კვირის ამბები

არა – დისკრიმინაციას

27.05.2013
არა – დისკრიმინაციას

უბრალოდ ვიდექი და გაოცებული ვუყურებდი როგორ ეჩხუბებოდა, “სჯიდა“ დედა დაახლოებით ბაღის ასაკის შვილს.

დედა: რამდენჯერ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე იმ ბავშვს არ გაეკარო-მეთქი. ყველა სათამაშო დაგიმტვრია და გაგიუბედურა. ამ მანქანასაც თუ ათხოვებ, მეტს ვეღარ ეღირსები! – რამდენიმე წამიანი „შესვენების“ შემდეგ უფრო მშვიდი და მზრუნველი ტონით გააგრძელა – გაიგე შვილო, თურქია ის, თურქი და არ მინდა მასთან ითამაშო, მეგობრების მეტი რა გყავს?!

 

შვილი: არა დეეე, ჩემი მეგობარია…

 

ამ დიალოგმა გამვლელების ყურადღება მიიქცია. ზოდი დედას უთანაგრძნობდა და ამბობდა – ეს თურქები სულ წაგვლეკავენო, ზოგი კიცხავდა, ზოგს უბრალოდ არ აინტერესებდა. მე კი ვიდექი და არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს და კიდევ მრავალი ამგვარი ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

 

21-ე საუკუნეში ყველას გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვცხოვრობთ ცივილიზებულ სამყაროში, საქართველოში, დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ, რატომღაც არ გვინდა თუ ვერ ვახერხებთ იმას, რომ პატივი ვცეთ სხვა ადამიანის უფლებებს, არ გავრიყოთ ის ჩვენგან, არ მივაყენოთ შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავდება მასისგან, საზოგადოების იმ დიდი ნაწილისაგან, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით.

 

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ასეთი ფაქტი ხშირად ხდება. ჩვენ ან ჩვენ ირგვლივ მყოფნი, ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარი აზროვნებით თუ საზოგადოების ზეგავლენით, ვლახავთ სხვა ადამიანის უფლებებს. სამწუხაროდ ისე შევაჩვიეთ ამას, რომ აღარც გვაწუხებს. მაგრამ, ეს ხომ პრობლემაა?! მე ვიტყოდი, ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.

 

მითხარით, რატომ უნდა მოვახდინოთ სხვა ადამიანის დისკრიმინაცია, იმიტომ, რომ ის ჩვენგან განსხვავებული აზრისაა, რაღაც კონკრეტულ თემაზე თუ ფაქტზე? იმიტომ, რომ განსხვავებული მენტალიტეტი ან სოციალური მდგომარეობა აქვს? რომ, განსხვავებული რასის, კანის ფერის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თუ ეროვნების წარმომადგენელია? ან იქნებ იმიტომ, რომ შეზღუდული ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობები აქვს? რატომ? – არ მესმის!

 

ეს ყველაფერი ჩვენ ირგვლივ ხდება. ჩვენი მოვალეობა კი ის არის, რომ დავინახოთ, გამოვიჩინოთ ტოლერანტობა და ხმა ამოვიღოთ უსამართლობის წინააღმდეგ. თუ გავჩუმდებით და არაფერს ვიტყვით, ჩვენც იმ საზოგადოების ნაწილი გავხდებით, რომელიც ვერ ხედავს ამ პრობლემას და შესაბამისად არც აწუხებს, ან იქნებ ხედავს და მაინც არ აწუხებს. გვინდა ეს? – არა, მე არას ვამბობ. ვფიქრობ, რომ უნდა ვთქვათ, ვთქვათ, რომ ეს პრობლემაა, უნდა დავინახოთ და მერე გამოსწორებაც გაგვიადვილდება.

 

მე და შენ თუ ამოვიღებთ ხმას, ჩვენ ვინმე სხვა მოგვბაძავს, იმას კიდევ ვინმე სხვა, იმასაც ვინმე სხვა და ასე ყველანი ერთხმად ვიტყვით – არა – დისკრიმინაციას!

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.