ნეტგაზეთი • RU

„25 წლის ნაცნობთან ხუმრობისთვის“ ბრალდებული მეზღვაური

 

 

„სამართლებრივად გაფრთხილება არ მიმიღია, რომ ქვეყანა არ უნდა დამეტოვებინა. არ მეგონა თუ ეს ამბავი სასამართლომდე მივიდოდა, სამუშაოდ გემზე ვიყავი წასული“, –  უთხრა მოსამართლეს მეზღვაურმა, რომელიც შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს. მას მოსამართლემ ჰკითხა, რატომ არ ესწრებოდა ბრალდებული ამ დრომდე სასამართლოში საქმის განხილვას. 

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო 47 წლის მეზღვაურის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. სასამართლო დარბაზში მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მან (ბრალდებულმა) პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად, ურთიერთშელაპარაკების დროს ხელი გაარტყა მამაკაცს, რომელიც წაიქცა ტროტუარზე და მიიღო მსუბუქი დაზიანება.

 

 

მოსამართლის კითხვაზე, ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ, მეზღვაურმა უპასუხა, რომ ეს იყო „ხუმრობა 25 წლის ნაცნობთან“.

 

პროკურორმა რამაზ შანიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას. იმის გამო, რომ ზემდგომი პროკურორი ბათუმში არ იმყოფება, სასამართლო პროცესის გადადება 24 აპრილისთვის ითხოვა. შესაბამისად, სასამართლო პროცესზე მოწმეები არ დაუკითხავთ.

 

 

შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებული მეზღვაურის უფლებებს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი იამზე ზანდარაძე იცავს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა