გამწვანების აქცია ქედაში

 

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალურად შერჩეულ 5 000 კვადრატულ ფართზე მრავალწლოვანი კულტურების – აკაციის, მუხისა და იფანის ჯიშის ნერგები დაირგვება, მთლიანობაში 35000 ძირი ნერგი.

 

 

მწვანე საფარი აჭარის მაღალმთიანეთში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ეწყობა და მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ქედის სატყეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

 

აქციაში  ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და მისთვის სასურველი ნერგი მახუნცეთში, დაბა ქედასა და ზენდიდში დარგოს.  

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნეს

 

ახალ ფრაქციაში ჯუმბერ კობალაძის ხელმძღვანელობით საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ნაზიბროლა ქობულაძე ერთიანდებიან.

 

ჯუმბერ კობალაძე საკრებულოში „ეროვნული საბჭოდანაა“ არჩეული, ნაზიბროლა ქობულაძე კი „ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“, მან ეს პარტია გასული წელს დატოვა. ირაკლი ჩავლეიშვილი კი საკრებულოში „რესპუბლიკელების“ კვოტით შევიდა.

 

რაც შეეცება მამული ჯღენტს, მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყნება და თაღლითობაში დახმარება ედება. მას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გამოძიების დასრულებამდე შეუჩერეს.

 

ბათუმის საკრებულო
ბათუმის საკრებულო

„ჰოლივუდი არც ისე შორსაა“

 

 

დათო მოისწრაფიშვილი და მარიამ სალუქვაძე
დათო მოისწრაფიშვილი და მარიამ სალუქვაძე

„ერთი ბათუმელი ბიჭი ვარ, გადახვეწილი დედაქალაქში, ჯერჯერობით ვახერხებ წინსვლას, მხოლოდ 22 წლის ვარ, როგორც იტყვიან, ჰოლივუდი არც ისე შორსაა, მთავარი წარმატება ჯერ წინ მაქვს. ბევრი მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა ძირითად დროს შოუმენის კარიერას ვუთმობ. კომედი არხზე ვმუშაობ, რამდენიმე პროექტში ვარ ჩართული. ამის გამო თეატრისთვის დრო აღარ მრჩება, ბევრ საქმეს როცა აკეთებ, რაღაცებს ხელს აკლებ და უხარისხოდ გამოგდის.” – ამბობს დათო მოისწრაფიშვილი.

 

დათო მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი სკოლის ასაკიდან იყო, შემდეგ საზღვაო აკადემიის გუნდში თამაშობდა, საიდანაც საქართველოს ნაკრებში მოხვდა. „პრემიერ-ლიგაში პირველად ვთამაშობ, საერთოდ, ჯერ არც ერთი ქართული გუნდი არ გადასულა პრემიერ-ლიგაში. მიხარია, რომ ვარ ნაკრებში. იმის მიუხედავად, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა მოყვა ჩვენს მოსკოვში გამგზავრებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა, არანაირი კავშირი არაა “კავეენსა” და პოლიტიკას შორის. რთული იყო ამ აგრესიის ნახვა, მერე შევეგუეთ, გასართობად არ წავსულვართ, საქმისთვის წავედით, მეორე ადგილზე გავედით რვა გუნდიდან. უკრაინის დაძაბული ვითარება დაემთხვა თამაშს, თუმცა უკრაინიდანაც იყო წარმოდგენილი იქ გუნდები.” –  ამბობს დათო.

 


„მან-სან-კანი ადრე სხვანაირად მესმოდა. ვფიქრობ, ახლა უკვე ვიცი, როგორია ნამდვილი მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. სამწუხაროდ არ არის ჩვენთან კონკურენტული გარემო, არც თამაშები იმართება ხშირად. ნაკრებში ყველაზე მეტი ბათუმელი ვართ – ექვსნი, თან ყველა ვმღერით. რაც შეეხება მაყურებელს, კარგი მაყურებელი გვყავს. საქართველოში გვეცინება ადამიანებზე, სასაცილოდ გვეჩვენება ვინმეზე დაცინვა, შეურაცხყოფის მიყენება. მოსწონთ, როცა სულელის როლს ასრულებ სცენაზე, ან ხარ ფიზიკურად დაზიანებული, მაგალითად, კოჭლი. ნამდვილი მან-სან-კანი გულისხმობს სხვა რამეზე ხუმრობას, უფრო ცხოვრებისეულ, მიმდინარე მოვლენებზე.“ – გვიყვება დათო.

 

დათო საბაკალავრო სპექტაკლზე მუშაობს, ამის შემდეგ უკვე `დიპლომიანი მსახიობი~ იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ მსახიობობამდე ბევრი უკლია. აინტერესებს, როგორ მოირგებს ტრაგიკულ როლს, რადგან ამ დრომდე მხოლოდ კომედიური პერსონაჟის როლი მიუღია: „თეატრის მსახიობობა რთულია. სწავლის პერიოდში თოჯინების თეატრის მსახიობი ვიყავი, დრამატულ თეატრშიც მითამაშია. ორივე საქმიანობის შეთავსებას ვახერხებ საბედნიეროდ, თუმცა უფრო მეტად მან-სან-კანზე ვარ გადართული. არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს ამ ორ პროფესიას შორის, ავირჩევდი იმას, რომელი შემოთავაზებაც უკეთესი იქნება, ჯერჯერობით თეატრი ნაკლებშემოსავლიანია, შოუმენის კარიერა უფრო შემოსავლიანია ჩემთვის.“

 


10 წლის წინ რამინ მიქაბერიძის მიერ ჩამოყალიბებულ „ხალხურ სიმღერების~ გუნდში მღეროდა, მაშინ ჰქონდა პირველი შეხება სცენასთან.
„ჯაზი მიყვარს, მართალია ჰოლივუდში მივდივარ (იცინის), მაგრამ ინგლისური ჯერ არ ვიცი კარგად, ამიტომაც როცა სიმღერას ვასრულებ ინგლისურ ენაზე, ყოველთვის საკუთარ ინტერპრეტაციას ვახდენ. კონკურსებისთვის, ვფიქრობ, ჯერ მზად არ ვარ, მომავალში ვაპირებ, კონცერტებზე ხშირად გამოვდივარ. თუმცა არავის არ აინტერესებს ჩემი ჯაზი, უნდათ, რომ გავაცინო, მხიარული სიმღერა შევასრულო, ერთხელ ალბათ ვიმღერებ სერიოზულად, მინდა შევასრულო რეიჩალზის  – დედა.” –  ამბობს დათო.

 


შეყვარებული არ არის, თუმცა ყოველთვის მოსწონს ვიღაც, სიყვარულზე “კარგი აზრისაა” და ფიქრობს, რომ თუ ვინმე გამოჩნდება მის ცხოვრებაში, უფრო მეტად მოტივირებული იქნება იმისათვის, რომ წარმატებული გახდეს: „და მაშინ მართლა აღარ იქნება შორი ჰოლივუდამდე. ორი რამ განსაკუთრებით მომწონს გოგოში, წითელი პომადა და ვარცხნილობა – კარე. მინდა, რომ მიყვარდეს.”

 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღებს სასამართლოს განჩინებას საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

სხდომა 12 საათზე დაიწყება.

მალხაზ ფარტენაძეს სამართალდამცავები დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალდება თაღლიოთობის მცდელობით შეიცვალა. ის პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას  მისი მოადგილე ნუკრი სირაბიძე ასრულებს.

აჭარაში ფერმერები სასათბურე კონსტრუქციებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიძენენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის – „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში სათბურების განაწილება დაიწყო. პროგრამის მიზანია ადგილობრივი საადრეო ბოსტნეულის წარმოების ზრდა და წარმოებული ბოსტნეული კულტურების ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება.

წელს ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 250 ერთეული მარტივი ტიპის 50 კვმ-იანი (ლითონის კარკასი და პოლიეთილენის ფირი) სასათბურე კონსტრუქციის შემოტანა. აღნიშნული სასათბურე კონსტრუქცია რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე გაიცემა, ერთეულის ღირებულება შეადგენს 1865,80 ლარს, თანადაფინანსების პრინციპით (ღირებულების 30%–ის გადახდით) ფერმერის გადასახდელი თანხა ერთ სათბურზე იქნება 559, 74 ლარი.

ტრეფიკინგისა და თაღლითობის ჩადენაში ბრალდებულებულები

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით 2013 წლის 16 აპრილს, ო.  ბ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მოლარე ელენე კარტულიდს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსასვლელად მოტყუებით გამოაწერინა 5681 ლარის ღირებულების, ტაშკენტი-ალმაატას და ალმაატა-თბილისის მიმართულების თვითმფრინავის ბილეთები, რის შემდეგაც  2013 წლის 18 აპრილს, უზრუნველყო უზბეკეთის რესპუბლიკიდან ნ.  ხ.  და მ. ს.  ჩამოყვანა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში და საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ სასტუმროში.

 

 

ამის შემდგომ ო. ბ.  მათ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით, მოახდინა მათი გადაბირება, პროსტიტუციაში ჩაბმა და 2013 წლის 13 ოქტომბრამდე მათ მიმართ ახორციელებდა ტრეფიკინგს.

 

ბრალდებული 2013 წლის აგვისტოში,    ტრეფიკინგის მსხვერპლთა პასპორტების გამოყენებით მოტყუებით დაეუფლა    6646 ლარის ღირებულების ორ ოქროს ყელსაბამსა და სამაჯურს.

ო. ბ.  წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-7 წლამდე და 11-15 წლამდე ვადით.

 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
 

ბათუმის მერიას პლაგიატისთვის შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

 

მისი განმარტებით,  პროექტის 21 პუნქტიდან 18 პუნქტი მერიამ მიისაკუთრა და ტენდერი გამოაცხადა.  ამის გამო ზაზა ფირცხალაიშილი სასამართლოში  ჩივილსაც აპირებს. მისი თქმით, მას პროექტის საავტორო უფლებები დაპატენტებული აქვს – ამის შესახებ განცხადება ლექსების გამოფენის ორგანიზატორმა  დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

  ბათუმის მერიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ფირცხალაიშვილს მაშინ უნდა გაეპროტესტებინა, როცა ტენდერში მონაწილეობას იღებდა და არა მაშინ, როცა მან ტენდერში ვერ გაიმარჯვა.  მერიის  განათლებისა და  კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ლამზირა ბოლქვაძის განმარტებით, ზაზა ფირცხალაიშვილს კონსტიტუციით აქვს უფლება, რომ მიმართოს სასამართლოს.

 

ბათუმის მერიის ორგანიზებით 2014 წლის 17-18 მაისს,  ბათუმში ლიტერატურული საღამოების ფარგლებში თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ფორუმი ჩატარდება.  

 

ზაზა ფირცხალაიშვილი

ისევ გვისმენენ – ეს შენ გეხება

 

ვფიქრობ, როცა ხელისუფლებას ხალხის არ ესმის, სწორედ მაშინ იწყებს ხელისუფლება ხალხის მოსმენას, ოღონდ ფარულად – უსუსურობის განცდის გასაჩენად. იმისთვის, რომ „დიდი ძმა გვიყურებდეს“, გვისმენდეს და გვაშინებდეს: „ისე მოგისმენ, ხმის ამოღება ვერ შეძლო“.

 

ახლაც ხშირად მესმის ჩემს ტელეფონში: „ამას ტელეფონით ვერ გეტყვი, გვისმენენ“. ხმებიც მეორდება. მსიამოვნებს, ასეთ დროს ზოგიერთი ყურმილს რომ არ კიდებს და პროტესტის ნიშნად ხმის აწევით განაგრძობს საუბარს. ასეთი შემთხვევები მარწმუნებს, რომ უსამართლობის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში ადრე თუ გვიან იმით დასრულდება, რომ ხელისუფლება ან წავა (ცუდად წავა), ან ხალხის მიერ დაქირავებული ხელისუფლება გაიაზრებს – თვალებში რომ უნდა ჩახედოს საკუთარ ამომრჩეველს და პირდაპირ ნათქვამს მოუსმინოს.

 

ამიტომაც ვარ დარწმუნებული, სამოქალაქო საზოგადოების კამპანია „ეს შენ გეხება – ჩვენ გვისმენენ“ წარმატებით დასრულდება. უბრალოდ ერთი რამ მიკვირს: სამართლიანობის ლოზუნგით მოსულ ხელისუფლებასთან რატომ გვჭირდება ამდენი ჭიდილი  და იმის მტკიცება, რომ ფარულად მოსმენის საშუალების აღკვეთაა საჭირო. „მოსმენილმა“ ამომრჩეველმა ხომ თქვა, რომ მოსმენა სჭირდება?! 

მტირალას ეროვნული პარკი დღეს

2014  14 აპრილის მონაცემებით  მტირალას ეროვნულ პარკს 1048 ვიზიტორი სტუმრობდა. მათ შორის 127 უცხოელი ტურისტი იყო. გასული წლის მონაცემებით კი დაცული ტერიტორია 1014 – მა პირმა დაათვალიერა, მათ შორის 91 უცხოელი ტურისტი იყო.

ვინ იქნება სიაში პირველი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში

 

შიდა პარტიული გადანაწილებისას ბათუმის საარჩევნო სიის პირველ ნომრად კოალიცია „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკელები“ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის კანდიდატურას შესთავაზებენ. „თავისუფალი დემოკრატები“ კი ამ სიის პირველ ნომრად კობა ჩხეიძეს მოიაზრებენ. „კონსერვატორებს“ კი სიის სათავეში მოხვედრაზე პრეტენზია არ აქვთ.

 

 

„კონსერვატორების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით ბაციკაძის ინფორმაციით, სიის პირველ ნომრად მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩაიწერება და არა კოალიციაში შემავალი რომელიმე სხვა პარტიის წევრები. მისივე ინფორმაციით, „სავალდებულო არ არის სიის პირველი ნომერი გახდეს თავმჯდომარე, შეიძლება ეს მესამე ან სხვა რომელიმე ნომრად სიაში ჩაწერილი პირიც გახდეს“.

 

 

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციის კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობს. კოალიციის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის მურმან დუმბაძის თქმით, „ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია“. მისივე ინფორმაციით, სიაში ყოველი მეორე კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, დარჩენილ კვოტებს კი კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია გაიყოფს. „ქართულ ოცნებას“ ჯერ არც ბათუმის მერობის კანდიდატი დაუსახელებია.

 

 

კანდიდატები უკვე დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყოფილი მმართველი პარტია სიის პირველ ნომრად გიორგი კირთაძის კანდიდატურაზე შეთანხმდა. ბათუმის მერის კანდიდატად კი, მოქმედი საკრებულოს წევრი და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე დაასახელეს. ექიმი გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის ნათესავია.

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებსაც ასახელებს. მათ შორის სამი ქალია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პარტია სრულიად ახალ სახეებს სთავაზობს ამომრჩეველს. `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან –  მირდათ ქამადაძე, ლევან დიასამიძე, მარიამ ჯინჭარაძე, მარინე ჩიხლაძე, ირაკლი მოდებაძე, გოჩა კირკიტაძე, ირაკლი თავართქილაძე და ნინო ასამბაძე.

 

 

კიდევ ორი მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

თვითმმართველობის არჩევნები, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, 15 ივნისს უნდა გაიმართოს.

 

 

 

ბათუმის სამშობიარო სახლი უსტატუსო, ღარიბ ქალებს უფასოდ მოემსახურება

 

შეთანხმების თანახმად, სამედიცინო დაწესებულება თავისი პროფილის მიხედვით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას ანაზღაურების გარეშე გაუწევს. გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები ერთი წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.

 

„გარკვეული კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქულა, მაგრამ იმ მომენტისათვის არ სარგებლობენ კონკრეტული სახელმწიფო პროგრამით და სჭირდებათ დახმარება, ჩვენი მიმართვის საფუძველზე ბათუმის სამშობიარო სახლში მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.  შეიძლება ნაწილობრივ დაფინანსებაზეც შევუთანხმდეთ“, – განმარტა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა „ბათუმელებთან“.

 

ნუგზარ სურმანიძის თქმით, სამშობიაროს უფასო მომსახურებით წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის მიხედვით, დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც რეალურად საჭიროებენ ამას.

 

 

 

ერთად გადავარჩინოთ ქართული ენა

 

 

ქართულმა ენამ თავისი განვითარების უგრძესი და უძნელესი გზა განვლო, მან ურყევად და გმირულად გამოატარა ისტორიული ქარ-ცეცხლი და იგი გამოიჭედ-გამოიწვრთო დროის სამჭედლოში. ენა ქართული ეს არის ენა, რომლის საშუალებითაც ჩვენი დიდი წინაპრები ურთიერთობდნენ  საზღვარგარეთის ქვეყნებთან,  ქართულ ენაზე შეიქმნა მსოფლიო დონის საერო თუ საღვთო ლიტერატურა, ჩვენმა სასიქადულო წინაპრებმა მოახერხეს და ქართული ენა არა მარტო თავის სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაიტანეს და სხვა ერებს გაუჩინეს სურვილი ქართული ენის შესწავლისა.

 

რა კეთდება დღეს ქართული ენის  განვითარებისათვის კი არა და გადარჩენისათვის?! თითქმის აღარაფერი, უფრო მეტიც, მისი დამდაბლებისა და დამახინჯებისათვის უამრავი ნაბიჯი იდგმება ყოველდღიურად. მოდად არის ქცეული უცხო ენებისადმი ინტერესი.

 

რა თქმა უნდა ვეთანხმები იმას, რომ ენების ცოდნა უადვილებს ადამიანებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ქართული სიტყვის დამახინჯების და მისი არასწორი წარმოთქმის ხარჯზე. ხშირია შემთხვევები, როცა დამსაქმებელი ითხოვს დასაქმებულისაგან უცხო ენის ცოდნას   ისეთ სამსახურში, სადაც დასაქმებულს არ დასჭირდება სხვა ენა გარდა ქართულისა.

 

ამ დროს რა ხდება მედია სივრცეში? რაში გვჭირდება უცხო ტერმინები, როცა ქართული ენა ვერ იტევს  ლექსიკონებს. მაგ: მენეჯერი (მმართველი) მარკეტი (ბაზარი) თინეიჯერი (ჭაბუკი) და ასე შემდეგ. სანამ ძალიან გვიანი არ არის უნდა ვიზრუნოთ ქართული ენის გადარჩენისა და განვითარებისათვის.

 

ჩემი სუბიექტური აზრით უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

 

1. დღეს გვაქვს აწმყო, როცა ქართული საზოგადოება და უფრო მეტად ახალგაზრდობა არა თუ ვერ საუბრობს წმინდა ქართულს, ქრება ინტერესი ქართული ენის სიწმინდის დაცვისა ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს მედია სივრცე, საიდანაც ხშირად ისმის უცენზურო სიტყვები. უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას არ მისცემს მასმედიას დაამკვიდროს უცხოური ტერმინოლოგიებით დამახინჯებული მეტყველება. ამისათვის ამა თუ იმ მედიის ხელმძღვანელობას დაეკისროს საჯარიმო სანქციები.

 

2.  უცხოური ტერმინოლოგიის ნაცვლად უნდა აღსგდეს მივიწყებული ქართული სიტყვები და გამოყენებული იქნას სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ოფიციალურ სამსახურებში.

 

3.  ვეთანხმები აჭარის მამულიშვილთა საგვარეულოს კავშირის თავმჯდომარეს ბატ: ნიაზ ბოლქვაძის წინადადებას,რომ ქართული ენის დღე გამოცხადდეს ერთ-ერთ ეკლესიურ დღესასწაულად.

 

წინა ხელისუფლების დროს ორჯერ მივწერე წერილი მიხეილ სააკაშვილს ამ პრობლემის თაობაზე მაგრამ არსად ხმა, არსად ძახილი. ვიმედოვნებდით, რომ ეს ხელისუფლება უფრო ეროვნულად იქნებოდა გამსჭვალული ამ პრობლემის მიმართ მაგრამ ამჯერადაც გაგვიცრუვდა იმედი. „რა ენა წახდეს ერი დაეცეს“  (გრ.ორბელიანი) და სანამ არ დავცემულვართ, სანამ არ დაგვიკარგია ჩვენი ღვთაებრივი საუნჯეთაგანი, გთხოვთ დროზე მოვეგოთ გონს.

          

სპეცოპერაციის დროს მოკლულის ოჯახი დათა ახალაიას დასჯას მოითხოვს

 
Закрыть [X]
 
Осталосьсек.
 

 

ამ მოთხოვნით დღეს ბრიფინგი  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორგაძის ცოლმა, მადონა მურმანიძემ გამართა.


ბრიფინგზე ასევე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რომ ადვოკატირება გაუწიონ  ოჯახს.


2006 წლის 12 იანვარს, სამი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თითოეულ მათგანს რვა და მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.


პოლიციელების მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო. 

2007 წლის 25 ივნისს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ჯ. მაჭარაშვილმა ძიება შეწყვიტა.

 გამოძიება 2013 წლის ოქტომბრიდან განახლდა, რამდენიმე თვეში კი საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები,  ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა.

 

 

 

Закрыть [X]
 
Осталосьсек.
 

Закрыть [X]
 
Осталосьсек.
 

Закрыть [X]
 
Осталосьсек.

ვის მისცემენ ხმას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი



ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბერიძემ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ახალ რეგისტრაციისთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ინფორმაციის ნაკლებობის შესახებ ისაუბრა.


„მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დღის წესრიგში ერთ-ერთ პრობლემურ თემად დგას ის, თუ ვის უნდა მივცეთ ხმა შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხელვაჩაურის პირადობის მოწმობები გვაქვს. მოსახლეობა გაურკვევლობაშია და გვინდა ეს ხარვეზი არჩევნებამდე გამოსწორდეს” – ამბობს დავით ბერიძე. 

 


გარდა ამისა ბრიფინგზე მეორე პრობლემაც, მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულობის საკითხიც განიხილეს. დავით ბერიძის თქმით,ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნდა გააკეთონ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და დამატებით გამგეობიდან ამონაწერი იმის შესახებ, რომ ისინი შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათ უნდა გაიგონ ახალი მისამართი და ნომერი და ამის შემდეგ იუსტიციის სახლში აიღონ ახალი პირადობის მოწმობები. 


“როცა ამ დამიანენებს აქვთ სხვა სახის, თუნდაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამის შესახებ განცხადებით მიმართავენ ხელვაჩაურის გამგეობას, მხოლოდ მაშინ ირკვევა, რომ ისინი თურმე ქალაქის მაცხოვრებლები არიან” – განაცხადა დავით ბერიძემ.  


არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა” ერთი წელია რაც დაფუძნდა და მისი ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგი და განვითარებაა.

 

ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ

 

ფარული თვალთვალი და მიყურადება მნიშვნელოვანი საგამოძიებო ბერკეტია. მას ყოველთვის იყენებდნენ. რაც უფრო მზარდია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, მით უფრო დახვეწილი ხდება მოსმენისა და თვალთვალის მექანიზმები. ამ პროგრესის პირდაპირპროპორციულად ფიქრობენ საზოგადოებები და მათი რჩეული კანონმდებლები დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომ ისე შეზღუდონ სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნები, რომ არც გამოძიებას ევნოს და არც ადამიანის უფლებები დაირღვეს. თუკი კონტროლის მექანიზმები მოშლილია, მაშინ გამომძიებელი არად დაგიდევს მოსამართლის მიერ გაცემულ ნებართვას და იმაზე მეტ ინფორმაციას მოიპოვებს უკვე არსებული ტექნიკური საშუალებებით, ვიდრე თავადაც კი ვერ  წარმოედგინა და არ მოეთხოვა მოსამართლისგან. ეს ცდუნებაა, რომელსაც ადამიანები ვერ უძლებენ. კანონები ხომ სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ადამიანური სისუსტეები მოთოკოს.

 

ასე უსისტემოდ გროვდება ერთ დიდ ყულაბაში ჩვენი სატელეფონო საუბრები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტიდან გაგზავნილი და იქ მიღებული წერილები, ჩვენი ჩანაწერები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. დღეს არსებული პრაქტიკით არავინ იცის, ვინ აგროვებს ამ ინფორმაციას, ვის აქვს მასზე ხელმისაწვდომობა, ვინ ახარისხებს მას და იღებს გადაწყვეტილებას, რა დააარქივოს და რა წაშალოს, საერთოდ შლის თუ არა ვინმე რამეს ამ უსაზღვრო საარქივო ოკეანიდან. ყველა ხელს იბანს – მოსამართლეც, მობილური კავშირის კომპანიაც, ინტერნეტპროვაიდერიც. გამომძიებელი კი მარტო რჩება საკუთარ ცდუნებასთან ერთად და არაფერი აკონტროლებს მის პასუხისმგებლობას.

 

ცდუნება აქვს სახელმწიფოსაც – რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია საზოგადოებრივი ურთიერთობები, მით მეტად აინტერესებს მთავრობას, რას ფიქრობენ მისი მოქალაქეები, რას ამბობენ, რას აკეთებენ, სად დადიან, ვის ხვდებიან, რას ჭამენ და ვისთან წვებიან. მას ყველაფერი აინტერესებს, რადგან ამოუკითხავს სადღაც წიგნებში, რომ ინფორმაცია მართვის საუკეთესო საშუალებაა.

 

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ფარული უკანონო ჩანაწერები მხოლოდ სექსუალური ხასიათისაა და მას მთავრობა კარგად იყენებს ცალკეული მოქალაქეების დასაშანტაჟებლად. ფარული უკანონო მოსმენებით იგებენ ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების შიდა საქმიანობის შესახებ; ბიზნესმენთა საქმიანი შეხვედრების დეტალებს; დიპლომატიურ საუბრებს; პირადი ცხოვრების დაგეგმვის საკითხებს და სხვა პრივატულ ამბებს. ამ ტიპის ინფორმაციის მოპოვებით, დაგროვებითა და მით უმეტეს მისი გამოყენებით მთავრობა  ქმნის არათანასწორ და უკონკურენტო საზოგადოებრივ სივრცეს. თანასწორობა და კონკურენცია მთავარი ევროპული ღირებულებებია და მისი დეფიციტი გვაშორებს სწორედ ჩვენ ევროპულ სივრცეს.

 

მე მინდა, რომ გამოძიებამ მხოლოდ ის ინფორმაცია მოიპოვოს ფარული მეთოდებით, რომელიც აუცილებლად სჭირდება გამოძიების პროცესს და ეს სერიოზული სასამართლო, საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლით განახორციელოს;

 

მე მინდა, რომ მოქალაქეები თავისუფლად საუბრობდნენ და წერდნენ იმას, რასაც ფიქრობენ და რასაც აკეთებენ ისე, რომ არ დასჭირდეთ იგავარაკული აზროვნება;

 

მე მინდა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არ ჩადის დანაშაულს, არ იყოს ფარული თვალთვალის ქვეშ. ეს მის თავისუფლებას ზღუდავს, თუნდაც მან ამის შესახებ არც იცოდეს;

 

მე მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს თანამედროვე ევროპული ღირებულებების თანაზიარი და იყოს ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

 

სწორედ ამიტომ მოვამზადე ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან – ლაშა ტუღუშთან და ლიკა საჯაიასთან ერთად კანონპროექტთა პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

 

სწორედ ამიტომ ჩავერთე კამპანიაში `ეს შენ გეხება~, რადგან ეს მე მართლაც მეხება, ისევე როგორც ნებისმიერ თქვენგანს ეხება.

 

ერთად გავხადოთ ჩვენი საზოგადოება უფრო საინტერესო და მიმზიდველი.

გიორგი პაპუაშვილმა მაუწყებლის ბორდის წევრების სარჩელის შესახებ განმარტება გააკეთა

 

“მცდარია ინფორმაცია, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბორდის წევრების უფლებამოსილების აღდგენა მოხდა. უფლებამოსილების აღდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან მათ უფლებამოსილება შეწყვეტილი არ ჰქონდათ.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ბორდის მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების სამომავლო შეწყვეტა არამართლზომიერი ჩარევა იქნება. მნიშვნელოვანია, დასაბუთების ნაწილში ხაზი გაესვას იმას, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არის საჯარო ფუნქციის ორგანო, რომელსაც ქმნის, აფინანსებს და წესებს უწესებს სახელმწიფო, მაგრამ არის დამოუკიდებელი, როგორც სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

 

ამიტომ მნიშვენლოვანია “საზოგადოებრეივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრების დამოუკიდებლობის გარანტია. ამ გარანტიად სასამართლომ აღიარა მათი უფლებამოსილების ვადაში არამართლმზომიერი ჩარევის დაუშვებლობა. ბორდის დაკომპლექტების წესში ცვლილების შეტანა არ უნდა გახდეს არც მოქმედი და არც მომავალი წევრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძველი.”

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უკრაინაშია

 

  შეხვედრები კიევში გაიმართება, კონსტიტუციის ახალი პროექტის დახვეწასთან დაკავშირებით.

უკრაინის საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო შეხვედრის გარდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უკრაინის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

ვიზიტი უკრაინაში 14 – 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველაზე პოპულარული და იშვიათი სახელები

 

 

კვლევამ აჩვენა, რომ მიმდინაწე წელს ახალშობილი გოგონების ყველაზე პოპულარული სახელი მარიამი, ხოლო ბიჭების – ნიკოლოზია.

 

2014 წელს   მშობლებმა ახალშობილ გოგონებს შემდეგი სახელები შეუჩიეს: მარიამი–676, ბარბარე–505, ნინო–480, ელენე–474, ანასტასია–453, ანა–317, ლიზა–252, ნია–197, ნატალია–133, სალომე–114, თამარი–114, თეკლა–110, ნუცა–97, ანამარია–91, სესილი–72, ლილე–69, ქეთევანი–69, ქეთი–47, სოფიო–45, ეკატერინე–42 და სხვა.

 

 

2014 წლის სტატისტიკის მიხედვით ბიჭების პოპულარული სახელებია:  ნიკოლოზი–535, გიორგი–514, ანდრია–435, დავითი–351, გაბრიელი–348, ალექსანდრე–252, დემეტრე–196 სანდრო–195, დაჩი–96, ლაზარე–85, ილია–84, იოანე- 73, ირაკლი–67, ნიკა–59, ცოტნე–58, თორნიკე–57, ლევანი–50, ნოდარი–38. თემური–36, ზურაბი–34 და სხვა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში 2014 წელს აღრიცხული იშვიათი სახელებია: ასლი, გიგანტი, ისრაილ, სიმზარ, ფაშა, შეიხ, მამული,  მინა,  რიზა და სხვა. 

 

რაც შეეხება ყველა ასაკში, სხვადასხვა დროს პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია, მას მოსდევს: დავითი, ნიკოლოზი, ალექსანდრე, ირაკლი, ზურაბი, ლუკა, ლევან, ლაშა, გოჩა და სხვა.

 

გოგონებს ყველაზე ხშირად არქმევენ ნინოს; ასევე გავრცელებული სახელებია: მარიამი, თამარი, მაია, ანა, ნანა, ნათია, მანანა, ქეთევან, ნათელა და სხვა.

 

  ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა წლებში   აღრიცხული იშვიათი სახელებია: ასკილი, დუელი,  კევა,  მღელვარე, პრინცესა, ტანაჯულ, ტანგილიტა,  ფაფა,  ჩიტი,  ჯაჯო,  ჯახირი, ელეფტერია და სხვა.

როგორ გაამაგრებენ ნაპირს

 

 

ცნობილი ფაქტია, რომ ყოველი შტორმის შემდეგ ბათუმის სანაპიროდან ზღვა ხმელეთს იტაცებს. ხელისუფლებაც მრავალი წელია აცხადებს, რომ სანაპიროს გამაგრება იგეგმება. შემდეგ ორ წელიწადში ამ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს აღებული. ამ ეტაპზე ფონდში აცხადებენ, რომ ტენდერი საკონსულტაციო ფირმის შესარჩევად უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

 

 

„ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს პროექტირებაზე. ფონდი მუშაობს იმაზე, რომ საკონსულტაციო კომპანიამ დადოს მაღალკვალიფიციური  პროექტი, რომელიც იქნება სრულად გამართული. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევაზე. გამარჯვებული კომპანია დადებს პროექტს და ამ პროექტის საფუძველზე გამოცხადდება ტენდერი უკვე სამშენებლო კომპანიის შერჩევაზე. რომელიც უშუალოდ ჩაატარებს ნაპირგამაგრებით სამუშაოებს. საპროექტო სამუშაოები 2014 წლის ბოლომდე დასრულდება. 2015-ში უკვე დაიწყება აქტიური სამუშაოები ადგილზე“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

 

 

კითხვაზე, რა მეთოდით იგეგმება სანაპირო ზოლის გამაგრება, შენარჩუნდება თუ არა პლაჟი და რეკრეაციული ზონა, მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ  აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც პროექტი მომზადდება. 

 

 

ორი წელია ზღვა განსაკუთრებული ინტენსივობით ადლიის მონაკვეთში ე.წ. ახალი ბულვარის ტერიტორიას იტაცებს. დანგრეულია საფეხმავლო ბილიკი, მოშლილია ინფრასტრუქტურა. როგორ აპირებს ხელისუფლება ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვას მანამ, სანამ ფართომასშტაბიანი პროექტი დაიწყება? – ამ კითხვით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელს ვახტანგ წულაძეს მივმართეთ. მისი განმარტებით, ჭოროხის დელტიდან აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდე ფლეთილი ქვების ბერმის მშენებლობაა დაგეგმილი.

 

 

„მხოლოდ ადლიაში 100 ათასი კუბური მეტრის ინერტული მასალის ჩაყრა იგეგმება. იმის გამო, რომ ამჟამად ჭოროხზე წყალმოვარდნებია და შესვლა შეუძლებელია, ვერ ავიღეთ კოორდინატები, რომელიც საჭიროა ინერტული მასალის ამოსაღებად. ის ტერიტორიები, რომელიც შარშან გვქონდა მონიშნული, ამჟამად დატბორილია. სამწუხაროდ, პირველ კვარტალში დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების გადატანა მოგვიწია მომდევნო კვარტალში. ინერტულ მასალას ადლიაში აეროპორტის მიმდებარედ ჩავყრით“, – აცხადებს ვახტანგ წულაძე.

 

 

სანაპირო ზოლის ინერტული მასალით გამაგრებისათვის აჭარის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. ვახტანგ წულაძის ინფორმაციით, ჯამში აჭარის სანაპიროზე 200 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალის ჩაყრა იგეგმება.

 

 

ოკეანოლოგი საშა ხორავა ამბობს, რომ ხელოვნური კვების მეთოდით ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრება აპრობირებული მეთოდია. თუმცა, თავის დროზე არასწორად გაკეთებული ბულვარის საფეხმავლო ბილიკის გამო – მოკლევადიანი.

 

 

„აეროპორტიდან სამხრეთით, იქ არსებული გზაც, ბულვარის ბილიკებიც და სხვა ინფრასტრუქტურაც გაკეთებულია პლაჟის ხარჯზე. თავის დროზე ადლიის გამწმენდ ნაგებობასთან როგორც კი შეიქმნა ავარიული სიტუაცია, გარკვეულ მონაკვეთზე გააკეთეს ფლეთილი ქვების ბერმა, რომელმაც გამწმენდი ნაგებობის ტერიტორია დაიცვა. ბერმის სამხრეთით კი მოიმატა ნაპირმა, მაგრამ ჩრდილოეთით გაააქტიურა წარეცხვითი პროცესები. ამიტომ დღესაც, ყოველი შტორმის შემდეგ საკმაოდ აქტიურად ირეცხება ეს ტერიტორია“, – ამბობს საშა ხორავა.

 

 

ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები სარფის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს.  პროექტის მიხედვით, ამ ზოლს ტალღმტეხი ნაგებობებით ე.წ. ტეტრაპოდებით ამაგრებენ. დაგეგმილია გაბიონების მოწყობა და გზის დაზიანებული საფარის აღდგენა. ამ სამუშაოებს საქართველოს გზების დეპარტამენტი ასრულებს, ხოლო საჭირო თანხა – 10 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყო. საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარფის მონაკვეთის გასამაგრებლად დამატებით 20 მილიონი ლარიც უნდა გამოიყოს. 

 

 

ბათუმის სანაპირო ზოლის აღდგენისთვის საჭირო თანხას საქართველოს სახელმწიფო აზიის განვითარების ბანკისგან იღებს.

მოტობლოკები ფერმერებს – დაგვიანებით

ფერმერებმა მიწის დამუშავება უკვე დაიწყეს, თუმცა აჭარის სოფლის  მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის – „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში, 70%-იანი თანადაფინანსებით, მრავალფუნქციური მოტობლოკების დარიგება ჯერ არ დაუწყია.

360 ცალ მრავალფუნქციური მოტობლოკის შეძენაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოთხი ტენდერი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე ტენდერი  15 იანვარს გამოცხადდა, ერთ-ერთ მიმწოდებელთან ხელშეკრულება, რომელმაც 250 ცალი ნიადაგის დამამუშავებელი აგრეგატებით აღჭურვილი მოტობლოკი უნდა შეიძინოს, პირველ აპრილს გაფორმდა.

მოტობლოკი (18-თვიანი გარანტიით) ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ფირმებმა D&S CROUP-მა და „აგროინვესტსერვის“-მა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის განმავლობაში უნდა შეიძინონ.

სხვადასხვა აღჭურვილობის მქონე 280 მრავალფუნქციურ მოტობლოკს შპს „აგროინვესტსერვისი“ შეიძენს.

250 მოტობლოკის შეძენაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 780 000 ლარზე 15 იანვარს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ბალა“-მ 635 000 ლარით მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხელშეკრულება შპს „აგროინვესტსერვისთან„ 754 000 ლარზე 1-ელ აპრილს გაფორმდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერში მონაწილე „ბალა“-ს დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო აბულაძე აცხადებს, რომ ფირმამ სატენდერო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„ბალა“ ჩინური წარმოების მოტობლოკს გვთავაზობდა, რომელიც ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა და დისკვალიფიკაცია მიენიჭა. გამოვავლინეთ მომდევნო პრედენტენტი – „აგროინვესტსერვისი“ და მასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება“, – აცხადებს სოსო აბულაძე.

სამინისტროს მიერ დისკვალიფიცირებული ფირმა სამინისტროს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს, ფირმის დირექტორი რამაზ ბალაძე ამბობს, რომ სამინისტრო ხელშეკრულებას იმ ფირმებთან აფორმებს, რომლის მფლობელებიც სამინისტროს თანამშრომლების ნათესავები და მეგობრები არიან. მისივე თქმით, სამინისტროს მიერ შეფასებული მოტობლოკის საცალო ღირებულება ხელოვნურად არის გაზრდილი.

„დოკუმენტაციაში შეცდომა იყო გაპარული, სამინისტრომ წერილობით მომმართა დამეზუსტებინა, რაც ჩასწორდა, მაგრამ მერე მითხრეს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შეცვალეო. სამინისტროს გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გავასაჩივრე.

ამბობენ სახელმწიფო 70-%-ს გიხდითო, რატომ იხდიან 3000 ლარს, როცა ბაზარზე ასეთი კულტივატორი 1500-1700 ლარი ღირს, მე დიდი სხვაობით მოვიგე ტენდერი, 145 000 ლარით ნაკლები შევთავაზე, ველოდებოდი ვაჭრობა წავიდოდა, მაგრამ ვაჭრობა გაჩერდა, რადგან ფირმამ, რომელსაც ხელშეკრულება გაუფორმეს, იცოდა მიზეზს მინახავდნენ და გაიმარჯვებდა. საზღვარგარეთ მოტობლოკის თვითღირებულება დამხმარე აგრეგატებით 1200 ლარი ღირს,“ – აცხადებს რამაზ ბალაძე.

80 მრავალფუნქციურ სათიბელ და  ნიადაგის დამამუშავებელი აგრეგატებით არჭურვილ მოტობლოკზე ტენდერი 400 000 ლარზე გამოცხადდა, გამარჯვებულ შპს D&S CROUP-თან ხელშეკრულება 28 თებერვალს 312 000 ლარზე გაფორმდა.

„იტალიაში წარმოებულ მოტობლოკს, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში შემოვიტანთ“ – ამბობს სოსო ლაზარიშვილი.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო აბულაძე ამბობს, რომ მოტობლოკების გაცემა დაგვიანებული არ არის.

„საგაზაფხულო სამუშაოები მაღალმთიანეთსა და დაბლობში აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება, აქედან გამომდინარე მოტობლოკის გაცემა დაგვიანებული არ არის, ჩვენ გვინდოდა 1-ელი აპრილისთვის დაგვეწყო დარიგება, მაგრამ „ბალამ“ გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა, რამაც პროცედურა დროში გაწელა. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაიწყება ტექნიკის გაცემა“.

თანადაფინანსებით ტექნიკის შეძენის მსურველი ბევრია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ეტაპზე ფერმერებიც არ შეურჩევია. სოსო აბულაძის თქმით, ფერმერებს კომისია შეარჩევს.

მინისტრის მოადგილის თქმით, „ფერმერები ჯერ არ შერჩეულა, საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს, რომელიც სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ მუნიციპალიტეტს რამდენი მოტობლოკი მიეწოდოს. პირველ ეტაპზე კოოპერატივების განცხადება დაკმაყოფილდება“.

სამთავრობო უწყებები, საჯარო ინფორმაციის ვალდებულება და წვდომა

 

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე: ajara.gov.ge  – საჯარო ინფორმაციის გრაფაში განთავსებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებას არასრულად პასუხობს. ამ გრაფაში განთავსებული ქვეგრაფები უმეტეს შემთხვევაში შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომლის პოვნა სხვა ვებგვერდებზეც შეიძლება. სამაგიეროდ აჯარა.გოვ.გე-ზე ნაკლებად არის წარმოდგენილი მთავრობის თავმჯდომარის – არჩილ ხაბაძის ბოლო პერიოდში გამოცემული ბრძანებები თუ დადგენილები.

 

 

ვებგვერდზე არც მთავრობის აპარატის მიერ განხოციელებული შესყიდვების, დაგეგმილი შესყიდვებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

 

 

თითქმის არც ერთ სამთავრობო სტრუქტურას არ აქვს გამოქვეყნებული სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოხელეების კორპორაციული ტელეფონის ნომრები. ამ მხრივ გამონაკლისი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის უმაღლესი საბჭოა.

 

 

დადგენილება საჯარო ინფორმაციის პრაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს მთავრობამ 2013 წლის აგვისტოში მიიღო. დოკუმენტი ყველა ადმინისტრაციულ სამთავრობო სტრუქტურას ავალდებულებს ამ დადგენილების დანართში ჩამოთვლილი ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე პერიოდულად უზრუნველყოს.

 

 

ჩამონათვალში ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების, საშტატო ერთეულების, სტრუქტურაში დასაქმებული პირების ვინაობის, ბიუჯეტისა და ანგარიშების გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიებისა და კონცეფციის, სამოქმედო გეგმის, სახელმწიფო ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაციის, რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯის, ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ქონების… და სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სირაბიძის ინფორმაციით, მთავრობა ერთიანი პორტალის მომზადებაზე მუშაობს: „ეს პორტალი აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში არსებულ ყველა ინფორმაციას გააერთიანებს, რაც მომხმარებელსაც გაუადვილებს ინფორმაციის მოპოვებას და დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს. საჯარო ინფორმაცია კი, რაც კვარტალურად უნდა განახლდეს, მომავალ კვირას აუცილებლად დაიდება ჩვენს საიტზე. ახალ პორტალს უახლოეს მომავალში ავამუშავებთ“.

 

 

ინფორმაციას თითქმის არ აახლებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე. ამ უწყებიდან არც ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვნაა შესაძლებელი. სამმართველოს პრესსამსახურის დალი მახარაძის ინფორმაციით, ვებგვერდი განახლების რეჟიმშია, ამიტომ სამმართველო აქტიურად აახლებს „ფეისბუქის“ გვერდს. თუმცა, სამმართველოს „ფეისბუქის“ გვერდი მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს სრულიად არ პასუხობს.

 

 

ინფორმაციის პერიოდულად განახლებას ბათუმის მერიის ვებგვერდზეც ცდილობენ, მაგრამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს ვერც ამ შემთხვევაში პასუხობს. მაგალითად, მერიის საიტზე batumi.ge ამ დროისათვის არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბრძანებები გამოსცა ქალაქის ახალმა მერმა გიორგი ერმაკოვმა. ვებგვერდზე არც შესყიდვების დოკუმენტი და არც ქალაქის განვითარების კონცეფციების შესახებ დოკუმენტია განთავსებული.

 

 

მერიაში განმარტეს, რომ მთავრობის დადგენილება თვითმმართველ ორგანოებს არ ეხება. დოკუმენტაციით კი ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბათუმის საკრებულოშიც იმსჯელეს. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად მოითხოვოს.

 

 

„დამტკიცდა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება საჯარო ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია 2014 წლის შემდეგ. ამავე დადგენილების დანართით განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს პროაქტიულად.

 

 

ჩამონათვალში მოხვედრილი საჯარო ინფორმაციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ესენია: დებულებები, ბიუჯეტი, საჯარო მოხელეთა ბიოგრაფიები, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. რაც შეეხება კვარტალური და წლიური ანგარიშების გამოქვეყნებას, დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველობა ვალდებულია კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნოს კვარტალის გასვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო წლიური ანგარიში _ მომდევნო წლის პირველ კვარტალში. კვარტალური ანგარიშები დამუშავების პროცესშია და ვადების დაცვით – მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებგვერზე“, –  ამბობს მერიის პრესსამსახურის უფროსი ირინა შერვაშიძე.

 

 

ნათია სირაბიძის ინფორმაციით კი, ახალი პორტალი ყველა სამთავრობო სტრუქტურის ინფორმაციაზე წვდომას უზრუნველყოფს.

 

ლექცია ქართული ენის ისტორიაზე

 

 

ქეთევან ზოიძემ ქართული ენის წამოშობისა და  ქართული ენის ისტორიის შესახებ ისაუბრა.

ლექციას  40-მდე მოსწავლე და სტუდენტი ესწრებოდა.

 

ლექციის მიზანი იყო ქართული კულტურისა და ენის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ღონისძიების ორგანიზატორი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი იყო.

„25 წლის ნაცნობთან ხუმრობისთვის“ ბრალდებული მეზღვაური

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო 47 წლის მეზღვაურის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. სასამართლო დარბაზში მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მან (ბრალდებულმა) პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად, ურთიერთშელაპარაკების დროს ხელი გაარტყა მამაკაცს, რომელიც წაიქცა ტროტუარზე და მიიღო მსუბუქი დაზიანება.

 

 

მოსამართლის კითხვაზე, ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ, მეზღვაურმა უპასუხა, რომ ეს იყო „ხუმრობა 25 წლის ნაცნობთან“.

 

პროკურორმა რამაზ შანიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას. იმის გამო, რომ ზემდგომი პროკურორი ბათუმში არ იმყოფება, სასამართლო პროცესის გადადება 24 აპრილისთვის ითხოვა. შესაბამისად, სასამართლო პროცესზე მოწმეები არ დაუკითხავთ.

 

 

შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებული მეზღვაურის უფლებებს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი იამზე ზანდარაძე იცავს.

ბათუმის ისტორიულ ნაწილში სადარბაზოს კარებისა და ჭიშკრების რესტავრაცია და შეცვლა მიმდინარეობს

ამ დროისთვის, ჭიშკრების მონტაჟის სამუშაოები   კომახიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში  დაგეგმილია სადარბაზოს კარების მონტაჟი ჟორდანიას ქუჩაზე. სამუშაოები  ორი თვის ვადაში დასრულდება. სამუშაოებს კომპანია „დია ამო“ ასრულებს.

პირველ ეტაპზე სადარბაზოების კარების შეცვლისთვის 283 ათასი ლარია გათვალისწინებული, ჭიშკრებისთვის კი 129 ათასი ლარი.

„ენა განვითარდება ისე, როგორც ჩვენ მოვეკიდებით“

  • ქალბატონო ანა, რამდენად შეიცვალა ქართული სალიტერატურო და სასაუბრო ენა ბოლო ოცი წლის მანძილზე და რა არის დღეს ქართული ენის ყველაზე დიდი პრობლემა?

ენა განვითარებადი ორგანიზმია. „განვითარებადი“-მეთქი ვთქვი და შევწუხდი. უნებლიეთ წამომცდა. ასეთი ფორმები სხვებისგან არ მომწონს და მე თვითონ კი ვიხმარე. დღეს ხშირად გვესმის: გაკეთებადი, შესრულებადი და სხვ. არ არის ეს ქართული ენისათვის დამახასიათებელი ფორმა.

ზოგადად, ენის განვითარებას წინ ვერაფერი აღუდგება, ენა ვითარდება, იქმნება ახალი სიტყვები და შემოდის უცხოური ლექსიკა, რომელსაც ენა თავის ჩარჩოებში მოაქცევს. ენა ცოცხალი ორგანიზმია. ბევრ მოვლენას წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ენის სიწმინდის დაცვას ხელი უნდა შევუწყოთ.

სხვადასხვა ეპოქაში ქართული ენა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის გავლენას განიცდიდა და, შესაბამისად, ლექსიკაში შემოდიოდა ბერძნული, სპარსული, არაბული, თურქული სიტყვები. მე-19 საუკუნიდან ეს იყო რუსული, აი, ბოლო 20 წელია კი ინგლისური მოგვეძალა.

ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე ზრუნვა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო. ამ საქვეყნო საქმეს სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე და მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ამ თვალსაზრისით. მაშინ მძლავრობდა რუსული ელემენტი და ასი წლის მანძილზე მოხერხდა ის, რომ ქართველმა ხალხმა მოახერხა და ბევრი რამ შეცვალა: დაამკვიდრა მართლწერის წესები, დაადგინა სალიტერატურო ენის ნორმები, შექმნა სამეცნიერო ტერმინოლოგია, შესატყვისი მოუძებნა ისეთ სიტყვებს, რომლებიც მანამდე ქართულად არ არსებობდა. ჩვენც ასევე მოვეკიდოთ ენის დაცვის საქმეს.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართულ ენაზე სხვადასხვა ქვეყნების გავლენა აისახა, ეს პატარა ერების პრობლემაა, თუ სხვა ენებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები?

არა, ეს ზოგადად ენის წესია და სხვადასხვა ენებში ყოველთვის შედის უცხო ლექსიკა.

  • სახელმწიფომ ენის დაცვის თვალსაზრისით რა ღონისძიებები უნდა გაატაროს?

სხვათა შორის ქართული ენის სიწმინდე საბჭოთა დროში დღევანდელთან შედარებით გაცილებით უკეთესად იყო დაცული, ამ საქმეს სახელმწიფოებრივად უდგებოდნენ, მაგრამ ამ თვალსაზრისით საზოგადოების თვითშეგნებაც უფრო მაღალი იყო. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ენას სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში, პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში, თეატრში, მოკლედ, ყველგან. დღესაც ასეთივე ყურადღება უნდა ექცეოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

მაგალითად, დღეს, როცა რაიმე რუსულ სიტყვას ჩავრთავთ ხოლმე მეტყველებაში, წერის დროს ან ბრჭყალებში ვსვამთ, ან ზეპირი მეტყველებისას თითქოს ბოდიშს ვიხდით. მაგრამ ინგლისურის მიმართ იმავეს არ ვაკეთებთ. ბოლო ოცი წლის მანძილზე ინგლისური ლექსიკა უკონტროლოდ მოგვეძალა. ინგლისურ სიტყვებს ვხმარობთ იქაც, სადაც ქართული შესატყვისი გვაქვს და სულ არ არის საჭირო მათი გამოყენება.

ცალკე უნდა ითქვას სამეცნიერო ტერმინოლოგიის შესახებ. როდესაც საფუძველი ეყრებოდა ქართული მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, მაშინ ქართველმა მეცნიერებმა შექმნეს ტერმინოლოგია მედიცინის, ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ფსიქოლოგიისთვის… დღეს ამ სიტყვებს ხელოვნურად აღარ აღვიქვამთ. მაგრამ გაჩნდა ტენდენცია, რომ ამ უკვე დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას ახლა უკვე ინგლისური ჩაენაცვლოს, რაც დასანანია.

დღეს წინ მიდის მეცნიერება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, კომპიუტერი, ინტერნეტი და სხვა. ყველაფერს მოვლა-პატრონობა სჭირდება ენის თვალსაზრისით. უნდა შეიქმნას ახალი, ქართული ტერმინოლოგია და იქმნება კიდეც, მაგრამ ქართველები არ ჩქარობენ, რომ დაამკვიდრონ ეს ტერმინები. მე, მაგალითად, ყოველთვის „თაგვს“ ვამბობ „მაუსის“ ნაცვლად და სხვ. როგორც ჩვენ მოვეკიდებით ენას, ისიც ისე განვითარდება.

  • რა როლი აქვს მედიას ენის დაცვის თვალსაზრისით?

მედიას ძალიან დიდი როლი მიუძღვის ამ საქმეში, რადგან ხშირად გამოყენებული სიტყვები პირდაპირ მზა სახით შედის მსმენელის, მაყურებლის თუ მკითხველის ცნობიერებაში. მაგალითად, არ არის აუცილებელი, რომ სიტყვა „ბექგრაუნდი“ წარამარა იხმაროს ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა თუ ნებისმიერმა გამომსვლელმა.

  • ცალკე თემაა დიალექტები, საზოგადოების კრიტიკის საგანი ხშირად ხდება ამა თუ იმ კუთხის კილოზე საუბარი. რამდენად მნიშვნელოვანია დიალექტები ენისათვის?

დიალექტები კვებავს ქართულ სალიტერატურო ენას, ამდიდრებს მას. მაგრამ დიალექტიზმების ხმარების დროს ზომიერების დაცვაა საჭირო. გააჩნია, რა დოზით იქნება ისინი გამოყენებული.

აჭარაში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართება



ოლიმპიადა ორ ეტაბად გაიმართება. 


პირველი ეტაპი მუნიციპალიტეტებში, შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:

 

14 აპრილი (12:00 სთ) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – თხილნარის კულტურის სახლი;
15 აპრილი (12:00 სთ) – ხულოს მუნიციპალიტეტი – ხულოს დრამატული თეატრი;
16 აპრილი (12:00 სთ) – ქედის მუნიციპალიტეტი – ქედის კულტურის ცენტრი;
17 აპრილი (12:00 სთ) – შუახევის მუნიციპალიტეტი – შუახევის კულტურის ცენტრი;
23 აპრილი (12:00 სთ) – ქობულეთის მუნიციპალიტეტი – სოფელ ქობულეთის კულტურის სახლი;
24 აპრილი (12:00 სთ) – ბათუმი – ორთაბათუმის კულტურისა და სპორტის ცენტრი.

 

ჟიურის მიერ შერჩეული კოლექტივები ჩაერთვებიან მეორე საეტაპო ტურში.


მეორე ტური ხულოს, შუახევისა და ქედის შემოქმედებითი ჯგუფებისათვის, 15 მაისს, ქედის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, ხოლო ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის შემოქმედებითი ჯგუფებისთვის მეორე ტური ორთაბათუმის კულტურისა და სპორტის ცენტრში ჩატარდება.


ოლიმპიადის ფინალი 25 მაისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება. 


საპრიზო ადგილებზე გასულ ანსამბლებსა და შემსრულებლებს დიპლომები და სპეციალური პრიზები გადაეცემათ.


ოლიმპიადის ორგანიზატორი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

197 კონკურსანტი 19 ვაკანსიაზე

 

19 ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად 197 კონკურსანტი იბრძვის. კონკურსანტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერზე ონლაინ რეჟიმში აბარებენ ტესტს.  კითხვების მეშვეობით მოწმდება კონკურსანტების მიერ საკანონმდებლო აქტების, კომპიუტერული პროგრამისა და ინგლისური ენის ცოდნა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2014 წლის 2 აპრილს გამოაცხადა. კონკურსი საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ტარდება.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს და შედეგად აჭარის ფინანსთა სამინისტროში  სხვადასხვა დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსები და მთავარი სპეციალისტები დაინიშნება.

პირველ ეტაპი სააპლიკაციო ფორმების გადაგზავნა შერჩევას მოიცავდა, მეორე ეტაპი კი ტესტირებაა. კონკურსის ბოლო ეტაპი გასაუბრება იქნება, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროში ჩატარება. როგორც გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, გასაუბრების თარიღი უცნობია და ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა დანიშნოს.

შედეგებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე დღეში ოფიციალურად გამოაქვეყნებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს მიმდინარე წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელთან ჩატარებულ აქციას, რომლის დროსაც აქციის მონაწილეების მხრიდან გაისმა მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, ზიანი მიადგა სასამართლოს საკუთრებას. აქციის მონაწილენი, მუქარის გამოყენებით, მოითხოვდნენ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი თითოეული წევრის პოზიციაა, რომ ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი აზრი. გამოხატვა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მისი შინაარსი, დაცულია კონსტიტუციით.

 

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სიახლოვეს საპროტესტო აქციის ჩატარების შესაძლებლობა, ნებისმიერ პირს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მიეცა. 2011 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც კრძალავდა მთელი რიგი დაწესებულებების და, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს სიახლოვეს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას.

 

ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების უფლება ცალკეულ პირებს არ აძლევს შესაძლებლობას, გასცდნენ კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ზღვარს. საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი წევრის მიმართ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარა, ისევე როგორც სასამართლოს საკუთრების ხელყოფა, წარმოადგენს დანაშაულს და იგი დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღკვეთილი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარი ინციდენტი შესაბამისი უწყებების მიერ დროულად და ადეკვატურად იქნება შესწავლილი და შეფასებული.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად. ისინი, იმავდროულად, ღიაა საზოგადოებრივი დისკუსიისთვის. ამასთან, დისკუსიაში მონაწილე პირები და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, ვალდებული არიან თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და მცდარი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან, რამაც, შესაძლებელია, მომავალშიც წაახალისოს სხვადასხვა ჯგუფების მიერ სასამართლოზე ზემოქმედების მიზნით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“.

ჩვენ ვირჩევთ ევროპას

 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს თბილისში მართავს აქცია-კონცერტს, სახელწოდებით “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”

აქცია-კონცერტის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს დეკლარაცია, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ჩვენ ვირჩევთ ევროპას!

მე, საქართველოს მოქალაქე:

ვაღიარებ რა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ ისტორიული კავშირები და საერთო კულტურული ღირებულებები;

მხარს ვუჭერ რა საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას, გამოვხატავ ურყევ ნებას, გავხდეთ ევროატლანტიკური ერთობის სრულფასოვანი წევრი;

მივესალმები რა ევროკავშირთან 2014 წლის ივნისამდე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას;

ვაღიარებ რა იმ საერთო ფასეულობებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და კანონის უზენაესობას;

ვაცნობიერებ რა იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ, მისმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, უნდა აიღოს საკუთარ თავზე ევროინტეგრაციის გზის წარმატებით გაგრძელებისთვის: დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფალი არჩევნების გარანტირების, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით;

ვიზიარებ რა ცივილიზებული სამყაროს წუხილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებისა და რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით;

ვაცნობიერებ რა პასუხისმგებლობას ჩვენი წინაპრების წინაშე, გამომდინარე თავისუფლებისა და ღირსეული არსებობისათვის მათი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლიდან, ასევე მოვალეობას საქართველოს მომავალი თაობების მიმართ;

ვაცნობიერებ რა საქართველოს წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებს და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ევროკავშირის დიდ როლს;

ვირჩევ ევროპას!

2014 წლის 13 აპრილი

400-ათასიანი აუქციონი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობის პირობით

 

 

მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, მშენებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში კი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა უზრუნველყოს.

 

მომავალმა მეპატრონემ საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე უფასო საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი (საპირფარეშო) უნდა მოაწყოს  იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც ნაკვეთის მიმდებარედ ცხოვრობენ და გასაყიდ ქონებას, სამინისტროს ინფორმაციით, „მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სარგებლობენ“. სწორედ მათ აქვთ აქ  საპირფარეშოები.

 

მიწის მყიდველს ასევე ეკრძალება მესამე პირებისათვის იქვე არსებული მისასვლელი გზებით სარგებლობის შეზღუდვა. იმ პირებს კი, რომლებიც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე საცხოვრებლად თუ ვაჭრობის მიზნით იყენებენ ამ ტერიტორიას,  აღნიშნული ადგილების დათმობა მოუწევთ.

 

მყიდველმა აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

 

ელექტრონული აუქციონი  7 აპრილს დაიწყო და 22 აპრილს დასრულდება.

 

 

 

 

სპორტის განყოფილების უფროსი 67 კონკურსანტიდან გამოვლინდება

 

 

როგორც დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ნაგერვაძემ განმარტა, კონკურსის შედეგები მომავალ კვირაში ოფიციალურად გამოქვეყნდება.


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში სპორტის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვაკანსია 2014 წლის მარტში გამოცხადდა.


დღეს კონკურსანტებმა 100 შეკითხვას გასცეს პასუხი, მათგან ბარიერს ის გადალახავს, ვისაც კითვების 65%-ზე ექნება სწორი პასუხი გაცემული.


ტესტის ჩაბარებისთივს კონკურსანტებს შემდეგი საკანონმდებლო აქტები უნდა სცოდნოდათ: საქართველოს კონსტიტუცია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთადეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N 49დადგენილება.

ტელევიზორები საბავშვო ბაღებს 40 ათას ლარად

 

შემოთავაზებული ტელევიზორები უნდა იყოს მსოფლიო ბრენდის ორიგინალი, ორწლიანი გარანტიით, რომელიც მსოფლიო ბაზარზე იყიდება არანაკლებ 5 წელი.

 

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში.

 

სატენდერო პირობის თანახმად, ტელევიზორის მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის 27 ობიექტზე, საბავშვო ბაღების მისამართებზე. შესასყიდი ტელევიზორების რაოდენობა კი 30-ია.

„ჩვენს სახლში სტალინზე საუბარი აკრძალული იყო“

ნაზი კახიძე

კახიძეების ოჯახი დეკემბერში, შუაღამით გაასახლეს. სამხედრო პირები გაუფრთხილებლად დაადგნენ თავზე და მოსამზადებლად მხოლოდ 15 წუთი მისცეს – იხსენებს მშობლების მონათხრობს ნაზი კახიძე. „მხოლოდ ტანსაცმელი და ზეწრები აუღია დედას. ეს ზეწრები შემდეგ ვაგონში წელზე მაგრად შემოუჭერია, რადგან ვაგონი ისე ირწეოდა, ასე მეგონა პირიდან გადმომივარდებოდიო. დედა მეცხრე თვეში იყო და ძალიან გაუჭირდა საშინელ პირობებში მგზავრობა, უჰაერობა, შიმშილი და უწყლობა. რამდენი მოხუცი და ბავშვი მომკვდარა გზაზე. ასე იტანჯებოდნენ ორი კვირის მანძილზე“.

კახიძეების ოჯახმა, ისევე როგორც სხვა ოჯახებმა, არ იცოდნენ გადასახლების ზუსტი მიზეზი: „მამაჩემი, სულეიმან კახიძე, ობლობაში გაიზარდა. ბებიაჩემი 28 წლის იყო, როცა ხუთი შვილით მარტო დარჩა. ქიმიურ ქარხანაში ღამის დარაჯად მუშაობდა და ასე ზრდიდა შვილებს. ბებია ლაზი ქალი იყო, საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ყველა მისი ნათესავი თურქეთში დარჩა, ალბათ ეს იყო ჩვენი გადასახლების მიზეზი. ჩვენს ოჯახთან ერთად მამიდა, მამის ბიძაშვილი ოჯახით, დისშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაასახლეს“.

ისინი ერთ, ტრიალ მინდორში მდებარე ერთსართულიან სახლში შეასახლეს – ერთ ოთახში ოთხი ოჯახი. დღეში მხოლოდ პური ეძლეოდათ საკვებად და ისიც მცირე რაოდენობით. „სუფთა წყალი კი არა, უბრალოდ წყალი ენატრებოდათ, რადგან ადგილობრივები თავიანთი ჭების გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ. მტრულად იყვნენ განწყობილი უცხოელების მიმართ, რადგან როგორც დამნაშავეებს, ისე იცნობდნენ. დედა ამბობდა, სასწაულმა გადაგარჩინა, რადგან შიმშილობის მიუხედავად, მაინც შემრჩა რძე და შენს გამოკვებას ვახერხებდიო. მოგვიანებით მამა ტრაქტორზე დასაქმდა, დედა ექთანი იყო, ბევრ ადამიანს გაუწია დახმარება და ადგილობრივების ნდობა მოიპოვა. ზოგი ფქვილით მოიკითხავდა, ზოგსაც ერთი თეფში საჭმელი მოჰქონდა თურმე. მიწა ნაყოფიერი ყოფილა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ. დედა მეუბნებოდა, ირგვლივ სულ არხები იყო, წყალში რომ არ ჩავარდნილიყავი, კარის სახელურზე ბაწრით მიგაბამდი და ასე გტოვებდი სახლში, სანამ მე და მამა სამუშაოზე ვიყავითო“.

გადასახლებულები ჩაკეტილ ზონაში ცხოვრობდნენ. ამიტომ თავის გადარჩენას ის ოჯახები ახერხებდნენ, ვისაც ფიზიკურად შრომა შეეძლო: „ადგილობრივებსა და ჩასახლებულებს ხიდი ჰყოფდა. დედაჩემს რუსი დედა ჰყავდა და იერითაც რუსს ჰგავდა, ამიტომ ხიდზე გადასვლისას არ აჩერებდნენ ხოლმე. ჩემს ძმაზე ორსულად რომ ყოფილა, მეზობლის ბოსტანში სტაფილო დაუნახავს. საშინლად მომინდა, ჩუმად ამოვიღე და მიწიანად შევჭამეო, – გვიყვებოდა.

გადასახლებულები უფუარ პურს იყენებდნენ, რის გამოც ხშირად ფუჭდებოდა პური და ადამიანებსაც აავადებდა. ძალიან ბევრი ადამიანი მომკვდარა ამის გამო. მამაჩემის ბევრი მეგობარი და ნაცნობი დაღუპულა გადასახლებაში, რის გამოც ძალიან განიცდიდა. ჩემი ოჯახი და ნათესავები გადარჩნენ, მაგრამ მამას კუჭი დაუავადდა, დედას – გული და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ“.

კახიძეების ოჯახში სტალინზე საუბარი აკრძალული იყო. `მამაჩემს კატეგორიულად არ უყვარდა სტალინი. არ უნდოდა მისი სახელის გაგონებაც კი. ამბობდა, სტალინმა მხოლოდ რუსებისთვის გააკეთა სიკეთე, სხვას ყველას საშინლად მოექცაო. ხშირად ესიზმრებოდა, რომ სამხედროები დაგვადგნენ თავზე და შეშინებული იღვიძებდა. მთელი ცხოვრება ტანჯავდა გადასახლების მოგონებები. მეც ბევრი რამ მაქვს წაკითხული, გაგონილი და ცუდი მოგონებები მაკავშირებს სტალინთან“.

სამდღიანი პატიმრობა კვერცხების სროლისთვის

 

 

სამართალდამცველები ღოღობერიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოსვლის დროს გიგი უგულავასთვის კვერცხების სროლსა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში.

 

10 აპრილის ინცინდენტის დროს დაპატიმრებული ვახტანგ მითაიშვილი კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 100 ლარით დააჯარიმა.

 

 

“მოყვარე” დაფინანსების გარეშე

 

 

„მოყვარეს” გასულ წლებში „ვარაზა” ერქვა. ანსამბლი ახალ სახელს 2009 წლიდან ატარებს, სახეცვლილება ანსამბლის მეცნიერულ მუშაობას უკავშირდება.

 

„აღვადგინეთ ძირძველი მერისული სიმღერა „მოყვარე”. გუნდის წევრების სურვილი იყო, აღდგენილი სიმღერის სახელი დაგვერქვა ანსამბლისთვის”, _ განმარტა ანსამბლ „მოყვარესა” და მერისის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ თურმანიძემ.

 

სიმღერა „მოყვარე” მერისის გუნდის შესრულებით 1947 წლის ჩანაწერებში ოქროს ფონდში ინახება. ძველი, ადგილობრივი სიმღერების მოძიება და გადამუშავება  ანსამბლმა 2009 წლიდან დაიწყო.

 

`15 სიმღერა აღვადგინეთ, მათ შორისაა „ორთამელური”, „სუფრული”, „თირილი”, „ჩარირამა”, „მოყვარე”… ეს სიმღერები 1953-1972 წლების ჩანაწერებშია შემონახული, დაგეგმილი გვაქვს ხუთი სიმღერის აღდგენა, „ნადური”, „ჩათხრობილი“,  „მასპინძლურის” და „ვოსას” მერისული ვარიანტი, მათგან მხოლოდ ერთი სიმღერის ჩანაწერი არსებობს და ისიც მხოლოდ ნაწილობრივი, ჩანაწერების არარსებობა სიმღერის დამუშავებისას სირთულეს ქმნის”, _ ამბობს ჯემალ თურმანიძე.

 

„მოყვარეს” რეპერტუარის გასაცნობად მერისში გასულ წელს ამერიკელი ფოლკლორისტი კარლ ლილიქი, ფრანგული ჯგუფი „ზოე დეღეპ” და „მადრი ქარი”,  სოფი ბილონგის ხელმძღვანელობით ეწვია.

 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მერისის კულტურის სახლთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ “მოყვარეს” მიერ შესრულებული ძველი სიმღერები გასულ წელს ჩაწერა, სახელმწიფო სერტიფიკატი კი ანსამბლმა 2012 წელს მიიღო. წარმატების მიუხედავად, 10-წევრიანი ანსამბლის დაფინანსება ადგილობრივმა თვითმმართველობამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო.

 

მერისის კულტურის სახლი „ქედის კულტურის ცენტრის~ ფილიალია, რომელიც მთლიანობაში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვემდებარება, შესაბამისად სახელფასო ფონდსა და საშტატო ერთეულზე გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს.

 

„მოყვარეს” გარდა დაფინანსება არ აქვს მახუნცეთისა და ცხმორისის კულტურის სახლებთან არსებულ ანსამბლებს _ „თეთრობსა” და „ცხმორისს”.

 

კულტურის სახლის დირექტორი შორენა კარანაძე ამბობს, რომ ანსამბლის დაფინანსების თხოვნით ზემდგომ ორგანოებს არაერთხელ მიმართა.

 

„დაფინანსებასთან დაკავშირებით წერილობით მოთხოვნას გამგეობას ვუგზავნიდი, გამგეობა კი, ზემდგომს მიმართავდა. არ მინდა ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ, რატომღაც ფინანსთა სამინისტრომ თავი შეიკავა. მეც მაქვს ამ ანსამბლის დაფინანსების პრეტენზია, კარგი ანსამბლი იყო ყოველთვის, სწორად და გამართულად მუშაობდა. კარგი ანსამბლებია `თეთრობი~ და „ცხმორისიც”, _ ამბობს შორენა კარანაძე.

 

ანსამბლ „მოყვარეს” და მერისის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ თურმანიძის თქმით, მან ანსამბლის დაფინანსების დაპირება სახელმწიფო მოხელეებისგან არაერთხელ მიიღო.

 

„ანსამბლს დაფინანსება არასოდეს ჰქონია, მაგრამ არაერთხელ ყოფილა დაპირება; წელს გამგებელი დაგვპირდა ხელფასს, ჩვენც მისი იმედი გვაქვს”, _ ამბობს ჯემალ თურმანიძე.

 

მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ დანაპირებს შეასრულებს.

 

„ანსამბლების დაფინანსების საკითხი საკრებულოს კომპეტენციაა, მათ დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება დაფინანსების დაპირებას, მხოლოდ „მოყვარეს” დავპირდი და ავასრულებ კიდეც, ხელფასს წლის ბოლომდე მიიღებენ, ველოდები ბიუჯეტის კორექტირებას”, _ განაცხადა დავით დუმბაძემ.

 

კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა საკრებულომ მასზე დაქვემდებარებული აიპის _ ანსამბლის წევრების დაფინანსება წლების განმავლობაში, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე პასუხობს:

 

„ადგილობრივი ბიუჯეტი დოტაციაზეა, ჩვენ არ გვაქვს ჭარბი შემოსავალი. ფინანსთა სამინისტრომ ამისთვის თანხა თუ არ მომცა, მე როგორ დავაფინანსებ? ადგილობრივი შემოსავალი იმდენად მწირია, რომ მინიმუმსაც არ აკმაყოფილებს და  ხელფასებში არ მყოფნის. საკრებულომ ამის თაობაზე მოთხოვნა სამინისტროში არაერთხელ გააკეთა”. 

ჯარიმა ბზის მოჭრისთვის

 

სამინისტროს ინფორმაციით, ბზის ამოძირკვა ან ტოტების დაჭრა ისჯება კანონით. მოქალაქეს, რომელიც მსგავს დანაშაულს ჩაიდენს, 200-დან 500 ლარამდე ადმინისტრაციული ჯარიმა ემუქრება. იმ შემთხვევაში, თუკი გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აღემატება, კანონდამრღვევ პირზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

აღნიშნულ თემაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას მოუწოდეს არ მოჭრან ბზა.

კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულ ბზის კორომებში ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოვლინდა დაავადება _ ე.წ. `ბზის სიდამწვრე~, აღნიშნული დაავადების გამო თითქმის მთლიანად განადგურდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები და იგივე საფრთხე ემუქრება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებულ ბზებსაც. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განხორციელდება ბზის კორომების სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა, მის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მხოლოდ სხვადასხვა სანერგე მეურნეობებში სპეციალურად გამოყვანილი ბზის გაყიდვაა ნებადართული. ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.

Exit mobile version