მთიანი აჭარა

პრეზიდენტი ქართველი კლასიკოსების გვერდით

27.08.2012 • 2215
პრეზიდენტი ქართველი კლასიკოსების გვერდით

მიხეილ სააკაშვილის ფოტო ქართველი კლასიკოსების ფოტოების გვერდით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლაში ამ დრომდე ეკიდა. კლასიკოსების გარდა სააკაშვილს სხვა სახელმწიფო სიმბოლოები –  გერბი, დროშა და ჰიმნიც უმშვენებს გვერდს. ფოტო თავდაპირველად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოჩნდა და საზოგადოების დისკუსიაც გამოიწვია. ამავე ვებგვერდზეა განთავსებული მეორე ფოტოც, რომელიც ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაშია განთავსებული, სადაც მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლაკატზეა გამოსახული. სურათზე აღბეჭდილია მმართველი პარტიის საარჩევნო ნიშანი „5“. საარჩევნო პერიოდში, კანონმდებლობით აკრძალულია საჯარო დაწესებულებებში რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის რეკლამირება.

 

რატომ მოათავსეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო რუსთაველისა და გალაკტიონის გვერდით? ეს კითხვა ყოროლისთავის სკოლის დირექტორს, სოსო ბაკურიძეს დავუსვით. სკოლის დირექტორმა სააკაშვილის ფოტოს კლასიკოსების გვერდით გამოფენა უარყო და განაცხადა: „ეგ ფოტო ვინც გადაიღო, ჩემი შანტაჟი უნდოდა ალბათ. მე სააკაშვილის ფოტო გერბისა და ჰიმნის გვერდით ცალკე კედელზე მქონდა გაკრული, მწერლების კი – ცალკე, მაგრამ იმან, ვინც ეგ გამოაქვეყნა, ფოტოები დაამონტაჟა. ვინც ეგ გადაიღო, ოპოზიციაა და არ მინდა ახლა მკაცრი განცხადებები ვაკეთო“.

 

 

როგორც სოსო ბაკურიძე ამბობს, სააკაშვილის ფოტო კედლიდან უკვე ჩამოხსნა, ოღონდ დროებით: „იმიტომ ჩამოვხსენი, რომ ხვალიდან საარჩევნო უბანი იხსნება. ჩემს კაბინეტში კი მაქვს. ამ კაცმა, რომელმაც იმდენი კარგი გააკეთა, ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო შენობაში უნდა იყოს მისი ფოტო“.

 

 

მიუხედავად ამისა, დირექტორი ამბობს, რომ თუკი განათლების სამინისტრო დაავალდებულებს, ფოტოს ჩამოხსნის. „საარჩევნოდ მითხრეს და ჩამოვხსენი. და საერთოდ, რა არის იმაში ცუდი, თუ სახელმწიფო სიმბოლოების გვერდით პრეზიდენტის ფოტო იქნება.“ და დასძენს: „საერთოდ გაფრთხილებული ვარ, რომ ბევრი არ ვილაპარაკო, ყველა ადამიანი პოლიტიკოსი ხომ ვერ იქნება“. კითხვა, თუ ვინ იძლევა ამ გაფრთხილებებს, დირექტორმა უპასუხოდ დატოვა. 

 

 

ალექსი ბოლქვაძე წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორია. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საიტზე განთავსებული პრეზიდენტის ფოტოები სკოლის დერეფანში გამოკრული არ იყო: „ეგ ფოტო ყარაულის გასახდელშია გადაღებული. უკითხავად გადაიღეს, მითხრეს კანონდარღვევააო და ჩამოვგლიჯე კიდეც“. 

 

ბატონი ალექსი, ისევე როგორც მისი კოლეგა, სკოლის კედლებზე გამოფენილ პრეზიდენტის ფოტოებში პრობლემას ვერ ხედავს: „დირექტორის კაბინეტში საქართველოს პრეზიდენტის ფოტო უნდა იყოს. მაგრამ რადგან ახლა არჩევნებია, მე რესურსცენტრს დავურეკე, შევუთანხმდი და დროებით ჩამოვხსენი“. 

 

დირექტორების მსგავსად ფიქრობს აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძეც. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტის სურათი კაბინეტში უკიდია და ამით ამაყობს კიდეც: „ქვეყნის სიმბოლოა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ადრეც მომისმენია ამაზე კითხვები, რატომ არის კაბინეტში, საკონფერენციო დარბაზში, ახლა კიდევ თვალსაჩინოებების გვერდით რატომ ჰკიდიაო, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს“ -ამბობს მინისტრი.

 

 

რაც შეეხება ფოტოებს ნაცმოძრაობის საარჩევნო ნომრით, გია აბულაძე ამბობს: „ამაზე ყველა სკოლა კატეგორიულად გაფრთხილებულია, რომ საარჩევნო პერიოდში არც ერთი საარჩევნო სუბიექტის რეკლამირება არ მოხდეს სკოლის შენობაში“. 

 

ის, რაშიც პრობლემას ვერ ხედავენ განათლების მინისტრი და სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამების კოორდინატორი თამარ მოსიაშვილის აზრით, სწორედაც რომ პრობლემაა. მისი აზრით, სკოლებში რელიგიური და პოლიტიკური ლიდერების ფოტოების არსებობა, განათლების სისტემის შეფასების სერიოზული ინდიკატორია. „ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრ სკოლაში არის პოლიტიკური ლიდერის, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს ის ილიას გვერდით იქნება თუ ილიასა და რუსთაველს შორის, მიგვანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება გაცილებით დიდია ქვეყანაში, ვიდრე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების“. 

 

თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რა დანიშნულება აქვს საგანმანათლებლო სივრცეში პრეზიდენტის ფოტოს: „თუკი ამბობენ, რომ ეს სახელმწიფო სიმბოლიკის ნაწილია, მაშინ იგივე სახელმწიფო სიმბოლოებია პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო. მაშინ ამათი ფოტოებიც უნდა ჰქონდეთ გამოკრული. ვფიქრობ, ეს ფოტოები გარკვეული პროექტის ფარგლებში იბეჭდება და რიგდება სკოლებში, რაშიც იხარჯება ფული“. 

 

კითხვაზე –  არის თუ არა ეს ტენდენცია საბჭოთა ეპოქის გამოძახილი, თამარ მოსიაშვილი ამბობს: „მე თვითონ საბჭოთა კავშირის დროს მაქვს სკოლა დამთავრებული და მახსოვს სკოლებში გამოკრული საბჭოთა ბელადების: ლენინის, სტალინის, მარქსის, ბრეჟნევის და ანდროპოვის სურათები. რაც შეეხება ევროპას, შარშან, დეკემბერში ვიყავი ავსტრიის რამდენიმე საჯარო სკოლაში და არც ერთი პოლიტიკური და არც რელიგიური ლიდერის ფოტო იქ არ მინახავს“. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი