სიახლეები

ბათუმის მერის ხუთი წელი და მასთან დაკავშირებული სკანდალები

03.09.2012 • 3711
ბათუმის მერის ხუთი წელი და მასთან დაკავშირებული სკანდალები

ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე
ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე

ბათუმის ყოფილი მერი, რობერტ ჩხაიძე, 2010 წელშიც გადადგა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო. რობერტ ჩხაიძე მაშინ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად უახლოესი მეგობრის, ირაკლი ანანიძის მანქანით სარგებლობდა (შავი ფერის „კოროლა“NIT 004). 

 

მეორედ გამერება რობერტ ჩხაიძეს არ გასჭირვებია. შესაბამისად, არც ირაკლი ანანიძის მანქანა დასჭირვებია, რადგან მის განკარგულებაში ორი მანქანა იყო (ამ მანქანებიდან ერთ-ერთი – VMV 070 „ბათუმელებმა„ მერიის ავტოსადგომზე აღმოაჩინა. მეორე მანქანა – XTX 079 კი, ავტოსადგომზე არ იდგა). 

 

რობერტ ჩხაიძის სახელს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება. მერი დიდ სკანდალში კომპანია „ნიაკასა“ და მისი დამფუძნებლის, ირაკლი ანანიძის დაპატიმრების დროს გაეხვა. ირაკლი ანანიძე _ მერის მეგობარი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი ალეკო მიქელაძე პროკურატურამ მძიმე ბრალდებით დააპატიმრა. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ამ ორ პირთან ერთად რამდენიმე საათით რობერტ ჩხაიძეც დააკავეს. 

 

 

ალეკო მიქელაძე ამ დღეებში გაათავისუფლეს, ანანიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია კი არ გავრცელებულა.
დოკუმენტებით მტკიცდება, რომ „ნიაკამ“ რობერტ ჩხაიძის მერობის პერიოდში მერიისგან 4 მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო, ასევე მიწის ნაკვეთი ბათუმში, სადაც ირაკლი ანანიძემ ხუთსართულიანი სახლი აიშენა.

რობერტ ჩხაიძესა და შპს `აჭარგანათების~ დამფუძნებელს შორის ნათესაურმა კავშირმაც არაერთხელ მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება. ამ კომპანიამ რობერტ ჩხაიძის მერობის პერიოდში მერიისგან 24 მილიონამდე ლარის დაკვეთა მიიღო.

 

რობერტ ჩხაიძის სახელს კიდევ ერთი – სამეზობლო სკანდალი უკავშირდება. მის ოჯახს კონფლიქტი ჰქონდა მეზობელ პოღოსიანების ოჯახთან. მერი მეზობელს უსამართლოდ გამდიდრებას ედავებოდა. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ რობერტ ჩხაიძისა და მისი ნათესავების სასარგებლოდ სასამართლომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პოღოსიანებს 13 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში პოღოსიანები უსახლკაროდ დარჩებიან.

 

ინფორმაცია, რომ ბათუმის მერი ყოველ ახალაშენებულ კორპუსში თითო ბინას ფლობს, ოფიციალურად არ დასტურდება. რობერტ ჩხაიძეს საჯარო რეესტრის მონაცემით მხოლოდ ერთი ბინა აქვს. ვახტანგ გორგასალისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე 107 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა რობერტ ჩხაიძის საკუთრებაში, მეგობარ ირაკლი ანანიძესთან გარიგების შემდეგ გადავიდა.

 

ბათუმის საკრებულო ყოფილ მერზე

საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, რობერტ ჩხაიძის მერობის პერიოდს „ძალიან ნაყოფიერად“ აფასებს. „ნაკლი ყველას აქვს, თუმცა დადებითი მის მოღვაწეობაში იმდენად ბევრი იყო, რომ ნაკლის გახსენება რთულია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საკრებულოს თავმჯდომარე. 
მერის უნაკლო მოღვაწეობის მაგალითად კი ბათუმის ბიუჯეტის ზრდა მოჰყავს: „ზრდაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ტრანსფერებს, ადგილობრივი შემოსავლებიც გაიზარდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ქალაქის მერი მონაწილეობდა“.

 

საკრებულოს თავმჯდომარე, კულტურული მემკვიდრეობის იერ-სახის ცვლილებაზე ოპოზიციის კრიტიკას არ იღებს. მისი განცხადებით, ბათუმი უფრო ლამაზი რომ გახდა, ამას მთელი საქართველო აღიარებს: „ისტორიულ უბნებს რაც შეეხება, ამდენი არასდროს გაკეთებულა ამ უბანში, ამიტომ უზნეობაა იმის თქმა, რომ კულტურული მემკვიდრეობა დავამახინჯეთ“.

 

„მე მაინც მეჩვენება, რომ ის პენსიაზე გაუშვეს“, – ასეთ შეფასებას ყოფილ მერთან დაკავშირებით საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი აკეთებს. 

 

„ის მხოლოდ ბიუროკრატიის პატარა ჭანჭიკი იყო, ამიტომ წლების გასვლის შემდეგ, არავინ იტყვის, რომ ეს რაღაც რობერტ ჩხაიძის მერობის დროს გაკეთდა“, – ამბობს ჩავლეიშვილი. 
ირაკლი ჩავლეიშვილი საუბრობს იმ ნაკლზე, რაც მერის საქმიანობაში შეუმჩნევია: „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წლებში გაკეთდა, ქალაქის მიწისქვეშა სისტემა და ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ეს ყველაფერი გერმანული გრანტით გაკეთდა. ამ ვალს მოსახლეობა მრავალი წელი გადაიხდის“.

 

ყველაზე უარესი კი, რაც საკრებულოს წევრის აზრით, ბოლო წლებში მოხდა, ქალაქის იერ-სახის დამახინჯება და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაა.

 

საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერის, „კონსერვატორ“ მამული ჟღენტისთვის, „ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი რობერტის მერობის დროს ჩატარებულ ტენდერებზე მოდის.“

 

მამული ჟღენტი ყოფილი მერის პიროვნულ შტრიხებსაც ეხება: „კაი ბიჭი მეგონა, მაგრამ რომ გავიგე თავის სოციალურად დაუცველ მეზობელს ოთახის გამო უჩივლა, სასამართლომ კი 20 000 დოლარის გადახდა დააკისრა რობერტის სასარგებლოდ, ამის შემდეგ მასზე წარმოდგენა რადიკალურად შემეცვალა“.

 

საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ვაჟა ვერულიძე, რობერტ ჩხაიძის მერობის მხოლოდ ორწლიან პერიოდს აფასებს: „ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ასეთი ფინანსური მხარდაჭერის ფონზე ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა ფულადი სახსრების მართვა და ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა“.

 

ვაჟა ვერულიძის თქმით, მერიის საქმიანობას ნეგატივურ ფონად გასდევს „კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე განსახილველად პროექტების მოუმზადებელი წარდგენა, რომელსაც ხშირად არ გააჩნდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული განმარტებითი ბარათი და ხარჯთაღრიცხვა“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: