კვირის ამბები,სიახლეები

ოსტეოქონდროზი – „არ არსებობს წყალზე უკეთესი მკურნალი”

09.04.2014 • 66805
ოსტეოქონდროზი – „არ არსებობს წყალზე უკეთესი მკურნალი”

ბატონო მიხეილ, როგორია კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომები?

ოსტეოქონდროზი შემპარავად ვითარდება და როცა ჩამოყალიბდება, ძირითადად შემდეგ ხვდება ადამიანი, რომ ის დაავადებულია. ოსტექონდროზი შეიძლება გამოვლიდეს ტკივილით, თუმცა დაავადება შეიძლება დაიწყოს პარესთეზებით: ეს შეიძლება იყოს დაბუჟება, უსიამოვნო შეგრძნებები ხელისა და ფეხის თითებში, ყურში ხმაური, თავბუსხვევა და ასე შემდეგ. წელის მალების ოსტეოქონდროზის შემდეგ ყველაზე ხშირია კისრის მალების ოსტეოქონდროზი და ადამიანების დიდ ნაწილს ეს დაავადება უქვეითებს შრომის უნარს, გონება-განწყობას, ადამიანი ვერ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს.

რა არის კისრის ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები?

კვების მოუწესრიგებელი რაციონი, შრომის პირობები – ეს ყველაფერი განსაზღვრავს ამ დაავადების ჩამოყალიბებას. თუ ვიცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნაკლებად გვექნება ოსტეოქონდროზის საშიშროება.

რატომ უკავშირდება კვება კისრის ოსტეოქონდროზს?

თუ ადამიანი სრულფასოვნად არ იკვებება, ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. ოსტეოქონდროზი არის ხერხემლის  ძვლისა და მალების დაავადება, რომლის დროსაც ხდება მალთაშუა დისკების პათოლოგია. ძვლების გარშემო იოგები უხეშდება, ხდება გაუწყლოვანება, დახეთქვა, ძვლის იოგების გარშემო, რომელიც ხერხემალს იჭერს, კრავს. წარმოიქმნება მარილოვანი წანაზარდები, რაც ზეწოლას იწვევს ნერვის გარსზე, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს ტკივილს თუ ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას.

პრობლემაა ის დიეტები, რომლებსაც ძირითადად ქალები მიმართავენ, ვგულისხმობ ე.წ. სწრაფ დიეტებს. ეს დაავადება ზოგადად ახალგაზრდა ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ახალგაზრდა მამაკაცებში უფრო წელის ოსტეოქონდროზი გვხვდება.

ჭარბი წონის მქონე პაციენტები რისკჯგუფს წარმოადგენენ?

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჭარბ წონას, ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია დაავადების განვითარების. ჭარბი წონაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა და პირდაპირ მანიშნებელია, რომ იქაც დარღვევაა. ჭარბწონიანი ავადმყოფი ყოველთვის ცოტა ზარმაცია, არ ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით და შედეგად ადვილად ვითარდება ოსტეოქონდროზი.

რა ასაკში არის კისრის და ზოგადად ოსტეოქონდროზით დაავადების მაღალი რისკი, რამდენი წლის იყო თქვენი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი?

ეს იყო 15 წლის ბიჭი წელის ოსტეოქონდროზით, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. ბავშვი მუშაობდა სიმძიმეზე, ოჯახური პირობები ჰქონდა საკმაოდ რთული. 25 წლის ასაკის პაციენტებიც მოდიან, მაგრამ ძირითადად უფრო მეტად პაციენტების ასაკი  30 წლიდან იწყება. ზოგადად ოსტეოქონდროზით რისკი ასაკთან ერთად იმატებს.

რა გართულებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი კისრის ოსტეოქონდროზის დროს?

ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზულია ხერხემლის დისკის დაზიანება. ყველაზე ცუდი გართულება რაც შეიძლება ოსტეოქონდროზს მოჰყვეს, ეს არის კომპრესია ზურგის ტვინზე და ამის შედეგად მოწყვეტა. ეს არის საშინელება.  საბედნიეროდ კეთდება ოპერაცია და ბევრი პაციენტი ოპერაციის შემდეგ აგრძელებს ჩვეულებრივად ცხოვრებას.

ქირურგიული ჩარევა ოსტეოქონდროზის დროს ყველაზე მძიმე შემთხვევებში ხდება?

არა. თუ ოპერაცია საჭიროა, ის დროულად უნდა ჩატარდეს. გავრცელებულია აზრი, რომ ოპერაციის შემდეგ ასეთი პაციენტები უარესად არიან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ხშირად არის შემთხვევა, როცა ექიმი ამბობს, რომ ეს არის საოპერაციო, მაგრამ პაციენტი ჯიუტად ითხოვს მკურნალობის გაგრძელებას. როცა შედეგს ვერ იღებს, მიდის მეორე ექიმთან, მესამესთან და გადის დრო. ნერვი, უხეშად რომ ვთქვათ, არის დაახლოებით სიგარეტის სიმსხო და მე მინახავს ნერვი კომპრესიის დროს, რომელიც ასანთის სიმსხო იყო, რადგან იგი ვეღარ იკვებება, სუსტდება. ასე, რომ თუ ოპერაცია საჭიროა, სჯობს დროულად გაკეთდეს, რადგან დროის დაკარგვა კიდევ მეტ გართულებებს გამოიწვევს და არც მკურნალობას ექნება შედეგი.

როგორ ხდება ოსტეოქონდროზის მკურნალობა?

ამ დაავადების მკურნალობა არის პროცესი და არა მომენტი. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი, დროში გაწელილი. პაციენტს სჭირდება ნებისყოფა. ცხოვრების აქტიური წესი, კვების მოწესრიგება – ამ შემთხვევაში ავადმყოფობა პროგრესირებას არ განიცდის, პაციენტს არ ექნება გამწვავება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯანმრთელია და დაავადების უკუგანვითარებას იწვევს. თუ პირიქით – პაციენტი მოდუნდება, დაავადება პროგრესირდება და შეიძლება მივიდეს ხეიბრობამდე.

მკურნალობიდან რამდენ ხანში დგება შედეგი, თუ შეგვიძლია ამის თქმა?

დიახ, პროგნოზირება შეგვიძლია. მკურნალობის შედეგის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რით არის კისრის ოსტეოქონდროზი გამოხატული: ტკივილით თუ სხვა პრობლემებით. თუ მწვავე ტკივილია, შედეგებს მალე ვიღებთ მედიკამენტოზური მკურნალობით, მაგრამ მკურნალობა ამით არ სრულდება, მკურნალობა, როგორც აღვნიშნეთ, დიდხანს გრძელდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკიც გვემატება. ასაკი არ არის ავადმყოფობა, მაგრამ წლებთან ერთად ორგანიზმის ფუნქციები მცირდება, ჩვენი აქტივობა მცირდება და ეს ხელს უწყობს დაავადების განვითარებას.

რაც შეეხება მასაჟებსა და ცურვას, ამბობენ, რომ ეს მეთოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტეოქონდროზის მკურნალობისას. ეს ასეა?

არ არსებობს წყალზე უკეთესი მკურნალი. მწვავე პერიოდში ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ცურვას, მაგრამ მწვავე პერიოდის შემდეგ ძალიან კარგია. ოსტეოქონდროზის დროს სუსტდება კუნთოვანი აპარატი ხერხემლის გარშემო, რომელზეც ხერხემალი დამაგრებულია და ამ კუნთების გამაგრებაა საჭირო, რომ ხერხემალმა თავისი ფუნქცია შეინარჩუნოს. ამისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ცურვა, როცა არ ხდება ზეწოლა და ისე მოძრაობს, ვარჯიშობს ხერხემალი. თან წყალში უხერხული და სწრაფი მოძრაობა ვერ გაკეთდება, ხოლო შენელებული მოძრაობა წყალში ძალიან სასარგებლოა. სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სეზონი ისე გავა, რომ ზღვაზე არ წავა. ეს ძალიან ცუდია.

რაც შეეხება მასაჟს, მასაჟით ხდება ადგილობრივად კუნთების დამუშავება, კუნთებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რაც, შესაბამისად, იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, კუნთის ტონუსის მომატებას, მის გაზრდას, მომატებას, რაც ასევე ხერხემლის ძვლიანი აპარატის გამაგრებას იწვევს. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება _ არ შეიძლება მასაჟის გაკეთება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან არის ხშირად ისეთი მდგომარეობა, როცა მასაჟი არ არის სასურველი.

პროფესიულ დაავადებად თუ ითვლება ოსტეოქნდროზი?

მკერავებისთვის არის დამახასიათებელი გულმკერდის ოსტეოქონდროზი, სიმძიმეებზე მომუშავეებისათვის – წელის ოსტეოქონდროზი, გონებით მომუშავეებისათვის – კისრის ოსტეოქონდროზი. ხშირად მინახავს ასევე, რომ მოცეკვავეებს აქვთ გულმკერდის ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი. ამ მიმართულებით კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ  ასეთი შემთხვევები ხშირია ჩემს პრაქტიკაში.

როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან ეს დაავადება?

აქტიური ცხოვრება, არა ჭარბ წონას, მოწესრიგებული კვების, დასვენებისა და მუშაობის რეჟიმი და პირობები –  ეს არის საუკეთესო პროფილაქტიკა. ხაზი მინდა გავუსვა – ეს დაავადება სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის და მისი მართვა სრულებით  შესაძლებელია, თუ არ არის დიდი დაზიანებები.

მთავარი ფოტო ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის (BAU) ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: