სიახლეები

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს ხელმოწერის გაყალბებისთვის პოლიციაში იბარებენ

23.08.2012
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს ხელმოწერის გაყალბებისთვის პოლიციაში იბარებენ


„წინასწარი გამოძიება რომ მიმდინარეობს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ სულიკო მიქელაძეს უკავშირდებიან ტელეფონით და სთხოვენ რომ გამოცხადდეს ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოში მოწმის სახით დასაკითხად„- აცხადებს ირაკლი შავაძე. მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება 2012 წლის 6 აგვისტოს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებას, სადაც დაფიქსირებულია საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების პოზიციები წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, სადაც „ქართული ოცნების„ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გზა გადაუღობეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა, კერძოდ ხელვაჩაურის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა საჯარო მოხელეებმა, რის გამოც ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს რომ პროტესტის ნიშნად, არ დაესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს. 

განცხადებაზე,სადაც საუბარია საკრებულოს სხდომების ბოიკოტირებაზე, დაფიქსირებულია საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ვახტანგ კახიძის სახელი და გვარი, მაგრამ არა მისი ავტოგრაფი: „გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია ავტოგრაფის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, რაც არასწორია, რადგან გაყალბებულად ითვლება კონკრეტული პირის პირადობის მოწმობა, შტამპი ან ოფიციალური დოკუმენტი. როგორც ჩანს გამოძიება საკრებულოს წევრების განცხადებას მიიჩნევს ოფიციალურ დოკუმენტად, რაც არასწორია. რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 362-361 მუხლების მიხედვით ოფიციალურ დოკუმენტად ითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ამა თუ იმ პირს წარმოუშობს ან უზღუდავს რაიმე უფლებას. აღნიშნული განცხადებით ვახტანგ კახიძეს რაიმე უფლება არ წარმოშობია ან შეზღუდვია. მით უფრო, რომ საკრებულოს წევრების განცხადებას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს“.

ირაკლი შავაძის განცხადებით, სულიკო მიქელაძის დევნა, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს: „რადგან აქ არ არის დანაშაულის შემადგენლობა, შესაბამისად, პოლიციას არ უნდა დაეწყო წინასწარი გამოძიება“. 

როგორც ვახტანგ კახიძე `ბათუმელებთან~ საუბარში აცხადებს, გამოძიებისთვის მას არ მიუმართავს: „მე როგორც ვიცი, გამოძიებას საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ ფარტენაძემ მიმართა. ჩვენება მეც მივეცი პოლიციას და ვურჩიე კიდეც, რომ საქმე ამ მიმართულებით არ წაეყვანათ. მართალია ჩემი ავტოგრაფი არ იყო განცხადებაზე დაფიქსირებული და მე არ ვიზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ სულიკო მიქელაძის წინააღმდეგ განცხადება არ გამიკეთებია“. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.