Batumelebi | ოთხი რესურსცენტრის უფროსი აჭარაში სამსახურს დატოვებს ოთხი რესურსცენტრის უფროსი აჭარაში სამსახურს დატოვებს – Batumelebi
RU | GE  

ოთხი რესურსცენტრის უფროსი აჭარაში სამსახურს დატოვებს

 

აჭარაში არსებული რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსის მეორე ტური ჩაატარა. კონკურსის შედეგების მიხედვით, ბარიერი მხოლოდ ორი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადალახა. ქედაში დურმიშხან შავიშვილმა ასიდან 77, ქობულეთში მადონა გოგიტიძემ ასიდან 53 ქულა აიღეს.




რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა თავდაპირველად ტესტირება გაიარეს საქართველოს პოლიციის აკადემიაში. ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა მერაბ სამნიძემ მაშინ, როგორც თვითონ ამბობს, 56 ქულა აიღო. აჭარის განათლების სამინისტროში ჩატარებულ გასაუბრებაზე კი იმდენი, რამდენიც არ აღმოჩნდა საკმარისი თანამდებობის შესანარჩუნებლად. მერაბ სამნიძე ამბობს, რომ თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ამას განათლების მინისტრი მოინდომებს. მერაბ სამნიძე გასაუბრების ფორმითა და შედეგებით უკმაყოფილო არ არის.

 

აჭარის განათლების სამინისტროში ჩატარებული გასაუბრების შედეგად სამსახურს, სავარაუდოდ, კიდევ სამი  – ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელები დაკარგავენ.

 

ლადო მგალობლიშვილის ფეისბუქგვერდზე მინისტრის მოადგილის შემდეგი კომენტარია გამოქვეყნებული: „ცენტრების ხელმძღვანელებს განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ერთი თვის ვადაში გაეგზავნებათ. მათ შედეგების გასაჩივრება საპრეტენზიო კომისიაში შეუძლიათ. ერთი თვის შემდეგ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება. მანამდე კი ყველა რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობას შეინარჩუნებს“.

 

გასაუბრება ჩაატარა აჭარის განათლების სამინისტროსთან შექმნილმა საატესტაციო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ განათლების მინისტრის ორი მოადგილე – სულიკო თებიძე და ლადო მგალობლიშვილი, ასევე სამინისტროდან ქეთევან მანელიშვილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია მასალკინი, აჭარის მთავრობის აპარატიდან როლანდ შარაშიძე, მასწავლებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი.


რატომ მიანიჭეს უპირატესობა გასაუბრებას, როგორც ატესტაციის ფორმას? რა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეაფასეს კონკურსანტები? – ამ კითხვებზე პასუხის მიღება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობის პირებისგან, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები