კვირის ამბები

ჩაშლილი შეთანხმება – “შევეცდებით ყველა ხერხით გავაჩეროთ ეს მშენებლობა”

09.04.2014 • 1340
ჩაშლილი შეთანხმება – “შევეცდებით ყველა ხერხით გავაჩეროთ ეს მშენებლობა”
ოთარ იაკობაძე

ოთარ იაკობაძე

_ ბატონო ოთარ, როგორც ვიცით, ხელისუფლებამ გასაცნობად გამოგიგზავნათ ხელშეკრულება. როგორია მოსახლეობის პოზიცია?

_ მაგ დოკუმენტზე 8 მარტის შემდეგ ვმუშაობდით, რადგან დავთანხმდით მოლაპარაკებაზე. აქციის დარბევის შემდეგ კომპანიამ და ხელისუფლებამაც ბევრი ვალდებულება აიღეს. ისეთი ვალდებულებებიც, რომელიც არ შედიოდა აჭარის ხელისუფლების კომპეტენციაში. მაშინ მოსახლეობის ნაწილი დაფიქრდა და თქვა, თუ მართლა სახელმწიფო ინტერესებში შედის ჰესის მშენებლობა, ვნახოთ რა სახეს მიიღებს მემორანდუმიო. თუმცა, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფარსი. ჩაგვითრიეს მოლაპარაკების პროცესში, გაწელეს, ცხელ კვალზე დაგვპირდნენ სერიოზულ რაღაცებს, მაგრამ ყველა შეხვედრაზე პირობები იცვლებოდა. ბოლო შეხვედრაზე კი ჩვენი აღშფოთება რამდენიმე მუხლმა გამოიწვია.

_ რა პირობა დაარღვია ხელისუფლებამ, შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი დაასახელოთ?

_ აჭარის მთავრობა პირველი შეთანხმების დროს საუბრობდა, რომ თუკი მოხდებოდა ეროზია, ან სასმელი წყალი გაქრებოდა, დაინგრეოდა სახლი ან ყანა დაიბზარებოდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდებოდა სოფელი, ამ შემთხვევაში იღებდა ის განსახლების ვალდებულებას.

როგორც ვიცით, ჰესის მშენებელი კომპანია საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებითა და საერთაშორისო კვლევის სტანდარტებით შემოვიდა. ამ სტანდარტებს გვაფარებენ თვალებზე, არადა, სოფელი არავის შეუსწავლია, მხოლოდ მდინარის მარცხენა სანაპირო შეისწავლეს, სადაც კაშხალი უნდა გაკეთდეს. მსოფლიო ბანკს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს კი არანებაყოფლობით განსასახლებელ მოსახლეობასთან დაკავშირებით სპეციალური პოლიტიკა აქვთ შემუშავებული. იქ გაწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს ზარალის ანაზღაურება და ნაცვალგების რა პრინციპებით მოხდეს კომლის განსახლება. პირველ მოლაპარაკებაზე ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ხელშეკრულებაში ჩაიდებოდა მსოფლიო ბანკის სტანდარტები. დათქმული იყო, რომ გასულ ოთხშაბათს უნდა ამოეტანათ ხელშეკრულების ბოლო ვერსია მოსახლეობისთვის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ ყველა წინასწარი შეთანხმება დარღვეული აქვთ: არც გარანტიები, არც ვალდებულებები. ზერელედ, არაფრისმთქმელი ფრაზებით ეწერა, რომ ზიანის შემთხვევაში ზარალს სახელმწიფო სტანდარტით აგვინაზღაურებენ. მაგათი სახელმწიფო სტანდარტი კი ვიცით რაც არის _ ქედაში დამეწყრილ ოჯახს მიუგდეს ათი ათასი ლარი და მორჩა. რადგან სახელმწიფო ადეკვატურად არ ანაზღაურებს ზიანს, შეთანხმება აღარ შედგა.

_ რას აპირებთ?

_ პრემიერთან შეხვედრა გვინდოდა, მაგრამ არც იმან მოგვხედა. 12-იდან 6 საათამდე მთავრობის სახლის წინ ველოდით, მაგრამ ათი წუთი ვერ გამონახა, რომ შეგვხვედროდა. ხალხი გაღიზიანდა და ითქვა, რომ არანაირ მემორანდუმზე შეთანხმება აღარ მოხდება. ყველგან და ყველაფერში ტყუილია. ადგილობრივ არჩევნებსაც ბოიკოტს ვუცხადებთ.

_ ეს მხოლოდ თქვენი სოფლის გადაწყვეტილებაა, თუ სხვა სოფლების პოზიციაც ასეთია?

_ ბოიკოტს აპირებს ხუთი სოფელი _ დიდაჭარა, დიაკონიძეები, გელაძეები, პაქსაძეები და ღურტა. არც ისინი აპირებენ მემორანდუმის პირობებზე დათანხმებას. ჩვენ მივმართავთ მშვიდობიანი, სამართლებრივი ბრძოლის გზებს _ ბოიკოტს, აქციას. მივწვდებით ყველას და შევეცდებით, რომ ყველა ხერხით გავაჩეროთ ეს მშენებლობა. ორშაბათს კი ვაპირებთ სახალხო დამცველს შევხვდეთ ბათუმში და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

_ როგორც ვიცი, კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და რამდენიმე სასწავლო გრანტის დაწესებასაც აპირებდა. მართლა იყო ეს შემოთავაზებები?

_ ვის სჭირდება მაგათი სოციალური პროექტები, თუკი აქ ხალხი ვერ იცხოვრებს. ეგ არის თვალში ნაცრის შეყრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: