთვის ასეთი მოდელის მიღებაც შესაძლებელია. ჩვენი ხელისუფლება როგორც ოპოზიციას, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების ამ პროექტზე საკმაოდ შემომწყრალ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მომავლის იმედით ამშვიდებს. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მმართველობის ეს მოდელიც შეიცვლება. ნაწილობრივ იგივეს აცხადებს თავად სააკაშვილიც, რომელიც ირწმუნება, რომ მართალია, ახლა გამგებლების დანიშვნის უფლება მან დაიკანონა, მაგრამ 2005 წლისთვის გამგებლების და მერების არჩევის უფლება თავად ხალხს ექნება.

ამ განმარტებების გაკეთება საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად პარლამენტში შეტანილ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით სჭირდება, რომლის მიხედვითაც „გარდამავალ პერიოდში“ პრეზიდენტს გამგებლების და მერების პირდაპირ დანიშვნის უფლება ეძლევა. ამ ცვლილებებების მიღებამდე პრეზიდენტს გამგებელი არჩეული საკრებულოდან უნდა დაენიშნა. ფაქტია, რომ დღეისათვის საკრებულოებში მაინც წინა ხელისუფლების მიერ ხელდასმული კადრები სჭარბობენ. ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებისათვის გამგებელ-მერების გადახალისება გამარჯვებული ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესებში შედის.

ცხადია, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებთან, ისე – გამგებლების დანიშვნის წესთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც მინიმუმ 2005 წლის შემოდგომამდე შენარჩუნდება, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ თემებს გასულ კვირას რამდენიმე შეხვედრა მიუძღვნეს.

თუმცა, ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში წესრიგის სასწრაფოდ დამყარებასა და ამ მიზნით რადიკალური და სასწრაფო ზომების გადადგმაზე საუბრობს, ამჯერად შეუვალი იყო. პარლამენტი კი – ტრადიციისამებრ, შესაშურად მორჩილი. ერთადერთი, რაშიც დღევანდელი პარლამენტი ახალ ხელისუფლებას „ეურჩებოდა“, საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საკითხი იყო – დეპუტატები, რომელთა დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში სწორედ იმუნიტეტის ხათრით მოდიან, მის დათმობას, ნაწილობრივადაც კი არ აპირებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა მჭედლიძე სპეციალურად „გაზეთ ბათუმელებისათვის“