„ვთქვათ მაქვს საათების გარკვეული რაოდენობა კონკრეტულ საგანში და მყავს ამ საგნის სამი სერტიფიცირებული და ორი არასერტიფიცირებული მასწავლებელი. ამ შემთხვევაში ვალდებული ვარ, პირველ რიგში სრული განაკვეთით დავაკმაყოფილო სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელსაც უნდა მივცე 18 საათი, რომ მან მიიღოს სერტიფიკატის დანამატი. ამიტომ, როცა საათებს სამ სერტიფიცირებულ მასწავლებელს გადავუნაწილებ, აღმოჩნდება, რომ საათები აღარ არის, რის შედეგადაც არასერტიფიცირებული მასწავლებელი საათების გარეშე, ანუ უმუშევარი დარჩება.“ – ასე განუმარტა XI სკოლის დირექტორმა თამთა კვარაცხელიამ „ბათუმელებს“ მოსალოდნელი პრობლემები, რაც შესაძლოა მომავალში არასერტიფიცირებულ პედაგოგებს შეექმნათ.
მოქმედი კანონმდებლობით სერტიფიცირების პროცესი ნებაყოფლობითია და მასწავლებლებს, რომლებმაც სერტიფიკატის მისაღებად საჭირო ბარიერი ვერ გადალახეს ან სასერტიფიკატო პროცესში საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა, სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება – ამ ინფორმაციას „ბათუმელებთან„ განათლების სამინისტროს სრესსამსახურის ხელმძღვანელიც ადასტურებს.
არასერტიფიცირებულ მასწავლებელთა შეზღუდვას არც კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ითვალისწინებს. თუმცა არსებობს 2008 წელს დამტკიცებული სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს, რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი, რომელსაც განათლების სამინისტრო საჯარო სკოლაში დაასაქმებს. განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებით მასწავლებელმა, რომელმაც წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი, სახელმწიფოს დაუმტკიცა, რომ ის კვალიფიციურია და პროფესიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, „შესაბამისად სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ მან დაასაქმოს სერტიფიცირებული მასწავლებელი ლოგიკურია, რადგან ნათელ ინდიკატორს ემყარება. მაგრამ როდესაც სკოლაში არის ორი მასწავლებელი და ორიდან ერთის უფრო მეტად დატვირთვა უნდა დირექტორს, აქ სირთულეებთან გვაქვს საქმე, რადგან ამ შემთხვევაში დირექტორი სრულ განაკვეთს მისცემს იმ მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს სასერტიფიკატო გამოცდები“- ამბობს თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი.
რას სთავაზობს განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ დაუსაქმებელ პედაგოგებს, რომლებმაც სერტიფიცირება წარმატებით გაიარეს და შესაძლებელია თუ არა მათ ჩაანაცვლონ სკოლაში მომუშავე არასერტიფიცირებული პედაგოგები? – ამ კითხვაზე აჭარის განათლების სამინისტროში პასუხობენ, რომ პედაგოგის მიღება-არმიღების საკითხს სკოლის დირექტორები თავად წყვეტენ. თამთა კვარაცხელიას თქმით კი ეს იქნებოდა ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ პედაგოგს გაანაწყენებდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ 2015 წელს ასეც მოხდეს: „მე მაგალითად, მაქვს ორი არაჩვეულებრივი ჩV და ვერ ვიღებ ახალ პედაგოგს სამსახურში იმიტომ, რომ ვუფრთხილდები ჩემს კადრს და მინდა 2015 წლამდე მივიყვანო. მაგრამ თუ ის 2015 წლამდე არ ჩააბარებს გამოცდებს, მივიღებ ახალს. ახალგაზრდა 25 წლის გოგო, რომელმაც დაამთავრა ერთი უნივერსიტეტი, ამთავრებს მეორე ინსტიტუტს, არის დაწყებითის სპეციალისტი, გაიარა სერტიფიცირება, ჩააბარა ინგლისური და კომპიუტერი და უნდა სამუშაო -1000-ლარიანი პედაგოგია, ამ დროს მე მის გვერდით მყავს ჩემი კოლეგა, გამოცდილი პედაგოგი, რომელსაც ადამიანურად პატივს ვცემ და ვერ ვუშვებ სამსახურიდან. თუმცა რეალისტურად რომ შეხედო, ეს ახალგაზრდა გაცილებით მეტ საქმეს გააკეთებს, ვიდრე ის.“
განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას: „იმ შემთხვევაში, თუ გასულ წლებში სასერტიფიკატო გამოცდებზე დაფიქსირებული დაბალი პროცენტული მაჩვენებლები მიმდინარე წელს მკვეთრად მოიმატებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სახელმწიფომ სერტიფიკატები დაარიგა წინასაარჩევნოდ„. თამარ მოსიაშვილი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოსალოდნელი არჩევნების ფაქტორიდან გამომდინარე დირექტორებს ურჩიონ, რომ ჯერჯერობით თავი შეიკავონ „არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან“.
სერტიფიცირებული მასწავლებლის სახელფასო დანამატი თვეში 75 ლარია, დამატებით ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ის 200 ლარს მიიღებს. საუკეთესო შედეგების მქონე 25 პროცენტში მოხვედრილებს კი ხელფასი 1000 ლარამდე ეზრდებათ.
აჭარაში სულ 6 427 პედაგოგია დასაქმებული, მათ შორის სერტიფიცირების გავლა ამ დრომდე მხოლოდ 353-მა მოახერხა, რომელთა შორისაც 8 საუკეთესო შედეგის მქონე 25 პროცენტში მოხვდა, ანუ მათი ხელფასი 1000 ლარს აღწევს. 2012 წლის სასერტიფიკატო გამოცდებზე კი აჭარიდან 4488 პედაგოგი დარეგისტრირდა, ისინი გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას ჯერ კიდევ ელოდებიან.