Batumelebi | სამეურვეო საბჭოები დამკვირვებლის როლში სამეურვეო საბჭოები დამკვირვებლის როლში – Batumelebi
RU | GE  

სამეურვეო საბჭოები დამკვირვებლის როლში

 

რა შეცვალა სამეურვეო საბჭოებმა სკოლაში, რამდენად ეფექტურია მათი მუშაობა და როგორ ხედავენ პედაგოგები და მშობლები სკოლის ამ რგოლის მომავალს? „ბათუმელები“ ამ ეტაპზე სამეურვეო საბჭოებში არსებულ პროცესებს ორი საჯარო სკოლის მაგალითზე განიხილავს. 

 

 

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების შექმნა განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ექვსი პედაგოგისა და ამდენივე მშობლისგან დაკომპლექტებული ორგანოს ძირითადი ფუნქცია სასწავლო პროცესის კონტროლი, ბიუჯეტის დაგეგმარებაში ერთობლივი მუშაობა და სკოლის დირექტორის არჩევა იყო. სკოლებში ამბობენ, რომ სამეურვეო საბჭოები ყველაზე აქტიურნი რეფორმის პირველ ეტაპზე იყვნენ, განსაკუთრებით, დირექტორების არჩევნების დროს. გასულ წლებში „ბათუმელები“ წერდა, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, არჩეულები ყოფილიყვნენ, ცდილობდნენ სამეურვეო საბჭო მათ მიმართ კეთილგანწყობილი პედაგოგებითა და მშობლებით დაეკომპლექტებინათ, რაც ხშირ შემთხვევაში კონფლიქტსაც იწვევდა. თუმცა, სკოლებში აღიარებენ, რომ ეს პერიოდი მაინც უფრო მეტი დინამიკით და ეფექტით გამოირჩეოდა, რადგან სკოლებს რეფორმა მეტი დამოუკიდებლობის შანსს აძლევდა.

„დროთა განმავლობაში ეს პროცესი უფრო პასიური გახდა. უბრალოდ, ინტერესი აღარ არის. დღეს დირექტორი უფრო მეტადაა დაინტერესებული სამეურვეო საბჭოს აქტიურობით, ვიდრე თვითონ საბჭო“ _ ამბობს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზ ბერიძე, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრად მეორედაა არჩეული. მას მიაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს მხრიდან იდეების დეფიციტია: „პედაგოგებიც და მშობლებიც საკუთარი საქმით, პრობლემებით უფრო არიან დაინტერესებულნი, ვიდრე სიახლეებზე ფიქრით. პედაგოგებს ყოველდღიური რუტინა ღლის, მშობლებს კი სამუშაო და ოჯახის რჩენაზე ზრუნვა“.

ნარგიზ ბერიძის აზრით, სამეურვეო საბჭოს სტიმულირება შესაძლებელია ფინანსურად: „სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მაინც რომ ჰქონდეს სიმბოლური ხელფასი, ამას შეიძლება შეეცვალა სიტუაცია. არ ვიცი. დასახვეწია ბევრი დეტალი, ამჯერად მიჭირს დაკონკრეტება, მაგრამ ვფიქრობ, ფინანსური მოტივაცია იმუშავებს, რომ სკოლის ეს მნიშვნელოვანი რგოლი გამოცოცხლდეს“.
პედაგოგის აზრით, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს.

ნანა ფაღავა მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგია. ისიც სამეურვეო საბჭოს წევრია, თუმცა არსებული მდგომარეობით უფრო კმაყოფილია: „რაღაც-რაღაცები შესაცვლელია, მაგრამ ძირითადად, სკოლის პროცესებში სამეურვეო საბჭო ჩართულია“. როგორც ნანა ფაღავა ამბობს, საბჭოს „ჩართულობა“ სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშების მოსმენაში გამოიხატება. „აუცილებლობის შემთხვევაში მშობლებიც არიან აქტიურები და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას“.

თვითონ სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლებიც აქტიურ მუშაობად მიიჩნევენ პროცესს, როცა საბიუჯეტო საკითხებში არიან ჩახედული და დირექტორისგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ: „ბოლო ორი თვეა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ვახერხებ სკოლაში მისვლას, თუმცა მანამდე ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი“ _ ამბობს რუსუდან სირაბიძე. იგი წინა მოწვევის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო. მას ეფექტურ მუშაობად მიაჩნია, როცა დირექცია მშობლების მოსაზრებას იზიარებს. რაც შეეხება დირექტორების არჩევნებს, რუსუდან სირაბიძის აზრით, `ეს ყოველთვის პრობლემა იყო და ალბათ ასეც იქნება, რადგან მაინც იმას ნიშნავენ, ვინც განათლების სამინისტროს უნდა. თუმცა ახლანდელი დირექტორი ჩვენ ავირჩიეთ“.

სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები და პედაგოგები ამბობენ, რომ ახალ საგანმანათლებლო კონცეფციის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან: „მუშაობა ეფექტურია იმ კუთხით, რომ დირექტორი ყოველთვის გვიკეთებს მოხსენებას ფინანსებზე. საკანონმდებლო კუთხით რა ცვლილებებზე მიდის საუბარი, ვერ გეტყვით. პატარა ბავშვები მყავს და ბოლო პერიოდში ვერ ვერთვები პროცესებში“ _ გვეუბნება მე-2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, მშობელი გურანდა ხალვაში.

მე-20 საჯაროს სკოლის სამეურვეო საბჭოში სულ 15 წევრია: ექვსი მშობელი, რამდენიმე პედაგოგი, ერთი მოსწავლე და თითო წარმომადგენელი ქალაქის თვითმმართველობიდან და განათლების სამინისტროდან. თუმცა ექვსი მშობლიდან ოთხს უფლებამოსილება უკვე შეჩერებული აქვს. ერთ-ერთი მათგანი მაია უზუნაძეა. მისი აზრით, სამეურვეო საბჭოები აქტიურია და ეს აქტიურობა, როგორც სხვა სკოლის შემთხვევაში, აქაც სხდომებზე დასწრება და დირექტორის ფინანსური ანგარიშების მოსმენაში გამოიხატება. „ჩვენგან იშვიათია იდეები. რატომ, ვერ გეტყვით. ვერც იმაზე ვისაუბრებ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ საბჭოს მეტი ეფექტურობისთვის“.

სკოლის პედაგოგის, ლეილა ჭურკვეიძის აზრით, მშობლების ჩართულობის ასამაღლებლად მეტი ინფორმირებულობაა საჭირო: „საკანონმდებლო კუთხით ნაკლებად ინფორმირებულნი არიან, თუმცა ინტერესი მაინც არ აქვთ. მიზეზი ალბათ დროის ნაკლებობა და პირადი საქმეებია“. ლეილა ჭურკვეიძეს მიაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს პასიურობას სკოლის ფინანსებიც განაპირობებს: „ვაუჩერული სისტემა უნდა შეიცვალოს. ეს თანხები არ არის საკმარისი სკოლისთვის. ბევრი რამის გაკეთება გვინდა, მაგრამ არ არის საკმარისი თანხა, შესაბამისად, აქტიურობაც ქრება“.

სამეურვეო საბჭოს წევრებს, როგორც დირექტორი ამბობს, სკოლისთვის დამატებითი თანხის მოძიების უფლებაც აქვთ, თუმცა სპონსორების მოძიება ჭირს. „ფინანსებზე ალბათ უფრო დირექტორმა უნდა იზრუნოს. ჩვენ გაგვიჭირდება მშობლების ორგანიზებაც და თანხის მოძიებაც. რამდენი ხანია ეზოს და შენობის კედლების გაკეთება გვინდა, მაგრამ სახსრები არ არის. ვფიქრობ, ასეთი ხარჯები ისევ სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა აიღოს თავისთავზე“.

ლეილა ჭურკვეიძე მშობლების და პედაგოგების გააქტიურებას ხშირ არჩევნებსაც უკავშირებს: „ორ წელიწადში ერთხელ თუ იქნება არჩევნები, უკეთესია. უფრო მეტ მშობელს და პედაგოგს მიეცემა ჩართვის საშუალება და შეიძლება ეს უკეთესიც იყოს“.

ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს ამ სკოლის პედაგოგი ირმა დონაძეც: „გული შეგვტკივა ყველაფერზე, ფასადზე, ეზოზეც, მაგრამ ვინ უნდა დაგვეხმაროს? მე მგონია, რომ ეს რეფორმის პრობლემაა და ალბათ ჩადგება წესრიგში. სკოლა არ უნდა იყოს ვაუჩერზე დამოკიდებული, ეს ზოგადად ეფექტურობას უშლის ხელს.“

სალომე აბუსერიძე მე-11 კლასი მოსწავლეა. ის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. სამეურვეო საბჭოს წევრი და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა. მისი აზრით, სამეურვეო საბჭო ახალს და განსაკუთრებულს დღეს ვერ გააკეთებს: „ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად აქტუალურ თემებზე იხარჯებიან. ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ის არის, რომ მოსწავლეები რაიმე ფორმით გამოვაცოცხლოთ, რომ სკოლა მათთვის ერთფეროვნება კი არა, მათი თვითრეალიზების ადგილიც იყოს“.

სალომეს აზრით, ამისთვის კარგია კონკურსები და მოსწავლეთა წახალისება. „მედალსაც უნდა ჰქონდეს ფასი და ჯილდოებსაც, ეს გამოაცოცხლებს სკოლას“.

სკოლებში ამბობენ, რომ ეზოების კეთილმოწყობისთვის სახსრები არ ჰყოფნით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის გიორგი გახელაძის აზრით, სამეურვეო საბჭოების დემოტივაცია მისმა ფიქტიურმა არსებობამ გამოიწვია. მისი თქმით, განათლების ახალ კონცეფციაში სამეურვეო საბჭოების ახალი მოდელიც განიხილება, თუმცა გარკვეულ რისკებს ისიც შეიცავს. „კონცეფცია გულისხმობს სასკოლო ოლქების ინსტიტუციის შემოღებას, რომლის მიხედვით, სასკოლო ოლქები სხვა არაფერია, თუ არა იგივე სასკოლო სამეურვეო საბჭო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რამდენიმე სკოლაა გაერთიანებული“.

გიორგი გახელაძე ამბობს, რომ სამინისტრო პერიოდულად აწარმოებს ამ მოდელის განხილვას, თუმცა რეგიონების დონეზე კონცეფცია არ განუხილავთ. „უპრიანი იქნებოდა ფართო სპექტრთან საუბარი, რადგან ამ მოდელსაც აქვს ბევრი ხარვეზი. ერთი მხრივ, საოლქო საბჭოები აღმოფხვრის არსებულ კაზუსს, როცა სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებელი ირჩევს დირექტორს, რომელიც შემდგომში მისი დამქირავებელი ხდება, მაშინ როცა სამეურვეო საბჭოა წესით დირექტორის დამქირავებელი, მაგრამ ახალ კონცეფციაში არაფერია ჩადებული სამეურვეო საბჭოების მოტივაციისთვის“.

პროფესორის აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ შესაძლოა გაიზარდოს საოლქო სამეურვეო საბჭოების პოლიტიზების რისკიც. „ვიცით, რომ მშობლებისა და პედაგოგების გადაწყვეტილებებზე სამინისტროსა და თვითმმართველობის წარმომადგენელი წევრები ახდენდნენ გავლენას. ამისგან არც ამ შემთხვევაშია საბჭო დაზღვეული, თუკი წევრების შრომა არ იქნება ფინანსურად მოტივირებული, რომელიც, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების თამასუქია“. გიორგი გახელაძის აზრით, საუბარია კიდევ ერთ რისკზე: „ვის ექნება გარანტია, რომ ასეთი საოლქო საბჭოს შემადგენლობა, სადაც უფრო მეტად აქტიური წევრები იქნებიან, ბიუჯეტის ან შრომითი დავების გადაჭრისას თავიანთი სკოლის პროტექციას არ დაიწყებენ. ამიტომ, სკოლებში მოდელის პილოტირება უფრო გონივრული მიდგომაა“.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე