კვირის ამბები

მე უნივერსიტეტს ვირჩევ

28.04.2013 • 1512
მე უნივერსიტეტს ვირჩევ

მე უნივერსიტეტს ვირჩევ.

 

ქვეყანას აქამდე დეკლარირებული ჰქონდა, რომ განათლება მისთვის იყო პრიორიტეტი. ფაქტია, რომ დღემდე ცოტა რამ გაკეთდა ამისათვის, მაგრამ მაინც. შედეგი სახეზეა – მოსწავლეების განათლების კუთხით, სამარცხვინო პოზიციებზე ვართ. თავის მხრივ ქვეყნის მასშტაბით ბოლო ადგილზე ჩვენი რეგიონია.

 

ამ ვითარებაში უნივერსიტეტად წოდებული შენობის მერიისთვის გადაცემა, იმას უნდა ნიშნავს, რომ განათლებას ამ ქვეყანაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ.

 

აბა, სხვა რასთან გვაქვს საქმე, როცა არჩევანი კეთდება მერიასა და უნივერსიტეტს, მით უფრო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის და უპირატესობას მერიას ვანიჭებთ.

 

მერიისთვის შენობის გადაცემის მომხრეებს, რომლებიც, ძირითადად, მერიასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ, შემდეგი არგუმენტები აქვთ. 1. ერთი ფანჯრის პრინციპით მოვემსახურებით მოსახლეობას, იუსტიციის სახლის მსგავსად. 2. ხალხის მსახურებმა კომფორტულ გარემოში უნდა იმუშაონ.

 

ერთი ფანჯრის პრინციპი ნამდვილად კარგია, სერვისის თვალსაზრისით. პირადად მე არაერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა დოკუმენტების შეგროვებისთვის ხან ლერმონტოვის ქუჩაზე (სადაც მერიის გარკვეული სამსახურებია განთავსებული) მიწევდა მისვლა და ხან ქალაქის ცენტრში. ეს საკმაოდ არაკომფორტულია, მაგრამ ამ სურათის შეცვლა უნივერსიტეტზე უარის თქმად, არ მიღირს.

 

ხალხის მსახურებს ნამდვილად სჭირდებათ კომფორტულ გარემოში მუშაობა. მათთვის ამ გარემოს შესაქმნელად ხალხმა უკვე დახარჯა არაერთი მილიონი. ამ ნომრის მესამე გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც სწორედ იმაზე წერია, რომ კომფორტის შექმნის ტენდენცია კვლავაც ძალაშია. ეს ჩემი აზრი არ არის, ამას მერიიდან მოწოდებული დოკუმენტები ადასტურებს.

 

სრულიად უადგილოა, მაგრამ თუ გავიხსენებ, რომ ცოტა ხნის წინ შიმშილით გამოწვეული სტრესით 1 წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა, მაშინ სიტყვა – „კომფორტის შექმნა მოხელისთვის“,  უხერხული მგონია.

 

ეს კი ჩემი აზრია.

კიდევ ერთი გარემოებაც – ერთი ფანჯრის პრინციპით ვერ მუშაობს აჭარის მთავრობა, სამინისტროები სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა შენობაშია განთავსებული, ხოლო თავად ადმინისტრაცია სხვაგან. რა ვქნათ, დავხარჯოთ 40 მილიონი, რომ ეს სამსახურები ერთ შენობაში მოვათავსოთ? ან იქნებ რუსთაველის ქუჩაზე არსებული უნივერსიტეტის შემინული კორპუსი გავათავისუფლოთ სტუდენტებისგან –  ყველა ადმინისტრაციულ დაწესებულებას დაიტევს, უმაღლეს საბჭოსაც კი, რომელიც ჩაქვშია. დეპუტატებს ხომ ურჩევნიათ ბათუმში გადმოსვლა…

 

 

სამი წლის წინ, როცა ბულვარში ხეებს ჩეხავდნენ და ამას ვაპროტესტებდით, მაშინ პროტესტში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ბოღმიანი ადამიანები განვითარებას ხელს ვუშლით. მაშინ არავინ მოგვისმინა და აშენდა ქალაქში ყველაზე მაღალი და ულამაზო შენობა. ახლაც მგონია, რომ ამ შენობისთვის ბულვარის გაჩეხვით დანაშაული ჩაიდინეს.

 

ჩემი გადასახედიდან, ახლა უნივერსიტეტზე, მით უფრო ტექნოლოგიურზე, უარის თქმა, ბულვარში ხეების გაჩეხვის ტოლფასია. შეიძლება უარესიც.

 

და ერთიც – აუდიტორიები არსებულ უნივერსიტეტსაც არ ჰყოფნის. გვაწუხებს ეს პრობლემა? – მაშინ გადავწყვიტოთ.

 

ვიცი, ამ შენობის გადაცემა დიდად ვერ წაადგება ბათუმის უნივერსიტეტს პოზიციების გაუმჯობესებაში, მაგრამ განცდა იმის, რომ ამ ქვეყანაში განათლებაზე ვიღაც ზრუნავს, ან შეიძლება იზრუნოს მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: