მერაბ ჭანტურია: საქართველოს ერვონული ჩემპიონატის ვერცხლის მედლები, ფაქტობრივად, მოვიპოვეთ. უახლოეს მდევარს მოვუგეთ და საკმაოდ გავუსწარით. სამწუხაროდ, „გპი“-ს გუნდს ვერ ვეწევით. მთავარი ისაა, რომ ევროლიგაზე თამაშის საშუალება მოგვეცა. ფინანსური პრობლემები იყო, თუმცა, ქალაქ ბათუმის მერია დაგვპირდა, რომ ამ პრობლემას მოგვიგვარებდა. ასე რომ, ბათუმის „ბათუმის“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. როგორც ადრე გითხარით, წელს საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და დარწმუნებული ვარ, ევროტურნირზე ღირსეულად წარვსდგებით.
ბათუმიდან რომში
ჯაბა ჭანტურია: ქალაქის პირველობაზე იმ ფეხბურთელებს შევარჩევთ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, ეროვნული პირველობის შემდეგ კი ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას. თუმცა, მთავარი სიახლე ისაა, რომ ამ სამი ტურნირის შემდეგ, ზაფხულში, რომში გავემგზავრებით, სადაც გაცილებით დიდი მასშტაბის ტურნირზე ვითამაშებთ. ჩვენი მეტოქეები იქნებიან „ლაციო“, „რომა“, „ინტერი“, ასევე, მოსკოვის „სპარტაკი“, კანადური „მონრეალი“ და პორტუგალიის „ბრაგა“. საკმაოდ ძლიერი ტურნირია. მართალია, გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებს კი წავაწყდით, დაახლოებით 3500 ლარი გვაკლდება, მაგრამ იმედია, ამ პრობლემას აუცილებლად მოევლება, ტურნირზე გავემგზავრებით და ღირსეულადაც წარვსდგებით.
არა – დისკრიმინაციას
უბრალოდ ვიდექი და გაოცებული ვუყურებდი როგორ ეჩხუბებოდა, “სჯიდა“ დედა დაახლოებით ბაღის ასაკის შვილს.
დედა: რამდენჯერ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე იმ ბავშვს არ გაეკარო-მეთქი. ყველა სათამაშო დაგიმტვრია და გაგიუბედურა. ამ მანქანასაც თუ ათხოვებ, მეტს ვეღარ ეღირსები! – რამდენიმე წამიანი „შესვენების“ შემდეგ უფრო მშვიდი და მზრუნველი ტონით გააგრძელა – გაიგე შვილო, თურქია ის, თურქი და არ მინდა მასთან ითამაშო, მეგობრების მეტი რა გყავს?!
შვილი: არა დეეე, ჩემი მეგობარია…
ამ დიალოგმა გამვლელების ყურადღება მიიქცია. ზოდი დედას უთანაგრძნობდა და ამბობდა – ეს თურქები სულ წაგვლეკავენო, ზოგი კიცხავდა, ზოგს უბრალოდ არ აინტერესებდა. მე კი ვიდექი და არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს და კიდევ მრავალი ამგვარი ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
21-ე საუკუნეში ყველას გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვცხოვრობთ ცივილიზებულ სამყაროში, საქართველოში, დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ, რატომღაც არ გვინდა თუ ვერ ვახერხებთ იმას, რომ პატივი ვცეთ სხვა ადამიანის უფლებებს, არ გავრიყოთ ის ჩვენგან, არ მივაყენოთ შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავდება მასისგან, საზოგადოების იმ დიდი ნაწილისაგან, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით.
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ასეთი ფაქტი ხშირად ხდება. ჩვენ ან ჩვენ ირგვლივ მყოფნი, ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარი აზროვნებით თუ საზოგადოების ზეგავლენით, ვლახავთ სხვა ადამიანის უფლებებს. სამწუხაროდ ისე შევაჩვიეთ ამას, რომ აღარც გვაწუხებს. მაგრამ, ეს ხომ პრობლემაა?! მე ვიტყოდი, ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.
მითხარით, რატომ უნდა მოვახდინოთ სხვა ადამიანის დისკრიმინაცია, იმიტომ, რომ ის ჩვენგან განსხვავებული აზრისაა, რაღაც კონკრეტულ თემაზე თუ ფაქტზე? იმიტომ, რომ განსხვავებული მენტალიტეტი ან სოციალური მდგომარეობა აქვს? რომ, განსხვავებული რასის, კანის ფერის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თუ ეროვნების წარმომადგენელია? ან იქნებ იმიტომ, რომ შეზღუდული ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობები აქვს? რატომ? – არ მესმის!
ეს ყველაფერი ჩვენ ირგვლივ ხდება. ჩვენი მოვალეობა კი ის არის, რომ დავინახოთ, გამოვიჩინოთ ტოლერანტობა და ხმა ამოვიღოთ უსამართლობის წინააღმდეგ. თუ გავჩუმდებით და არაფერს ვიტყვით, ჩვენც იმ საზოგადოების ნაწილი გავხდებით, რომელიც ვერ ხედავს ამ პრობლემას და შესაბამისად არც აწუხებს, ან იქნებ ხედავს და მაინც არ აწუხებს. გვინდა ეს? – არა, მე არას ვამბობ. ვფიქრობ, რომ უნდა ვთქვათ, ვთქვათ, რომ ეს პრობლემაა, უნდა დავინახოთ და მერე გამოსწორებაც გაგვიადვილდება.
მე და შენ თუ ამოვიღებთ ხმას, ჩვენ ვინმე სხვა მოგვბაძავს, იმას კიდევ ვინმე სხვა, იმასაც ვინმე სხვა და ასე ყველანი ერთხმად ვიტყვით – არა – დისკრიმინაციას!
„არ ვართ საცდელი ვირთხები“ – პროტესტი უნივერსიტეტში
„გამოცდები დერეფანში არ უნდა ჩატარდეს, სტუდენტებს არ გვსურს ვიყოთ საცდელი ვირთხები, 2250 ლარს არ ვიხდით იმაში, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ახირებაზე იაროს ამდენმა სტუდენტმა. გამოცდები ჩაგვიტარონ აუდიტორიებში, შეურაცმყოფელია ფოიეში გამოცდა, თუ ეშინიათ რომ გადავიწერთ, მეტი მონიტორინგი გაწიონ, თუნდაც ერთ სტუდენტს ერთი დამკვირვებელი დააყენონ თავზე. გუშინ გისოსებით ჰქონდათ შემოსაზღვრული, მხოლოდ მას შემდეგ აიღეს, რაც სტუდენტურმა თვითმართველობამ შეთანხმებას მიაღწია.“- ამბობს დიანა ბაუჟაძე, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი.
სტუდენტები წუხილს გამოთქვამენ იმაზე, რომ ადმინისტრაცია მათ საქმის კურსში არ აყენებს, რასაც უარყოფს პრორექტორი ირაკლი ბარამიძე. მისი თქმით საფაკულტეტო სხდომაზე გატანილი იყო აღნიშნული საკითხი, სტუდენტებმა კი მას მხარი დაუჭირეს: „აუდიტორიებიდან ფოიეში გამოცდების გადმოტანა განაპირობა ჩვენმა სურვილმა, გვინდა გამოცდები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, გამოვრიცხოთ გადაწერის შესაძლებლობა, აუდიტორიაში მერხების განლაგების და აუდიტორის სივიწროვის გამო დაწერას ახერხებდნენ სტუდენტები. ფოიეში და სპორტდარბასში მოვაწყვეთ საგამოცდო ცენტრი, რომელიც იტევს უფრო მეტ სტუდენტს, თან უფრო გამჭვირვალეა.
ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას, იმედი გვაქვს, რომ ეს მეთოდი გაამართლებს. სტუდენტების იმ მცირე ნაწილმა, რომელიც აპროტესტებს გამოცდების ფოიეში ჩატარებას, უნდა გაიაზროს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტების შეურაცხყოფას, კი არა ხარისხის უზრუნველყოფას ცდილობს.“ – აცხადებს პრორექტორი.
ქობულეთი ტურისტული სეზონის სამზადისში
24 მაისის „ახალი სეზონი“ – კულტურის, განათლების, სპორტის , ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით და ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ მხარდაჭერით, უკრაინელი, რუსი, ესტონელი და ჰოლანდიელი სტუმრებისათვის მოეწყობა ტური კინტრიშის ნაკრძალის მიმართულებით, სადაც მოინახულებენ კინტრიშის თევზსაჭერ მეურნეობას, დაათვალიერებენ და გაეცნობიან კინტრიშის ხეობის უნუკალურობას, მოინახულებენ წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს, ბზის კორომებს, თაღოვან ხიდებს, ღვინის ქვევრებს და ჩანჩქერებს. ტურს მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ სტუდენტები, რომლებიც ტურისტულ მარშუტს გაუწევენ გიდობას.
25 მაისის „ახალი სეზონი“ – ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით იგეგმება კულინარიული მასტერკლასი. ასევე საზოგადოებრივი კოლეჯის ორგანიზებით იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:
10:00 სთ – სტუმრების მიღები და რეგისტრაცია.
11:00 სთ – შეხვედრა კოლეჯის საკონფერენციოში.
12:00 სთ – სასწავლო ბაზის გაცნობა, კონკურსები ტურიზმისა და სამშენებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის გახსნა.
14:00 სთ – მომზადებული პროდუქტის დეგუსტაცია.
16:00 სთ – კონკურსის შეჯამება.
18:00 სთ -საიუბილეო კონცერტი ქობულეთის ზღვისპირა პარკის „ამფითეატრი“ ქართულ ესტონური კულტურის ზეიმი.
ღონისძიება ჩატარდება კოლიჯი „ახალი ტალღა“-ს ბაზაზე.
ქობულეთი რუსთაველის ქ.N154.
საკონტაქტო:+(995-577-17-79-35) PR მირანდა კომახიძე.
28 მაისის „ახალი სეზონი“ – ტური ისპანის და ციხისძირის მიმართულებით.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.
სამეურვეო საბჭოები დამკვირვებლის როლში
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების შექმნა განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ექვსი პედაგოგისა და ამდენივე მშობლისგან დაკომპლექტებული ორგანოს ძირითადი ფუნქცია სასწავლო პროცესის კონტროლი, ბიუჯეტის დაგეგმარებაში ერთობლივი მუშაობა და სკოლის დირექტორის არჩევა იყო. სკოლებში ამბობენ, რომ სამეურვეო საბჭოები ყველაზე აქტიურნი რეფორმის პირველ ეტაპზე იყვნენ, განსაკუთრებით, დირექტორების არჩევნების დროს. გასულ წლებში „ბათუმელები“ წერდა, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, არჩეულები ყოფილიყვნენ, ცდილობდნენ სამეურვეო საბჭო მათ მიმართ კეთილგანწყობილი პედაგოგებითა და მშობლებით დაეკომპლექტებინათ, რაც ხშირ შემთხვევაში კონფლიქტსაც იწვევდა. თუმცა, სკოლებში აღიარებენ, რომ ეს პერიოდი მაინც უფრო მეტი დინამიკით და ეფექტით გამოირჩეოდა, რადგან სკოლებს რეფორმა მეტი დამოუკიდებლობის შანსს აძლევდა.
„დროთა განმავლობაში ეს პროცესი უფრო პასიური გახდა. უბრალოდ, ინტერესი აღარ არის. დღეს დირექტორი უფრო მეტადაა დაინტერესებული სამეურვეო საბჭოს აქტიურობით, ვიდრე თვითონ საბჭო“ _ ამბობს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზ ბერიძე, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრად მეორედაა არჩეული. მას მიაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს მხრიდან იდეების დეფიციტია: „პედაგოგებიც და მშობლებიც საკუთარი საქმით, პრობლემებით უფრო არიან დაინტერესებულნი, ვიდრე სიახლეებზე ფიქრით. პედაგოგებს ყოველდღიური რუტინა ღლის, მშობლებს კი სამუშაო და ოჯახის რჩენაზე ზრუნვა“.
ნარგიზ ბერიძის აზრით, სამეურვეო საბჭოს სტიმულირება შესაძლებელია ფინანსურად: „სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მაინც რომ ჰქონდეს სიმბოლური ხელფასი, ამას შეიძლება შეეცვალა სიტუაცია. არ ვიცი. დასახვეწია ბევრი დეტალი, ამჯერად მიჭირს დაკონკრეტება, მაგრამ ვფიქრობ, ფინანსური მოტივაცია იმუშავებს, რომ სკოლის ეს მნიშვნელოვანი რგოლი გამოცოცხლდეს“.
პედაგოგის აზრით, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს.
ნანა ფაღავა მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგია. ისიც სამეურვეო საბჭოს წევრია, თუმცა არსებული მდგომარეობით უფრო კმაყოფილია: „რაღაც-რაღაცები შესაცვლელია, მაგრამ ძირითადად, სკოლის პროცესებში სამეურვეო საბჭო ჩართულია“. როგორც ნანა ფაღავა ამბობს, საბჭოს „ჩართულობა“ სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშების მოსმენაში გამოიხატება. „აუცილებლობის შემთხვევაში მშობლებიც არიან აქტიურები და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას“.
თვითონ სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლებიც აქტიურ მუშაობად მიიჩნევენ პროცესს, როცა საბიუჯეტო საკითხებში არიან ჩახედული და დირექტორისგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ: „ბოლო ორი თვეა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ვახერხებ სკოლაში მისვლას, თუმცა მანამდე ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი“ _ ამბობს რუსუდან სირაბიძე. იგი წინა მოწვევის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო. მას ეფექტურ მუშაობად მიაჩნია, როცა დირექცია მშობლების მოსაზრებას იზიარებს. რაც შეეხება დირექტორების არჩევნებს, რუსუდან სირაბიძის აზრით, `ეს ყოველთვის პრობლემა იყო და ალბათ ასეც იქნება, რადგან მაინც იმას ნიშნავენ, ვინც განათლების სამინისტროს უნდა. თუმცა ახლანდელი დირექტორი ჩვენ ავირჩიეთ“.
სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები და პედაგოგები ამბობენ, რომ ახალ საგანმანათლებლო კონცეფციის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან: „მუშაობა ეფექტურია იმ კუთხით, რომ დირექტორი ყოველთვის გვიკეთებს მოხსენებას ფინანსებზე. საკანონმდებლო კუთხით რა ცვლილებებზე მიდის საუბარი, ვერ გეტყვით. პატარა ბავშვები მყავს და ბოლო პერიოდში ვერ ვერთვები პროცესებში“ _ გვეუბნება მე-2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, მშობელი გურანდა ხალვაში.
მე-20 საჯაროს სკოლის სამეურვეო საბჭოში სულ 15 წევრია: ექვსი მშობელი, რამდენიმე პედაგოგი, ერთი მოსწავლე და თითო წარმომადგენელი ქალაქის თვითმმართველობიდან და განათლების სამინისტროდან. თუმცა ექვსი მშობლიდან ოთხს უფლებამოსილება უკვე შეჩერებული აქვს. ერთ-ერთი მათგანი მაია უზუნაძეა. მისი აზრით, სამეურვეო საბჭოები აქტიურია და ეს აქტიურობა, როგორც სხვა სკოლის შემთხვევაში, აქაც სხდომებზე დასწრება და დირექტორის ფინანსური ანგარიშების მოსმენაში გამოიხატება. „ჩვენგან იშვიათია იდეები. რატომ, ვერ გეტყვით. ვერც იმაზე ვისაუბრებ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ საბჭოს მეტი ეფექტურობისთვის“.
სკოლის პედაგოგის, ლეილა ჭურკვეიძის აზრით, მშობლების ჩართულობის ასამაღლებლად მეტი ინფორმირებულობაა საჭირო: „საკანონმდებლო კუთხით ნაკლებად ინფორმირებულნი არიან, თუმცა ინტერესი მაინც არ აქვთ. მიზეზი ალბათ დროის ნაკლებობა და პირადი საქმეებია“. ლეილა ჭურკვეიძეს მიაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს პასიურობას სკოლის ფინანსებიც განაპირობებს: „ვაუჩერული სისტემა უნდა შეიცვალოს. ეს თანხები არ არის საკმარისი სკოლისთვის. ბევრი რამის გაკეთება გვინდა, მაგრამ არ არის საკმარისი თანხა, შესაბამისად, აქტიურობაც ქრება“.
სამეურვეო საბჭოს წევრებს, როგორც დირექტორი ამბობს, სკოლისთვის დამატებითი თანხის მოძიების უფლებაც აქვთ, თუმცა სპონსორების მოძიება ჭირს. „ფინანსებზე ალბათ უფრო დირექტორმა უნდა იზრუნოს. ჩვენ გაგვიჭირდება მშობლების ორგანიზებაც და თანხის მოძიებაც. რამდენი ხანია ეზოს და შენობის კედლების გაკეთება გვინდა, მაგრამ სახსრები არ არის. ვფიქრობ, ასეთი ხარჯები ისევ სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა აიღოს თავისთავზე“.
ლეილა ჭურკვეიძე მშობლების და პედაგოგების გააქტიურებას ხშირ არჩევნებსაც უკავშირებს: „ორ წელიწადში ერთხელ თუ იქნება არჩევნები, უკეთესია. უფრო მეტ მშობელს და პედაგოგს მიეცემა ჩართვის საშუალება და შეიძლება ეს უკეთესიც იყოს“.
ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს ამ სკოლის პედაგოგი ირმა დონაძეც: „გული შეგვტკივა ყველაფერზე, ფასადზე, ეზოზეც, მაგრამ ვინ უნდა დაგვეხმაროს? მე მგონია, რომ ეს რეფორმის პრობლემაა და ალბათ ჩადგება წესრიგში. სკოლა არ უნდა იყოს ვაუჩერზე დამოკიდებული, ეს ზოგადად ეფექტურობას უშლის ხელს.“
სალომე აბუსერიძე მე-11 კლასი მოსწავლეა. ის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. სამეურვეო საბჭოს წევრი და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა. მისი აზრით, სამეურვეო საბჭო ახალს და განსაკუთრებულს დღეს ვერ გააკეთებს: „ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად აქტუალურ თემებზე იხარჯებიან. ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ის არის, რომ მოსწავლეები რაიმე ფორმით გამოვაცოცხლოთ, რომ სკოლა მათთვის ერთფეროვნება კი არა, მათი თვითრეალიზების ადგილიც იყოს“.
სალომეს აზრით, ამისთვის კარგია კონკურსები და მოსწავლეთა წახალისება. „მედალსაც უნდა ჰქონდეს ფასი და ჯილდოებსაც, ეს გამოაცოცხლებს სკოლას“.

სკოლებში ამბობენ, რომ ეზოების კეთილმოწყობისთვის სახსრები არ ჰყოფნით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის გიორგი გახელაძის აზრით, სამეურვეო საბჭოების დემოტივაცია მისმა ფიქტიურმა არსებობამ გამოიწვია. მისი თქმით, განათლების ახალ კონცეფციაში სამეურვეო საბჭოების ახალი მოდელიც განიხილება, თუმცა გარკვეულ რისკებს ისიც შეიცავს. „კონცეფცია გულისხმობს სასკოლო ოლქების ინსტიტუციის შემოღებას, რომლის მიხედვით, სასკოლო ოლქები სხვა არაფერია, თუ არა იგივე სასკოლო სამეურვეო საბჭო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რამდენიმე სკოლაა გაერთიანებული“.
გიორგი გახელაძე ამბობს, რომ სამინისტრო პერიოდულად აწარმოებს ამ მოდელის განხილვას, თუმცა რეგიონების დონეზე კონცეფცია არ განუხილავთ. „უპრიანი იქნებოდა ფართო სპექტრთან საუბარი, რადგან ამ მოდელსაც აქვს ბევრი ხარვეზი. ერთი მხრივ, საოლქო საბჭოები აღმოფხვრის არსებულ კაზუსს, როცა სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებელი ირჩევს დირექტორს, რომელიც შემდგომში მისი დამქირავებელი ხდება, მაშინ როცა სამეურვეო საბჭოა წესით დირექტორის დამქირავებელი, მაგრამ ახალ კონცეფციაში არაფერია ჩადებული სამეურვეო საბჭოების მოტივაციისთვის“.
პროფესორის აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ შესაძლოა გაიზარდოს საოლქო სამეურვეო საბჭოების პოლიტიზების რისკიც. „ვიცით, რომ მშობლებისა და პედაგოგების გადაწყვეტილებებზე სამინისტროსა და თვითმმართველობის წარმომადგენელი წევრები ახდენდნენ გავლენას. ამისგან არც ამ შემთხვევაშია საბჭო დაზღვეული, თუკი წევრების შრომა არ იქნება ფინანსურად მოტივირებული, რომელიც, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების თამასუქია“. გიორგი გახელაძის აზრით, საუბარია კიდევ ერთ რისკზე: „ვის ექნება გარანტია, რომ ასეთი საოლქო საბჭოს შემადგენლობა, სადაც უფრო მეტად აქტიური წევრები იქნებიან, ბიუჯეტის ან შრომითი დავების გადაჭრისას თავიანთი სკოლის პროტექციას არ დაიწყებენ. ამიტომ, სკოლებში მოდელის პილოტირება უფრო გონივრული მიდგომაა“.
სტატია მომზადებულია პროექტის – ,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, – ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

რობი კუხიანიძის საღამო ბათუმში
პოლიტიკური მოწყობის მოდელის ძიებაში
1. დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ხელს უშლის ერთიანი პოლიტიკური სისტემის ფორმირებას. კერძოდ, კონსტიტუციის მეოთხე მუხლში განსაზღვრული დებულებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ უნდა მოხდეს რიგი ინსტიტუციონალური ცვლილებები ადმინისტრაციულ მოწყობასა და საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებაში.
2. პოლიტიკურ ლიდერთა და პოლიტიკურ ძალათა ნების არ არსებობა, რათა მოხდეს პოზიციათა შეჯერება და კონსენსუსის შედეგად ქვეყნისათვის სასიკეთო პოლიტიკური მოწყობის მოდელის ფორმირება.
სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში მუდმივად პოლიტიკურ ლიდერზე, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული სისტემის შექმნისაკენ მივისწრაფვით. საქართველომ პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნის თვალსაზრისით მინიმუმ 20 წელი დააგვიანა. მოყოლებული 1992 წლიდან ფაქტიურად ვერცერთი ფუნდამენტური ინსტუტუტის ჩამოყალიბება ვერ შევძელით. ხელისუფლების დანაწილების კუთხით კი მუდმივად სრული დისბალანსი ვლინდება.ერთი უკიდურესობიდან მეორისაკენ, შესაბამისი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით. აქედან გამომდინარე, დღეს საკმაოდ სწრაფად და ორგანიზებულად მოგვიწევს 20 წლის წინ გასაკეთებელი საქმის დაწყება.
საქართველოს პოლიტიკური მოწყობის ფორმის მხრივ, ყველაზე მისაღებ მოდელად უფრო სწორი იქნება თუ საპარლამენტო რესპუბლიკას მივიჩნევთ. რატომ საპარლამენტო რესპუბლიკა? თუ გავითვალისწინებთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენი ზომის სახელმწიფოებისათვის ყველაზე ოპტიმალური მოდელი სწორედ ეს გახლავთ.მეორე ფაქტორი ეხება აწ უკვე ჩვენივე თავზე გამოცდილ „საპრეზიდენტო“ რესპუბლიკის ავკარგიანობას.თუ გადავხედავთ მსოფლიო ქვეყნებში საპრეზიდენტო რესპუბლიკების ფუნქციონირებას, ერთეული გამონაკლისების გარდა თითქმის ყველა ავტორიტარიზმის ტენდენციებს ავლენს,შესაბამისად მისი მიღების საკითხი ეჭვქვეშ დგება.
საპარლამენტო მოწყობას თან ახლავს ნეგატიური და დამაფიქრებელი ასპექტებიც.თვალი გადავავლოთ ევროპას, რას ეფუძნება ევროპული ტიპის „პარლამენტარიზმი“? – ეს პირველ რიგში არის, სტრუქტურირებული მძლავრი პარტიული ინსტიტუტები, რომელიც წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს ზოგადად პარლამენტარიზმის ეფექტური მუშაობისათვის. სამწუხაროდ, ამ ასპექტის მიხედვით საქართველო კრიტიკულ სიტუაციაშია, ფაქტიურად კლასიკური ტიპის პარტიული „ინსტიტუტი“ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს ბაზაში 210ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, თუ გავყვებით პარტიული ინსტიტუტის მახასიათებლებს, მხოლოდ ერთეულ პარტიებს გააჩნია ეს ნიშნები. როგორც წესი პარტიული ინსტიტუტების მსგავსი სახით არსებობის დროს და პლუს სუსტი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისას, რაც აშკარაა საქართველოში, რეჟიმის არასწორად განვითარების საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე ვდგებით.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასააზრებელი, თუ რომელი პოლიტიკური მმართველობის მოდელის დამყარება გვსურს. აუცილებელია საჯარო განხილვების მოწყობა და საზოგადოებასთან ერთად ყველა იმ ნიუანსის გაანალიზება თუ, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ამა თუ იმ მმართველობის მოდელს.
იგრძენი ქუჩის გულისცემა ბათუმში
ამ წუთებში ბათუმში ქუჩის მუსიკის დღე აღინიშნება. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან მდებარე სკვერში ახალგაზრდა მუსიკოსები არიან შეკრებილნი და გამოსვლისთვის ემზადებიან.

„არის ასეთი ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“. დაუკრავენ პროფესიონალი და არაპროფესიონალი მომღერლები, ბენდები. ჟანრში არ ვზღუდავთ მუსიკოსებს. დღეს შეხვდებით ბევრ თანამედროვე ბათუმურ და ქობულეთურ ბენდებს“ – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აბელ ლასაძემ.
ფოტო: მარი მუთიძე | ბათუმელების მედიასკოლა
ქუჩის მუსიკის დღე 2007 წელს ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. ყოველი მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას. ეს არის დღე, როდესაც მთელი ლიტვა მუსიკის ჰანგების ქვეშ ერთიანდება. 2007 წელს ის პირველად ვილნიუსში ჩატარდა, მოგვიანდებით 2009-ში ფესტივალი მთელს ლიტვაში გავრცელდა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. საბოლოო ჯამში 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა ფესტივალში.
ევროპის ქვეყნებმა არ დააყოვნეს და შეუერთდნენ ლიტვის ამ ტრადიციას. თავად დამფუძნებლის სურვილი იყო დაენერგა ქუჩის მუსიკის დღე მთელს მსოფლიოში, იდეაც სწრაფად გავერცელდა და მოძრაობას შეუერთდა ბელარუსია და ლატვია.
2012 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად გაიმართა საქართველოშიც.
ტექსტი: ანა გვარიშვილი | ბათუმელების მედიასკოლა
ვიდეო: ნია აფხაზავა | ბათუმელების მედიასკოლა
ფოტორეპორტაჟი ქუჩის მუსიკის დღიდან


სიძულვილისგან თავისუფალი ზონა პრესკაფეში
„სიძულვილისგან თავისუფალი ზონა“ – ამ სახელწოდებით გაიხსნა დღეს ბათუმის პრესკაფეში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ფოტო გამოფენა.
გამოფენაზე Stray Cat–ის მიერ მომზადებული, სხეულზე ტატუს ფორმით გამოსახული ანტიჰომოფობიური სლოგანების ფოტოების სერია იყო წარმოდგენილი. დეპერსონალიზებული, ჯგუფური და იმავდროულად ფრაგმენტირებული პროტესტი ერთგვარი ირონიით ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენი საზოგადოება იმყოფება – პერსონალური ბუნტისა და ჯგუფური პროტესტის მიჯნაზე. ფოტოებს რამდენიმე ავტორი ჰყავს.
ფოტოები პრესკაფეს გამოფენისათვის ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ მიაწოდა.

„დინამოს“ შანსი და ბათუმელი, რომელიც „ბარსელონაში“ მიიწვიეს
– როგორც ვიცი, თქვენ გენერალური მდივნობის გარდა, დასავლეთ საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კურატორი ხართ, თუმცა, სანამ ბავშვებზე ვისაუბრებდეთ, „დინამოს“ შანსებზე თქვენი აზრი გვაინტერესებს და აგრეთვე, თქვენი კომენტარი იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდას?
– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ წელს ბათუმის „დინამოს“ ორი იუბილე აქვს. კლუბი 90 წლის გახდა და 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სსრკ-ს დროს გუნდმა პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ვულოცავ „დინამოს“ და მის გულშემატკივრებს. ახლა კი „დინამოს“ შანსებზეც მოგახსენებთ. წარუმატებელმა სერიამ გუნდს თავისი დაღი დაასვა და კვლავ აუტსაიდერებში დააბრუნა. ფაქტობრივად, მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა. არც ერთი გუნდი იოლად არაფერს დაგითმობს.

– უმაღლესი ლიგის გაზრდა ოთხი გუნდით, ამ საკითხზე უკვე ბევრი მსჯელობს. რამდენად რეალურია?
– დავიწყებ იმით, რომ ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომაც წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება. პირადად ჩემს აზრს კი მოგახსენებთ – მე მივესალმები გუნდების რაოდენობის გაზრდას, ეს თავად ჩემპიონატის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა.
– „შუქურა“ პირველ ლიგაში მეორე ადგილისთვის იბრძვის და თუ სფფ–მ გაზარდა გუნდების რაოდენობა, არ არის გამორიცხული უმაღლესში აჭარას ორი გუნდი ჰყავდეს…
– მაგას რა სჯობია. პირდაპირ გეტყვით, დღესდღეობით ქობულეთს გაცილებით უკეთესი და გამართული ინფრასტრუქტურა აქვს, ვიდრე ბათუმს, რაც უდავოდ ქობულეთური კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. აქვე გეტყვით, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც აჭარას სხვადასხვა ლიგაში ერთდროულად ხუთი გუნდი ჰყავს წარმოდგენილი. „დინამო“ უმაღლესში, „შუქურა“, „ბეთლემი“ და „ადელი“ პირველ ლიგაში და გუნდი „მაჭახელა“, რომელიც რეგიონალლიგაში თამაშობს და პირველ ლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს.
– ძალიან კარგი. „დინამოს“ თემას დავუბრუნდეთ. არც სტადიონი, არც ბაზა, არც ინფრასტრუქტურა…
– სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ.
– დიდი ხანია საუბრობენ სტადიონის მშენებლობაზე, მაგრამ დაპირებად რჩება…
– ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ითქვა, რომ სტადიონი აშენდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით… ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.
– მწვრთნელთა ლიცენზირების შესახებ რას იტყვით?
– ამჟამად აჭარაში A ლიცენზიის მქონე ექვსი მწვრთნელია – ალექსანდრე კანთიძე, ვანო მახარაძე, ასლან ბალაძე, ავთო კუნჭულია, სოსო ნასუაშვილი და ამირან გოგიტიძე. მათ გარდა, B ლიცენზიის მქონე 20 მწვრთნელია. ვიმედოვნებ, მათი რიცხვი კვლავ გაიზრდება, ვინაიდან კვალიფიციური მწვრთნელები ნამდვილად გვჭირდება.
– სამსაჯო კომიტეტი როგორ მუშაობს?
– როგორც იცით, ჩვენ აჭარაში მოწვეული გვყავდა ფიფა-ს არბიტრი ოთარ გუნთაძე, რომელიც ფედერაციაში სამსაჯო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, თუმცა შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, თანამშრომლობა შეწყდა. ამჟამად აჭარაში არის ერთი ბრიგადა, რომელის პირველი ლიგის მატჩებს მსაჯობს.
– ბავშვთა ფეხბურთზე უნდა გკითხოთ. ხშირად აღნიშნავენ რომ კარგი თაობა მოდის, ეს გასაგებიცაა, მაგრამ გაიზარდა ბავშვი და გაუჩნდა უფრო მაღალ დონეზე თამაშის სურვილი, რას ვახვედრებთ?
– პირველ რიგში დაგეთანხმებით, რომ მართლა კარგი თაობა მოდის. ამჟამად ბავშვთა ფეხბურთში ყველაზე უკეთესი პირობები და განვითარებული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო სკოლა „ადელს“ აქვს და კარგ ფეხბურთელებსაც ზრდიან. ბევრი ფეხბურთელი, რომელმაც ფეხი აქ, ბათუმში აიდგა, სხვადასხვა კლუბებში თამაშობს. თბილისში, „დინამოს“ სკოლაში არიან ჩვენებურები, ასევე „საბურთალოს“ აკადემიაში. საბა ცინცქილაძე და ირაკლი კომახიძე, რომლებიც 14-15 წლის ბიჭები არიან, რუსეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი ყაზანის „რუბინის“ საფეხბურთო სკოლაში ირიცხებიან.
– და არის კიდევ ერთი ბიჭი, რომლითაც თვით „ბარსელონა“ დაინტერესდა…
– ნიკა კვანტალიანზე ამბობთ?! დიახ, ეს სრული სიმართლეა. ეს ბიჭი საფეხბურთო სკოლა „ლუკას“ აღზრდილია, სამწხაროდ, ეს სკოლა უკვე აღარ არსებობს, დაიხურა. ნიკას მწვრთნელი მერაბ გეთია გახლავთ. ამ ბიჭმა მართლა დააინტერესა „ბარსელონას“ საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები და მიიიწვიეს კიდეც კატალონიაში. იმედია იქაურებსაც გამოადგება და პირველ რიგში, ქართულ ფეხბურთსაც.
მესამე გუნდური
საქართველოს ნაკრები ტურნირზე B ჯგუფში მოხვდა თურქეთის, ნახიჭევანისა და უკრაინის გუნდთან. პირველ შეხვედრაში ქართველებმა თურქებს 6:2 მოუგეს, ნახიჭევანთან 3:5 დამარცხდნენ, საბოლოოდ კი უკრაინის 5:2 ძლევით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მესამე ადგილისთვის რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ, რომელიც 7:1 მოიგეს. ბათუმელთაგან წარმატებით იასპარეზა ოთხივე ფალავანმა – ირაკლი შავაძე (50), ედნარ შავაძე (55), ფირუზ წულუკიძე (66) და ლაშა გობაძემ (74). 2-7 ივლისს ახალგაზრდა კლასიკოსები მაკედონიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
ლეონიძემ მეშვიდე იკმარა
ბაქოში გამართულ „დიდი სლემის“ ტურნირზე ბათუმელმა ძიუდოისტმა ირინა ლეონიძემ, რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი ჩემპიონია, მეშვიდე ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში ის ბრაზილიელ კლაუდირენ სეზართან იპონით დამარცხდა, შემდეგ სანუგეშო წრეში გადაერთო, თუმცა ასევე იპონით წააგო ხორვატ ივანა სუტალოსთან და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ბათუმი BIAFF-ის მოლოდინში
ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესიტვალზე მნიშნელოვანი სიახლეები იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
წელს პირველად, ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა. კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ ფილმები ბათუმის პლაჟზე და ბულვარში ნახონ. რაც შეეხება ძირითად კინოჩვენებებს, კინოთეატრ „აპოლოში“ და ბათუმის თოჯინების თეატრში მოეწყობა.
BIAFF-ზე კინოპროგრამის გარდა რამდენიმე დამატებითი ღონისძიება იქნება, მათ შორის დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი. პროექტის ფარგლებში შეირჩევა ოთხი 3-4 კაციანი გუნდი, რომელსაც ჩაუტარდებათ პრაქტიკული ხასიატის ტრენინგები დოკუმენტურ კინოში. ერთკვირიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ კინოს გადაიღებენ.
კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსი მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებზე იქნება. ასევე წარმოდგენილი იქნება ე.წ. „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ (კავკასია, ირანი, თურქეთი, ცენტრალური აზია).
კინოფესტივალი 2013 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება და მასზე დასწრებას აკრედიტირებული სტუმრები უფასოდ შეძლებენ.
შავი ზღვის ქალაქების ქალ მხატვართა გამოფენა
გამოფენა ორი დღე გაგრძელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის შავიზღვისპირა ქალაქებიდან 35 მხატვარი ქალი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ოთხი ქართველია.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს თურქეთის ქალაქ ტრაპიზონისა და ქალაქ კონიას მერებიც სტუმრობენ. დაგეგმილია შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილესთან.
შავი ზღვის ქალაქების ქალ მხატვართა გამოფენა ბათუმში პირველად იმართება.
ბრიფინგი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით
დღეს, ბათუმში, საზოგადოების ერთი ჯგუფი, 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ ბრიფინგს გამართავს. როგორც ბრიფინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაურ ბოლქვაძე ამბობს, „თბილისში გეი აღლუმის გამართვას აპირებენ“. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ეს ჯგუფი დღეს მიმართვას გაავრცელებს.
„აღლუმთან დაკავშირებით საპროტესტო ბრიფინგი გვაქვს. გავაკეთებთ მიმართვას. მიმართვის ტექსტი ისაა, რომ არ უნდა ჩატარდეს. მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ,“ – განაცხადა ზაურ ბოლქვაძემ.
ბრიფინგი და შეხვედრა თანამოაზრეებთან დღეს ორ საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.
ხვალ, 17 მაისს, თბილისში მვიდობიანი აქცია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იგეგმება.
ლიმიტი ამოიწურა – წადით!
„მათ საკმაო ხანი დაჰყვეს კლუბის სათავეში და არაფერი სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა, გუნდი პირველი ლიგიდან წელს გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში, და ახლა ისევ დაქვეითება ემუქრება, ეს კი პირველ რიგში, გუნდში გატარებული არასწორი პოლიტიკის ბრალია“, – განუცხადა ბათუმელებს „მეკობრეთა“ ერთ-ერთმა წევრმა გივი თალაკვაძემ.
ქომაგთა განცხადებით, ბათუმის „დინამო“ მარტო ხელმძღვანელობას არ ეკუთვნის, ეს ქალაქის და თითოეული ბათუმელის გუნდია. „პირველ რიგში მოვითხოვთ ხელმძღვანეობის გადადგომას. საჭიროა კლუბში ახალი სახეები მოვიდნენ და ისე წარმართონ მუშაობა, რომ ჩვენ, გულშემატკვირბესა და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელებს, მხოლოდ იმაზე არ უწევდეთ ფიქრი, გავარდებიან თუ არა. ამის გარდა, მოვითხოვთ, დაჩქარდეს სტადიონის მშენებლობის საკითხი. დიდი ხანია გვპირდებიან მაგრამ საშველი არ ჩანს. ნუთი ვერ გამოყვეს ერთი ტერიტორია ამხელა ქალაქში?“ – აცხადებენ ფან-კლუბის წევრები.
„თქვენზე არანაკლებ გვაღელვებს ბათუმის „დინამოს“ ბედი, ეს საკითხი უკვე შესწავლის პროცესშია და გპირდებით, აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს და სწორედ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ჩვენს „დინამოს“ ეკადრება“, – ასეთი გახლდათ მერიის ოფიციალური პოზიცია.
ეკომიგრანტების აქცია ბათუმის მერიასთან
წალკიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციას მართავენ და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ავტომანქანებს, რომლითაც ისინი ბათუმში ჩამოვიდნენ, პარკირების საფასური გადახდილი არ აქვთ, ბათუმში პარკირება კი ფასიანია. მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა ჯარიმის შესახებ შეიტყვეს მთავრობის სახლიდან მერიასთან გადაინაცვლეს და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება მოითხოვეს.
„ბათუმში დახმარების სათხოვნელად ჩამოვედით. წალკაში, იმ სახლებში რომელშიც ვცხოვრობდით, ბერძნები დაბრუნდნენ. დახმარების ნაცვლად მანქანებზე ათლარიანი ჯარიმები აგვიკრეს. მაშინ როცა პატრულმა დაგვაყენა იქ. რა გამოვიდა, ერთმა დაგვაყენა, მეორემ დაგვაჯარიმა. რა ვქნათ, არ ვიცით. მერიას ვთხოვთ გაგვიუქმოს ეს ჯარიმა, ანდა კეთილი ინებოს და თვითონ გადაიხადოს. 9 მანქანა დააჯარიმეს, ჯამში 90 ლარია,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მევლუდ ვაშაყმაძემ.
აქციის შემდეგ ბათუმის მერიამ გამონაკლისი დაუშვა და ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ეკომიგრანტები გადაადგილდებოდნენ ჯარიმისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება საკვებით და წყლით უზრუნველყოფას, ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მსგავსი მუხლი ბიუჯეტში, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძებებს დააფინანსებს არაა, შესაბამისად ეკომიგრანტებს ვერ დაეხმარებიან.
გიორგობა გოგნში
ყოველ წლის 6 მაისს, გიორგობას ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თერჯოლის რაიონ სოფელ გოგნში მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში იკრიბებიან. გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგის სახელობის მთაზე არსებული სამლოცველოს კარი არასდროს იკეტებოდა, სწორედ ამიტომ მას ხალხმა გოგნის კარუგდებელი უწოდა.
ხალხი სამ-ოთხ კილომეტრს გადის ფეხით, იმისათვის რომ ტაძარი მოილოცოს.
მომზადებულია ბათუმელების მედიასკოლის მოსწავლის მიერ.
გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე:
84 კომპანია ერთ სივრცეში – ექსპო ბათუმი 2013
მასში მონაწილეობას რვა ქვეყნის ( საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ლიტვა ) 84 კომპანია იღებს. გამოფენა ყინულის სასახლეში 12 მაისამდე გაგრძელდება. კვირას, 12 მაისს ორ საათზე გაიმართება სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი. ხოლო გამოფენა 17.00 საათზე დასრულდება.
მომზადებულია ბათუმელების მედიასკოლის მოსწავლეების მიერ.
გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე:

„კონტრაცეფცია და სპირალი იგივე აბორტია“ – დისკუსია აბორტის აკრძალვაზე

დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
„დედის მუცელში მყოფი ჩანასახი არის სრულყოფილი ადამიანი, მას აქვს უფლება რომ გაჩნდეს და იცოცხლოს. საკანომდებლო ბაზა უნდა შეიცვალოს, უნდა შეიქმნას ისეთი ბაზა, რომელიც აკრძალავს აბორტს, აუცილებლად მონიტორინგის ქვეშ, რომ შემდგომში არ მოყვეს ამას სხვა გართულებები. კონტრაცეფცია და სპირალი იგივე აბორტია, ექიმები უკეთ ახსნიან, რომ ეს დროთა განმავლობაში წამლავს დედას, იწვევს შემდგომ უშვილობებს, რაც აისახება ჩვენს გენოფონდზე. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამრავლება, ეს არ არის რადიკალიზმი. პატრიარქი აკრძალვის ინიცირებით არ ამთავრებს თავის პოზიციას, გამოსავალსაც ამბობს, თქვენ გააჩინეთ ბავშვები, ეკლესია გაგიზრდით შვილებს. რაც შეეხება სარდაფებში გადანაცვლებას აბორტის მსურველი ქალების, სარდაფებში დღესაც არიან, სამართალდამცავებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, თუ კანონში იქნება აკრძალვა, სამართალდამცავებს არ გაუჭირდებათ ასეთი შემთხვევების აღკვეთა.“ – განაცხადა მღვდელმა შიო პაიჭაძემ .
„ჩვენ მომხრე ვართ, რომ აბორტი აიკრძალოს კანონმდებლობით, თუ ექიმი დღეს ატარებს ამ ოპერაციას, ეს არის იძულებით ჩატარებული. აბორტის აკრძალვით არც ის არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს კრიმინალური ჩარევა, აბორტის ლეგალიზაცია იმთავითვე მოხდა იმის გამო, რომ შემცირებულიყო დედათა სიკვდილიანობა, პროცენტული რაოდენობით დედათა სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია, 1000 ქალიდან 30-ს სიკვდილი უკვე დიდი მაჩვენებელია.“ – განაცხადა დისკუსიისას გინეკოლოგმა რუსუდან ჯაბუამ.
დისკუსიის ფარგლებში ჩატარდა გამოკითხვაც. კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა აბორტის აკრძალვას, 11 ადამიანმა დადებითად უპასუხა, 12-მა – უარყოფითად, ოთხმა კი აღნიშნა, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოკითხვის 23 მონაწილე თვლის, რომ აბორტი დასაშვებია საფრთხის შემთხვევაში.
2013 წლის მოწვევის საქართველოს „ახალგაზრდული პარლამენტი“ ოფიციალურად დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება საჯარო დისკუსიები, რომელსაც მოდერაციას გაუწევენ 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატები.
„ბათუმით დაიწყო დისკუსია, დღესვე ჩატარდა ქუთაისშიც, დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობენ ცნობილი ექსპერტები, მედიკოსები, ფსიქოლოგები და სამართალმცოდნეები. მსგავსი შეხვედრები, ვფიქრობ, არის ძალიან პროდუქტიული“ – ამბობს გიგა ფარტენაძე, ახალგაზრდა პარლამენტარი.
რეგიონული დისკუსიების შემდეგ ქალაქ თბილისში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა-დისკუსია, სადაც მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილება რეგონში გამართული დისკუსიის შედეგები.
✱ ბათუმი – 8 მაისი, 14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
✱ ქუთაისი – 8 მაისი, 16:30 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
✱ გორი – 10 მაისი, 15:00 საათი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
✱ თელავი – 10 მაისი, 16:00 საათი, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი;
✱ რუსთავი – 10 მაისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
✱ საგარეჯო – 10 მაისი, 14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
შავფაროსნებს რომში დღესაც გველოდებიან
ზვიად ჯაფარიძე: მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ტურნირი არეულ კრივში, პირველად ჩატარდა აჭარაში. თავად არეული კრივი ქართული ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. მასში გამოყენებულია როგორც კრივის, ასევე ჭიდაობისა და სხვადასხვა ორთაბრძოლის ილეთები. გამოიყენებ ფეხით დარტყმაც და მახრჩობელა ილეთები, მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა სახის ორთაბრძოლის სინთეზია, თუმცა საფუძვლად ქართული საბრძოლო ხელოვნება უდევს. დაახლოებით ორი წლის მანძილზე საგანგებოდ ვმუშაობდი ამ თემაზე, რათა არეული კრივი ნაკლებტრავმიანი ყოფილიყო და მისთვის სპორტული ხასიათი მიმეცა. გარკვეული წესებიც შევიმუშავეთ. საერთო ჯამში, კარგი ნაზავი გამოვიდა, დაინტერესებაც გამოიწვია როგორც სპორტსმენთა, ასევე გულშემატკივართა შორისაც. საქართველოს ყველა რეგიონიდან, სადაც კი ფუნქციონირებს ქართული ორთაბრძოლების შემსწავლელი ჯგუფები, იყო მონაწილე ჩამოსული. საერთო ჯამში მათმა რიცხვა 50-ს გადააჭარბა. ასაკობრივი კატეგორიაც განსაზღვრული გვქონდა. 7-დან 17 წლამდე მოზარდებში 7 წონითი კატეგორია გავაკეთეთ. წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა ბიჭებმა საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ როგორც ტურნირის ორგანიზებით, ასევე მებრძოლთა მომზადების დონითაც.

– იყო დრო, როდესაც თქვენს წამოწყებას ბევრი არასერიოზულად აღიქვამდა, თუმცა, თანდათან დამოკიდებულება შეეცვალა. ეს კი განსაკუთრებით, შავფაროსნების მიერ რომის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე გამოჩნდა…
– მართალია, გასული საუკუნის 1990-იან წლებში, არავინ სერიოზულად არ აღვიქვამდა. ჩვენ კი ვცდილობდით, ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი ნაწილის, ქართული საბრძოლო ხელოვნების გადარჩენას, რათა დავიწყებას არ მოსცემოდა. დიდი სამუშაო გავწიეთ საქართველოში არსებულმა ყველა ორგანიზაციამ და ჩვენი წარმატება შარშან, იტალიაში, რომის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე დაგვირგვინდა. ისე მოეწონათ ქართველი `შავფაროსნების~ გამოსვლა, რომ სხვებს აღარც უყურებდნენ. სამწუხაროდ, შარშან პირადად მე ვერ მოვახერხე გამგზავრება, წელსაც მიწვეულები ვიყავით, თუმცა წელს საერთოდ ვერ ჩავედით რომში. არ მინდა მიზეზებზე დავკონკრეტდე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად გავემგზავრებით.
– ბათუმში დავბრუნდეთ…
– ბათუმში ამჟამად ორი ჯგუფი ფუნქციონირებს, ერთი სპორტსკოლაში, ჭიდაობის დარბაზში. მოჭიდავეებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ გამოგვიყვეს სავარჯიშოდ საათები და ვარჯიშის ნება დაგვრთეს. ასევე მეორე ჯგუფი ფუნქციონირებს ბათუმში არსებული კავკასიის ბიზნესის სკოლაში, სადაც ზურა ლაზარიშვილი წვრთნის. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ბათუმში 50-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს. აქვე აღვნიშნავ, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნების შესწავლისას ბავშვები არა მარტო ჩხუბს სწავლობენ, არამედ საართველოს ისტორიას, უფროსისადმი პატივისცემას, კაცობას, ადამიანობას. დიდი ყურადღება ექცევა მათ სულიერ აღზრდასაც. ასე რომ, ვფიქრობ, კარგ საქმეს ვემსახურებით.
– თანადგომა როგორი გაქვთ?
– აჭარის სპორტის დეპარტამენტმა წელს დაფინანსება გაგვიზარდა, რისთვისაც მადლობას მოხასენებთ. ერთი ტურნირი ჩავატარეთ, მეორე, ანალოგიური ხასიათის ტურნირს ოქტომბერში ვგეგმავთ, ოღონდ მასში უფროსი ასაკის მებრძოლები მიიღებენ მონაწილეობას. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი დარბაზი არ გაგვაჩნია. ცოტა სპეციფიკურია ჩვენი სახეობა, იარაღებთან მუშაობა გვჭირდება, ბავშვებს ვაჩვევთ სხვადასხვა სახის იარაღთან მუშაობას, ხმალი, მშვილდი, ნაჯახი და ასე შემდეგ. შესაძლოა მალე ზოგი მათგანი რომის ანალოგიურ ფესტივალებზე ვიხილოთ.
– საქართველოს სხვადასხვა კუთხე, განსაკუთრებით კი მთიანი საქართველო, გამოირჩევა საბრძოლო ხელოვნებების მრავალფეროვნებით. აქვს თუ არა აჭარას მისი კუთხისთვის დამახასიათებელი ორთაბრძოლის სახეობანი?
– მართალია, ქართული ორთაბრძოლის სახეობები მთიანეთში დღესაც შემორჩენილია, განსაკუთრებით კი ხევსურეთში. აჭარას რაც შეეხება, ჩვენ ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, სარფში, ერთ-ერთ სოფელში, შევხვდით ლაზ (სახელ და გვარს მოგვიანებით ჩავამატებ), რომელმაც გვითხრა, რომ აჭარაში, უძველესი დროიდან განვითარებული იყო შუბოსნობა, მშვილდისა და შურდულის ტყორცნა, ასევე ნაოსნობა, ანუ მებრძოლებ ძირითადად ბრძოლისას იყენებდნენ მშვილდსა და შურდულს, ასევე კარგად ხმარობდნენ შუბს. ბევრი რჩევაც მოგვცა, რაც გავითვალისწინეთ. კიდევ ბევრი რამ ჩვენ თვითონ სასწავლი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ერთ კარგ საქმეს ჩვენს ვაკეთებთ.
ევროტურნირზე მომავლისთვის ვიფიქრებთ
თამაზ ფხაკაძე: ფაქტია, რომ გუნდმა მეორე წრე უკეთ ჩაატარა ვიდრე პირველი. გვქონდა თეორიული შანსი, რომ პლეი-ოფში გვეთამაშა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ სამი მოვიგეთ, საბოლოოდ კი მეშვიდე ადგილზე დავასრულეთ ჩემპიონატი. ასე რომ, პლეი-ოფი და საპრიზო ადგილები მომავალი წლისთვის გადაიდო.
– მეორე წრეში ახალი მწვრთნელი, ლევან მგელაძე მოიწვიეთ, ის საკმაოდ წარმატებული სპეციალისტია, ბათუმში ადრეც უმუშავია, კარგად იცნობს აქაურობას. იქნებ სწორედ ამან განაპირობა გუნდის უკეთ ათამაშება?
– ლევანი უდავოდ კარგი მწვრთნელია, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დიდი წვლილი მიუძღვის კახა კუნჭულიასაც, რომელიც პირველ წრეში წვრთნიდა გუნდს. შემდეგ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ლევან მგელაძე კი მართლა ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელია, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა.
– პირველი წრის შემდეგ ბევრი მორაგბე გაუშვით და ძირითადად ადგილობრივები დაიმატეთ…
– ზოგს კონტრაქტი დაუმთავრდა და წავიდა, ზოგიც კლუბმა გაუშვა. თუმცა, ახალწვეულებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. ისინი ძირითადად ბათუმელები არიან. დარწმუნებული ვარ, მომავალში უკეთ ათამაშდებიან და „ბათუმს“ წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან.
– ისიც გავიგე, თითქოს გუნდის ზოგიერთ მოთამაშესთან კლუბის ხელმძღვანელობას რაღაც პრობლემები ჰქონია…
– არავითარი პრობლემა. თუ პატარა გაუგებრობა მოხდა, ეს უშუალოდ კლუბის „შიდა სამზარეულოა“.
– ახალი მორაგბეების დამატებას აპირებთ?
– ჩვენ დავიმატეთ გივი მეიშვილი და ბექა ნაგერვაძე, ასევე, შესაძლოა უახლოეს ხანში დავიმატოთ სერგო მოქია, რომელიც პოლონეთში თამაშობდა. შესაძლებელია, დავიმატოთ ნინიძე და გუგუშვილი, ვფიქრობ, მომავალი წლიდან გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება.
– ფედერაციის ხელმძღვანელობაც შეიცვალა, ერთ–ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ახალმა პრეზიდენტმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდისთვის მაქსიმუმს გაიღებს და ეს შედეგებში აისახება…
– ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად იანვარში ავირჩიეთ, ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ ნური ძნელაძე. რაც თქვა ბატონმა ირაკლიმ, სრული სიმართლეა. პირველ რიგში, გუნდის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
– ანგისის სტადინი, სადაც დღეს ვარჯიშობთ, დიდად ვერ აკმაყოფილებს თუნდაც ეროვნულ სტანდარტებს…
– მესმის რასაც გულისხმობთ. როგორც იცით, ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან საქართველოში რაგბის მოედნების აგება დაიწყო. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, უკვე გამოიყო ტერიოტორია, სადაც სამი სარაგბო მოედანი აშენდება. ერთი ბუნებრივსაფარიანი, ერთზე ხელოვნური საფარი დაიგება, მესამე მოედანი ე.წ., სარეზერვო ანუ სავარჯიშო იქნება. აშენდება აგრეთვე სასტუმრო, მოეწყობა დახურული ტრიბუნები – ხელოვნურზე 500, ბუნებრივსაფარიანზე კი 5000-კაციანი. იქვე იქნება გასახდელები, საშხაპეები და სხვა აუცილებელი ატრიბუტი, რასაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით მოკლებულნი ვართ. ეს პირველ რიგში, რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს. ბევრი გუნდი, მათ შორის რუსეთის უძლიერესი კლუბები, რომლებიც შეკრებას თურქეთში გადიან, აქ ჩამოვლენ, თურქეთში სათანადო ბაზები არა აქვთ, აქ კი მათ მასპინძლობასაც შევძლებთ და ამხანაგური მატჩების გამართვასაც.
– მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე ადგილზე გახვედით, მგონი გაქვთ იმის უფლება, ევროპის რეგინალლიგის გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა?
– უფლება გვაქვს, მაგრამ წელს ამისთვის სათანადოდ მზად არ ვართ, ეს პირველ რიგში სათანადო ინფრასტრუქტურის, ანუ ბაზის არქონას ეხება. ვფიქრობ, 2014 წლისთვის, ამ პრობლემასაც მოევლება, სწორედ ამ წლისთვის ვვარაუდობთ სტადიონების მშენებლობის დასრულებას.
– ბავშვთა რაგბიში რა ხდება?
– B ლიგაში თამაშობს ბათუმის გუნდი, ასევე, ჭაბუკთა ლიგაში, დასავლეთის ზონაში ვასპარეზობთ. კარგი თაობა იზრდება და დარწმუნებული ვარ, ისინი მალე უმაღლეს ლიგაშიც ღირსეულად იასპარეზებენ.
ქართველი მშვილდოსნები ევროპის გრან-პრიზე
თამაზ ფუტკარაძე: საქართველოს ქალთა ნაკრებს ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა წარმოადგენდნენ, ვაჟებში მამუკა შუშაძემ, ლაშა ფხაკაძემ და ჯაბა მოსეშვილმა იასპარეზეს. სამწუხაროდ, საპრიზო ადგილზე ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდა.
– ქალებით დავიწყოთ…
– ნარიმანიძეს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ხათუნამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1256 ქულა მოიპოვა და 44-ე ადგილზე გავიდა. ძირითად ტურნირზე კი პირველ შეხვედრაში შვედ ქრისტინე ბრეჟენდალს მოუგო 6:4, ფრანგი უდრა ადიგოე იოლად – 6:0 დაამარცხა, იმავე ანგარიშით სძლია უკრაინელ ლიდია სიშენკოვას. მეოთხედფინალში კი გერმანელ კარინა ვინტერს დაუპირისპირდა. აქ უკვე გერმანელი გამოდგა უფრო ზუსტი და ჩვენებური 7:3 დაამარცხა. ხათუნა საბოლოოდ მეექვსე ადგილზე გავიდა. ესებუამ საკვალიფიკაციოში მე-18 ადგილი დაიკავა, შემდეგ ჰოლანდიელ სარინა ლანსს მოუგო 6:0, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში თავად დამარცხდა რუს ქსენია პეროვასთან 3:7 და სმე-17 ადგილს დასჯერდა. იულია ლობჟანიძე იტალიელი ელენა ტოლეტას (6:0) და რუსი ქრისტინა ტიმოფეევას (6:2) დამარცხენის შემდეგ, მერვედფინალში თავად დამარცხდა 2:6 პოლონელ კარინა ლიპარსკასთან და მე-9 ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მერვედფინალში შვედეთის გუნდს 212:194 მოუგო, მეოთხედფინალში კი გერმანელებთან 202:209 დამარცხდნენ და მეშვიდე ადგილი დაიკავეს.
– ვაჟებმა როგორ იასპარეზეს?
– ლაშა ფხაკაძე მეთექვსმეტედფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელ მიგელ გარსიასთან ვერაფერი გააწყო და მე-17 ადგილზე გავიდა, მამუკა შუშაძემ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევსი შემდეგ პირველივე რაუნდში წააგო გერმანელ სიმონ ნისემენთან და 57-ე ადგილი დაიკავა, ანალოგიური შედეგით დაასრულა ასპარეზობა ჯაბა მოსეშვილმაც, რომელმაც მხოლოდ სლოვაკი ჟან ლიჟევაკის დამარცხება იკმარა. ვაჟებმა გაცილებით უკეთ გუნდურ ჩათვლაში იასპარეზეს და მეცხრე ადგილზე გავიდნენ.
– თუ არ ვცდები, გრან–პრიზე შერეულმა წყვილებმაც ისროლეს…
– მართალია. ქრისტინე ესებუასა და ლაშა ფხაკაძის დუეტი სლოვაკებს შეხვდა მერვედფინალში და 121:134 დამარცხდნენ, რაც მხოლოდ მეცხრე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.
– როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას?
– საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ, თუმცა, დიდი უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. კარგად იცით, მე ნაკრების თავკაცად ახლახანს დავინიშნე. მართალია, მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, მაგრამ გუნდი რომ რეალურ ფორმაში შევიდეს და მისთვის ჩვეული შედეგი აჩვენოს, ამისათვის დროა საჭირო.
– მეორე ეტაპი როდის ტარდება? იმედია იქ უკეთეს შედეგს აჩვენებთ?
– მეორე ეტაპი მაისის ბოლოს, ერევანში ჩატარდება, თუმცა, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, იქ აღარ გავემგზავრებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დროს მსოფლიო თასისთვის მზადებას მოვახმართ, რომელიც ივნისში, ანტალიაში გაიმართება. მანამდე კი, ივნისის დასაწყისში, ბათუმი საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები და არ არის გამორიცხული, გუნდში ახალი სახეებიც ვიხილოთ.
– შემადგნელობაში ცვლილებებს გეგმავთ?
– ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს სპორტსმენები.
პრესტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური ეწყობა. ჟურნალისტები ადგილზე გაეცნობიან იმ ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და ხორციელდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
კერძოდ ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გასული წლის შუა რიცხვებში დაიწყო და წელს დასრულდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, სარეკრეაციო და საპიკნიკე ადგილების კეთილმოწყობა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, რომელშიც წარმოდგენილია სამხრეთ კოლხეთისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ელემენტები, გაკეთდა გარე განათება და სველი წერტილები.
მექსიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მთლიანად აღდგა განყოფილებისაკენ მიმავალი გზა, 590 კვ/მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოიკირწყლა ანდრია კრასნოვის საფლავისაკენ მიმავალი ხეივანი. უახლოეს მომავალშია აგრეთვე დაგეგმილი მექსიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების ზღვისპირა პარკთან დამაკავშირებელი კიბის აღდგენა-რეაბილიტაცია. ზღვისპირა პარკში სპეციალური ფილაქანებით დაიგო ცენტრალური ბილიკი. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ექსპლოატაციაში შევიდა ახალი სათბური.
ხვალიდან კი ბათუმში ბოტანიკური ბაღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოთხ დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია დაიწყება. კონფერენციაში მონაწილეობას 17 ქვეყნის 165 მეცნიერი მიიღებს.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.
დილა მშვიდობისა ბათუმო
დილა მშვიდობისა ყოველ დილით გვესმის. ადამიანები ამ ფრაზით ერთმანეთს მშვიდობიან დღეს უსურვებენ. ბათუმში ყველა ცდილობს დილა ჯანსაღად დაიწყოს. მიდიან ზღვის სანაპიროზე. ზოგი ბანაობს, ზოგი დარბის მეგობრებთან ერთად. ისინი დადებითად იმუხტებიან და დარჩენილ დღეს მხიარულად და ბედნიერად ატარებენ.
გალერეის გასახსნელად დააწკაპუნეთ პირველ ფოტოზე:

სხვა ბათუმი
ქალაქი, რომელშიც დავიბადეთ, ქალაქი რომელიც ზღვით სუნთქავს… ეს ბათუმია, თუმცა ყველა ცდილობს მისი მხოლოდ ერთი მხრიდან ჩვენებას. უტყვი შენობები, მდუმარე ბულვარი. ფოტო-რეპორტაჟის მიზანი სწორედ ესაა. დაგანახოთ სხვა ბათუმი, რომელშიც ყველაფრისდა მიუხედავად, სიცოცხლე მაინც დუღს.
გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე:

კლასიკური მუსიკის საღამო ხელოვნების ცენტრში
დღეს, 30 აპრილს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო.
მონაწილეობენ: უკრაინის, კიევის პეტრე ჩაიკოვსკის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო სტუდიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი სერგეი გოლუბნიჩი.
პეტრე ჩაიკოვსკის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის ასისტენტ–სტაჟიორი ილია ინაიშვილი.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები:
ირმა ჟღენტი, არმაზ დარაშვილი, ლევან მაკარიძე, სულხან გველესიანი,
ალექსანდრე კირეევი (უკრაინა).
ასევე, თბილისის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მაყვალა ასპანიძე.
საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი: მარიამ ჯახუტაშვილი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი
პროგრამაშია: არიები და ნაწყვეტები ჯუზეპე ვერდის, პეტრე ჩაიკოვსკის
ოპერები.
დასაწყისი: 19:00 საათზე.
“მერე რა ვქნათ ახლა, ხდება მასეც“
“მერე რა ვქნათ ახლა, ხდება მასეც“ – ასე გასცა შეკითხვას პასუხი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
სტუდიიდან გამოსულებს ტელევიზიის მძღოლმა „დაგვიმატა“ ღიმილიანი სახით: „მაგი რაა, ჩემს მეზობელსაც აზოტი უნდოდა და უთხრეს, აგერ, ცული წაიღეო.“
„ნუ რა ვქნათ ახლა, ხდება მასეც“.
ისე, უმაღლესი საბჭოს კანონმდებლებმა როგორ ვერ გაიგეს, რომ მათ კანონპროექტს, აჭარის ტელევიზიის სტატუსის შესახებ, პარლამენტი აღარ განიხილავს, არ ვიცი. სხვადასხვა სესიაზე დეპუტატები მსჯელობენ, რა ვქნათ, გამოვითხოვოთ თუ დავტოვოთ პარლამენტში ჩვენი კანონპროექტიო. არადა უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, თურმე, პარლამენტი საერთოდ აღარ განიხილავს. შეჯერებული კანონპროექტი ისე შეიქმნა, ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში არაფერი იცოდნენ.
სასაცილო ამ ისტორიაში კიდევ ის იყო, რომ საბჭოს დეპუტატების – თემურ კახიძისა და ალეკო ჩიტიშვილის საუბარი პირდაპირ ეთერში ტოვებდა შთაბეჭდილებას – „არ ვიმჩნევთ, ბატონო“. მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ არ გვაცალა, თორემ ხომ მოვისმენდით საბჭოს გადაწყვეტილებასაც: „კანონპროექტს არ გამოვითხოვთ, რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი გვინდა და თუ გვიწუნებს რამეს პარლამენტი, წერილობით გვახვედროს პასუხიო“. ზვიად ქორიძე იმ დღეს ტელეფონით ჩავრთეთ გადაცემაში და გვითხრა, რაღა დროს უმაღლესი საბჭოს კანონპროქტიაო.
„მასეც ხდება“ – ამ პათოსით გარკვეული მოვლენების გამართლება გაგვიხშირდა.
პოლიციის შეფს მართვის მოწმობა არა აქვს? – „მასეც ხდება“,
პოლიციის შეფმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენათ? – „მასეც ხდება, პოლიციის მუნდირი ხომ უნდა დაიცვას?“
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საწვავის ოდენობის გაზრდა სურს? -„მასეც ხდება“, აბა, წინა თავმჯდომარეს თუ ჰქონდა იმდენი, რომ დედამიწას წრეს დაარტყამდა, ავთანდილ ბერიძემ რა დააშავა?
ეს საწვავის ამბავი ისე, რაღა სასაცილო ამბავია: ერთ საღამოს სულ სხვა თემაზე ვსაუბრობდით და გაცოფებულმა ქალმა დაგვირეკა: ეს რა თქვა ავთანდილ ბერიძემ, რა ამბავია ამდენი საწვავი, გვეხუმრებითო.
ამ მაყურებელს ნამდვილად საბჭოს თავმჯდომარის კომენტარი ჰქონდა მოსმენილი, სახე-ღიმილიანი რომ ამბობდა: ეს რაა, მეტი საწვავი დაგვჭირდებაო, მაგრამ მოქალაქემ სახუმარო ამ ამბავში ვერაფერი დაინახა. ალბათ, აჯობებდა აქაც მიგვეღო პასუხი -„რა ვქნათ ახლა, ასეც ხდება“.
პათოსი ეს იყო.
ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიის წინ
„რაც ცარიელი ქოხები იყო, ყველა დაშალეს, ჩვენც გვეუბნებიან, უნდა წახვიდეთო. ხულოდან ვარ, მაგრამ აქ ქირით ვცხოვრობდი. ხულოს გამგებელიც მოვიდა და კომისია შეიწავლის ვითარებასო. ჩვენ ვითხოვთ ადგილზე მოხდეს შესწავლა“ – ამბობს აქციის მონაწილე ხათუნა აბაშიძე.
„მეც ხულოდან ვარ. მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ ექვსი სული. მოვითხოვთ რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს ქოხების დანგრევა“- ამბობს გუგული შაინიძე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ქოხების დასანგრევად მისულმა მერიის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა რელიგიური ნიშნით მიაყენეს: „თურქების ქოხებს ვანგრევთო, ტელეფონზე უთხრეს ვიღაცას“.
ერთ-ერთმა გამომსვლელმა აქცენტი ამ ფაქტზეც გააკეთა: „ჩვენ არ გვრცხვენია რომ ვართ მუსულმანი მოსახლეობა, ამიტომ თქვენი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არის მოჩვენებითი, რადგან მობრძანდებიან და ამბობენ, თათრები ხართო. ვინ არიან თათრები? თათრები სწორედ ხელისუფლების ხელშეწყობით დასახლდნენ ბათუმში და ჩვენც რატომ უნდა შევნატროდეთ მათ.“
აქციაში მონაწილე მოსახლეობა ამბობს, რომ ქოხებში სადაც ამჟამად ცხოვრობენ გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ: „არ გვაქვს შუქი, წყალი და ელემენტარული პირობები. არც ჩვენ გვიხარია იქ ცხოვრება, მაგრამ რა ვქნათ. ამიტომ დროულად გადაწყვიტოს ხელისუფლებამ ჩვენი საკითხი“.
თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობის 350 ქოხი მერიის წარმომადგენლებმა უკვე დაანგრიეს და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან თანხაც გამოიყო.
აჭარის მთავრობის აპარატის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა კობა ჩხეიძემ გასულ კვირას “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ „მთავრობის გადაწყვეტილებით, ვისაც რეალურად აქვს საცხოვრებელი ადგილის პრობლემა, შეუძლიათ ჯერჯერობით ქოხებში დარჩნენ და იცხოვრონ: „რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, ამაზე კომენტარს ჯერ არ ვაკეთებთ, რადგან არ გვინდა წინასწარი მოლოდინები გაჩნდეს.“

ოთხი რესურსცენტრის უფროსი აჭარაში სამსახურს დატოვებს
რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა თავდაპირველად ტესტირება გაიარეს საქართველოს პოლიციის აკადემიაში. ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა მერაბ სამნიძემ მაშინ, როგორც თვითონ ამბობს, 56 ქულა აიღო. აჭარის განათლების სამინისტროში ჩატარებულ გასაუბრებაზე კი იმდენი, რამდენიც არ აღმოჩნდა საკმარისი თანამდებობის შესანარჩუნებლად. მერაბ სამნიძე ამბობს, რომ თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ამას განათლების მინისტრი მოინდომებს. მერაბ სამნიძე გასაუბრების ფორმითა და შედეგებით უკმაყოფილო არ არის.
აჭარის განათლების სამინისტროში ჩატარებული გასაუბრების შედეგად სამსახურს, სავარაუდოდ, კიდევ სამი – ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელები დაკარგავენ.
ლადო მგალობლიშვილის ფეისბუქგვერდზე მინისტრის მოადგილის შემდეგი კომენტარია გამოქვეყნებული: „ცენტრების ხელმძღვანელებს განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ერთი თვის ვადაში გაეგზავნებათ. მათ შედეგების გასაჩივრება საპრეტენზიო კომისიაში შეუძლიათ. ერთი თვის შემდეგ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება. მანამდე კი ყველა რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობას შეინარჩუნებს“.
გასაუბრება ჩაატარა აჭარის განათლების სამინისტროსთან შექმნილმა საატესტაციო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ განათლების მინისტრის ორი მოადგილე – სულიკო თებიძე და ლადო მგალობლიშვილი, ასევე სამინისტროდან ქეთევან მანელიშვილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია მასალკინი, აჭარის მთავრობის აპარატიდან როლანდ შარაშიძე, მასწავლებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი.
რატომ მიანიჭეს უპირატესობა გასაუბრებას, როგორც ატესტაციის ფორმას? რა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეაფასეს კონკურსანტები? – ამ კითხვებზე პასუხის მიღება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობის პირებისგან, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მიმართვა ირაკლი ჩავლეიშვილსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს
ჯუმბერ კახიძე, რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას, აჭარაში არც ერთი პროექტი არ დაფინანსდეს, „ხელისუფლების უუნარობის კიდევ ერთ გამოვლინებას“ უწოდებს, რომელიც მისი თქმით, ბათუმის განვითარებას შეაჩერებს.
„საქმე ეხება ბათუმის დინამიური განვითარების არა მხოლოდ შენელებას, არამედ პრაქტიკულად მის შეწყვეტას. წინა გამოსვლებში მე დავასახელე რამდენიმე პროექტი, რომელიც არ დაფინანსდა, ამას დაემატა რამდენიმე პროექტი, რომელიც გაგვიცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. მე მიკვირს, რატომ დუმს საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც გამოქვეყნდა რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადება, სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაზე და მასში აჭარიდან არც ერთი პროექტი არ მოჰყოლია, არც ერთი კაპიკი არ არის გამოყოფილი, აჭარის არც ერთ რაიონზე“, – აღნიშნა ჟუმბერ კახიძემ.
მისივე თქმით, ეს საკითხები, არამარტო რეგიონის განვითრებას, არამედ მისი მოსახლეობის ყოფაცხოვრებას უკავშირდება, რადგან პროექტების შეჩერებით 7000 სამუშაო ადგილი გაუქმდა.
„ჩვენ თურმე არამარტო სხვა დიდი პროექტების, არამედ იმ პროექტის დაფინანსების პრობლემაც გვქონია, რასაც ჟირინის არხი ეწოდება. მე ვთვლი, რომ ბათუმის განვითრებას დიდი პრობლემა ექმნება“,- განმარტა ჯუმბერ კახიძემ.
მისივე ინფორმაციით, ასევე შეჩერდა სტადიონის, ხიდების მშენებლობა თუ ნაპირგამაგრების სამუშაოები.
სამინისტრომ, 2013 წლის პირველი კვარტლის შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 643 პროექტი დაფინანსდება. ამ პროექტებში
200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, აჭარაში არც ერთი პროექტი არ ფინანსდება.
აჭარის მთავრობის დელეგაცია ბავარიაში მიემგზავრება
დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა ბავარიის სურსათის, სოფლის მეურნეობის და ტყეების სამინისტროში და ბავარიის მიწის სახელმწიფო კანცელარიაში. შეხვედრაზე მიმოიხილავენ აჭარისა და ბავარიის რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ აგრარული სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და ეკოტურიზმის განვითარებაში.
ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები რეგიონის ოლქის თვითმმართველობის თავმჯდომარესთან, მიხეილ ადამთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
ბავარიაში შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ბავარიის მიწის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და ტყეების მინისტრი ჰელმუტ ბრუნერი და ბავარიის სახელმწიფო კანცელარიის ევროკავშირთან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის რეფერატის უფროსი მარტინ შუსლერი დაესწრებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის დელეგაცია აჭარის მაღალმთიანეთში ეკო-ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და ეროვნულ პარკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. გაიმართება მოლაპარაკება ტურიზმის სერვისის სფეროში პროფესიული განათლების გაცვლით პროგრამების ამოქმედებაზე. ასევე საუბარი შეეხება ზამთრის ტურიზმის, სათხილამურო კურორტის სფეროს განვითარებას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე შეხვდება ფრაუენაუს გამგებელს, ბავარიის მიწის პარლამენტის წევრს, ეკონომიკის, ტრანსპორტის და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს; ბაიერიშე აიზენშტაინის თემისა და გაიერშტალის თემის გამგებლებს, არბერის სათხილამურო კურორტის მენეჯერს.არჩილ ხაბაძე ასევე შეხვდება ქვემო ბავარიის ტურიზმის გაერთიანების მარკეტინგის ხელმძღვანელს. განისაზღვრება სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სფეროები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ეროვნული პარკსა და ლოკალურ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს, იუნესკოს ისტორიულ ძეგლს – ქ. რეგენსბურგის ძველ ნაწილს ეწვევა. ასევე დაესწრება მინის ნაკეთობათა ტრადიციულ ბავარიულ დღესასწაულს, ადგილობრივ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, გესთჰაუსსა და ნოიშონაუში.
მე უნივერსიტეტს ვირჩევ
მე უნივერსიტეტს ვირჩევ.
ქვეყანას აქამდე დეკლარირებული ჰქონდა, რომ განათლება მისთვის იყო პრიორიტეტი. ფაქტია, რომ დღემდე ცოტა რამ გაკეთდა ამისათვის, მაგრამ მაინც. შედეგი სახეზეა – მოსწავლეების განათლების კუთხით, სამარცხვინო პოზიციებზე ვართ. თავის მხრივ ქვეყნის მასშტაბით ბოლო ადგილზე ჩვენი რეგიონია.
ამ ვითარებაში უნივერსიტეტად წოდებული შენობის მერიისთვის გადაცემა, იმას უნდა ნიშნავს, რომ განათლებას ამ ქვეყანაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ.
აბა, სხვა რასთან გვაქვს საქმე, როცა არჩევანი კეთდება მერიასა და უნივერსიტეტს, მით უფრო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის და უპირატესობას მერიას ვანიჭებთ.
მერიისთვის შენობის გადაცემის მომხრეებს, რომლებიც, ძირითადად, მერიასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ, შემდეგი არგუმენტები აქვთ. 1. ერთი ფანჯრის პრინციპით მოვემსახურებით მოსახლეობას, იუსტიციის სახლის მსგავსად. 2. ხალხის მსახურებმა კომფორტულ გარემოში უნდა იმუშაონ.
ერთი ფანჯრის პრინციპი ნამდვილად კარგია, სერვისის თვალსაზრისით. პირადად მე არაერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა დოკუმენტების შეგროვებისთვის ხან ლერმონტოვის ქუჩაზე (სადაც მერიის გარკვეული სამსახურებია განთავსებული) მიწევდა მისვლა და ხან ქალაქის ცენტრში. ეს საკმაოდ არაკომფორტულია, მაგრამ ამ სურათის შეცვლა უნივერსიტეტზე უარის თქმად, არ მიღირს.
ხალხის მსახურებს ნამდვილად სჭირდებათ კომფორტულ გარემოში მუშაობა. მათთვის ამ გარემოს შესაქმნელად ხალხმა უკვე დახარჯა არაერთი მილიონი. ამ ნომრის მესამე გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც სწორედ იმაზე წერია, რომ კომფორტის შექმნის ტენდენცია კვლავაც ძალაშია. ეს ჩემი აზრი არ არის, ამას მერიიდან მოწოდებული დოკუმენტები ადასტურებს.
სრულიად უადგილოა, მაგრამ თუ გავიხსენებ, რომ ცოტა ხნის წინ შიმშილით გამოწვეული სტრესით 1 წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა, მაშინ სიტყვა – „კომფორტის შექმნა მოხელისთვის“, უხერხული მგონია.
ეს კი ჩემი აზრია.
კიდევ ერთი გარემოებაც – ერთი ფანჯრის პრინციპით ვერ მუშაობს აჭარის მთავრობა, სამინისტროები სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა შენობაშია განთავსებული, ხოლო თავად ადმინისტრაცია სხვაგან. რა ვქნათ, დავხარჯოთ 40 მილიონი, რომ ეს სამსახურები ერთ შენობაში მოვათავსოთ? ან იქნებ რუსთაველის ქუჩაზე არსებული უნივერსიტეტის შემინული კორპუსი გავათავისუფლოთ სტუდენტებისგან – ყველა ადმინისტრაციულ დაწესებულებას დაიტევს, უმაღლეს საბჭოსაც კი, რომელიც ჩაქვშია. დეპუტატებს ხომ ურჩევნიათ ბათუმში გადმოსვლა…
სამი წლის წინ, როცა ბულვარში ხეებს ჩეხავდნენ და ამას ვაპროტესტებდით, მაშინ პროტესტში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ბოღმიანი ადამიანები განვითარებას ხელს ვუშლით. მაშინ არავინ მოგვისმინა და აშენდა ქალაქში ყველაზე მაღალი და ულამაზო შენობა. ახლაც მგონია, რომ ამ შენობისთვის ბულვარის გაჩეხვით დანაშაული ჩაიდინეს.
ჩემი გადასახედიდან, ახლა უნივერსიტეტზე, მით უფრო ტექნოლოგიურზე, უარის თქმა, ბულვარში ხეების გაჩეხვის ტოლფასია. შეიძლება უარესიც.
და ერთიც – აუდიტორიები არსებულ უნივერსიტეტსაც არ ჰყოფნის. გვაწუხებს ეს პრობლემა? – მაშინ გადავწყვიტოთ.
ვიცი, ამ შენობის გადაცემა დიდად ვერ წაადგება ბათუმის უნივერსიტეტს პოზიციების გაუმჯობესებაში, მაგრამ განცდა იმის, რომ ამ ქვეყანაში განათლებაზე ვიღაც ზრუნავს, ან შეიძლება იზრუნოს მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია.
ბათუმის უბნები ერთმანეთს ჭადრაკში დაუპირისპირდებიან
დღეს, ბათუმის სასპორტო სკოლაში დაიწყო ტურნირი ჭადრაკში ბათუმის უბნებს შორის. ტურნირი მუნიციპალური პროგრამის „ბათუმის 13 ადმინისტრაციაში შემავალ უბნებს შორის სპორტული თამაშები” ფარგლებში იმართება. პროგრამაში მონაწილეობა ბათუმში მცხოვრებ სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ.
ტურნირი ჭადრაკში 27 აპრილს დასრულდება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ტურნირი ფრენბურთში – 29 აპრილი – 4 მაისი, კალათბურთში – 17-23 მაისი და მინი-ფეხბურთში – 10-16 მაისი.
ბათუმის მერი დაუგავპილსში იმყოფება
კონფერენციის ფარგლებში იმართება ტურისტული გამოფენა, სადაც აჭარის რეგიონისთვის სპეციალური კუთხე არის გათვალისწინებული. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს ქართული ღვინის დეგუსტაციისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ასევე, ბათუმის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოეწყობა პრეზენტაცია.
ბათუმსა და დაუგავპილს შორის მეგობრობის მემორანდუმი 2012 წელს გაფორმდა, რაც ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მომზადებულია ბათუმის მერიის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.






