დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური ეწყობა. ჟურნალისტები ადგილზე გაეცნობიან იმ ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და ხორციელდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
კერძოდ ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გასული წლის შუა რიცხვებში დაიწყო და წელს დასრულდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, სარეკრეაციო და საპიკნიკე ადგილების კეთილმოწყობა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, რომელშიც წარმოდგენილია სამხრეთ კოლხეთისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ელემენტები, გაკეთდა გარე განათება და სველი წერტილები.
მექსიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მთლიანად აღდგა განყოფილებისაკენ მიმავალი გზა, 590 კვ/მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოიკირწყლა ანდრია კრასნოვის საფლავისაკენ მიმავალი ხეივანი. უახლოეს მომავალშია აგრეთვე დაგეგმილი მექსიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების ზღვისპირა პარკთან დამაკავშირებელი კიბის აღდგენა-რეაბილიტაცია. ზღვისპირა პარკში სპეციალური ფილაქანებით დაიგო ცენტრალური ბილიკი. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ექსპლოატაციაში შევიდა ახალი სათბური.
ხვალიდან კი ბათუმში ბოტანიკური ბაღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოთხ დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია დაიწყება. კონფერენციაში მონაწილეობას 17 ქვეყნის 165 მეცნიერი მიიღებს.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.