სიახლეები

The Nemo – „აბი გლუკოზას” რეინკარნაცია

23.08.2012 • 1835
The Nemo – „აბი გლუკოზას” რეინკარნაცია

„The Nemo “ -ს ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის

„მე და ჩემს მეგობარს კაფე გვაქვს, „ვინილი“. ისიც მუსიკოსია, ადრე ერთად ვუკრავდით. ბათუმში სარეპეტიციო სივრცე არ არსებობს, ვინილში მუშაობის პერიოდში კი გაგვიჩნდა აზრი, რომ პატარა კომერციული სარეპეტიციო გაგვეხსნა, ძვირი რომ არ ყოფილიყო და ნორმალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი. თან ვიფიქრე, მეც დავიწყებ დაკვრას-მეთქი. დეკემბერში, როცა სარეპეტიციო გაჩნდა, ერთი-ორი შემოთავაზება მივიღეთ. გვკითხეს, ხომ არ დაუკრავთ საახალწლოდო. მოგეხსენებათ, ყველას სჭირდება და იმ პერიოდში განსაკუთრებით გვჭირდებოდა ფული. ასე რომ, მოვძებნეთ ძველი კადრები, ჩემი ძველი ჯგუფის წევრი ილო, მერე მირზა ვიპოვეთ, ერთმანეთი მოვძებნეთ. ერთ დღეში მოვამზადეთ 30-მდე სიმღერის ქავერი,“ –  იხსენებს პაატა ძიძიგური, ჯგუფის ვოკალისტი და გიტარისტი.

მისი თქმით განვლილ ექვს თვეში 80-მდე უცხოური ჰიტი დაამუშავეს და 70-მდე საღამო გამართეს. ამ ჯგუფამდე ოთხივე მუსიკოსმა დიდი გზა განვლო.

ილია: „რაც თავი მახსოვს, ერთად ვართ. თავიდანვე ერთად მოვდივართ, ამიტომ დიდად შეკრება არც დაგვჭირვებია. რაც მთავარია, როდესაც მეგობრებთან ერთად აკეთებ იმ საქმეს, რაც გიყვარს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია“.

პაატა: „ერთმანეთი ბავშვობაში გავიცანით. მე მინდოდა სიმღერა და მოვხვდი ხალხურ გუნდში, მანანა გაბაიძესთან. ილოც იქ მღეროდა. ფაქტობრივად მთელი ჩვენი სანაცნობო მუსიკოსები ამ ქალის გამოზრდილია. რამდენიმე წელი მანანა გვასწავლიდა ხმებში სიმღერას. მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ მოთხოვნილება სხვა იყო. შევქმენით ჯგუფი, დავიწყეთ დაკვრა. თუმცა ჯგუფი გვერქვა ისე, რომ ჯერ დაკვრა არ ვიცოდით. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ დაგვერქმია „აბი გლუკოზა“. ფესტივალებზე დავდიოდით. საკმაოდ ხმაურიან მუსიკას ვუკრავდით. მაშინ ეს სახელი ბევრმა იცოდა ბათუმში. ახლაც ახსოვთ და გვიკვირს ხოლმე. თუ სიმართლეს ამბობენ, ბევრს მოსწონდა. მაგ პერიოდში კაპიკებს ვაგროვებდით და ამით ვცდილობდით სადღაც რაღაცა გაგვეკეთებინა. არასდროს არავინ გვიშლიდა ხელს, მშობლები, პირიქით, გვეხმარებოდნენ. ათი წლის წინ, რა ცუდი დრო იყო ხომ გახსოვთ, ხანდახან უკანასკნელ ფულსაც გვაძლევდნენ მედიატორებსა და სიმებში. 1997-1998 წლებში ხდებოდა ეს. უფრო ჩამოყალიბებული 2000 წელს ვიყავით. მანამდე ეს ჯახრიკი იყო. პოლისჯოხზე გაბმული სიმები გვქონდა“.

ილია: „აბი გლუკოზა“ სამი წევრისგან შედგებოდა: ლევან ხუჯაძე, პაატა და მე. შემდეგ მოხდა რევოლუცია. პაატა წავიდა პეტერბურგში სასწავლებლად, ლევანი _ საფრანგეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მე წავედი მუსიკალურ ტექნიკუმში, დავამთავრე და გავხდი გიტარის მასწავლებელი. შემდეგ გვქონდა 4-წლიანი შუალედი, შიგადაშიგ ვუკრავდით, მაგრამ როგორც ჯგუფი, არ ვიყავით. იყო შემოთავაზებები, თუმცა ვისთანაც საერთო არ მქონდა, იმასთან ვერ ვიმუშავებდი. ამბობენ, საქმე და მეგობრობა სხვადასხვა რამ არისო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის პირიქით იყო. ყოველთვის მეგობრები ვიყავით და ყოველთვის ვაკეთებდით საქმეს“.

ილიას პირველი პროფესია სტომატოლოგიაა, პაატა 11 წელს სწავლობდა სამედიცინოზე, ორდინატურა რუსეთში დაამთავრა. მირზა ეკონომისტია, ბუღალტერი, ირაკლი – ფილოსოფოსი, ექიმი-ეკოლოგი.

ილია: „სტომატოლოგია, რა ვიცი… ჩემი მოწოდება ყოველთვის მუსიკა იყო. ბავშვობიდან მუსიკა მაინტერესებდა, სამწუხაროდ დღემდე ისე მიიჩნევა, რომ მუსიკა პროფესია არ არის. ყოველთვის მეუბნებოდნენ ჩემებიც კი, მუსიკაში რაც გინდა, ის აკეთე, მაგრამ გქონდეს სხვა პროფესიაცო. უნდოდათ, რომ დროს მორგებული პროფესია მქონოდა. ასე ხათრით დავამთავრე სტომატოლოგიური და წავედი და ჩავაბარე საბუთები მუსიკალურში. დავამთავრე საკმაოდ წარმატებულად და ერთ-ერთი კარგი მოსწავლე ვიყავი. ვმუშაობდი სკოლაშიც პედაგოგად. ახლა კერძოდ ვამეცადინებ ბავშვებს, ვმუშაობ რადიოში, მუსიკალურ წამყვანად და ვარ გუნდში, კაპელაში.”

„დღეს მუსიკა გაჭმევს შენ და გაცილებით უკეთესად ვიდრე სხვას,“ – საუბარში პაატა ერთვება და ჯგუფის დრამერის დახასიათებას იწყებს.

„მირზა თავიდან როდესაც გავიცანი, იყო ასე შებოჭილი, თუმცა თავისი საქმის კარგი მცოდნეა. თავიდან ვერ გავხსენით, მაგრამ როცა გავხსენით, გადავწყვიტეთ, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენს ჯგუფს მიღმა. ვკითხეთ და მირზამ დაგვიკაკუნა ერთი-ორჯერ რომ კიო, თანახმა ვარო,“ –  ამბობს პაატა.

მირზა: „ბავშვობიდან ვიყავი „აბი გლუკოზას“ ფანი. ესენი რომ რეპეტიციობდენ, მაშინ მე ბავშვი ვიყავი, ვიპარებოდი ზღვაზე, მივდიოდი იქ, სადაც რეპეტიციები ჰქონდათ, ავძვრებოდი ფანჯარაზე, ვხედავდი ამ ბიჭებს და ვუსმენდი. მერე რაღაცა პერიოდი რომ გავიდა, ბიჭებს ვუთხარი, ასე იყო-მეთქი და კვდებოდნენ სიცილით. თვითნასწავლი დრამერი ვარ, არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს. წლების მანძილზე სხვადასხვა ბენდში ვუკრავდი. პროფესიით ბუღალტერი ვარ, ეკონომიური მაქვს დამთავრებული. გაზების კანტორაში ერთი კვირა ვიმუშავე ბუღალტრად. მეტი ვერ გავძელი. აღმოვაჩინე, რომ ჩემი საქმე არ იყო. თუმცა მანამდეც ვიყავი ამაში დარწმუნებული“.

ანუ რამდენსაც უკაკუნებს, იმდენს ითვლის – ხუმრობს პაატა და საკუთარ თავზე ყვება: „პაატა იმდენად ნიჭიერია, რომ ხან ბასზე უკრავს, ხან გიტარაზე, პაატა დაჯილდოებულია სხვადასხვა ინსტრუმენტის ხელში დაჭერის უნარით. დაკვრაზე არაა ლაპარაკი“.

პაატა: „პროფესიით ექიმი ვარ, 11 წელი ვსწავლობდი მედიცინას. ამ გზამ ზოგადად ძალიან ბევრი რაღაც დამანახა ცხოვრებაში. ქვეყნებიც და ძალიან ბევრი, სხვადასხვანაირი ადამიანი გავიცანი. რუსეთში ვსწავლობდი 6 წელი. დავამთავრე ჩვენი ბათუმის უნივერსიტეტი და მერე წავედი სანკტ-პეტერბურგში, ორდინატურაში. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა რომ თვალსაწიერი გამეფართოებინა. აქ ჩამოვედი და დავინახე, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენად ბევრი ექიმია, ჩემი ადგილი არაა. გადავწყვიტე სხვა რაღაცის კეთება. კაფეს გახსნა მინდოდა. გავაკეთე. ამ ორი წლის განმავლობაში ამან უფრო გაამართლა და საერთოდ დავანებე მედიცინაზე ფიქრს თავი. კაფეში ჩვენ თვითონ ვმუშაობთ, ჩვენ თვითონ ვართ დამლაგებლებიც, მიმტანებიც, ყველაფერი ერთად. ამის მერე მაინც მინდოდა ყველა რესურსი წასულიყო მუსიკაში. ჯერ ოცნებასავით იყო. მერე სარეპეტიციო გავაკეთეთ და `ნემოც~ შეიქმნა. ექვსი თვეა ვერთობით. ვცდილობთ, რომ პროფესიონალებთან ახლოს მაინც მივიდეთ. ყოველი ჩვენგანი აკეთებს საკუთარ მუსიკას და ძალიან დიდი პორტფოლიო გვაქვს ყველას. ადრე ჩვენს სიმღერებს ვუკრავდით მხოლოდ და არასდროს ვუკრავდით ქავერებს. ახლა ქავერებს ვუკრავთ. მაგრამ მოვა ალბათ მაგის დროც, იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ უკვე ჩვენის კეთებას.

ჯგუფის მეოთხე წევრზე, ირაკლი ჩხეტიაზე, ილია იწყებს საუბარს.

ილია: „ირაკლის რამდენიმე პროფესია აქვს. ფილოსოფოსია. ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერი იყო. ბრწყინვალე ადამიანია და ძალიან კარგი მუსიკოსი. კვლავ იმ პრინციპით, რომ საუკეთესო იყო, გადავწყვიტეთ ერთად შეკრება. როდესაც ადამიანთან საერთო არ გაქვს, იმასთან მუსიკას ვერ გააკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა, სხვის მუსიკას აკეთებ თუ შენსას. სხვისი კიდევ უფრო ადვილი გასაკეთებელია. როცა შენსას აკეთებ, ადამიანთან თუ საერთო არ გაქვს, ძნელია. წარმოიდგინეთ ოთხი კაცი, ოთხი ინდივიდი უკრავს რაღაც უცნობს და ხვდება ოთხივე, სად უნდა დაამთავროს. ეს მოაქვს ალბათ იმ შერწყმას, რასაც მეგობრობა ჰქვია.

პაატა: „ჩხეტია – ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელსაც ერთდროულად ბევრი რამის კეთება შეუძლია. იმდენად თვითგანათლებული ადამიანია, ფილოსოფოსია, ექიმი ეკოლოგია, დიპლომებზე მეტია ზოგადად ეს ადამიანი. საკმაოდ გემოვნებიანი მუსიკოსია, კარგი კრიტიკოსია თვითნასწავლი, ფილმოფილია, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. როდესაც შევთავაზეთ დაეკრა ჩვენთან ერთად, უარი არ უთქვამს. მეათე კლასიდან ვმეგობრობთ. იმ დროიდან, ჩვენსავით პოლის ჯოხზე გაბმულ სიმებზე რომ უჩხაკუნებდა“.

ისინი ამბობენ, რომ სამომავლო გეგმები არ აქვთ.

პაატა: „არ ვიცით, ხვალ რა სურვილი გაგვიჩნდება. ხვალ ილიამ შეიძლება დაანებოს თავი მუსიკას და სტომატოლოგია მოუნდეს ისევ. ამანაც დაანებოს თავი და ბუღალტერიას მიუბრუნდეს. მაგრამ სანამ რაღაცას ვაკეთებთ და მიუხედავად იმისა, რომ ქავერებს ვაკეთებთ, არის ხოლმე მომენტი ერთ-ერთი ჩვენგანი მხრებს ჩამოუშვებს და იტყვის, მომბეზრდა, რაღაცა სხვა მინდა. მერე ვიწყებთ ერთმანეთის შეგულიანებას…“  „ეს ძირითადად შენ ხარ“ – საუბარში ერთვება ილია.
„იმიტომ, რომ მე მაინტერესებს კონკრეტულად ჩემი მუსიკის გაკეთება. მერე იმასაც ვხვდები, რომ რაღაც უფრო მეტი შემეძლება. როდესაც შენსას აკეთებ, ადვილია შეფასებაც გააკეთო და ამაზე უფრო ლაღად ლაპარაკიც. იმიტომ, რომ იცი, ეს შენია, შეგიძლია უფრო ლაღად მიაწოდო ადამიანს. მას მოეწონება თუ არა, ეს სხვა საკითხია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: