მთიანი აჭარა

გაყალბებული არჩევნებიდან დაბრუნებულები – ამბის გაგრძელება

30.08.2012 • 2164
გაყალბებული არჩევნებიდან დაბრუნებულები – ამბის გაგრძელება

რევაზ ძნელაძე 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის #101-ე უბნის კომისიის წევრი იქნება. ის ამბობს, რომ „შეიძლება უბნის თავმჯდომარეობაც ჩააბარონ“, ოღონდ ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობს – „ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა“. 

 

2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რევაზ ძნელაძე ხელვაჩაურის #1 „ჩაის ფაბრიკის“ საარჩევნო უბანზე თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის მაშინ კომისიიდან სწორედ მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, ხელვაჩაურის ოლქის შედეგების ბათილად გამოცხადების შემდეგ, სხვებთან ერთად დაითხოვეს. 

 

მაშინ ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქი 64 საარჩევნო უბანს და 832 საარჩევნო მოხელეს აერთიანებდა. განმეორებითი არჩევნების ჩატარებისას ისინი კომისიებში აღარ გამოჩენილან. უსკოს 2008 წლის 4 ნოემბრის #93 განკარგულებით გადაწყდა, რომ ორივე არჩევნებს ახალი ადამიანებით დაკომპლექტებული საუბნო კომისიები ჩაატარებდა.

 

 

ხელახალი არჩევნებისთვის კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსის გამოცხადება ხელვაჩაურის საოლქო კომისიას დაევალა. პარალელურად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ილია ცხადაძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე, 5 ნოემბერს შეუწყვიტა. ოლქის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი იმავე დღეს გამოცხადდა, რომელიც ცესკოს 7 ნოემბრის განკარგულებით ომარ ვარშანიძემ დაიკავა.

ადამიანები, ვინც 2008 წელს ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების გაბათილების გამო დაითხოვეს, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ისევ საუბნო საარჩევნო კომისიებში დააბრუნეს. ამ დროისათვის ხელვაჩაურის ოლქში გახსნილი 63 უბნიდან 50-ში მეტწილად კომისიების თავმჯდომარეებად და მდივნებად სწორედ ის ადამიანები შეარჩიეს, რომლებიც 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზეც ამ თანამდებობებზე მუშაობდნენ, სულ 37 ყოფილი თავმჯდომარე და 27 ყოფილი მდივანი. საარჩევნო საქმიანობას ჩამოაშორეს მხოლოდ ოლქის თავმჯდომარე ილია ცხადაძე, რომელიც მთავრობამ მოგვიანებით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში დაასაქმა. მაშინ არც ერთი საარჩევნო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მათგან უმრავლესობა ამჯერად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის #79 და ხელვაჩაურის #83 საუბნო კომისიებში ისევ იმუშავებენ.

 

#79-ე ოლქის თავმჯდომარის კახა ჯაიანის განმარტებით, „მათ კომისიაში არ შეუყვანიათ არც ერთი ადამიანი, ვისაც რაიმე აქტით, ან გაფრთხილებით საარჩევნო კომისიაში მუშაობა ეკრძალებოდა“.

 

იმავეს ამბობს ხელვაჩაურის ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძეც. შერჩეულთაგან რამდენიმემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში მოსახვედრად კონკურსში მიიღო მონაწილეობა, გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი და აქვს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატიც. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო საკითხებზე მათი დატრენინგება საოლქო კომისიამ უზრუნველყო. 
საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პაატა ჯალაღონიას თქმით, „საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც საოლქო კომისიამ ან სასამართლომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, პირი, რომლის მიერაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია. ახალი საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებისას თუკი კომისიაში აღმოჩნდება პირი, რომელიც ადრე იყო გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, ცალსახად სამართალდარღვევაა. რაც შეეხება 2008 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხელვაჩაურის ოლქის გაბათილებას, მას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა იმ პირებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, რომლებმაც ასე თუ ისე გააყალბეს არჩევნები, ან კანონი დაარღვიეს“. 

ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების გამო დისციპლინარულ სახდელებსა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე არაფერია ნათქვამი უსკოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. მასში მხოლოდ „კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის“ ფაქტებია ჩამოთვლილი:

 

„უბნებზე დაფიქსირდა სხვის მაგივრად ხმის მიცემის ფაქტები; არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს 18 წელს მიუღწეველმა პირებმა; ერთმა და იმავე პირებმა რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში; გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა მისცა იმაზე მეტმა ამომრჩეველმა, ვიდრე სიის დანართში იყო შეყვანილი, უბანში დაბრუნდა ერთით მეტი საარჩევნო ბიულეტენი, ვიდრე გადასატანი საარჩევნო ყუთის მხლებლებს გადაეცათ; გარდა ამისა, ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ყუთში მოთავსებულ იქნა იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული; დაფიქსირდა პირადობის მოწმობის გარეშე და ვადაგასული დოკუმენტით ხმის მიცემის ფაქტები; თითქმის ყველა უბანზე სიის დანართში შეყვანილ ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება, ხმა მიეცათ განმეორებით; სიის დანართში შეყვანილი იყვნენ ის ამომრჩევლები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში… მსგავსი დარღვევები დაფიქსირდა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე; რამდენიმე საარჩევნო უბანი კი განთავსებული იყო პოლიციის შენობაში“. 

 

წერილში ასევე განმარტებულია, რომ საოლქო კომისიამ არჩევნების ჩატარების მეორე დღეს შემაჯამებელი ოქმი ამ დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრების განუხილველად შეადგინა. მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით, შემაჯამებელი ოქმი საჩივრების განხილვის შემდგომ უნდა შედგეს. არც ერთი საარჩევნო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი ამ „უხეშ დარღვევებზეც“ არ დასმულა. 

 

3 ნოემბრის გაუქმებული არჩევნები განმეორებით 16 ნოემბერს ჩატარდა. მასში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – ვაჟა ბოლქვაძეს მონაწილეობა საერთოდ აღარ მიუღია. არჩევნებში გამარჯვებულად ქრისტიან-დემოკრატი ზაზა შაშიკაძე გამოცხადდა. 

 

„ბათუმელების“ კითხვას, რატომ უცხადებს ოლქი ნდობას უკვე მეორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც 2008 წლის 3 ნოემბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნები კანონდარღვევით ჩაატარეს? – ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა აზარაშვილმა უპასუხა: „2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნები გაუქმდა უსკოს გადაწყვეტილებით. ამისთვის უსკოს, ალბათ, ბევრი მიზეზი ჰქონდა. რაც შეეხება ახალი კომისიების დაკომპლექტებას, რამდენადაც ვიცი, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც დაახლოებით იგივე შემადგენლობა იყო კომისიებში, რომელ არჩევნებზეც პრეტენზიები მათ მუშაობასთან დაკავშირებით არ ყოფილა“.

 

ამ საკითხზე უსკოს თავმჯდომარის არჩილ მიქელაძის განმარტებით კი, რომელიც მისგან „ბათუმელებმა“ 2010 წელს მიიღო, უსკოს არ ჰქონდა პირთა პასუხისმგებლობის დაყენების უფლებამოსილება. „ჩვენ მხოლოდ საჩივრები განვიხილეთ. რამდენადაც ვიცი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ილია ცხადაძემ დაწერა განცხადება ცესკოში და გადადგა. ჩვენ მის განცხადებას ვერც განვიხილავდით, ოლქები უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მხოლოდ დროებით გვექვემდებარებიან, მათი ზემდგომი ცესკოა“, – უთხრა მიქელაძემ „ბათუმელებს“.
2008 წლის 3 ნოემბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები ხელვაჩაურის ოლქის შედეგების გაბათილებას სხვა გარემოებით ხსნიდნენ. 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, წინასწარ გავრცელებული მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმათა 78,83 პროცენტით გაიმარჯვა და 10 პროპორციული მანდატი მოიპოვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო არჩევნები ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც. 14,75 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

 

 

ამ არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ გადალახა. მათ პროპორციულად ერთზე მეტი მანდატის მოპოვება ვერ შეძლეს. შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში მხოლოდ 2 მანდატით შესული „ქრისტიან-დემოკრატები“ უმაღლეს საბჭოში ვერც ფრაქციას ქმნიდნენ. ხელისუფლებამ ხელვაჩაურის ოლქის სხვადასხვა უბანზე დაფიქსირებული დარღვევები გამოიყენა და შედეგები გააუქმა. 

 

ამ ეჭვის საფუძვლიანობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმითაც ხსნიდნენ, რომ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატს ვაჟა ბოლქვაძეს. ის სამუშაოდ ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდა. განმეორებითი არჩევნები ხელვაჩაურის ოლქში ქრისტიან-დემოკრატმა ზაზა შაშიკაძემ მოიგო. 

2008 წლის 5 ნოემბერს უსკომ ხელვაჩაურის ოლქში 3 ნოემბრის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ბათილად სცნო (განკარგულება #90) და ხელახალი არჩევნები, პროპორციული 16 ნოემბრისთვის, ხოლო მაჟორიტაული 14 დეკემბრისთვის დანიშნა.
უსკომ ხელვაჩაურის ოლქში შედეგების გაბათილების ერთ-ერთ მიზეზად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესახებ“ კანონის 63 მუხლის მე-11 პუნქტიც მიუთითა, რომლის თანახმად ოლქის შედეგები იმ შემთხვევაში უქმდება, თუ ამ ოლქის გარკვეულ უბნებზე კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები“.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: