მთიანი აჭარა

ხელვაჩაურის გამგებელი გადადგა

29.08.2012
ხელვაჩაურის გამგებელი გადადგა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თემურ დუმბაძის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას აპირებს, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე არ ადასტურებს. გელა დეკანაძის თქმით ეს საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, „ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაზუსტებული ჯერ კიდევ არ აქვს. განილიხილება თემურ დუმბაძის კანდიდატურა და სხვაც“ – უთხრა „ბათუმელებს“ გელა დეკანეძემ. ვინ არის ეს „სხვა“, რომელიც ასევე ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილება მმართველი პარტიის მიერ, მან არ დააკონკრეტა.  

 

 

ინფორმაცია მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის შესახებ, არც თავად თემურ დუმბაძემ დაადასტურა: „ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის“. კითხვაზე კი, რატომ წავიდა დაკავებული თანამდებობიდან, მან უპასუხა, რომ „ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმეა“. 

 

 

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობით თემურ დუმბაძე კურორტ ბეშუმში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას გამოირჩეოდა, მას „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური წარწერით  – „მე მიყვარს საქართველო“ ეცვა და ამავე წარწერით კეპი, რომელიც გამგებელს თან ქონდა, ივანიშვილს დაახურა, მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა:  „იმათთვის, ვინც ხალხის დაპირისპირებას დააპირებს, ვიქნებით ზონდერიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ხელს შევუშლით ამაში. არ დავუშვებთ რაიმე პროვოკაციას არამარტო ბეშუმში, არამედ მთელ საქართველოში.“   

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი თემურ დუმბაძე დაიბადა 1960 წელს, დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1995 წელს კი ქალაქ ოდესის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ის 2008 წლიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელია, მანამდე კი ამავე მუნიციპალიტეტის კახაბრის თემის რწმუნებულად მუშაობდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თემურ დუმბაძე 2007-2008 წლებში საადვოკატო საქმიანობასაც ეწეოდა. უფრო ადრე, 2000 წლიდან კი ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების უფრისის მოადგილე კრიმინალურ დარგში. 

 

 

სხვადასხვა დროს მას ნამუშევარი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მოადგილედ კადრებისა და პირადი შემადგენლობის დარგში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილედ. იყო კომკავშირის რაიკომის მეორე მდივანი, რაიკომის ინსტრუქტორი და სოფელ ჩხუტუნეთის კოლმეურნეობის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: