სიახლეები

როგორ გაამაგრებენ ნაპირს

15.04.2014 • 2244
როგორ გაამაგრებენ ნაპირს

 

 

ცნობილი ფაქტია, რომ ყოველი შტორმის შემდეგ ბათუმის სანაპიროდან ზღვა ხმელეთს იტაცებს. ხელისუფლებაც მრავალი წელია აცხადებს, რომ სანაპიროს გამაგრება იგეგმება. შემდეგ ორ წელიწადში ამ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს აღებული. ამ ეტაპზე ფონდში აცხადებენ, რომ ტენდერი საკონსულტაციო ფირმის შესარჩევად უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

 

 

„ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს პროექტირებაზე. ფონდი მუშაობს იმაზე, რომ საკონსულტაციო კომპანიამ დადოს მაღალკვალიფიციური  პროექტი, რომელიც იქნება სრულად გამართული. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევაზე. გამარჯვებული კომპანია დადებს პროექტს და ამ პროექტის საფუძველზე გამოცხადდება ტენდერი უკვე სამშენებლო კომპანიის შერჩევაზე. რომელიც უშუალოდ ჩაატარებს ნაპირგამაგრებით სამუშაოებს. საპროექტო სამუშაოები 2014 წლის ბოლომდე დასრულდება. 2015-ში უკვე დაიწყება აქტიური სამუშაოები ადგილზე“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

 

 

კითხვაზე, რა მეთოდით იგეგმება სანაპირო ზოლის გამაგრება, შენარჩუნდება თუ არა პლაჟი და რეკრეაციული ზონა, მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ  აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც პროექტი მომზადდება. 

 

 

ორი წელია ზღვა განსაკუთრებული ინტენსივობით ადლიის მონაკვეთში ე.წ. ახალი ბულვარის ტერიტორიას იტაცებს. დანგრეულია საფეხმავლო ბილიკი, მოშლილია ინფრასტრუქტურა. როგორ აპირებს ხელისუფლება ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვას მანამ, სანამ ფართომასშტაბიანი პროექტი დაიწყება? – ამ კითხვით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელს ვახტანგ წულაძეს მივმართეთ. მისი განმარტებით, ჭოროხის დელტიდან აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდე ფლეთილი ქვების ბერმის მშენებლობაა დაგეგმილი.

 

 

„მხოლოდ ადლიაში 100 ათასი კუბური მეტრის ინერტული მასალის ჩაყრა იგეგმება. იმის გამო, რომ ამჟამად ჭოროხზე წყალმოვარდნებია და შესვლა შეუძლებელია, ვერ ავიღეთ კოორდინატები, რომელიც საჭიროა ინერტული მასალის ამოსაღებად. ის ტერიტორიები, რომელიც შარშან გვქონდა მონიშნული, ამჟამად დატბორილია. სამწუხაროდ, პირველ კვარტალში დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების გადატანა მოგვიწია მომდევნო კვარტალში. ინერტულ მასალას ადლიაში აეროპორტის მიმდებარედ ჩავყრით“, – აცხადებს ვახტანგ წულაძე.

 

 

სანაპირო ზოლის ინერტული მასალით გამაგრებისათვის აჭარის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. ვახტანგ წულაძის ინფორმაციით, ჯამში აჭარის სანაპიროზე 200 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალის ჩაყრა იგეგმება.

 

 

ოკეანოლოგი საშა ხორავა ამბობს, რომ ხელოვნური კვების მეთოდით ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრება აპრობირებული მეთოდია. თუმცა, თავის დროზე არასწორად გაკეთებული ბულვარის საფეხმავლო ბილიკის გამო – მოკლევადიანი.

 

 

„აეროპორტიდან სამხრეთით, იქ არსებული გზაც, ბულვარის ბილიკებიც და სხვა ინფრასტრუქტურაც გაკეთებულია პლაჟის ხარჯზე. თავის დროზე ადლიის გამწმენდ ნაგებობასთან როგორც კი შეიქმნა ავარიული სიტუაცია, გარკვეულ მონაკვეთზე გააკეთეს ფლეთილი ქვების ბერმა, რომელმაც გამწმენდი ნაგებობის ტერიტორია დაიცვა. ბერმის სამხრეთით კი მოიმატა ნაპირმა, მაგრამ ჩრდილოეთით გაააქტიურა წარეცხვითი პროცესები. ამიტომ დღესაც, ყოველი შტორმის შემდეგ საკმაოდ აქტიურად ირეცხება ეს ტერიტორია“, – ამბობს საშა ხორავა.

 

 

ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები სარფის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს.  პროექტის მიხედვით, ამ ზოლს ტალღმტეხი ნაგებობებით ე.წ. ტეტრაპოდებით ამაგრებენ. დაგეგმილია გაბიონების მოწყობა და გზის დაზიანებული საფარის აღდგენა. ამ სამუშაოებს საქართველოს გზების დეპარტამენტი ასრულებს, ხოლო საჭირო თანხა – 10 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყო. საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარფის მონაკვეთის გასამაგრებლად დამატებით 20 მილიონი ლარიც უნდა გამოიყოს. 

 

 

ბათუმის სანაპირო ზოლის აღდგენისთვის საჭირო თანხას საქართველოს სახელმწიფო აზიის განვითარების ბანკისგან იღებს.

გადაბეჭდვის წესი