ქობულეთში, დაბა ჩაქვში, რაგბის სტადიონის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა ჩამოინგრა – დაიბზარა კედლები, დაზიანებულია სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო გაყვანილობა. სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 1 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შემსყიდველს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – „პროექტების მართვის კომპანიას“ – უკვე ჩაბარებული აქვს.
ეს ტენდერის ღირებულების 40 პროცენტია. ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მშენებარე შენობის ჩამონგრეული ნაწილი

დაზიანებული სავენტილაციო სისტემა

ფოტო: გურამ მურვანიძე
ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისა და შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიამ“ 2022 წელს გამოაცხადა. 4 მილიონ 310 553 ლარის ღირებულების სამუშაოებზე ხელშეკრულება შპს „გლობალ სტანდარტმშენთან“ გააფორმეს.
ტექნიკური დავალების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავს ჩაქვში, 15 058 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონის მოწყობასა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას.

რენდერი ტექნიკური დოკუმენტიდან
ამ შენობის კარკასი უკვე აშენებულია, თუმცა ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ ის ხელახლა ასაშენებელი იქნება – შენობის ნაწილი ჩანგრეულია, კედლები კი დაბზარულია. არ ვიცით, რა ვითარებაა სტადიონზე, რადგან ის თოვლით არის დაფარული.

ფოტო: გურამ მურვანიძე
შენობის დაზიანება სავარაუდოდ თოვლს დაჰბრალდება, თუმცა საინტერესოა, რას იტყვიან ექსპერტები, რადგან აქ მხოლოდ ჩამოვარდნილი სახურავი არ დაგვხვედრია: კედლები ზოგ შემთხვევაში ისეა დაბზარული, რომ ბზარებიდან კედლის უკანა მხარის დანახვას შეძლებთ.

ჩაქვის რაგბის სტადიონის მშენებარე შენობა
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ შენობაში უნდა მოაწყონ კაბინეტები, სავარჯიშო ოთახები, საჯარო სივრცეები, სასადილო, სველი წერტილები და სხვა, შენობის საერთო ფართობი 895 კვ.მეტრი უნდა იყოს. საერთო კონსტრუქციული სიმაღლე საერთო კონსტრუქციული სიმაღლე კი 5.85 მეტრი.
დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შემოწმებას „ზაისი და კომპანია“ აწარმოებს.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც ნაგებობები ადგილზე შეამოწმა, 2022 სექტემბერ-დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოები შეაფასა, როგორც პროეტთან შესაბამისი. კომპანიამ შესრულებული სამუშაოები შეაფასა, როგორც ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი 2023 წელსაც.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა, დავით ნოზაძემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა – „ამ საკითხზე დამკვეთს მიმართეთო“. რაც შეეხება სამუშაოების შეჩერებას, გვითხრა, რომ ჯერ შენობას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
„არ არის პრობლემა, ყველაფერი გამოსწორდება“ – გვითხრა ბაქარ ჩიტაიამ. ის დამკვეთის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიას“ ხელმძღვანელობს.
„განახლდება მალე ობიექტზე მშენებლობა, სტიქია იყო იცით რეგიონში და გარკვეული პრობლემები ყველგან შექმნა. სტადიონზეც და ყველგან, მაგრამ გამოსწორდება ყველაფერი, არ არი პრობლემა. აქ ჩვეულებრივი მუშა პროცესია, ვიცით რაც არის, ვმუშაობდით მაგ ნაწილში.
ჯერ არ არის დასრულებული მშენებლობა ობიექტზე, არის მიმდინარე პროცესი ჩვეულებრივი და მიღებული გვაქვს ზარალი, უბრალოდ, სტიქიიდან გამომდინარე. კარგად მოგეხსენებათ რა ნალექი მოვიდა რეგიონში და გურიაშიც. გარკვეული პრობლემები შექმნა ყველა ობიექტზე, გამოსწორდება. დაწყებულია უკვე მაგაზე სამუშაოები“.
- შპს „გლობალ სტანდარტმშენის“ გამოცდილება
2021 წელს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ „გლობალ სტანდარტმშენს“ დაუკვეთა დაბა შუახევის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 2 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.
ეს კომპანია მუშაობდა თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოებზე, ხელშეკრულება 2 მილიონ 600 000 ლარზე მეტის ღირებულების სამუშაოებს ითვალისწინებდა. კომპანიას მოგებული აქვს ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის 5 მილიონიანი ტენდერი და ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაციის 2 მილიონიანი ტენდერი.