დროში გაყინული ფული

3 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან (“EBRD”) და 5,4 მილიონი ევრო გრანტი საერთაშორისო ორგანიზაცია “SIDA”-სგან აჭარის მთავრობამ ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელების მიზნით მიიღო. პროექტი აჭარაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყარის მოწყობასა და ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყარების კონსერვაციას ითვალისწინებს.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაგავსაყარის მშენებლობის დაფინანსებაზე მოლაპარაკება აჭარის მთავრობამ 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დროში გაიწელა. აჭარის მთავრობამ სპეციალური კომისიის შექმნის მიუხედავად საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ვერ შეძლო _ შესაბამისად, სესხის სახით გამოყოფილი სამი მილიონი ევროდან თანხა საერთოდ არ აუთვისებია.

ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიმღები ვალდებულია სესხის აუთვისებელ ნაწილზე თანხის 0,5 პროცენტი გადაიხადოს წლიურად.  შესაბამისად, ამის გამო აჭარის მთავრობამ 2011-2012 წლებში 84 ათასი ლარი გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეს ყველაფერი 2012 წლის ანგარიშში აქვს აღწერილი. აუდიტორი თავის დასკვნაში წერს, რომ ეს ხარჯი შესაბამისი სტრუქტურების არაეფექტური მუშაობით იყო გამოწვეული და თანხა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დაიხარჯა.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მართვა შესაბამისი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს _ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს – დავით ბალაძეს ჩააბარეს. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მინისტრი გასული წლის 8 აპრილს, კომისიის სხვა წევრებთან ერთად, პროექტის დამფინანსებლებსა და საკონსულტაციო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღეს.

რა ეტაპზეა ამ დროისთვის პროექტი და დაიწყო თუ არა თანხის ათვისება? – ამ კითხვაზე “ბათუმელებმა” ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, `პროექტი ნაგავსაყარის ადგილის მონაცვლეობის გამო იყო შეჩერებული და ბოლო ერთი წლის მანძილზე პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ განახლდა”.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა ნაგავსაყარის მშენებლობისთვის გამოყოფილი სესხის ათვისება, პასუხი არც პრესსამსახურს და არც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბესო ბოლქვაძეს აქვს.

“პროექტი გაჩერებული არ არის. ეს ძალიან დიდი პროექტია, ზეპირად პასუხს ვერ გაგცემთ. წერილობით სჯობს, ასეთია მინისტრის პოზიცია”, – უთხრა მინისტრის მოადგილემ “ბათუმელებს” სატელეფონო საუბარში.

პროექტის გაჭიანურების მიზეზად ნაგავსაყარის მშენებლობისთვის შერჩეული ადგილის მონაცვლეობა სახელდება. თავდაპირველად ნაგავსაყარის მშენებლობას აჭარის მთავრობა ჩაქვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმავდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტის, ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს: “საკონსულტაციო კომპანია “სვეკო” მუშაობს პროექტირებაზე, დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს 2014 წლის აგვისტოში. შემდეგ კომპანიის შესარჩევად გამოცხადდება ტენდერი. სატენდერო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაიწყება მშენებლობა. პროექტის გაჭიანურება ადგილის შეცვლის საჭიროებამ გამოიწვია”.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ოფიციალურ საიტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყარის მშენებლობის დაწყების თარიღად 2014 წლის ივლისია მითითებული.

რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს ენერგოკომპანიის ცხელი ხაზის ოპერატორი

GE DIGITAL CAMERA

სემეკის დადგენილებით:

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესებით გათვალისწინებული ქოლ–ცენტრის მუშაობა 24-საათიან რეჟიმში.

ქოლ-ცენტრის ოპერატორებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს, მათ შორის:

ა) წყვეტის (გეგმური, არაგეგმური) არსებობის შემთხვევაში – მისი მიზეზი და სავარაუდო ხანგრძლივობა;

ბ) მომხმარებლის დავალიანების ოდენობა როგორც მიმდინარე, ისე დაგროვილი და გადახდის ბოლო ვადა;

გ) მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლის მხრიდან დავალიანების დაფარვის შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელში ჩართვის ზუსტი დრო;

დ) დაგროვილი დავალიანების გადანაწილების პირობები;

ე) აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის წესი და პირობები;

ვ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესი და პირობები;

ზ) ლიცენზიატის მიერ მომხმარებელზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

2. ლიცენზიატის ქოლ-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია და შემოდის მომხმარებლის ზარი, პროგრამამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ზარის გადაყვანა ლოდინის რეჟიმში;

ბ) ლოდინის რეჟიმში მყოფ მომხმარებელს ქოლ-ცენტრის პროგრამამ ავტომატურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მერამდენეა იგი რიგში, ასევე ლოდინის სავარაუდო პერიოდი;

დ) ყოველ შემომავალ ზარს ქოლ–ცენტრის პროგრამამ უნდა მიანიჭოს უნიკალური კოდი.

3. ქოლ-ცენტრს უნდა გააჩნდეს თავისი სერვერი, სადაც შეინახება (დაარქივდება) შემდეგი ინფორმაცია:

ა) კალენდარული წლის განმავლობაში შემომავალი ზარების რაოდენობა;

ბ) კალენდარული წლის განმავლობაში ყოველ შემომავალ ზარზე პასუხის გაცემის დრო და საუბრის ხანგრძლივობა;

გ) კალენდარული წლის განმავლობაში ქოლ-ცენტრში შემოსული ყველა ზარი (საუბარი).

4. ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს სემეკს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

5. სემეკი უფლებამოსილია, გამოითხოვოს ლიცენზიატის სერვერზე შენახული (დაარქივებული) ნებისმიერი ინფორმაცია.

ამ სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შეუსრულებლობის შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია ენერგოკომპანიის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელი ხაზის ნომერია 032 2471707 რაც მითითებულია ელექტროენერგიის გადახდის ქვითრებზეც.

ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის მერობის კანდიდატი დაასახელა

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე და ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს საკრებულოში ბათუმის უბნებიდან მაჟორიტარობის რვა კანდიდატი წარადგინა: მირდათ ქამადაძე, ლევან დიასამიძე, მარიამ ჯინჭარაძე, მარინე ჩიხლაძე, ირაკლი მოდებაძე, გოჩა კირკიტაძე,  ირაკლი თავართქილაძე  და ნინო ასამბაძე. კიდევ ორი მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ბათუმში საკრებულოს წევრი და ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე იქნება.

„რთულია საარჩევნო გარემო.  გარემოს ეს უკვე ეტყობა  გუშინდელი ფაქტით. ის რაც ბათუმში მოხდა  ცხადყოფს იმას რომ ქართული ოცნება  კანონის ჩარჩოებით არ ცდილობს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.  ისინი ითამაშებენ წესების დარღვევით. ამის მიუხედავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  ყველგან და  ამ შემთხვევაში ბათუმში აუცილებლად იბრძოლებს გამარჯვებისთვის. იბრძოლებს იმიტომ რომ  გვყავს  ძალიან ღირსეული მერობის კანდიდატი, გვყავს ძალიან ღირსეული  კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში წარმოდგენილი.  ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საქმე გაკეთებული და სამწუხაროდ ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად ვუყურებთ როგორ ფუჭდება ეს ყველაფერი. დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენი  გამარჯვების შემდეგ ეს ყველაფერი ისევ გაგრძლედება და ბათუმი გახდება კიდევ უფრო  კარგი ქალაქი ვიდრე არის დღეს,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბათუმის მერობის კანდიდატის გიორგი დიასამიძის თქმით, ის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი ქალაქი, ძალიან კარგად ვიცი მისი პრობლემები, მაქვს ჩემი შეხედულება  მის პერსპექტივებზე. მაქვს შვიდწლიანი გამოცდილება თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება  ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში მუშაობის. აქედან გამომდინარე,  მე ვფიქრობ რომ ჩემი სურვილი ძალიან ბევრი ჩემი თანაქალაქელის სურვილს ვიცხოვროთ უკეთეს ქალაქში   დაემთხვევა ერთმანეთს,“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ივნისში გაიმართება.

მაჟორიტარობის კანდიდატები

დაკავება ხელვაჩაურში

 

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2013 წლის 21 დეკემბრიდან, მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ამზომველების საქმეზე.

 
კერძოდ, არსებობდა ეჭვი, რომ სოფლის რწმუნებულების დახმარებით, მიწის ამზომველი კომპანიები, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ადგენდნენ ყალბ საბუთებსა და ნახაზებს, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეების საკუთრებაში არეგისტრირებდნენ მდინარეების – ჭოროხი და აჭარისწყალი – კალაპოტებს, ჭალებსა და წყალში მდებარე კუნძულებს.

 
უკანონოდ დარეგისტრირებული მდინარის კალაპოტები, ჭალები და წყალში მდებარე კუნძულები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, მოქალაქეების მიერ სხვისდებოდა ჰესის მშენებელ კომპანიაზე.

 
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,  და შესაბამისი სასამართლო განჩინების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნენ: საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი დ.გ., სამსახურის უფროსის მოადგილე რ.ზ. და ამავე სამსახურის სპეციალისტი ე.ქ. ასევე დაკავებულია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდის რწმუნებული ჯ.ლ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შპს „გეო“-ს ამზომველი ხ.ლ. – ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოქალაქე შ.ლ. დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე.
 
 
ამასთან, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ: ხელვაჩაურის რაიონის აჭარისწყლის თემის სოფელ მირვეთის და მაჭახლისპირის რწმუნებული ნ.ზ. და კირნათის თემის სოფელ გვარას ორგანიზატორები – ფ.ლ. და რ.შ.

 
სულ საქმეში 45 პირი ფიგურირებს, მათ შორის ათამდე ამზომველი კომპანიაა.
 

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია შემდეგი: საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები, ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ამზადებდნენ ყალბ საკადასტრო აზომვით ნახაზებს მდინარე ჭოროხის და აჭარისწყლის კალაპოტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, როგორიცაა მდინარის კალაპოტი, მდინარის ჭალა და წყალში მდებარე კუნძულები. ყალბ ნახაზებზე ასახული ფართების მოქალაქეების პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტს უკანონოდ ადასტურებდნენ ადგილობრივი რწმუნებულები. ამ გზით შექმნილი ყალბი დოკუმენტების წარდგენა მოქალაქეების მიერ ხდებოდა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის თანამშრომლებიც, სათანადო გადამოწმების გარეშე, ახორციელებდნენ უძრავი ქონების რეგისტრაციებს.

 
ხშირ შემთხვევაში, ამგვარად მოპოვებული საკუთრება მოქალაქეების მიერ გასხვისებულ იქნა ჰესების მშენებელ კომპანიაზე, რის შედეგადაც ისინი დაეუფლნენ დიდი ოდენობის თანხებს.

 
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგრძელებს საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.

გამწვანების აქცია ხელვაჩაურში

 

გამწვანების აქცია  საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის „მწვანე მომავალის“ განხორციელების ფარგლებში ჩატარდება. მუნიციპალიტეტის თერთმეტივე თემში 500 ძირი იფანის, 2000 აკაციის, 200 ქართული მუხის ხე და 800 ძირი ჭალის მუხა დაირგვება.

 

  ჯამში  მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე 3500 ცალი ნერგი დაირგვება.  

 

გონიოში გადაკეტილი გზა გაიხსნა

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავდაპირველად განაცხადა რომ აქციაზე მისვლას არ გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და მოსახლეობას შეხვდა.

 

 აქციის მონაწილეებს არჩილ ხაბაძემ სპეციალური, სამთავრობო კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელ კომისიაშიც გონიოს მცხოვრებთა  წარმომადგნელებიც ჩაერთვებიან.   

 

ხაბაძესთან შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გაათავისუფლა. 

არჩილ ხაბაძე აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გონიოში ჩასვლას არ აპირებს

„მინდა მივმართო იმ 271 ოჯახს, რომელსაც პრეტენზია აქვს გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო რომ სამივე ინსტანცია  თავის დროზე აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წაგებული აქვთ მოსახლეობას, მაგრამ მიუხედავად ამისა მე განვაცხადე და  კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიქმნება კომისია, რომელიც ორშაბათიდან უკვე  შეუდგება მუშაობას.  შერეული კომისია,  სადაც წარმოდგენილი იქნება მთავრობის აპარატის თანამშრომლები,  სპეციალისტები სამინისტროდან, ვფიქრობთ უმაღლესი საბჭოდანაც იქნება წარმომადგენლობა. ასევე არასამთავრობოები და დღის  ბოლომდე ველოდებით პასუხს მოსახლეობიდან რომ სამი წევრი  (მათ მიერ დასახელებული პიროვნება) იყოს ამ კომისიაში წარმოდგენილი.

ვფიქრობ რომ დღის ბოლომდე ამ სამი პიროვნების ვინაობა გადაწყდება და  ორშაბათიდან კომისია დაიწყებს მუშაობას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.  მანამდე მოვუწოდებ რომ დაიშალონ და გზა გაათავისუფლონ,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

გონიოში მიმდინარე აქციაზე მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. არჩილ ხაბაძის განცხადებით ის არ აპირებს გონიოში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას.

„მე  ორშაბათს განვაცხადე კომისიის შექმნის შესახებ. მოსახლეობამ დაინახა რომ  ჩვენი მზაობა არის. კიდევ ერთხელ თემის წამოწევა და გზის გადაკეტვის გამო  შეიძლება ვივარაუდოთ რომ უკვე  მართულია ეს პროცესი. ალბათ არის კატეგორია პიროვნებებისა ვისაც  ამის გართულება ხელოვნურად სურთ.  არ ვიცი ვისგანაა ეს მართული, მაგრამ მოსახლეობას მივმართავ,  მზაობა არის და ნება რომ  ეს საკითხი იქნას მიყვანილი ბოლომდე.

აქციაზე არ მივალ, ჩვენი წარმომადგენლები არიან  იქ დილიდანვე. იქ იმყოფება იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იქ არის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, არის ძალოვნები, რომლებმაც იციან ამის შესახებ.  იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეეები არ დაიშლებიან, გზა მაინც გაიხსნება,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ამ წუთებში გონიოში მოსახლეობას გზა ისევ გადაკეტილი აქვს. როგორც „ბათუმელების“ კორესპონდენტი აქციიდან იტყობინება, მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ბათუმში, მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა შესთავაზეს.  თუმცა გონიოელები ამ ეტაპზე ხაბაძესთან ბათუმში შეხვედრას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და ჩაქვში ასვლა შესთავაზა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ. თუმცა მოსახლეობა არც ამ შემოთავაზებაზეა თანახმა.

ორ საათზე მეტია ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

აქცია გონიოში ფოტო:ირმა დიმიტრაძე

გონიოში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

13:50   გონიოში  აქციის მონაწილეებთან აჭარის საპატრულოს უფროსი მივიდა.  აქციის მონაწილეებთან იმყოფებიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც. გზა ისევ გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა გადაადგილების უფლება მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს მისცეს. გონიოს მცხოვრებთა მოთხოვნებზე განცხადება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აქციის მონაწილეებს გზის გახსნისაკენ მოუწოდა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით,  შეიქმნება კომისია, რომელიც  მიწების დაბრუნების საკითხს შეისწავლის.

 

 

 

ფოტო: ირმა დიმიტრაძე

 

 

ფოტო: ირმა დიმიტრაძე

27 ათასი ლარი სატელეფონო საუბრებზე ბათუმის საკრებულოში

 

ხარჯები დეტალურად ასე გამოიყურება:

 

მობილურ სატელეფონო მომსახურებაში – 23 397,12 ლარი;  საქალაქო სატელეფონო მომსახურებაში – 3 714,17 ლარი;   საკაბელო ტელევიზიის მომსახურებაში – 1 152 ლარი;  ინტერნეტ მომსახურებაში – 6 650 ლარი;   საინფორმაციო მომსახურება „09“ – 132,6 ლარი;  საფოსტო მომსახურებაში – 591,3 ლარი;  სწრაფ საფოსტო მომსახურებაში კი – 220 ლარი.

 

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე და გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ  საჯაროა და დაწესებულება კანონით ვალდებულია იგი ყოველწლიურად გამოაქვეყნოს.

 

ზემოაღნიშნული ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.  საკრებულოში (შტატგარეშეს ჩათვლით) 50 საჯარო მოხელეა დასაქმებული.

 

ანალოგიური ინფორმაცია დღემდე არ გამოუქვეყნებია ბათუმის მერიას.

 

გონიოში მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

 

მოსახლეობა  გზის გადაკეტვას აპირებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  

 

 ექსპრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა  2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს  საკუთრებაში გადასცა ის მიწები, რომლითაც  ოჯახები იჯარით სარგებლობდა. მოგვიანებით კი 2010 წელს მესაკუთრეებს მიწები ჩამოართვეს.   გონიოს მცხოვრებნი სწორედ ამ ჩამორთმეული  მიწების დაბრუნებას ითხოვენ.

 

ფოტო: ირმა დიმიტრაძე

ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება

 

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო საკრებულოს რიგგარეშე სხდომის

დღის წესრიგს აქვეყნებს

 

1. „ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 დეკემბრის #15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: თემურ ცეცხლაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.

 

2. „ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესყიდვების გეგმის  დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #101 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხსენებელი: ელდარ ბოლქვაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფარსტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი.

 

3. „ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი   ბიუჯეტის უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის მიზნობრივი  პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის #91 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხსენებელი: გურამ ჩოგაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი.

 

ოსტეოქონდროზი – „არ არსებობს წყალზე უკეთესი მკურნალი”

ბატონო მიხეილ, როგორია კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომები?

ოსტეოქონდროზი შემპარავად ვითარდება და როცა ჩამოყალიბდება, ძირითადად შემდეგ ხვდება ადამიანი, რომ ის დაავადებულია. ოსტექონდროზი შეიძლება გამოვლიდეს ტკივილით, თუმცა დაავადება შეიძლება დაიწყოს პარესთეზებით: ეს შეიძლება იყოს დაბუჟება, უსიამოვნო შეგრძნებები ხელისა და ფეხის თითებში, ყურში ხმაური, თავბუსხვევა და ასე შემდეგ. წელის მალების ოსტეოქონდროზის შემდეგ ყველაზე ხშირია კისრის მალების ოსტეოქონდროზი და ადამიანების დიდ ნაწილს ეს დაავადება უქვეითებს შრომის უნარს, გონება-განწყობას, ადამიანი ვერ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს.

რა არის კისრის ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები?

კვების მოუწესრიგებელი რაციონი, შრომის პირობები – ეს ყველაფერი განსაზღვრავს ამ დაავადების ჩამოყალიბებას. თუ ვიცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნაკლებად გვექნება ოსტეოქონდროზის საშიშროება.

რატომ უკავშირდება კვება კისრის ოსტეოქონდროზს?

თუ ადამიანი სრულფასოვნად არ იკვებება, ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. ოსტეოქონდროზი არის ხერხემლის  ძვლისა და მალების დაავადება, რომლის დროსაც ხდება მალთაშუა დისკების პათოლოგია. ძვლების გარშემო იოგები უხეშდება, ხდება გაუწყლოვანება, დახეთქვა, ძვლის იოგების გარშემო, რომელიც ხერხემალს იჭერს, კრავს. წარმოიქმნება მარილოვანი წანაზარდები, რაც ზეწოლას იწვევს ნერვის გარსზე, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს ტკივილს თუ ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას.

პრობლემაა ის დიეტები, რომლებსაც ძირითადად ქალები მიმართავენ, ვგულისხმობ ე.წ. სწრაფ დიეტებს. ეს დაავადება ზოგადად ახალგაზრდა ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ახალგაზრდა მამაკაცებში უფრო წელის ოსტეოქონდროზი გვხვდება.

ჭარბი წონის მქონე პაციენტები რისკჯგუფს წარმოადგენენ?

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჭარბ წონას, ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია დაავადების განვითარების. ჭარბი წონაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა და პირდაპირ მანიშნებელია, რომ იქაც დარღვევაა. ჭარბწონიანი ავადმყოფი ყოველთვის ცოტა ზარმაცია, არ ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით და შედეგად ადვილად ვითარდება ოსტეოქონდროზი.

რა ასაკში არის კისრის და ზოგადად ოსტეოქონდროზით დაავადების მაღალი რისკი, რამდენი წლის იყო თქვენი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი?

ეს იყო 15 წლის ბიჭი წელის ოსტეოქონდროზით, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. ბავშვი მუშაობდა სიმძიმეზე, ოჯახური პირობები ჰქონდა საკმაოდ რთული. 25 წლის ასაკის პაციენტებიც მოდიან, მაგრამ ძირითადად უფრო მეტად პაციენტების ასაკი  30 წლიდან იწყება. ზოგადად ოსტეოქონდროზით რისკი ასაკთან ერთად იმატებს.

რა გართულებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი კისრის ოსტეოქონდროზის დროს?

ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზულია ხერხემლის დისკის დაზიანება. ყველაზე ცუდი გართულება რაც შეიძლება ოსტეოქონდროზს მოჰყვეს, ეს არის კომპრესია ზურგის ტვინზე და ამის შედეგად მოწყვეტა. ეს არის საშინელება.  საბედნიეროდ კეთდება ოპერაცია და ბევრი პაციენტი ოპერაციის შემდეგ აგრძელებს ჩვეულებრივად ცხოვრებას.

ქირურგიული ჩარევა ოსტეოქონდროზის დროს ყველაზე მძიმე შემთხვევებში ხდება?

არა. თუ ოპერაცია საჭიროა, ის დროულად უნდა ჩატარდეს. გავრცელებულია აზრი, რომ ოპერაციის შემდეგ ასეთი პაციენტები უარესად არიან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ხშირად არის შემთხვევა, როცა ექიმი ამბობს, რომ ეს არის საოპერაციო, მაგრამ პაციენტი ჯიუტად ითხოვს მკურნალობის გაგრძელებას. როცა შედეგს ვერ იღებს, მიდის მეორე ექიმთან, მესამესთან და გადის დრო. ნერვი, უხეშად რომ ვთქვათ, არის დაახლოებით სიგარეტის სიმსხო და მე მინახავს ნერვი კომპრესიის დროს, რომელიც ასანთის სიმსხო იყო, რადგან იგი ვეღარ იკვებება, სუსტდება. ასე, რომ თუ ოპერაცია საჭიროა, სჯობს დროულად გაკეთდეს, რადგან დროის დაკარგვა კიდევ მეტ გართულებებს გამოიწვევს და არც მკურნალობას ექნება შედეგი.

როგორ ხდება ოსტეოქონდროზის მკურნალობა?

ამ დაავადების მკურნალობა არის პროცესი და არა მომენტი. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი, დროში გაწელილი. პაციენტს სჭირდება ნებისყოფა. ცხოვრების აქტიური წესი, კვების მოწესრიგება – ამ შემთხვევაში ავადმყოფობა პროგრესირებას არ განიცდის, პაციენტს არ ექნება გამწვავება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯანმრთელია და დაავადების უკუგანვითარებას იწვევს. თუ პირიქით – პაციენტი მოდუნდება, დაავადება პროგრესირდება და შეიძლება მივიდეს ხეიბრობამდე.

მკურნალობიდან რამდენ ხანში დგება შედეგი, თუ შეგვიძლია ამის თქმა?

დიახ, პროგნოზირება შეგვიძლია. მკურნალობის შედეგის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რით არის კისრის ოსტეოქონდროზი გამოხატული: ტკივილით თუ სხვა პრობლემებით. თუ მწვავე ტკივილია, შედეგებს მალე ვიღებთ მედიკამენტოზური მკურნალობით, მაგრამ მკურნალობა ამით არ სრულდება, მკურნალობა, როგორც აღვნიშნეთ, დიდხანს გრძელდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკიც გვემატება. ასაკი არ არის ავადმყოფობა, მაგრამ წლებთან ერთად ორგანიზმის ფუნქციები მცირდება, ჩვენი აქტივობა მცირდება და ეს ხელს უწყობს დაავადების განვითარებას.

რაც შეეხება მასაჟებსა და ცურვას, ამბობენ, რომ ეს მეთოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტეოქონდროზის მკურნალობისას. ეს ასეა?

არ არსებობს წყალზე უკეთესი მკურნალი. მწვავე პერიოდში ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ცურვას, მაგრამ მწვავე პერიოდის შემდეგ ძალიან კარგია. ოსტეოქონდროზის დროს სუსტდება კუნთოვანი აპარატი ხერხემლის გარშემო, რომელზეც ხერხემალი დამაგრებულია და ამ კუნთების გამაგრებაა საჭირო, რომ ხერხემალმა თავისი ფუნქცია შეინარჩუნოს. ამისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ცურვა, როცა არ ხდება ზეწოლა და ისე მოძრაობს, ვარჯიშობს ხერხემალი. თან წყალში უხერხული და სწრაფი მოძრაობა ვერ გაკეთდება, ხოლო შენელებული მოძრაობა წყალში ძალიან სასარგებლოა. სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სეზონი ისე გავა, რომ ზღვაზე არ წავა. ეს ძალიან ცუდია.

რაც შეეხება მასაჟს, მასაჟით ხდება ადგილობრივად კუნთების დამუშავება, კუნთებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რაც, შესაბამისად, იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, კუნთის ტონუსის მომატებას, მის გაზრდას, მომატებას, რაც ასევე ხერხემლის ძვლიანი აპარატის გამაგრებას იწვევს. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება _ არ შეიძლება მასაჟის გაკეთება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან არის ხშირად ისეთი მდგომარეობა, როცა მასაჟი არ არის სასურველი.

პროფესიულ დაავადებად თუ ითვლება ოსტეოქნდროზი?

მკერავებისთვის არის დამახასიათებელი გულმკერდის ოსტეოქონდროზი, სიმძიმეებზე მომუშავეებისათვის – წელის ოსტეოქონდროზი, გონებით მომუშავეებისათვის – კისრის ოსტეოქონდროზი. ხშირად მინახავს ასევე, რომ მოცეკვავეებს აქვთ გულმკერდის ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი. ამ მიმართულებით კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ  ასეთი შემთხვევები ხშირია ჩემს პრაქტიკაში.

როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან ეს დაავადება?

აქტიური ცხოვრება, არა ჭარბ წონას, მოწესრიგებული კვების, დასვენებისა და მუშაობის რეჟიმი და პირობები –  ეს არის საუკეთესო პროფილაქტიკა. ხაზი მინდა გავუსვა – ეს დაავადება სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის და მისი მართვა სრულებით  შესაძლებელია, თუ არ არის დიდი დაზიანებები.

მთავარი ფოტო ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის (BAU) ფეისბუქგვერდიდან

ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში

 

 

 

რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა?


 ქვეყანაში დამკვიდრებული იყო მასწავლებლის თეორიული ცოდნის შეფასების ერთადერთი მოდელი _ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა ამგვარი შეფასების სისტემა არასრულყოფილი და ცალმხრივია. მასწავლებლის საქმიანობის თითქმის 80% პრაქტიკაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, აუცილებელია მასწავლებლის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული საქმიანობის შეფასება. შესაბამისად, ახალი სისტემის მიზანია შემოიტანოს სკოლებში მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.

 როგორ ჩაერთვებიან ახალ სქემაში ის მასწავლებლები, რომლებმაც უკვე გაიარეს სერტიფიცირება?


ყველა მოქმედი მასწავლებელი ავტომატურად გახდება ახალი სასწავლო წლიდან ამ სისტემის ნაწილი. ეს აღარ იქნება „სქემა“, ანუ პროგრამა, რომელშიც სურვილის მიხედვით ერთვები. ეს იქნება სისტემის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, ახალი სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას. ამ კატეგორიების სახელები ჯერ განხილვის პროცესშია, ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია: მენტორი მასწავლებელი _ უმაღლესი კატეგორია, მკვლევარი მასწავლებელი _ პირველი კატეგორია, წარჩინებული მასწავლებელი _ მე-2 კატეგორია, პრაქტიკოსი მასწავლებელი _ მე-3 კატეგორია. ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს მიენიჭება „წარჩინებული მასწავლებელი _ მე-2 კატეგორია“.

რას ნიშნავს ოთხსაფეხურიანი პროფესიული სტანდარტი?


პროფესიული სტანდარტი ვრცელდება ყველა მასწავლებელზე, სწორედ სტანდარტს დაეყრდნობა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სისტემა. მისი გამოყენებით შეფასდება მასწავლებლობის კომპეტენციები. მასზე დაყრდნობით შეიქმნება, „მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების გზამკვლევი“.
სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საფუძველი. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას. ის გვაძლევს კრიტერიუმებს და აღწერს, როგორი გზით მიდის მასწავლებელი პროფესიული განვითარების პროცესში.

რა პრინციპით მოხვდებიან მასწავლებლები ამა თუ იმ კატეგორიაში?


უნდა განვასხვაოთ ორი პროცესი _ პირველი დაიწყება 2014 წლის სექტემბერში: დიპლომის ხარისხის და სერტიფიცირების გათვალისწინებით მოქმედი მასწავლებლები გადანაწილდებიან სამ კატეგორიაში.

1. ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) _ შევა პრაქტიკოსი მასწავლებლის კატეგორიაში;
2. ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) _ შევა წარჩინებული მასწავლებლის კატეგორიაში;
3. საგნის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც არის მოქმედი მასწავლებელი _ გახდება მკვლევარი მასწავლებელი.
4. ამ ეტაპზე მენტორი მასწავლებელი არ გვეყოლება.
2014 წლის სექტემბრიდან მასწავლებელი კატეგორიაში მოხვდება მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების, კვალიფიკაციის და სწავლების შედეგების მიხედვით.

კლასიფიკაცია თუ აისახება ხელფასზე. რამდენპროცენტიანი სხვაობა იქნება, მაგალითად, მე-2 და მე-3 კატეგორიის მასწავლებელს შორის?


რა თქმა უნდა, აისახება. განათლების სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები, რადგან მათი ჩატარების შემდეგ, ახალი სისტემის ამუშავების წინ, სამინისტროს ეცოდენიბა სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული მასწავლებლების საბოლოო რაოდენობა. ამ მონაცემების გარეშე, ვფიქრობ, ძნელია საბოლოო სახელფასო ციფრების გაცხადება.

როგორია პროცედურა ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასასვლელად და რა დრო დასჭირდება ამისთვის პედაგოგს?

საფეხურის შესაბამისი კრედიტების დასაგროვებლად მასწავლებელს ეძლევა სხვადასხვა ვადა. მაგალითად, წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად 2-3 წელი; მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად 2–დან 4 წელი და მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად 2–დან 5 წელი.

პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის შესანარჩუნებლად საჭიროა 14 კრედიტი; წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად – 24 კრედიტი; მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად – 32 კრედიტი; მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად – 40 კრედიტი.

მასწავლებელი, რომელიც ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოხვდება, დარჩება თუ არა სკოლაში?


შეუძლებელია მოქმედი მასწავლებელი „ვერ მოხვდეს“ სადმე. ყველა მოქმედი მასწავლებელი ისევ რჩება მასწავლებლად, უბრალოდ, ისინი ძირითადად, ორ კატეგორიაში გადანაწილდებიან. მკვლევარი ძალზე ცოტა იქნება.

მასწავლებლებს წინ ელით სულ ცოტა კიდევ სამი წელი პრაქტიკული საქმიანობის შესამოწმებლად, რომელშიც საკვანძო როლი სკოლას ენიჭება. ასე რომ მხოლოდ კომპლექსური შეფასების შედეგად, სამი წლის თავზე დადგება საკითხი _ რა კვალიფიკაციას აჩვენებს კლასში, მაგალითად, პრაქტიკოსი მასწავლებელი. შეფასების საფუძველზე, რომელშიც ჩართულია სკოლაც და გარე შემფასებლებიც, გადაწყდება, თუ შემდგომში რომელ კატეგორიაში აღმოჩნდება მასწავლებელი.

2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი ყველასათვის სავალდებულო უნდა გამხდარიყო. ამ ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ გაგრძელდება თუ არა სერტიფიცირების პროცესი?

 2014 წლიდან გამოცდა აღარ იქნება სერტიფიკატის ანუ მასწავლებლის უფლების მოპოვების ერთადერთი საშუალება, როგორც ეს იყო ადრე. მასწავლებლის შეფასება გახდება მრავალფეროვანი, მასში მრავალი მონაწილე ჩაერთვება, ის იქნება უფრო ობიექტური და გამჭვირვალე. ასევე მასწავლებელი თავად იქნება ამ პროცესების თანამონაწილე. საგნობრივი გამოცდა გადაიქცევა კრედიტების დაგროვების საშუალებად პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის.

 

ველოსიპედის ქურდობაში ბრალდებული

 

 

 

საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა ბათუმში, სავაჭრო ცენტრ “პლაზას” მიმდებარე ტერიტორიიდან ველოსიპედი მოიპარა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულს ორი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული გირაოს სახით დაკისრებულ თანხას გადაიხდის, მას წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. 

ბრალდება 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლე საქმის არსებით განხილვას 5 მაისს დაიწყებს.

ჩაშლილი შეთანხმება – “შევეცდებით ყველა ხერხით გავაჩეროთ ეს მშენებლობა”

ოთარ იაკობაძე

ოთარ იაკობაძე

_ ბატონო ოთარ, როგორც ვიცით, ხელისუფლებამ გასაცნობად გამოგიგზავნათ ხელშეკრულება. როგორია მოსახლეობის პოზიცია?

_ მაგ დოკუმენტზე 8 მარტის შემდეგ ვმუშაობდით, რადგან დავთანხმდით მოლაპარაკებაზე. აქციის დარბევის შემდეგ კომპანიამ და ხელისუფლებამაც ბევრი ვალდებულება აიღეს. ისეთი ვალდებულებებიც, რომელიც არ შედიოდა აჭარის ხელისუფლების კომპეტენციაში. მაშინ მოსახლეობის ნაწილი დაფიქრდა და თქვა, თუ მართლა სახელმწიფო ინტერესებში შედის ჰესის მშენებლობა, ვნახოთ რა სახეს მიიღებს მემორანდუმიო. თუმცა, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფარსი. ჩაგვითრიეს მოლაპარაკების პროცესში, გაწელეს, ცხელ კვალზე დაგვპირდნენ სერიოზულ რაღაცებს, მაგრამ ყველა შეხვედრაზე პირობები იცვლებოდა. ბოლო შეხვედრაზე კი ჩვენი აღშფოთება რამდენიმე მუხლმა გამოიწვია.

_ რა პირობა დაარღვია ხელისუფლებამ, შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი დაასახელოთ?

_ აჭარის მთავრობა პირველი შეთანხმების დროს საუბრობდა, რომ თუკი მოხდებოდა ეროზია, ან სასმელი წყალი გაქრებოდა, დაინგრეოდა სახლი ან ყანა დაიბზარებოდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდებოდა სოფელი, ამ შემთხვევაში იღებდა ის განსახლების ვალდებულებას.

როგორც ვიცით, ჰესის მშენებელი კომპანია საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებითა და საერთაშორისო კვლევის სტანდარტებით შემოვიდა. ამ სტანდარტებს გვაფარებენ თვალებზე, არადა, სოფელი არავის შეუსწავლია, მხოლოდ მდინარის მარცხენა სანაპირო შეისწავლეს, სადაც კაშხალი უნდა გაკეთდეს. მსოფლიო ბანკს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს კი არანებაყოფლობით განსასახლებელ მოსახლეობასთან დაკავშირებით სპეციალური პოლიტიკა აქვთ შემუშავებული. იქ გაწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს ზარალის ანაზღაურება და ნაცვალგების რა პრინციპებით მოხდეს კომლის განსახლება. პირველ მოლაპარაკებაზე ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ხელშეკრულებაში ჩაიდებოდა მსოფლიო ბანკის სტანდარტები. დათქმული იყო, რომ გასულ ოთხშაბათს უნდა ამოეტანათ ხელშეკრულების ბოლო ვერსია მოსახლეობისთვის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ ყველა წინასწარი შეთანხმება დარღვეული აქვთ: არც გარანტიები, არც ვალდებულებები. ზერელედ, არაფრისმთქმელი ფრაზებით ეწერა, რომ ზიანის შემთხვევაში ზარალს სახელმწიფო სტანდარტით აგვინაზღაურებენ. მაგათი სახელმწიფო სტანდარტი კი ვიცით რაც არის _ ქედაში დამეწყრილ ოჯახს მიუგდეს ათი ათასი ლარი და მორჩა. რადგან სახელმწიფო ადეკვატურად არ ანაზღაურებს ზიანს, შეთანხმება აღარ შედგა.

_ რას აპირებთ?

_ პრემიერთან შეხვედრა გვინდოდა, მაგრამ არც იმან მოგვხედა. 12-იდან 6 საათამდე მთავრობის სახლის წინ ველოდით, მაგრამ ათი წუთი ვერ გამონახა, რომ შეგვხვედროდა. ხალხი გაღიზიანდა და ითქვა, რომ არანაირ მემორანდუმზე შეთანხმება აღარ მოხდება. ყველგან და ყველაფერში ტყუილია. ადგილობრივ არჩევნებსაც ბოიკოტს ვუცხადებთ.

_ ეს მხოლოდ თქვენი სოფლის გადაწყვეტილებაა, თუ სხვა სოფლების პოზიციაც ასეთია?

_ ბოიკოტს აპირებს ხუთი სოფელი _ დიდაჭარა, დიაკონიძეები, გელაძეები, პაქსაძეები და ღურტა. არც ისინი აპირებენ მემორანდუმის პირობებზე დათანხმებას. ჩვენ მივმართავთ მშვიდობიანი, სამართლებრივი ბრძოლის გზებს _ ბოიკოტს, აქციას. მივწვდებით ყველას და შევეცდებით, რომ ყველა ხერხით გავაჩეროთ ეს მშენებლობა. ორშაბათს კი ვაპირებთ სახალხო დამცველს შევხვდეთ ბათუმში და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

_ როგორც ვიცი, კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და რამდენიმე სასწავლო გრანტის დაწესებასაც აპირებდა. მართლა იყო ეს შემოთავაზებები?

_ ვის სჭირდება მაგათი სოციალური პროექტები, თუკი აქ ხალხი ვერ იცხოვრებს. ეგ არის თვალში ნაცრის შეყრა.

9 აპრილი ბათუმში

 

მემორიალთან შეკრებილებს სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა, პოეტმა ვატხანგ ღლონტმა. მათ უახლესი ისტორია გაიხსენეს და 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

სიტყვით წარმოთქმისას ინიციატივით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ანზორ თხილაიშვილი:

 

„ეს პატარა გრანიტის ქვა 25 წლის წინ დაიდგა, რომელსაც მაშინვე დაპირება მოყვა რომ ექვს თვეში მემორიალური კომპლექი უნდა აშენებულიყო. 9 აპრილმა შვა დამოუკიდებლობა. ხელისუფლებას მივმართავ გადახედოს ბიუჯეტს, რადგან გაკეთდეს ობელისკი, იმის აღსანიშნავად რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაბამია,“-განაცხადა თხილაიშვილმა. 

 

მემორიალი ყვავილებით სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმაც შეამკეს.

 

მედეა გვენეტაძე  ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი:

„დღეს მოვედით იმისათვის, რომ პატივი მიგვეგო იმ ადამინაებისათვის ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავი გაწირეს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ დამოიკიდებლობის ფასი და დაინახონ რომ ის დასაცავია. ეს არის ერთგვარად ტრაგიკული და სასიხარულო დღეც“.

 

ანა ცენტერაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი:

„როგორც ერთ-ერთი სტუდენტი გული შემტკივა, მეც ქართველი ვარ. ამიტომ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ აკადემიის სახელით მოვსულიყავით და იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ცხრა აპრილს დაიღუპნენ პატივი მიგვეგო“.

 

1989 წლის 9 აპრილს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სტუდენტები და სამი 16 წლის ახალგაზრდა. ისინი თბილისში ყოფილი პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებთან ერთად იმყოფებოდნენ. მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფასა და დამოუკიდებლობას მოითხოვდა. მომიტინგეები საბჭოთა არმიამ ხელკეტებითა და მხუთავი აირით დაშალა, რამაც 21 ადამიანი იმსხვერპლა.

9 აპრილის დილა ბათუმში [Photo]

 

ბათუმი, დღეს, 9 აპრილის დილას ასე გამოიყურებოდა. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ქალაქში ჯერ კიდევ არ დადგმულა. აჭარის მთავრობის შენობაზე დროშებს შავი ლენტები აქვთ შებმული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე დროშებს ახლა უშვებენ, ხოლო ბათუმის საკრებულოს შენობაზე დროშები არ დაუშვიათ.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ანონსი

 

 

 

12:00 საათი – 9 აპრილის სკვერში მდებარე მემორიალის ყვავილებით შემკობა და 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი

 

12:20 საათი – ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „ნეტარ იყვნენ, რომელი გამოარჩიე, უფალო“ – 9 აპრილის სახელობის სკვერი

 

12:40 საათი – გამწვანების აქცია – 9 აპრილის სახელობის სკვერი

 

12:00 –14:00 საათი – თემატური ფოტო-გამოფენა – 9 აპრილის სახელობის სკვერი, მუზეუმი

 

12:00-15:00 საათი – ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა – მუზეუმი

 

13:00 –15:00 საათი – 9 აპრილის ისტორიული ქრონიკების მიმოხილვა – მუზეუმის კინოდოკუმენტალისტიკის დარბაზი

„ნიუ კონსტრაქშენი“ და კეთილმოწყობა ქობულეთში

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ დღეს კომახიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს საავადმყოფოს უბნის დარჩენილი ნაწილის წყალკანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

სამუშაოებს ქობულეთში კომპანია „ნიუ კონსტრაქშენი“ აწარმოებს. რომელსაც ქვეყნის მასშტაბით არაერთი ტენდერი აქვს მოგებული.

 

შპს „ნიუ კონსტრაქშენის“ მიერ გარემონტდა და გადაკეთდა ბათუმის ყოფილი პირველი კლინიკური საავადმყოფოს შენობაც, სადაც ამჟამად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტია  განთავსებული (თუმცა იგი თავის დროზე გაკეთდა როგორც აჭარის მთავრობის სახლი, რაშიც 6,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა).

 

შპს „ნიუ კონსტრაქშენის“ 100% წილის მფლობელია ალექსანდრე ლაცაბიძე (ეს კომპანია არის ყოფილი „ნოვა +“, რომელიც 2008 წელსაა დარეგისტრირებული და რომლის მფლობელიც ერთპიროვნულად ალექსანდრე ლაცაბიძე იყო).

2012 წლის 28 დეკემბრიდან „ნიუ კონსტრაქშენის“ ერთპიროვნული მფლობელია კოტე ბურძენიძე (რომელსაც კომპანიის ასპროცენტიანი წილი ლაცაბიძემ 5 ათას ლარად მიყიდა);

2013 წლის მაისიდან კომპანიის პარტნიორები არიან:  კოტე ბურძენიძე (70%) და რაფიელ სურამელაშვილი (30%);

იმავე წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ლაცაბიძე იბრუნებს კომპანიის საერთო წილის 40%-ს (შესაბამისად ბურძენიძე და სურამელაშვილი ფლობენ 30-30%-ს);

მიმდინარე წლის 4 მარტიდან კი „ნიუ კონსტრაქშენის“ 100% წილის მფლობელი ისევ ალექსანდრე ლაცაბიძეა. 

SoundSpring – ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი ბათუმში

 

Batumi Experimental Electronic Music Festival  წელს პირველად იმართება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო (ლექციები, ვორქშოპები) და პერფორმატიულ (მუსიკა, ვიდეო ) სეგმენტებს.

 

„SoundSpring“ ორგანიზებულია ორგანიზაცია „Micro-ფონი“-ს მიერ, რომლის საქმინობა რეგიონში თანამედროვე, ექსპერიმენტული ხელოვნების წარმოჩენა და განვითარებაა.

 

„SoundSpring“   25-26-27 აპრილს გაიმართება, ანბანის კოშკის მიმდებარედ Miracle parck-ში მდებარე გალერეა 41/41-  ში.  ფესტივალზე ბილეთები არ გაიყიდება, დასწრება თავისუფალია.

 

შეთანხმება აჭარის მთავრობასა და მოსახლეობას შორის

სოფლებ პაქსაძეებისა და გელაძეების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის მხრიდან დამატებითი ვალდებულების აღებას ჰესების მშენებლობის არეალში მდებარე სოფლების მოსახლეობის წინაშე. ხელშეკრულებას ხელს აწერს აჭარის მთავრობა, “შუახევი-ჰესის” მშენებელი კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” აღნიშნული სოფლების მოსახლეობა.

ხულოსა და შუახევში  175 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურის “შუახევიჰესის”  კასკადის მშენებლობა  2013 წელს დაიწყო.

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება

 

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გააქტიურდა დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა. 8 აპრილის 13.00 საათის მონაცემებით: დეკლარაცია შეავსო 325 000-მა მოქალაქემ. აქედან მესამედს მითითებულ საბანკო ანგარიშებზე უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა. კანონის ფარგლებში, ეტაპობრივად, დეკლარაციის საფუძველზე, თანხა დაუბრუნდება ყველა ადრესატას. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას „მთავრობის მიერ შეცდომით გადარიცხული თანხის ფიზიკური პირებისგან უკან მოთხოვნის“ შესახებ, არც ერთი ასეთი ფაქტი არ მომხდარა და არც მომავალში მოხდება“,  – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. 

 

ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი საგზაო ნიშნები დაიდგმება

 

კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ  აქ ახალი საგზაო ნიშნები დაიდგმება. ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე,  წრიულთან დამონტაჟდება დეტექტორული შუქნიშანი, რომელიც კამერის საშუალებით დაარეგულირებს მოძრაობის ნაკადს. 

 

კუნძულებისა და წრიულის მოწყობის სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზა” ასრულებს.  წრიულის რეკონსტრუქციის სამუშაოები 61 407 ლარს შეადგენს. 

 

მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, რომლითაც ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე ასფალტის დაგებისა და წრიულის მოწყობის სამუშაოები არის გათვალისწინებული, დაახლოებით 3 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს. 

ბათუმში ტურებს მოკლავენ

 

„გარეული ცხოველების თავდასხმისას მოქალაქეს აქვს ცხოველის ლიკვიდაციის უფლება, თუმცა თვითმმართველობამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა ღონისძიებაში სპეციალისტების ჩართვა,“ – აღნიშნა მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა დღეს მერიის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ  ბრიფინგზე.

 

ტურების ლიკვიდაცია მას შემდეგ გადაწყდა რაც რამდენიმე კვირის წინ ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე, კახაბრისა და მწვანე კონცხის დასახლებაში ადამიანის დაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.  უბნის რწმუნებულებმა დახმარების თხოვნით მერიას წერილობით მიმართა.

 

როგორც მერიის საინფორმაციო სამსახური იუწყება მერიის კომპეტენციაში აღნიშნული პრობლემის მოგვარება – ცხოველების ლიკვიდაცია არ შედის. ამიტომ ბათუმის მერიამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართა.  სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის 25 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე გარეული ცხოველების (ტურის) გარკვეული რაოდენობის ამოღებას ითვალისწინებს. მერიის თხოვნით სპეციალისტები (მონადირეები) ტურების გარემოდან ამოღებას 2014 წლის 31 ივლისამდე, უსასყიდლოდ შეასრულებენ.

სოფელი ღურტა, ჰიდროპროექტები და სტუდენტები

 

ზურა მელიქაძე, სტუდენტი: ჩვენი თემაა  ხულოში, კერძოდ კი სოფელ ღურტაში  ჰესების მშენებლობის საკითხი და მის მიერ გამოწვეული უთანხმოება სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. საუბარია იმ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, რაც სამართალდამცავებმა განახორციელეს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ასევე ის სავალალო შედეგები, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს აღნიშნულ მშენებლობას. ჩვენ, სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“, ინციდენტიდან მეორე დღესვე, ჩვენივე ფინანსებით ავედით სოფელ ღურტაში, რათა ადგილზე გავცნობოდით არსებულ სიტუაციას. გავესაუბრეთ მოსახლეობას და გამოვკითხეთ პრობლემების შესახებ. ეს ყველაფერი ჩაწერილია ვიდეოფირზე, სადაც ღურტელები მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ უკმაყოფილებას მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით და მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს ადგილზე ან განსახლებას აჭარის რეგიონის სხვა რომელიმე სოფელში, უსაფრთხო პირობებში.  მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა და კვლევის განხორციელება, რათა არ მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესთა დაჩრდილვა და ეს მშენებლობა არ დასრულდეს სავალალო შედეგებით.

 

 

 

მარი ზედგინიძე, სტუდენტი: არ ვიცი, რამდენად კარგად გადმოვცემ ჩემს სათქმელს, მაგრამ   მთავარი ისაა, რომ  ჩემი წვლილი შევიტანე იმ პრობლემის გადმოცემაში, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს ხულოში, სოფელ ღურტაში მცხოვრებ  მოსახლეობას. ის, რაც მოხდა 8 მარტს ღურტაში, ამაზრზენია (ძალადობა ქალებზე) თუმცა, იმდენი პრობლემისა და უსამართლობის მომსწრენი გავხდით მე და ჩემი მეგობრები, რომ ამ ინციდენტმა  ჩვენში ისეთი გრძნობები ვერ გამოიწვია, როგორც ღურტელი ფრიდონ ღორჯომელაძის სიტყვებმა – „ძაღლებივით გვექცეოდნენ“. არ შემიძლია  გვერდი ავუარო მუშის  გულისტკივილს, რომელიც   ღიად მიუთითებდა ცრუ დაპირებაზე, რომ ის  დასაქმდებოდა და კარგი ანაზღაურება ექნებოდა, ამის  ნაცვლად კი  2 თვე  დილის 6-დან  საღამოს 7 საათამდე მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა ათ  თანასოფლელთან ერთად.  ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ ჰესის მომგებიანობის საკითხი ჩვენი სახელმწიფოსთვის. იქნებ კარგიცაა ამ ჰესის მშენებლობა, ეს მაგალითი იქნება მწარე მაგალითი, რომელიც  საბოლოოდ  მაინც შეუქმნის წარმოდგენას იმ საზოგადოებას, რომელიც არაფრად აგდებს ბუნებას, ხალხს და  ადამიანის უფლებებს.

 

 

 

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი: „ღურტელები სახელმწიფოს წინააღმდეგ“ მსგავსი ინტერპრეტაციით გააკეთეს განცხადებები სახელმწიფო ჩინოვნიკებმა, ბეჭდური თუ ელექტრონული მედიის საშუალებით, ხულოში, სოფელ ღურტაში, ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებზე, რამაც საზოგადოების, მათ შორის სტუდენტების დაბნეულობა და ორ ბანაკად – ჰესის აშენების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად – გაყოფა გამოიწვია. სტუდენტები ორჯერ ვიყავით ხულოს მუნიციპალიტეტში, პირველად სოფელ ღურტაში, სადაც სოფლის მცხოვრებლებს შევხვდით, მეორედ კი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც სამ მხარეს, ექვსი სოფლის წარმომადგენლები, მთავრობა, ინვესტორი, მოლაპარაკებას ვესწრებოდით. რას ითხოვდნენ ღურტელები?! ერთი სიტყვით ვიტყვი, ისინი ითხოვდნენ უსაფრთხოების გარანტიებს, დაწყებული სიცოცხლის და დამთავრებული მატერიალურით.

 

 

მარტივი, მაგრამ პრაგმატული მოთხოვნები მოვისმინე სოფლის მცხოვრებლების მხრიდან, რადგან ისინი მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფებიან (რაც თავისთავში განსახლების პოლიტიკის გატარებას გულისხმობს ჰესის არაშენების შემთხვევაში), ასევე, სავალალოა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოშლილია ინფრასტრუქტურა და ისინი მხოლოდ ბედის ანაბარა არიან, ამას დაემატა მეწყრის განვითარების რისკის ზრდა, ისინი შიშობენ, რომ მეწყერი შეიძლება გამოიწვიოს შუა სოფელში გვირაბის გაყვანის დროს  განხორციელებულმა აფეთქებებმა.

 

 

მინდა აღვნიშნო იმ საშიშროებების შესახებ, რომელიც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში დადგეს დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეკოლოგიური საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს მთლიანად რეგიონს, რომლის შესახებ არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“, ასევე ეჭვქვეშ ვაყენებ საჯარო ინფორმაციის არ არსებობის გამო აღნიშნული პროექტის ეკონომიკურ მომგებიანობას. სახელმწიფოს არ აქვს წილი საკუთრებაში, გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% უცხოეთში გაიყიდება, სანაცვლოდ კი კომპანია რამდენიმე სოფელში ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, გადაიხდის ქონებისა და მოგების გადასახადს. საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია სად აშენდებოდა ჰესი, მიწის რა ნაწილს დაფარავდა და ა.შ. უამრავი ინფორმაცია, რაც უნდა  ყოფილიყო საჯარო, დაფარული იყო.

 

 

ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი: მე ხშირად მესმის, რომ ჰესების მშენებლობა უფრო დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს. არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ საზიანოა, მეორე მხრივ კი არის ინვესტორი, რომელიც ამბობს, რომ არ არის საზიანო. ამ შემთხვევაში ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ? ჩემთვის გაუგებარია, იგივე ხელვაჩაურში რომ შენდება ჰესები, მეც მეხება როგორც მოქალაქეს, მაგრამ მე ვერ ვამბობ, რომ ეს ზიანს მოიტანს. მე არ მომისმენია მყარი არგუმენტები არც ერთი მხრიდან. 

 

 

გია აბულაძე, დისკუსიის მონაწილე: ჩემთვის გაუგებარია იქ მყოფი ადამიანები რას ითხოვენ, თანხას ითხოვენ? 

 

 

გოჩა სურგულაძე: სახელმწიფოს არანაირი წილი არ აქვს ჰესში. ის შემოსავალი რაც ინვესტორს მიაქვს, უზარმაზარია.

 

 

დიანა ბაუჟაძე: მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მოსახლეობა კი არ აპროტესტებდა ამ შედეგებს, უბრალოდ ისინი მოითხოვდნენ შედეგების კომპენსირებას.

ვინ და როგორ დაიცავს ძველ ბათუმს

შეხვედრაზე  კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული  და მიმდინარე პროცესები განიხილეს.

„ინვესტიცია ძალიან  მნიშვნელოვანია, მაგრამ ინვესტორი ძეგლს  არ გადაარჩენს, ეს არის სახელმწიფოს ვალი. კულტურული მეკვიდრეობა უნდა გადაარჩინოს სახელმწიფომ. ასე ხდება ყველგან,“ – განაცხადა შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობას არ აქვს საკმარისი ფინანსები იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია საკუთარი სახსრებით შეძლოს.

„არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც სახელმწიფო ქმნის გარკვეული ტიპის სტიმულაციებს  და ხელს უწყობს,  როგორც მაცხოვრებელს, ასევე ინვესტორს, რომ მას გაუჩნდეს სტიმული, მოახდინოს ძეგლის რეაბილიტაცია. ინვესტორს მარტო კი არ უნდა აუკრძალო აქ არაფრის აშენება არ შეიძლებაო, ინვესტორს უნდა უთხრა, რომ შენ თუ მანდ რამეს ააშენებ, შენ გექნება აი, ესა და ეს შეღავათი,“ – განაცხადა თამარ ამაშუკელმა.

მისივე თქმით  დღეს ბათუმს აქვს ძალიან კრიტიკული ვითარება. „ბათუმის მთავარი ფუნქცია, როგორც ტურისტული ქალაქის, იკარგება. აქ არავინ არ ჩამოვა კორპუსებში სასეირნოდ.  მე მაგალითად თბილისშიც ვარ კორპუსებში, აქ რატომ ჩამოვიდე დასასვენებლად?!“

ხელოვნებათმცოდნის ამ შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა: „დასასვენებლად კორპუსებში  ჩამოდიხართ თუ უფრო ზღვის პირას და რეკრეაციული ზონა გაინტერესებთ?“ – იკითხმა გიორგი ერმაკოვმა.

თამარ  ამაშუკელი: „ზღვის პირას რომ ჩამოვდივარ, მთელი დღე ზღვაში ხომ არ დავიხრჩობი?  მე მინდა, რომ ქალაქში გავისეირნო, ბათუმში  იმიტომ ჩამოვდივარ და არ მივდივარ მაგალითად კვარიათში. მინდა  ვისეირნო არა ურბანულ ჯუნგლებში, არამედ კამერულ, ტურისტულ ქალაქში. რა გახდა   250 ძეგლის დაცვა და რა გახდა მონიშვნა იმ ზონის, სადაც  სახელმწიფოსთან  ერთად იცავ, სადაც ინვესტორი და სახელმწიფო ერთ გზაზე მიდის. აკეთებს რეგულაციებს, აკეთებს სტიმულაციებს.

დანაშაულია ძველის  ხარჯზე ახალის აშენება. დავანებოთ ძველ ბათუმს თავი, ავაშენოთ ახალი, 21 -ე საუკუნის არქიტექტურა. რატომ ვანგრევთ ძველს და  რატომ ვაშენებთ  ახალს ძველის  ადგილას? კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არავინ არ  კითხულობს. იქ ძალიან დეტალურად არის აღწერილი, სად უნდა აშენდეს, როგორ უნდა აშენდეს და რანაირად უნდა აშენდეს“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბიძინა აფხაზავას განცხადებით კი კანონი სრულყოფილი არაა.

„მანდ არის დიდი შეცდომა ჩადებული.  მაგალითს მოგიყვანთ  ტელმანის და ჯაფარიძის კვეთაში, არის ძეგლი და ძეგლზე  არის მიდგმული ბესო ბესელიას ის რომაა, „კურიატნიკი“ და ისიც ძეგლია?“ – იკითხა შეხვედრაზე ბიძინა აფხაზავამ.

აფხაზავას დარბაზიდან გამოეხმაურნენ და შეახსენეს, რომ ძეგლს, ფიზიკური აღქმის არეალის გარდა აქვს ვიზუალური აღქმის არეალი და ეს ყველაფერი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში წერია.

“ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება: ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალისაგან და  ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალისაგან. ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა დგინდება ავტომატურად, ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. რადგან “კურიატნიკი” ზედ ძეგლზეა მიდგმული, ავტომატურად შედის ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონაში,” – განმარტავს საზოგადოება “ბათომის” წევრი ნინო ინაიშვილი.

შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრება თვითმმართველობის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი: „სტრატეგიული გეგმის ახალი ეტაპი, სრულყოფილი დოკუმენტი გვჭირდება. მაშინ უფრო იოლად შეგვეძლება ვიმსჯელოთ. დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში აღარ  იქნება სუბიექტური ჩარევები“.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი: „კულტურულ მემკვიდრეობას, რაც დაგვრჩა, უნდა მივხედოთ. ეს არის ერთიანი მსჯელობის საგანი. ჭავჭავაძის ქუჩის მიღმა გვრჩება ორად გაყოფილი ბათუმი. ყველას სურს ააშენოს პირველ ზონაში. იმის იქით არავინ არ იხედება.  რაღაც რეკომენდაციები უნდა არსებობდეს. ქალაქი უნდა განვითარდეს, პარალელურად იმისა, რომ დავიცვათ ძველი ბათუმი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა:

„ინვესტორი  არ მოვა და არ გაგირემონტებს. სახლი ააშენოს და გვერდით სხვა გაგირემონტოს – ძალიან ძნელია ინვესტორი ამაზე დაითანხმო. თუ გვინდა გადავარჩინოთ ბათუმი, ძველი სახლები უნდა გავარემონტოთ. გავაძეგლოთ რაც გასაძეგლებელი იქნება. ძეგლები გარედან გვაქვს, შიგნით რაც ხდება, საშინელებაა“.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი: „ეს პროცესი ალბათ გაიარა ყველა ქალაქმა და ყველა ქვეყანამ. სოციალური პროცესია, როდესაც ადამიანებს საცხოვრებლის გაუმჯობესება უნდათ და მაშინ, როდესაც ადამიანებს საცხოვრებელი არ აქვთ კარგი, ნაკლებად აინტერესებთ კულტურული მემკვიდრეობა.  ამისთვის აუცილებელია საქართველომ შეიმუშაოს გარკვეული კონცეფცია, მოკლევადიანი და გრძელვადიანი.  ისე, რომ ადამიანები არ დაზარალდენენ.  უნდა იყოს ერთი კონცეფცია, უნდა არსებობდეს ქალაქგანაშენიანების გენგემა, რომელიც არის ქალაქისთვის ერთ-ერთი ჩარჩო კონვენცია, სადაც ჩანს ქალაქი რა მიმართულებით მიდის.   თუ არსებობს  რაიმე კონცეფცია, როგორ უნდა გადაარჩნინოთ, რა უნდა გადაარჩინოთ, შესაძლებელია ისტორიული ზონა შემცირდეს, შემცირებული ზონა მერე ნამდვილად  დავიცვათ. გამოიყოს ტერიტორია, სადაც 21-ე საუკუნის ბათუმს ააშენებთ, თანამედროვე არქიტექტურას მისცემთ საშუალებას განვითარდეს“.

ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი: „მე მგონია რომ ამ წლების განმავლობაში ძირითადად ჩვენ ერთ ადგილას ვდგავართ და ერთ ადგილს ვტკეპნით. დღეს როცა  ვუსმენ აქ შეკრებილ ადამიანებს, ძალიან  ნაცნობია ეს ყველაფერი, ბევრჯერ  მაქვს მოსმენილი“.

შეხვედრის მოდერატორი ნათია აფხაზავა: „დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იყო იმ კუთხით, რომ ყველა მხარე, ვინც მონაწილეობს ქალაქის უბრანულ განვითარების საკითხში ესწრებოდა. შეიძლება ითქვას ნათლად დავინახეთ ყველა სტრუქტურის თუ ინსტიტუტის პოლიტიკა თუ რის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას. ეს არის ინვესტიციის საფუძველზე ეკონომიკის განვითარება და სოციალური ფონის ამაღლება. კულტურული მემვიდრეობის ძეგლების დაცვა კი არ არის ისევ პრიორიტეტული, რადგან ეს სახელმწიფოს ბიუჯეტს ვერ დააწვება. მართალია ცალკეული სამინისტორებისგან არის მზაობა იმისა, რომ შემუშავდეს კონცეფცია, თუ როგორ შეიძლება იქცეს კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკურად მომგებიან ძეგლად, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები დღემდე ვერ გადაიდგა“.

ახალი შესაძლებლობა სტუდენტებს

 

 

სულ მალე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში. სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს ევროპის რომელიმე უნივერსიტეტის ფასიან ფაკულტეტზე, საშუალება ეძლევა ერთი სემესტრის სწავლების დაფინანსების მიზნით განათლების სამინისტროს მოსთხოვოს მაქსიმუმ 12 500 ლარი. ამ თანხაში უნდა შედიოდეს სწავლების, საზღვარგარეთ ცხოვრების, მგზავრობისა და ყველა სხვა აუცილებელი ხარჯი.

 

„სტუდენტს სემესტრის დასაწყისში ჩაერიცხება სრული თანხა, არის რიგი ქვეყნები ევროპაში, რომლებშიც სწავლის საფასური მინიმალურია. თუკი ასეთ ქვეყნებზე გააკეთებენ სტუდენტები აქცენტს, მაშინ ეს თანხა საკმარისი იქნება. სამინისტროს სემესტრში ოთხი სტუდენტის დაფინანსება შეუძლია, პროგრამისთვის გამოყოფილია 50 ათასი ლარი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე აპირებენ სწავლას“, – ამბობს აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება აპრილიდან დაიწყება, სტუდენტი დამოუკიდებლად უნდა ჩაირიცხოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ის ან კანადის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში: „ყველა ამ დოკუმენტს სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს. ჩვენ ვხვდებით აჭარის ყველა უმაღლეს სასწავლებელს, აპრილიდან მაისის ბოლომდე სტუდენტს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი, თვენახევარში კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს. თუკი სტუდენტი შეინარჩუნებს მაღალ აკადემიურ მოსწრებას, მას ავტომატურად გაუგრძელდება დაფინანსება, თუკი ვერ შეძლებს, ამოვარდება დაფინანსების პროგრამიდან.
უკანდაბრუნებულმა სტუდენტმა ერთადერთი პირობა უნდა შეასრულოს – საქართველოში დაბრუნებიდან ორი თვის განმავლობაში სემინარის, პრეზენტაციის თუ პუბლიკაციის ფორმით გაუზიაროს თავისი გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებს“, – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

 

ბათუმის უნივერსიტეტი Erasmus Mmundus-ის ექვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. პროგრამის ფარგლებში 2013-2014 სასწავლო წლებში უნივერსიტეტის 18 სტუდენტი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებს სწავლას.

 


ქეთი დევაძე -ის პროგრამით ექვს თვეს ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის ფიქრობს, რომ საინტერესო გამოცდილება მიიღო: „საინტერესო იყო ბელგიური (ფლანდრიული) განათლების სისტემის გაცნობა და მასში მონაწილეობის მიღება. სასწავლო პროცესი იყო განსხვავებული და ძალიან საინტერესო. შეფასების სისტემა იყო რთული, თუმცა ლექტორ-მასწავლებლის დამოკიდებულება – კოლეგიური. პროგრამა ანაზღაურებდა მგზავრობის ხარჯებს, ვიზას, დაზღვევას და ასევე ყოველთვიურად გვირიცხავდა 1000 ევროს. ეს თანხა საკმარისი იყო ცხოვრებისთვის. მოკლევადიანი მოგზაურობებისთვისაც მრჩებოდა ფული“.

 

Erasmus Mundus  პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. სტუდენტმა ელექტრონულად უნდა შეავსოს აპლიკაცია: „სრულიად გამჭვირვალე პროცედურაა, კოორდინატორები მხოლოდ ვაკვალიანებთ სტუდენტებს. Erasmus Mundus-ი წარმოდგენილია ოთხი პროგრამით პირველი ჯგუფისთვის, სადაც მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვისაა გამოყოფილი კვოტა. მეორე ჯგუფში 14 პროგრამაა წარმოდგენილი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს, თუმცა რადგან ჩვენ ვართ პარტნიორი, ჩვენს სტუდენტს ეძლევა უპირატესობა. პროგრამა საინტერესოა, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს, არამარტო ინგლისურით, სხვა ენების მეშვეობითაც შეიძლება იქ წასვლა“, – ამბობს ნანა ყურშუბაძე, ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი.

 

პროგრამა – Mevlana 2013 წლის სექტემბერში ამოქმედდა. ბათუმის უნივერსიტეტი ამ დროისათვის თურქეთის 12 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. გაცვლითი პროგრამით ამ ეტაპზე სამი სტუდენტი იმყოფება თურქეთში. „პროგრამა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის მოქმედებს, გასულ სემესტრში თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში ჩვენი უნივერსიტეტიდან ხუთი სტუდენტი და სამი ლექტორ-მასწავლებელი იყო. უკან კმაყოფილები დაბრუნდნენ, სამმა სტუდენტმა გვთხოვა, სწავლების გახანგრძლივება. ვფიქრობთ, წელს უფრო მეტი მსურველი იქნება, შარშან ახალი იყო, არ იცნობდნენ კარგად, ეშინოდათ”, – ამბობს ნანა ყურშუბაძე.

 

მინდია კურცხალიძე
მინდია კურცხალიძე

მინდია კურცხალიძე ბათუმში იანვარში დაბრუნდა. ის Mevlan-ის პროგრამაში იყო ჩართული, სამსუნის „19 მაისის“ უნივერსიტეტში სწავლობდა, ახლა კი ნორვეგიის პროექტშია ჩართული. თუ შესარჩევ ტურს წარმატებით გაივლის, მომავალი წლიდან ის ტელემარკის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. „კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რომ არა ნორვეგია, ალბათ, ერთი წლით დავრჩებოდი სამსუნში. ხარვეზებიც იყო, თუმცა ვფიქრობ, ამ ყველაფერს მოაგვარებენ, – ამის დიდი სურვილი ჩანდა მათგან. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ინგლისურად ვისწავლიდით, თუმცა ორი სტუდენტი ვიყავით მხოლოდ ამ სპეციალობით და ჯგუფი აღარ შექმნეს. თურქულ ჯგუფში სწავლა რთული იყო, რადგან თურქული არ ვიცოდით, ლექტორებთან ცალკე გავდიოდით კონსულტაციებს, გამოცდაც და შუალედურიც ინგლისურ ენაზე ჩაგვიტარდა. სტიპენდიაც არ იყო მაღალი, 560 ლირა ხშირ შემთხვევაში არ იყო საკმარისი, მშობლები მიგზავნიდნენ ფულს… სტუდენტს დასაქმების საშუალებასაც აძლევს პროგრამა, მეც მომიძებნა სამსახური ჩემმა კოორდინატორმა, ინგლისურს ვასწავლიდი ლექტორებს, ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი იყო, თუმცა რადგან მხოლოდ ერთი სემესტრი ვრჩებოდი, მუშაობა ვეღარ შევძელი. თურქეთის ათ ქალაქში მოვახერხე მოგზაურობა სრულიად უფასოდ – ავტოსტოპით, ხალხიც ძალიან გულთბილი და კომუნიკაბელურია“, – გვიყვება მინდია.

 

მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტი ძირითადად საზამთრო და საზაფხულო სკოლებში მონაწილეობს: „წელს 44 სტუდენტი ორი თვით იყო წასული გერმანიაში, აგვისტოში წავლენ კიდევ სამი თვით. მესამე წელია უკვე ნორვეგიაში ოთხი ბაკალავრი და ერთი მაგისტრანტი მიემგზავრება სასწავლებლად ერთი წლით. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ვახორციელებთ საერთო სადოქტორო პროგრამებს“, – ამბობს ნანა ყურშუბაძე.

 

სოფიო ფოფხაძე
სოფიო ფოფხაძე

ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში სოფიო ფოფხაძე 15 აგვისტოს გაემგზავრა. სოფიოსთვის ეს პირველი გაცვლითი პროგრამაა, მან ნორვეგიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სამთავრობო სტიპენდია მოიპოვა: „სწავლობ იმაზე მეტს, ვიდრე მოელი და ბევრი რამის გაანალიზებას ახერხებ. პირველი ორი კვირა გამიჭირდა ადაპტირება, დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. სტუდენტებს ვურჩევ, ნუ შეიქმნიან წინასწარ დიდ შთაბეჭდილებებს, რადგან საზღვარგარეთ სწავლა მხოლოდ სწავლას არ უკავშირდება. ძალიან დიდი სტრესია თავიდან, ნორვეგიელები საკმაოდ მორცხვები არიან და უჭირთ კომუნიკაცია, თუმცა ბედნიერი ვარ ჩემი აქ შეძენილი მეგობრებით. ის სტიპენდია, რაც ჩვენ გვეძლევა, საკმარისია არამხოლოდ სწავლისთვის, არამედ ევროპის ქვეყნების მონახულებაც მოვახერხეთ. პროექტი არაჩვეულებრივია, განათლების სისტემა – საკმაოდ მაღალი დონის და მოწესრიგებული. როგორც იტყვიან: this is like once in a lifetime opportunity.  მიხარია, რომ ეს შევძელი და ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ“, – ამბობს სოფიო.

 

ბათუმის უნივერსიტეტი საერთაშორისო ორგანიზაციის თემპუს-ის 18 პროექტის მონაწილეა. ტემპუსთან ბათუმის უნივერსიტეტი 2000 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით 2010 წლიდან ჩაერთო, თემპუს-ის პროგრამებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალიც სარგებლობს. ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თეონა ბერიძის თქმით, „18-დან სამი პროექტი უკვე დასრულებულია, დანარჩენი 15 მუშა ფაზაშია. ძირითადად ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთობლივი პროექტები გულისხმობს საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების შემუშავებას, უნივერსიტეტში რეფორმატორული ღონისძიებების გატარებას, შიდა მენეჯმენტის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. მეორე ტიპი გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით ახალი სტრუქტურის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებს”.

 

ქალის უფლებები აჭარაში

 

თამთა კახაბერიძე, მოსწავლე, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი: ზოგადად, ადამიანის უფლებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, განსაკუთრებით კი გენდერული თანასწორობა. იმიტომ რომ, ვფიქრობ, გენდერული თანასწორობა, ეს ყველაზე ელემენტარულია, რასაც შეიძლება მივაღწიოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეებმა გადავწყვიტეთ გაგვერკვია როგორი სიტუაციაა აჭარაში გენდერული თანასწორობის კუთხით. მოვიარეთ ხუთივე მუნიციპალიტეტი, გადაღება გვქონდა ბათუმშიც და საბოლოოდ მოვამზადეთ სიუჟეტი, რომელიც, ვფიქრობ, ზუსტად ასახავს რეალობას. გადაღების დროს ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო ის, რომ მაღალმთიან აჭარაში ცნობიერების დონე ამ მხრივ არის ძალიან დაბალი – არ იციან რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა, რატომაა ის მნიშვნელოვანი. თემას რა კუთხითაც არ მივუდექით, ბოლოს მაინც განათლების პრობლემამდე მივედით.

 

 

ანა დიასამიძე, დისკუსიის მომხსენებელი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი: გენდერული თანასწორობის საკითხი მწვავედ დგას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. არსებობს გარკვეული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ნათლად იკვეთება თუ რა მდგომარეობაა ქალების უფლებების მხრივ ჩვენს ქვეყანაში. გაეროს ქალთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 34 პროცენტისთვის ცოლის ცემა რიგ შემთხვევაში გაუმართლებელია, 25%-სთვის ოჯახური ძალადობა პირადი საქმეა, 17%-სთვის ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს. ამავე კვლევების მიხედვით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.

 

 

საინტერესოა ასევე, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია არსებული გენდერული მდგომარეობა  მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოში. მიზეზებს შორის სამ ძირითად ფაქტორს დავასახელებდი, ესენია: ისტორია, რელიგია და სტერეოტიპები.

 

 

მეოცე საუკუნის ბოლოდან, მაშინ როცა კაცობრიობამ უმნიშვნელოვანესი ფორმაცია განიცადა, მამაკაცის ფიზიკური შესაძლებლობების მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი გახდა, ადამიანები ერთმანეთთან უკვე ინტელექტუალურ კონკურენციაში შევიდნენ. ამ შემთხვევაში ქალი და მამაკაცი უკვე თანაბარნი აღმოჩნდნენ ინტელექტუალური შესაძლებლობებით. აქ უკვე ვაწყდებით შემდეგ წინააღმდეგობას, ჩვენს ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე დალექილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაკაცი არის დომინანტი, მაგრამ დღეს ამის საჭიროება აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ აქტიურად იბრძვიან საერთაშორისო ორგანიზაციები თუ არასამთავრობო სექტორი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის გააზრება და ქალთა ემანსიპაცია.

 

 

მეორე მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში არსებულ გენდერულ სიტუაციაზე, გახლავთ რელიგია. სამწუხაროდ, განათლების დაბალი დონის გამო ხშირად არაადეკვატურად ხდება ადამიანების მიერ რელიგიის მიხედვით განსაზღვრული ქალისა და მამაკაცის უფლებების გაგება, რასაც ზოგჯერ ქალთა უფლებების დარღვევამდე მივყავართ.

 

ჩვენი ახლო წარსულიდან გამომდინარე, ვგულისხმობ საბჭოთა პერიოდს და მის მომდევნო წლებს, როგორც ვიცით, განათლების ხარისხს არ ენიჭებოდა უპირატესობა, ძირითადად სწავლობდნენ უმაღლესი განათლების საბუთის, დიპლომის მოსაპოვებლად და გოგონებისთვის მთავარ მიზანს ქორწინება და ოჯახის შექმნა წარმოადგენდა. თანამედროვე პერიოდშიც შეინიშნება მსგავსი ტენდენცია. გოგონები შესაბამისი განათლების მიღებას ვეღარ ასწრებენ და უკვე დედები ხდებიან. მოგვიანებით, როდესაც პრობლემები ექმნებათ მეუღლეებთან, ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, მათ არ აქვთ ფინანსური საშუალება თავი დააღწიონ ძალადობას, დამოუკიდებლად იცხოვრონ და გაზარდონ შვილები. ეს გახლავთ ადრეული ქორწინების შედეგი. 

 

 

ვიტყოდი, რომ არსებული მდგომარეობის მოგვარებისთვის მთავარი განათლებაა. ძალიან რთულია ებრძოლო მენტალიტეტს, სტერეოტიპებს, ეს ხანგრძლივი პროცესია, რასაც წლები სჭირდება. აუცილებელია ქალებმა იცოდნენ თავინთი უფლებების შესახებ. გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ეს არის თავისუფალი ნება, უფლება აკეთოს ადამიანმა ის, რაც სურს ყოველგვარი გენდერული ჩარჩოების გარეშე.

 

 

 

 

თამარ ბაუჟაძე, სტუდენტი: ისტორიულად 70-იანი წლებიდან დაიწყო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა. ასევე დავამატებ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს – აჭარაში, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც გამგებელი, არც გამგებლის მოადგილე ქალი არ გვხვდება. თქვენს მოხსენებას რაც შეეხება, აქ ნათლად არის გამოხატული, რომ ქალის უფლებები უნდა გაიზარდოს. მაგრამ, ამის მხოლოდ ერთ ჭრილში განხილვაც არ შეიძლება. შეიძლება კანონმდებლობის დონეზე უფლებები დაცულია, მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის რეალიზაციას. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს უფრო საზოგადოებრივი წნეხია.

 

არამარტო მაღალმთიანეთში, ბათუმშიც ბევრ ფაქტს შეხვდებით, როდესაც 13-14 წლის ასაკში თხოვდებიან. აი, ეს უნდა დაარეგულიროს კანონმა, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს. რაც სიცოცხლისათვის საშიშია, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები სწორედ აქ ირღვევა, და არა იმ შემთხვევაში, როცა კანონი გაძლევს უფლებას, მაგრამ შენ ამის რეალიზაციას ვერ ახერხებ. აქ უკვე შენშია პრობლემა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქალი უუფლებოა… ქალს აქვს უფლებები, მას შეუძლია ამ უფლების გამოყენება, მაგრამ გააჩნია, როგორ საზოგადოებაშია აღზრდილი. თუ ვინმე უუფლებოა მთელი სიცოცხლის მანძილზე, მოდით, უცებ ნუ მოვთხოვთ იმ ადამიანს მისი უფლებებისთვის ბრძოლას. ეს პროცესი უშედეგოა.

 

 

ასმათ დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ვფიქრობ, კანონშიც არის ამ კუთხით პრობლემა, მაგალითად, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე წლებია ქალი არ დანიშნულა. ვგულისხმობ თანამდებობებს, სადაც თავისუფლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ქალს. კანონიც უნდა არეგულირებდეს ამას. თუმცა, მეტ-ნაკლებად პროგრესი გვაქვს. ალბათ, ქალმაც უნდა მოინდომოს. თუ ჩვენს საზოგადოებას გადავხედავთ, რამდენი აქტიური ქალი ვიცით, ვისაც შევთავაზებთ მაღალ თანამდებობას?! სტუდენტობის დროს ყველა ცდილობს რაღაც გათვლა გააკეთოს, მონახოს თავისი ადგილი სამომავლოდ. მაგრამ, მერე და მერე, როცა ქალმა ოჯახი უნდა შექმნას, მძიმე ტვირთს მოეკიდოს, აქ ოჯახის პრობლემაცაა, რამდენად აქვს ხელშეწყობა, რამდენად აქვს მას სურვილი ამაზე წავიდეს, ეს ენერგიას მოითხოვს. ალბათ ამან განაპირობა, რომ ამდენი ხანი ჩვენ ვერ ვიხილეთ ქალი მაღალ თანამდებობაზე. თუმცა, ამის სურვილი ძალიან დიდი გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჭკვიანური გათვლა გააკეთეთ, რომ თემა წამოჭერით ახლა, როცა კარს მომდგარია თვითმმართველობის არჩევნები. სადაც ყველა პარტია ცდილობს, რომ სიები ჰქონდეთ შესაბამისი, რის მიხედვითაც იბრძოლებენ ადგილებისთვის თვითმმართველობაში. ახლა ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამ სიებში მოხვდეს რაც შეიძლება მეტი ქალი. მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი ყველა სფეროში, ყველა თანამდებობაზე. პირველ რიგში ჩვენ, ქალებმა, უნდა მოვინდომოთ.

 

 

თამარ ბაუჟაძე, სტუდენტი: საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ისტორიის მანძილზე ქალმა რისი უფლებაც მოიპოვა, ეს არჩევანის უფლებაა და მეტი ნაბიჯი წინ ვერ გადავდგით. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემას კიდევ ვაწყდებით: 1. მინდა კი პარტია, ესადაგება კი ჩემი შეხედულებები პარტიის შეხედულებებს, რამდენად ემთხვევა. 2. როგორ გადანაწილდებიან ქალები პარტიაში, კვოტირების სისტემა როგორი იქნება, იქნება ვთქვათ I, III, VI თუ სადღაც IX-X იქნება რიგში. ქალისთვის, რომელიც გამოდის საზოგადოების წინაშე, საკმაოდ რთულია საკუთარი თავის რეალიზაცია, როდესაც არ არის მიჩვეული საზოგადოებისაგან ყურადღებას. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაღალმთიანეთში, როდესაც ქალბატონებს უთხრეს, გამოეთქვათ საკუთარი აზრი, უპასუხეს –  ჩვენ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც მამაკაცები დაასრულებენ ლაპარაკსო. ანუ, ეს ტენდენცია უნდა იყოს შეჩერებული. ამას კი, ვფიქრობ, თაობათა ცვლა სჭირდება, მაგრამ საკითხის პოპულარიზაცია უფრო შეუწყობს ხელს. დავიწყოთ იმით, რომ, მე თუ ვიცი, რომ უფლება მაქვს, პირველ რიგში, გავარკვევ რა უფლება მაქვს. რაც შეეხება პარტიულ სისტემას, აქ ცოტა კრიტიკული ვიქნები და ვიტყვი, რომ არასწორი ტენდენციაა და თუ არ იქნება კვოტირება 50-50-ზე, შედეგს ვერ მივიღებთ.

 

 

ასლან ლორთქიფანიძე: დიდი ხანია სამოქალაქო სექტორში ვარ და სულ გენდერზე ვსაუბრობთ, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე და მათ როლზე ჩვენს საზოგადოებაში. ეს არ არის ერთი ხელის დაკვრით გადასაჭრელი პრობლემა და ამაზე საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იზრუნოს. თუმცა, ერთი ობიექტური სიმართლეც უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ მამაკაცისა და ქალის თანასწორობაზე, როდესაც საკანონმდებლო რეგულირება ასე თუ ისე მოწესრიგებულია და არავინ ზღუდავს ამ კუთხით თანასწორობას, ქალი მაინც რჩება სუსტ არსებად. ამდენი მუნიციპალიტეტი გვაქვს საქართველოში და მე არც ერთი ქალი გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე არ გამიგია. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კანონი არ ზღუდავს, არავინ არ ზღუდავს არავის, რომ იყოს გამგებელი. და მეორე ფაქტი _ არც ერთ ქალს, რომელიც აქ ზის, ალბათ არ უნდა იყოს იმ პირობებში, რა პირობებშიც არის მამაკაცი ჯარში. თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს. შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ისეთ მძიმე პირობებში, როგორიცაა: სირბილი, ბუნებრივი ბარიერების გადალახვა, ჭაობები, დაზვერვითი საქმიანობა – როცა რამდენიმე დღით გადიხარ და იძინებ ღია ცის ქვეშ და ა.შ. მე მაგალითად ჩემს დას, ჩემს მეგობარ ქალბატონს, ვერ გავიმეტებ ამ პირობებისათვის. ასე რომ, როდესაც ჩვენ ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორუფლებიანობაზე ვსაუბრობთ, ცოტა სიფრთხილეც უნდა შევიტანოთ. რამდენად გვაწყობს სრული თანასწორობა?!

 

 

ლიკა კიწმარია: ბევრი მამაკაცია, რომელსაც არ უნდა ჯარში წასვლა. ეს არ შეიძლება მარტო სქესით განვსაზღვროთ.

რაც შეეხება ბატონი ასლანის განცხადებას, თქვენ თქვით, რომ არ გემეტებათ ქალი ჯარში წასასვლელად და გემეტებათ ქალები, რომლებიც 80-იანი ბნელი პერიოდის შემდეგ ვაჭრობენ, ბაზრობაზე არიან მთელი დღეები, ღამეები, იყინებიან?! კაცები ამ დროს სახლში სხედან, მაგრამ, მაინც ოჯახის უფროსები არიან, აი, ამ პრობლემაზე რას იტყვით?! ეს ხომ ძალაზეა დამოკიდებული _ ისინი ატარებენ ტვირთს, მთელი დღე ყინვაში, სიცივეში არიან, მაგრამ, სახლში რომ მიდიან, მაინც არ არიან ოჯახის უფროსები და არანაირი უფლება არ აქვთ. მაინც ქალები არიან და მაინც მეორეხარისხოვანი.

 

 

მე არ მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს „ზევიდან“, იქედან, რომ პარლამენტში უნდა ვიყოთ 50/50-ზე. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს ყოველდღიურობიდან, ქვევიდან, ჩემგან, თქვენგან, ყველასგან. ძალიან მარტივი რაღაცით შეიძლება ეს დავამტკიცოთ.

 

 

ჩვენ ამდენ მოვალეობებს ვაკისრებთ მამაკაცებს იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ჩვენ სუსტი არსებები ვართ. იმათ უწევთ სულ ბრძოლა რაღაცებისთვის, სულ შემოტანა, სულ ფიქრი _ როგორ არჩინონ ოჯახი, როგორ იყვნენ ძლიერები ყოველთვის, როგორ შეეძლოთ სადავეების ხელში აღება. ამ ყველაფრით კაციც იჩაგრება. თან არანაკლებ, ვიდრე ქალი. ეს ჩვენი, ყველას პრობლემაა – კაცებისაც და ქალებისაც. და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

 

 

ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი: ხელისუფლებაც უნდა იყოს დაინტერესებული. ფრაზა, რომელიც მოსწავლეებმა თქვეს სიუჟეტში, რომ მასწავლებელმა გვითხრა, ორი გოგოს ყოლას ერთი ბიჭი გვირჩევნია და ბიჭი უფრო ჭკვიანია, ვიდრე გოგოო, ესეც პრობლემაა. მე მონიტორინგს ვაწარმოებდი სკოლებში და როდესაც ვეკითხებოდი მასწავლებლებს, რამდენი წლის გათხოვდი, თოთხმეტისო – მპასუხობდნენ. ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ის, ფაქტობრივად, აგიტაციას აკეთებს ამის, მეტი არაფერი.

 

 

ნაირა დიდმანიძე, დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა: ჯარში წასვლა-არწასვლის მაგალითზე გენდერული თანასწორობის განხილვა, მგონია, აბსოლუტურად არასწორია. იმიტომ, რომ აქ საქმე გვაქვს შესაძლებლობებთან და არა უფლებებთან. გენდერი, ჩემი აზრით, ნიშნავს უფლებების თანასწორობას. მაგალითი მინდა მოვიყვანო, ალბათ უადგილო არ იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაღალმთიანეთში უფრო მეტი პრობლემაა, მაგრამ, მე მყავს მეზობელი, დედაჩემის ასაკის ქალი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბათუმში, გამოთხოვდა ჩემს მეზობლად, ანუ გარეუბანში. ჰყავს ორი შვილი – ბიჭი და გოგო. ბიჭს ამზადებს ყველა საგანში, გოგოს ისე, „ლაითად“ და გაგვიჩნდა კითხვა – რატომ? – გოგოს სწავლა რად უნდა, გაიზრდება და გათხოვდებაო. ეს არის ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანის მოსაზრება. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიტყვით ასე ცალსახად, რომ მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია პრობლემა და ბათუმში ნაკლებად.

 

 

ეკა თარგამაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაც არ უნდა ბევრი ვიმსჯელოთ აქ, მენტალური პრობლემების გვერდით დგას განათლების პრობლემაც. ეს უნდა ვაღიაროთ. არამარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. განსაკუთრებით სოფლად. მე ვიყავი „ამერიკის განვითარების სააგენტოს“ ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი და მქონდა საშუალება საქართველოს 14 რეგიონში მესწავლებინა პროგრამული ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტებში ვატარებდით ტრენინგებს. ფაქტობრივად, ხელმძღვანელ თანამდებობებზე 1-2 ქალი შემხვდა, საკმაოდ ნიჭიერი და დამოუკიდებელი, დანარჩენ თანამდებობებზე იყვნენ მამაკაცები. დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანი იყო. აქაც პრობლემა გვქონდა განათლების საკითხებთან. სახელმწიფომ განათლება უნდა გახადოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ხალხისთვის. კანონშიც შეიძლება გაჩნდეს ჩანაწერი, რაღაც ვალდებულების სახით, რომ ადამიანი თავისი განათლებით და ცოდნით დაუბრუნდეს თავის კუთხეს. ეს არჩევანის თავისუფლებასთან მიგვიყვანს და ვიტყვით, რომ ვისაც სადაც უნდა იქ წავა, მაგრამ, თუ სახელმწიფო შეღავათიანი პირობებით მოაწყობს უმაღლეს სასწავლებელში, ფულს არ გადაახდევინებს, მას შეუძლია მერე დაავალდებულოს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, დაბრუნდეს და თავისი ცოდნა მოახმაროს თუნდაც თავის სოფელს.

 

 

მენტალური პრობლემაც არის ნამდვილად. და მესამე – ხელისუფლების როლიც გამოსარიცხი არ არის. მე სხვა ასპექტსაც გამოვყოფდი, ერთ-ერთ მთავარს: ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხებზე, ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ ეს ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ ფოკუსირებული დიდ ქალაქებში. მაგრამ, მეორეა, როგორ მიაწოდებენ ისინი ამ ინფორმაციას, აქ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. როდესაც მიდის მაღალფარდოვანი სიტყვებით ორგანიზაცია და ავრცელებს ზოგადად მიღებულ პოსტულატებს. ეს ყველაფერი უნდა იყოს თავსებადი, მათთვის გასაგებ ენაზე, და უფრო ადაპტირებულად, დოზირებულად უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის მიწოდება. და არა ისე, რომ პირიქით, დააფრთხო ადამიანი და არაკეთილგანწყობა მოიპოვო. შეიძლება მათ გაიარონ კონსულტაციები, გაეცნონ ადგილობრივ მენტალიტეტს და ამ ყველაფრის სინთეზი უნდა მოვახდინოთ.

 

 

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ბოლომდე თანასწორი ქალი და მამაკაცი. სადავო თემაა. პირად მაგალითზე გეტყვით: ბევრ ისეთ სფეროს ვკურირებდი, რომლებიც, ერთი შეხედვით, ქართული მენტალიტეტით კაცის საქმეა. გაგეცინებათ და მქონდა ასეთი პრობლემა, ახალი დაწყებული მქონდა სამუშაო და იყო თათბირი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული სფერო მებარა, არ დამიძახეს იმ თათბირზე და როცა მიზეზით დავინტერესდი, ამიხსნეს, რომ იქ სულ კაცები იყვნენ და შენ რა გინდოდაო. მერე, თავისთავად გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, მე თუ ამ საკითხს ვკურირებ და ჩემი აზრი მნიშვნელოვანია, რატომ არ დამიძახეთ და შესაბამისად, დავიწყე ბრძოლა ისე დამემკვიდრებინა ადგილი, რომ შემდეგ თათბირზე ჩემი ყოფნა-არყოფნის თემა არ განხილულიყო. ჩემი რჩევა იქნება ასეთი, რომ მაინც ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და თქვენ თვითონ უნდა დადგეთ საკუთარი თავის სადარაჯოზე, არ ელოდოთ, რომ რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაცია მოვა და თქვენს უფლებებს დაიცავს.

 

 

 

 

მჯერა, რომ გავხდები ცნობილი შემსრულებელი

 

 

„ამ გამარჯვებებმა ბევრი შემოთავაზება მომიტანა, კონკურსზე ვარ მიწვეული სამ ქვეყანაში: ფინეთში, პოლონეთსა და ისრაელში. კონკურსების გარდა თავად ვგეგმავ ინგლისში გამგზავრებას, მინდა იქ, „ახალ ხმაში” მივიღო მონაწილეობა,” – ამბობს ავთანდილ აბესლამიძე.

 

მომღერალი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში მეგობარია – თან „ძალიან მაგარი მეგობარი”! მერე უკვე მომღერალი, თუმცა უჭირს საკუთარ თავს მომღერალი უწოდოს, ფიქრობს, რომ ადამიანმა ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომღერალი გახდეს: „უფრო მუსიკის გზაზე დამდგარი ადამიანი ვარ, შეყვარებული ცხოვრებაზე, საერთოდ ვფიქრობ, რომ ცხოვრებით უნდა გაიხარო, უნდა აკეთო ის, რაც გსიამოვნებს, შეიძლება ყოველთვის ასე არ გამოვიდეს, მაგრამ არსებულით უნდა შეგეძლოს თავი ბედნიერად იგრძნო,” –  ამბობს ავთანდილი.

 

ოთხი წლის იყო, როცა მშობლებმა სტუდია „ოქროს ხმებში” შეიყვანეს, ამბობს, რომ ეს იყო იმის საფუძველი, რაც შემდეგ მის ცხოვრებაში მოხდა: „ჩემები მეუბნებიან, რომ ლაპარაკის დაწყებამდე უკვე ვღიღინებდი, ხუთი წლის ვიყავი, როცა პირველად დავდექი სცენაზე, დღემდე მახსოვს ყველა ის ემოცია, რაც მაშინ მქონდა. სცენაზე თეთრი კვამლი როცა გამოუშვეს, აღარაფერი აღარ ჩანდა, რადგან ზემოთ იყო დამონტაჟებული კვამლის გამშვები აპარატურა, მაშინ შემეშინდა! დღემდე მეშინია სცენაზე გასვლისას, დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ამ საკითხს. 13 წლამდე დავდიოდი „ოქროს ხმებში”, პოპულარული ბავშვი ვიყავი, ჩემთვის დაიწერა სიმღერა „იტალია”, ქუჩაში რომ დავდიოდი, ხალხი მცნობდა და “იტალია”, “იტალიას” მეძახდა. ჩემი მშობლების მადლიერი ვარ, ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან, ჩემი მუსიკალური ბედიც განსაზღვრეს იმით, რომ თავიდანვე კარგ სტუდიაში შემიყვანეს.”

 

ამის შემდეგ მუსიკის პედაგოგი არ ყოლია, ძირითადად კონკურსებში მონაწილეობდა: „კონკურსი კარგი საშუალებაა მომღერლის განვითარებისთვის. უკვირთ, როცა ვამბობ, რომ მუსიკის მასწავლებელი არ მყოლია და ძალიან მინდა კარგი პედაგოგი მყავდეს, ჯერ ვეძებ. მჭირდება ადამიანი, რომელიც საჭირო მიმართულებას მომცემს, მე ახლა ყველა ჟანრს ვასრულებ, გარდა კლასიკისა, კლასიკას ჯერ ვერ ვბედავ. პედაგოგი დამეხმარება ჟანრობრივ ჩამოყალიბებაში. გარკვეული პერიოდი, ვფიქრობ, უფრო კარგად ვცეკვავდი, ვიდრე ვმღეროდი, ახლაც კარგად ვცეკვავ, მაგრამ მუსიკამ პირველ რიგში გადმოინაცვლა.”

 

პირველი კონკურსი აჭარის ტელევიზიის „დილის ტალღა” იყო, ავთანდილი ხუთი თვის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ცდილობდა თავისი ნიჭის წარმოჩენას, გამოუვიდა, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანი არ ჰქონია შეხება მუსიკასთან: „პროექტის გამარჯვებული გავხდი, ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, პრიზი ბულგარეთში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა იყო. ბულგარეთში წასვლამდე „ნუცას სკოლა” იყო, საკმაოდ კარგი შედეგიც მქონდა, თუმცა პროექტს ბულგარეთის კონკურსი დაემთხვა და კონკურსის დატოვება მომიწია.”

 

ბულგარეთიდან მეოთხე ადგილით დაბრუნდა, იმ დროისთვის მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იყო, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო გზა უფრო დიდი გამარჯვებებისკენ: „თექვსმეტი ქვეყანა მონაწილეობდა, ჩემი მეოთხე ადგილი იმდენად დიდი მეგონა, სიხარულით დავფრინავდი. სრულიად მარტო ვიყავი კონკურსზე, სიმღერის შემდეგ კულისებში არავინ მელოდა, რომ ემოცია გამეზიარებინა. თავად შევარჩიე სიმღერები, რომლებიც კონკურსზე გავიტანე, ყველაფერი მარტომ გავაკეთე, ამიტომაც იყო რთული და ნაკლებად წარმატებულიც, თუმცა ამ კონკურსმა მომიტანა შემდგომ წარმატება, რადგანაც ამ კონკურსის ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მუსიკოსები იყვნენ, ამის შემდეგ მივიღე მიწვევა სანკტ-პეტერგურსა და ბერლინში.”

 


ბერლინში და სანკტ-პეტერგურში ავთანდილმა გრანპრი მიიღო, ემოციები დღემდე გამოჰყვა:

 

“მაგარი გრძნობაა, არ ელოდები არაფერს და უცებ აცხადებენ, რომ გრანპრი ავთანდილ აბესლამიძეს! 63 მონაწილე იყო კონკურსზე, ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ აქ არავინ მყავდა ემოციების გასაზიარებლად. ახლა ინგლისური „ახალი ხმისთვის” – ვემზადები, ვფიქრობ, შანსები მაქვს. ქართულ კონკურსებში კი შეგნებულად არ მივიღებ მონაწილეობას. როცა ეს გამარჯვებები არ მქონდა, კონკურსებზე არ მწყალობდნენ (რამდენიმე კონკურსში ვცადე ბედი), მაგრამ რაც საერთაშორისო ასპარეზზე მოვიპოვე გამარჯვებები, თავად დამიკავშირდნენ, გამოდი კონკურსზეო. მე უარი განვაცხადე. ჩემი ოცნებაა, როცა გავხდები ცნობილი მომღერალი, დავაარსო საკუთარი კონკურსი საქართველოში, სადაც არავის ზარი არ გადაწყვეტს კონკურსანტის ბედს,” –  ამბობს ავთანდილ აბესლამიძე.

 

სახალხო დამცველი შესაძლოა ღურტაში გაემგზავროს

 

 

მოსახლეობა სახალხო დამცველს სოფლის ბოლოს მშენებარე ჰესის უსაფრთხოების პრობლემებზე ესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ სოფლის მოსახლეობის ინტერესებს სახელმწიფო და კომაპანია არ ითვალისწინებენ.

 

 უჩა ნანუაშვილის განცხადებით უახლოეს ხანებში შესაძლებელია ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას. „ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი პრობლემის შესწავლას“ –  უთხრა სახალხო დამცველმა ღურტის მოსახლეობას.

 

მოსახლეობამ 8 მარტს მომხდარ ინციდენტზეც გაამახვილა ყურადღება. სოფლის მოსახლეობა 8 მარტს ტექნიკას გადაუდგა წინ და მუშაობის საშუალება არ მისცა. „სამარცხვინოა, როცა ქვეყანაში ილახება ადამიანის უფლებები და ამავდროულად ამ ქყვეყანას უნდა ნატოში გაწევრიანება,“ – აღნიშნა შეხვედრისას 8 მარტს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაირა ხოზრევანიძემ.

„განმანათლებლები“ – ისწავლე და გადაეცი სხვას

 

 

პატარა ოთახში 12 მოზარდია. სკამები არ ჰყოფნით, თუმცა ეს არ ანაღვლებთ. რამდენიმე მაგიდასთან ზის, დანარჩენი კი ხალიჩაზე სხედან და გაშლილ ლეპტოპებს ჩაჰკირკიტებენ. თამთა, ნინო, ხატია, მარი, ედო, ბესო და სხვები ტრენინგისთვის ემზადებიან. საგზაო წესების და უსაფრთხოების შესახებ პირველ-მეოთხე კლასელებს ტრენინგი უნდა ჩაუტარონ. ოთახში საქმიანი და ხმაურიანი გარემოა. ჩემს კითხვებზე ერთდროულად იწყებენ პასუხის გაცემას, ერთმანეთს არ აცლიან. „რიგრიგობით ილაპარაკეთ რა,“ – ამბობს ხატია ზუხუბაია. იგი ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრია ცენტრის დაარსებიდან დღემდე და კვირაში რამდენიმეჯერ, სკოლის შემდეგ აქ მოდის, რომ ისწავლოს და ასწავლოს.  ახალგაზრდული ცენტრის მთავარი მისია სწორედ ესაა, ცენტრის წევრებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოსწავლეები არიან, მათივე თანატოლებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ცოდნა უნდა გაუზიარონ და თავადაც აქციონ „განმანათლებლებად“.

 

 

„ეს არის საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი, რომელსაც ჰქვია ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში და მისი ფინანსური მხარდამჭერი არის UშAID-ი, ანუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. პროექტი ხორციელდება საქართველოს 13 რეგიონში და მათ შორის ბათუმში, პარტნიორი ორგანიზაცია ვართ ჩვენ  –  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ –  მიხსნის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი მარი ზაქარაძე. მარი სტუდენტია, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლობს მენეჯმენტს. დღის მნიშვნელოვან ნაწილს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ ატარებს, ახალგაზრდულ ცენტრს უწევს კოორდინაციას, ღონისძიებებს, ტრენინგებს და სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, ახალგაზრდული ცენტრის გვერდს მართავს სოციალურ ქსელებში.

 

 

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე შეიქმნა ორი წლის წინ. თავიდან რამდენიმე მოსწავლე იყო, შემდეგ ცენტრს მოზარდები სხვადასხვა სკოლიდან, ბათუმიდან და აჭარის სოფლებიდან შემოუერთდნენ და ახლა ასზე მეტნი არიან. ცენტრში გაწევრიანება ყველა მოსწავლეს შეუძლია, მთავარია ამის სურვილი და მოტივაცია ჰქონდეს. ცენტრის წევრებმა აქ ერთმანეთი მოიყვანეს, ზოგმა ფეისბუქზე ნახა გვერდი – „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“, ზოგმა მეგობრიდან გაიგო.

 

 

„მე საერთოდ სხვა ქალაქში გავიგე ამ ცენტრის არსებობის შესახებ. ბაზალეთში ვიყავი ტრენინგზე, იქ მომიყვნენ ამ ცენტრის შესახებ და მოვედი“, –  ამბობს რუსუდან სარხანიძე.

 

 

გიორგი გვარიშვილი ოთახში ყველაზე პატარაა, ახალგაზრდულ ცენტრში მას შემდეგ გადაწყვიტა გაწევრიანება, როცა დის საქმიანობით დაინტერესდა: „ჩემი და დადის აქ დიდი ხანია და მისგან ვიგებდი ამ ღონისძიებების შესახებ. ბევრ ტრენინგს დავესწარი, ახლა ვამზადებთ ტრენინგს საგზაო უფლებების დაცვაზე და უნდა ჩავუტაროთ ბავშვებს. დაყოფილი ვართ ჯგუფებად, თითო ჯგუფში ოთხი ვართ, აღებული გვაქვს ერთი სკოლა და თითო ჯგუფი ერთ სკოლაში ჩაატარებს ტრენინგს“ –  ამბობს გიორგი.

 

 

კონკრეტულად რას აკეთებს ახალგაზრდული ცენტრი? მარი ზაქარაძე მიხსნის: „ძირითადად აღვნიშნავთ სამოქალაქო, საერთაშორისო დღეებს, რაც აღინიშნება მთელი წლის განმავლობაში გაეროს კალენდრით და ამ დღეს გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ვმუშაობთ ექვსი მიმართულებით: გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა, კულტურა და განათლება. ანუ ექვსი ქვეკლუბი გვაქვს და ამ ქვეკლუბებში არიან ბავშვები გაწევრიანებული მათი ინტერესების მიხედვით. გვაქვს საჯარო აქციები, საინფორმაციო აქციები, თანატოლთა ტრენინგები, კინოჩვენება, წიგნის კლუბი და ასე შემდეგ.“

 

 

აქ ამბობენ, რომ მათი ყველაზე ძლიერი მხარე თანატოლთა ტრენინგებია, როცა სხვადასხვა სკოლაში მიდიან და ტოლერანტობაზე, ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორებაზე ესაუბრებიან მათივე თანატოლებს. მანამდე კი თავად სწავლობენ. ხშირად სწორედ ასეთი ტრენინგების შემდეგ ემატებათ ახალი წევრები, რომლებიც მოგვიანებით თავად ხდებიან `განმანათლებლები~ და თავის მხრივ, სხვების მოზიდვას ცდილობენ ცენტრში.

 

 

„პირველად რომ ტრენინგს ვატარებდი, ძალიან ვინერვიულე,“ –  იხსენებს სალო დეკანაძე. – „მეგონა, ბავშვი რომ ვიყავი, არასერიოზულად მიიღებდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან კარგია თანატოლგანმანათლებლობა და ძალიან მომწონს პრინციპი – შენი ცოდნა შეგიძლია გაუზიარო სხვას. პირველად ჩავატარე ტრენინგი ტოლერანტობაზე, ანა ფრანკის მაგალითზე განვიხილეთ. იყო ისეთი შეკითხვებიც, რაზეც პასუხი არ მქონდა, მაგრამ მიხვდი, რომ შემდეგში უფრო მომზადებული უნდა ვიყო, უნდა ველოდო ისეთ შეკითხვებს, რაზეც არ მიფიქრია.“

 

 

„ხელვაჩაურში ვიყავით გასულ კვირას, მე ვატარებდი ტრენინგს ქალთა უფლებებსა და გოგონების ეფექტზე, ნაადრევ ქორწინებაზე. ისე დაინტერესდნენ ბავშვები, რომ დავასრულეთ, მოვიდნენ და გვკითხეს, თუ შეიძლება გაწევრიანებაო“, – მიყვება მარიამ ჩხაიძე.

 

 

ხატია ზუხუბაია თავის პირველ ტრენინგს იხსენებს: „ეს იყო მოსწავლის და მასწავლებლის უფლებებზე, არ ვნერვიულობდი. ძალიან საინტერესო გამოვიდა, უფლებადამრღვევებადაც მოგვევლინნენ მოსწავლეები, მასწავლებლის თვალით დაინახეს საკუთარი თავი. შემდეგ იყო ტრენინგები ტოლერანტობაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს პროექტი მარტო ერთ ქალაქს არ მოიცავს, ყველგან მყავს უკვე მეგობრები, ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებიც ახლა ჩემი მეგობრები არიან, გრძნობ ადამიანებს შენ გვერდით და იცი, რომ ვიღაცის იმედი უნდა გქონდეს“, – ყვება ხატია.

 

 

რა იცვლება სხვა მოსწავლეებისთვის და პირადად მათთვის ამ ტრენინგებისა და ცენტრში მუშაობის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ ბევრი რამ, პირველ რიგში კი თავად შეიცვალნენ.

 

 

„ბევრი ისეთი ჩვევა გამომიმუშავდა, რაც აქამდე არ მქონდა“ – მეუბნება ბესო ხოზრევანიძე – „ბევრი მეგობარი გავიჩინე და უფრო კომუნიკაბელური გავხდი, მეხმარება ეს ყველაფერი. სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანებს ვხვდები და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სტერეოტიპები იმსხვრევა“.

 

 

ლელა შარაძე: „რეალურად მეც არ ვიცოდი, რატომ იყო ასე, მაგრამ როცა ქუჩაში გავდიოდი და ვხედავდი, მაგალითად თურქს, მეშინოდა მისი, ან იგივე, შავკანიანს ვარიდებდი თავს, მაგრამ იმდენად გავაცნობიერე ჩემი შეხედულება არასწორია, რომ ჩემთვის უკვე დაინგრა სტერეოტიპი, –  განსხვავებული ადამიანების მეშინოდეს.“

 

 

„თუ ერთი ადამიანი კარგია ან ცუდი, ეს არ ნიშნავს, რომ ერი ცუდია ან კარგი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. თავიდან ბევრი გვიპირისპირდებოდა, თუნდაც სკოლაში, რომ აი, რა გინდათ მანდ, რატომ წვალობთ, როცა შეგიძლია მარტივად მოიპოვო რაღაც. ეს მარტივად მოპოვებული რომ არ მოგვწონს, ფიქრი გვინდა და აზროვნება გვჭირდება, ამიტომ ვცდილობთ ვიბრძოლოთ ვიღაცის უფლებისთვის. ჩვენ არ ვიბრძვით ხმლით, ჩვენ ვიბრძვით განათლებით“, – ამბობს ხატია.

 

 

„ვიღაც-ვიღაცები ამბობდნენ, ტყუილად დროს აცდენ, მაგას სჯობს სახლში დაჯდე, გაკვეთილები ისწავლო, გზის ფულს ხარჯავო… თავიდან ვბრაზდებოდი, მერე აღარ“, – იცინის ზურა კახაძე.

 

 

კითხვაზე, როგორ სწავლობენ სკოლაში, პასუხობენ: „კარგად“. „ნორმალურად“, „ცუდად არა!“

 

 

ნინო ბერიძე #1 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ კარგი მოსწავლეა. „მასწავლებლებთანაც დავდივარ. აქ კვირაში რამდენჯერმე მოვდივარ, ფასილიტატორიც ვარ, ტრენინგებს აქ ვგეგმავთ, თან დღისით ვერ ვსწავლობ, ღამე მიყვარს მეცადინეობა, თავისუფლად ვეტევი დროში, ყველაფერს ვასწრებ“, –  ამბობს ნინო.

 

 

ედო ბიბინეიშვილი #16 სკოლელია. იგი ამბობს, რომ მშობლებს მოსწონთ მისი საქმიანობა: „რაც შეეხება დროის განაწილებას, შეიძლება დრო არ მქონდეს, მაგრამ პრიორიტეტს ვანიჭებ ახალგაზრდულ ცენტრს.“

 

 

ანა გაგუა 16 წლისაა. იგი ამბობს, რომ ცდილობს სწავლის პარალელურად აქტიური იყოს. „თავისუფალი გრაფიკი გვაქვს, ყველა კვირას წინასწარ ვგეგმავთ“, – ამბობს ანა.

 

 

კითხვაზე, რა არის ყველაზე რთული მათთვის, ერთ პასუხზე თანხმდებიან – სამუშაო დროის დაგეგმვა, რადგან ყველა მათგანს თავისი გრაფიკი აქვს და შეხვედრების დაგეგმვისას კოორდინატორ მარის ყველაფრის გათვალისწინება უწევს.

 

 

მარი ამბობს, რომ სკოლები სიხარულით თანხმდებიან მათ ინიციატივას, თანატოლებმა ტრენინგები ჩაუტარონ მოსწავლეებს: „ბევრი შემოთავაზება გვაქვს ახლა, მე კი აღარ ვუკავშირდები, რომ მოვალთ და ასე შემდეგ, პირიქით იქით გვეუბნებიან, რომ მოდით და ჩაატარეთ, იმიტომ, რომ ხედავენ კარგი შედეგი აქვს“. 

 

 

ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში 15-მდე ჩატარებულ ტრენინგს შორის რამდენიმეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ტრენინგი ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, მოსწავლეთა უფლებებზე, ტოლერანტობაზე. ნინო ბერიძე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ტრენინგს იხსენებს და იმაზეც მიამბობს, რა შეიცვალა მასში:

 

 

„ქობულეთის #5 საჯარო სკოლაში გვქონდა ბოშათა უმცირესობასთან ტრენინგი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანისთვის სტერეოტიპი ბოშებზე დაინგრა. იქ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომლებიც ჩვენსავით იღებენ განათლებას, შეიძლება ჩვენზე მეტი წიგნი ჰქონდეთ წაკითხული და თავისუფლად შეუძლიათ დისკუსიაში შემოსვლა და დამტკიცება, რომ ცდები. თავიდან ბოლომდე შევიცვალე, ახლა მიმაჩნია, რომ ვიყავი რასისტი და ჰომოფობი, მივხვდი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერი ადამიანებთან ურთიერთობაში“.

 

 

ველოსპორტსმენები ქობულეთში ვარჯიშობენ

 

ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯონი ცივაძის თქმით, აჭარის ნაკრებში 13 სპორტსმენია. შეკრების მიზანია სპორტსმენების უკეთ მომზადება,  რადგან 12 -13  აპრილს სეზონის გახსნება თბილისში, 24-25 მაისს კი თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება.

 

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები ივლისში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ქართული ჰიმნოგრაფიის შესახებ

ხატია სალვარიძე იოანე მინჩხის ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებზე  მუშაობდა, ხატია ამბობს რომ მისთვის თემაზე მუშაობა რთული იყო: “რთულია რადგან თემა სათუთია, სიძველეებთან გვაქვს საქმე, საკმაოდ ღრმა კვლევა ჭირდებოდა ამ პროექტს. ჰიმნოგრაფია ჩემთვის საინტერესოა, რადგან ეს ეხება, ძველ რელიგიურ მწერლობას, ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა, ჩვენც დიდი ცოდნა შევიძინეთ.”

მეცხრე კლასელებს პროექტის განხორციელების იდეა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ხათუნა ხუნდაძემ მიაწოდა:  “აპრილის თვეში ჩვენთან იმართება ქართული ენის კვირეული, მეცხრე კლასელები წელს პირველად გადიოდნენ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს, აქედან გაჩნდა იდეა რომ უფრო ღრმად გასცნობოდნენ ქართულ ჰაგიოგრაფიას.”

როგორც პედაგოგი ამბობს მოსწავლეებისთვის საკმაოდ რთული სამუშაო იყო თემატიკიდან გამომდინარე.

“უფრო მეტად მაპროვოცირებელი გახდა მოსწავლეებისთვის  მასალის სირთულე, პროექტში ცხრა მოსწავლე მონაწილეობს,” – ამბობს ხათუნა ხუნდაძე. მოსწავლეები პროექტზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

პროექტის მასპინძელი ილია ჭავჭავაძის მუზეუმი იყო: “მუზეუმი თანამშრომლობს ქალაქის კერძო და საჯარო სკოლებთან, ჩვენ ერთობლივათ ვმუშაობთ პროექტებზე. საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა,” – ამბობს ნაირა ჩხარტიშვილი, მუზეუმის გამგე.

სახალხო დამცველი აჭარის მოსახლეობას ხვდება

 

 

 

უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ელოდება ხულოს სოფელ ღურტის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი. ისინი ღურტასთან მშენებარე ჰესისა და 8 მარტის ინციდენტის შესახებ აპირებენ მასთან საუბარს.

 

სახალხო დამცველი აჭარაში დღეს ჩამოვიდა და შეხვედრებს მოსახლეობასთან ხვალაც გამართავს. ის ასევე მოინახულებს და პირადად გაეცნობა, ციხეში გარდაცვლილ გიგა ფარტენაძის ოჯახს.


პრესსამსახურის ინფორმაციით სახალხო დამცველი შეხვედრას გამართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთანაც.

აქცია პირბადეებით

 

 

აქციის მონაწილეებმა ქუჩაში ერთჯერადი პირბადეები და ხელსახოცები დაარიგეს:


“პოპულარიზაციას ვუწევთ ვირუსების დროს ერთჯერადი პირბადეებისა და ხელსახოცების, ერთჯერადად გამოყენებას და მათ ქუჩაში არ დაყრას იმიტომ, რომ ასე შეიძლება ვირუსი სხვასაც გადავდოთ. გაზაფხული ვირუსების სეზონია, ამიტომ შევარჩიეთ სწორედ ეს პერიოდი ამ აქციისთვის. გვინდა, რომ ისევე, როგორც ევროპულ ქვეყნებში, საქართველოს საჯარო დაწესებულებებშიც იყოს პირბადეების კულტურა. ადამიანებს არ უნდა რცხვენოდეთ ვირუსის ქონის დროს ქუჩაში პირბადით გამოსვლა და ამის გამო ისინი, თითით საჩვენებელი არ უნდა ხდებოდნენ მოსახლეობისთვის” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეონა გურგენიძე.


ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრები მომავალში ამ თემაზე სკოლებში, თავიანთ თანატოლებსაც დაატრენინგებენ.

 

 

 

 

სახალხო დამცველი: „არ მეგონა, რომ აქ ამ მასშტაბის პრობლემა იყო“

 

მოსახლეობამ უჩა ნანუაშვილს თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის უწყებამ გამოყოს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მათ პრობლემებს. მათ სახალხო დამცველს   ამ დროისთვის დასახლებაში არსებული ძირითადი პრობლემები გააცნეს. 

 

„დასახლებაში 150 ბავშვია. გვინდა, რომ გვქონდეს ბაგა ბაღი.  არიან ჩვილბავშვიანები. ბავშვები მუყაოს კედლებში დაავადდნენ. ბევრმა სესხი გამოიტანა, რომ ქვის კედლები აეშენებინა. არ გვაქვს წყალი, მხოლოდ გრაფიკით გვიწევს წყლით სარგებლობა. გვინდა სახალხო დამცველმა გამოყოს მონიტორინგის ჯგუფი, შეისწავლოს მოსახლეობის თითოეული პრობლემა და დადოს ობიექტური დასკვნა ჩვენს მდგომარეობაზე“ – განაცხადა შეხვედრისას  დასახლების ერთ-ერთმა მცხოვრებმა  მარინა ბერიძემ.

 

 

უჩა ნანუაშვილმა შეხვედრისასა აღნიშნა, რომ არსებულ დასახლებაში არსებობს  პრობლემა, რომელსაც სისტემური მიდგომა სჭირდება.

 

 

 „არ მეგონა თუ აქ ამდენი ოჯახი იყო, მდგომარეობა მძიმეა.  აქ შეიძლება იყოს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. სოციალური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სტიქიით დაზარალებულთა პრობლემები. აუცილებელია სახელმწიფოს ყველა უწყების ჩართვა, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის გამოსწორება. შეუძლებელია ერთ დღეში ამ საკითხების მოგვარება,  მაგრამ უნდა არსებობდეს პრობლემების მოგვარების სტრატეგია. შესაძლოა რაღაც საკითხები ვერ გადაწყდეს აჭარის რესპუბლიკის მხრიდან და აუცილებელი იყოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა“.  – განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

უჩა ნანუაშვილს კომისიის შექმნაზე არ უსაუბრია. მან აღნიშნა, რომ აქ დასახლებული მოსახლეობის პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. „ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, რომ სახელმწიფო უწყებებმა გამოიჩინოს შესაბამისი ყურადღება. ხვალ გვექნება ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათ წინაშე დავაყენებთ ამ საკითხს“ –  განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

 

 

Exit mobile version