სიახლეები

ჩვენ ვირჩევთ ევროპას

13.04.2014
ჩვენ ვირჩევთ ევროპას

 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს თბილისში მართავს აქცია-კონცერტს, სახელწოდებით “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”

აქცია-კონცერტის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს დეკლარაცია, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ჩვენ ვირჩევთ ევროპას!

მე, საქართველოს მოქალაქე:

ვაღიარებ რა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ ისტორიული კავშირები და საერთო კულტურული ღირებულებები;

მხარს ვუჭერ რა საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას, გამოვხატავ ურყევ ნებას, გავხდეთ ევროატლანტიკური ერთობის სრულფასოვანი წევრი;

მივესალმები რა ევროკავშირთან 2014 წლის ივნისამდე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას;

ვაღიარებ რა იმ საერთო ფასეულობებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და კანონის უზენაესობას;

ვაცნობიერებ რა იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ, მისმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, უნდა აიღოს საკუთარ თავზე ევროინტეგრაციის გზის წარმატებით გაგრძელებისთვის: დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფალი არჩევნების გარანტირების, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით;

ვიზიარებ რა ცივილიზებული სამყაროს წუხილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებისა და რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით;

ვაცნობიერებ რა პასუხისმგებლობას ჩვენი წინაპრების წინაშე, გამომდინარე თავისუფლებისა და ღირსეული არსებობისათვის მათი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლიდან, ასევე მოვალეობას საქართველოს მომავალი თაობების მიმართ;

ვაცნობიერებ რა საქართველოს წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებს და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ევროკავშირის დიდ როლს;

ვირჩევ ევროპას!

2014 წლის 13 აპრილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.