„მოდერნიზებული” მატარებელი თბილისი-ბათუმი

ხშირად გამიგია, დღეს როგორც დაიწყებ, ისეთი იქნება საღამომდეო. ზუსტად ამ განწყობით წავედით ბილეთების ასაღებად. სამწუხაროდ, როცა გვქონდა დაგეგმილი, იმ დროს ვერ წავედით, ბილეთები აღარ იყო. სხვა დღის ბილეთების აღება მოგვიხდა. ამის გამო შეგვექმნა პრობლემა ბინასთან დაკავშირებით. ჩვენი წასვლა გადაიდო რამდენიმე დღით, მაგრამ იმდენად გვიხაროდა წასვლა, ბევრი არ გვინერვიულია.

 

დადგა გამგზავრების დღეც. ბაქანზე მისულებს დაგვხვდა მატარებელი, რომელსაც ნამდვილად ვერ დაარქმევდი მოდერნიზებულს. ვაგონში იდგა საშინელი სუნი. კუპეში შესულებმა არა მოდერნიზებული გარემო, არამედ პირიქით, არაკომფორტული გარემო აღმოვაჩინეთ, კონდიციონერის გამო ძალიან ციოდა. იძულებულები გავხდით, ბარგი ამოგველაგებინა და ჩაგვეცვა. თავზეც კი პირსახოცი გვქონდა ოთხივეს შემოხვეული. რამდენჯერაც გაჩერდა მატარებელი, იმდენჯერ ლამის თავი მივარტყით რაღაცას. მატარებლის მკვეთრი გაჩერების გამო დაძინება შეუძლებელი იყო.

ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მგონი, ბუნებრივია, რომ რამდენიმესაათიანი მგზავრობის დროს ადამიანს მოუნდება ტუალეტში შესვლა, მაგრამ ჩვენი დროის მატარებელში შეუძლებელია ამ ოთახით სარგებლობა. ძალიან სიბინძურეა, ხელის ხლება შეგეზიზღება ყველაფერზე, ისეა.

 

ასე რომ, ჩვენი მგზავრობა „მოდერნიზებული“ მატარებლით დამღლელი აღმოჩნდა. ბათუმში ჩამოსულები, გამოძინებულების მაგივრად, ვიყავით ნატანჯები, ოთხივეს თავი გვტკიოდა.

 

 

მოსაზრებების შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს batumelebi.ge -ს პოზიციას. 

 

ბათუმის მერის ხუთი წელი და მასთან დაკავშირებული სკანდალები

ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე
ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე

ბათუმის ყოფილი მერი, რობერტ ჩხაიძე, 2010 წელშიც გადადგა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო. რობერტ ჩხაიძე მაშინ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად უახლოესი მეგობრის, ირაკლი ანანიძის მანქანით სარგებლობდა (შავი ფერის „კოროლა“NIT 004). 

 

მეორედ გამერება რობერტ ჩხაიძეს არ გასჭირვებია. შესაბამისად, არც ირაკლი ანანიძის მანქანა დასჭირვებია, რადგან მის განკარგულებაში ორი მანქანა იყო (ამ მანქანებიდან ერთ-ერთი – VMV 070 „ბათუმელებმა„ მერიის ავტოსადგომზე აღმოაჩინა. მეორე მანქანა – XTX 079 კი, ავტოსადგომზე არ იდგა). 

 

რობერტ ჩხაიძის სახელს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება. მერი დიდ სკანდალში კომპანია „ნიაკასა“ და მისი დამფუძნებლის, ირაკლი ანანიძის დაპატიმრების დროს გაეხვა. ირაკლი ანანიძე _ მერის მეგობარი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი ალეკო მიქელაძე პროკურატურამ მძიმე ბრალდებით დააპატიმრა. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ამ ორ პირთან ერთად რამდენიმე საათით რობერტ ჩხაიძეც დააკავეს. 

 

 

ალეკო მიქელაძე ამ დღეებში გაათავისუფლეს, ანანიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია კი არ გავრცელებულა.
დოკუმენტებით მტკიცდება, რომ „ნიაკამ“ რობერტ ჩხაიძის მერობის პერიოდში მერიისგან 4 მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო, ასევე მიწის ნაკვეთი ბათუმში, სადაც ირაკლი ანანიძემ ხუთსართულიანი სახლი აიშენა.

რობერტ ჩხაიძესა და შპს `აჭარგანათების~ დამფუძნებელს შორის ნათესაურმა კავშირმაც არაერთხელ მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება. ამ კომპანიამ რობერტ ჩხაიძის მერობის პერიოდში მერიისგან 24 მილიონამდე ლარის დაკვეთა მიიღო.

 

რობერტ ჩხაიძის სახელს კიდევ ერთი – სამეზობლო სკანდალი უკავშირდება. მის ოჯახს კონფლიქტი ჰქონდა მეზობელ პოღოსიანების ოჯახთან. მერი მეზობელს უსამართლოდ გამდიდრებას ედავებოდა. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ რობერტ ჩხაიძისა და მისი ნათესავების სასარგებლოდ სასამართლომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პოღოსიანებს 13 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში პოღოსიანები უსახლკაროდ დარჩებიან.

 

ინფორმაცია, რომ ბათუმის მერი ყოველ ახალაშენებულ კორპუსში თითო ბინას ფლობს, ოფიციალურად არ დასტურდება. რობერტ ჩხაიძეს საჯარო რეესტრის მონაცემით მხოლოდ ერთი ბინა აქვს. ვახტანგ გორგასალისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე 107 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა რობერტ ჩხაიძის საკუთრებაში, მეგობარ ირაკლი ანანიძესთან გარიგების შემდეგ გადავიდა.

 

ბათუმის საკრებულო ყოფილ მერზე

საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, რობერტ ჩხაიძის მერობის პერიოდს „ძალიან ნაყოფიერად“ აფასებს. „ნაკლი ყველას აქვს, თუმცა დადებითი მის მოღვაწეობაში იმდენად ბევრი იყო, რომ ნაკლის გახსენება რთულია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საკრებულოს თავმჯდომარე. 
მერის უნაკლო მოღვაწეობის მაგალითად კი ბათუმის ბიუჯეტის ზრდა მოჰყავს: „ზრდაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ტრანსფერებს, ადგილობრივი შემოსავლებიც გაიზარდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ქალაქის მერი მონაწილეობდა“.

 

საკრებულოს თავმჯდომარე, კულტურული მემკვიდრეობის იერ-სახის ცვლილებაზე ოპოზიციის კრიტიკას არ იღებს. მისი განცხადებით, ბათუმი უფრო ლამაზი რომ გახდა, ამას მთელი საქართველო აღიარებს: „ისტორიულ უბნებს რაც შეეხება, ამდენი არასდროს გაკეთებულა ამ უბანში, ამიტომ უზნეობაა იმის თქმა, რომ კულტურული მემკვიდრეობა დავამახინჯეთ“.

 

„მე მაინც მეჩვენება, რომ ის პენსიაზე გაუშვეს“, – ასეთ შეფასებას ყოფილ მერთან დაკავშირებით საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი აკეთებს. 

 

„ის მხოლოდ ბიუროკრატიის პატარა ჭანჭიკი იყო, ამიტომ წლების გასვლის შემდეგ, არავინ იტყვის, რომ ეს რაღაც რობერტ ჩხაიძის მერობის დროს გაკეთდა“, – ამბობს ჩავლეიშვილი. 
ირაკლი ჩავლეიშვილი საუბრობს იმ ნაკლზე, რაც მერის საქმიანობაში შეუმჩნევია: „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წლებში გაკეთდა, ქალაქის მიწისქვეშა სისტემა და ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ეს ყველაფერი გერმანული გრანტით გაკეთდა. ამ ვალს მოსახლეობა მრავალი წელი გადაიხდის“.

 

ყველაზე უარესი კი, რაც საკრებულოს წევრის აზრით, ბოლო წლებში მოხდა, ქალაქის იერ-სახის დამახინჯება და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაა.

 

საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერის, „კონსერვატორ“ მამული ჟღენტისთვის, „ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი რობერტის მერობის დროს ჩატარებულ ტენდერებზე მოდის.“

 

მამული ჟღენტი ყოფილი მერის პიროვნულ შტრიხებსაც ეხება: „კაი ბიჭი მეგონა, მაგრამ რომ გავიგე თავის სოციალურად დაუცველ მეზობელს ოთახის გამო უჩივლა, სასამართლომ კი 20 000 დოლარის გადახდა დააკისრა რობერტის სასარგებლოდ, ამის შემდეგ მასზე წარმოდგენა რადიკალურად შემეცვალა“.

 

საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ვაჟა ვერულიძე, რობერტ ჩხაიძის მერობის მხოლოდ ორწლიან პერიოდს აფასებს: „ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ასეთი ფინანსური მხარდაჭერის ფონზე ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა ფულადი სახსრების მართვა და ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა“.

 

ვაჟა ვერულიძის თქმით, მერიის საქმიანობას ნეგატივურ ფონად გასდევს „კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე განსახილველად პროექტების მოუმზადებელი წარდგენა, რომელსაც ხშირად არ გააჩნდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული განმარტებითი ბარათი და ხარჯთაღრიცხვა“. 

უმაღლესი საბჭოს არჩევნები – ვის აირჩევს აჭარა

 სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ უსკოსთვის წარდგენილი სიების პირველი ათეული 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: რობერტ ჩხაიძე –  ბათუმის მერი, ასმათ დიასამიძე – მოქმედი დეპუტატი, ირაკლი კვერღელიძე – კომპანია `ორბი ჯგუფის~ დირექტორი, ფრიდონ სირაბიძე – ქედის საავადმყოფოს დირექტორი, პეტრე ზამბახიძე – მოქმედი დეპუტატი, ეკა თარგამაძე – ბათუმის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, მურმან ბერიძე – მოქმედი დეპუტატი, გელა დეკანაძე – მოქმედი დეპუტატი, ვაჟა ბოლქვაძე  მოქმედი დეპუტატი, გიორგი შარაშიძე – არასაუწყებო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი. 

 

 

„ქართული ოცნება“: ავთო ბერიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი, გია მასალკინი – ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი, მედეა ვასაძე – ადვოკატი, სულხან ღლონტი -საზოგადოებრივ ურთიერთობათა სპეციალისტი, ჯემალ ფუტკარაძე – ფარმაცევტი, დავით ბაციკაძე – ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე ჩიტიშვილი – ინჟინერი, ირაკლი (მაილო) ჯაში –  ბიზნესმენი, სვეტა კუდბა – წმინდა ნინასა და ფრანჩესკას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, მერაბ აბაშიძე – ფილოსოფოსი.

 

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“: ნიაზ ზოსიძე – მოქმედი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე – მოქმედი დეპუტატი, მურმან დავითაძე – უმაღლეს საბჭოში სამდივნოს უფროსი, ზაზა შაშიკაძე – მოქმედი დეპუტატი, გიორგი მახარაშვილი –  ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რუსლან ბარამიძე – უმაღლეს საბჭოში ფრაქციის კოორდინატორი, ნინო მელქაძე – პარტიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნადეჟდა ჯაბნიძე – პედაგოგი, ნუგზარ ბაჯელიძე –  პარტიის ქობულეთის ორგანიზაციის კოორდინატორი, რობერტ ხოზრევანიძე – პარტიის ხულოს ორგანიზაციის კოორდინატორი.

 

მეკობრეების პირისპირ

ბადრი ბერიძე და უფროსი მექანიკოსი თამაზ ლომინეიშვილი
ბადრი ბერიძე და უფროსი მექანიკოსი თამაზ ლომინეიშვილი

-1975 წელს დავამთავრე ბათუმის საზღვაო სასწავლებელი და სამუშაოდ გამანაწილეს ვლადივოსტოკის სათევზაო-სარეფრეჟატორო გემების ბაზაზე. ბათუმიდან ვლადივოსტოკში 10 კაცი გაგვგზავნეს. ჩავედით და თავი ლამის საქართველოში გვეგონა. თვითონ განსაჯეთ: სარეფრეჟერატორო გემების ბაზა  დაარსებული იყო ქართველი კაცის, შალვა ნადიბაიძის მიერ და მისივე სახელს ატარებდა. ვცხოვრობდით  შალვა ნადიბაიძის ქუჩაზე და პირველ გემს, რომელზეც მოვხვდი სამუშაოდ, `შალვა ნადიბაიძე“ ერქვა. აქ 6 თვე ვიმუშავე. შემდეგ სხვა სარეწაო გემებზე გადამიყვანეს. ვმუშაობდით ბერინგის ზღვაში, ოხოტის ზღვაში, კურილიის კუნძულებთან,იაპონიის ნაპირებთან, ალიასკასთან ბრისტოლის ყურეში. ძალიან კარგი  საზღვაო პრაქტიკა მივიღე, კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გავხდი.

 

– 1978 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოვედი შვებულებით, ოჯახს ძალიან უნდოდა, რომ იმ „დასაკარგავიდან“ სადმე ახლოს გადმოვსულიყავი. იმ პერიოდში ჩვენში სარეწაო თევზჭერას სათავეში ჩაუდგა ბატონი ბორის ლომთაძე, რომელმაც მოკლე დროში ააღორძინა ეს დარგი. ბიძაჩემი ისრაფილ ცინცაძე მასთან მუშაობდა და მეგობრობდა კიდეც. ერთხელაც, როცა ბატონმა ბორისმა ბრძანა, სატრალერო ფლოტი მინდა გავზარდო, მაგრამ კვალიფიციური კადრები მაკლიაო, ბიძაჩემმა უთხრა, ერთ ასეთ კაცს ვიცნობ, შორეული აღმოსავლეთიდან შვებულებით არის ჩამოსული და თუ გინდა, შეგახვედრებო. ასე გავიცანი ბატონი ბორისი. დიდხანს ვისაუბრეთ, ბოლოს მითხრა, თუ  თანახმა ხარ, შენ გადმოყვანას მე მოვახერხებო. პირდაპირ რომ მიმეტოვებინა ვლადივოსტოკი და ისე ჩამოვსულიყავი, საზღვარგარეთის ვიზა დამეხურებოდა და თავიდან მომიწევდა ახალი ვიზის ლოდინი. ბატონმა ბორისმა თავისთავზე აიღო ყველაფერი. მეც მინდოდა აქეთ გადმოსვლა, რადგან დაოჯახებას ვაპირებდი. 1979 წლის მარტში ცოლი შევირთე და ვლადივოსტოკში წავედი  მუშაობის გასაგრძელებლად. ამასობაში ბატონმა ბორისმა ყველაფერი მომიგვარა საკავშირო თევზჭერის სამინისტროშიც, შორეულ აღმოსავლეთშიც და აგვისტოში უკვე აჭარის თევზჭერის სანაოსნოში გადმომიყვანეს. ვლადივოსტოკში მიღებული გამოცდილება ჩვენთან ძალიან გამომადგა. მალე კაპიტანიც გავხდი.

 

 

– 1990 წელს ესპანურმა ფირმამ ჩვენი სანაოსნოს 4 გემი აიყვანა ფრახტით, მათ შორის „ცისკარა“-ც, რომლის კაპიტანიც მე ვიყავი. რვაფეხები უნდა დაგვეჭირა ატლანტის ოკეანეში, მაროკოდან 200 მილის დაშორებით. ყოველ დღე, თითო გემს 300 კგ რვაფეხა უნდა ჩაებარებინა მტრალავ-რეფრეჟერატორისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად მოცურავდა. ჩემი გემის ეკიპაჟი ამ საქმეში გამოცდილი მეზღვაურებისგან შედგებოდა და პირველ 15 დღეში 20 ტონამდე რვაფეხა დავიჭირეთ. საკმაოდ რთული იყო ხუთბალიან შტორმში გემის მტრალავ-რეფრეჟერატორთან მიყენება და ნადავლის გადაცემა, ამის გაკეთება კი ყოველდღიურად გვიხდებოდა. სამწუხაროდ, ეს ესპანური კომპანია ჩავარდა და კონტრაქტი შეწყდა. ოთხი გემის შენახვა საქართველოს თევზჭერის სამმართველოს ემძიმა და ახალი კონტრაქტით, გვინეის ნაპირებთან, კონაკრისთან გადაგვიყვანეს სამუშაოდ. მომსახურებისთვის ტრალერი „საქართველოც“ გამოგვაყოლეს. სამწუხაროდ, იქ საქმე ცუდად წავიდა, რადგან ჩვენს გემებს არ ჰქონდათ სათანადო სიმძლავრე, იქ კი ძალიან ძლიერი დინებაა.

 

1991 წლის დეკემბერში, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, საერთოდ უპატრონოდ დავრჩით, თავი თვითონვე უნდა გაგვეტანა. თუ ჩვენი დიდი გემები შემოდიოდნენ კონაკრიში, ნაცნობობით და ხათრით ვშოულობდით პროდუქტებს და სასმელ წყალს. ამასობაში პორტის წინაშე დავალიანებაც იზრდებოდა. უპატრონო რომ გვნახეს, გვინეელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ, ერთ მილიონ დოლარს გვთავაზობდნენ, რომ გემი დაგვეტოვებინა და წამოვსულიყავით, სულერთია, ვალების გამო მაინც ჩამოგართმევენო. მართლაც, იმ დროს გემი დაპატიმრებული იყო ჩვენი სანაოსნოს დავალიანების გამო. ჩვენ ერთი პრინციპი გვქონდა, გემი საქართველოს ეკუთვნოდა, ამიტომაც უარი ვუთხარი, არადა ვალი ყოველდღიურად იზრდებოდა და ასე რომ გაგრძელებულიყო, გემი კანონიერადაც დაიკარგებოდა. გადავწყვიტეთ გაქცევა, მაგრამ როგორ? – საწვავი არ გვქონდა. ეს გვინეელებმაც იცოდნენ და მშვიდად იყვნენ. მხსნელად ქართული ბალკერის კაპიტანი დურსუნ ფარსელაძე მოგვევლინა. მან მოგვცა 15 ტონა საწვავი, ჩვენც მაშინვე დავტოვეთ კონაკრის რეიდი და გამოვიპარეთ. ჩვენთან ერთად წამოვიდა „მალთაყვაც“ , რომელსაც კაპიტანი ბუკია მეთაურობდა. მისი  ნაწყალობევი საწვავით ჩამოვაღწიეთ ლას-პალმასამდე. იქ კიდევ ექვსი თვე ამაოდ ველოდით ჩვენი სანაოსნოსგან შეწევნას, თანაც ლას-პალმასშიც ჰქონია ჩვენს სანაოსნოს ვალები დაგროვილი და ახლა იქ აღმოვჩნდით დაპატიმრებულნი.

 

საქართველოდან ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდა სამმართველოს მთავარი ინჟინერი ბატონი ტარიელ კუცია, მაგრამ მანაც ვერაფერი გააწყო. მაშინ, მას შევთავაზე, რომ დავკავშირებოდით ჩემს თანაკურსელს, სლავა გალადიაჟნის, რომელიც საქართველოს სანაოსნოს წარმომადგენელი იყო ინგლისში, რათა გვეთხოვა, რომ გადმოერიცხა თანხა ჩვენი გემის გადასაჩენად და ეს თანხა სესხად მიეცა საქართველოს თევზჭერის სანაოსნოსთვის. ორკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ საკითხი გადაიჭრა, მაგრამ, საქართველოს სანაოსნოს სხვა ვალების გამო მაინც პატიმრობაში და ისევ საწვავის გარეშე დავრჩით.

 

ეკიპაჟმა ჩვენი საკუთარი ფული შევკრიბეთ და რუსული გემისგან ვიყიდეთ 15 ტონა საწვავი. ლას-პალმასში საწვავით სავსე კასრები გემიდან გემამდე პორტში ღამით ვათრიეთ და ერთ მშვენიერ ღამეს, ორმა გემმა, „ცისკარამ“ და „მალთაყვამ“, ჩუმად დავტოვეთ ლას-პალმასი, გამოვიპარეთ. არავისთან კავშირზე არ გავდიოდით, ღამით სინათლეები გვქონდა ჩამქრალი, მშვიდობიანად გავიარეთ ატლანტის ოკეანე, ჰიბრალტარის სრუტე და ხმელთაშუა ზღვაში შევცურეთ.

 

 გამოპარულები მალტასთან ახლოს დაგვიჭირა… შტორმმა. კურსის გაგრძელება შეუძლებელი იყო და იძულებულები გავხდით ცხვირით ტალღაზე გვევლო, ანუ ტალღის საწინააღმდეგო მიმართულება გვქონოდა. აფრიკისკენ წავედით და ველოდით გამოდარებას. სამი დღის შემდეგ ამინდიც დაწყნარდა და გეზი საბერძნეთისკენ ავიღეთ. როცა ლაკონისის სრუტეს მივაღწიეთ, საწვავიც გამოგველია. რადისტი დავსვი რადიოკავშირზე, რომ ჩვენი სანაოსნოს გემებს დაკავშირებოდა. ერთდღიანი ძებნის შემდეგ მან კავშირი დაამყარა ტანკერ „ფოთთან“, რომლის კაპიტანმა, ბატონმა იაშა გოგიტიძემ, ჩვენთან დალაპარაკების შემდეგ შეცვალა კურსი, მოვიდა ლაკონისის ბუხტაში, დადგა ღუზაზე და მოგვცა საწვავი, საკვები და წყალიც და უკვე თამამად წამოვედით საქართველოში.

 

კურიოზი ის არის, რომ როცა ჩამოვედით, ერთხანს ბათუმის თევზჭერის ნავმისადგომში არ გვიშვებდნენ, მოიმიზეზეს საბაჟო პროცედურები, საომარი მდგომარეობა და სხვა. ვუთხარი, არ მაინტერესებს თქვენი მიზეზები, გემი დაკარგვას გადავარჩინე, მოგიყვანეთ, თვითნებურად დავაყენებ გემს მისადგომთან და შინ წავალ, წელიწადნახევარია ზღვაში ვართ და ოჯახში როგორ არ გვიშვებთ-მეთქი. ღუზა რომ ამოვიღეთ და ნაპირისკენ წამოვედით, მაშინვე დარეკეს, გაჩერდით, ხუთ წუთში ყველაფერი მოგვარდებაო. ასე დამთავრდა ეს ხანგრძლივი მოგზაურობა: 1991 წლის ოქტომბერში გავედით ბათუმიდან და 1993 წლის თებერვალში დავბრუნდით. აი, ამ ხანგრძლივი ცურვის მონაწილენი: მე – ბადრი ბერიძე, უფროსი თანაშემწე – ნუგზარ კონცელიძე, მეორე თანაშემწე – ავთანდილ გიორგაძე, უფროსი მექანიკოსი – ისმაილ შოთაძე, მეორე მექანიკოსი – ბადრი ვერძაძე, მოტორისტი – ჯუმბერ კირკიტაძე, სტალმაისტერი – ფრიდონ მოსიძე, მატროსები: ზურაბ მაისაია, გელა დოლიაშვილი, მზარეული – როსტომ ბაჯელიძე. კიდევ ერთი – ესპანელი მეზღვაური გვყავდა გემზე, რომელიც ჩვენთან ერთად, ბუნებრივია, არ გამოპარულა, მაგრამ თანაგვიგრძნობდა.

 

– 1998 წლის თებერვალი იყო. მაშინ უკრაინული, პატარა, მშრალი ტვირთის მზიდველის, სამასტონიანი `სნეჟინკას“ კაპიტანი ვიყავი. ფეოდოსიაში ციტრუსი ჩავიტანეთ და ბათუმისკენ ცარიელი მოვდიოდით. გელენჯიკთან ახლოს, ჩვენი სანაოსნოს გემს, „კარგო- Pთჩ“ -ს მთავარი ძრავა გაფუჭებოდა და საშინელ შტორმში 2,5 -3 მილში დრეიფობდა. ძლიერი ნორდვესტი ქროდა და გემს ყოველ წუთს ნაპირზე გაგდება და დაღუპვა ელოდა. სწორედ ამ დროს ვუახლოვდებოდით იმ ადგილს. „კარგოს“ კაპიტანმა რადიოკავშირით გვამცნო ამ გასაჭირის შესახებ და მაშინვე გავემართეთ მისაშველებლად. მალე მივუახლოვდით, მაგრამ იმ შტორმში, პირველი მიახლოებისას ვერ მივაწოდეთ ბაგირი. ამაო აღმოჩნდა მეორე ცდაც, მხოლოდ მესამე მისვლაზე მივაღწიეთ შედეგს. ამის შემდეგ ბაგირებით გავაკეთეთ ბუქსირი, და წამოვედით სამხრეთისკენ.

 

შტორმი კი სულ უფრო ძლიერდებოდა. ასეთი საშინელი ნორდვესტი, მართალი რომ ვთქვა, არ მახსოვს. სწორედ იმ დღეს ფოთთან მშრალი ტვირთის მზიდველი „ბეგი“ გამოირიყა ბრეკვოტერზე, რამდენიმე მეზღვაურიც დაიღუპა. გზის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი გახდა, თან ხომ ბუქსირით მეორე გემიც მოგვყავდა. გადავწყვიტეთ, ბიჭვინთასთან ახლოს, ბუხტაში შეგვეფარებინა თავი. ასეც მოვიქეცით, იქ ჩავუშვით ღუზა, რადგან, ბუხტა ნორდვესტისგან დაფარული იყო. დავდექით თუ არა, რუსი სამხედროები რადიოთი დაგვიკავშირდნენ და მოგვთხოვეს ბუხტიდან გასვლა, რადგანაც  ქართულ გემებს ეკრძალებოდათ იქ შესვლა. მართალია, „სნეჟინკაზე“ უკრაინული დროშა ფრიალებდა, მაგრამ `კარგო“ ხომ საქართველოს გემი იყო. ვცდილობდი, ამეხსნა, რომ ქარიშხლის წინაშე პოლიტიკა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ამაოდ. ისიც გვითხრეს, ორი სამხედრო კატერი უკვე ემზადება თქვენკენ წამოსასვლელადო. ტყვეობას ისევ სიცოცხლის და გემების საფრთხეში ჩაგდება ვამჯობინეთ და კვლავ აბობოქრებულ ზღვაში გავედით.

 

როგორც იქნა, მივაღწიეთ ფოთის პორტს, მაგრამ, არ დაგვრთეს შესვლის ნება, ამნაირ შტორმში აქ ახლახან ,,ბეგი“ დაიღუპა და თქვენც იგივე გემუქრებათო. მე კიდევ იმიტომ ვითხოვდი პორტში შესვლას, რომ მეშინოდა, შტორმს ბუქსირი არ გაეწყვიტა და „კარგო“ არ დაღუპულიყო. რა გვექნა? ისევ ბათუმისკენ წამოვედით. სასწაული მოხდა, სუფსას გამოვცდით თუ არა, შტორმი შეწყდა და მგზავრობაც უხიფათო გახდა. ბათუმს რომ მოვადექით, ლამის მთელი ქალაქი გვეგებებოდა, გაუგიათ, ბუქსირით მეორე გემიც რომ მოგვყავდა. შეხვედრა თბილი იყო: ოჯახის წევრები, მეგობრები, ჟურნალისტები. ყველანი გვაამბობინებდნენ, თუ რას და როგორ გადავურჩით.

 

–  2010 წელს, „როროს“ ტიპის გემის „კორალ მუნის“ კაპიტანი ვიყავი. 10000 – ტონიანი გემი ბერძნულ კომპანიას ეკუთვნოდა და ეკიპაჟიც ძირითადად ბერძნებისგან შედგებოდა, ქართველები კი ოთხნი ვიყავით: მე, ელექტრომექანიკოსი როლანდ თებიძე, მოტორისტი ზაზა თურმანიძე და მატროსი მალხაზ სურმანიძე.

 

სუეციდან  ინდოეთში მივდიოდით. ბაბელმანდების სრუტის გავლის მერე ჩემი ყურადღება მიიქცია სათევზაო გემების ჯგუფმა. ისინი ჩვენგან 4-5 მილის დაშორებით მუშაობდნენ. მე უნდა გადამეჭრა ფარვატერი და გავსულიყავი იემენის ნაპირებისკენ. უცებ შევამჩნიე, რომ მეთევზეთა ჯგუფს ერთი გემი გამოეყო და სწრაფი სვლით ჩვენ შორის მანძილის შემცირება დაიწყო. გადავკვეთე ფარვატერი და ადენის მიმართულებით გავაგრძელე გზა. მეთევზემაც იგივე მანევრი გაიმეორა, თავისი სიჩქარე 14 კვანძამდე გაზარდა და შეეცადა ქარის საწინააღმდეგო ბორტის მხრიდან შემოსვლას. უკვე 3 მილამდე შემცირდა დისტანცია. დაახლოების თავიდან აცილების მიზნით, კურსი 90 გრადუსით გადავხარე მარჯვნივ და ჩვენი გემიც მისთვის მაქსიმალური სიჩქარით – 14 კვანძით წავიყვანე. ორწუთიანი დაკვირვების შედეგად კარგად გამოჩნდა, რომ ამ გემმაც გაიმეორა იგივე მანევრი და ცდილობდა მარცხენა ბორტიდან მოგვახლოებოდა.

 

ცხადი გახდა, რომ ადენის ყურის მეკობრეებთან გვქონდა საქმე.  გამოვაცხადე განგაში, ხალხი პერიმეტრზე დავაყენე, სახანძრო მაგისტრალში გავზარდე წყლის წნევა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძლიერი ჭავლით მოგვეგერიებინა მომხვდური, თუ აბორდაჟზე წამოსვლას გადაწყვეტდნენ (რა უმწეო საშუალებაა წყლის ჭავლი შეიარაღებული მეკობრეების წინააღმდეგ, მაგრამ როცა თავდაცვის სხვა საშუალება არ გაქვს, რა უნდა ქნა?). მდევარი უკვე ნახევარ მილში იყო. აშკარა იყო, რომ ვეღარ გავასწრებდით. ბრძანება გავეცი, საჭე მარჯვნივ გადაგვეწია და ცირკულაცია დაგვეწყო, რათა მდევრისთვის უშუალოდ მოდგომის საშუალება არ მიგვეცა. ისიც აგვყვა და ერთხან ასე ვიტრიალეთ.

 

ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო, სანამდე უნდა გვეტრიალა ასე?! გადავწყვიტე, მესარგებლა იმით, რომ ჩვენი გემი მომხვდურთან შედარებით საკმაოდ დიდი იყო და თავად გადავსულიყავით შეტევაზე. მესაჭეს ვუბრძანე, საჭე ბოლომდე გადაეწია მარცხნივ და წავსულიყავით ტარანზე, რათა კვერცხივით დაგველეწა მოძალადე. როცა მეკობრეებმა იხილეს, რომ მათი მანევრები და გამოცანები ამოხსნილი იყო და თავად ვაპირებდით მათ ჩაძირვას, სასწრაფოდ შეცვალეს კურსი და 20 კვანძის სიჩქარით მოცოცხეს სომალის ნაპირებისკენ.

რა ელის არასერთიფიცირებულ მასწავლებელს

„ვთქვათ მაქვს საათების გარკვეული რაოდენობა კონკრეტულ საგანში და მყავს ამ საგნის სამი სერტიფიცირებული და ორი არასერტიფიცირებული მასწავლებელი. ამ შემთხვევაში ვალდებული ვარ, პირველ რიგში სრული განაკვეთით დავაკმაყოფილო სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელსაც უნდა მივცე 18 საათი, რომ მან მიიღოს სერტიფიკატის დანამატი. ამიტომ, როცა საათებს სამ სერტიფიცირებულ მასწავლებელს გადავუნაწილებ, აღმოჩნდება, რომ საათები აღარ არის, რის შედეგადაც არასერტიფიცირებული მასწავლებელი საათების გარეშე, ანუ უმუშევარი დარჩება.“ – ასე  განუმარტა XI სკოლის დირექტორმა თამთა კვარაცხელიამ „ბათუმელებს“ მოსალოდნელი პრობლემები, რაც შესაძლოა მომავალში არასერტიფიცირებულ პედაგოგებს შეექმნათ. 

 

მოქმედი კანონმდებლობით სერტიფიცირების პროცესი ნებაყოფლობითია და მასწავლებლებს, რომლებმაც სერტიფიკატის მისაღებად საჭირო ბარიერი ვერ გადალახეს ან სასერტიფიკატო პროცესში საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა, სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება – ამ ინფორმაციას „ბათუმელებთან„ განათლების სამინისტროს სრესსამსახურის ხელმძღვანელიც ადასტურებს.

 

არასერტიფიცირებულ მასწავლებელთა შეზღუდვას არც კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ითვალისწინებს. თუმცა არსებობს 2008 წელს დამტკიცებული სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს, რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი, რომელსაც განათლების სამინისტრო საჯარო სკოლაში დაასაქმებს. განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებით მასწავლებელმა, რომელმაც წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი, სახელმწიფოს დაუმტკიცა, რომ ის კვალიფიციურია და პროფესიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, „შესაბამისად სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ მან დაასაქმოს სერტიფიცირებული მასწავლებელი ლოგიკურია, რადგან ნათელ ინდიკატორს ემყარება. მაგრამ როდესაც სკოლაში არის ორი მასწავლებელი და ორიდან ერთის უფრო მეტად დატვირთვა უნდა დირექტორს, აქ სირთულეებთან გვაქვს საქმე, რადგან ამ შემთხვევაში დირექტორი სრულ განაკვეთს მისცემს იმ მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს სასერტიფიკატო გამოცდები“-  ამბობს თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი. 

 

რას სთავაზობს განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ დაუსაქმებელ პედაგოგებს, რომლებმაც სერტიფიცირება წარმატებით გაიარეს და შესაძლებელია თუ არა მათ ჩაანაცვლონ სკოლაში მომუშავე არასერტიფიცირებული პედაგოგები? – ამ კითხვაზე აჭარის განათლების სამინისტროში პასუხობენ, რომ პედაგოგის მიღება-არმიღების საკითხს სკოლის დირექტორები თავად წყვეტენ. თამთა კვარაცხელიას თქმით კი ეს იქნებოდა ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ პედაგოგს გაანაწყენებდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ 2015 წელს ასეც მოხდეს: „მე მაგალითად, მაქვს ორი არაჩვეულებრივი ჩV და ვერ ვიღებ ახალ პედაგოგს სამსახურში იმიტომ, რომ ვუფრთხილდები ჩემს კადრს და მინდა 2015 წლამდე მივიყვანო. მაგრამ თუ ის 2015 წლამდე არ ჩააბარებს გამოცდებს, მივიღებ ახალს. ახალგაზრდა 25 წლის გოგო, რომელმაც დაამთავრა ერთი უნივერსიტეტი, ამთავრებს მეორე ინსტიტუტს, არის დაწყებითის სპეციალისტი, გაიარა სერტიფიცირება, ჩააბარა ინგლისური და კომპიუტერი და უნდა სამუშაო -1000-ლარიანი პედაგოგია, ამ დროს მე მის გვერდით მყავს ჩემი კოლეგა, გამოცდილი პედაგოგი, რომელსაც ადამიანურად პატივს ვცემ და ვერ ვუშვებ სამსახურიდან. თუმცა რეალისტურად რომ შეხედო, ეს ახალგაზრდა გაცილებით მეტ საქმეს გააკეთებს, ვიდრე ის.“ 

 

განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას: „იმ შემთხვევაში, თუ გასულ წლებში სასერტიფიკატო გამოცდებზე დაფიქსირებული დაბალი პროცენტული მაჩვენებლები მიმდინარე წელს მკვეთრად მოიმატებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სახელმწიფომ სერტიფიკატები დაარიგა წინასაარჩევნოდ„. თამარ მოსიაშვილი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოსალოდნელი არჩევნების ფაქტორიდან გამომდინარე დირექტორებს ურჩიონ, რომ ჯერჯერობით თავი შეიკავონ „არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან“. 

 

 

სერტიფიცირებული მასწავლებლის სახელფასო დანამატი თვეში 75 ლარია, დამატებით ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ის 200 ლარს მიიღებს. საუკეთესო შედეგების მქონე 25 პროცენტში მოხვედრილებს კი ხელფასი 1000 ლარამდე ეზრდებათ.
აჭარაში სულ 6 427 პედაგოგია დასაქმებული, მათ შორის სერტიფიცირების გავლა ამ დრომდე მხოლოდ 353-მა მოახერხა, რომელთა შორისაც 8 საუკეთესო შედეგის მქონე 25 პროცენტში მოხვდა, ანუ მათი ხელფასი 1000 ლარს აღწევს. 2012 წლის სასერტიფიკატო გამოცდებზე კი აჭარიდან 4488 პედაგოგი დარეგისტრირდა, ისინი გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას ჯერ კიდევ ელოდებიან.

სახლი ხის პალოებზე

გარეთ უკვე მზეა, მაგრამ ნაზიკო საფარიძის საძინებელ ოთახს ემჩნევა, რომ რამდენიმე წუთის წინ კოკისპირულად წვიმდა. იატაკზე წყლით სავსე ჭურჭელი დევს, ჭერი კი ნახევრად ჩამონგრეული და სისველისგან ობმოკიდებულია.

 

 

ორ ოთახში, სადაც იატაკი და კედლები მორყეულია, ნაზიკო თავის სამ შვილთან ერთად 26 წელია ცხოვრობს. ოჯახში არავინ მუშაობს, მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობა – ასი ლარია. „სამი ბიჭი მყავს, სამივე დასაქორწინებელი, ქმარი გარდამეცვალა. წვიმის დროს წყალი შენობაში ჩამოდის, თავზე მაწვიმს, განა რამე მაქვს? არაფერი გამაჩნია და რაც მაქვს, ისიც წვიმის წყალმა გამიფუჭა. სახლის კედლები ისეა დახეთქილი, რომ გეივლი იხსნება. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ჩემი ოჯახის შემოსავალი სოციალური შემწეობაა, პენსიაც არ მაქვს, 52 წლის ვარ, პენსიამდე თუ მივაღწიე…. თავს ირჩენ 100 ლარით?“  

 

 

ნიკოლოზ საფარიძე ოჯახთან ერთად ძველი სკოლის შენობაში 30 წელია ცხოვრობს. მას საცხოვრებელი სახლი დაეწვა და იმდროინდელმა ხელისუფლებამ შენობაში ცხოვრების უფლებაც ამის გამო დართო: „ადრე აქვე სოფლის ზევით ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, ჩემი ცოლი მასწავლებელი იყო. სახლი რომ დამეწვა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ ნება დამრთო, აქ მეცხოვრა, ჩამოვიბარგე და სამი შვილიც აქ გავზარდე. ცოლი გარდამეცვალა და შვილებთან ერთად ვარ. სახლი, სადაც ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ, თავზე გვენგრევა, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს თქვეს არ გარემონტდებაო.“ 

 

 

ნიკოლოზ საფარიძე იხსენებს, გასულ წელს უცხოელი ტურისტი მათი პირობებით გაკვირვებული რომ დარჩა და სახლს ფოტოც კი გადაუღო: „ჯერ სახლს გაკვირვებული უყურებდა, შემდეგ ახლოს მოვიდა და ათვალიერებდა, ფოტო გადაიღო და მძღოლს რაღაც გადასძახა. ინგლისური ჩვენ არ ვიცოდით, რომ დავლაპარაკებოდით, მძღოლი ქართველი იყო, ვკითხე, ვინ არის და ფოტო რატომ გადაიღო-მეთქი. რატომ გადაიღო და დააინტერესა, პალოებზე ამხელა სახლი როგორ დგასო, გვითხრამძღოლმა.“

 

 

აქ მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ მათი პრობლემის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ დამხმარე არავინაა.

 

„სკოლას არემონტებენ, ვთხოვეთ ძველი სახურავი მოეცათ და ისიც არ მოგვცეს“-  ამბობს ნიკოლოზ საფარიძე.  

 

წინ, შუა საუკუნეებისაკენ!

ჩვენ კი ამ ,,უმნიშვნელო” პრობლემის გარდა ,,კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”!  ტურისტული სეზონია, ბათუმი სრულ მზადმყოფაშია! თუმც  ქალაქის ქუჩების გადათხრა-აღდგენა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. განახლებულ ქუჩებში საჩრდილობელი ხეებიც არ დატოვეს, ევროსტანდარტებს არ შეესაბამებაო. აბაშიძის გამზირის აღდგენისას ჯერ მოჭრეს უნიკალური ხეები, დააგეს ძვირადღირებული ქვაფენილი, დადგეს ქოთნით ყვავილები. მერე ეტყობა ვიღაცის მაინც დაიჯერეს, აყარეს ქვაფენილები, ამოთხარეს ორმოები და დარგეს პალმები.

ამას წინათ, აჭარის ტელევიზიით აჩვენეს სიუჟეტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე, სადაც ინახავენ და ამრავლებენ უნიკალურ მცენარეებს. მათი ნახვით ქალაქის სტუმრები ნაღდად აღფრთოვანებაში მოდიან. იცით რა დაჯდა ამ ნაჩუქარიპალმების განბაჟება? – 76.000 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯებზე არას ვამბობ). ამ თანხის საფასურად ბოტანიკური ბაღის კოლექტივი, რომელთა წლიური დაფინანსება 250.000 ლარია, ბათუმს მართლა წალკოტად გადააქცევდა. თვითონაც სულს მოითქვამდნენ. ამაზეა ნათქვამი: ,,თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო”!

ბატონებო, ბათუმი არც ქაირო და არც დუბაია, პალმის გარდა სხვა რომ არა ხარობდეს. ამ წოწოლა პალმებს არც ჩრდილი აქვთ, რომ გაზაფხულის ხვატში თავი შეაფარო და არც ნაყოფი, რომ პირი ჩაიტკბარუნო. ქოქოსის ან ფინიკის პალმები მაინც ჩამოეტანათ, რომ სეზონზე ეგზოტიკური ხილის მოსავალი აგვეღო. ამით მათ ექსპორტსაც შევამცირებდით! ეტყობა ვერ მუშაობენ კოორდინირებულად ბუნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. არა უშავს. ან ორივე მინისტრს გამოვცვლით, ან სამინისტროებს შევუცვლით სახელს. ამის გამოცდილება ნაღდად გვაქვს. ამ საქმეს არა ეშველება, მაგრამ გთავაზობთ გამოსავალს.

დავუბრუნოთ არაბებს მათ მიერ ნაჩუქარი პალმის ნაწილი და მაგივრად გამოგვიგზავნონ აქლემები. ქალაქის პალმების ფონზე აქლემები ძალიან მიმზიდველნი იქნებიან. ტურისტებსაც მოვიზიდავთ. მათზე გასეირნებაც დიდ დამატებით სავალუტო შემოსავალს მისცემს ქალაქის ბიუჯეტს. საკურორტო სეზონის შემდეგ ბათუმის მოსახლეობას გაბარიტიანი საოჯახო ტექნიკის გადატანაში დავეხმარებით, ბენზინი და დიზელის საწვავი ხომ დღითიდღე ძვირდება. რაც მთავარია აქლემები თურმე თვეში ერთჯერ ჭამენ. რაც შეეხება წყალს, რამდენიც უნდათ იმდენი სვან.  სამი-ოთხი წლის შემდეგ (როგორც გვპირდებიან), ქალაქში ყველა ქუჩას (და არა მხოლოდ ცენტრალურს) რომ აღადგენენ, ეს აქლემები სვანებს ვაჩუქოთ, იქაური ტურისტების სატარებლად. ფეხები გრძელი აქვთ და თოვლსაც ადვილად გაჭრიან. თუ არა და დავკლათ და შევჭამოთ.

მიუხედავად ყველაფრისა, მტრის ჯინაზე,  გიგანტური  ნაბიჯებით ვუახლოვდებით ევროპას.  XXI  საუკუნის სასწაულია შუა საუკუნეების, ევროპული ქალაქების, მიკრო, რატუშის მოედნის აპლიკაცია, ე.წ. ბათუმის პიაცა, თავისი კოშკითა თუ მასში ჩამონტაჟებული საათებით. ადრეული ევროპული კოშკები მთელი ქალაქიდან  ჩანდა და იქედან ხანძრის გაჩენასაც უთვალთვალებდნენ. რაც შეეხება საათებს, მაშინ  საათები ერთეულებს თუ ჰქონდათ და მთელი მოსახლეობა მათზე ასწორებდა შრომით გრაფიკს. ახლა მშენებარე კოშკს ბათუმის მთიდან ან სასტუმრო შერატონიდან (რომელშიც საკუთარი საათია ჩამონტაჟებული) თუ არ გადმოხედავთ, სანამ ცხვირს არ მიადებთ, მხოლოდ კოშკის წვერი ჩანს. თუ მაგალითად,  ლონდონის ბიგ-ბენს მოვიშველიებთ, ის ძველი ქალაქის ყველა წერტილიდან ჩანს, თანაც არ დაგვავიწყდეთ, რომ იგი 1858 წელსაა აშენებული. ლონდონი კი მერე განვითარდა!

ისე არა მგონი უცხო სტუმრები გავაკვირვოთ ჩვენი ,,პიაცათი”, რადგან ამაზე დიდი, ლამაზი და მართლა ისტორიული მოედნები, თითქმის ყველა ძველ ევროპულ ქალაქშია. მაგრამ აქაც არის გამოსავალი. იმ შავბნელ შუა საუკუნეებში, ასეთ მოედნებზე, დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. სივდილით დასჯას, თუნდაც ტურისტების მოსაზიდად, ნაღდად ვერ დავუშვებთ, მაგრამ  მაქვს წინადადება: დავამთხვიოთ  ტურისტულ სეზონს და მოვაწყოთ პიაცაზე ოპოაიციის, ხალხის მტრებისა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა გაროზგვა. აბა პოზიცია განა ამას იმსახურებს?! მაშინ ნახეთ ტურისტული ბუმი, ახალი კოლიზეუმი, უცხოელთა  ცერა თითების ზემოთ-ქვემოთ ტრიალი. ვინაა პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავე თუ მართალი, დღევანდელი თემიდის ხელში, ჩამოსულები კი არა, ჩვენც ვერ ვარკვევთ. აი მაშინ სრულად შევგრიალდებით შუა საუკუნეებში.

ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება (რაც დღევანდელი კანონითაც კი სასტიკად აკრძალულია), თანაც რა თანხად,  მაშინ ზოგიერთი ,,ინტრიგანი” იკითხავს, თუ ფული მე ჩამადებინეს (თუნდაც დაუკითხავად), ქონება და მოგების წილი ვისაო? პასუხი კი ერთი ქართული ფილმის გამოძახილი იქნება – ,,გოგიას რაო?  რაო და ვირის თავფეხიო”  გოგიას რა– გასაგებია, მაგრამ ესპანელი არქიტექტორები რომ ამ ბოლო დროს ძალიან კმაყოფილები არიან, ამ ,,სამშენებლო ბუმით”, ეს ფაქტია. ბოლო ინფორმაციით ესპანეთში უმუშევრობამ 20% მიაღწიაო. ჩვენს 70% რომ არაფერი ეშველება ფაქტია. იმათ მაინც ეშველოთ რამე, თანაც კარგად თუ გადავუხდით.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპას გრიპმა ,,ესპანკამ” გადაუარა და რამდენიმე მილიონი ადამიანი გაიყოლია. დღეს საქართველოში არქიტექტურული ,,ესპანკა” ბობოქრობს, მისი მინა-ბროლის ესტაკადებით, ხიდებით, შადრევნებითა თუ აბსტრაქტული ნაგებობებით. იმედია ეს ,,ესპანკაც” გაივლის, მაგრამ შემდგომში ამ შედევრების  დაშლა რა დაგვიჯდება ნაღდად არ ვიცი. ეს მრავლადნაქები პიაცა სახელმწიფო ბიუჯეტს 18 მილიონი დაუჯდა და ………11,5-ად მიყიდეს კერძო პირს! მაგარი ბიზნესია ღმერთმანი! ვის მიყიდეს?  ეს თქვენ გაარკვიეთ!

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამას მოყვა საათი ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში (რომელიც დროდადრო მუშაობს), „უძვირფასესი“ საათი ყოფილი სახელმწიფო  ბანკის შენობის თავზე, რომელზეც  დროის ამოცნობას, მინიმუმ კონსილიუმი სჭირდება. „მომავალი“ საათები გორგილაძის ქუჩაზე,  „ჭაჭის კოშკზე„, რათა მუქთი ჭაჭის ჩამოსხმის დრო არ გამორჩეთ, ჩვენს დიდადდასაქმებულ თანამოქალაქეებს! ერთი რამ ვერ გამიგია. ქალაქში ზრდასრული მოსახლეობის 65%-მდე უსაქმურია, საათი არად სჭირდებათ. მგონი ვიღაც ჩვენზე „ღადაობს„ და ჩვენ კი ვერაფერს ვხდებით! ვითომ წინასაარჩევნო, დიდად გააზრებული  ქრთამია?!

თავის დროზე,  ცნობილმა ინგლისელმა კაპიტანმა კუკმა, ჰავაის კუნძულების მოსახლეობის მოქრთამვა სცადა ზიზილ-პიპილოებით, მინის მძივებითა და სარკის ნატეხებით. აბორიგენებმა ერთ ხანს უყურეს, მერე რაღაცა დაიღრიალეს საკუთარ ენაზე და კაპიტანი კუკი შეჭამეს. და  იცით რატომ?  სრულიად ბანალური მიზეზის გამო. ძალიან შიოდათ. ნუთუ ეს არაფერს გვასწავლის? არადა ქართველ აბორიგენებშიც იცით იმდენს შია?!

მოსაზრებების შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს batumelebi.ge -ს პოზიციას.

შავფაროსნები – დაცემა სიკვდილის ტოლფასია

– 2007 წელს დავაფუძნეთ ჩვენი კავშირი, 2008 წლიდან კი უკვე სისტემატურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა შეჯიბრებებში. ამჯერად კი „შავფაროსნებად“ ვიწოდებით. ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეა ცნობილი, ეგ არი კრივი, ჭიდაობა, ფარიკაობა და ასე შემდეგ. საქართველოს ყველა კუთხეს თავისთვის დამახასიათებელი სტილი აქვს. ამ ეტაპზე ჩვენთან ძირითადად ჭიდაობის სახეობაში, კრივსა და შერეულ კრივში ვავარჯიშებთ. სამწუხაროდ, სათანადო იარაღი არ გვაქვს რომ წვრთნა ამ მიმართულებითაც გავაგრძელოთ, თუმცა ბათუმის მერია დაგვპირდა, რომ საჭირო აღჭურვილობას შეგვიძენდა. რაც შეეხება შერეულ კრივს, ეგ არი ჭიდაობისა და კრივის სინთეზი, საიდანაც ამოვიღეთ გარკვეული  ილეთები და ეს უპირველესად ბავშვებისათვის გავაკეთეთ, რათა ნაკლებტრამვიანი ყოფილიყო. ამ ეტაპზე ჩვენთან 50-მდე მსურველი ვარჯიშობს, აქედან 30 კი შეჯიბრებებშიც მონაწილეობს და გარკვეული შედეგებიც გვაქვს.

 

– კონკრეტულად რას ემსახურება თქვენი საქმიანობა?

– ქართული საბრძოლო ხელოვნება, როგორც მოგეხსენებათ, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ერთგვარი ტრადიციაც კია და ჩვენ ამ უძველესი და თითქმის მივიწყებული ტრადიციების აღდგენას ვცდილობთ. გვინდა მომავალ თაობაში ქართული სული განვამტკიცოთ და გავაცნოთ ხალხს ქართული საბრძოლო ხელოვნება. ოქტომბერ-ნოემბერში ვატარებთ საქართველოს ღია ჩემპიონატს, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. გვყავს ერთი მებრძოლი, ილო ქათამაძე, რომელიც არტ-გენის ფესტივალზე მიიწვიეს და `შავფაროსნებთან~ ერთად მართავს საჩვენებელ გამოსვლებს.

 

– „შავფაროსნები“ ხშირად მართავენ თეატრალიზირებულ წარმოდგენებს… ახლახან რომშიც იყვნენ მიწვეულნი, სადაც მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობა…

– დიახ და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს. რაც შეეხება თეატრალურ დადგმებს, მასეთი წარმოდგენების გამართვა ჩვენს შეგვიძლია, ეგაა ჯერ სათანადო იარაღები არ გვაქვს, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, დახმარებას დაგვპირდნენ და უახლოს მომავალში ალბათ მივიღებთ დაპირებულს.

 

–  რა იარაღს ანიჭებთ უპირატესობას?

– პირველ რიგში ტრადიციულად ხმალი და ფარი, აგრეთვე შუბი, ნაჯახი, კოლხური ხელცულები, სატევარი, მათრახი, შურდული, ტაბარი (ორპირა ნაჯახი), ღაჯია (სათითე)…

 

– ყველა კუთხეს თავისთვის დამახასიათებელი სტილი აქვს, აჭარა თუ გამოირჩევა ამ მხრივ და რითი?!

– აღნიშნული საკითხის შესასწავლად ჩვენი კავშირის წევრები საქართველოს მასშტაბით ხშირად მართავენ ექსპედიციებს. ჩვენ მხოლოდ ერთი ექსპედიცია გვქონდა სარფში და იქ შევხვდი ერთ პიროვნებას, სამწუხაროდ სახელი და გვარი არ მახსოვს, რომელმაც აგვიხსნა, რომ უძველესი დროიდან იარაღის საკმაოდ გავრცელებული სახეობა იყო შურდული. დარწმუნებული ვარ, აჭარა საკმაოდ მდიდარი იქნება საბრძოლო ხელოვნებათა ტრადიციებით, მაგრამ ამის გამოსაკვლევად, როგორც აღვნიშნეთ ექსპედიციების მოწყობაა საჭირო, ეს კი თანხებთანაა დაკავშირებული, რომლის სიმცირესაც განვიცდით.

 

– ტურნირებს გიფინანსებენ თუ საკუთარი ხარჯებით დადიხართ?

– სპორტის დეპარტამენტის კალენდარულ გეგმაში 2 ტურნირი გვაქვს დაფინანსებული, ერთი აჭარის შიდა და ერთიც ღია პირველობა. დანარჩენზე კი საკუთარი ხარჯებით დავდივართ.

 

– ის სპორტსმენები, რომლებიც თქვენთან ვარჯიშობენ, სხვა სახეობებში გამართულ შეჯიბრებებში თუ ღებულობენ მონაწილეობას?

– რა თქმა უნდა. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ სახეობაში გავიყვანოთ ჩვენი მებრძოლი, კარატე, კიკ-ბოქსინგი და ასე შემდეგ. პირადად მე შარშან მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი გავხდი კონტაქტურ კარატეში. ჩვენთან აპრობირებულია აგრეთვე ე.წ. ქალაქური კრივი. რომელიც ჭიდაობისა და კრივის ნაზავს წარმოადგენს და ერთი მთავარი წესი  მოქმედებს – ბრძოლა მაშინ წყდება, როდესაც ერთ-ერთი მეტოქე დაეცემა ანუ დაცემა სიკვდილის ტოლფასია.18 წლის ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება და არც წონით კატეგორიაშია შეზღუდვა. ანალოგიურ ტურნირში მივიღე შარშან მონაწილეობა. ფინალში გავედი, იქ კი ყაზბეგელ გიორგი საბაურთან დავმარცხდი.

 

– ვიცი რომ „შავფაროსნები“ იარაღს თავად ამზადებენ…

– დიახ. უმეტესწილად ყველა ორგანიზაციას საკუთარი სამჭედლო აქვს და იარაღსაც თავად ამზადებენ. იმედია, მალე ჩვენს გვექნება ჩვენი სახელოსნო, სადაც შევძლებთ სხვადასხვა იარაღის დამზადებას. გეგმაში გვაქვს საკუთარი თეატრის გაკეთებაც და შემდეგ ჩვენი ვარჯიშებიც გაცილებით საინტერესო და სანახაობრივადაც დატვირთული იქნება.

მუჰაჯირების ფოლკლორი

 


 

 

პოეზია

                                               ***

                        ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე,

                        მასკვლავებსაც დევენახვე.

                        თვარემ კაცი მიმიგზავნა:

                        – მაქ თუ იყავ, რეიზა არ მნახე?

                                                           (მთქმელი ხასან იელდრიმი (ნიჟარაძე),

                                                           87 წლის, მცხ. სოფ. ჩაქალფინარში)

 

                                               ნადური

 

 

                        ჰოო ჰო, აბა დელი დელა!

                        გედევიარე ბაღჩაში და…

                        ჰოი ჰო, აბა დელი დელა!

                        ქალი ქათამს აგინებდა,

                        ნანინაა, ნანინაბ და… …

                        – შე ქორის საჭმელეო,

                        ნანინაა, ნანინაბ და… …

                        – შე ტურის საჭმელეო,

                        ნანინაბ და… …                              

                                                           (მთქმელი ისლამ თამაზოღლი,

                                                           87 წლის, მცხ. სოფ. ჩაქალფინარში)

                                               ***

                        გინცარ გინცარ გინცარა,

                        გინც იყოს და გინც არა.

                        ახლანდელი სახლის გელინი

                        გინც იყოს და გინც არა.

                        წამოჯდება კერიასა,

                        ატირტილებს ენასა.

                        ეზოს დახვეტავს, სახლს – არა,

                        ჯამს მორეცხს, ჭურჭელს – არა,

                        გამუაცხობს ნაცრი კვერას,

                        წაამწარებს ყველასა.

                                                           (მთქმელი ფატმა დირილი (მუთლი),

                                                            70 წლის, მცხ. სოფ. ქუშჩაში)

                                  

                                               ***

                        ღელესავო გადმომდგარა

                        თავჭუჭულაბ თეთრი ქალი,

                        ხელსა მიქნევს: – აქ ამოი,

                        შინ არ არის ჩემი ქმარი.

                        აუყევი და ქი ევედი,

                        ამოვკოცნე თვალებიო.

                        – იგერ მუა ჩემი ქმარი,

                        რაფერ დუუღლურზავს თვალებიო.

                        ღმერთო, იგი მომიკალი,

                        დაგიკლავ უღლად ხარი!

                                                           (მთქმელი ჯელალ ქარასუ (შავარდენიძე),

                                                           60 წლის, მცხ. სოფ. თაჰთაბაშში)

 

                                               ***

                        ეწერს ცეხლი ეკიდება,

                        მუხასაც ებრიალება.

                        მე რა ლამაზი გოგო მინდა,

                        შენაც ხომ     არ გეპრიანება?

                                                           (მთქმელი აჰმედ ქუთლუ (საფელიძე),

                                                           80 წლის, მცხ. სოფ. ჩაქალფინარში)

 

                                               ***

                        ახორს უკან მინარე,

                        გოგო დამხდა ძინარე,

                        ჰემ უკბინე, ჰემ ვაკოცე,

                        შინ გავაგზაბ ტირალი.

                                                           (მთქმელი იაშარ აილდიზი (ბოლქვაძე),

                                                           80 წლის, მცხ. სოფ. ქუშჩაში)

 

                                   ***

                        ნენემ კაბა შიმიკერა,

                        ზედ კოპჭები მიმიკერა.

                        დამასახლე რუმ უთხარო,

                        კიბილები ჩამატეხა.

 

                                   ***

                        ნენემ კაბა შიმიკერა

                        წელზეც გამოჭირებული.

                        ნენევ, ადრე გამათხუვე,

                        ძალვან ვარ გაჭირებული!          

                                                           (მთქმელი ჯემალ ანანიძე

                                                           50 წლის, მცხ. სოფ. სარალიჩში)

                                  

                                   ***

                        ეგერ მიღმა თიკნებიო,

                        ვიტირებ და ვიქნებიო.

                        წეხვალ, გეგებუტებიო,

                        მოხვალ, ჩეგეხუტებიო.

                                                           (მთქმელი ემინე შილვანი

                                                           70 წლის, მცხ. სოფ. დივანში)

 

                                   ***

                        ქარიშხალი მოსულა,

                        ნისლი აღარ ადგება.

                        თუკი მე არ მომყვები,

                        დარი აღარ დადგება.

                                                           (მთქმელი მელიქე ათეში (დევაძე), 

                                                           11 წლის, მცხ. სოფ. ბაშქოიში)

 

                                   ***

                        მე ნალიაში ვერ ევალ

                        კიბეს მუუყუდებელი.

                        მე ასკერში ვერ წევალ

                        გოგოს ჩუუხუტებელი.

                                                           (მთქმელი ჯემალ ყაზანჩი (სალაძე), 

                                                           მცხ. სოფ. ბიჩმექოიში)

 

 

                                   ***

                        კალთაში მაქ მურგვებიო,

                        ფენჯერაზე _ გოგვებიო.

                        ფენჯერაზე კრაჭი-კრუჭი,

                        გოგვებ უნდებიან ბიჭი.

                                                           (მთქმელი დერმუდე ბაიარი

                                                           50 წლისმცხ. სოფ. დეირმანბაშში)

 

                                   ***

                        იგერ გაღმა ბალებივო,

                        ზედ მიხვევლან ქალებივო.

                        ერთი მაქედან ჩამოი, – ვუთხარი,

                        დიმიყლიპენ თვალებიო.

                                                           (მთქმელი შაბან ბაშარი (ლომანოღლი), 

                                                           44 წლის, მცხ. სოფ. ფუნარქოიში)

 

 

 

                                               ***

                        ხოჯავ, ხოჯავ, გერგეცაო,

                        ქალი რაფერ გეგქცაო?!

                        შენ გგონიოდა ლოგინშიო,

                        ქალი გესულა გაღმაშიო.

                                                           (მთქმელი ბილალი ელიუიგუნი (ბაჯელიძე), 

                                                           მცხ. სოფ. დუაიერში)

 

 

შელოცვები

 

                                  

                       თვალისა

                        ალილისა, მალილისა,

                        ცხრა ათასი ფერისა

                        ქალისა, კაცისა, დიდისა, წვიტისა,

                        მოვდოდა შავი წყალი,

                        მას მოქონდა შავი გველი,

                        ჩავკარ ჩემი კარაჭინაბ,

                        მივხკიდე ღობესა.

                        ქარდებოდა, ნიავდებოდა.

                        ავაის თვალმა ავი თვალით შენ შამოგხედა,

                        ასკილი, ბელა, ყეზა

                        მის თვალებში მოხდა!

                        ჩემი პირით შენალოცაბ

                        ხეირათ, სიკეთეთ მიგერგებოდა!

                                                           (მთქმელი ფატმა დირილი (მუთლი),                                                                                             70 წლის, მცხ. სოფ. ქუშჩაში)

                                                          

                                               შაკიკისა

                        ჩემი დალოცვილისა.

                        რაცხამფრად მოხველ,

                        იმფრად წედი!

                        ჰაიდან მოხველ?

                        სოფლიდან მოხველ თუ?

                        გარედან მოხველ თუ?

                        დემენახვე მე, წეხველ შენ!

                        გილოცავ შენ.

                        აღარ დემენახვო მე.

                        გეიარე, წეი!

                        თავდაღმართიდან მოხვალ თუ?

                        თავაღმართიდან მოხვალ თუ?

                        გეიარე, წედი!

                        შეჰერიდან მოხვალ, კარჩხალიდან წახვალ!

                        არ დემენახვო მე,

                        წედი შენ გზაზე!

                                                           (მთქმელი ოსმან ყარაყაში (ლომანოღლი),                                                                                               65 წლის, მცხ. სოფ. ექინჯუღში)

                                              

 

                                   შაკიკისა                                          

                       

                        შაკიკი მოვდა

                        სათაოსა ბოლოსა.

                        რავარ ჭამდა კინასა,

                        ისე ცხავი თივასა.

                        გეიარა წვინდა გორგი,

                        გეიპარა დილასა.

                                                           (მთქმელი ზულბიე აქარსუ (მუსტაფოღლი),                                                                                     მცხ. სოფ. ექინჯუღში)

 

 

 

            დაბეჩებულისა (შეშინებულისა)

 

                        აშინა, მაშინა რამ შაგაშინა?

                        ხემ შაგაშინა, ქვამ შაგაშინა,

                        კაცმა შაგაშინა, ქალმა შაგაშინა,

                        ძაღლმა შაგაშინა, კატამ შაგაშინა?

                        წედი, შეშინებულო,

                        მოდი, სულო-გულო!

                                                           (მთქმელი ზულბიე აქარსუ (მუსტაფოღლი),                                                                                    მცხ. სოფ. ექინჯუღში)

                                              

 

 

                                    მატავრისა

 

                        – ატაურო, მატაურო,

                        ჰაიდან მოხვალ?

                        – ასკალაკელიდან.

                        – ჩემ შავტარიან დანით.

                        დაგჭრი, დაგშიშხავ!

                        დაგჭრი, დაგშიშხავ!

                        დაგჭრი, დაგშიშხავ!

                        ჩაგყრი ქოთანში,

                        გადუღებ, გაფერმანებ,

                        გიგიყვან ქედზე,

                        ნიავ და ქარ მიგცემ.

                        იელის კუკული,

                        სელისა ზეთი,

                        ჩახველი დუმა. 

                                                           (მთქმელი ჰავა ფიდანი (ლომანოღლი),                                                                                        80 წლის, მცხ. სოფ. ესენთეფეში)

                                              

 

                                   დატკეცნილისა

                        ალა ვკეცე, მალა ვკეცე,

                        გადავტრიალდი, ხე მოვკვეცე.

                        – რა არის იმის ხმალი?

                        – გულწითელი მამალი.

 

                                               ალისა

 

                        ალი ალი ალსა,

                        საჩეჩელი სართუმასა,

                        ბადე კისერსა.

                        ვაი ალი ალსა,

                        საჩეჩელი სართუმასა,

                        ბადე კისერსა.

                        ტყემლი ტალი ნაგვზალსა,

                        ალი გავაგდე კარსა. 

                                                           (მთქმელი უმიან ქალაი,                                                                                                                      70 წლის, მცხ. სოფ. ჯიჰადში)

 

ანეკდოტები

 

***

 

ნასრეთლი ხოჯა ვირზე უკნიდან შემჟდარა. ოზდათერთმეტი ვირი ყოლია. ვირიდიან ჩამუა, ვირს ითლის _ ოზდათერთმეტია, ვირზე შეჟდება, ვირს ითლის, ოზდაათი გამუა; ერთი ვირი ვერ ნახა.

            (მთქმელი ბილალი ელიუიგუნი

 (ბაჯელიძე, 75 წლის, მცხ. სოფ. ბაშქიოში)

***

            ნასრეთინ ხოჯას ქვაბი უურთუმია, დიდი ქვაბი მოზობელზე. მიცემიხან ერთი პაწაი ქვაბი ჩადვა შით და ისე მიცა. კაცმა უთხრა:

            – აი რა არიო?

            – შენმა ქვაბმა იშვაო.

            მემრე გეიარა პაწაი და კიდე ქვაბი აართვა მოზობელს, მიცემა დააგვიანა. კაცმა მოჰკითხვა:

            – რა იქნა ჩემი ქვაბიო?

            ნასრეთინ ხოჯამ უთხრა:

            – შენი ქვაბი მოკდაო.

            მოზობელმა უთხრა:

            – ქვაბი მოკდებაო?

            – დაბადება რომ დეიჯერე, მოკდენა რეიზა არ დეიჯერეო?

                          (მთქმელი ჯელალ ქარასუ (შავარდენიძე),

                     60 წლის, მცხ. სოფ. თაჰთაბაშში)

***

            ერთ დედაბერსა უთხრობია ქი, გამათხუეთო. შვილებსა უთხრობიათ ქი:

            – ნენი, შენ დაბერდი, ვინღა გითხოვსო?

            ღამეში, წოლაში, მოსულან ტურები, დედაბერს დუუწიკენ და წეიყვანენ; ტურებს მიყავან და დედაბერს გონია, გელინათ მივყავანო და უთხრობია:

            ” – ნელი-ნელა გამაყოლეთ, ჩემი ნეფის მაყრებოო!”

            ჩეიყვანენ ღელეში ტურებმა და დაფრიწენ.

                                   (მთქმელი ფატმა დირილი,

70 წლის, მცხ. სოფ. ქუშჩაში)

 

 

ანდაზები:

 

            1. ათჯერ დაზომო, ერთჯერნა დაჭრა;

            2. ამოსულ თვარეს საღამოს დეეტყობა;

            3. დათვ ბოკრები მოწრია, წტე წყალი ვერ უსმია;

            4. ერთი ენა ერთი კაცია;

            5. ევფურტუნე, ბუიღას მოხვდა, დევფურტნე – წვერსაო;

            6. ვირ ყურ ხევენ და – ე რა ეხახუნებაო;

            7. იყბალიან ქალი მუუკტება, უიყბალიან ცხენი მუუკტება;

            8. კოცნას ცხვირი არ დუუშლისო;

            9. მგელი რომ დაბერდება, ძაღლების სათამაშო გახდება;

            10. რაცხას დათესავ, იმას მოჭრი;

            11. საღამოს საქმეს დილის საქმე ჯობს;           

            12. სოფელი ვნახე უძაღლო, შიან ვიარები უგარგნო;

            13. სხვის ვირზე რომ შეჯდები, მალე ჩამოხვალო;

            14. ურგობლობის ზღვა დუულევია;

            15. შავი მურგვი სუნყველას კუჩხეში მიგორდება;

            16. შიერის თვალი ნალიაზე იქნება;

            17. შიერი ფუში მალე გაძღება, თვალი – არა;

            18. ძაღლს ძაღლის კბილი არ აწყენს;

            19. წაბლი ბუჯგიდან გამოვა, მის ბუჯგ აღარ კადრულობსო;

            20. ჭინჭრის ძირ ჭინჭარი ამუა;

 

წყევლები:

 

            – ანწლი ამოვდეს შენ კალოზე!

            –  ეზრაელი ჭამე!

            –  მიწასაჭმელებო! 

            – ჟამი შენ ბუკში!

            – ქოქი გიგიხმა!      

            – ღმერთმა ბუკი დიგიტეხოს!

            –  ღმერთმა ბუკი გიგიბრუდოს!

            – ღმერთმა გამჩენელმა შავ იაზმით დაგაჟდუმლოს!

            – ღმერთმა შენი თავი სიბირიას გადაკარქოს!

            – ღმერთმა შენ კალოზე ლეღვი დიგირგოს!

            – ღმერთმა გვერდები დიგიტეხოს!

            – ღმერთმა ჩენგე მუუგრიხა!

            – ჩემზე ბეთერი გაგხადოს!

                                  

დალოცვები:

 

            – გზა-შარაში შიგიბრალოს ღმერთმა!

            – დიდი ომრი მოგცონ ღმერთმა!

            – კაი შვილები მოგცა ღმერთმა!

            – კაი ჩოლუხ-ჩუჩუღი მოგცა ღმერთმა!

            – ღმერთმა დიგინახოს!

            – ღმერთმა კარქობა მოგცეს!

            – ღმერთმა კაი ბედი მოგცეს!

            –  ღმერთმა კარქობით დაგაბერა!

            – ღმერთმა კარქობით დაგალაგოს!

            – ღმერთმა ჯენნეთის კარები გაგაღებიოს!

            – ღმერთმა ბევრი დღე მოგცა!

            – ღმერთმა ჰერამი არ მოგცა!

            – ღმერთმა ბედი გიგიღოს!

            – ყაზაებიდან, ბელაებიდან ღმერთმა დიგიფაროს!

გაყალბებული არჩევნებიდან დაბრუნებულები – ამბის გაგრძელება

რევაზ ძნელაძე 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის #101-ე უბნის კომისიის წევრი იქნება. ის ამბობს, რომ „შეიძლება უბნის თავმჯდომარეობაც ჩააბარონ“, ოღონდ ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობს – „ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა“. 

 

2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რევაზ ძნელაძე ხელვაჩაურის #1 „ჩაის ფაბრიკის“ საარჩევნო უბანზე თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის მაშინ კომისიიდან სწორედ მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, ხელვაჩაურის ოლქის შედეგების ბათილად გამოცხადების შემდეგ, სხვებთან ერთად დაითხოვეს. 

 

მაშინ ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქი 64 საარჩევნო უბანს და 832 საარჩევნო მოხელეს აერთიანებდა. განმეორებითი არჩევნების ჩატარებისას ისინი კომისიებში აღარ გამოჩენილან. უსკოს 2008 წლის 4 ნოემბრის #93 განკარგულებით გადაწყდა, რომ ორივე არჩევნებს ახალი ადამიანებით დაკომპლექტებული საუბნო კომისიები ჩაატარებდა.

 

 

ხელახალი არჩევნებისთვის კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსის გამოცხადება ხელვაჩაურის საოლქო კომისიას დაევალა. პარალელურად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ილია ცხადაძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე, 5 ნოემბერს შეუწყვიტა. ოლქის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი იმავე დღეს გამოცხადდა, რომელიც ცესკოს 7 ნოემბრის განკარგულებით ომარ ვარშანიძემ დაიკავა.

ადამიანები, ვინც 2008 წელს ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების გაბათილების გამო დაითხოვეს, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ისევ საუბნო საარჩევნო კომისიებში დააბრუნეს. ამ დროისათვის ხელვაჩაურის ოლქში გახსნილი 63 უბნიდან 50-ში მეტწილად კომისიების თავმჯდომარეებად და მდივნებად სწორედ ის ადამიანები შეარჩიეს, რომლებიც 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზეც ამ თანამდებობებზე მუშაობდნენ, სულ 37 ყოფილი თავმჯდომარე და 27 ყოფილი მდივანი. საარჩევნო საქმიანობას ჩამოაშორეს მხოლოდ ოლქის თავმჯდომარე ილია ცხადაძე, რომელიც მთავრობამ მოგვიანებით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში დაასაქმა. მაშინ არც ერთი საარჩევნო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მათგან უმრავლესობა ამჯერად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის #79 და ხელვაჩაურის #83 საუბნო კომისიებში ისევ იმუშავებენ.

 

#79-ე ოლქის თავმჯდომარის კახა ჯაიანის განმარტებით, „მათ კომისიაში არ შეუყვანიათ არც ერთი ადამიანი, ვისაც რაიმე აქტით, ან გაფრთხილებით საარჩევნო კომისიაში მუშაობა ეკრძალებოდა“.

 

იმავეს ამბობს ხელვაჩაურის ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძეც. შერჩეულთაგან რამდენიმემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში მოსახვედრად კონკურსში მიიღო მონაწილეობა, გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი და აქვს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატიც. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო საკითხებზე მათი დატრენინგება საოლქო კომისიამ უზრუნველყო. 
საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პაატა ჯალაღონიას თქმით, „საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც საოლქო კომისიამ ან სასამართლომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, პირი, რომლის მიერაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია. ახალი საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებისას თუკი კომისიაში აღმოჩნდება პირი, რომელიც ადრე იყო გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, ცალსახად სამართალდარღვევაა. რაც შეეხება 2008 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხელვაჩაურის ოლქის გაბათილებას, მას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა იმ პირებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, რომლებმაც ასე თუ ისე გააყალბეს არჩევნები, ან კანონი დაარღვიეს“. 

ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების გამო დისციპლინარულ სახდელებსა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე არაფერია ნათქვამი უსკოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. მასში მხოლოდ „კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის“ ფაქტებია ჩამოთვლილი:

 

„უბნებზე დაფიქსირდა სხვის მაგივრად ხმის მიცემის ფაქტები; არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს 18 წელს მიუღწეველმა პირებმა; ერთმა და იმავე პირებმა რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში; გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა მისცა იმაზე მეტმა ამომრჩეველმა, ვიდრე სიის დანართში იყო შეყვანილი, უბანში დაბრუნდა ერთით მეტი საარჩევნო ბიულეტენი, ვიდრე გადასატანი საარჩევნო ყუთის მხლებლებს გადაეცათ; გარდა ამისა, ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ყუთში მოთავსებულ იქნა იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული; დაფიქსირდა პირადობის მოწმობის გარეშე და ვადაგასული დოკუმენტით ხმის მიცემის ფაქტები; თითქმის ყველა უბანზე სიის დანართში შეყვანილ ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება, ხმა მიეცათ განმეორებით; სიის დანართში შეყვანილი იყვნენ ის ამომრჩევლები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში… მსგავსი დარღვევები დაფიქსირდა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე; რამდენიმე საარჩევნო უბანი კი განთავსებული იყო პოლიციის შენობაში“. 

 

წერილში ასევე განმარტებულია, რომ საოლქო კომისიამ არჩევნების ჩატარების მეორე დღეს შემაჯამებელი ოქმი ამ დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრების განუხილველად შეადგინა. მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით, შემაჯამებელი ოქმი საჩივრების განხილვის შემდგომ უნდა შედგეს. არც ერთი საარჩევნო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი ამ „უხეშ დარღვევებზეც“ არ დასმულა. 

 

3 ნოემბრის გაუქმებული არჩევნები განმეორებით 16 ნოემბერს ჩატარდა. მასში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – ვაჟა ბოლქვაძეს მონაწილეობა საერთოდ აღარ მიუღია. არჩევნებში გამარჯვებულად ქრისტიან-დემოკრატი ზაზა შაშიკაძე გამოცხადდა. 

 

„ბათუმელების“ კითხვას, რატომ უცხადებს ოლქი ნდობას უკვე მეორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც 2008 წლის 3 ნოემბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნები კანონდარღვევით ჩაატარეს? – ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა აზარაშვილმა უპასუხა: „2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნები გაუქმდა უსკოს გადაწყვეტილებით. ამისთვის უსკოს, ალბათ, ბევრი მიზეზი ჰქონდა. რაც შეეხება ახალი კომისიების დაკომპლექტებას, რამდენადაც ვიცი, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც დაახლოებით იგივე შემადგენლობა იყო კომისიებში, რომელ არჩევნებზეც პრეტენზიები მათ მუშაობასთან დაკავშირებით არ ყოფილა“.

 

ამ საკითხზე უსკოს თავმჯდომარის არჩილ მიქელაძის განმარტებით კი, რომელიც მისგან „ბათუმელებმა“ 2010 წელს მიიღო, უსკოს არ ჰქონდა პირთა პასუხისმგებლობის დაყენების უფლებამოსილება. „ჩვენ მხოლოდ საჩივრები განვიხილეთ. რამდენადაც ვიცი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ილია ცხადაძემ დაწერა განცხადება ცესკოში და გადადგა. ჩვენ მის განცხადებას ვერც განვიხილავდით, ოლქები უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მხოლოდ დროებით გვექვემდებარებიან, მათი ზემდგომი ცესკოა“, – უთხრა მიქელაძემ „ბათუმელებს“.
2008 წლის 3 ნოემბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები ხელვაჩაურის ოლქის შედეგების გაბათილებას სხვა გარემოებით ხსნიდნენ. 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, წინასწარ გავრცელებული მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმათა 78,83 პროცენტით გაიმარჯვა და 10 პროპორციული მანდატი მოიპოვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო არჩევნები ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც. 14,75 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

 

 

ამ არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ გადალახა. მათ პროპორციულად ერთზე მეტი მანდატის მოპოვება ვერ შეძლეს. შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში მხოლოდ 2 მანდატით შესული „ქრისტიან-დემოკრატები“ უმაღლეს საბჭოში ვერც ფრაქციას ქმნიდნენ. ხელისუფლებამ ხელვაჩაურის ოლქის სხვადასხვა უბანზე დაფიქსირებული დარღვევები გამოიყენა და შედეგები გააუქმა. 

 

ამ ეჭვის საფუძვლიანობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმითაც ხსნიდნენ, რომ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატს ვაჟა ბოლქვაძეს. ის სამუშაოდ ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდა. განმეორებითი არჩევნები ხელვაჩაურის ოლქში ქრისტიან-დემოკრატმა ზაზა შაშიკაძემ მოიგო. 

2008 წლის 5 ნოემბერს უსკომ ხელვაჩაურის ოლქში 3 ნოემბრის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ბათილად სცნო (განკარგულება #90) და ხელახალი არჩევნები, პროპორციული 16 ნოემბრისთვის, ხოლო მაჟორიტაული 14 დეკემბრისთვის დანიშნა.
უსკომ ხელვაჩაურის ოლქში შედეგების გაბათილების ერთ-ერთ მიზეზად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესახებ“ კანონის 63 მუხლის მე-11 პუნქტიც მიუთითა, რომლის თანახმად ოლქის შედეგები იმ შემთხვევაში უქმდება, თუ ამ ოლქის გარკვეულ უბნებზე კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები“.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

საავტორო კინოს სექტემბერი ბათუმში

კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია, პოლონელი რეჟისორი იერჟი ჰოფმანი, რომელთაც გადაეცემათ BIAFF ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. Lifetime Achievement Award) და, ასევე, თურქი რეჟისორი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი ნური ბილჯე ჩეილანი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი გამომსახველობითი ოსტატობისთვის კინოში.

კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში  წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი და 40-მდე მოკლემეტრაჟიანი  ფილმი 20-22 ქვეყნიდან.

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა შედგება სამი სექციისგან: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია. თითოეულ კონკურსს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური.

მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის ელდარ შენგელაი უხელმძღვანელებს. ჟიურის წევრები არიან: სერგეი ლავრენტიევი რუსეთიდან, ნიკ ჰოლდსვორზი დიდი ბრიტანეთიდან, გიორგი პალფი უნგრეთიდან და პიოტრ ზელენკა ჩეხეთიდან. რაც შეეხება ამ სექციაში დაწესებულ პრიზებს, ესენია: გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის რადოსლავ პივოვარსკი (პოლონეთი) უხელმძღვანელებს. ჟიურის წევრები იქნებიან: ფარდინ საჰებზამანი ირანიდან, გუნერ გულერი თურქეთიდან, სერგეი ბუკოვსკი უკრაინიდან და ნინო ორჯონიკიძე საქართველოდან. ამ სექციაში გამარჯვებულებისთვის დაწესებული პრიზებია: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე კი  სიტორა ალიევა (რუსეთი) იქნება. ჟიურის შემადგენლობა ასეთია: კრზისზტოფ კოპცზინსკი პოლონეთიდან, ირინა რომანჩენკო უკრაინაიდან, მიხაელ კილმკიევიჩი პოლონეთიდან და დათო ჯანელიძე საქართველოდან. რაც შეეხება ამ სექციის პრიზებს, ესენია: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

არასაკონკურსო პროგრამაშიც 3 სექცია იქნება: „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ (SILK ROAD), რომელშიც გაერთიანებულია  არასაკონკურსო ჩვენებით ახალი ფილმები კავკასიის ქვეყნებიდან, ირანი, თურქეთი, ცენტრალური აზია და ა.შ. მეორე სექცია იქნება დიდოსტატთა კოლექცია, სადაც ცნობილი რეჟისორების რამდენიმე ბოლო ფილმი იქნება წარმოდგენილი და  კინოფესტივალის შემადგენელი მესამე ნაწილი იქნება მასტერკლასები და ვორქშოფები.

კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. Lifetime Achievement Award) ქართველ და უცხოელ კინომოღვაწეებს გადაეცემა.

როგორც კინოფესტივალის მენეჯერმა, ზვიად ელიზიანმა განაცხადა,  ფესტივალზე დასწრება აკრედიტებული სტუმრებისთვის (ოფიციალური სტუმრები, ჟურნალისტები, ბლოგერები, კინოს სექტორის წარმომადგენლები) უფასო იქნება, ხოლო აკრედიტაციის არმქონე პირებს დასწრება რეგისტრაციის საშუალებით შეუძლათ. „იქნება უფასო სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მათთვის, ვისაც უნდა რომ ჰქონდეს გარანტირებული ადგილი,  დავაწესებთ სიმბოლურ ფასს. ეს შეიძლება იყოს 1-2 ლარი. ვისაც აინტერესებს, მისთვის 1 ლარის გადახდა, რომ გარანტირებული ადგილი ჰქონდეს, არ იქნება პრობლემა.  ჩვენ ამით არანაირად შემოსავალს არ ვიღებთ, ძალიან მიზერული თანხაა. უბრალოდ ჩვენ მივცემთ საშუალებას ყველას, რომ ჰქონდეთ რეგისტრაციის და დაჯავშნის საშუალება.  ამ სიმბოლური ფასის ერთადერთი იდეა ეს იქნება“, – აღნიშნა ზვიად ელიზიანმა.

კინოფესტივალზე დამსწრეთა  რაოდენობის შეზღუდვას  ზვიად ელიზიანი კინოთეატრ „აპოლოსა“ და სასტუმრო „რედისონის“ დარბაზების სიმცირით ხნის.

კინოფესტივალზე, კინოჩვენების გარდა, შემდეგი ღონისძიებები გაიმართება: ორდღიანი ინდუსტრიული შეხვედრების სექცია, დოკუმენტური კინოს ვორქშოფი და ბლოგერების კონკურსი.

ზვიად ელიზიანის თქმით, BIAFF კინოფესტივალს წელს სამი სარეკლამო კლიპი ექნება: „ერთში მონაწილეობს ელდარ შენგელაია, მიხეილ კობახიძე, რომელიც, ასევე, ჩვენი კინოფესტივალის საპატიო სტუმარი იყო და საშა რეხვიაშვილი. შესაბამისად ამ კლიპების თემატიკაც მათი ფილმებიდან არის“ – აღნიშნა ზვიად ელიზიანმა.

BIAFF კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ხოლო ოფიციალური პარტნიორი ქ. ბათუმის მერიაა.

batumelebi.ge ფესტივალის პროგრამას რამდენიმე დღეში გამოქვეყნებს.

ქეთი ჟვანია, ქეთი არჯევანიძე  

დისკუსია ეკოლოგიურ პრობლემებზე არ შედგა

დისკუსია პრესკაფეში

„ … ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში მოგვიხადა, ამ დისკუსიაში ვერ შემოგიერთდებით და შემდეგისთვის მოვალთო; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ კი იმ კანდიდატის ოჯახური პრობლემები მოიმიზეზა, ვინც დღეს აქ  უნდა მოსულიყო; ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის პასუხი იყო ერთნაირი, მათი წარმომადგენლები გზაში არიან და აუცილებლად შემოგვიერთდებიან. “ –  ასე დაიწყო დღეს მოდერატორმა ზვიად ქორიძემ დისკუსია თემაზე „ეკოლოგიური პრობლემები და ეკომიგრაცია.“

დისკუსია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ნედ“ის დაფინანსებით პროექტის – „დემოკრატიული იდეების განვითარებისთვის“ ფარგლებში შედგა. საბოლოო ჯამში კი დისკუსიაში მონაწილეობა მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელებმა, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ რომან ბოლქვაძემ და „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა ბადრი ცინცქილაძემ მიიღეს. შესაბამისად, ვერ შედგა დებატებიც.

მოდერატორის კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ დისკუსიის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გარემოსდაცვით პრობლემებზე მათი მოსაზრებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მსგავსია და მათ უფრო მეტი კითხვა მმართველი პარტიის წარმომადგენელთან ჰქონდათ.

მათივე თქმით, მათ გასაკუთრებით აჭარაში დაგეგმილი ჰიდროპროეტების განხორცილების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემები და ეკომიგრანტების რაოდენობის  კიდევ გაზრდის შესაძლებლობა აწუხებთ.

ცაგო კახაბერიძე

ამავე თემაზე:  საარჩევნო პროგრამები გარემოსდაცვითი პოლიტიკის გარეშე

ხელვაჩაურის გამგებელი გადადგა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თემურ დუმბაძის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას აპირებს, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე არ ადასტურებს. გელა დეკანაძის თქმით ეს საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, „ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაზუსტებული ჯერ კიდევ არ აქვს. განილიხილება თემურ დუმბაძის კანდიდატურა და სხვაც“ – უთხრა „ბათუმელებს“ გელა დეკანეძემ. ვინ არის ეს „სხვა“, რომელიც ასევე ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილება მმართველი პარტიის მიერ, მან არ დააკონკრეტა.  

 

 

ინფორმაცია მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის შესახებ, არც თავად თემურ დუმბაძემ დაადასტურა: „ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის“. კითხვაზე კი, რატომ წავიდა დაკავებული თანამდებობიდან, მან უპასუხა, რომ „ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმეა“. 

 

 

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობით თემურ დუმბაძე კურორტ ბეშუმში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას გამოირჩეოდა, მას „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური წარწერით  – „მე მიყვარს საქართველო“ ეცვა და ამავე წარწერით კეპი, რომელიც გამგებელს თან ქონდა, ივანიშვილს დაახურა, მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა:  „იმათთვის, ვინც ხალხის დაპირისპირებას დააპირებს, ვიქნებით ზონდერიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ხელს შევუშლით ამაში. არ დავუშვებთ რაიმე პროვოკაციას არამარტო ბეშუმში, არამედ მთელ საქართველოში.“   

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი თემურ დუმბაძე დაიბადა 1960 წელს, დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1995 წელს კი ქალაქ ოდესის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ის 2008 წლიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელია, მანამდე კი ამავე მუნიციპალიტეტის კახაბრის თემის რწმუნებულად მუშაობდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თემურ დუმბაძე 2007-2008 წლებში საადვოკატო საქმიანობასაც ეწეოდა. უფრო ადრე, 2000 წლიდან კი ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების უფრისის მოადგილე კრიმინალურ დარგში. 

 

 

სხვადასხვა დროს მას ნამუშევარი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მოადგილედ კადრებისა და პირადი შემადგენლობის დარგში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილედ. იყო კომკავშირის რაიკომის მეორე მდივანი, რაიკომის ინსტრუქტორი და სოფელ ჩხუტუნეთის კოლმეურნეობის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

რობერტ ჩხაიძე
რობერტ ჩხაიძე

უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები სახელდება. რობერტ ჩხაიძე უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობას აპირებს.   

 

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ რობერტ ჩხაიძის მუშაობა მერის პოსტზე დადებითად შეაფასა და მას „ყველაზე ნაყოფიერი“ უწოდა.

 

 

პროფესიით ინჟინერი რობერტ ჩხაიძე ბათუმის მერის თანამდებობაზე 2007 წლიდან დღემდე მუშაობდა.  

 

უფლებამოსილება შეუჩერდა საკრებულოს უმრავლესობის ორ წევრს, ეკა თარგამაძეს და ნოდარ ფუტკარაძესაც, რომელიც საკრებულოს წევრობის გარდა, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელიც იყო.

 

აღნიშნული პირები „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით იყრიან კენჭს. 

 

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ბათუმის მერის მოვალეობას  სავარაუდოდ მერის მოადგილე, ჯემალ ანანიძე შეასრულებს. 

 

ლელა დუმბაძე 

პეტრას ციხეზე მოიჯარემ უარი თქვა

Georgien Invest International Companiy პეტრას ციხის იჯარის წესით მიღებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბათუმელებთან“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ქვრივიშვილმა განაცხადა, უარის თქმის მიზეზებზე კი საუბარი არ ისურვა. კითხვას, ხომ არ გახდა ამის მიზეზი ეკლესიის, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულების დაფიქსირება ციხის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, მან არ უპასუხა.

საქართველოს ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გამოცემული განკარგულებით Georgien Invest International Companiy-ს პეტრას ციხე 45 წლის ვადით იჯარის წესით, სიმბოლურად ფასად, 1 ლარად უნდა გადასცემოდა.

კომპანიას იჯარის წესით უნდა მიეღო ასევე პეტრას ციხესთან არსებული 32 179 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე განკარგულებით განსაზღვრული იყო ასევე ვალდებულებები, რომლის თანახმადაც მოიჯარეს ციხის ჩრდილოეთის კედლის აღდგენა, ისტორიულ ობიექტებთან მისასვლელი ბილიკის მშენებლობა, ძეგლის დაზიანებული ნაწილების გამაგრება, მისასვლელი ადგილის მშენებლობა, სალარო გაყიდვის ჯიხურის მოწყობა, განათების სისტემისა და პარკინგის მოწყობა ევალებოდა. ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით კომპანიას არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალებოდა.

მიტოვებული კაფე „რვაფეხა”

ორი თვის წინ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფუტკარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებდა, რომ კაფე უნდა მოეწყოთ და სამართავად სტუდენტებისთვის გადაეცათ. „აქ დასაქმდებიან სტუდენტები მიმტანებად, ბარმენებად. გარდა იმისა, რომ იმუშავებენ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დალიონ ყავა, კოკა-კოლა და მიირთვან ბურგერები საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად“.

ნოდარ ფუტკარაძის თქმით, კაფე უნდა გამხდარიყო ადგილი, სადაც მხატვრები, მუსიკოსები და სხვა შემოქმედებითი ჯგუფები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებდნენ.

ზაფხული სულ რამდენიმე დღეში მიილევა, თუმცა კაფეში არაფერი შეცვლილა.

რატომ გადაიფიქრა ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის საჩუქრის გაკეთება, ამის გადამოწმება ნოდარ ფუტკარაძესთან ვცადეთ: „ვეღარ მოვახერხეთ, გვერდით რეაბილიტაცია მიდის და ჯობია გავაკეთოთ მომავალში და იყოს უკეთესი ხარისხის, ვიდრე ნაჩქარევი და არა ისეთი, როგორც ჩვენ გვსურს“.

როგორც ნოდარ ფუტკარაძე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიაში – „რვაფეხა – დროებითი საჩუქარი სტუდენტებს“, აცხადებდა, ახალგაზრდულ დეპარტამენტს სტუდენტური პროექტებისთვის 25 000 ლარი ჰქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული, საიდანაც მინიმუმ 15 000 ლარი სწორედ ამ კაფეს რეაბილიტაციაზე უნდა დახარჯულიყო. კითხვაზე – რაზე დაიხარჯება თანხა, რომელიც ამ პროექტისთვის იყო გათვლილი? – ნოდარ ფუტკარაძე პასუხობს: „თანხა არ გვქონდა ამისთვის გათვლილი, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს თანხები გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და წელს აღარ ვაპირებთ კაფეზე დახარჯვას“.

ახალგაზრდული დეპარტამენტის ორი თვისწინანდელი ინიციატივა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტების განცხადებით, წინასაარჩევნო მოსყიდვის ეჭვს ბადებდა, რადგან სტუდენტებისთვის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად მომსახურების შეთავაზება საარჩევნო წელს, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოსყიდვის კატეგორიაში გადის. თუმცა, ნოდარ ფუტკარაძე ამ მოტივს გამორიცხავს: „კაფეს გაკეთება იურისტების შეფასების გამო არ გადაგვიფიქრებია. ასეთი განცხადებების ნამდვილად არ გვეშინია, რადგან ვაკეთებთ სამართლებრივად. კანონი არ კრძალავს, ახალგაზრდული ორგანიზებული კაფე გვქონდეს“.

თუმცა, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, „რვაფეხა“ მათ ბალანსზეა, რადგან განათლებისა და კულტურის სამინისტროს კომერციული საქმიანობის უფლება კანონით აქვს აკრძალული.

 

ლეიბორისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებიან

27 აგვისტოს ლეიბორისტულმა მოძრაობამ  აჭარის უმაღლესი საბჭოს  არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.  პარტიული სია შემდეგი კანდიდატებით არის დაკომპლექტებული: ქედის მუნიციპალიტეტში „ლეიბორისტებს” ზაირა ძნელაძე წარმაოდგენს, ქობულეთში – ბელა ბერაძე, შუახევში – თამარ მიქელაძე, ხელვაჩაურში – ბიძინა დუმბაძე, ხულოში – ზაურ დეკანაძე, ბათუმში კი დავით რობაქიძე იყრის კენჭს.

ლეიბორისტული მოძრაობის წევრმა, სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ მათ სიაში გენდერული თანასწორობა დაცულია. მისი განცხადებით „ლეიბორისტული მოძრაობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ქალების პოლიტიკაში მოსვლას  და ღირსეული ადგილის დაკავებას, როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტში“.

რამდენიმე დღეში ლებორისტული პარტიის თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარობის კანდიდატები  და პარტიის სია უნდა წარადგინოს.

 ქეთი არჯევანიძე

ხანძარი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე

ამ წუთებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობის განმარტებით, ხანძრის მიზეზი სახლის სხვენზე არსებული ელექტროგაყვანილობა გახდა, თუმცა სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამას არ ადასტურებენ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. მოსახლეობისა და პოლიციის ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოსახლეობა ამბობს, რომ სახანძრო სამსახური ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა.

მითომანის საათი

ბავშვური სისასტიკით ჩადენილი ეს “დანაშაული” მკითხველებს სხვადასხვაგვარად განაწყობს. მწერლის ფსევდო-ეგზოტიკურ სამყაროში მოხვედრილს ორი გზა აქვს: ან წიგნი უნდა დახუროს და თქვას, რომ ეს საერთოდ არ არის ლიტერატურა (თავის დროზე ფილიპ სოლერსმა უარი თქვა “მკვლელის ჰიგიენის” გამოქვეყნებაზე გამომცემლობა “გალიმარში”), ან მსხვერპლის როლს უპირობოდ დათანხმდეს. ეს უკანასკნელი თითქმის ტყვეა ტირანი ავტორისა, რომელიც მონოტონურად წერს სამ წიგნს წელიწადში და მათგან მხოლოდ ერთს მიუგდებს ხოლმე დამშეულ პუბლიკას. თაყვანისმცემლები კი მართლაც მრავლად ჰყავს. მისი რომანი “კრძალვით და ცახცახით” გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა და ნახევარმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა (ტკბილია მსხვერპლად ყოფნა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებს, გამშვიდებს).

ამელი ნოტომი ამბობს, რომ ფროიდი არ წაუკითხავს. მისი ასექსუალური პერსონაჟები კი სიკვდილსა და სიცოცხლეს ისეთი ვნებით ეთამაშებიან, როგორც მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის მძევლებს სჩვევიათ – უმთავრესად, ბავშვებს. მითები თითქოს თავისით ჩნდებიან, თვალს და ხელს შუა, არაფრიდან იბადებიან… ის არ თამაშობს მათით. ის თავად არის საკუთარი ამბების ვოლიერში გამომწყვდეული მითიური ქმნილება (თვალი გადაავლეთ ავტობიოგრაფიულ რომანებს: “სასიყვარულო საბოტაჟი”, “ტუბების მეტაფიზიკა”, “შიმშილის ბიოგრაფია”).

 

მისი რომანების კითხვისას შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ის ლიტერატურული კონტექსტიდან ამოვარდნილი, სრულიად არათანამედროვე ავტორია – მითომანების მაჯის საათი სხვა დროს აჩვენებს. წესით, ამ წიგნებს ერთადერთი ნამდვილი მკითხველი უნდა ჰყავდეს – ამელი ნოტომი, მაგრამ პარადოქსია: მათ მაღაზიების თაროებიდან იტაცებენ, უამრავ ენაზე თარგმნიან, ადაპტაციის შემდეგ სცენაზე დგამენ (“მტრის ნიღაბი” – რუსთაველის თეატრის რეპერტუარში), ფილმებად იღებენ… ავტორს კი არა აქვს კომპიუტერი, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, რაც არა მგონია, მხოლოდ მისი მორიგი ახირება იყოს – სავარაუდოდ, ამ ექსცენტრულ ქალს მართლაც არ სჭირდება ეს ჩვეულებრივი ნივთები. სამაგიეროდ, სხვა გასართობები აქვს: ექსტრავაგანტური ქუდების კოლექცია, მკვეთრი მაკიაჟი, ალისფრად შეღებილი ტუჩები… და რას აკეთებენ ოთახში მარტო დარჩენილი პატარა გოგოები სარკის წინ? განა არ ცდილობენ, რომ რაღაც უცნაური და ამაღელვებელი მოიხელთონ?

 

ამელი ცნობილი ბელგიელი დიპლომატის ოჯახში დაიბადა. დიპლომატებს დიდი საქმეები აქვთ მოსაგვარებელი – დიდი მითები უნდა მოიფიქრონ. ცივილიზაციების შეჯახების ადგილები, უმრავლეს შემთხვევაში, ცხელ წერტილებად ანთია მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. იაპონიის ქალაქ კობეში დაბადებული გოგონა, რომელიც 5 წლის ასაკში თავს იაპონელად აღიქვამდა, ბოლომდე ევროპელი ვერასდროს გახდება, ვერც ფროიდის წასაკითხად მოიცლის. მთავარია, რომ თავბრუდამხვევ წარმატებას უძლებს, წარმოსახვის უშრეტი წყარო აქვს… მკითხველებისთვის კი მესამე გზაც არსებობს: მისი წიგნებით ერთსაათიანი თავშექცევა.

 

გაზეთ „ბათუმელების“ არქივიდან, 2009 წელი. 

 

„ოსტატი და მარგარიტა“ ბათუმის თეატრში

დღეს, საღამოს 8  საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში მოსკოვის დამუკიდებელი თეატრის სპეკტაკლი, „ოსტატი და მარგარიტა” გაიმართება. ბილეთის ფასი 50-100 ლარია. როგორც თეატრში აცხადებენ, ამ დროისათვის ბილეთების უმრავლესობა გაყიდულია. 

 

 

მოსკოვის დამოუკიდებელი თეატრმა მუშაობა 2003 წელს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას” ჩვენებით დაიწყო. 2003 წლიდან დღემდე სპექტაკლი 700-ჯერაა ნაჩვენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – აღნიშნულია თეატრის ვებგვერდზე.

 

 

ვოლანდის როლს სპექტაკლში რუსეთის სახალხო არტისტი, ვიქტორ ავილოვი ასრულებს, მარგარიტას კი ოლგა კაბო, რუსეთის დამსახურებული არტისტი. სპეკტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვალერი ბელიაკოვიჩი.

საავტორო კინოს ფესტივალი 15 სექტემბრიდან

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი 2012 წლის 16-23 სექტემბერს გაიმართება. ძირითად პროგრამაში წელს სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი და 40-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაახლოებით 20-22 ქვეყნიდან.

  

 

კინოფესტივალის მენეჯმენტმა უკვე დაასრულა კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის და მოკლემეტრჟიანი ფილმების შერჩევა. ცნობილია, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე სიტორა ალიევა იქნება, რუსეთში არსებული კინოფესტივალის, „კინოტავრის” პროგრამების დირექტორი. ჟიურის წევრები არიან: ქშიშტოფ კოპჟინსკი, პოლონელ რეჟისორი, პოლონური კინოს ინსტიტუტის ექსპერტი, ირინა რომანჩენკო, თეატრმცოდნე  უკრაინიდან, მიხაილ კლიმკიევიჩი – პოლონელი რეჟისორი და დათო ჯანელიძე, ქართველი კინორეჟისორი.

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: „ფონდი ღია საზოგადოება  – საქართველო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, კომპანია „აირზენა”, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი. 

 

ქირავდება „ბინა“

„ქირავდება იზოლირებული სახლი ბათუმის ცენტრში, პიაცასთან“ – თბილისელმა გოგონებმა ეს განცხადება ინტერნეტში ნახეს, დაათვალიერეს სურათებიც და ფიქრობდნენ, რომ 2 კვირიანი დასვენებისთვის მათთვის მისაღები ფასი და პირობებიც  დახვდებოდათ. პირველი შთაბეჭდილება აღფრთოვანება იყო, ასეთ კარგ სახლსაც არ ელოდნენ, ეიფორია წამიერად დასრულდა,  როცა მეპატრონე გასცდა კომფორტულ სახლს და გოგონებს ერთსართულიან შენობაზე მიუთითა -„ აი, ამას ვაქირავებ.“ შენობაში რამდენიმე ოთახი აღმოჩნდა, ძველი რემონტით,  6  ძველი საწოლით, სველი წერტილითა და სამზარეულოში დაცლილი გაზის ბალონით.

 „სურათებში საერთოდ სხვანაირად ჩანდა ეს სახლი.  რადგან 2 გოგო ვიყავით, 20 ლარად მოგცემთ თითოსო მეპატრონემ, ისე 90 ლარად ვაქირავებო მთელს სახლსო. უკანმოუხედავად გამოვედით იმ სახლიდან, სახლსაც ვერ დავარქმევ, ბოსელს უფრო გავდა“, – ამბობს ანი ახვლედიანი, ბინის ქირაობის მსურველი ერთ-ერთი გოგონა.

 ბათუმში ჩამოსული დამსვენებლები ბინის შოვნის რამდენიმე საშუალებას იყენებენ. ესენია: ინტერნეტი, ახლობლების რეკომენდაცია, მაკლერების დახმარება და  კონსულტაციები ბათუმის მაღაზიის გამყიდველებსა და ტაქსის მძღოლებთან. საშუალო დონის ერთოთახიანი იზოლირებული ბინა ბათუმში ორმა ადამიანმა რომ იქირაოს, 100 ლარი უნდა გადაიხადონ დღეში,  ანუ 1400 ლარი 2 კვირაში.  დამსვენებლები ჩივიან, რომ ბათუმში ძალიან მაღალია ბინის ფასები და, თან სერვისი ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

 ანი ახვლედიანის თქმით,  მან და მისმა მეგობარმა ბინების ძებნაში მთელი დღე დაკარგეს: „ერთი სახლი ვნახეთ, უფრო სწორად პატარა ოთახი იყო და სახლად აქირავებდნენ. აბაზანა-ტუალეტთან მისასვლელად აივანი უნდა გაგევლო და თან ძალიან სიბინძურე იყო შიგნით. ესეც 40 ლარად გვაძლევდა, რადგან 2 გოგონა ხართო.

 შემდეგ ზედა სართულზე აგვიყვანა, ოღონდ აქ  უფრო ძვირად იქნებაო. აი, ოდნავ უკეთესი პირობები იყო, იქაც ტუალეტი იქით იყო, თან  რაღაც რკინის მაღალი კიბეებით უნდა ასულიყავი ეზოდან.  ეს 40 ლარში ვერ იქნებაო,  უკეთესი პირობებიაო. არადა, ოდნავ სუფთა იყო იმაზე“. 

 მარი მაჭავარიანმა წელს დაამთავრა სკოლა და 1 წლიანი ინტენსიური  საგამოცდო მეცადინეობის შემდეგ გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად ბათუმში დასვენება. ბინა ნაცნობობით იშოვა, ცენტრიდან ცოტა მოშორებით და ზღვიდან 15 წუთის ფეხით სავალზე.

 „თავიდან ვიყავით სამი გოგო, თითო ვიხდიდით 10 ლარს. შემდეგ დაგვემატა კიდევ ერთი. სულ დგას 3 საწოლი, მაგრამ გვახდევინებენ ოთხისას, რადგან ის ერთი შემოგვიერთდა. ვუთხარით საწოლი დაემატებინა, მაგრამ უარი გვითხრა. ისე, საწოლებში იგულისხმება: ერთი „ლეჟანკა“, ერთი გასაშლელი ტახტი და ერთი ნამდვილი საწოლი. სააბაზანო  არის თეთრი კარკასი. დუში არ ეხსნება და უნდა იტრიალო, რომ წესიერად იბანაო.

 ჰო, კიდევ, მორიელი გვყავდა სახლში, ონკანში იყო. მერე ჩემმა მეგობარმა მოკლა ძლივს. იმ ქალს მერე დავუძახეთ და, უი, მეც მყავდა, არ არის შხამიანი, არ არის ბათუმში შხამიანი მორიელებიო. ეს არის და ეს. მეტი რაღა პრობლემა უნდა გვქონდეს”, – ამბობს მარი მაჭავარიანი.

 როგორც ბინების გამქირავებლები ამბობენ, ბათუმს წელს მეტი ტურისტი ჰყავს შარშანდელთან შედარებით. შოთა ყურშუბაძემ ბინების ფასები გააძვირა, რადგან, როგორც თავად ამბობს, პირობები გააუმჯობესა და ეხლა ოთახნახევრიან ბინას 50 ლარად აქირავებს. ლილი დიასამიძის ბინას კი წელს უფრო იაფად იქირავებთ  ვიდრე შარშან იქირავებდით. დიასამიძე გაიაფებას სასტუმროების რაოდენობის გაზრდით ხსნის.  

 ბინების მეპატრონეების განცხადებით, ისინი წლიდან წლამდე არემონტებენ ხოლმე სახლებს და თვლიან, რომ აქვთ ყველა პირობა, რაც ოჯახს სჭირდება.

სუზანა ცინცაძის, ერთ-ერთი გამქირავებლის თქმით, დამსვენებლები ძალიან წუწუნებენ ბათუმის სიძვირესთან დაკავშირებით. 

 „ჩვენთან, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, აკვაპარკის მიდამოები რაც არის, ძალიან სიბინძურე იყო, შემდეგ უწყლობა იყო  დიდხანს. მე, მაგალითად, წყლის მატორი მაქვს და ამით გადავდიოდი, თორემ გარბოდა დამსვენებელები. ალბათ, თანდათან განვვითარდებით, არა უშავს, მომავლისთვის გვეცოდინება“, – ამბობს სუზანა ცინცაძე. 

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე  იმ საცხოვრებელ პირობებს საუბრობს, რომელიც ბათუმში ჩასულ ტურისტს სჭირდება: „არც თუ ისე მაღალი ხარისხის ევროპული რემონტი, სველი წერტილი, შემდგომ კომუნიკაცია, დასვენების საშუალება და ასე შემდეგ. აი, ეს რომ იყოს მოწესრიგებული. ანუ როგორც ჩვეულებრივი, საშუალო ოჯახი ცხოვრობს, ეს პირობები უნდა ტურისტს. ეს ძალიან ბევრს არა აქვს და უბრალოდ პატიჟებს ხალხს. ისინი თვლიან ევრორემონტს, მაგრამ არ არის“.

 როსტომ ბერიძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ გერმანულ ფონდები ბათუმში ატარებდნენ  გამოკვლევებს სველი წერტილების მოწესრიგების, წყლისა  და გათბობის შესახებ.

 „აღმოჩნდა, რომ სულ მცირედი ინვესტიციებია საჭირო. აქ საუბარია  დაახლოებით  2000-3000 ლარზე (ოჯახზე). შემდგომში შეიძლება ეს სასტუმრო სახლი გახდეს, თუ უფრო მეტ ინვესტიციებს განახორციელებს ოჯახი და ექნება ყველა ის პირობა, რომელიც საჭიროა ტურისტის მასპინძლობისათვის.

 გერმანიის ტექნიკური განვითარების საზოგადოებამ (Gთძ) კერძო მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, წლების წინ გააკეთა გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ  თუ სველი წერტილები და კომუნიკაცია მოწესრიგდებოდა, მაშინ ეს მნიშვნელოვანწილად გაზრდიდა მასპინძლობის ხარისხს. რაღაც ნაწილმა მოახერხა და არის ასეთი ტიპის კერძო სახლები, მაგრამ მკვეთრად გამოხატული არ არის“, – აღნიშნა როსტომ ბერიძემ. 

 მისი თქმით, როგორც უცხოელი ტურისტები, ისე შიდა ტურისტები, მაღალ ფასის მიუხედავად, ხშირად სასტუმროებს არჩევენ კარგი საცხოვრებელი პირობების გამო.

 როგორც როსტომ ბერიძე ამბობს, კერძო სექტორს  სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება ტურიზმის დეპარტამენტის სახით, ასევე, სხვადასხვა ფონდების ჩრთულობა იმ კუთხით, რომ ჩატარდეს კვლევები და ზუსტად შეირჩეს ის პირობები, რაც აუცილებელია ტურისტების მასპინძლობისათვის. მისი თქმით, შესაძლებელია ამ პროცესში იმ უცხოური ორგანიზაციების ჩართვა, რომლებიც მსგავს პროექტებს ადრე ახორცილებდნენ.

 როსტომ ბერიძის თქმით, ფასს საბაზრო ეკონომიკა განსაზღვრავს და თუ ბინების მეპატრონეები არაშესაბამის ფასს დააწესებენ, მომხმარებელი ნაკლები ეყოლებათ და მათთის ტურსტულ ისეზონი შემოსავლიანი არ იქნება. 

 „აქ ვერ ჩავერევით ჩვენ. მათ შესაბამისი პირობები უნდა შექმნან და თუ არ შექმნიან, არც ეყოლებათ დამსვენებელი. ვინც შექმნა,  მათ ბევრ დამსვენებლები ჰყავთ. ბათუმში 5-6 შეიძლება იყოს ასეთი“, – აღნიშნა ბერიძემ. 

კოლხური ბზის ტყეები გადაშენების პირას

წითელ წიგნში შეტანილი ამ ძვირფასმერქნიანი სახეობის გადასარჩენად ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე მეცნიერები გასულ წელს ალაპარაკდნენ, თუმცა, მათივე ინფორმაციით, წითელ ნუსხაში შეტანილმა კოლხურმა ბზამ ხმობა გაცილებით ადრე დაიწყო. მარადმწვანე ხეებს ფოთლები შეუყვითლდა და დასცვივდა, თანდათანობით კი ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდა და კოლხური ბზის ტყეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ხმობა მასობრივად დაიწყო. მონაცემების გადაგზავნიდან ერთ თვეში კანადაში მოქმედი სპეციალური ლაბორატორიიდან ქართველმა მეცნიერებმა მიიღეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კოლხურ ბზას დაავადება  – „ბზის დამწვრობა“ ანადგურებს.

 

„წინასწარი გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველოში გავრცელებულია და თანდათანობით ფართო ხასიათს იღებს აქამდე უცნობი დაავადება – ბზის ფოთლების სიდამწვრე. ამჟამად ბუნებრივი ბზის, როგორც ხეების, ასევე ბუჩქების, ინტენსიური ხმობა აღინიშნება წალენჯიხისა და მარტვილის რაიონებში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში და მტირალას ეროვნულ პარკში: წინასწარმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ენდემური სახეობის – კოლხური ბზის გადაშენებასთან. კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და მის გადასარჩენად საჭიროა ფართომასშტაბიანი სატყეო-პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ხმობის ინტენსივობის დასადგენად“ – ეს არის ამონარიდი მოხსენებიდან, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს სამთო მეტყევეობის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, მეცნიერმა არჩილ სუპატაშვილმა 2012 წლის 25 აპრილს წარუდგინა. ამავე სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა მისი ინფორმაცია კოლხური ბზის მდგომარეობის შესახებ ცნობად მიიღო და გადაწყვიტა, მიმართოს საქართველოს მთავრობას პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის ღონისძიებების დასახვის მიზნით.

 

გადაწყვეტილებიდან ოთხი თვის შემდეგ დაავადების წინააღმდეგ შემუშავებული გეგმების შესახებ კითხვებით გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართეთ, საიდანაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადაგვამისამართეს. ამ სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო კიკაჩეიშვილმა განგვიმარტა, რომ „გავრცელებული დაავადების მეტი წილი დაცულ ტერიტორიებზე მოდის“, სწორედ ამიტომ ჩვენს კითხვებზე პასუხები გარემოს დაცვის სამინისტროში, კონკრეტულად კი ბიომრავალფეროვნების სამსახურში, უნდა ჰქონოდათ. `ბათუმელები~ დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც ისევ ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროზე მიგვითითეს. საბოლოოდ კი დაავადების წინააღმდეგ მთავრობის გეგმების შესახებ ინფორმაცია ვერც ერთი ოფიციალური გარემოსდაცვითი სტრუქტურიდან ვერ მივიღეთ.

 

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მალხაზ ფარტენაძესაც დაუკავშირდა, რომელიც ამ პროცესში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში არსებული ბზის ტყეების მასიური ხმობის გამო ჩაერთო. გასულ ზაფხულს ის ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ლაბორატორიული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შეიქმნებოდა სამთავრობო კომისია, რომელიც დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად პრევენციულ ღონისძიებებს შეიმუშავებდა: `ეს არის ძალიან მძიმე დაავადება და „მის წინააღმდეგ მთავრობა ხელფეხშეკრულია. მე ამ საკითხებში ფაქტობრივად დილეტანტი ვარ, მაგრამ მაქსიმალურად ვიყავი ჩართული, რადგან ხელვაჩაურის ერთ-ერთი სოფლის, ჯოჭოს ძირითადი ფასეულობა იყო ბზა, რომელმაც ხმობა დაიწყო“.

 

მალხაზ ფარტენაძის ინფორმაციით „კოლხური ბზის პრობლემებთან დაკავშირებით მთავრობა საქმის კურსშია, თუმცა, რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები ბზის დამწვრობის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გასცემენ, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ამ დროისათვის დაავადების წინააღმდეგ მთავრობა ხელფეხშეკრულია“.

 

რეკომენდაციების მიხედვით: აუცილებელია მცენარის დაავადებული ნაწილების მოშორება, ჩამოცვენილ ფოთლებთან ერთად დაწვა და ნიადაგში ღრმად ჩამარხვა. საჭიროა ნიადაგის ზედა ფენის მოცილება. დაავადებულ მცენარეებთან მუშაობის

პრეზიდენტი ქართველი კლასიკოსების გვერდით

მიხეილ სააკაშვილის ფოტო ქართველი კლასიკოსების ფოტოების გვერდით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლაში ამ დრომდე ეკიდა. კლასიკოსების გარდა სააკაშვილს სხვა სახელმწიფო სიმბოლოები –  გერბი, დროშა და ჰიმნიც უმშვენებს გვერდს. ფოტო თავდაპირველად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოჩნდა და საზოგადოების დისკუსიაც გამოიწვია. ამავე ვებგვერდზეა განთავსებული მეორე ფოტოც, რომელიც ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაშია განთავსებული, სადაც მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლაკატზეა გამოსახული. სურათზე აღბეჭდილია მმართველი პარტიის საარჩევნო ნიშანი „5“. საარჩევნო პერიოდში, კანონმდებლობით აკრძალულია საჯარო დაწესებულებებში რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის რეკლამირება.

 

რატომ მოათავსეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო რუსთაველისა და გალაკტიონის გვერდით? ეს კითხვა ყოროლისთავის სკოლის დირექტორს, სოსო ბაკურიძეს დავუსვით. სკოლის დირექტორმა სააკაშვილის ფოტოს კლასიკოსების გვერდით გამოფენა უარყო და განაცხადა: „ეგ ფოტო ვინც გადაიღო, ჩემი შანტაჟი უნდოდა ალბათ. მე სააკაშვილის ფოტო გერბისა და ჰიმნის გვერდით ცალკე კედელზე მქონდა გაკრული, მწერლების კი – ცალკე, მაგრამ იმან, ვინც ეგ გამოაქვეყნა, ფოტოები დაამონტაჟა. ვინც ეგ გადაიღო, ოპოზიციაა და არ მინდა ახლა მკაცრი განცხადებები ვაკეთო“.

 

 

როგორც სოსო ბაკურიძე ამბობს, სააკაშვილის ფოტო კედლიდან უკვე ჩამოხსნა, ოღონდ დროებით: „იმიტომ ჩამოვხსენი, რომ ხვალიდან საარჩევნო უბანი იხსნება. ჩემს კაბინეტში კი მაქვს. ამ კაცმა, რომელმაც იმდენი კარგი გააკეთა, ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო შენობაში უნდა იყოს მისი ფოტო“.

 

 

მიუხედავად ამისა, დირექტორი ამბობს, რომ თუკი განათლების სამინისტრო დაავალდებულებს, ფოტოს ჩამოხსნის. „საარჩევნოდ მითხრეს და ჩამოვხსენი. და საერთოდ, რა არის იმაში ცუდი, თუ სახელმწიფო სიმბოლოების გვერდით პრეზიდენტის ფოტო იქნება.“ და დასძენს: „საერთოდ გაფრთხილებული ვარ, რომ ბევრი არ ვილაპარაკო, ყველა ადამიანი პოლიტიკოსი ხომ ვერ იქნება“. კითხვა, თუ ვინ იძლევა ამ გაფრთხილებებს, დირექტორმა უპასუხოდ დატოვა. 

 

 

ალექსი ბოლქვაძე წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორია. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საიტზე განთავსებული პრეზიდენტის ფოტოები სკოლის დერეფანში გამოკრული არ იყო: „ეგ ფოტო ყარაულის გასახდელშია გადაღებული. უკითხავად გადაიღეს, მითხრეს კანონდარღვევააო და ჩამოვგლიჯე კიდეც“. 

 

ბატონი ალექსი, ისევე როგორც მისი კოლეგა, სკოლის კედლებზე გამოფენილ პრეზიდენტის ფოტოებში პრობლემას ვერ ხედავს: „დირექტორის კაბინეტში საქართველოს პრეზიდენტის ფოტო უნდა იყოს. მაგრამ რადგან ახლა არჩევნებია, მე რესურსცენტრს დავურეკე, შევუთანხმდი და დროებით ჩამოვხსენი“. 

 

დირექტორების მსგავსად ფიქრობს აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძეც. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტის სურათი კაბინეტში უკიდია და ამით ამაყობს კიდეც: „ქვეყნის სიმბოლოა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ადრეც მომისმენია ამაზე კითხვები, რატომ არის კაბინეტში, საკონფერენციო დარბაზში, ახლა კიდევ თვალსაჩინოებების გვერდით რატომ ჰკიდიაო, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს“ -ამბობს მინისტრი.

 

 

რაც შეეხება ფოტოებს ნაცმოძრაობის საარჩევნო ნომრით, გია აბულაძე ამბობს: „ამაზე ყველა სკოლა კატეგორიულად გაფრთხილებულია, რომ საარჩევნო პერიოდში არც ერთი საარჩევნო სუბიექტის რეკლამირება არ მოხდეს სკოლის შენობაში“. 

 

ის, რაშიც პრობლემას ვერ ხედავენ განათლების მინისტრი და სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამების კოორდინატორი თამარ მოსიაშვილის აზრით, სწორედაც რომ პრობლემაა. მისი აზრით, სკოლებში რელიგიური და პოლიტიკური ლიდერების ფოტოების არსებობა, განათლების სისტემის შეფასების სერიოზული ინდიკატორია. „ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრ სკოლაში არის პოლიტიკური ლიდერის, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს ის ილიას გვერდით იქნება თუ ილიასა და რუსთაველს შორის, მიგვანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება გაცილებით დიდია ქვეყანაში, ვიდრე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების“. 

 

თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რა დანიშნულება აქვს საგანმანათლებლო სივრცეში პრეზიდენტის ფოტოს: „თუკი ამბობენ, რომ ეს სახელმწიფო სიმბოლიკის ნაწილია, მაშინ იგივე სახელმწიფო სიმბოლოებია პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო. მაშინ ამათი ფოტოებიც უნდა ჰქონდეთ გამოკრული. ვფიქრობ, ეს ფოტოები გარკვეული პროექტის ფარგლებში იბეჭდება და რიგდება სკოლებში, რაშიც იხარჯება ფული“. 

 

კითხვაზე –  არის თუ არა ეს ტენდენცია საბჭოთა ეპოქის გამოძახილი, თამარ მოსიაშვილი ამბობს: „მე თვითონ საბჭოთა კავშირის დროს მაქვს სკოლა დამთავრებული და მახსოვს სკოლებში გამოკრული საბჭოთა ბელადების: ლენინის, სტალინის, მარქსის, ბრეჟნევის და ანდროპოვის სურათები. რაც შეეხება ევროპას, შარშან, დეკემბერში ვიყავი ავსტრიის რამდენიმე საჯარო სკოლაში და არც ერთი პოლიტიკური და არც რელიგიური ლიდერის ფოტო იქ არ მინახავს“. 

 

 

 

მდგომარეობა აზერბაიჯანში მაგალითებით

ამ დროისთვის დაპატიმრებულია დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი  გაზეთის Хурал-ის მთავარი რედაქტორი ავაზ ზეინალი. საქმის წარმოება ამ პიროვნებაზე გრძელდება, მას ბრალი ედება ფულის გამოძალვა მმართველი პარტიის დეპუტატ გიულიარ ახმედოვისგან.მაგრამ ახმედოვი არის არა როგორც მოსარჩელე, არამედ როგორც მოწმე.

ბრალდებები Хурал-ის წინააღმდეგ მხოლოდ ამით არ ამოიწურება, ის დახურეს ჯარიმების შედეგად, რაც საკმაოდ დიდი თანხასშეადგენდა. ის, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო, ჩანს იქედანაც, რომგაზეთის ბეჭდვა აკრძალეს.

აღსანიშნავია მეორე ფაქტიც_ გაზეთ Айна-ს ჟურნალისტი იდრაკ აბასოვი ცემეს აზერბაიჯანის ნავთობის კომპანიების სპეციალურმა ჯგუფებმა. ამის გამო დღემდე არავინ დაუსჯიათ. მედიის სამართლის ინსტიტუტის მონაცემებით, 2010 წლის პირველ ნახევარში ჩინოვნიკებმა სასამართლოს 26-ჯერ მიმართესკრიტიკულად განწყობილი გაზეთების წინააღმდეგ. 29-ჯერ იქნა მოთხოვნილი მკაცრი სასჯელი ჟურნალისტებისთვის. 14-ჯერ დაისაჯნენ ჟურნალისტები სისხლის სამართლის წესით. ავტორიტეტის დაცვის ნიღბის ქვეშ მედიის წინააღმდეგ შეტანილ იქნა 36 სამოქალაქოსარჩელი. მოსარჩელეები, რომლებიც არიან პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, ითხოვდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებას 680 000 მანათის ოდენობით. 30 სამოქალაქო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ნათიქ ჯავადლი

ბოლო 6 თვის განმავლობაში მედიაკრიტიკოსები 57-ჯერ გახდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენს კითხვებს ნათიქ ჯავდლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ცაიტისა და ბუცერიუსის ფონდების პრიზის მფლობელი პასუხობს.

  • ნათიქ, როგორ აფასებენ ამ მდგომარეობას დასავლეთში

აზერბაიჯანი დასავლეთისთვის, პირველ რიგში, წარმოადგენს ინტერესს გეოპოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აკრიტიკებს საშინელ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა კუთხით, არჩევნების გაყალბებას, თავისუფალ პრესაზე ზეწოლას, გეოპოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის ინტერესები მას არ აძლევს შესაძლებლობას აზერბაიჯანის მთავრობაზე ზეწოლის საკითხებში გასცდეს განცხადების ფარგლებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიევის რეჟიმსა და არაბ დიქტატორებს შორის  არსობრივი სხვაობა არ არსებობს, დასავლეთის შეხედულება ამ რეჟიმების მიმართ განსხვავებულია. დასავლეთი, რომელმაც დააწესა სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ, იმავეს არა აკეთებს აზერბაიჯანის მიმართ.

  • როგორ ცხოვრობენ რიგითი აზერბაიჯანელები?

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ ცხოვრობს რიგითი აზერბაიჯანელი, არ არის აუცილებელი დაზვერვის წარმოება, მოვიყვან სტატისტიკურ მონაცემებს და ყველაფერი ნათელი გახდება. 2012 წლის პირველ მეოთხედში ქვეყანაში აღინიშნა ინფლაციის 1,11 პროცენტი, მათ შორის ბაქოში 1.54 და რეგიონებში 0, 69 პროცენტი. ამავე დროს კვების პროდუქტები გაძვირდა 2,34 პროცენტით, მომსახურება  – 0,95 პროცენტით, ფასებმა არასამომხმარებლო საქონელზე მოიმატა 1,29 პროცენტით. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულია 7,25 პროცენტიანი გაძვირება. ამ პერიოდისთვის ფასები ბაქოში გაიზარდა 10,23 პროცენტით, ხოლო რეგიონებში – 4,33 პროცენტით. ყველაზე მაღალი ინფლაცია აღინიშნა კვების პროდუქტებზე (11,43 პროცენტი). წელს აზერბაიჯანში მოსალოდნელია 12.5-პროცენტიანი ინფლაცია, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი რიგითი აზერბაიჯანული ოჯახის ბიუჯეტის შეზღუდვას ნიშნავს. სინამდვილეში შესაძლებელია აზერბაიჯანში ინფლაციის 3-5 პროცენტის ფარგლებში შეკავება, ამისათვის კი აუცილებელია თავისუფალი ეკონომიკა, მეწარმეთა დამოუკიდებლობა, მეწარმეების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობა.

მდგომარეობის გაუარესების გამო მეწარმეებიიძულებული არიანსაკუთარი ბიზნესი გადაიტანონ სხვა ქვეყნებში, კონკრეტულად თურქეთში. აზერბაიჯანულ ინვესტიციას  თურქული ეკონომიკისდიდი ნაწილი უკავია. ესეც კი ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანში თავისუფალი მეწარმეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით ცუდ დღეშია. ქვეყანაში, რომელიც აღიქმება ნავთობისა და გაზის ქვეყნად, მოსახლეობა საჭიროებს შუქსა და გაზს. მოსახლეობის ნახევარი რუსეთში მცხოვრები 2 მილიონი აზერბაიჯანელის ხარჯზე არსებობს.

  • როგორ მოსჩანს აქედან საქართველო?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის პრობლემები, ის უსწრებს აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონმორჩილების საკითხებში. ეს რიგითმა აზერბაიჯანელებმა იციან, – ათასობით ადამიანი ჩამოდის თქვენს ქვეყანაში ტურისტული მიზნით. თქვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიღებას აადვილებს საქართველოში მცხოვრები 500 ათასზე მეტი აზერბაიჯანელიც.

რეფორმები, რომლებიც საქართველოში ტარდება, არჩევნებს უფრო დემოკრატიულს ხდის, იზრდება მედიის თავისუფლება, ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს აზერბაიჯანის ინტერესებში იქედან გამომდინარე შედის, რომ საქართველო ჩვენთვის არის კარი დასავლეთში. საქართველოს გაძლიერებული ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროპული ფასეულობები უქმნის საფრთხეს ალიევის ავტორიტარიზმს აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა ბათუში ყოველწლიურად მატულობს. მიზეზი იმაშია, რომ ოლიგარქი ჩინოვნიკების კონტროლქვეშ აზერბაიჯანის ტურისტულ რეგიონებში დასვენების ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოს ტურისტულ რეგიონებში. ანუ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ამ ფორმით თქვენ იღებთ ეკონომიკურ სარგებელს, ჩვენ კი _ დემოკრატიულ ღირებულებებთან ინტეგრაციას.

  • უყვართ თუ არა ალიევების  ოჯახი აზერბაიჯანში?

ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ ალიევის რეჟიმისადმი სიყვარულზე საუბარი სასაცილოა. უბრალოდ, ქვეყანაში არსებობს შიში პოლიციური რეჟიმის მიმართ.და კიდევ, სახელმწიფო მოხელეთა იძულებითი გაწევრიანება მმართველ პარტიაში ქმნის ე.წ. „სიყვარულს”.

 

 

ბათუმური „ეზოს ისტორიები“

პროექტის მიზანი ეზოების მაცხოვრებლებთან მხატვრების შემოქმედებითი თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობის და პერსონალური ისტორიების გაცოცხლებაა. ასევე მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე ხელოვნებაში, რომლებიც თავის მხრივ ასახავენ ბათუმის ურბანულ და სოციალურ დინამიკას.

 პროექტის დოკუმენტაცია (ფოტო-ვიდეო) და შექმნილი ნამუშევრები, როგორც დამოუკიდებელი საგამოფენო პროექტი „ეზოს ისტორიები“, ოქტომბერში თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 5“-ზე იქნება წარმოდგენილი. პროექტი ასევე შევა „არტისტერიუმის“ კატალოგში.

 

 

The Nemo – „აბი გლუკოზას” რეინკარნაცია

„The Nemo “ -ს ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის

„მე და ჩემს მეგობარს კაფე გვაქვს, „ვინილი“. ისიც მუსიკოსია, ადრე ერთად ვუკრავდით. ბათუმში სარეპეტიციო სივრცე არ არსებობს, ვინილში მუშაობის პერიოდში კი გაგვიჩნდა აზრი, რომ პატარა კომერციული სარეპეტიციო გაგვეხსნა, ძვირი რომ არ ყოფილიყო და ნორმალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი. თან ვიფიქრე, მეც დავიწყებ დაკვრას-მეთქი. დეკემბერში, როცა სარეპეტიციო გაჩნდა, ერთი-ორი შემოთავაზება მივიღეთ. გვკითხეს, ხომ არ დაუკრავთ საახალწლოდო. მოგეხსენებათ, ყველას სჭირდება და იმ პერიოდში განსაკუთრებით გვჭირდებოდა ფული. ასე რომ, მოვძებნეთ ძველი კადრები, ჩემი ძველი ჯგუფის წევრი ილო, მერე მირზა ვიპოვეთ, ერთმანეთი მოვძებნეთ. ერთ დღეში მოვამზადეთ 30-მდე სიმღერის ქავერი,“ –  იხსენებს პაატა ძიძიგური, ჯგუფის ვოკალისტი და გიტარისტი.

მისი თქმით განვლილ ექვს თვეში 80-მდე უცხოური ჰიტი დაამუშავეს და 70-მდე საღამო გამართეს. ამ ჯგუფამდე ოთხივე მუსიკოსმა დიდი გზა განვლო.

ილია: „რაც თავი მახსოვს, ერთად ვართ. თავიდანვე ერთად მოვდივართ, ამიტომ დიდად შეკრება არც დაგვჭირვებია. რაც მთავარია, როდესაც მეგობრებთან ერთად აკეთებ იმ საქმეს, რაც გიყვარს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია“.

პაატა: „ერთმანეთი ბავშვობაში გავიცანით. მე მინდოდა სიმღერა და მოვხვდი ხალხურ გუნდში, მანანა გაბაიძესთან. ილოც იქ მღეროდა. ფაქტობრივად მთელი ჩვენი სანაცნობო მუსიკოსები ამ ქალის გამოზრდილია. რამდენიმე წელი მანანა გვასწავლიდა ხმებში სიმღერას. მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ მოთხოვნილება სხვა იყო. შევქმენით ჯგუფი, დავიწყეთ დაკვრა. თუმცა ჯგუფი გვერქვა ისე, რომ ჯერ დაკვრა არ ვიცოდით. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ დაგვერქმია „აბი გლუკოზა“. ფესტივალებზე დავდიოდით. საკმაოდ ხმაურიან მუსიკას ვუკრავდით. მაშინ ეს სახელი ბევრმა იცოდა ბათუმში. ახლაც ახსოვთ და გვიკვირს ხოლმე. თუ სიმართლეს ამბობენ, ბევრს მოსწონდა. მაგ პერიოდში კაპიკებს ვაგროვებდით და ამით ვცდილობდით სადღაც რაღაცა გაგვეკეთებინა. არასდროს არავინ გვიშლიდა ხელს, მშობლები, პირიქით, გვეხმარებოდნენ. ათი წლის წინ, რა ცუდი დრო იყო ხომ გახსოვთ, ხანდახან უკანასკნელ ფულსაც გვაძლევდნენ მედიატორებსა და სიმებში. 1997-1998 წლებში ხდებოდა ეს. უფრო ჩამოყალიბებული 2000 წელს ვიყავით. მანამდე ეს ჯახრიკი იყო. პოლისჯოხზე გაბმული სიმები გვქონდა“.

ილია: „აბი გლუკოზა“ სამი წევრისგან შედგებოდა: ლევან ხუჯაძე, პაატა და მე. შემდეგ მოხდა რევოლუცია. პაატა წავიდა პეტერბურგში სასწავლებლად, ლევანი _ საფრანგეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მე წავედი მუსიკალურ ტექნიკუმში, დავამთავრე და გავხდი გიტარის მასწავლებელი. შემდეგ გვქონდა 4-წლიანი შუალედი, შიგადაშიგ ვუკრავდით, მაგრამ როგორც ჯგუფი, არ ვიყავით. იყო შემოთავაზებები, თუმცა ვისთანაც საერთო არ მქონდა, იმასთან ვერ ვიმუშავებდი. ამბობენ, საქმე და მეგობრობა სხვადასხვა რამ არისო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის პირიქით იყო. ყოველთვის მეგობრები ვიყავით და ყოველთვის ვაკეთებდით საქმეს“.

ილიას პირველი პროფესია სტომატოლოგიაა, პაატა 11 წელს სწავლობდა სამედიცინოზე, ორდინატურა რუსეთში დაამთავრა. მირზა ეკონომისტია, ბუღალტერი, ირაკლი – ფილოსოფოსი, ექიმი-ეკოლოგი.

ილია: „სტომატოლოგია, რა ვიცი… ჩემი მოწოდება ყოველთვის მუსიკა იყო. ბავშვობიდან მუსიკა მაინტერესებდა, სამწუხაროდ დღემდე ისე მიიჩნევა, რომ მუსიკა პროფესია არ არის. ყოველთვის მეუბნებოდნენ ჩემებიც კი, მუსიკაში რაც გინდა, ის აკეთე, მაგრამ გქონდეს სხვა პროფესიაცო. უნდოდათ, რომ დროს მორგებული პროფესია მქონოდა. ასე ხათრით დავამთავრე სტომატოლოგიური და წავედი და ჩავაბარე საბუთები მუსიკალურში. დავამთავრე საკმაოდ წარმატებულად და ერთ-ერთი კარგი მოსწავლე ვიყავი. ვმუშაობდი სკოლაშიც პედაგოგად. ახლა კერძოდ ვამეცადინებ ბავშვებს, ვმუშაობ რადიოში, მუსიკალურ წამყვანად და ვარ გუნდში, კაპელაში.”

„დღეს მუსიკა გაჭმევს შენ და გაცილებით უკეთესად ვიდრე სხვას,“ – საუბარში პაატა ერთვება და ჯგუფის დრამერის დახასიათებას იწყებს.

„მირზა თავიდან როდესაც გავიცანი, იყო ასე შებოჭილი, თუმცა თავისი საქმის კარგი მცოდნეა. თავიდან ვერ გავხსენით, მაგრამ როცა გავხსენით, გადავწყვიტეთ, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენს ჯგუფს მიღმა. ვკითხეთ და მირზამ დაგვიკაკუნა ერთი-ორჯერ რომ კიო, თანახმა ვარო,“ –  ამბობს პაატა.

მირზა: „ბავშვობიდან ვიყავი „აბი გლუკოზას“ ფანი. ესენი რომ რეპეტიციობდენ, მაშინ მე ბავშვი ვიყავი, ვიპარებოდი ზღვაზე, მივდიოდი იქ, სადაც რეპეტიციები ჰქონდათ, ავძვრებოდი ფანჯარაზე, ვხედავდი ამ ბიჭებს და ვუსმენდი. მერე რაღაცა პერიოდი რომ გავიდა, ბიჭებს ვუთხარი, ასე იყო-მეთქი და კვდებოდნენ სიცილით. თვითნასწავლი დრამერი ვარ, არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს. წლების მანძილზე სხვადასხვა ბენდში ვუკრავდი. პროფესიით ბუღალტერი ვარ, ეკონომიური მაქვს დამთავრებული. გაზების კანტორაში ერთი კვირა ვიმუშავე ბუღალტრად. მეტი ვერ გავძელი. აღმოვაჩინე, რომ ჩემი საქმე არ იყო. თუმცა მანამდეც ვიყავი ამაში დარწმუნებული“.

ანუ რამდენსაც უკაკუნებს, იმდენს ითვლის – ხუმრობს პაატა და საკუთარ თავზე ყვება: „პაატა იმდენად ნიჭიერია, რომ ხან ბასზე უკრავს, ხან გიტარაზე, პაატა დაჯილდოებულია სხვადასხვა ინსტრუმენტის ხელში დაჭერის უნარით. დაკვრაზე არაა ლაპარაკი“.

პაატა: „პროფესიით ექიმი ვარ, 11 წელი ვსწავლობდი მედიცინას. ამ გზამ ზოგადად ძალიან ბევრი რაღაც დამანახა ცხოვრებაში. ქვეყნებიც და ძალიან ბევრი, სხვადასხვანაირი ადამიანი გავიცანი. რუსეთში ვსწავლობდი 6 წელი. დავამთავრე ჩვენი ბათუმის უნივერსიტეტი და მერე წავედი სანკტ-პეტერბურგში, ორდინატურაში. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა რომ თვალსაწიერი გამეფართოებინა. აქ ჩამოვედი და დავინახე, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენად ბევრი ექიმია, ჩემი ადგილი არაა. გადავწყვიტე სხვა რაღაცის კეთება. კაფეს გახსნა მინდოდა. გავაკეთე. ამ ორი წლის განმავლობაში ამან უფრო გაამართლა და საერთოდ დავანებე მედიცინაზე ფიქრს თავი. კაფეში ჩვენ თვითონ ვმუშაობთ, ჩვენ თვითონ ვართ დამლაგებლებიც, მიმტანებიც, ყველაფერი ერთად. ამის მერე მაინც მინდოდა ყველა რესურსი წასულიყო მუსიკაში. ჯერ ოცნებასავით იყო. მერე სარეპეტიციო გავაკეთეთ და `ნემოც~ შეიქმნა. ექვსი თვეა ვერთობით. ვცდილობთ, რომ პროფესიონალებთან ახლოს მაინც მივიდეთ. ყოველი ჩვენგანი აკეთებს საკუთარ მუსიკას და ძალიან დიდი პორტფოლიო გვაქვს ყველას. ადრე ჩვენს სიმღერებს ვუკრავდით მხოლოდ და არასდროს ვუკრავდით ქავერებს. ახლა ქავერებს ვუკრავთ. მაგრამ მოვა ალბათ მაგის დროც, იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ უკვე ჩვენის კეთებას.

ჯგუფის მეოთხე წევრზე, ირაკლი ჩხეტიაზე, ილია იწყებს საუბარს.

ილია: „ირაკლის რამდენიმე პროფესია აქვს. ფილოსოფოსია. ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერი იყო. ბრწყინვალე ადამიანია და ძალიან კარგი მუსიკოსი. კვლავ იმ პრინციპით, რომ საუკეთესო იყო, გადავწყვიტეთ ერთად შეკრება. როდესაც ადამიანთან საერთო არ გაქვს, იმასთან მუსიკას ვერ გააკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა, სხვის მუსიკას აკეთებ თუ შენსას. სხვისი კიდევ უფრო ადვილი გასაკეთებელია. როცა შენსას აკეთებ, ადამიანთან თუ საერთო არ გაქვს, ძნელია. წარმოიდგინეთ ოთხი კაცი, ოთხი ინდივიდი უკრავს რაღაც უცნობს და ხვდება ოთხივე, სად უნდა დაამთავროს. ეს მოაქვს ალბათ იმ შერწყმას, რასაც მეგობრობა ჰქვია.

პაატა: „ჩხეტია – ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელსაც ერთდროულად ბევრი რამის კეთება შეუძლია. იმდენად თვითგანათლებული ადამიანია, ფილოსოფოსია, ექიმი ეკოლოგია, დიპლომებზე მეტია ზოგადად ეს ადამიანი. საკმაოდ გემოვნებიანი მუსიკოსია, კარგი კრიტიკოსია თვითნასწავლი, ფილმოფილია, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. როდესაც შევთავაზეთ დაეკრა ჩვენთან ერთად, უარი არ უთქვამს. მეათე კლასიდან ვმეგობრობთ. იმ დროიდან, ჩვენსავით პოლის ჯოხზე გაბმულ სიმებზე რომ უჩხაკუნებდა“.

ისინი ამბობენ, რომ სამომავლო გეგმები არ აქვთ.

პაატა: „არ ვიცით, ხვალ რა სურვილი გაგვიჩნდება. ხვალ ილიამ შეიძლება დაანებოს თავი მუსიკას და სტომატოლოგია მოუნდეს ისევ. ამანაც დაანებოს თავი და ბუღალტერიას მიუბრუნდეს. მაგრამ სანამ რაღაცას ვაკეთებთ და მიუხედავად იმისა, რომ ქავერებს ვაკეთებთ, არის ხოლმე მომენტი ერთ-ერთი ჩვენგანი მხრებს ჩამოუშვებს და იტყვის, მომბეზრდა, რაღაცა სხვა მინდა. მერე ვიწყებთ ერთმანეთის შეგულიანებას…“  „ეს ძირითადად შენ ხარ“ – საუბარში ერთვება ილია.
„იმიტომ, რომ მე მაინტერესებს კონკრეტულად ჩემი მუსიკის გაკეთება. მერე იმასაც ვხვდები, რომ რაღაც უფრო მეტი შემეძლება. როდესაც შენსას აკეთებ, ადვილია შეფასებაც გააკეთო და ამაზე უფრო ლაღად ლაპარაკიც. იმიტომ, რომ იცი, ეს შენია, შეგიძლია უფრო ლაღად მიაწოდო ადამიანს. მას მოეწონება თუ არა, ეს სხვა საკითხია“.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს ხელმოწერის გაყალბებისთვის პოლიციაში იბარებენ


„წინასწარი გამოძიება რომ მიმდინარეობს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ სულიკო მიქელაძეს უკავშირდებიან ტელეფონით და სთხოვენ რომ გამოცხადდეს ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოში მოწმის სახით დასაკითხად„- აცხადებს ირაკლი შავაძე. მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება 2012 წლის 6 აგვისტოს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებას, სადაც დაფიქსირებულია საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების პოზიციები წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, სადაც „ქართული ოცნების„ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გზა გადაუღობეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა, კერძოდ ხელვაჩაურის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა საჯარო მოხელეებმა, რის გამოც ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს რომ პროტესტის ნიშნად, არ დაესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს. 

განცხადებაზე,სადაც საუბარია საკრებულოს სხდომების ბოიკოტირებაზე, დაფიქსირებულია საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ვახტანგ კახიძის სახელი და გვარი, მაგრამ არა მისი ავტოგრაფი: „გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია ავტოგრაფის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, რაც არასწორია, რადგან გაყალბებულად ითვლება კონკრეტული პირის პირადობის მოწმობა, შტამპი ან ოფიციალური დოკუმენტი. როგორც ჩანს გამოძიება საკრებულოს წევრების განცხადებას მიიჩნევს ოფიციალურ დოკუმენტად, რაც არასწორია. რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 362-361 მუხლების მიხედვით ოფიციალურ დოკუმენტად ითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ამა თუ იმ პირს წარმოუშობს ან უზღუდავს რაიმე უფლებას. აღნიშნული განცხადებით ვახტანგ კახიძეს რაიმე უფლება არ წარმოშობია ან შეზღუდვია. მით უფრო, რომ საკრებულოს წევრების განცხადებას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს“.

ირაკლი შავაძის განცხადებით, სულიკო მიქელაძის დევნა, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს: „რადგან აქ არ არის დანაშაულის შემადგენლობა, შესაბამისად, პოლიციას არ უნდა დაეწყო წინასწარი გამოძიება“. 

როგორც ვახტანგ კახიძე `ბათუმელებთან~ საუბარში აცხადებს, გამოძიებისთვის მას არ მიუმართავს: „მე როგორც ვიცი, გამოძიებას საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ ფარტენაძემ მიმართა. ჩვენება მეც მივეცი პოლიციას და ვურჩიე კიდეც, რომ საქმე ამ მიმართულებით არ წაეყვანათ. მართალია ჩემი ავტოგრაფი არ იყო განცხადებაზე დაფიქსირებული და მე არ ვიზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ სულიკო მიქელაძის წინააღმდეგ განცხადება არ გამიკეთებია“. 

ფანჯარა ეზოს მხარეს

გიორგი პროექტ „ეზოს ისტორიების“ ერთ-ერთი მონაწილეა. ძველ ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, სამი დღით, 23-დან 25 აგვისტომდე, ეზოს ისტორიები გაცოცხლდება. „ეზოს ისტორიები“ კუტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ბათუმელი და თბილისელი მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცე, ამ შემთხვევაში მელაშვილის ქუჩაა და ამ ქუჩის რამდენიმე ეზო. ისტორიებში ადგილობრივი მცხოვრებლებიც იქნებიან ჩართულნი. გიორგი იმ ადგილისკენ მიმიძღვის, სადაც მისი ნამუშევარი განთავსდება.

„აქ კედელზე წერია „აი ლავ იუ“, რაც პირდაპირ კავშირშია ქორწილთან, აი აქ არის სარდაფი, კარზე არის ნახვრეტი. შიგნით დაიდგმება ტელევიზორი, და ამ ტელევიზორში იქნება აი ეს ქორწილი. მე და არტ ჯგუფი „ბულიონი“ ვატარებთ ერთად, გვინდა შევქმნათ ისეთი თამაში, თითქოს ვიჭყიტებით ვიღაცის ცხოვრებაში, ვიღაცის სახლში ვიჭყიტებით, ესაა რა,“ – ამბობს გიორგი.

„პროექტის მიზანია ეზოების მცხოვრებლებთან მხატვრების შემოქმედებითი თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობისა და პერსონალური ისტორიების გაცოცხლება, რომელიც თავის მხრივ ასახავს ბათუმის ურბანულ და სოციალურ დინამიკას,“ – ვკითხულობთ სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე. 

„ეზოს ისტორიების“ პროექტის იდეის ავტორი ბათუმელი ლევან ხუჯაძეა.

„მუშაობის პროცესიც კი საინტერესოა. აქ არტისტი მუშაობს არა თავის სახელოსნოში, არამედ სივრცეში. აქვს კონტაქტი ადამიანებთან. მიზანი, დაფარული ისტორიები, პრივატული, რაღაცნაირად გადმოსცეს და აჩვენოს საზოგადოებას,“ – ამბობს ლევანი პროექტის იდეაზე საუბრისას. 
უფრო მეტ დეტალს „ეზოს ისტორიებიდან“ პროექტის კურატორი მაგდა გურული გვიმხელს.

„ამ შემთხვევაში მხატვრის პალიტრა არ არის ფერი, ფუნჯი, ის საგნები და ნივთები, რომებსაც იყენებს ფიზიკურად, არამედ, თვითონ ცხოვრება, ადამიანების ცხოვრება, პრობლემატიკა, ინტერესები და კულტურა და ა.შ. აქ საგნები იმდენად არ იქმნება, რამდენადაც რაღაც ხდება, სადაც ჩართულნი არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ნამუშევრის შექმნაში. ასეთი ნამუშევრები არ არის გათვალისწინებული რომ საუკუნეებს დარჩეს და თუნდაც იარსებოს პროექტიდან ერთი წლის მანძილზე. ამითი ეს საჯარო ხელოვნება უპირისპირდება კომერციულ ხელოვნებას. ადამიანების ჩართვა ასეთ პროექტში უფრო შეიძლება, ვიდრე პასიურ შედევრში. მეზობლები, ჩვენდა გასახარად, ძალიან გახსნილები აღმოჩნდნენ, მზად არიან თითქმის ყველაფერშიმიიღონ მონაწილეობა, მოგვცენ, დაგვეხმარონ, და თვითონაც აინტერესებთ ალბათ რა გამოვა. იმიტომ, რომ ასეთი საჯარო სივრცის პროექტი თუ არ გაგიკეთებია და თუ არ გინახავს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია რა შეიძლება იყოს, არის თუ არა ეს ხელოვნება. ეს უფრო საჯარო არტია,“ -ამბობს მაგდა გურული. 

მისი თქმით პროექტი ბათუმელ და თბილისელ მხატვრებს დაახლოების და ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. „ეზოს ისტორიები“ ეზოს მცხოვრებელთა პირად ამბებსა და ისტორიებს, ყოველდღიურ ცხოვრებას ხელოვნების ენაზე „გადათარგმნის“. პროექტში ექვსი ბათუმელი და ექვსი თბილისელი მხატვარი მონაწილეობს.

მხატვრების ინიციატივას ადგილობრივი მცხოვრებლები ინტერესით შეხვდნენ.

„ძალიან მოგვეწონა, რაღაცის გადაღება, გამოფენა უნდათ. მათი აზრი გასაგებია და მივიღეთ დადებითად, რაც შეგვეძლება დავეხმარებით, რომ მათი იდეა განხორციელდეს,“ _ მელაშვილის ქუჩის მცხოვრები თინათინ მიქელაძე ახალგაზრდა შემოქმედების იდეას აფასებს.
ვასილ მაჭარაძე ირაკლი შონიასთან ერთად მელაშვილის 25-ში ხმოვან ინსტალაციას წარმოადგენს. ნამუშევარში სადარბაზოებში არსებული ელექტრომრიცხველები იქნება გამოყენებული.

„აქამდე იყო მრიცხველი, რომელიც მარტო ციფრებს გადმოსცემდა. მრიცხველი ხომ არის დოკუმენტური ასახვა იმისა, თუ რაოდენ აქტიურია ესა თუ ის ოჯახი. რაც უფრო მეტ დენს ხარჯავს, რაც უფრო მეტ რამეს აკეთებს, მრიცხველიც მით უფრო სწრაფად მოძრაობს. მოძრაობასთან ერთად არის ეს ნათურა, რომელიც უფრო ჩქარა ციმციმებს კიდევ. მომინდა ამის ხმაში გადატანა. ეს ხმა ასახავს მთლიანი ეზოს აქტიურობას და მასში ყოველი ოჯახი არის გაერთიანებული,“ – ამბობს ვასილ მაჭარაძე. 

ლაშა ფალავანდიშვილს „ეზოს ისტორიებისთვის“ რამდენიმე პროექტი აქვს. მათ შორის ერთ-ერთია – „სარეცხი“. ლაშა ეზოს მცხოვრებლების საკუთარ სარეცხთან ერთად გადაღებას აპირებს. სერია შემდეგ ეზოში გამოიფინება. სარეცხისისუფთავისა და განახლების სიმბოლოა, რომელსაც ამავე დროს საჯარო სივრცეში განთავსებულ თოკზე ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება და მისი უცხო თვალისთვის დაფარული თავისებურება გამოაქვს,რაც ყოველდღიურად გამოყენებად, სხეულთან ყველაზე ახლოს მყოფ ქსოვილებშია კოდირებული. ფოტოსერია, ერთი მხრივ, ეზოს მცხოვრებლებს ხელოვნების ნაწარმოების მთავარ გმირებად აქცევს, მეორე მხრივ კი, ხაზს უსვამს საერთო ეზოსთვის დამახასიათებელ ემოციურ კონტაქტს მცხოვრებლებს შორის – ისინი, თითქმის ყოველდღე, გაფენილი სარეცხის სახით მეზობლის ცხოვრების, ერთი შეხედვით, ინტერესსმოკლებულ, მაგრამ მრავლისმთქმელ „ისტორიას“ უყურებენ. 

პროექტის დოკუმენტაცია (ფოტო-ვიდეო) და შექმნილი ნამუშევრები, როგორც დამოუკიდებელი საგამოფენო პროექტი „ეზოს ისტორიები“, ოქტომბერში თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 5“-ზე იქნება წარმოდგენილი. პროექტი ასევე შევა „არტისტერიუმის“ კატალოგში.

„ბათუმელები“ „ეზოს ისტორიებს“ ონლაინრეჟიმში გააშუქებს. 23-25 აგვისტოს ფოტო და ვიდეორეპორტაჟი batumelebi.ge-ზე შეგიძლიათ იხილოთ. 

 

ბათუმი და თბილისი – ყველაზე ძვირი ქალაქები საქართველოში

 

„ბათუმელებმა“ სუპერმარკეტებისა და ბაზრის ფასები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში გამოიკვლია. თითოეულ ქალაქში შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ ორი მარკეტი (იმის გათვალისწინებით, რომ სუპერმარკეტებში არ არის იდენტური ფასები), რომელიც არ წარმოადგენს ცნობილ ბრენდს. აღმოჩნდა, რომ სუპერმარკეტებში სურსათი ყველაზე ძვირი ბათუმშია, მაშინ როცა ბაზარში ბათუმშიც დაახლოებით იგივე ფასებია, რაც საქართველოს სხვა ქალაქებში. 
თითო კილოგრამი ათი დასახელების ფართო მოხმარების პროდუქტის: ძროხის ხორცის, იმერული ყველის, პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის, კარტოფილის, საზამთროს, ნესვის, ატმისა და ხმელი ლობიოს შეძენა ბათუმის სუპერმარკეტებში დაახლოებით 36 ლარი დაგიჯდებათ, მაშინ როცა, ზუგდიდში, ქუთაისში ან თელავში 30 ლარიც გეყოფათ. ხოლო, თუ თბილისის მაღაზიას მიაკითხავთ, საფულეში 32 ლარი მაინც უნდა გედოთ. ყველაზე დიდი სხვაობა ბაზრისა და სუპერმარკეტის ფასს შორის ბათუმშია და 10 ლარს შეადგენს. დანარჩენ ოთხ ქალაქში კი დაახლოებით 3 ლარი დაგეზოგებათ, თუ მარკეტის მაგივრად ბაზარში გადაწყვეტთ სურსათის შეძენას.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასახელებულ პროდუქტზე ფასები სეზონის მიხედვით იცვლება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, Gეორგიან Bუსინესს Iნსიგჰტ-ის ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე ბათუმის მარკეტებში არსებულ სიძვირეს ტურისტული სეზონით ხსნის.

„ტურისტული სეზონის დროს პროდუქტი ყოველთვის ძვირია. ზოგადად, აჭარაში ფასები უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, იმიტომ, რომ ხალხის დიდი ნაკადი განაპირობებს მაღალ მოთხოვნას და, შესაბამისად, მაღალ ფასებს. თან წელს უამინდობაა და გარკვეულწილად ესეც განაპირობებს ხილსა და ბოსტნეულზე შედარებით მაღალ ფასს“ – აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

 

 

ბათუმის შემდეგ მარკეტებში ფასები ყველაზე მაღალი თბილისშია, რაც ლექვინაძის აზრით, ნორმალურია, რადგან ამ ორ ქალაქში უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე დანარჩენ სამში. მისი თქმით, თბილისი და ბათუმი შემოსავლის დონითაც ლიდერები არიან საქართველოში.
„მაგალითად, ერთ ადამიანზე საშუალო შემოსავალი თბილისში ყველაზე მაღალია საქართველოში. თბილისის მერე მოდის აჭარის რეგიონი და კონკრეტულად ბათუმი, რადგან სიდიდით მეორე ქალაქია, ეკონომიკით, თავისი აქტივობით და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი, რაც განაპირობებს მაღალ მოთხოვნას და მაღალი მოთხოვნა განაპირობებს მაღალ ფასს,“ – ამბობს ლექვინაძე. 

 

ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მაღალი ფასები სურსათზე ბათუმში არახელსაყრელია ადგილობრივი დაბალშემოსავლიანი მცხოვრებლებისთვის და ასევე ტურისტებისთვისაც: „მათ უფრო ძვირი უჯდებათ დასვენება.“

 

მისი თქმით სურსათზე ფასს საქართველოში რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის გარე ფაქტორებიც: „ანუ ჩვენ დამოკიდებულები ვართ, რა იქნება უცხოეთის ბაზრებზე. მაგალითად, ნავთობის ფასები მოქმედებს სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაზე. გარე ფაქტორების გარდა, სურსათის ფასზე მოქმედებს სხვა მოვლენები, მაგალითად, რამდენად მაღალი იქნება ინფლაცია და ა.შ.“

 

 
ირაკლი ლექვინაძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა სურსათი კიდევ უფრო გაძვირდეს: „არჩევნებამდე მიმოქცევაში ბევრი ფული შედის, რომელიც საქონლით არ არის უზრუნველყოფილი და ეს ფასებზე ყოველთვის აისახება“, – აცხადებს ლექვინაძე.

ბათუმში პირველი გაზგასამართი სადგური ვისოლმა გახსნა

რეკლამა

როგორც ვისოლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციამ მოთხოვნა ალტერნატიულ, ეკონომიკურ საწვავზე მნიშვნელოვნად გაზარდა. ხორავას თქმით,  „ვისოლი ჯგუფმა“, როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა მნიშვნელოვნად გააფართოვოს გაზგასამართი სადგურების ქსელი.  

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ ლამაზ ქალაქში ვამატებთ კიდევ ერთ ლამაზ ობიექტს, განსხვავებული სერვისითა და ალტერნატიული, ეკონომიური საწვავი პროდუქტით, რადგან შეკუმშული ბუნებრივი გაზი, რომელიც ვისოლის ქსელში იყიდება, არის ორჯერ უფრო ეკონომიური პროდუქტი, რომელიც უფრთხილდება არა მხოლოდ გარემოს, არამედ ჩვენი მომხმარებლის ჯიბეს” – განაცხადა ვასილ ხორავამ.

 ახალი გაზგასამართი სადგურის გახსნას ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძეც დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა ვისოლის წარმომადგენლებს და ყურადღება 15-მდე ადამიანის დასაქმებაზე გაამახვილა.

 „მინდა გითხრათ, რომ აქამდე ბათუმში არ იყო ეს სერვისი. ერთადერთი საშუალება ავტომფლობელებისათვის, რომლებიც გაზით სარგებლობდნენ, იყო ქობულეთი და ახლა უკვე ბათუმში პირველად გაიხსნა გაზგასამართი სადგური. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ უპირველესყოვლისა აქ არის გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაფერს ითვალისწინებს“, – განაცხადა ბათუმის მერმა.

 ჩხაიძის თქმით, ასეთი ობიექტის გახსნა ბათუმის მსგავს ტურისტულ ქალაქში მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ შეკუმშული ბუნებრივი გაზი ეკოლოგიურად გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე ბენზინი და სხვა საწვავი.

 როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი სადგურის ოპერატორებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.

 „ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლის“ გაზგასამართი სადგურები უკვე წარმატებით ფუნქციონირებენ თბილისში, გორში, თელავში, ხაშურში, ზესტაფონსა და საჩხერეში.

 „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ავტომობილების გამართვა როგორც ბენზინითა და დიზელით, ასევე შეკუმშული ბუნებრივი გაზით.

 კომპანია „ვისოლი’’ მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს 2007 წლის სექტემბრიდან სთავაზობს. 

„ფლეშ შოუ“ წინასაარჩევნოდ

მოცეკვავეთა ჯგუფი მოსახლეობის ყურადღებას მიიქცევს, შოუს მსვლელობის პროცესში კი მიზნობრივი ჯგუფი დაარიგებს ფლაერებს, რომლებზეც მარტივი ფრაზებით და ლაკონურად იქნება გადმოცემული ინფორმაცია, წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დღეს მოსახლების უფლება-მოვალეობების შესახებ, რამაც არჩევნების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ფლეშ შოუ“ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით დაგეგმილ ღონისძებებში ერთერთი მთავარი აქტივობა იქნება. პასიური ამომრჩევლის ყურადღების მისაქცევად ამ სანახაობითი ღონიძიების გამოყენება მათი პროექტის შემადგენელი ნაწილია.

„საინფორმაციო ფლაერების დარიგება პროეტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არ გვინდა მოხდეს ისე როგორც ხდება, ანუ მათი უმეტესობა წაკითხვამდე სანაგვეში მოხვდეს, ამიტომ დავაწესეთ პრიზები იმ ადამიანებითვის, რომლებიც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებენ. შეკითხვები კი ფლაერებში მოცემულ ინფომარმაციას შეეხება. ასე შევეცდებით საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არჩევნები არ აინტერესებს და ფიქრობს რომ არჩევნებზე მისი მისვლა ვერაფერს ცვლის“ – ამბობს პროეტის დირექტორი გოჩა დევაძე. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ბასტურების“ ჩატარებაც, რაც აჭარის რაიონებში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ თემებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, ტრენინგების ჩატარებასა და რამდენიმე უბანზე იმიტირებული არჩევნების დღის მოწყობას გულისხმობს.

პროექტის ავტორების განმარტებით „საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებულმა არჩევნებმა (მათ შორის 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) ნათლად დაგვანახა,  რომ ღემდე ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობის დაბალი დონე,  რაც საარჩევნო გარემოს მიმართ ზედაპირული დამოკიდებულებითა და ზოგადად დაბალი სარჩევნო კულტურითაა განპირობებული. ამის ნათელი მაგალითი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა  დაბალი პროცენტული მაჩვენებელია (2008 წელს – 53% და 2010 წელს – 49%)“

პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაჟა მეგრელიძეა.

პროექტის განხორციელება 1 აგვისტოდან დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე,  არჩევნების დღემდე გაგრძელდება. პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 25 000-მდე  ლარითაა დაფინანსებული.  

Pussy Riot–ის სოლიდარობის აქცია ბათუმში

Pussy Riot–ის სოლიდარობის აქცია ბათუმის ბულვარში გაიმართება  – ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება, სადაც ღონისძიების გვერდია შექმნილი. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ზღვის ნაპირას საჰაერო ფანრებს გაუშვებენ და ფლაერებს დაარიგებენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკ-ჯგუფის წევრ გოგონებს უსამართლოდ მიუსაჯეს ორწლიანი პატიმრობა. 

 

Pussy Riot -ის წევრმა გოგონებმა  მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლინეს „პანკ-ლოცვა“ – „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“. ჯგუფის სამი წევრი დააკავეს და სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონები შეწყალების თხოვნას არ აპირებენ, თუმცა მათი ადვოკატები საქმეს გაასაჩივრებენ. 

 

Pussy Riot -ის მხარდამჭერთა აქცია რამდენიმე ქალაქში გამართა. რამდენიმე დღის წინ მსგავსი აქცია გაიმართა თბილისშიც.  

 

აქცია ბათუმში ბულვარში, ნ.დუმბაძის​ ქუჩის გასწვრივ, სანაპირო ზოლზე გაიმართება.

 

 


არჩევნები სალათისფერი და ყვითელი ბიულეტენებით

„ვინაიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნები ერთად ტარდება, პარტიებს, რომლებიც მონაწილეობენ საპარლამენტო არჩევნებში, უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროსაც მიენიჭებათ იგივე ნომერი, რომლითაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. რომელი პარტიაც არ ეთანხმება უსკოს ან ცესკოს მიერ მინიჭებულ საარჩევნო ნომერს, შეუძლიათ განცხადება დაწერონ და 37-ე დღემდე უნდა მოგვმართონ და მათთვის ჩატარდება წილისყრა.“ – განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ცესკომ საარჩევნო ნომრად 41 მიანიჭა. ცესკოს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ გააპროტესტა და სასამართლოს მიმართა. რადგან კოალიცია უკვე რამდენიმე თვეა თავის საარჩევნო კამპანიას 7 ნომრით აწარმოებს და როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებენ, ამის უფლებას მათ მოქმედი საარჩევნო კანონი აძლევთ.

უსკოს თავმჯდომარის, არჩილ მიქელაძის განცხადებით, კოალიცია ვადებში შეზღუდული არ იქნება: „არა მგონია კოალიციას რაიმე ტექნიკური პრობლემა შეექმნას საარჩევნო ნომრის გასაჩივრებასთან დაკავშირებით“.

უსკომ პარტიების რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის გარდა, საარჩევნო ბიულეტენის ფორმის დამტკიცების და საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში ცვლილებების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. არჩილ მიქელაძის განცხადებით, უსკოს არჩევნებზე საარჩევნო ბიულეტენი ბაცი სალათისფერი და ბაცი ყვითელი იქნება. ჟურნალისტებზე გაცემული აკრედიტაციის ბარათები კი მწვანე ფერის.

ერთადერთი საკითხი რამაც კოალიციის წარმომადგენლებსა და უსკოს წევრებს შორის ნაცმოძრაობის მხრიდან კამათი გამოიწვია, სკამები იყო.
„რატომ ზიხარ მაგ სკამზე, ეგ კომისიის წევრების ადგილია!“- განუცხადა უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა მალხაზ კალანდაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, კახა სოფრომაძეს.

სოფრომაძე მაგიდის ბოლოს, უსკოს თავმჯდომარის პირისპირ იჯდა, რამაც მალხაზ კალანდაძის გაღიზიანება გამოიწვია. მისი თქმით, ეს რეგლამენტით დაშვებული არ არის. „და კიდევ, ყველაზე ბევრს ლაპარაკობთ“-დაამატა კალანდაძემ.

უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეს უმნიშვნელო საკითხია“.

კახა სოფრომაძემ კი განაცხადა: „ცოტა ხანში საერთოდ აღარ გექნებათ ეგ სკამები“.

სად ინახავს ვარშალომიძე ჩაზნექილ სკამებს?

 

 

როგორ აღმოჩნდა ლევან ვარშალომიძის საწყობში სახელმწიფო ქონება და როგორ აპირებს მის ჯართად გაყიდვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ან თუნდაც გაჩუქებას წინასაარჩევნოდ, ამის გადამოწმებას დღეს ლევან ვარშალომიძესთან შევეცადეთ, რომელიც  ქალაქის მერთან, რობერტ ჩხაიძესთან ერთად მემედ აბაშიძის ქუჩაზე სეირნობდა. „ბათუმელებმა“ ლევან ვარშალომიძეს „ჩაზნექილი სკამების“ საწყობის გადაღება სთხოვა: „გაჩვენებთ“ – დაგპირდა ლევან ვარშალომიძე.   

 „მე მშვიდი, ჩაზნექილი სკამები მომენატრა შენს ბულვარში ჩემო ბათუმო“- ეს სიტყვები ბათუმელმა მხატვარმა, კაკო ძნელაძემ ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამართულ აქციაზე წარმოთქვა. მისი განცხადებით, ამ სიტყვებში მან ბათუმის ბულვარის და ზოგადად ქალაქის იერსახის ცვლილება იგულისხმა.

ლევან ვარშალომიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და რობერტ ჩხაიძე, ბათუმის მერი

Exit mobile version