"ბათუმელების“ არქივიდან

გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც არ იქნება მართული

04.02.2004 • 1613
გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც არ იქნება მართული

აჭარაში დღეს არსებულ სიტუაციას ანალიზს არავინ უკეთებს. „მიუკერძოებლობის“ დაცვის პრინციპით, ამჯერად მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად ჩვენივე კოლეგა შევარჩიეთ. იგი ჟურნალისტიკაში, როგორც თავად ამბობს, იძულებით, სწორედ პოლიტიკიდან მოვიდა, და ჯერჯერობით არც ის აქვს გადაწყვეტილი, აქედან სად წავა. „გაზეთ ბათუმელების“ სტუმარია რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ ევგენი თავდგირიძე:

 

ჩემი ვარაუდით აჭარაში ვარდების რევოლუცია განხორციელდება, მაგრამ იმ სცენარით, როგორც დედაქალაქში იყო, არა მგონია. ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის. ე.ი. დროში გარკვეულად გაიწელება, მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა დასრულდეს, თანაც არა კოსმეტიკურად, არამედ რეალურად. ვარდების რევოლუციის შემდეგ აჭარაში საზოგადოება სერიოზული ცვლილებების მისაღებად უკვე მზადაა.

ცვლილება რამ გამოიწვია?

საზოგადოების ცნობიერებაში რაიმე შეიცვალა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ასეთი განწყობილება ადრეც არსებობდა, უბრალოდ, მაშინ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, საზოგადოებაზე განსაკუთრებული ზემოქმედება იქონია პრეზიდენტის მტკიცე პოზიციამ აჭარის ხელისუფლების მიმართ და ამ ფონზე აჭარაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამ. საერთოდ, აჭარის მცხოვრებთ აქვთ, ასე ვთქვათ, ისტორიული მეხსიერება და ცენტრალური ხელისუფლების სრული მხარდაჭერის გარეშე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც შეიძლება საეჭვო შედეგის მომტანი გახდეს. აქ არის ერთგვარი სიფრთხილის მომენტიც.

პრეზიდენტს აქვს უფლება ერთპიროვნულად გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რატომ არ აკეთებს ამას?

საგანგებო მდგომარეობა, ჩემი აზრით, აჭარაში პრაქტიკულად არც არსებობს. პრეზიდენტი არ მოქმედებსო, ვერ ვიტყვით. აჭარის პრობლემა საკმაოდ რთულია, ისტორიული ასპექტიდან, პოლიტიკური, ავტონომიის სტატუსიდან გამომდინარე პრეზიდენტი არ ჩქარობს. მას აინტერესებს აჭარაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მობილიზება ერთი მიმართულებით, რათა პროცესი განვითარდეს შიგნიდან, დამოუკიდებლად, რათა საზოგადოებამ ეს ხელისუფლება თავისი ნაკლოვანებებით სრულფასოვნად დაინახოს. ამიტომ გარიგებას გამოვრიცხავ. თუ პრეზიდენტი გაურიგდება აჭარის ხელისუფლებას მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, აჭარაში შეიძლება იფეთქოს უკმაყოფილების ტალღამ უკვე პრეზიდენტის წინააღმდეგ.

თამაშის წესებზე მორგებაში რა შეიძლება ვიგულისხმოთ, რასაც სააკაშვილი ღიად მოითხოვს აბაშიძისაგან?

პრეზიდენტი აბაშიძეს აძლევს საშუალებას, რომ მან დემოკრატიის გზით იაროს. თუმცა, ჩემის აზრით, პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია, რომ თუკი აბაშიძე ამ გზით ივლის, მისი ხელისუფლება აუცილებლად შესუსტდება. პრეზიდენტი მას თხოვს თამაშის წესების დაცვას, რაც ნიშნავს დემოკრატიული პროცესების განვითარებას, გამჭვირვალობას ყველაფერში, განსაკუთრებით ბიუჯეტის ხარჯვის საკითხებში და ა.შ. ასეთი პროცესებით საზოგადოება აუცილებლად დაინახავს არსებულ მანკიერებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი აჭარის ხელისუფლებასთან რაიმე დათმობაზე მიდის.

რამდენად დააჩქარებს  ოპოზიცია მოვლენებს?

„დემოკრატიული აჭარას“ და მისი ლიდერის ედვარდ სურმანიძის პირველი მესიჯი აჭარის ხელისუფლების სწრაფად შეცვალა იყო. საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ის მესიჯები, რომლებიც პირველივე დღეს წამოვიდა. მაგალითად „მკვიდრობაზე“, იმაზე რომ „აჭარაში ცხოვრობს სურმანიძეების 7 000 ოჯახი“ და ა.შ. მე დანამდვილებით მინდა ვთქვა, აჭარა არჩევანს გააკეთებს არა გვაროვნული შეგნებით, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობით. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, როცა არჩევანი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გაკეთდება, ეს არასოდეს ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემას არ შეუქმნის.

მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ მთავარი მესიჯი ამ ეტაპისათვის  არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ 28 მარტის ჩათვლით ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიცია არ გეგმავს ვინმეს გადაყენებას. ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენელი ოთარ ზოიძე ამზადებს კანონპროექტს პარლამენტში გასატანად, რომლის მიხედვითაც აჭარაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლება შეიცვლება.

ოპოზიციის გაერთიანება რამდენად მყარია?

ყველა პროცესს ახლავს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები. „ჩვენი აჭარას“ ირგვლივ გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე საკუთარ პოზიციას ინარჩუნებენ ადგილობრივი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაში. ამავე დროს ვხედავ ტენდენციას, რომ ამ მოძრაობას უერთდებიან ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ – „თუკი აქამდე ჭამდა ერთი, ახლა მე უნდა ვჭამო“. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი აჭარაში ერთი სამთავრობო კლანის, ან ჯგუფის ადგილს დაიკავებს მეორე და იგივე მეთოდებით დაიწყებს მოქმედებას, ვარდების კი არა, ეკლების რევოლუცია იქნება გარდაუვალი.

რამდენად მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების დემონტაჟი?

1995 წელი აჭარაში არჩევნების ტოტალურად გაყალბების წელი იყო. მაშინ რომელი გამგებლები და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ ყველაფერს, დღეს იგივე ხალხი  დაბრუნდა ხელისუფლებაში, რაც შეიძლება მივიჩნიოთ მოწოდებად ძალისმიერ მეთოდების გამოყენებისკენ.

აჭარის ხელისუფლება მიმდინარე პროცესებს უწევს წინააღმდეგობას დროის გაწელვის მიზნით, ეს მოქმედება არ თავსდება დემოკრატიულ ჩარჩოებში. იგი ყოველთვის ორიენტირებული იყო ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაზე და რაკი ეს მისი სტილია, აუცილებლად ეცდება დროის ამ შუალედში ხელისუფლებისაგან გარკვეული გარანტიები მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოგვიანებით უფრო მეტი „დანაკარგის“ პირობებში მოუწევს ამის გაკეთება. მითუმეტეს, როცა ვხედავთ ქვეყანაში როგორ მიმდინარეობს კორუმპირებული ჩინოვნიკების დევნა.

რუსეთის სამხედრო ბაზიდან ქართველების გაყვანას რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს?

ჩემი ინფორმაციით სამხედრო ბაზები, რომელიც აჭარაშია განთავსებული, ბევრი ქართველი მუშაობს, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლი საკმაოდ მაღალია. თუკი ხელისუფლება მოინდომებს ამ რესურსის გამოყენებას საკუთარი მეზობლების, ან ოჯახის წევრების წინააღმდეგ, არ გამოუვა. რუსეთის სამხედრო ნაწილებში მომუშავე ქართველების გადაყვანა რუსეთის სხვადასხვა ნაწილში და არაქართველების შემოყვანა, მათდამი უნდობლობის მაჩვენებელია.

დღეს ცენტრალური ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად ცდილობს მოაგვაროს რუსეთთან ურთიერთობა. არამგონია იმდენად მიამიტები იყვნენ ცენტრალურ ხელისუფლებაში, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოუგვარებლობის პირობებში (რაც მინიმუმ სრულ ნეიტრალიტეტს გულისხმობს აჭარის საკითხებში) აჭარაში სიტუაციის რაიმე ფორმით შეცვლაზე იფიქრონ.

დაპირისპირების შემთხვევაში ხელისუფლების მხარდამჭერი ძირითადად ვინ იქნება?

მოსალოდნელ ცვლილებებს ვერავინ დაუპირისპირდება. თუმცა არსებობს ალბათობა, ამ მიზნისათვის გამოყენებულ იქნას ე.წ. „დაცვის ხალხი“, რადგან ამ სტრუქტურებში არც ისე იოლი იქნება „ზემოთ“ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ანგარიშსწორების შიშით. სხვათა შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრს სურს ამ სტრუქტურიდან თავის დაღწევა, მაგრამ ვერ ბედავს. შეიძლება რელიგიურ ნიადაგზე შუღლის წარმოშობაც სცადონ. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო დროშა მუსლიმანურ სარწმუნოებას წალეკვით ემუქრება და ა.შ. ეს ვერანაირ სერიოზულ კატაკლიზმებს ვერ გამოიწვევს. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს სიტუაციაში რელიგიური მომენტი ყოველთვის უკანა პლანზე გადაიწევს და გაიმარჯვებს სახელმწიფოებრივი აზროვნება.

ახალი ხელისუფლების მხრიდან 90%-იან მხარდაჭერაზე საუბარი დემოკრატიის რა ხარისხის მაჩვენებელია?

ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აჭარის დღევანდელ ხელისუფლებას ვინც არ უჭერს მხარს, ის უპირობოდ დადგება ოპოზიციის გვერდით. ეს რომ ასე მოხდეს, სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი. მოსახლეობა თუ არ დარწმუნდა ოპოზიციის ძალაში, რომელსაც აქვს რეალური პროგრამა და კონკრეტული გათვლები, ის არ იქნება მის მიმართ ერთსულოვანი. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის გაერთიანებული ძალები თუ ვერ მოახდენენ საზოგადოების კონსოლიდაციას, აუცილებლად გამოჩნდება სხვა, მესამე ძალა, რომელიც არ იქნება ხელისუფლებისგან მართული.

 

გადაბეჭდვის წესი