ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომლის მთავარი მოვალეობა საჯარო უწყებებისთვის კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება-ჩატარებაა, თავისთვის 483 ათასი ლარის საოფისე ავეჯს უტენდეროდ ყიდულობს.
სახელმწიფო ორგანო, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ 2026 წლის მაისში შექმნა, ახალი ავეჯით იმ საოფისე ფართობის მოწყობას გეგმავს, რომელიც „ოცნების“ პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის კომპანიისგან იჯარით აიღო.
შემსყიდველი ორგანო ადასტურებს, რომ ინვენტარის შესყიდვა „ექვემდებარება ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელებას, რაც საჭიროებს კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვას“, თუმცა, იქვე წერს, რომ ამ ვადების დაცვამ შესაძლოა „რეალური საფრთხე შეუქმნას ორგანოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას და მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ეფექტიან შესრულებას“.
ახალშექმნილი შემსყიდველი ორგანოსთვის ეს პირველი გამარტივებული შესყიდვაა, რომლის საფუძვლადაც გადაუდებელ აუცილებლობას ასახელებს. „გადაუდებელ აუცილებლობას“ და „შესაძლო საფრთხეს“ კი შემდეგნაირად განმარტავს:
„არსებული პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, წლის ბოლო [ნოემბერი, დეკემბერი] გამოირჩევა შესყიდვების საკმაოდ მაღალი რაოდენობით, რისთვისაც აუცილებელი გახდება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების დაკომპლექტება სათანადო კვალიფიკაციის კადრებით. მათთვის უცილობელ საჭიროებას წარმოადგენს შესაბამისი სამუშაო გარემოს [სივრცე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა] შექმნა.“
აღსანიშნავია, რომ ეს ორგანო, როგორც ცალკე აღებული სტრუქტურა, სულ რაღაც ბოლო 2 თვეა რაც საქმიანობს და მას „წლის ბოლოს“ ანუ „ნოემბერ-დეკემბრის“ სამუშაო „პრაქტიკა და გამოცდილება“ ბუნებრივია ვერ ექნება.
ამასთან, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაშია დროებით განთავსებული. ორგანოს განცხადებით ის მალე მისამართს შეიცვლის და მუშაობას იჯარით აღებულ ფართობში გააგრძელებს. სწორედ ამ ფართობის მოწყობა უნდა დროულად, ტენდერის გარეშე ნაყიდი ინვენტარით.
„ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, 2026 წლის 7 აგვისტოს, შპს „ველლ ჰაუზ დეველოპმენტთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, 2026 წლის 25 სექტემბერს, დროებით სარგებლობაში გადმოეცემა უძრავი ქონება [საოფისე ფართი]… ორგანო საქმიანობას გააგრძელებს ზემოხსენებულ საოფისე ფართში.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფართი საჭიროებს სათანადო სამუშაო გარემოს შესაქმნელად შესაბამის ინვენტარს, კერძოდ, სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯს, ვინაიდან საოფისე ფართი ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს გადმოეცემა ინვენტარის გარეშე.“ – წერია შემსყიდველი ორგანოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ცინაძის მოხსენებით ბარათში.
ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსა და შპს „ველლ ჰაუზ დეველოპმენტს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შინაარსი „ბათუმელებისთვის“ ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, თავად ეს კომპანია „ოცნების“ პარლამენტარ და ბიზნესმენ ანტონ ობოლაშვილს ეკუთვნის.
საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, შპს „ველლ ჰაუზ დეველოპმენტის“ 100 პროცენტი წილის მფლობელია შპს „გლობალფარმი“. „გლობალფარმის“ მესაკუთრე კი „ოცნების“ დეპუტატი ანტონ ობოლაშვილია, წილის მმართველი კი ლია ობოლაშვილი.
ანტონ ობილაშვილის „გლობალფარმი“ ძირითადად ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც სამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობასაც ეწევა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეალიზაციას ეწევა „გლობალფარმის“ შვილობილი კომპანია „ველლ ჰაუზ დეველოპმენტიც“.
ანტონ ობოლაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით ქონებას [ბინას და ავტოფარეხს] საფრანგეთში, კერძოდ პარიზშიც ფლობს.
რაც შეეხება ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, ის 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა, როგორც „დამოუკიდებელი სსიპ, რომელიც ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას“.
ამ ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მთავრობა.
აღნიშნული ორგანოს შექმნამდე კი კონსოლიდირებულ ტენდერებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებდა.
„ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 1-ელი ივნისის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა ლევან რაზმაძე და ის იმავე დღეს დანიშნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელად. პირველი ივნისის სხვა განკარგულებით კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარედ გიორგი ლაცაბიძე დანიშნა.
ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 483 670 ლარის ავეჯის უტენდეროდ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2026 წლის 13 აგვისტოს მიმართა.






