სიახლეები

წინ, შუა საუკუნეებისაკენ!

30.08.2012 • 1799
წინ, შუა საუკუნეებისაკენ!

ჩვენ კი ამ ,,უმნიშვნელო” პრობლემის გარდა ,,კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”!  ტურისტული სეზონია, ბათუმი სრულ მზადმყოფაშია! თუმც  ქალაქის ქუჩების გადათხრა-აღდგენა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. განახლებულ ქუჩებში საჩრდილობელი ხეებიც არ დატოვეს, ევროსტანდარტებს არ შეესაბამებაო. აბაშიძის გამზირის აღდგენისას ჯერ მოჭრეს უნიკალური ხეები, დააგეს ძვირადღირებული ქვაფენილი, დადგეს ქოთნით ყვავილები. მერე ეტყობა ვიღაცის მაინც დაიჯერეს, აყარეს ქვაფენილები, ამოთხარეს ორმოები და დარგეს პალმები.

ამას წინათ, აჭარის ტელევიზიით აჩვენეს სიუჟეტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე, სადაც ინახავენ და ამრავლებენ უნიკალურ მცენარეებს. მათი ნახვით ქალაქის სტუმრები ნაღდად აღფრთოვანებაში მოდიან. იცით რა დაჯდა ამ ნაჩუქარიპალმების განბაჟება? – 76.000 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯებზე არას ვამბობ). ამ თანხის საფასურად ბოტანიკური ბაღის კოლექტივი, რომელთა წლიური დაფინანსება 250.000 ლარია, ბათუმს მართლა წალკოტად გადააქცევდა. თვითონაც სულს მოითქვამდნენ. ამაზეა ნათქვამი: ,,თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო”!

ბატონებო, ბათუმი არც ქაირო და არც დუბაია, პალმის გარდა სხვა რომ არა ხარობდეს. ამ წოწოლა პალმებს არც ჩრდილი აქვთ, რომ გაზაფხულის ხვატში თავი შეაფარო და არც ნაყოფი, რომ პირი ჩაიტკბარუნო. ქოქოსის ან ფინიკის პალმები მაინც ჩამოეტანათ, რომ სეზონზე ეგზოტიკური ხილის მოსავალი აგვეღო. ამით მათ ექსპორტსაც შევამცირებდით! ეტყობა ვერ მუშაობენ კოორდინირებულად ბუნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. არა უშავს. ან ორივე მინისტრს გამოვცვლით, ან სამინისტროებს შევუცვლით სახელს. ამის გამოცდილება ნაღდად გვაქვს. ამ საქმეს არა ეშველება, მაგრამ გთავაზობთ გამოსავალს.

დავუბრუნოთ არაბებს მათ მიერ ნაჩუქარი პალმის ნაწილი და მაგივრად გამოგვიგზავნონ აქლემები. ქალაქის პალმების ფონზე აქლემები ძალიან მიმზიდველნი იქნებიან. ტურისტებსაც მოვიზიდავთ. მათზე გასეირნებაც დიდ დამატებით სავალუტო შემოსავალს მისცემს ქალაქის ბიუჯეტს. საკურორტო სეზონის შემდეგ ბათუმის მოსახლეობას გაბარიტიანი საოჯახო ტექნიკის გადატანაში დავეხმარებით, ბენზინი და დიზელის საწვავი ხომ დღითიდღე ძვირდება. რაც მთავარია აქლემები თურმე თვეში ერთჯერ ჭამენ. რაც შეეხება წყალს, რამდენიც უნდათ იმდენი სვან.  სამი-ოთხი წლის შემდეგ (როგორც გვპირდებიან), ქალაქში ყველა ქუჩას (და არა მხოლოდ ცენტრალურს) რომ აღადგენენ, ეს აქლემები სვანებს ვაჩუქოთ, იქაური ტურისტების სატარებლად. ფეხები გრძელი აქვთ და თოვლსაც ადვილად გაჭრიან. თუ არა და დავკლათ და შევჭამოთ.

მიუხედავად ყველაფრისა, მტრის ჯინაზე,  გიგანტური  ნაბიჯებით ვუახლოვდებით ევროპას.  XXI  საუკუნის სასწაულია შუა საუკუნეების, ევროპული ქალაქების, მიკრო, რატუშის მოედნის აპლიკაცია, ე.წ. ბათუმის პიაცა, თავისი კოშკითა თუ მასში ჩამონტაჟებული საათებით. ადრეული ევროპული კოშკები მთელი ქალაქიდან  ჩანდა და იქედან ხანძრის გაჩენასაც უთვალთვალებდნენ. რაც შეეხება საათებს, მაშინ  საათები ერთეულებს თუ ჰქონდათ და მთელი მოსახლეობა მათზე ასწორებდა შრომით გრაფიკს. ახლა მშენებარე კოშკს ბათუმის მთიდან ან სასტუმრო შერატონიდან (რომელშიც საკუთარი საათია ჩამონტაჟებული) თუ არ გადმოხედავთ, სანამ ცხვირს არ მიადებთ, მხოლოდ კოშკის წვერი ჩანს. თუ მაგალითად,  ლონდონის ბიგ-ბენს მოვიშველიებთ, ის ძველი ქალაქის ყველა წერტილიდან ჩანს, თანაც არ დაგვავიწყდეთ, რომ იგი 1858 წელსაა აშენებული. ლონდონი კი მერე განვითარდა!

ისე არა მგონი უცხო სტუმრები გავაკვირვოთ ჩვენი ,,პიაცათი”, რადგან ამაზე დიდი, ლამაზი და მართლა ისტორიული მოედნები, თითქმის ყველა ძველ ევროპულ ქალაქშია. მაგრამ აქაც არის გამოსავალი. იმ შავბნელ შუა საუკუნეებში, ასეთ მოედნებზე, დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. სივდილით დასჯას, თუნდაც ტურისტების მოსაზიდად, ნაღდად ვერ დავუშვებთ, მაგრამ  მაქვს წინადადება: დავამთხვიოთ  ტურისტულ სეზონს და მოვაწყოთ პიაცაზე ოპოაიციის, ხალხის მტრებისა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა გაროზგვა. აბა პოზიცია განა ამას იმსახურებს?! მაშინ ნახეთ ტურისტული ბუმი, ახალი კოლიზეუმი, უცხოელთა  ცერა თითების ზემოთ-ქვემოთ ტრიალი. ვინაა პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავე თუ მართალი, დღევანდელი თემიდის ხელში, ჩამოსულები კი არა, ჩვენც ვერ ვარკვევთ. აი მაშინ სრულად შევგრიალდებით შუა საუკუნეებში.

ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება (რაც დღევანდელი კანონითაც კი სასტიკად აკრძალულია), თანაც რა თანხად,  მაშინ ზოგიერთი ,,ინტრიგანი” იკითხავს, თუ ფული მე ჩამადებინეს (თუნდაც დაუკითხავად), ქონება და მოგების წილი ვისაო? პასუხი კი ერთი ქართული ფილმის გამოძახილი იქნება – ,,გოგიას რაო?  რაო და ვირის თავფეხიო”  გოგიას რა– გასაგებია, მაგრამ ესპანელი არქიტექტორები რომ ამ ბოლო დროს ძალიან კმაყოფილები არიან, ამ ,,სამშენებლო ბუმით”, ეს ფაქტია. ბოლო ინფორმაციით ესპანეთში უმუშევრობამ 20% მიაღწიაო. ჩვენს 70% რომ არაფერი ეშველება ფაქტია. იმათ მაინც ეშველოთ რამე, თანაც კარგად თუ გადავუხდით.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპას გრიპმა ,,ესპანკამ” გადაუარა და რამდენიმე მილიონი ადამიანი გაიყოლია. დღეს საქართველოში არქიტექტურული ,,ესპანკა” ბობოქრობს, მისი მინა-ბროლის ესტაკადებით, ხიდებით, შადრევნებითა თუ აბსტრაქტული ნაგებობებით. იმედია ეს ,,ესპანკაც” გაივლის, მაგრამ შემდგომში ამ შედევრების  დაშლა რა დაგვიჯდება ნაღდად არ ვიცი. ეს მრავლადნაქები პიაცა სახელმწიფო ბიუჯეტს 18 მილიონი დაუჯდა და ………11,5-ად მიყიდეს კერძო პირს! მაგარი ბიზნესია ღმერთმანი! ვის მიყიდეს?  ეს თქვენ გაარკვიეთ!

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამას მოყვა საათი ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში (რომელიც დროდადრო მუშაობს), „უძვირფასესი“ საათი ყოფილი სახელმწიფო  ბანკის შენობის თავზე, რომელზეც  დროის ამოცნობას, მინიმუმ კონსილიუმი სჭირდება. „მომავალი“ საათები გორგილაძის ქუჩაზე,  „ჭაჭის კოშკზე„, რათა მუქთი ჭაჭის ჩამოსხმის დრო არ გამორჩეთ, ჩვენს დიდადდასაქმებულ თანამოქალაქეებს! ერთი რამ ვერ გამიგია. ქალაქში ზრდასრული მოსახლეობის 65%-მდე უსაქმურია, საათი არად სჭირდებათ. მგონი ვიღაც ჩვენზე „ღადაობს„ და ჩვენ კი ვერაფერს ვხდებით! ვითომ წინასაარჩევნო, დიდად გააზრებული  ქრთამია?!

თავის დროზე,  ცნობილმა ინგლისელმა კაპიტანმა კუკმა, ჰავაის კუნძულების მოსახლეობის მოქრთამვა სცადა ზიზილ-პიპილოებით, მინის მძივებითა და სარკის ნატეხებით. აბორიგენებმა ერთ ხანს უყურეს, მერე რაღაცა დაიღრიალეს საკუთარ ენაზე და კაპიტანი კუკი შეჭამეს. და  იცით რატომ?  სრულიად ბანალური მიზეზის გამო. ძალიან შიოდათ. ნუთუ ეს არაფერს გვასწავლის? არადა ქართველ აბორიგენებშიც იცით იმდენს შია?!

მოსაზრებების შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს batumelebi.ge -ს პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი