სიახლეები

საავტორო კინოს სექტემბერი ბათუმში

30.08.2012 • 2127
საავტორო კინოს სექტემბერი ბათუმში

კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია, პოლონელი რეჟისორი იერჟი ჰოფმანი, რომელთაც გადაეცემათ BIAFF ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. Lifetime Achievement Award) და, ასევე, თურქი რეჟისორი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი ნური ბილჯე ჩეილანი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი გამომსახველობითი ოსტატობისთვის კინოში.

კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში  წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი და 40-მდე მოკლემეტრაჟიანი  ფილმი 20-22 ქვეყნიდან.

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა შედგება სამი სექციისგან: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია. თითოეულ კონკურსს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური.

მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის ელდარ შენგელაი უხელმძღვანელებს. ჟიურის წევრები არიან: სერგეი ლავრენტიევი რუსეთიდან, ნიკ ჰოლდსვორზი დიდი ბრიტანეთიდან, გიორგი პალფი უნგრეთიდან და პიოტრ ზელენკა ჩეხეთიდან. რაც შეეხება ამ სექციაში დაწესებულ პრიზებს, ესენია: გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის რადოსლავ პივოვარსკი (პოლონეთი) უხელმძღვანელებს. ჟიურის წევრები იქნებიან: ფარდინ საჰებზამანი ირანიდან, გუნერ გულერი თურქეთიდან, სერგეი ბუკოვსკი უკრაინიდან და ნინო ორჯონიკიძე საქართველოდან. ამ სექციაში გამარჯვებულებისთვის დაწესებული პრიზებია: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე კი  სიტორა ალიევა (რუსეთი) იქნება. ჟიურის შემადგენლობა ასეთია: კრზისზტოფ კოპცზინსკი პოლონეთიდან, ირინა რომანჩენკო უკრაინაიდან, მიხაელ კილმკიევიჩი პოლონეთიდან და დათო ჯანელიძე საქართველოდან. რაც შეეხება ამ სექციის პრიზებს, ესენია: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

არასაკონკურსო პროგრამაშიც 3 სექცია იქნება: „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ (SILK ROAD), რომელშიც გაერთიანებულია  არასაკონკურსო ჩვენებით ახალი ფილმები კავკასიის ქვეყნებიდან, ირანი, თურქეთი, ცენტრალური აზია და ა.შ. მეორე სექცია იქნება დიდოსტატთა კოლექცია, სადაც ცნობილი რეჟისორების რამდენიმე ბოლო ფილმი იქნება წარმოდგენილი და  კინოფესტივალის შემადგენელი მესამე ნაწილი იქნება მასტერკლასები და ვორქშოფები.

კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. Lifetime Achievement Award) ქართველ და უცხოელ კინომოღვაწეებს გადაეცემა.

როგორც კინოფესტივალის მენეჯერმა, ზვიად ელიზიანმა განაცხადა,  ფესტივალზე დასწრება აკრედიტებული სტუმრებისთვის (ოფიციალური სტუმრები, ჟურნალისტები, ბლოგერები, კინოს სექტორის წარმომადგენლები) უფასო იქნება, ხოლო აკრედიტაციის არმქონე პირებს დასწრება რეგისტრაციის საშუალებით შეუძლათ. „იქნება უფასო სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მათთვის, ვისაც უნდა რომ ჰქონდეს გარანტირებული ადგილი,  დავაწესებთ სიმბოლურ ფასს. ეს შეიძლება იყოს 1-2 ლარი. ვისაც აინტერესებს, მისთვის 1 ლარის გადახდა, რომ გარანტირებული ადგილი ჰქონდეს, არ იქნება პრობლემა.  ჩვენ ამით არანაირად შემოსავალს არ ვიღებთ, ძალიან მიზერული თანხაა. უბრალოდ ჩვენ მივცემთ საშუალებას ყველას, რომ ჰქონდეთ რეგისტრაციის და დაჯავშნის საშუალება.  ამ სიმბოლური ფასის ერთადერთი იდეა ეს იქნება“, – აღნიშნა ზვიად ელიზიანმა.

კინოფესტივალზე დამსწრეთა  რაოდენობის შეზღუდვას  ზვიად ელიზიანი კინოთეატრ „აპოლოსა“ და სასტუმრო „რედისონის“ დარბაზების სიმცირით ხნის.

კინოფესტივალზე, კინოჩვენების გარდა, შემდეგი ღონისძიებები გაიმართება: ორდღიანი ინდუსტრიული შეხვედრების სექცია, დოკუმენტური კინოს ვორქშოფი და ბლოგერების კონკურსი.

ზვიად ელიზიანის თქმით, BIAFF კინოფესტივალს წელს სამი სარეკლამო კლიპი ექნება: „ერთში მონაწილეობს ელდარ შენგელაია, მიხეილ კობახიძე, რომელიც, ასევე, ჩვენი კინოფესტივალის საპატიო სტუმარი იყო და საშა რეხვიაშვილი. შესაბამისად ამ კლიპების თემატიკაც მათი ფილმებიდან არის“ – აღნიშნა ზვიად ელიზიანმა.

BIAFF კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ხოლო ოფიციალური პარტნიორი ქ. ბათუმის მერიაა.

batumelebi.ge ფესტივალის პროგრამას რამდენიმე დღეში გამოქვეყნებს.

ქეთი ჟვანია, ქეთი არჯევანიძე  

გადაბეჭდვის წესი