კვირის ამბები

სამთავრობო უწყებები, საჯარო ინფორმაციის ვალდებულება და წვდომა

15.04.2014 • 1817
სამთავრობო უწყებები,  საჯარო ინფორმაციის ვალდებულება და წვდომა

 

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე: ajara.gov.ge  – საჯარო ინფორმაციის გრაფაში განთავსებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებას არასრულად პასუხობს. ამ გრაფაში განთავსებული ქვეგრაფები უმეტეს შემთხვევაში შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომლის პოვნა სხვა ვებგვერდებზეც შეიძლება. სამაგიეროდ აჯარა.გოვ.გე-ზე ნაკლებად არის წარმოდგენილი მთავრობის თავმჯდომარის – არჩილ ხაბაძის ბოლო პერიოდში გამოცემული ბრძანებები თუ დადგენილები.

 

 

ვებგვერდზე არც მთავრობის აპარატის მიერ განხოციელებული შესყიდვების, დაგეგმილი შესყიდვებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

 

 

თითქმის არც ერთ სამთავრობო სტრუქტურას არ აქვს გამოქვეყნებული სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოხელეების კორპორაციული ტელეფონის ნომრები. ამ მხრივ გამონაკლისი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის უმაღლესი საბჭოა.

 

 

დადგენილება საჯარო ინფორმაციის პრაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს მთავრობამ 2013 წლის აგვისტოში მიიღო. დოკუმენტი ყველა ადმინისტრაციულ სამთავრობო სტრუქტურას ავალდებულებს ამ დადგენილების დანართში ჩამოთვლილი ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე პერიოდულად უზრუნველყოს.

 

 

ჩამონათვალში ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების, საშტატო ერთეულების, სტრუქტურაში დასაქმებული პირების ვინაობის, ბიუჯეტისა და ანგარიშების გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიებისა და კონცეფციის, სამოქმედო გეგმის, სახელმწიფო ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაციის, რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯის, ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ქონების… და სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სირაბიძის ინფორმაციით, მთავრობა ერთიანი პორტალის მომზადებაზე მუშაობს: „ეს პორტალი აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში არსებულ ყველა ინფორმაციას გააერთიანებს, რაც მომხმარებელსაც გაუადვილებს ინფორმაციის მოპოვებას და დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს. საჯარო ინფორმაცია კი, რაც კვარტალურად უნდა განახლდეს, მომავალ კვირას აუცილებლად დაიდება ჩვენს საიტზე. ახალ პორტალს უახლოეს მომავალში ავამუშავებთ“.

 

 

ინფორმაციას თითქმის არ აახლებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე. ამ უწყებიდან არც ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვნაა შესაძლებელი. სამმართველოს პრესსამსახურის დალი მახარაძის ინფორმაციით, ვებგვერდი განახლების რეჟიმშია, ამიტომ სამმართველო აქტიურად აახლებს „ფეისბუქის“ გვერდს. თუმცა, სამმართველოს „ფეისბუქის“ გვერდი მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს სრულიად არ პასუხობს.

 

 

ინფორმაციის პერიოდულად განახლებას ბათუმის მერიის ვებგვერდზეც ცდილობენ, მაგრამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს ვერც ამ შემთხვევაში პასუხობს. მაგალითად, მერიის საიტზე batumi.ge ამ დროისათვის არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბრძანებები გამოსცა ქალაქის ახალმა მერმა გიორგი ერმაკოვმა. ვებგვერდზე არც შესყიდვების დოკუმენტი და არც ქალაქის განვითარების კონცეფციების შესახებ დოკუმენტია განთავსებული.

 

 

მერიაში განმარტეს, რომ მთავრობის დადგენილება თვითმმართველ ორგანოებს არ ეხება. დოკუმენტაციით კი ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბათუმის საკრებულოშიც იმსჯელეს. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად მოითხოვოს.

 

 

„დამტკიცდა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება საჯარო ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია 2014 წლის შემდეგ. ამავე დადგენილების დანართით განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს პროაქტიულად.

 

 

ჩამონათვალში მოხვედრილი საჯარო ინფორმაციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ესენია: დებულებები, ბიუჯეტი, საჯარო მოხელეთა ბიოგრაფიები, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. რაც შეეხება კვარტალური და წლიური ანგარიშების გამოქვეყნებას, დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველობა ვალდებულია კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნოს კვარტალის გასვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო წლიური ანგარიში _ მომდევნო წლის პირველ კვარტალში. კვარტალური ანგარიშები დამუშავების პროცესშია და ვადების დაცვით – მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებგვერზე“, –  ამბობს მერიის პრესსამსახურის უფროსი ირინა შერვაშიძე.

 

 

ნათია სირაბიძის ინფორმაციით კი, ახალი პორტალი ყველა სამთავრობო სტრუქტურის ინფორმაციაზე წვდომას უზრუნველყოფს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: