დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
„დედის მუცელში მყოფი ჩანასახი არის სრულყოფილი ადამიანი, მას აქვს უფლება რომ გაჩნდეს და იცოცხლოს. საკანომდებლო ბაზა უნდა შეიცვალოს, უნდა შეიქმნას ისეთი ბაზა, რომელიც აკრძალავს აბორტს, აუცილებლად მონიტორინგის ქვეშ, რომ შემდგომში არ მოყვეს ამას სხვა გართულებები. კონტრაცეფცია და სპირალი იგივე აბორტია, ექიმები უკეთ ახსნიან, რომ ეს დროთა განმავლობაში წამლავს დედას, იწვევს შემდგომ უშვილობებს, რაც აისახება ჩვენს გენოფონდზე. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამრავლება, ეს არ არის რადიკალიზმი. პატრიარქი აკრძალვის ინიცირებით არ ამთავრებს თავის პოზიციას, გამოსავალსაც ამბობს, თქვენ გააჩინეთ ბავშვები, ეკლესია გაგიზრდით შვილებს. რაც შეეხება სარდაფებში გადანაცვლებას აბორტის მსურველი ქალების, სარდაფებში დღესაც არიან, სამართალდამცავებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, თუ კანონში იქნება აკრძალვა, სამართალდამცავებს არ გაუჭირდებათ ასეთი შემთხვევების აღკვეთა.“ – განაცხადა მღვდელმა შიო პაიჭაძემ .
„ჩვენ მომხრე ვართ, რომ აბორტი აიკრძალოს კანონმდებლობით, თუ ექიმი დღეს ატარებს ამ ოპერაციას, ეს არის იძულებით ჩატარებული. აბორტის აკრძალვით არც ის არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს კრიმინალური ჩარევა, აბორტის ლეგალიზაცია იმთავითვე მოხდა იმის გამო, რომ შემცირებულიყო დედათა სიკვდილიანობა, პროცენტული რაოდენობით დედათა სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია, 1000 ქალიდან 30-ს სიკვდილი უკვე დიდი მაჩვენებელია.“ – განაცხადა დისკუსიისას გინეკოლოგმა რუსუდან ჯაბუამ.
დისკუსიის ფარგლებში ჩატარდა გამოკითხვაც. კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა აბორტის აკრძალვას, 11 ადამიანმა დადებითად უპასუხა, 12-მა – უარყოფითად, ოთხმა კი აღნიშნა, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოკითხვის 23 მონაწილე თვლის, რომ აბორტი დასაშვებია საფრთხის შემთხვევაში.
2013 წლის მოწვევის საქართველოს „ახალგაზრდული პარლამენტი“ ოფიციალურად დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება საჯარო დისკუსიები, რომელსაც მოდერაციას გაუწევენ 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატები.
„ბათუმით დაიწყო დისკუსია, დღესვე ჩატარდა ქუთაისშიც, დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობენ ცნობილი ექსპერტები, მედიკოსები, ფსიქოლოგები და სამართალმცოდნეები. მსგავსი შეხვედრები, ვფიქრობ, არის ძალიან პროდუქტიული“ – ამბობს გიგა ფარტენაძე, ახალგაზრდა პარლამენტარი.
რეგიონული დისკუსიების შემდეგ ქალაქ თბილისში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა-დისკუსია, სადაც მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილება რეგონში გამართული დისკუსიის შედეგები.
✱ ბათუმი – 8 მაისი, 14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
✱ ქუთაისი – 8 მაისი, 16:30 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
✱ გორი – 10 მაისი, 15:00 საათი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
✱ თელავი – 10 მაისი, 16:00 საათი, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი;
✱ რუსთავი – 10 მაისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
✱ საგარეჯო – 10 მაისი, 14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;