ბათუმში, ნინოშვილის #27-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრეებმა, მათი სახლის მომიჯნავედ [#25-ში] მიმდინარე მშენებლობის შესაჩერებლად პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს. როგორც აქ გვიყვებიან, სამშენებლო სამუშაოები მათი სახლის რყევებს იწვევს.
„სახლი ზანზარებდა, პოლიცია გამოვიძახეთ. მივმართეთ მერიასაც, მუნიციპალურ ინსპექციას და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს“, – გვიყვება ირაკლი კაკაბაძე, სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე.
ნინოშვილის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭემ“ ისტორიული სახლი დაანგრია და აქ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. მშენებლობა ორ ძეგლს შორის მიმდინარეობს და გარდა იმისა, რომ პროექტის მასშტაბით ის ორივე ძეგლის ხედვის არეალს ზღუდავს, როგორც ირკვევა, სამშენებლო პროცესი საფრთხეს უქმნის ძეგლის მდგრადობასაც.
ნინოშვილის #25-ში მიმდინარე სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება სამი დღის წინ მიიღო ბათუმის მერიამ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნით.
„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ბათუმში, ნინოშვილის ქუჩა #27-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით, ადგილზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა, რის საფუძველზეც სააგენტომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა წერილობით და მოითხოვა ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება.
სამუშაოების განახლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უსაფრთხოება და მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნება და შესაბამისი სპეციალისტების მიერ მისი მდგომარეობა შეფასდება“, – მოგვწერეს სააგენტოდან.
სხვათა შორის, იმავე სააგენტოს ზონალურ საბჭოს თანხმობა გაცემული აქვს ორ ძეგლს შორის ისტორიული სახლის დანგრევასა და აქ 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონს, თუმცა ამის შესაძლებლობას უშვებს სამშენებლო კოდექსი იმ შემთხვევაში, როცა საქმე ავარიულ სახლს ეხება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ „გუმბათმა“ ნებართვა სწორედ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მიიღო. ასე იქცა ერთი მხრივ ჰუმანური პროგრამა, რომელიც ადამიანებს ავარიული სახლებიდან თავის დაღწევაში უნდა დაეხმაროს, ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის ნგრევისა და კორპუსების შენებით „ფულის კეთების“ შესაძლებლობად.

პროექტის რენდერი
ბათუმში კიდევ ბევრი ავარიული სახლის მცხოვრები ელოდება პროგრამაში მოხვედრას, თუმცა მშენებლისთვის პრიორიტეტია ავარიული სახლი, რომელიც ბულვართან, ზღვასთან ან ქალაქის ცენტრთან ახლოსაა. შესაბამისად, ბათუმის ვერცერთმა მერმა ვერ მოახერხა, რომ პრიორიტეტი იყოს ქალაქის და არა მშენებლის ინტერესი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს კანონი იცავს – ძეგლის დაცვის ზონაში დაუშვებელია ისეთი მასშტაბის მშენებლობა, რომელიც ძეგლს დათრგუნავს. თუმცა ძეგლის ხედვის დათრგუნვა ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ნინოშვილის #25-ში მდებარე სახლის ავთენტური სახით გადარჩენა დადგა დღის წესრიგში.

ბათუმი, ნინოშვილის #27. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ნინოშვილის #25-ში, 1193 კვ.მეტრზე გაცემულია 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ანტრესოლით. შენობის მაქსიმალური სიმაღლე 47.50 მეტრი იქნება.
ძეგლის მიჯნაზე „გუმბათი“ საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებდა, როცა ნინოშვილის #27-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად მესაკუთრეებს პოლიციის დახმარება დასჭირდათ.
როცა მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში იგეგმება, მშენებელი კომპანია ვალდებულია პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს შეათანხმოს. ამ შემთხვევაში, სააგენტოს საბჭოს წევრებს, პროექტთან ერთად ადგილის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევაც უნდა წარუდგინოს.
ნინოშვილის #25-ში დაგეგმილი მშენებლობისთვის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ გაგნიძეს მოუმზადებია. ამ კვლევის თანახმად, ორსართულიანი სახლი ნინოშვილის #27-ში XX საუკუნის დასაწყისში აუშენებიათ:
„ნინოშვილის და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაში 1898-1902 წლებში აგებული აგურის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმის სათათბიროს ხმოსანს – თავად მიხეილ ნაკაშიძეს ეკუთვნოდა. ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერალი, ჭაბუა ამირეჯიბი 1921-2013 წლებში.“
სპეციალისტის შეფასებით, ნაგებობა ხასიათდება მონუმენტურობით: „ნინოშვილის სახლს გამოარჩევს შეულესავი აგურის ფასადები, რომლებზეც დეკორატიული ელემენტები აგურის წყობითაა გამოყვანილი. შელესილია მხოლოდ ცოკოლი, რომელზეც რუსტიკის იმიტაციაა დატანილი… სახლი აგურის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ბათუმში“.
„გუმბათის“ პროექტისთვის მომზადებულ კვლევაში ხელოვნებათმცოდნე ამ სახლის დაცვა-შენარჩუნების აუცილებლობაზე ხაზგასმით მიუთითებს:
„ნაგებობა ძველი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშია. იგი ხასიათდება მხატვრული მთლიანობით, მშენებლობის მაღალი ხარისხით, სტილისტური მიმზიდველობით. ქუჩის ამ მონაკვეთში ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული ისტორიული შენობები, რომლებიც ანსამბლში იძლევიან წარმოდგენას XX საუკუნის დასაწყისის ბათუმის ურბანული განაშენიანების შესახებ. ამიტომ, თითოეული შენობის მხატვრული მახასიათებლების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით.“
ამ კვლევაში კიდევ უფრო საინტერესოა ის ნაწილი, სადაც ხელოვნებათმცოდნე წერს #25-ში მდებარე ბელეტაჟზე, რომელიც კომპანიამ უკვე დაანგრია:
„მაღალი ოსტატობით ნაგები სახლი მჭიდროდ ზის ქუჩის განაშენიანებაში, რომელიც ადრეული ბათუმური საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია. საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ დღეს ვხვდებით, ბოლო წლებში უბნის განაშენიანებაში, თანამედროვე ტენდენციების მნიშვნელოვან კონტრასტებს.
საცხოვრებელი ტერიტორიის ირგვლივ პარალელურ და პერპენდიკულარულ ქუჩებზე აშენებული მრავალსართულიანი კორპუსებს, რითაც იცვლება ქალაქის მასშტაბები. ახალი განაშენიანება თავის მასშტაბითა და გარეგნული გადაწყვეტით კონფლიქტში აღმოჩნდა ძველ ურბანულ ქსოვილთან და გამოიწვია ბათუმის ისტორიული განაშენიანების მნიშვნელობის დაკნინება.
მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ქუჩის ამ მონაკვეთში, ჯერ კიდევ ავთენტურობით შემორჩენილ ისტორიული ნაგებობების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს.“

ფოტო არქივიდან – ნინოშვილის #27-ში მდებარე ძეგლის გვერდით ერთსართულიანი ბელეტაჟი, რომელიც „გუმბათმა“ დაანგრია.
ამის შემდეგ, ხელოვნებათმცოდნე კვლავ უბრუნდება ქუჩის ისტორიული სახის შენარჩუნების მნიშვნელობას და იმდენად დიდ დროს უთმობს ამ საკითხს, რომ ჩნდება კითხვა – რამდენად კარგად წაიკითხეს ეს კვლევა სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრებმა, სანამ ისტორიული ბელეტაჟის დანგრევას „მწვანეს აუნთებდნენ“? თუ ასეთი კვლევების მომზადებასაც ფორმალური ხასიათი აქვს? – თუ ეს ასეა, შესაძლოა უახლოეს მომავალში ბათუმში ისტორიული შენობების ნგრევა-გადაკეთების ამბავი ისეთი ინტენსივობით გაგრძელდეს, რომ მალე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო საერთოდ აღარ იქნება საჭირო, ისევე როგორც დიდი ხანია აღარ გახსენებია არავის, რომ „ბათუმს“ ისევ არ აქვს გენგეგმა.
დასკვნის სახით ხელოვნებათმცოდნე შეეხო იმ საკითხსაც, რისთვისაც მას ეს კვლევა დაუკვეთეს:
„ქალაქი, რომელიც დღეს მოწესრიგებისა და განვითარების პროცესშია, ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ და სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისით საჭიროებს განვითარებას და ურბანული ქსოვილის ისტორიულ სახესთან მაქსიმალურად მიახლოებას. ამდენად, ნინოშვილის ქ.#25, რომელიც არ წარმოადგენს ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობას, აღნიშნული საკითხი მოითხოვს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ამ ობიექტის შენარჩუნებასთან (შექცევადობის არჩევანთან), ან არ შენარჩუნების გადაწყვეტასთან, რომელიც თანამედროვე ისტორიის შეუქცევად პროცესებთან არის დაკავშირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია ეს საკითხი გადაწყდეს მესაკუთრის, შესაბამისი მეთოდოლოგიური საბჭოს და აჭარის მთავრობის შესაბამის ორგანოებთან. საკითხის ამგვარი დაყენება გამოწვეულია იმ გარემოებიდან, რომ თუ ჩვენ წავალთ შექცევადობის არჩევანთან, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს ასაკობრივი ფასეულობების შენარჩუნებას, რესტავრაციას, კონსერვაციას, განახლებას (რენოვაციას) უდავოა, მისი ამ მეთოდებით წასვლა ითვალისწინებს შესაბამისი რესურსის გამოყენებას, რაც ისევ და ისევ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებების მიმღებთაგან უნდა იქნეს მიღებული“, – წერს ხელოვნებათმცოდნე.
როგორ გადაწყვიტა „ოცნების“ მთავრობამ ეს საკითხი უკვე ვიცით, ბელეტაჟი მიწასთან გაასწორებინა. ახლა საინტერესო ის არის, მოახერხებენ თუ არა მესაკუთრეები ძეგლის დაცვას.

დანგრეული ისტორიული სახლი და სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს
თავის დროზე ბელეტაჟის დანგრევას საზოგადოება პროტესტით გამოეხმაურა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელს და არც ზონალური საბჭოს რომელიმე წევრს თავი არ შეუწუხებია საზოგადოებისთვის ფეისბუქზე გამოქვეყნებული განცხადებით მაინც აეხსნა, რატომ არ შეიძლებოდა სპეციალისტის აზრის გათვალისწინება და ბულვარის გასწვრივ სახლების, ქუჩის მწკრივის ისტორიული სახით გადარჩენა?
სხვათა შორის, იგივე კვლევაში, რომელიც თავად „გუმბათმა“ მიუტანა სააგენტოს, სპეციალისტი ნინოშვილის ქუჩის #25-ში უკვე დანგრეულ სახლზე ასევე წერდა:
„შენობის შექცევადობის პრინციპით წასვლა მართებულია, რადგან შენობა თავისი არქიტექტურული ხასიათით, მასშტაბით ძეგლის ნიშნის მატარებელია და გაურკვევლობას იწვევს ამ დრომდე მისი აღუნუსხაობა, რომლის უკან უკვე განხორციელებულია მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო საქმიანობა.“
რატომ არ შეიძლებოდა, რომ სახელმწიფოს ეზრუნა ასეთი მნიშვნელობის სახლის გადარჩენაზე, თუ ის ავარიული და სიცოცხლისთვის საშიში იყო? – ამ კითხვაზე პასუხი არ არის იმ ოქმში, სადაც ჩაწერეს, რომ სააგენტოს ზონალური საბჭო თანახმაა დაანგრიონ ისტორიული სახლი და მის ნაცვლად 11-სართულიანი კორპუსი ააშენონ.
სხვათა შორის, მერიის და, ზოგადად, „ოცნების“ მთავრობის მიდგომა, რომ „მშენებლობა უნდა გაგრძელდეს“ და „ეს არის დიდი კონტრიბუცია ეკონომიკაში“, ქალაქს და ისევ მერიას რომ „დააწვებოდა კისერზე“, ამაზე ურბანისტები ღიად საუბრობდნენ. თუმცა, მერიის პასუხი სპეციალისტების გაფრთხილებაზე ეს იყო – „ვაშენებთ, ხომ არ ვანგრევთ“.
ამიტომაც არის, რომ დღეს მერია ვეღარ ართმევს თავს ქალაქში ქაოსური მოძრაობის დარეგულირებას, ტროტუარების ფუნქციური დანიშნულებით გამოყენების კონტროლს, მოქალაქეების თაღლითი მშენებლებისგან დაცვას და ასე შემდეგ.






