მთიანი აჭარა

ფანჯარა ეზოს მხარეს

23.08.2012 • 2927
ფანჯარა ეზოს მხარეს

გიორგი პროექტ „ეზოს ისტორიების“ ერთ-ერთი მონაწილეა. ძველ ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, სამი დღით, 23-დან 25 აგვისტომდე, ეზოს ისტორიები გაცოცხლდება. „ეზოს ისტორიები“ კუტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ბათუმელი და თბილისელი მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცე, ამ შემთხვევაში მელაშვილის ქუჩაა და ამ ქუჩის რამდენიმე ეზო. ისტორიებში ადგილობრივი მცხოვრებლებიც იქნებიან ჩართულნი. გიორგი იმ ადგილისკენ მიმიძღვის, სადაც მისი ნამუშევარი განთავსდება.

„აქ კედელზე წერია „აი ლავ იუ“, რაც პირდაპირ კავშირშია ქორწილთან, აი აქ არის სარდაფი, კარზე არის ნახვრეტი. შიგნით დაიდგმება ტელევიზორი, და ამ ტელევიზორში იქნება აი ეს ქორწილი. მე და არტ ჯგუფი „ბულიონი“ ვატარებთ ერთად, გვინდა შევქმნათ ისეთი თამაში, თითქოს ვიჭყიტებით ვიღაცის ცხოვრებაში, ვიღაცის სახლში ვიჭყიტებით, ესაა რა,“ – ამბობს გიორგი.

„პროექტის მიზანია ეზოების მცხოვრებლებთან მხატვრების შემოქმედებითი თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობისა და პერსონალური ისტორიების გაცოცხლება, რომელიც თავის მხრივ ასახავს ბათუმის ურბანულ და სოციალურ დინამიკას,“ – ვკითხულობთ სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე. 

„ეზოს ისტორიების“ პროექტის იდეის ავტორი ბათუმელი ლევან ხუჯაძეა.

„მუშაობის პროცესიც კი საინტერესოა. აქ არტისტი მუშაობს არა თავის სახელოსნოში, არამედ სივრცეში. აქვს კონტაქტი ადამიანებთან. მიზანი, დაფარული ისტორიები, პრივატული, რაღაცნაირად გადმოსცეს და აჩვენოს საზოგადოებას,“ – ამბობს ლევანი პროექტის იდეაზე საუბრისას. 
უფრო მეტ დეტალს „ეზოს ისტორიებიდან“ პროექტის კურატორი მაგდა გურული გვიმხელს.

„ამ შემთხვევაში მხატვრის პალიტრა არ არის ფერი, ფუნჯი, ის საგნები და ნივთები, რომებსაც იყენებს ფიზიკურად, არამედ, თვითონ ცხოვრება, ადამიანების ცხოვრება, პრობლემატიკა, ინტერესები და კულტურა და ა.შ. აქ საგნები იმდენად არ იქმნება, რამდენადაც რაღაც ხდება, სადაც ჩართულნი არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ნამუშევრის შექმნაში. ასეთი ნამუშევრები არ არის გათვალისწინებული რომ საუკუნეებს დარჩეს და თუნდაც იარსებოს პროექტიდან ერთი წლის მანძილზე. ამითი ეს საჯარო ხელოვნება უპირისპირდება კომერციულ ხელოვნებას. ადამიანების ჩართვა ასეთ პროექტში უფრო შეიძლება, ვიდრე პასიურ შედევრში. მეზობლები, ჩვენდა გასახარად, ძალიან გახსნილები აღმოჩნდნენ, მზად არიან თითქმის ყველაფერშიმიიღონ მონაწილეობა, მოგვცენ, დაგვეხმარონ, და თვითონაც აინტერესებთ ალბათ რა გამოვა. იმიტომ, რომ ასეთი საჯარო სივრცის პროექტი თუ არ გაგიკეთებია და თუ არ გინახავს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია რა შეიძლება იყოს, არის თუ არა ეს ხელოვნება. ეს უფრო საჯარო არტია,“ -ამბობს მაგდა გურული. 

მისი თქმით პროექტი ბათუმელ და თბილისელ მხატვრებს დაახლოების და ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. „ეზოს ისტორიები“ ეზოს მცხოვრებელთა პირად ამბებსა და ისტორიებს, ყოველდღიურ ცხოვრებას ხელოვნების ენაზე „გადათარგმნის“. პროექტში ექვსი ბათუმელი და ექვსი თბილისელი მხატვარი მონაწილეობს.

მხატვრების ინიციატივას ადგილობრივი მცხოვრებლები ინტერესით შეხვდნენ.

„ძალიან მოგვეწონა, რაღაცის გადაღება, გამოფენა უნდათ. მათი აზრი გასაგებია და მივიღეთ დადებითად, რაც შეგვეძლება დავეხმარებით, რომ მათი იდეა განხორციელდეს,“ _ მელაშვილის ქუჩის მცხოვრები თინათინ მიქელაძე ახალგაზრდა შემოქმედების იდეას აფასებს.
ვასილ მაჭარაძე ირაკლი შონიასთან ერთად მელაშვილის 25-ში ხმოვან ინსტალაციას წარმოადგენს. ნამუშევარში სადარბაზოებში არსებული ელექტრომრიცხველები იქნება გამოყენებული.

„აქამდე იყო მრიცხველი, რომელიც მარტო ციფრებს გადმოსცემდა. მრიცხველი ხომ არის დოკუმენტური ასახვა იმისა, თუ რაოდენ აქტიურია ესა თუ ის ოჯახი. რაც უფრო მეტ დენს ხარჯავს, რაც უფრო მეტ რამეს აკეთებს, მრიცხველიც მით უფრო სწრაფად მოძრაობს. მოძრაობასთან ერთად არის ეს ნათურა, რომელიც უფრო ჩქარა ციმციმებს კიდევ. მომინდა ამის ხმაში გადატანა. ეს ხმა ასახავს მთლიანი ეზოს აქტიურობას და მასში ყოველი ოჯახი არის გაერთიანებული,“ – ამბობს ვასილ მაჭარაძე. 

ლაშა ფალავანდიშვილს „ეზოს ისტორიებისთვის“ რამდენიმე პროექტი აქვს. მათ შორის ერთ-ერთია – „სარეცხი“. ლაშა ეზოს მცხოვრებლების საკუთარ სარეცხთან ერთად გადაღებას აპირებს. სერია შემდეგ ეზოში გამოიფინება. სარეცხისისუფთავისა და განახლების სიმბოლოა, რომელსაც ამავე დროს საჯარო სივრცეში განთავსებულ თოკზე ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება და მისი უცხო თვალისთვის დაფარული თავისებურება გამოაქვს,რაც ყოველდღიურად გამოყენებად, სხეულთან ყველაზე ახლოს მყოფ ქსოვილებშია კოდირებული. ფოტოსერია, ერთი მხრივ, ეზოს მცხოვრებლებს ხელოვნების ნაწარმოების მთავარ გმირებად აქცევს, მეორე მხრივ კი, ხაზს უსვამს საერთო ეზოსთვის დამახასიათებელ ემოციურ კონტაქტს მცხოვრებლებს შორის – ისინი, თითქმის ყოველდღე, გაფენილი სარეცხის სახით მეზობლის ცხოვრების, ერთი შეხედვით, ინტერესსმოკლებულ, მაგრამ მრავლისმთქმელ „ისტორიას“ უყურებენ. 

პროექტის დოკუმენტაცია (ფოტო-ვიდეო) და შექმნილი ნამუშევრები, როგორც დამოუკიდებელი საგამოფენო პროექტი „ეზოს ისტორიები“, ოქტომბერში თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 5“-ზე იქნება წარმოდგენილი. პროექტი ასევე შევა „არტისტერიუმის“ კატალოგში.

„ბათუმელები“ „ეზოს ისტორიებს“ ონლაინრეჟიმში გააშუქებს. 23-25 აგვისტოს ფოტო და ვიდეორეპორტაჟი batumelebi.ge-ზე შეგიძლიათ იხილოთ. 

 

გადაბეჭდვის წესი