Batumelebi | ქირავდება „ბინა“ ქირავდება „ბინა“ – Batumelebi
RU | GE  

ქირავდება „ბინა“

ძველი ბათუმის ვიწრო ქვაფენილიან ქუჩაზე პატარა ჭიშკარია, რომლის შეღებაც მეპატრონის გარეშე უცხო ადამიანისთვის სახიფათოა. ეზოში ავი, ყავისფერი ნაგაზია. „ნუ გეშინიათ, ახლა ჩავკეტე და მერე გავაცნობ თქვენს თავს, არ იქნება პრობლემა.“ – ამშვიდებს მეპატრონე ბინის ქირაობის მსურველებს.

 

 

ქეთი ჟვანია 

„ქირავდება იზოლირებული სახლი ბათუმის ცენტრში, პიაცასთან“ – თბილისელმა გოგონებმა ეს განცხადება ინტერნეტში ნახეს, დაათვალიერეს სურათებიც და ფიქრობდნენ, რომ 2 კვირიანი დასვენებისთვის მათთვის მისაღები ფასი და პირობებიც  დახვდებოდათ. პირველი შთაბეჭდილება აღფრთოვანება იყო, ასეთ კარგ სახლსაც არ ელოდნენ, ეიფორია წამიერად დასრულდა,  როცა მეპატრონე გასცდა კომფორტულ სახლს და გოგონებს ერთსართულიან შენობაზე მიუთითა -„ აი, ამას ვაქირავებ.“ შენობაში რამდენიმე ოთახი აღმოჩნდა, ძველი რემონტით,  6  ძველი საწოლით, სველი წერტილითა და სამზარეულოში დაცლილი გაზის ბალონით.

 „სურათებში საერთოდ სხვანაირად ჩანდა ეს სახლი.  რადგან 2 გოგო ვიყავით, 20 ლარად მოგცემთ თითოსო მეპატრონემ, ისე 90 ლარად ვაქირავებო მთელს სახლსო. უკანმოუხედავად გამოვედით იმ სახლიდან, სახლსაც ვერ დავარქმევ, ბოსელს უფრო გავდა“, – ამბობს ანი ახვლედიანი, ბინის ქირაობის მსურველი ერთ-ერთი გოგონა.

 ბათუმში ჩამოსული დამსვენებლები ბინის შოვნის რამდენიმე საშუალებას იყენებენ. ესენია: ინტერნეტი, ახლობლების რეკომენდაცია, მაკლერების დახმარება და  კონსულტაციები ბათუმის მაღაზიის გამყიდველებსა და ტაქსის მძღოლებთან. საშუალო დონის ერთოთახიანი იზოლირებული ბინა ბათუმში ორმა ადამიანმა რომ იქირაოს, 100 ლარი უნდა გადაიხადონ დღეში,  ანუ 1400 ლარი 2 კვირაში.  დამსვენებლები ჩივიან, რომ ბათუმში ძალიან მაღალია ბინის ფასები და, თან სერვისი ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

 ანი ახვლედიანის თქმით,  მან და მისმა მეგობარმა ბინების ძებნაში მთელი დღე დაკარგეს: „ერთი სახლი ვნახეთ, უფრო სწორად პატარა ოთახი იყო და სახლად აქირავებდნენ. აბაზანა-ტუალეტთან მისასვლელად აივანი უნდა გაგევლო და თან ძალიან სიბინძურე იყო შიგნით. ესეც 40 ლარად გვაძლევდა, რადგან 2 გოგონა ხართო.

 შემდეგ ზედა სართულზე აგვიყვანა, ოღონდ აქ  უფრო ძვირად იქნებაო. აი, ოდნავ უკეთესი პირობები იყო, იქაც ტუალეტი იქით იყო, თან  რაღაც რკინის მაღალი კიბეებით უნდა ასულიყავი ეზოდან.  ეს 40 ლარში ვერ იქნებაო,  უკეთესი პირობებიაო. არადა, ოდნავ სუფთა იყო იმაზე“. 

 მარი მაჭავარიანმა წელს დაამთავრა სკოლა და 1 წლიანი ინტენსიური  საგამოცდო მეცადინეობის შემდეგ გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად ბათუმში დასვენება. ბინა ნაცნობობით იშოვა, ცენტრიდან ცოტა მოშორებით და ზღვიდან 15 წუთის ფეხით სავალზე.

 „თავიდან ვიყავით სამი გოგო, თითო ვიხდიდით 10 ლარს. შემდეგ დაგვემატა კიდევ ერთი. სულ დგას 3 საწოლი, მაგრამ გვახდევინებენ ოთხისას, რადგან ის ერთი შემოგვიერთდა. ვუთხარით საწოლი დაემატებინა, მაგრამ უარი გვითხრა. ისე, საწოლებში იგულისხმება: ერთი „ლეჟანკა“, ერთი გასაშლელი ტახტი და ერთი ნამდვილი საწოლი. სააბაზანო  არის თეთრი კარკასი. დუში არ ეხსნება და უნდა იტრიალო, რომ წესიერად იბანაო.

 ჰო, კიდევ, მორიელი გვყავდა სახლში, ონკანში იყო. მერე ჩემმა მეგობარმა მოკლა ძლივს. იმ ქალს მერე დავუძახეთ და, უი, მეც მყავდა, არ არის შხამიანი, არ არის ბათუმში შხამიანი მორიელებიო. ეს არის და ეს. მეტი რაღა პრობლემა უნდა გვქონდეს”, – ამბობს მარი მაჭავარიანი.

 როგორც ბინების გამქირავებლები ამბობენ, ბათუმს წელს მეტი ტურისტი ჰყავს შარშანდელთან შედარებით. შოთა ყურშუბაძემ ბინების ფასები გააძვირა, რადგან, როგორც თავად ამბობს, პირობები გააუმჯობესა და ეხლა ოთახნახევრიან ბინას 50 ლარად აქირავებს. ლილი დიასამიძის ბინას კი წელს უფრო იაფად იქირავებთ  ვიდრე შარშან იქირავებდით. დიასამიძე გაიაფებას სასტუმროების რაოდენობის გაზრდით ხსნის.  

 ბინების მეპატრონეების განცხადებით, ისინი წლიდან წლამდე არემონტებენ ხოლმე სახლებს და თვლიან, რომ აქვთ ყველა პირობა, რაც ოჯახს სჭირდება.

სუზანა ცინცაძის, ერთ-ერთი გამქირავებლის თქმით, დამსვენებლები ძალიან წუწუნებენ ბათუმის სიძვირესთან დაკავშირებით. 

 „ჩვენთან, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, აკვაპარკის მიდამოები რაც არის, ძალიან სიბინძურე იყო, შემდეგ უწყლობა იყო  დიდხანს. მე, მაგალითად, წყლის მატორი მაქვს და ამით გადავდიოდი, თორემ გარბოდა დამსვენებელები. ალბათ, თანდათან განვვითარდებით, არა უშავს, მომავლისთვის გვეცოდინება“, – ამბობს სუზანა ცინცაძე. 

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე  იმ საცხოვრებელ პირობებს საუბრობს, რომელიც ბათუმში ჩასულ ტურისტს სჭირდება: „არც თუ ისე მაღალი ხარისხის ევროპული რემონტი, სველი წერტილი, შემდგომ კომუნიკაცია, დასვენების საშუალება და ასე შემდეგ. აი, ეს რომ იყოს მოწესრიგებული. ანუ როგორც ჩვეულებრივი, საშუალო ოჯახი ცხოვრობს, ეს პირობები უნდა ტურისტს. ეს ძალიან ბევრს არა აქვს და უბრალოდ პატიჟებს ხალხს. ისინი თვლიან ევრორემონტს, მაგრამ არ არის“.

 როსტომ ბერიძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ გერმანულ ფონდები ბათუმში ატარებდნენ  გამოკვლევებს სველი წერტილების მოწესრიგების, წყლისა  და გათბობის შესახებ.

 „აღმოჩნდა, რომ სულ მცირედი ინვესტიციებია საჭირო. აქ საუბარია  დაახლოებით  2000-3000 ლარზე (ოჯახზე). შემდგომში შეიძლება ეს სასტუმრო სახლი გახდეს, თუ უფრო მეტ ინვესტიციებს განახორციელებს ოჯახი და ექნება ყველა ის პირობა, რომელიც საჭიროა ტურისტის მასპინძლობისათვის.

 გერმანიის ტექნიკური განვითარების საზოგადოებამ (Gთძ) კერძო მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, წლების წინ გააკეთა გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ  თუ სველი წერტილები და კომუნიკაცია მოწესრიგდებოდა, მაშინ ეს მნიშვნელოვანწილად გაზრდიდა მასპინძლობის ხარისხს. რაღაც ნაწილმა მოახერხა და არის ასეთი ტიპის კერძო სახლები, მაგრამ მკვეთრად გამოხატული არ არის“, – აღნიშნა როსტომ ბერიძემ. 

 მისი თქმით, როგორც უცხოელი ტურისტები, ისე შიდა ტურისტები, მაღალ ფასის მიუხედავად, ხშირად სასტუმროებს არჩევენ კარგი საცხოვრებელი პირობების გამო.

 როგორც როსტომ ბერიძე ამბობს, კერძო სექტორს  სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება ტურიზმის დეპარტამენტის სახით, ასევე, სხვადასხვა ფონდების ჩრთულობა იმ კუთხით, რომ ჩატარდეს კვლევები და ზუსტად შეირჩეს ის პირობები, რაც აუცილებელია ტურისტების მასპინძლობისათვის. მისი თქმით, შესაძლებელია ამ პროცესში იმ უცხოური ორგანიზაციების ჩართვა, რომლებიც მსგავს პროექტებს ადრე ახორცილებდნენ.

 როსტომ ბერიძის თქმით, ფასს საბაზრო ეკონომიკა განსაზღვრავს და თუ ბინების მეპატრონეები არაშესაბამის ფასს დააწესებენ, მომხმარებელი ნაკლები ეყოლებათ და მათთის ტურსტულ ისეზონი შემოსავლიანი არ იქნება. 

 „აქ ვერ ჩავერევით ჩვენ. მათ შესაბამისი პირობები უნდა შექმნან და თუ არ შექმნიან, არც ეყოლებათ დამსვენებელი. ვინც შექმნა,  მათ ბევრ დამსვენებლები ჰყავთ. ბათუმში 5-6 შეიძლება იყოს ასეთი“, – აღნიშნა ბერიძემ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ჟვანია