კვირის ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის მერობის კანდიდატი დაასახელა

11.04.2014 • 1719
ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის მერობის კანდიდატი დაასახელა

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე და ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს საკრებულოში ბათუმის უბნებიდან მაჟორიტარობის რვა კანდიდატი წარადგინა: მირდათ ქამადაძე, ლევან დიასამიძე, მარიამ ჯინჭარაძე, მარინე ჩიხლაძე, ირაკლი მოდებაძე, გოჩა კირკიტაძე,  ირაკლი თავართქილაძე  და ნინო ასამბაძე. კიდევ ორი მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ბათუმში საკრებულოს წევრი და ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე იქნება.

„რთულია საარჩევნო გარემო.  გარემოს ეს უკვე ეტყობა  გუშინდელი ფაქტით. ის რაც ბათუმში მოხდა  ცხადყოფს იმას რომ ქართული ოცნება  კანონის ჩარჩოებით არ ცდილობს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.  ისინი ითამაშებენ წესების დარღვევით. ამის მიუხედავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  ყველგან და  ამ შემთხვევაში ბათუმში აუცილებლად იბრძოლებს გამარჯვებისთვის. იბრძოლებს იმიტომ რომ  გვყავს  ძალიან ღირსეული მერობის კანდიდატი, გვყავს ძალიან ღირსეული  კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში წარმოდგენილი.  ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საქმე გაკეთებული და სამწუხაროდ ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად ვუყურებთ როგორ ფუჭდება ეს ყველაფერი. დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენი  გამარჯვების შემდეგ ეს ყველაფერი ისევ გაგრძლედება და ბათუმი გახდება კიდევ უფრო  კარგი ქალაქი ვიდრე არის დღეს,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბათუმის მერობის კანდიდატის გიორგი დიასამიძის თქმით, ის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი ქალაქი, ძალიან კარგად ვიცი მისი პრობლემები, მაქვს ჩემი შეხედულება  მის პერსპექტივებზე. მაქვს შვიდწლიანი გამოცდილება თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება  ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში მუშაობის. აქედან გამომდინარე,  მე ვფიქრობ რომ ჩემი სურვილი ძალიან ბევრი ჩემი თანაქალაქელის სურვილს ვიცხოვროთ უკეთეს ქალაქში   დაემთხვევა ერთმანეთს,“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ივნისში გაიმართება.

მაჟორიტარობის კანდიდატები

გადაბეჭდვის წესი