„მინდა მივმართო იმ 271 ოჯახს, რომელსაც პრეტენზია აქვს გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო რომ სამივე ინსტანცია თავის დროზე აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წაგებული აქვთ მოსახლეობას, მაგრამ მიუხედავად ამისა მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიქმნება კომისია, რომელიც ორშაბათიდან უკვე შეუდგება მუშაობას. შერეული კომისია, სადაც წარმოდგენილი იქნება მთავრობის აპარატის თანამშრომლები, სპეციალისტები სამინისტროდან, ვფიქრობთ უმაღლესი საბჭოდანაც იქნება წარმომადგენლობა. ასევე არასამთავრობოები და დღის ბოლომდე ველოდებით პასუხს მოსახლეობიდან რომ სამი წევრი (მათ მიერ დასახელებული პიროვნება) იყოს ამ კომისიაში წარმოდგენილი.
ვფიქრობ რომ დღის ბოლომდე ამ სამი პიროვნების ვინაობა გადაწყდება და ორშაბათიდან კომისია დაიწყებს მუშაობას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. მანამდე მოვუწოდებ რომ დაიშალონ და გზა გაათავისუფლონ,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
გონიოში მიმდინარე აქციაზე მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. არჩილ ხაბაძის განცხადებით ის არ აპირებს გონიოში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას.
„მე ორშაბათს განვაცხადე კომისიის შექმნის შესახებ. მოსახლეობამ დაინახა რომ ჩვენი მზაობა არის. კიდევ ერთხელ თემის წამოწევა და გზის გადაკეტვის გამო შეიძლება ვივარაუდოთ რომ უკვე მართულია ეს პროცესი. ალბათ არის კატეგორია პიროვნებებისა ვისაც ამის გართულება ხელოვნურად სურთ. არ ვიცი ვისგანაა ეს მართული, მაგრამ მოსახლეობას მივმართავ, მზაობა არის და ნება რომ ეს საკითხი იქნას მიყვანილი ბოლომდე.
აქციაზე არ მივალ, ჩვენი წარმომადგენლები არიან იქ დილიდანვე. იქ იმყოფება იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იქ არის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, არის ძალოვნები, რომლებმაც იციან ამის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეეები არ დაიშლებიან, გზა მაინც გაიხსნება,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ამ წუთებში გონიოში მოსახლეობას გზა ისევ გადაკეტილი აქვს. როგორც „ბათუმელების“ კორესპონდენტი აქციიდან იტყობინება, მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ბათუმში, მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა შესთავაზეს. თუმცა გონიოელები ამ ეტაპზე ხაბაძესთან ბათუმში შეხვედრას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და ჩაქვში ასვლა შესთავაზა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ. თუმცა მოსახლეობა არც ამ შემოთავაზებაზეა თანახმა.
ორ საათზე მეტია ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ აქვთ.
აქცია გონიოში ფოტო:ირმა დიმიტრაძე