სიახლეები

“მერე რა ვქნათ ახლა, ხდება მასეც“

30.04.2013 • 1683
“მერე რა ვქნათ ახლა, ხდება მასეც“

 

 

მერე რა ვქნათ ახლა, ხდება მასეც“ –  ასე გასცა შეკითხვას პასუხი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

სტუდიიდან გამოსულებს ტელევიზიის მძღოლმა „დაგვიმატა“ ღიმილიანი სახით: „მაგი რაა, ჩემს მეზობელსაც აზოტი უნდოდა და უთხრეს, აგერ, ცული წაიღეო.“

 

„ნუ რა ვქნათ ახლა, ხდება მასეც“. 

 

 

ისე, უმაღლესი საბჭოს კანონმდებლებმა როგორ ვერ გაიგეს, რომ მათ კანონპროექტს, აჭარის ტელევიზიის სტატუსის შესახებ, პარლამენტი აღარ განიხილავს, არ ვიცი. სხვადასხვა სესიაზე დეპუტატები მსჯელობენ, რა ვქნათ, გამოვითხოვოთ თუ დავტოვოთ პარლამენტში ჩვენი კანონპროექტიო. არადა უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, თურმე, პარლამენტი საერთოდ აღარ განიხილავს. შეჯერებული კანონპროექტი ისე შეიქმნა, ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში არაფერი იცოდნენ.

 

 

სასაცილო ამ ისტორიაში კიდევ ის იყო, რომ საბჭოს დეპუტატების – თემურ კახიძისა და ალეკო ჩიტიშვილის საუბარი პირდაპირ ეთერში ტოვებდა შთაბეჭდილებას – „არ ვიმჩნევთ, ბატონო“. მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ არ გვაცალა, თორემ ხომ მოვისმენდით საბჭოს გადაწყვეტილებასაც: „კანონპროექტს არ გამოვითხოვთ, რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი გვინდა და თუ გვიწუნებს რამეს პარლამენტი, წერილობით გვახვედროს პასუხიო“. ზვიად ქორიძე იმ დღეს ტელეფონით ჩავრთეთ გადაცემაში და გვითხრა, რაღა დროს უმაღლესი საბჭოს კანონპროქტიაო. 

 

 

„მასეც ხდება“ – ამ პათოსით გარკვეული მოვლენების გამართლება გაგვიხშირდა.

პოლიციის შეფს მართვის მოწმობა არა აქვს? – „მასეც ხდება“,

პოლიციის შეფმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენათ? – „მასეც ხდება, პოლიციის მუნდირი ხომ უნდა დაიცვას?“

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საწვავის ოდენობის გაზრდა სურს? -„მასეც ხდება“, აბა, წინა თავმჯდომარეს თუ ჰქონდა იმდენი, რომ დედამიწას წრეს დაარტყამდა, ავთანდილ ბერიძემ რა დააშავა?

 

 

ეს საწვავის ამბავი ისე, რაღა სასაცილო ამბავია: ერთ საღამოს სულ სხვა თემაზე ვსაუბრობდით და გაცოფებულმა ქალმა დაგვირეკა: ეს რა თქვა ავთანდილ ბერიძემ, რა ამბავია ამდენი საწვავი, გვეხუმრებითო.

 

 

ამ მაყურებელს ნამდვილად საბჭოს თავმჯდომარის კომენტარი ჰქონდა მოსმენილი, სახე-ღიმილიანი რომ ამბობდა: ეს რაა, მეტი საწვავი დაგვჭირდებაო, მაგრამ მოქალაქემ სახუმარო ამ ამბავში ვერაფერი დაინახა. ალბათ, აჯობებდა აქაც მიგვეღო პასუხი -„რა ვქნათ ახლა, ასეც ხდება“.

 

პათოსი ეს იყო.   

გადაბეჭდვის წესი


ასევე: