კვირის ამბები

დროში გაყინული ფული

12.04.2014 • 1618
დროში გაყინული ფული

3 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან (“EBRD”) და 5,4 მილიონი ევრო გრანტი საერთაშორისო ორგანიზაცია “SIDA”-სგან აჭარის მთავრობამ ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელების მიზნით მიიღო. პროექტი აჭარაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყარის მოწყობასა და ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყარების კონსერვაციას ითვალისწინებს.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაგავსაყარის მშენებლობის დაფინანსებაზე მოლაპარაკება აჭარის მთავრობამ 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დროში გაიწელა. აჭარის მთავრობამ სპეციალური კომისიის შექმნის მიუხედავად საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ვერ შეძლო _ შესაბამისად, სესხის სახით გამოყოფილი სამი მილიონი ევროდან თანხა საერთოდ არ აუთვისებია.

ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიმღები ვალდებულია სესხის აუთვისებელ ნაწილზე თანხის 0,5 პროცენტი გადაიხადოს წლიურად.  შესაბამისად, ამის გამო აჭარის მთავრობამ 2011-2012 წლებში 84 ათასი ლარი გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეს ყველაფერი 2012 წლის ანგარიშში აქვს აღწერილი. აუდიტორი თავის დასკვნაში წერს, რომ ეს ხარჯი შესაბამისი სტრუქტურების არაეფექტური მუშაობით იყო გამოწვეული და თანხა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დაიხარჯა.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მართვა შესაბამისი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს _ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს – დავით ბალაძეს ჩააბარეს. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მინისტრი გასული წლის 8 აპრილს, კომისიის სხვა წევრებთან ერთად, პროექტის დამფინანსებლებსა და საკონსულტაციო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღეს.

რა ეტაპზეა ამ დროისთვის პროექტი და დაიწყო თუ არა თანხის ათვისება? – ამ კითხვაზე “ბათუმელებმა” ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, `პროექტი ნაგავსაყარის ადგილის მონაცვლეობის გამო იყო შეჩერებული და ბოლო ერთი წლის მანძილზე პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ განახლდა”.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა ნაგავსაყარის მშენებლობისთვის გამოყოფილი სესხის ათვისება, პასუხი არც პრესსამსახურს და არც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბესო ბოლქვაძეს აქვს.

“პროექტი გაჩერებული არ არის. ეს ძალიან დიდი პროექტია, ზეპირად პასუხს ვერ გაგცემთ. წერილობით სჯობს, ასეთია მინისტრის პოზიცია”, – უთხრა მინისტრის მოადგილემ “ბათუმელებს” სატელეფონო საუბარში.

პროექტის გაჭიანურების მიზეზად ნაგავსაყარის მშენებლობისთვის შერჩეული ადგილის მონაცვლეობა სახელდება. თავდაპირველად ნაგავსაყარის მშენებლობას აჭარის მთავრობა ჩაქვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმავდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტის, ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს: “საკონსულტაციო კომპანია “სვეკო” მუშაობს პროექტირებაზე, დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს 2014 წლის აგვისტოში. შემდეგ კომპანიის შესარჩევად გამოცხადდება ტენდერი. სატენდერო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაიწყება მშენებლობა. პროექტის გაჭიანურება ადგილის შეცვლის საჭიროებამ გამოიწვია”.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ოფიციალურ საიტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყარის მშენებლობის დაწყების თარიღად 2014 წლის ივლისია მითითებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: