მთავარი,სიახლეები

მიტოვებული კაფე „რვაფეხა”

29.08.2012
მიტოვებული კაფე „რვაფეხა”

ორი თვის წინ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფუტკარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებდა, რომ კაფე უნდა მოეწყოთ და სამართავად სტუდენტებისთვის გადაეცათ. „აქ დასაქმდებიან სტუდენტები მიმტანებად, ბარმენებად. გარდა იმისა, რომ იმუშავებენ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დალიონ ყავა, კოკა-კოლა და მიირთვან ბურგერები საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად“.

ნოდარ ფუტკარაძის თქმით, კაფე უნდა გამხდარიყო ადგილი, სადაც მხატვრები, მუსიკოსები და სხვა შემოქმედებითი ჯგუფები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებდნენ.

ზაფხული სულ რამდენიმე დღეში მიილევა, თუმცა კაფეში არაფერი შეცვლილა.

რატომ გადაიფიქრა ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის საჩუქრის გაკეთება, ამის გადამოწმება ნოდარ ფუტკარაძესთან ვცადეთ: „ვეღარ მოვახერხეთ, გვერდით რეაბილიტაცია მიდის და ჯობია გავაკეთოთ მომავალში და იყოს უკეთესი ხარისხის, ვიდრე ნაჩქარევი და არა ისეთი, როგორც ჩვენ გვსურს“.

როგორც ნოდარ ფუტკარაძე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიაში – „რვაფეხა – დროებითი საჩუქარი სტუდენტებს“, აცხადებდა, ახალგაზრდულ დეპარტამენტს სტუდენტური პროექტებისთვის 25 000 ლარი ჰქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული, საიდანაც მინიმუმ 15 000 ლარი სწორედ ამ კაფეს რეაბილიტაციაზე უნდა დახარჯულიყო. კითხვაზე – რაზე დაიხარჯება თანხა, რომელიც ამ პროექტისთვის იყო გათვლილი? – ნოდარ ფუტკარაძე პასუხობს: „თანხა არ გვქონდა ამისთვის გათვლილი, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს თანხები გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და წელს აღარ ვაპირებთ კაფეზე დახარჯვას“.

ახალგაზრდული დეპარტამენტის ორი თვისწინანდელი ინიციატივა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტების განცხადებით, წინასაარჩევნო მოსყიდვის ეჭვს ბადებდა, რადგან სტუდენტებისთვის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად მომსახურების შეთავაზება საარჩევნო წელს, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოსყიდვის კატეგორიაში გადის. თუმცა, ნოდარ ფუტკარაძე ამ მოტივს გამორიცხავს: „კაფეს გაკეთება იურისტების შეფასების გამო არ გადაგვიფიქრებია. ასეთი განცხადებების ნამდვილად არ გვეშინია, რადგან ვაკეთებთ სამართლებრივად. კანონი არ კრძალავს, ახალგაზრდული ორგანიზებული კაფე გვქონდეს“.

თუმცა, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, „რვაფეხა“ მათ ბალანსზეა, რადგან განათლებისა და კულტურის სამინისტროს კომერციული საქმიანობის უფლება კანონით აქვს აკრძალული.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: