სპორტი

ქართველი მშვილდოსნები ევროპის გრან-პრიზე

08.05.2013 • 1403
ქართველი მშვილდოსნები ევროპის გრან-პრიზე

თამაზ ფუტკარაძე: საქართველოს ქალთა ნაკრებს ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა წარმოადგენდნენ, ვაჟებში მამუკა შუშაძემ, ლაშა ფხაკაძემ და ჯაბა მოსეშვილმა იასპარეზეს. სამწუხაროდ, საპრიზო ადგილზე ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდა.

 

 

ქალებით დავიწყოთ

 

 

– ნარიმანიძეს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ხათუნამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1256 ქულა მოიპოვა და 44-ე ადგილზე გავიდა. ძირითად ტურნირზე კი პირველ შეხვედრაში შვედ ქრისტინე ბრეჟენდალს მოუგო 6:4, ფრანგი უდრა ადიგოე იოლად – 6:0 დაამარცხა, იმავე ანგარიშით სძლია უკრაინელ ლიდია სიშენკოვას. მეოთხედფინალში კი გერმანელ კარინა ვინტერს დაუპირისპირდა. აქ უკვე გერმანელი გამოდგა უფრო ზუსტი და ჩვენებური 7:3 დაამარცხა. ხათუნა საბოლოოდ მეექვსე ადგილზე გავიდა. ესებუამ საკვალიფიკაციოში მე-18 ადგილი დაიკავა, შემდეგ ჰოლანდიელ სარინა ლანსს მოუგო 6:0, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში თავად დამარცხდა რუს ქსენია პეროვასთან 3:7 და სმე-17 ადგილს დასჯერდა. იულია ლობჟანიძე იტალიელი ელენა ტოლეტას (6:0) და რუსი ქრისტინა ტიმოფეევას (6:2) დამარცხენის შემდეგ, მერვედფინალში თავად დამარცხდა 2:6 პოლონელ კარინა ლიპარსკასთან და მე-9 ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მერვედფინალში შვედეთის გუნდს 212:194 მოუგო, მეოთხედფინალში კი გერმანელებთან 202:209 დამარცხდნენ და მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

 

 

ვაჟებმა როგორ იასპარეზეს?

 

 

– ლაშა ფხაკაძე მეთექვსმეტედფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელ მიგელ გარსიასთან ვერაფერი გააწყო და მე-17 ადგილზე გავიდა, მამუკა შუშაძემ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევსი შემდეგ პირველივე რაუნდში წააგო გერმანელ სიმონ ნისემენთან და 57-ე ადგილი დაიკავა, ანალოგიური შედეგით დაასრულა ასპარეზობა ჯაბა მოსეშვილმაც, რომელმაც მხოლოდ სლოვაკი ჟან ლიჟევაკის დამარცხება იკმარა. ვაჟებმა გაცილებით უკეთ გუნდურ ჩათვლაში იასპარეზეს და მეცხრე ადგილზე გავიდნენ.

 

 

თუ არ ვცდები, გრანპრიზე შერეულმა წყვილებმაც ისროლეს

 

 

– მართალია. ქრისტინე ესებუასა და ლაშა ფხაკაძის დუეტი სლოვაკებს შეხვდა მერვედფინალში და 121:134 დამარცხდნენ, რაც მხოლოდ მეცხრე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.

 

 

როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას?

 

 

– საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ, თუმცა, დიდი უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. კარგად იცით, მე ნაკრების თავკაცად ახლახანს დავინიშნე. მართალია, მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, მაგრამ გუნდი რომ რეალურ ფორმაში შევიდეს და მისთვის ჩვეული შედეგი აჩვენოს, ამისათვის დროა საჭირო.

 

მეორე ეტაპი როდის ტარდება? იმედია იქ უკეთეს შედეგს აჩვენებთ?

 

– მეორე ეტაპი მაისის ბოლოს, ერევანში ჩატარდება, თუმცა, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, იქ აღარ გავემგზავრებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დროს მსოფლიო თასისთვის მზადებას მოვახმართ, რომელიც ივნისში, ანტალიაში გაიმართება. მანამდე კი, ივნისის დასაწყისში, ბათუმი საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები და არ არის გამორიცხული, გუნდში ახალი სახეებიც ვიხილოთ.

შემადგნელობაში ცვლილებებს გეგმავთ?

– ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს სპორტსმენები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: