კვირის ამბები

„ჩვენს სახლში სტალინზე საუბარი აკრძალული იყო“

12.04.2014 • 1692
„ჩვენს სახლში სტალინზე საუბარი აკრძალული იყო“

ნაზი კახიძე

კახიძეების ოჯახი დეკემბერში, შუაღამით გაასახლეს. სამხედრო პირები გაუფრთხილებლად დაადგნენ თავზე და მოსამზადებლად მხოლოდ 15 წუთი მისცეს – იხსენებს მშობლების მონათხრობს ნაზი კახიძე. „მხოლოდ ტანსაცმელი და ზეწრები აუღია დედას. ეს ზეწრები შემდეგ ვაგონში წელზე მაგრად შემოუჭერია, რადგან ვაგონი ისე ირწეოდა, ასე მეგონა პირიდან გადმომივარდებოდიო. დედა მეცხრე თვეში იყო და ძალიან გაუჭირდა საშინელ პირობებში მგზავრობა, უჰაერობა, შიმშილი და უწყლობა. რამდენი მოხუცი და ბავშვი მომკვდარა გზაზე. ასე იტანჯებოდნენ ორი კვირის მანძილზე“.

კახიძეების ოჯახმა, ისევე როგორც სხვა ოჯახებმა, არ იცოდნენ გადასახლების ზუსტი მიზეზი: „მამაჩემი, სულეიმან კახიძე, ობლობაში გაიზარდა. ბებიაჩემი 28 წლის იყო, როცა ხუთი შვილით მარტო დარჩა. ქიმიურ ქარხანაში ღამის დარაჯად მუშაობდა და ასე ზრდიდა შვილებს. ბებია ლაზი ქალი იყო, საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ყველა მისი ნათესავი თურქეთში დარჩა, ალბათ ეს იყო ჩვენი გადასახლების მიზეზი. ჩვენს ოჯახთან ერთად მამიდა, მამის ბიძაშვილი ოჯახით, დისშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაასახლეს“.

ისინი ერთ, ტრიალ მინდორში მდებარე ერთსართულიან სახლში შეასახლეს – ერთ ოთახში ოთხი ოჯახი. დღეში მხოლოდ პური ეძლეოდათ საკვებად და ისიც მცირე რაოდენობით. „სუფთა წყალი კი არა, უბრალოდ წყალი ენატრებოდათ, რადგან ადგილობრივები თავიანთი ჭების გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ. მტრულად იყვნენ განწყობილი უცხოელების მიმართ, რადგან როგორც დამნაშავეებს, ისე იცნობდნენ. დედა ამბობდა, სასწაულმა გადაგარჩინა, რადგან შიმშილობის მიუხედავად, მაინც შემრჩა რძე და შენს გამოკვებას ვახერხებდიო. მოგვიანებით მამა ტრაქტორზე დასაქმდა, დედა ექთანი იყო, ბევრ ადამიანს გაუწია დახმარება და ადგილობრივების ნდობა მოიპოვა. ზოგი ფქვილით მოიკითხავდა, ზოგსაც ერთი თეფში საჭმელი მოჰქონდა თურმე. მიწა ნაყოფიერი ყოფილა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ. დედა მეუბნებოდა, ირგვლივ სულ არხები იყო, წყალში რომ არ ჩავარდნილიყავი, კარის სახელურზე ბაწრით მიგაბამდი და ასე გტოვებდი სახლში, სანამ მე და მამა სამუშაოზე ვიყავითო“.

გადასახლებულები ჩაკეტილ ზონაში ცხოვრობდნენ. ამიტომ თავის გადარჩენას ის ოჯახები ახერხებდნენ, ვისაც ფიზიკურად შრომა შეეძლო: „ადგილობრივებსა და ჩასახლებულებს ხიდი ჰყოფდა. დედაჩემს რუსი დედა ჰყავდა და იერითაც რუსს ჰგავდა, ამიტომ ხიდზე გადასვლისას არ აჩერებდნენ ხოლმე. ჩემს ძმაზე ორსულად რომ ყოფილა, მეზობლის ბოსტანში სტაფილო დაუნახავს. საშინლად მომინდა, ჩუმად ამოვიღე და მიწიანად შევჭამეო, – გვიყვებოდა.

გადასახლებულები უფუარ პურს იყენებდნენ, რის გამოც ხშირად ფუჭდებოდა პური და ადამიანებსაც აავადებდა. ძალიან ბევრი ადამიანი მომკვდარა ამის გამო. მამაჩემის ბევრი მეგობარი და ნაცნობი დაღუპულა გადასახლებაში, რის გამოც ძალიან განიცდიდა. ჩემი ოჯახი და ნათესავები გადარჩნენ, მაგრამ მამას კუჭი დაუავადდა, დედას – გული და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ“.

კახიძეების ოჯახში სტალინზე საუბარი აკრძალული იყო. `მამაჩემს კატეგორიულად არ უყვარდა სტალინი. არ უნდოდა მისი სახელის გაგონებაც კი. ამბობდა, სტალინმა მხოლოდ რუსებისთვის გააკეთა სიკეთე, სხვას ყველას საშინლად მოექცაო. ხშირად ესიზმრებოდა, რომ სამხედროები დაგვადგნენ თავზე და შეშინებული იღვიძებდა. მთელი ცხოვრება ტანჯავდა გადასახლების მოგონებები. მეც ბევრი რამ მაქვს წაკითხული, გაგონილი და ცუდი მოგონებები მაკავშირებს სტალინთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: