რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 890 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 10 307 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 21 432 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 24 409 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 314 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 983 ერთეული [+71]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 355 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 657 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 46 508 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 144 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 521 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 745 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრემლის ცნობით, პუტინი კურსკის ჯგუფის საკონტროლო პუნქტს ეწვია

„დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები“ – რაზე შეთანხმდნენ ერმაკი და რუბიო საუდის არაბეთში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან

მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა.

რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.

გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია მეწყრული მდგომარეობით.

  • ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, რა საფრთხეებს შექმნის წლევანდელი ზამთარი და უხვნალექიანობა მთიან აჭარაში?

მოგეხსენებათ, რომ ყველგან შეცვლილია კლიმატური პირობები დათბობასთან დაკავშირებით – წელს, დეკემბერ-იანვარში ნალექის მცირე რაოდენობა მოვიდა, თებერვალსა და მარტში კი, ხედავთ, რაც მოხდა.

სახეზე გვაქვს შეცვლილი კლიმატური პირობები და ეს გასაკვირი აღარ არის. მაღალმთიან აჭარაში ყოველთვის გვქონდა მეწყრული კერების დიდი რაოდენობა. საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია თავისი მეწყრული მდგომარეობის გამო და [წლევანდელი უხვი ნალექი] რა თქმა უნდა, შედეგს იქონიებს. განსაკუთრებით საშიშია ის ადგილები, სადაც მეწყრული კერები გვქონდა განვითარებული. ამ კერების გააქტიურება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია.

ახლა მთავარია, რომ ძალიან სწრაფი დათბობა არ უნდა მოხდეს და წვიმა არ უნდა მოვიდეს იმ რაოდენობით, რომ ეს მეწყრული პროცესები, თოვლის დნობა დააჩქაროს და ეს გაგიჟებული ნიადაგი უფრო და უფრო გააქტიუროს. ბევრი კლიმატური ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რომ საშიშროება შეიქმნას მაღალმთიან აჭარაში.

თოვლის დნობა ჯერჯერობით მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა ძალიან მაღალია. მაღალმთიან აჭარაში შენარჩუნებულია ნალექის სისქე. როცა კიდევ უფრო დათბება, ეს საგრძნობლად იმოქმედებს პროცესზე.

ყველაზე მთავარი მეწყრული და სტიქიური მოვლენების განვითარებისთვის არის თოვლის უცბად დნობა, რასაც იწვევს მაღალი ტემპერატურა და ნალექი წვიმის სახით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საშიშროება ჯერჯერობით დიდია.

  • ფიქრობთ, რომ მეწყრულმა პროცესებმა თოვლის დნობასთან ერთად შეიძლება კრიტიკული მდგომარეობა შექმნას?

ვერ გეტყვით. საშიშროება ყოველთვის არის. თოვლის რაოდენობა დიდია, დნობა აქტიურია. გამომდინარე აქედან, ამის საშიშროება გვაქვს, მაგრამ სად, როგორ და რანაირად გააქტიურდება, ამის პროგნოზი რთულია.

ყოველ შემთხვევაში, კრიტიკული ზონები გამოყოფილი და მითითებულია გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს რუკაზე. იმ ზონებში, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ და მაქსიმალური დაკვირვება უნდა დავაკვირდეთ თოვლის დნობას.

  • თქვენი ინფორმაციით, ყველაზე საფრთხის შემცველი ზონები სად არის აჭარის რეგიონში?

ამის თქმა ცოტა რთულია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი უბანია, სადაც გვაქვს მეწყრული კერები. შუახევი, ხულო, თითქმის ერთნაირი განლაგებისაა. ფერდები ძალიან ციცაბო დახრილობისაა. მაგალითად ხულოში, ბეშუმში და კიდევ უფრო მაღლა 4 მეტრამდე თოვლი მოვიდა, რაც ჯერ გამდნარი არ არის. მარტი-აპრილში დაჩქარდება დნობა და მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაც შეიქმნება.

იქ ახლა მოსახლეობა და მთავრობამ ეს იცის. ის უბნები, სადაც არის საშიშროება, სადაც განვითარებული იყო მეწყერი შარშან და შარშან წინ [ეს ერთი და ორი წლის შედეგი არ არის], ამ უბნებზე მოსახლეობას მიუთითებენ ალბათ, რომ გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას, სანამ თოვლის დნობა დასრულდება და საშიშროება არ გამოირიცხება.

  • რა პრევენციული ზონების მიღებაა აუცილებელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად? მოსახლეობამ რა უნდა ქნას, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა არის საგანგაშო, რაც მიუთითებს საფრთხეზე?

დაკვირვება.

ვინც ამ საშიშ ზონებში ცხოვრობს, უნდა დააკვირდეს თოვლი როგორ დნება, ნიადაგის გადაადგილება ხომ არ ხდება. იცით, რომ მეწყერი არის მიწის მასის, ნიადაგის გადაადგილება. გაწყლიანების და სიმტკიცის დაკარგვის შედეგად იღვრება ეს მიწის მასა.

ხეებს უნდა დააკვირდნენ. თუ ხე რაღაცნაირად გადმოიწევა და ფერდის მიმართულებით დაეშვება, აუცილებლად უნდა გადაიყვანონ მოქალაქეები ამ ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილებში.

მეტყევეები და გეოლოგები ძირითადად აკვირდებიან ფერდობებს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უმნიშვნელო ცვლილებებზე, [მიწის] უმნიშვნელო გადაადგილებაზეც კი დაცალოს ტერიტორია. შეატყობინონ მუნიციპალიტეტს, რომ აი, ამ ტერიტორიაზე განვითარდა ესა თუ ის პროცესები: ხე წამოვიდა, წაიქცა, წყაროს წყალი აიმღვრა, სახლის კედლებზე ბზარები გაჩნდა, ბზარები გაჩნდა მიწაზე და ა.შ.

  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფო მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ საფრთხეებს?

ტექნიკა უნდა ჰყავდეს მომზადებული – ტრაქტორები, საწვავი. ტერიტორია გაიწმინდოს.

არის სპეციალური ტექნიკა, რომელიც მეწყრული პროცესების და ფერდების გააქტიურების პროცესში უნდა იყოს მომზადებული. უნდა აცხადებდნენ სტიქიური უბნებს, სადაც 112-ის თანამშრომლები უნდა იყვნენ მობილიზებული და მომზადებულები მეწყრული პროცესებისთვის.

  • თუ გაქვთ კომუნიკაცია მერიებთან, თუ გადასცემთ ინფორმაციას, შეტყობინების სისტემა როგორ მუშაობს?

რა თქმა უნდა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში იკრიბება ინფორმაცია, უფრო სწორად, ვინც საშიშ ზონაშია ის წერს განცხადებას, მერიას, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აყენებს საქმის კურსში. ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის მზად არიან, რომ ავიდნენ ადგილზე და შეაფასონ გეოლოგიური სიტუაცია.

ჯაჭვია – ადგილობრივი თუ ამჩნევს ცვლილებებს, მერიაში რეკავს. მერია გარემოს ეროვნულ სააგენტოში. შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გადიან ადგილზე და თუ დროზე მოხდა სიტუაციის შეფასება-გადაფასება, შესაბამისად რეაგირებენ: ტერიტორიის დაცლას, მოქალაქეების სხვა ადგილზე გადაყვანას. ითხრება არხები, რახან დნობის, გრუნტის წყლები მოშორდეს ნიადაგს, რათა არ გააქტიურდეს მეწყრული კერები.

  • შემოსულია შეტყობინებები უკვე კონკრეტულ სოფლებთან დაკავშირებით?

კი, კი. ყოველდღიური ინფორმაცია არის, რომ განვითარდა რაღაც პროცესები და აქედან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობას აფასებს გარემოს ეროვნული სააგენტო. შეტყობინება გვაქვს ხულოდან, შუახევიდან, ხელვაჩაურიდან, ქობულეთის მაღალი სოფლებიდან. მეწყრული გადაადგილებებია, გზა ჩაიხერგა… რეაგირება უცებ ხდება შემოსულ განცხადებებზე.

13 მარტს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გაიმართება – დაკავება გაყალბებული ოქმით

13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გაიმართება.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ამ მოსამართლემ ხვალინდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ ბესელიას. მათი დაკითხვა წინა სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.

არსებობს ვიდეოჩანაწერები, რითაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.

ასევე, მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და ესეც ჩანს ვიდეოკადრშიც, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი გოჩა ვანაძემ დააკავა, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ.

ამ თემაზე:

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

ბათუმში სასამართლომ 23 ადამიანი 115 ათასი ლარით დააჯარიმა – „ზებრაზე გადასვლის საქმე“

11-12 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებმა: ალექსანდრე გოგუაძემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ და მარიანა ფომაევამ ჯამში 23 პირი, აქციის მონაწილეები, დააჯარიმეს 5-5 ათასი ლარით ზებრა გადასასვლელზე მსვლელობის გამო.

საუბარია ბათუმში 31 იანვრის აქციაზე – იმ დღეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ „საკმარისი რაოდენობით“ არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილო უნდა გაათავისუფლონ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა დაიწყეს, რაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

შს სამინისტრო კი ირწმუნება, რომ 31 იანვარს, ღამით, გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში, სადაც აქცია მიმდინარეობდა, მოძრაობა შეფერხდა.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან საღამოს 7 საათის შემდეგ დაიწყო, როცა სასამართლო აღარ მუშაობდა. აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ, საღამოს საათებში დატვირთული არ არის – აქ, მახლობლად, ადმინისტრაციული შენობები მდებარეობს, საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის მთავრობა, ორივე უწყების სამუშაო საათები აქციის დროს დასრულებული იყო და აქციის მონაწილეების გადაადგილება მათ მუშაობას ხელს ვერ შეუშლიდა.

აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებოდნენ – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით“.

_________________

ფოტოზე: 31 იანვრის აქცია ბათუმში, მოქალაქეები ზებრა გადასასვლელზე. ფოტო: ედო მჟავანაძე

 

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და მიმდებარე ჩიხებში წყალი შეწყდა

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 13 მარტის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.

„ბათუმის წყალი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – წერს კომპანია ფეისბუქზე.

ბათუმის სასამართლომ ელენე ხოშტარია 5 ათასი ლარით დააჯარიმა – მოწმე ამ საქმეშიც პოლიციელია

დღეს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა ელენე ხოშტარია, პარტია „დროას“ ლიდერი.

ელენე ხოშტარია ბათუმში 12 იანვრის საპროტესტო აქციაზემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ დააკავეს. ის ხელწერილით იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ბათუმში 11 და 12 იანვარს სულ 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავეს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება.

ელენე ხოშტარიას შსს პოლიციელების შეურაცხყოფას ედავებოდა – ასკ-ის 173-ე მუხლი, ასევე, შეკრების წესის დარღვევას ადმინისტრაციული შენობის წინ.

„ცდილობდა ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას,“- უთხრა მოსამართლეს ერთადერთი მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულმა პოლიციელმა.

სასამართლო სხდომას არ დასწრებია ელენე ხოშტარია და არც მისი რომელიმე ადვოკატი.

შსს-ს წარმომადგენელი მარიამ კერესელიძე ამ საქმეზე ელენე ხოშტარიას დაპატიმრებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ ელენე ხოშტარიას სამართალდარღვევის ჩადენა სხვა საქმეებზეც დაუდასტურდა.

ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლემ უარი თქვა – ციალა ქათამიძის საქმე სასამართლოში

დღეს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ „ციალა ქათამიძის საქმის“ მოწმეებს მოუსმინა.

მოსამართლემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე.

ციალა ქათამიძე 2025 წლის 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა. აქტივისტის დაკავების ოქმი, მზია ამაღლობელის ოქმის მსგავსად, პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს. კერძოდ, ციალა ქათამიძის დაკავების ოქმში, წერია, რომ თითქოს აქტივისტი ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია. ეს მაშინ, როცა ვიდეო მტკიცებულებაში ჩანს, როგორ აკავებს ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე.

ციალა ქათამიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელია. იგი იანვარს დააკავეს საჯარო სივრცეში, ასფალტზე სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“. თუმცა, გაყალბებული ადმინისტრაციული ოქმის მიხედვით, ციალა ქათამიძე 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, ის თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, მაშინ, როცა ციალა ქათამიძის დაკავების ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქათამიძე შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს და არც წინააღმდეგობას უწევს დაკავებისას.

ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე სახელით მიმართავს, ეუბნება, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა და აკავებს. ცნობისთვის – 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს.

მთავარი მოწმეები ამ საქმეში პოლიციელები არიან.

„პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა მისი დაკავება,“- უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა, ირაკლი სურმანიძემ.

პოლიციელების მტკიცებით, ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძემ კი არ დააკავა, არამედ განარიდა, თუმცა არ იციან, განრიდებაზე შესაბამისი დოკუმენტი არსებობს თუ არა.

„შენობაში როგორ მოხვდა?“- პოლიციელს მიუბრუნდა მოსამართლე.

„სტიკერი გააკრა და უთხრეს, რომ არ უნდა გაეკრა… შენობაში შეიყვანა, როგორც ვიცი, ირაკლი დგებუაძემ,“- თქვა მოწმე პოლიციელმა, ირაკლი სურმანიძემ. მისი ვერსიით, სტიკერის გაკვრამდე ციალა ქათამიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, მაგრამ მაშინ არ დააკავეს, რადგან აქციაზე დაძაბული სიტუაცია იყო, განრიდების დროს კი, პოლიციელებმა ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

პოლიციელი ირაკლი სურმანიძე

„რა მიზნით დააკავეთ? დაკავების მიზანი უნდა იყოს სამართალდარღვევის აღკვეთა, ეს თუ იცით?”- პოლიციელს ამჯერად საიას იურისტმა, ირმა აბაშიძემ დაუსვა შეკითხვა. საია სასამართლოში ციალა ქათამიძის ინტერესებს იცავს.

„აღარ იყო საფრთხე დაპირისპირების…“- პოლიციელს უხერხულობა დაეტყო, თითქოს მე რა შუაში ვარო. მან ისევ სცადა იმის ახსნა, რომ ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია.

„რომელ ოთახში დამაკავეთ?“- ჰკითხა პოლიციელს თავად ციალა ქათამიძემ.

„მეორე ოთახში,“- პაუზის შემდეგ თქვა მოწმემ. ციალა ქათამიძის იგივე შეკითხვაზე მეორე მოწმე პოლიციელს – ირაკლი მესხიძეს ანალოგიური პასუხი არ გაუცია: „შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს,“- თქვა მოწმემ.

„იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები: რეჟიმის მონებო, მილიციონერებო, რუსების მონებო… არაერთხელ მოვუწოდე მე პირადად ციალა ქათამიძეს შეეწყვიტა პოლიციელების ლანძღვა-გინება,“- უთხრა მოსამართლეს კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა, ირაკლი მესხიძემ.

პოლიციელი ირაკლი მესხიძე

„ეს სიტყვები არათუ პოლიციელებისთვის, საერთოდ არავისთვის მითქვამს ცხოვრებაში,“- გაცხარდა ციალა ქათამიძე.

„ერთი ვიდეო კადრი მაჩვენეთ, სადაც მე ან აქციის რომელიმე მონაწილე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელს, ერთი კადრი წარმოგედგინათ“ – შსს-ს წარმომადგენლებს გადახედა აქტივისტმა.

დაცვის მხარე ამ საქმეში შსს-გან ითხოვდა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერების წარმოდგენას, თუმცა ეს ჩანაწერი, ან ვიდეომტკიცებულება, რაც ციალა ქათამიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა, შსს-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

„სტიკერის დაკვრა ქვაფენილზე არის სამართალდარღვევა? შსს ოლიგარქის დავალებას ასრულებს და ამიტომაც დავდექით მოქალაქეები აქციაზე… სამართალი ურმით დადისო, ჩვენმა წინაპრებმა თქვეს და სამართლის დრო აუცილებლად დადგება“ – მოსამართლეს მიმართა ციალა ქათამიძემ და გაიხსენა დაკავების შემდეგ პოლიციელებს როგორ ჰკითხა – რომელიმეს შეურაცხყოფა მოგაყენეთო?

„გოჩა ვანაძემ [ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე] მიპასუხა, შაბლონი გვაქვს ასეთიო… ამიტომაც არ მინდა ასეთი ქვეყანა, სადაც პოლიციელები შაბლონით მოქმედებენ და არა კანონის მიხედვით,“- დასძინა ციალა ქათამიძემ.

მოწმე პოლიციელებს გაუჭირდათ დროს დასახელება კითხვაზე – რა დრო გავიდა მას შემდეგ, როცა ციალა ქათამაძემ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ სტიკერი გააკრა?

„დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა, ხან ერთ ადგილას ვიყავი, ხან მეორე ადგილას,“- თქვა პოლიციელმა ირაკლი მესხიძემ.

„რომ იცოდეთ, დამნაშავე მეგობარი მე არ მყავს,“- დარბაზიდან მიმართა მოწმე პოლიციელს მოქალაქე თედო ზოიძემ, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა. მასთან მანდატურები მივიდნენ.

„გაძევებული ხართ, აღარ დაგიშვებთ“, – უთხრა მოქალაქეს მოსამართლემ.

„ოჰ, აი, დარდი“- მოსამართლისთვის რეპლიკის მიძახება მოასწრო თედო ზოიძემ, ვიდრე მას სასამართლო სხდომის დარბაზს დაატოვებინებდნენ.

მოსამართლის ხმას დღევანდელ პროცესზე ხშირად ფარავდა სასამართლოს შენობის ფასადის რეაბილიტაციის ხმაური. მოსამართლეს დარბაზიდან სთხოვეს მიკროფონთან ახლოს ესაუბრა.

„შევეცდები უფრო ხმამაღლა ვისაუბრო“- გამოსავალი იპოვა მოსამართლემ მას შემდეგ, როცა მანდატურებმა დარბაზს ანიშნეს, მიკროფონით მხოლოდ ხმა იწერება, ხმის გამაძლიერებლები კი არ მუშაობსო.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა დაცვის მხარის მოწმეს, აკაკი გვიანიძესაც, ასევე ნახეს ვიდეო ჩანაწერები, სადაც მკაფიოდ ჩანს: ციალა ქათამიძეს ასფალტის საფარზე სტიკერის გაკვრისთვის ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი აკავებს.

სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში, სადაც ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული საქმეები განიხილება, სასამართლო ამ დრომდე ვერ ახერხებს იმას, რომ მინიმუმ მოსამართლის ხმა ყველას ესმოდეს.

შემდეგ სხდომაზე, რომელიც 27 მარტსაა ჩანიშნული, მოსამართლე ციალა ქათამიძის ოქმის შემდგენ პოლიციელს მოუსმენს, ასევე სამართალდამცველს, რომელმაც პატაკი შეადგინა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ უკვე თქვა, რომ შემდეგ სხდომაზე ამ საქმეზე გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს.

_________________

მთავარ ფოტოზე: ციალა ქათამიძე საიას ადვოკატებთან: თამარ წულუკიძესთან და ირმა აბაშიძესთან ერთად – 12 მარტი, ბათუმის საქალაქო სასამართლო. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

ნახეთ ამ თემაზე: 

ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის სასამართლოში „სტიკერის გაკვრაზე“  #batumelebi #თავისუფლებამზიას

მოსამართლეს დაჯარიმებულმა ბორში მიუტანა – „ზებრაზე გადასვლის საქმე“ ბათუმის სასამართლოში

დღეს, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა: ალექსანდრე გოგუაძემ და ჯუმბერ ბეჟანიძემ 5 მოქალაქე დააჯარიმეს 5-5 ათასი ლარით, 31 იანვრის ღამეს ზებრა-გადასასვლელზე გადასვლის გამო.

„ეს ბორში – თქვენ. უხორცო ბორშია, 80 პროცენტი უხორცო ბორშს ჭამს,“- სასამართლო სხდომის დასაწყისში ასე დაიწყო საუბარი პროევროპული აქციის მონაწილემ, მალხაზ ირემაძემ მანამდე, ვიდრე ზებრაზე მოძრაობის გამო მასაც დააჯარიმებდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე 5 ათასი ლარით.

ერთი და იგივე ტექსტი დღეს, 12 მარტს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოთხჯერ ჩაიკითხა. მალხაზ ირემაძემდე ზებრაზე მოძრაობის გამო მოსამართლემ  ასევე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა: ანასტასია გოგოლიშვილი, მარი ცეცხლაძე, ნიკო მირცხულავა.   ბორშით ნახევრად სავსე მინის ქილა მალხაზ ირემაძეს მანდატურებმა ჩამოართვეს.

„სახლში მიირთვით“- გაღიზიანება დაეტყო მოსამართლეს.

ამ საქმის განხილვაზე რამდენიმე დღის წინ მალხაზ ირემაძე პროცესზე ზებრის ფორმით მივიდა.

დღეს, 12 მარტს, ასევე „ზებრაზე მოძრაობის საქმეზე“ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  5 ათასი ლარით გუბაზ ლამპარაძე დააჯარიმა. გუშინ, 11 მარტს კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადა ცარიელ დარბაზში 5-5 ათას ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებები პროევროპული აქციის 18 მონაწილის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო – „ზებრაზე გადასვლის საქმე“. 12 მარტი, 2025 წელი
ბათუმის საქალაქო სასამართლო – „ზებრაზე გადასვლის საქმე“. 12 მარტი, 2025 წელი

საუბარია ბათუმში 31 იანვრის აქციაზე: პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ „საკმარისი რაოდენობით“ არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილო უნდა გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა დაიწყეს, რაც, საიას შეფასებით, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით შეეჯახა, რომელიც კომაშია – ავარია ზუგდიდში

11 მარტის საღამოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ბათუმელები“ დაშავებულის ნათესავს მაია კალანდიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.

„შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვინტაძე, სხვა ავტომანქანასთან  შეჯახების თავიდან აცილების მიზნით  გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც გადააგდო დიდ მანძილზე.

თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ კობა კვინტაძე იყო მთვრალი, რაც დამიდასტურეს სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმაც.

მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული  ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.

მურმანს ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, – ამბობს მაია კალანდია.

მისი თქმით, კობა კვინტაძე ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ზუგდიდის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაჯარიმებული პირების სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებს აძლევს პროტესტის მონაწილე პირების წინააღმდეგ.

პოლიციელების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე საუბრობს აქტივისტი მარიამ სიჭინავაც, რომელიც ამ ფაქტს გამოეხმაურა ფეისბუქში.

„ეს პოლიციელი ჩემი დამკავებელიც იყო და ცრუ ჩვენებაც მისცა ჩემ სასამართლოზე. პოლიციელების სიმთვრალეს აქვს სისტემური ხასიათი, ისინი სარგებლობენ იმ ძალაუფლებით, რომელიც მუნდირის ტარებით მიიღეს და მართავენ მანქანებსაც. ზუგდიდში აქციებზე არაერთხელ გვინახავს პოლიციელი, რომელიც ნასვამია და ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას“, – ამბობს მარიამი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურას, სადაც განაცხადეს, რომ ავტოავარიის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

„მზია ჩემთან ერთად არის წელს გაეროში” – ბაია პატარაია ნიუ იორკიდან

საფარის დირექტორი, ბაია პატარაია, ნიუ იორკში გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრას მზია ამაღლობელის გამოსახულებიანი მაისურით ესწრება.

„მზია ჩემთან ერთად არის წელს გაეროში და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენობ, რომ სინდისის პატიმრებზე ვისაუბრო – თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს,“ – წერს ბაია პატარაია.

გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრა წელს 69-ედ იმართება და მას ლიდერი ქალები მთელი მსოფლიოდან ესწრებიან.

———————–

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე (მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.

როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველები აცხადებენ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.

დააკავეს პატრული, რომელიც ცოლზე შვილის თანდასწრებით ძალადობდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავეს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა.

2024 წლის 14 იანვარს, ქ. თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა, ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპზე, ხოლო შემდეგ ძლიერად მოქაჩა თმაზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული და მოწმეები, მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი.

მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა პატრულ-ინსპექტორი. სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება“ – წერს საგამოძიებო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას დაეთმობა.

“ხუთშაბათის შეხვედრების” ახალ სეზონს ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები  –  შალვა ახრახაძე,“ფინანსური ლაბორატორიის” მმართველი პარტნიორი; თიკო გობეჯიშვილი , “ლუკა პოლარეს” გენერალური დირექტორი და ჯემალ ცეცხლაძე, კოოპერატივ “მოცვნარის” დირექტორი გაუძღვებიან.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები იმ გამოწვევებზე  ისაუბრებენ, რომელსაც ბიზნესის დამფუძნებლები თუ მენეჯერები  კომპანიის ზრდის პროცესში აწყდებიან- რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები, როგორ უმკლავდებიან ამ პროცესს თავად და რა არის ამ გამოწვევებთან გამკლავების მიღებული პრაქტიკები. სტუმრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამსწრე აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხებენ.

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია, წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

13 მარტის შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/ETsJE8cqoSUDNU5H9

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 889 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430]
  • ტანკი – 10 306 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 21 430 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 24 390 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 314 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 912 ერთეული [+111]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 274 ერთეული [+69]
  • სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 657 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 46 270 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 119 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 425 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 696 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აქვე ნათქვამია, რომ აშშ იღებს ვალდებულებას, განიხილოს ეს წინადადება რუსეთის მხარესთან. უკრაინის პირობაა, რომ შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი.

სანაცვლოდ, აშშ გააგრძელებს სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინისთვის გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.

ვრცლად: „დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები“ – რაზე შეთანხმდნენ ერმაკი და რუბიო საუდის არაბეთში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში სრულად

ბათუმში გაზის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს და 13 მარტს დღის ბოლომდე დასრულდება – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“.

გაზის მიწოდება გუშინ, 11 მარტს შეწყდა.

„გაზის მიწოდება გუშინ საღამოს დავიწყეთ და ეტაპობრივად გრძელდება. ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება ყველა აბონენტს სრულად აღუდგება. რაც შეეხება დაზიანებას – აღმოფხვრილია“ – განაცხადეს დღეს, 12 მარტს „სოკარში“.

„სოკარის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კონკრეტული გრაფიკი, თუ რომელ უბანში როდის ჩაირთვება გაზი, არ აქვთ, თუმცა „აბონენტებს მიღებული აქვთ ტექსტური შეტყობინებები და დამატებით, გაზის ჩართვის შესახებ მოსახლეობას მობილური ჯგუფები გააგებინებს – გამოაცხადებენ, რომ იწყება გაზის მიწოდება და ყურადღება მიაქციონ გაზის დანადგარებს“.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, 11 მარტს გაზის მიწოდება, ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოების“ გამო შეწყდა:

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

„მეტი ბერკეტი მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“ – იურისტი მორიგ კანონპროექტზე

„ეს იქნება მეტი ბერკეტი  მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“, – მიიჩნევს იურისტი, უფლებადამცველი გურო იმნაძე „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს: მოსამართლის პედაგოგიურ საქმიანობაზე თანხმობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისედაც დაუბალანსებლად ჭარბი ძალაუფლების მქონე ინსტიტუტია და მისი კომპეტენცია კიდევ უფრო იზრდება. ცხადია, ეს საფრთხის შემცველია, მით უმეტეს დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით: უმაღლესი საბჭო დახურული და ჩაკეტილი ორგანოა, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი, დასაბუთების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მათში ხშირად ლოგიკის ამოკითხვა რთულია – ერთადერთი ლოგიკა, რომლითაც იღებენ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებებს, ეს არის მოსამართლეების კონტროლის გაძლიერება და ძალის დემონსტრირება.

ეს შექმნის პრობლემას აკადემიური თავისუფლების კუთხითაც – აქამდე ფორმალურად იყო თავისუფალი მოსამართლე, რომ შეუზღუდავად განეხორციელებინა აკადემიური საქმიანობა. ეს არის დამატებითი ბერკეტი მოსამართლეების კონტროლისთვის,“ – გვითხრა გურო იმნაძემ.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე რამდენიმე მოქმედ მოსამართლეს დაუკავშირდა, ვინც ამავდროულად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სამართალში ლექციებს კითხულობს. მოსამართლეების ნაწილმა გვითხრა, რომ კანონპროექტს სათანადოდ არ იცნობენ, ნაწილმა კი კომენტარზე გვითხრა უარი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტის ჩანაწერი ბუნდოვანია, რადგან მოსამართლის პედაგოგიური საქმიანობის უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „უფლებამოსილება“ კი, მოსამართლისთვის ვალდებულება ვერ გახდება.

მოსამართლემ, რომელმაც ახალი კანონპროექტის ბუნდოვანებაზე გაამახვილა ყურადღება, თქვა ისიც, რომ „ოცნების“ განმარტებითი ბარათი ააშკარავებს, რაც არის მიზანი: მოსამართლეების ტოტალური კონტროლი, მათ შორის, აუდიტორიებში!

„პირიქით, ყველაზე სახიფათო ინტერპრეტაციებს უნდა ველოდეთ… ნორმალურ პირობებში შეიძლება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმირებაზე ყოფილიყო საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცხადია, რომ პირდაპირ ნებართვის მიღებაზეა საუბარი.

ეს იქნება საბჭოსგან ნებართვის მიღების, დადასტურების საკითხი. სამართლებრივი ნორმების არასწორად ინტერპრეტირებას ხშირად ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს უწყება მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებას იყენებს სელექციურად არა მართლმსაჯულების და საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, არამედ ვიწრო ძალაუფლების ინტერესისთვის.

ეს მომავალ პროფესიაზეც მოახდენს გავლენას, სამართლის სტუდენტებზე, რომლებსაც ხარისხიან განათლებაზე აღარ მიუწვდებათ ხელი, თუმცა პირველადი მიზანი მოსამართლეების უკეთესად გაკონტროლებაა,“ – უთხრა გურო იმნაძემ „ბათუმელებს“.

ბათუმის მერია ტროტუარზე ფილების შეცვლას გეგმავს იქ, სადაც 104 დღეა აქცია იმართება

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 104 დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 30 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია ტენდერის შედეგზე, რომელიც 319 ათას 887 ლარით არის გამოცხადებული.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება, სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები:

  • „დემეტრე თავდადებულის N10-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა;
  • ნონეშვილის ქ.N1-დან N6-მდე ტროტუარის მოწყობა;
  • მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე“.

საპროექტო ტერიტორია მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც 104 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. სწორედ ეს ტერიტორიაა აქციის მონაწილეების შეკრების მთავარი ადგილი.

სარეაბილიტაციო ტროტუარი [მონიშნულია წითელი ფერით] მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებზე ბათუმში / ფოტო პროექტიდან.
ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

„საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა [ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე] და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე.

ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ტროტუარი დაზიანებულია და საჭიროებს გამოცვლას ტროტუარი მოწყობილია ბაზალტის ფილისგან, ხეები გამოყოფილია ბორდიურით“ – აღნიშნულია პროექტში.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

ამავე პროექტის მიხედვით, „გათვალისწინებულია არსებული ფილების დემონტაჟი ხელით 60%-ის ადგილზე დასაწყობება შემდგომი გამოყენებისთვის ხოლო დაზიანებული 40%-ის დემონტაჟი, დატვირთვა და გატანა ნაყარში.

ასევე არსებული ბაზალტის ბორდიურების დემონტაჟი ხელით დატვირთვა და გატანა დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას.

საპროექტო უბანზე ტროტუარის სამოსის კონსტრუქცია მიღებულია შემდეგი სახით: საფარი – ბაზალტის ფილა. ქვიშა-ცემენტის ნარევი 0-50 მმ.; საფუძველი – ღორღი ფრაქციით 0-40 მმ, სისქით 10-სმ“.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

მერიის სამმართველოს პირობებში აღნიშნულია, რომ „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს (საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია ან/და დასასვენებელი პარკების/სკვერების ან/და გასართობი პარკების მშენებლობა-რეაბილიტაციის ან/და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა ) სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 700 000 ლარის ოდენობით“.

უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს დედაქალაქშიც, რუსთაველის გამზირზე. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიას აქვს დაგეგმილი:

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, მაისში დავიწყებთ – კალაძე

  • რა ხდება

ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 104-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

„მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არ ვდევნით“ – ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს

ბათუმის დრამატული თეატრის დირექცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და ირწმუნება, რომ მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან.

თეატრის დირექცია „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ბათუმის   დრამატულ თეატრში დაიწყო რეპრესიები და დევნა (იგულისხმება პოლიტიკური ნიშნით)“.

„ჩვენ ყოველთვის ვერიდებით შიდა პრობლემების საჯაროდ გამოტანას, მაგრამ ამჯერად ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაცნობოთ:

მსახიობის უპირველესი მოვალეობაა სპექტაკლების თამაში, რასაც წინ უძღვის დაძაბული და ხანგრძლივი რეპეტიციები.

ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა მსახიობი მძიმე ავადმყოფობის ან სულიერი მდგომარეობის მიუხედავად მოდის თეატრში და თამაშობს სპექტაკლს, რათა არ გააწბილოს მაყურებელი. ეს ერთგვარი თავგანწირვა ამ პროფესიის თანმდევი ნაწილია, ამიტომაც იწვევს განსაკუთრებულ პატივისცემას. ასეთი მაგალითი ბევრია, როგორც ჩვენს თეატრში, ასევე სხვა თეატრებშიც. მაგრამ, როდესაც მსახიობი ორი კვირით ადრე შემოთვლის, რომ სიცხე აქვს და ორი კვირის შემდეგაც ავად იქნება, ამიტომ ვერ ჩამოდის სპექტაკლის სათამაშოდ, თან ამ დროის განმავლობაში მას შენიშნავენ სხვა ორგანიზაციის პიარ ღონისძიებაზე, ხოლო ის შემდგომ არ გამოცხადდება სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად, თან ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა და ამასთანავე მას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო საბუთი, თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულია გამოიყენოს მის მიმართ შინაგანაწესით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების გაწყვეტას უვადო ან გარკვეული ვადით.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და არანაირი პოლიტიკური ნიშნით დევნას აქ ადგილი არ აქვს.

ჩვენი თეატრის ნებისმიერ თანამშრომელს უფლება აქვს გამოხატოს თავისი აზრი თუ ქმედება ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესზე თეატრის გარეთ და ამის გამო მას არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ჩვენი თეატრის სპექტაკლების განრიგი ორი თვით ადრე ქვეყნდება. ყველა მსახიობმა იცის როდის აქვს სპექტაკლი, ისიც იცის, რომ მისი მოხსნა არის თეატრისთვის მძიმე მორალური და ფინანსური ზიანის მომტანი. ამიტომ შემდეგაც თუ მსგავს მიზანმიმართულ თუ დაუდევრობის შედეგად დისციპლინურ გადაცდენებს ექნება ადგილი, თეატრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდება მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, თუ მსახიობი არ წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომ მის ჯანმრთელობას სპექტაკლის თამაშით საფრთხე ექმნება და გამოიწვევს შემდგომ გართულებებს,“ – ნათქვამია ბათუმის დრამატული თეატრის დირექციის განცხადებაში.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს კომენტარების ფუნქცია შეზღუდული აქვს.

გუშინ, 10 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის დრამატული თეატრიდან გაათავისუფლეს მსახიობი თორნიკე ბარამიძე.

დღეს, 11 მარტს, ბათუმის დრამატული თეატრის ერთ-ერთმა წამყვანმა მსახიობმა, მეგი კობალაძემ დაწერა, რომ მისი ბიულეტენზე ყოფნის მიუხედავად, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჩვენებიდან არ მოხსნა სპექტაკლი.

მეგი კობალაძე ეჭვობს, რომ ამ ფორმით ბათუმის დრამატული თეატრის დირექცია მსახიობის თეატრიდან დათხოვნის მიზეზს ქმნის.

__________________

ფოტოზე: ნუკრი ქანთარია, ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ამავე თემაზე: 

„ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, სხვა მსახიობების რიგია“ – ბიულეტენზე მყოფ მსახიობი გაათავისუფლეს

პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

საქართველოში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები/ფორმები.

ამასთან, უკვე გაცემული და დღეს მოქმედი „შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ახალი ბრძანებით, მოწმობა უნდა შეიცავდეს:

სახელს; გვარს; სქესს [ამ გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად];

მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს;

პირად ნომერს; ფოტოსურათს;

პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას;

ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];

მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);

QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.

პირადობის ელექტრონული მოწმობის არსებული და ახალი ფორმები [ფოტოები ბრძანებებიდან]:

არსებული მოწმობა
ახალი მოწმობა

ახალი ბრძანებითაც, „მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია 00AA00001, რომლიდანაც პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XX666.“

ახალი ფორმის მოწმობების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა.

 

მსახიობი მეგი კობალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ის თეატრიდან გაათავისუფლონ

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე მის წინააღმდეგ დაგეგმილ რეპრესიებზე საუბრობს.

მეგი კობალაძის თქმით, მას ბიულეტენი აქვს გახსნილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ამის შესახებ სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიასაც აცნობა, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს, 11 მარტს, დაგეგმილი სპექტაკლი – „როცა გადაუღებლად წვიმს“, რომელშიც მეგი კობალაძე მთავარ როლს ასრულებს, ჩვენებიდან არ მოხსნა და არც მეგი კობალაძე ჩაანაცვლა სხვა მსახიობით.

„მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, გავხსენი ბიულეტენი და ასევე გავაფრთხილე ხელმძღვანელობა რამდენიმე დღით ადრე – ან მოეხსნათ [სპექტაკლი], ან შევეცვალე სხვა მსახიობით, ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯიუტად არ ხსნის სპექტაკლს და არც ჩემი ჩანაცვლება არ მოხდა.

ზემოთ ხსენებული პრობლემის გამო, სამწუხაროდ, ვერ ვითამაშებ 11 მარტს სპექტაკლს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი ნუკრი ქანთარიას გამო მაყურებელს, რომელიც ჯერ არაა საქმის კურსში ჩაყენებული.

დღევანდელი მისი საქციელი [გაუშვა მსახიობი თეატრიდან იმავე მიზეზის გამო], მაფიქრებინებს, რომ მეც მალე გავიზიარებ ჩემი კოლეგის, თორნიკე ბარამიძის ბედს და განთავისუფლებული ვიქნები სამსახურიდან. თავს ვიზღვევ და ვიყენებ ასევე ერთდღიანი გაფიცვის უფლებას ხვალ.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ალექსანდრე ქანთარიას ჰგონია ეს ჩემი ქმედება მისკენ არის მიმართული და ამ საქციელით მას ვებრძვი.

იმედი უნდა გაგიცრუოთ, სამწუხაროდ, ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია აქტუალური და ამ ყველაფერს არ დავიყვან და არ გავაუბრალოებ თქვენთან ბრძოლით. ამ ეტაპზე მე ვიყენებ ერთდღიანი გაფიცვის უფლებას, რაც კანონიერად მეკუთვნის,“ – წერს მსახიობი მეგი კობალაძე.

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი თორნიკე ბარამიძე თეატრიდან გუშინ, 10 მარტს გაუშვეს. ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობები ფიქრობენ, რომ ყველას გაუშვებენ, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება აქვს.

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრიდან მსახიობების გაშვებაზე კომენტარი მხოლოდ აჭარის ტელევიზიასთან გააკეთა.

„არავითარ შემთხვევაში ეს არ ხდება პოლიტიკური ნიშნით. მით უმეტეს თეატრში. რომელიც არ გამოცხადდება რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე, ამ დროს სხვაგან მოკრავ მას თვალს. ბუნებრივია ის მოვალეობას არ ასრულებს და ეს უკვე იწვევს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ძალიან რთულია ნებისმიერი ადამიანის გაშვება. მით უმეტეს, რომ ყველაზე ამაგი მაქვს. სხვანაირად შეუძლებელია თეატრში, სადაც კოლექტიური შემოქმედებაა,“  – თქვა ნუკრი ქანთარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში 10 მარტს.

_____________

ფოტოზე: მსახიობი მეგი კობალაძე სპექტაკლის აფიშაზე.

ამავე თემაზე: 

„ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, სხვა მსახიობების რიგია“ – ბიულეტენზე მყოფ მსახიობი გაათავისუფლეს

არანაირი საკომისიო – უმარტივესად გადაიხადეთ ამანათის ტრანსპორტირების თანხა თიბისის მობაილბანკიდან

12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა.

ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზიდის საიტიდან ან მობაილბანკიდან იხდით. თუ გადამზიდის საიტზე ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა გიწევთ, თიბისი ამ პროცესს უმარტივეს საქმედ გიქცევთ.

როგორია გადახდის პროცესი თიბისის მობაილბანკში:

  • კომუნალურების გვერდიდან ირჩევთ ამანათებს და ფოსტას;
  • მონიშნავთ სასურველ გადამზიდს;
  • შეიყვანთ აბონენტის ნომერს და დაამატებთ შაბლონში, რომ მომავალში მარტივად შეძლოთ გადახდა;
  • გადახედავთ დეტალებს და დაადასტურებთ გადარიცხვას.

ამ სიახლის პარალელურად, 12 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, ამანათის ტრანსპორტირების თანხის გადახდას ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმში „ზებრა მოძრაობის“ მონაწილეები

მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა პროევროპული აქციის მონაწილეები.

მათ შს სამინისტრო ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა.

მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 11 მარტს, “ზებრა გადასასვლელის საქმეზე” ზედიზედ 18 პირი დააჯარიმა.

აქციის კიდევ 7 მონაწილის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

5-5 ათასი ლარით უკვე დაჯარიმდნენ: დიანა ბოლქვაძე, თამარ სურმანიძე, ბადრი კოჩალიძე, არჩილ ბერიძე, ნათია ლეთოდიანი, დავით რობაქიძე, მანუჩარ ხოზრევანიძე, ქეთი პაქსაძე, მარიამ საგინაძე, ნუგზარ თაფლაძე, თათია აბულაძე, ლინდა ცინცაძე, არჩილ შოთაძე, გიორგი ჩხაიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გოჩა სურგულაძე და ანა ვაჩეიშვილი.

მოსამართლეს გადაწყვეტილებას თავიდან მსმენელი ჰყავდა, მაგალითად, სტუდენტებმა არჩილ ბერიძემ და ლინდა ცინცაძემ უშუალოდ მოისმინეს, რომ მას მოსამართლე 5 ათასი ლარით აჯარიმებს.

შემდეგ კი, მოსამართლე უკვე ისე აცხადებდა ჯარიმას ჯარიმაზე, რომ ამას არც აქციის მონაწილე ესწრებოდა, არც შსს-ს წარმომადგენელი.

 

მოსამართლემ ზებრაზე გადასვლის საქმის მონაწილეები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა
მოსამართლემ ზებრაზე გადასვლის საქმის მონაწილეები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა

მოსამართლეს არ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტა აქციის მონაწილეების დაჯარიმება.

საუბარია 2025 წლის 31 იანვრის აქციაზე, როცა აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა უთხრეს, რომ არ არიან „საკმარისი რაოდენობით“ და ქუჩის სავალი ნაწილი უნდა გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეების ინტერესებს საია იცავდა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ზებრაზე გადაადგილება სრულიად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.

ამ მომენტისთვის არც სამუშაო საათები იყო.

ზებრაზე მოძრაობა ბათუმში – 31 დეკემბერი

აჭარასა და გურიაში გაზის შეწყვეტაზე „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების გამო 2025 წლის 11 მარტის „11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე [67,3 კმ-ზე] არსებული ონკანები.

აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ცეცხლაური, აჭი და ოჩხამური.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ნატანები, წვერმაღალა, შეკვეთილი, კაპროვანი,,ურეკი, ხრიალეთი, მოცვნარი, შრომა, ვაკე, ზემო ორმეთი, ლიხაური, გოგორეთი, დაბა ლაითური, დაბა ნარუჯა, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი და ზედუბანი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გრიგოლეთი, სუფსა, ხიდმაღალა, ტაბანათი, ჩქუნი, ახალსოფელი, ღრმაღელე, ორმეთი, ომფარეთი, წყალწმინდა და ოხოჯური.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.“ – აცხადებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.

„ბათუმელებს“ დღეს კომპანია „სოკარში“ უთხრეს, რომ გაზის მიწოდება აჭარის სოფლებსა და ბათუმში, სავარაუდოდ,  12 მარტის დილიდან დაიწყება. „სოკარის“ ინფორმაციით, 12 მარტის დილიდან არის დაგეგმილი გაზის მიწოდების აღდგენა გურიის სოფლებშიც.

ამ თემაზე:

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

 

ვინ არის სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე – „როცა გამოვალ, ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი“

„ჩემი საყვარელი სერიალის საყვარელი პერსონაჟი თავის კორუმპირებულ სასამართლოზე ამბობს: „ნეტავ, მართლა ის მონსტრი ვიყო, რად ყოფნასაც მაბრალებთ… აქ სამართალს ვერ ვიპოვი, ამიტომ …ორთაბრძოლით გასამართლებას მოვითხოვ“.

რაღაცით ჰგავს ჩვენს დღევანდელ ყოფას, ხო? უდანაშაულო ტირიონი მხოლოდ იმის გამო ისჯებოდა, რომ ჯუჯა იყო, უდანაშაულო მეს კი სამშობლოს სიყვარული მედება ბრალად. ისე, როგორ ანომალიურ ქვეყნად ვიქეცით რუსული ხელისუფლების ხელში, დააკვირდით? – გვაქვს უსამართლო სასამართლო და კრიმინალი პოლიცია“.

27 წლის პატიმარს, რეზო კიკნაძეს, სიტყვის ბოლომდე წარმოთქმის საშუალება 6 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ მისცეს. შემინულ კაბინაში ბრალდებულის სკამიდან ცდილობდა დარბაზში მსხდომთათვის აეხსნა, თუ რატომ არ შეატანინეს პროცესზე მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“:

„…„ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად ასეა – ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს, თავისიანებიც კი ტოვებენ, რადგან შიში და ძალაუფლება…” – ამის შემდეგ მიმართვის გაგრძელება რეზომ ვეღარ შეძლო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიჩნია, რომ ამ ლიტერატურულ მიმოხილვას საქმესთან კავშირი არ ჰქონდა და რეზოს დარბაზი დაატოვებინა.

როცა მიხვდა, რომ დარბაზიდან გაჰყავდათ, რეზომ სწრაფად და ხმამაღლა რამდენიმე ფრაზა შესძახა. მათ შორის იყო:

„მონობას არასოდეს ერქმევა მშვიდობა!“

„ქართველი რუსს ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოდა, ებრძვის და ასე იბრძოლებს!“

  • ჯიბეში – ქვა

რეზო კიკნაძის წინააღმდეგ ორი საქმეა:

მას ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით, თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად ის წინასწარ პატიმრობაშია.
და, ასევე, ედავებიან 25 ნოემბრის საპროტესტო მანიფესტაციის დროს ქვის ტარებას. ადმინისტრაციული საქმე 174-ე პრიმა მუხლით არის აღძრული და ითვალისწინებს 5000 ლარამდე ფულად ჯარიმას.

რეზო კიკნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ციხე „პატრიოტობის გამო“ მიუსაჯეს.

რეზო კიკნაძე 6 დეკემბერს, დილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი მიუთითებს მის საქმეში არსებულ არაერთ დარღვევაზე დაკავების დროსაც და შემდეგაც.

ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ რეზოს და იმავე დანაშაულში სხვა ბრალდებულებს ერთმანეთი სასამართლო სხდომამდე თვალით არ უნახავთ და ყველამ ერთმანეთი სასამართლო პროცესზე გაიცნო.

საქმეში წერია, რომ რეზო კიკნაძე ლისის ტბაზე დააკავეს. თუმცა თავად რეზო ამბობს, რომ ის მეტრო „უნივერსიტეტთან“ აიყვანეს და ლისის ტბისკენ მერე წაიყვანეს.

რეზოს დედა მაია ლეკიშვილი იხსენებს, რომ როგორც წინა დღეებში, 5 დეკემბერსაც, დილას რეზო აქციიდან სახლში, რუსთავში დაბრუნდა. დაისვენა და საღამოს ისევ უკან თბილისში წავიდა. დედამ იცოდა, რომ შვილი მთელი ღამით აპირებდა აქციაზე დარჩენას და შინ მეორე დილით დაბრუნდებოდა. დილის 10 საათისკენ დედას შეატყობინა კიდეც, რომ მეტრო „უნივერსიტეტთან“ იყო – სახლისკენ გზაზე.

„11 დაიწყო, აღარ მწერდა და რომ აღარ შემეხმიანა, დავრეკე. ჩემი შვილი უხეშად არასდროს მპასუხობდა, არასდროს. ვუთხარი, „დედა, ვნერვიულობ-მეთქი, სადა ხარ, არ მოდიხარ”? „აქ აღარ დარეკოო”, – მითხრა ვიღაცამ და გამითიშა. რას წარმოვიდგენდი, სხვა რომ იქნებოდა…“, – მაია ლეკიშვილი იხსენებს, რომ რეზოს დაკავება პოლიციამ შეატყობინა საღამოს და სახლში დაბრუნებულს პოლიციის თანამშრომლებით სავსე დახვდა ეზო.

კიკნაძის საქმეში არის მოწმე, მეტროს თანამშრომელი ქალი, რომელიც ადასტურებს, რომ რეზო მეტრო „უნივერსიტეტში“ დააკავეს. ვიდეოჩანაწერში, რომელიც „ტვ პირველმა“ გაავრცელა, ქალი ამბობს, რომ ბიჭი სალარომდე არ იყო მისული, როცა მას ორმა პირმა მოკიდა ხელი და იქვე, მეტროსადგურში მდებარე პოლიციის ოთახში შეიყვანა. ადვოკატი ამბობს, რომ არიან სხვა მოწმეებიც, რომლებიც რეზო კიკნაძის მეტრო „უნივერსიტეტში” დაკავებას ადასტურებენ.
თუმცა, ელგუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების გამო განადგურდა კამერების ჩანაწერები:

„კამერების ჩანაწერებზე რომ ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, როგორც მეტროს ჩანაწერებზე, ასევე 112-ის ჩანაწერებზე. არსებობს 112-ის კამერები, რომელიც 30 დღე ინახება, თუმცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ ამოიღო კადრები, ამის გამო 30-დღიანი ვადა გავიდა და ჩანაწერები განადგურდა. ამ კადრებით დასტურდებოდა, რომ ცკპდ-ს (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის) თანამშრომლებმა რეზო კიკნაძე წაიყვანეს ლისზე. …სისტემურად ხდება რევაზ კიკნაძის მიმართ საქმის გაყალბება და შეკერვა; სისტემურად, ყველა უწყების მხრიდან”, – განმარტავს ადვოკატი.

ე.წ. სამართალდამცავები, ვინც რეზო ლისზე წაიყვანა, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ ეღიარებინა, რომ აქციებზე პოლიტიკოსების: ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის დავალებით მოქმედებდა, რის სანაცვლოდაც იღებდა თანხას. რეზო კიკნაძემ არ აღიარა.

„აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად“, – წერდა რევაზ კიკნაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში.

„ჩემი შვილი არის ძალიან ურყევი და ტყუილს არ იტყოდა. არ თქვა ტყუილი, ვერ გატეხეს ჩემი შვილი. ისეთი ზეწოლის ქვეშ იყო იქ. ჯერ ხო 6 საათი შეკრული ჰქონია ხელები და საპირფარეშოშიც არ აძლევდნენ გასვლის უფლებას. ტყუილი რომ ვერ ათქმევინეს, უფრო გადაეკიდნენ”, – ამბობს რეზოს დედა მაია ლეკიშვილი.

ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ჰყვება, რომ რეზო კიკნაძეს ბრალი ისე წაუყენეს, ადვოკატს საქმის მასალები არ მიაწოდეს. მხოლოდ ბრალის წარდგენის შემდეგ გადასცეს დამტვრეულ დისკზე ჩაწერილი მასალები.

  • ვინ არის რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მონაწილეობდა აქციებში.

„ევროპულ ქვეყანაში უნდოდა ცხოვრება და არ უნდოდა რუსეთი. მას მხოლოდ სამშობლოზე შესტკიოდა გული”, – ამბობს რეზოს დედა.

2025 წლის 7 იანვარს რეზო ციხეში გახდა 27 წლის. დაკავებამდე ის კომპანია „ევოლუშენში” მუშაობდა და მშობლებთან, მაია ლეკიშვილთან და ილია კიკნაძესთან ერთად რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთ რვასართულიან კორპუსში ცხოვრობდა.

სახლი მოკრძალებულია, ძველი შპალერით და ავეჯით. სასტუმრო ოთახში მაგიდაზე რეზოს კომპიუტერი დგას. მაია ლეკიშვილი გვიამბობს, რომ აქ უყურებდა რეზო ფილმებს, კითხულობდა წიგნებს და შემდეგ ამ წიგნებს მეგობრებთან ერთად განიხილავდა.

რეზოს ოთახში კედელზეა გაკრული საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი ფოტო. „რეზო რეალი“ – ასე იცნობენ მას მეგობრები, რადგან ბავშვობიდან მადრიდის საფეხბურთო კლუბის, „რეალის“ გულშემატკივარია.

რეზოს დედა შვილის სიგელებს გვათვალიერებინებს: პირველი ადგილი მათემატიკაში, ინგლისურში, კიკბოქსინგში. დედა ურჩევდა ხოლმე საზღვარგარეთ სწავლას, ცხოვრების იქ აწყობას, თუმცა რეზოს პასუხი არ იცვლებოდა: „დედა, იქ რა მინდა. ვერცერთ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ, მე ჩემი საქართველოს გარეშე ყოფნა არ შემიძლიაო”.

სკოლის დამთავრების შემდეგ რეზო ჯერ ბიზნესს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 50-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსებით, თუმცა 2 წლის შემდეგ მიხვდა, რომ ბიზნესი მისი საქმე არ იყო და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აირჩია.

„8-9 წლის იქნებოდა, როდესაც სხვადასხვა ისტორიას იგონებდა, ბლოკნოტში იწერდა და თავად აფორმებდა. „რეზო კიკნაძე – გამოიცემა 2006-2007 წლიდან” – ასე აქვს გაფორმებული ერთ-ერთი ბლოკნოტი”, – ჰყვება რეზოს დედა.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 70-პროცენტიანი გრანტით კი ჩააბარა, მაგრამ რადგან მანამდე უკვე იღებდა დაფინანსებას, სწავლა მეორედ აღარ დაუფინანსეს. ამიტომ მეორე კურსზე, როდესაც პანდემია დაიწყო, იძულებული გახდა, ფინანსური პრობლემების გამო, სწავლა შეეწყვიტა.

„ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, ჩემი მშობლებია… შევხვდებით 4 წელში (ან უფრო ნაკლებში). იმედია, ოდესმე სამართალი იზეიმებს. და თუ არ იზეიმებს, არა უშავს, მაინც ბევრად უფრო კარგად გრძნობ თავს, როცა სიმართლის მხარეს დგახარ. გთხოვთ, არ შეწყვიტოთ ბრძოლა!

…პ.პ.ს. როცა გამოვალ, ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი და იქ დავდგები, სადაც ყოველთვის ვიდექი — ანუ ხალხის და ჭეშმარიტების მხარეს“, – წერს რეზო მეგობრებს.

ჯგუფური ძალადობის საქმეში რეზო კიკნაძესთან ერთად კიდევ ათი ადამიანია: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.

___________________

სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალურ გამოცემაში – „სინდისის პატიმრები“. გაზეთში დაბეჭდილ სტატიებზე მუშაობდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები.

 

12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვის – „ოცნება“ კანონში ცვლილებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს, 10 მარტს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიას წარუდგინა. მდინარაძის თქმით, ცვლილებები გამკაცრების მიმართულებით შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და  ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებს. „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებით, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. მამუკა მდინარაძის თქმით, მათ მიერ მომზადებული ცვლილებით:
  • ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
  • ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
  • 2025 წლის პირველი ივნისიდან, იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, აზიანებს გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები, მათთან ერთად, საპარლამენტო ფსევდოოპოზიციაცაა.

დაიბზარა და ჩამოინგრა შენობა, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 1.7 მილიონი დაიხარჯა – ვიდეო

ქობულეთში, დაბა ჩაქვში, რაგბის სტადიონის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა ჩამოინგრა – დაიბზარა კედლები, დაზიანებულია სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო გაყვანილობა.  სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 1 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შემსყიდველს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – „პროექტების მართვის კომპანიას“ – უკვე ჩაბარებული აქვს.

ეს ტენდერის ღირებულების 40 პროცენტია. ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მშენებარე შენობის ჩამონგრეული ნაწილი
დაზიანებული სავენტილაციო სისტემა
ფოტო: გურამ მურვანიძე

ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისა და შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიამ“ 2022 წელს გამოაცხადა. 4 მილიონ 310 553 ლარის ღირებულების სამუშაოებზე ხელშეკრულება შპს „გლობალ სტანდარტმშენთან“ გააფორმეს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავს ჩაქვში, 15 058 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონის მოწყობასა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას.

 

რენდერი ტექნიკური დოკუმენტიდან

ამ შენობის კარკასი უკვე აშენებულია, თუმცა ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ ის ხელახლა ასაშენებელი იქნება – შენობის ნაწილი ჩანგრეულია, კედლები კი დაბზარულია.  არ ვიცით, რა ვითარებაა სტადიონზე, რადგან ის თოვლით არის დაფარული.

ფოტო: გურამ მურვანიძე

 

შენობის დაზიანება სავარაუდოდ თოვლს დაჰბრალდება, თუმცა საინტერესოა, რას იტყვიან ექსპერტები, რადგან აქ მხოლოდ ჩამოვარდნილი სახურავი არ დაგვხვედრია: კედლები ზოგ შემთხვევაში ისეა დაბზარული, რომ ბზარებიდან კედლის უკანა მხარის დანახვას შეძლებთ.

 

ჩაქვის რაგბის სტადიონის მშენებარე შენობა

 

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ შენობაში უნდა მოაწყონ კაბინეტები, სავარჯიშო ოთახები, საჯარო სივრცეები, სასადილო, სველი წერტილები და სხვა, შენობის საერთო ფართობი 895 კვ.მეტრი უნდა იყოს. საერთო კონსტრუქციული სიმაღლე საერთო კონსტრუქციული სიმაღლე კი 5.85 მეტრი.

დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შემოწმებას „ზაისი და კომპანია“ აწარმოებს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც ნაგებობები ადგილზე შეამოწმა, 2022 სექტემბერ-დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოები შეაფასა, როგორც  პროეტთან შესაბამისი. კომპანიამ შესრულებული სამუშაოები  შეაფასა, როგორც ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი 2023 წელსაც.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა, დავით ნოზაძემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა – „ამ საკითხზე დამკვეთს მიმართეთო“. რაც შეეხება სამუშაოების შეჩერებას, გვითხრა, რომ ჯერ შენობას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

„არ არის პრობლემა, ყველაფერი გამოსწორდება“ – გვითხრა ბაქარ ჩიტაიამ. ის დამკვეთის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიას“ ხელმძღვანელობს.

„განახლდება მალე ობიექტზე მშენებლობა, სტიქია იყო იცით რეგიონში და გარკვეული პრობლემები ყველგან შექმნა. სტადიონზეც და ყველგან, მაგრამ გამოსწორდება ყველაფერი, არ არი პრობლემა. აქ ჩვეულებრივი მუშა პროცესია, ვიცით რაც არის, ვმუშაობდით მაგ ნაწილში.

ჯერ არ არის დასრულებული მშენებლობა ობიექტზე, არის მიმდინარე პროცესი ჩვეულებრივი და მიღებული გვაქვს ზარალი, უბრალოდ, სტიქიიდან გამომდინარე. კარგად მოგეხსენებათ რა ნალექი მოვიდა რეგიონში და გურიაშიც. გარკვეული პრობლემები შექმნა ყველა ობიექტზე, გამოსწორდება. დაწყებულია უკვე მაგაზე სამუშაოები“.

  • შპს „გლობალ სტანდარტმშენის“ გამოცდილება

2021 წელს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ „გლობალ სტანდარტმშენს“ დაუკვეთა დაბა შუახევის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 2 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

ეს კომპანია მუშაობდა თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოებზე, ხელშეკრულება 2 მილიონ 600 000 ლარზე მეტის ღირებულების სამუშაოებს ითვალისწინებდა. კომპანიას მოგებული აქვს ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის 5 მილიონიანი ტენდერი და ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაციის 2 მილიონიანი ტენდერი.

YouTube video player

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მარტის 21 საათიდან 12 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ღამით და დილით – ზოგან ნისლი.

სინოპტიკოსების ცნობით, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 13 და 14 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

დღეს, 11 მარტს, გაზის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ გაზის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიაა.

„სოფელ ცეცხლაურთან დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი მილი, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საკუთრებაშია. უკვე ადგილზეა სამუშაო ჯგუფი და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

ვვარაუდობთ რომ ხვალ, 12 მარტის დილიდან დავიწყებთ გაზის მიწოდების აღდგენას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია სოკარში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 887 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 10 303 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 21 423 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 24 346 ერთეული [+75]
  • MLRS – 1 313 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 801 ერთეული [+198]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 205 ერთეული [+134]
  • სპეცტექნიკა – 3 775 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 657 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 46 270 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 119 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 425 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 696 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, სხვა მსახიობების რიგია“ – ბიულეტენზე მყოფ მსახიობი გაათავისუფლეს

„ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე და მსახიობ თორნიკე ბარამიძის გათავისუფლების ბრძანებას აქვეყნებს.

ბრძანების მიხედვით, თორნიკე ბარამიძის გათავისუფლების მიზეზი „სპექტაკლებსა და რეპეტიციებზე გამოუცხადებლობა“ გახდა, რის გამოც თეატრი 10 მარტიდან მასთან 2025 წლის 13 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

„მე უფრო ვწუხვარ იმაზე, რაც ჩვენს სახელმწიფოში ხდება, ვიღაც ჩემზე მეტად გამოხატავს ამას, ზოგი დაჭერილია მართლა არაფრის გამო, ისინი არიან საბრალონი, ვიდრე მე,“ – გვითხრა თეატრიდან გათავისუფლებულმა მსახიობმა. მას იურისტებთან კონსულტაცია ჯერ არ გაუვლია და უჭირს იმის თქმა, რამდენად კანონიერია მასთან კონტრაქტის გაუქმება, ან რამდენად შეიძლება ეს უკავშირდებოდეს მის მიერ ღიად დაფიქსირებულ პროევროპულ პოზიციას.

თორნიკე ბარამიძე ბათუმის დრამატული თეატრის დასის საერთო პროტესტის მონაწილე მას შემდეგ გახდა, როცა „ოცნების“ პრემიერმა ევროინტეგრაციის კურსის შეწყვეტის შესახებ ღიად განაცხადა.

მსახიობი გვიყვება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქუთაისში 2025 წლის თებერვალში წავიდა და 23 თებერვლიდან ბიულეტენი გახსნა.

„ქუთაისი ჩემი ქალაქია დ აქ წამოვედი, ბიულეტენი გავხსენი, რომელიც ჯერ არ დამიხურავს, ამ დრომდე გრძელდება მკურნალობა… 25-ში მქონდა რეპეტიცია, 27-შიც ვერ მივედი თეატრში, თუმცა თოვის გამო რეპეტიციაც არ ჩატარებულა,“ – გვიყვება თორნიკე ბარამიძე. – „თეატრს ვაცნობე ჩემი ჯანმრთელობის შესახებ და სამხატვრო ხელმძღვანელს [ნუკრი ქანთარია] ჰქონდა ეს ინფორმაცია, თუმცა მე შესაბამისი ფურცელი წარდგენილი არ მქონია. ალბათ გაუჩნდათ ეჭვები და მე წარმოვადგენ დოკუმენტს,“ – უთხრა თორნიკე ბარამიძემ „ბათუმელებს“.

სთხოვა თუ არა მსახიობს თეატრის ადმინისტრაციამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის წარდგენა? – თორნიკე ბარამიძე ამბობს, რომ მისთვის ეს არ უთქვამთ.

თორნიკე ბარამიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი ირაკლი დევაძე და სამხატვრო ხელმძღვანელი, ნუკრი ქანთარია აწერენ ხელს. ნუკრი ქანთარია სამხატვრო ხელმძღვანელობამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო პარლამენტში.

უკავშირდება ხელშეკრულების შეწყვეტა მსახიობის პროევროპულ პროტესტს? – ნუკრი ქანთარიამ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ირაკლი დევაძემ კი გვითხრა, რომ არასამუშაო საათებში კითხვას ვერ უპასუხებს.

„არ ვიცი დარწმუნებით ეს პროტესტს უკავშირდება თუ არა,“ – დასძინა თორნიკე ბარამიძემ. – „როცა ყველა გარეთ იყო და ახლაც გრძელდება პროტესტი, მე ვიყავი ამ პროტესტის ნაწილი, როცა ერი რაღაცაზე წუხს, ერის ნაწილი ვარ მეც.“

მსახიობ ტიტე კომახიძისთვის კი ეს ამბავი იმის მთქმელია, რომ „რეპრესიების“ რიგში სხვა მსახიობები არიან. „ფეისბუქში“ მსახიობი ტიტე კომახიძე წერს:

„დღეს მსახიობ თორნიკე ბარამიძეს შეუწყვიტეს ხელშეკრულება მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო ფურცელი [ბიულეტენი] აქვს გახსნილი. ხვალ კიდე ვიცი სხვა მსახიობის რიგია, მალე ჩემიც. კი ბატონო, ასე იყოს. როგორც თქვენ გადაწყვეტთ თეატრის ვაი ხელმძღვანელობა. დრო ყველაფერს დაალაგებს. ოქროს ვერ დაგპირდებით და ყავისფერი ასოებით კი ჩაეწერებით თეატრის ისტორიაში. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“.

თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო პლაკატები დაცვამ ჩამოხია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გაფიცული სტუდენტების საპროტესტო პლაკატები დღეს, 10 მარტს, უნივერსიტეტის დაცვამ ჩამოხია სტუდენტების წინააღმდეგობის მიუხედავად.

პლაკატებზე ეწერა: „რუსული დე ფაქტო მთავრობის მშვიდობა“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ და ილიას ფრაზა – „თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყოველსა“.

ასევე – „ბრძოლა თავდადებისთვის ჩვენი ვალია“, „ერის გათახსირება, პირქვე დამხობა და გაწყალება იწყება მაშინ, როდესაც თავის ისტორიას ივიწყებს“, „ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი“.

როგორც გაფიცულმა სტუდენტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, გუშინ გვიან ღამით ჩამოხსნეს დიდი ბანერი – „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“.

დღეს კი სხვა პლაკატებიც წაიღეს.

„დაცვამ რეალური სახე გამოაჩინა. თქვენ თვითონ შეაფასეთ, როგორი საქციელია და იმსახურებს თუ არა ეს ადამიანი თსუ-ს დაცვის უფროსის წოდებას.

გამოხატვის თავისუფლებას ხელი შეუშალეს: ტატო სუჯაშვილმა, გიორგი პავლიაშვილმა და გიორგი თავაძემ. რა თქმა უნდა, დანარჩენ დაცვებსაც არ გამოუჩენიათ სიტუაციის განეიტრალების ინიციატივა, მაგრამ ზემოხსენებული 3 პიროვნება გამოირჩეოდა აქტიურობით“, – წერს „თავისუფალი აუდიტორია“, რომელმაც დაცვის სამსახურის მიერ პლაკატების ჩამოხსნის ვიდეო გადაიღო.

„არაფერს არ გაგაკვრევინებთ“, – ეუბნება დაცვის სამსახურის წარმომადგენელი სტუდენტს, რომელიც ეკითხება, რატომ ჩამოხსნეს საპროტესტო შინაარსის პლაკატები.

„ეს არის თქვენი ადამიანობა, ძალმომრეობაზეა ყველაფერი? ჩემი ნივთები დამიბრუნებთ… 30 ჩამოხსნით, 50-ს ჩამოვკიდებთ“, – უპასუხეს სტუდენტებმა დაცვას.

თსუ-ში 16 სტუდენტი 57-ე დღეა პროტესტის ნიშნად გაფიცულია. სტუდენტები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო:

მურუსიძე გადაწყვეტს, რომელი მოსამართლე [ვერ]ასწავლის სამართალს უნივერსიტეტში

რომელი მოსამართლე რომელ უნივერსიტეტში ჩაატარებს ლექციას – ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს, თუ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს. კანონპროექტის პირველი მოსმენით უკვე მიღებულია 2025 წლის 4 მარტს.

ამ დრომდე მოქმედი კანონით, თავად მოსამართლე წყვეტდა, რომელ უნივერსიტეტში ჩაატარებდა ლექციებს. ლევან მურუსიძის იუსტიციციის საბჭოს უფლებამოსილება ამჯერად ამ მიმართულებითაც იზრდება.

„გასცემს თანხმობას მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებასთან, აგრეთვე, მოსამართლის მიერ სხვა სარგებლის [გარდა კანონმდებლობით აკრძალული სარგებლისა] მიღებასთან დაკავშირებით“, – კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ ამ ჩანაწერის დამატებას აპირებს ანტიკონსტიტუციური პარლამენტი.

ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლში შედის. ეს მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას განსაზღვრავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„კანონპროექტის მიღება განპირობებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო დეტალურად რეგულირდება სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცედურა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების და ხელისუფლების განმახორციელებელი პირების მიერ,“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამ კანონპროექტის ავტორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია.

მთავარი ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, რომელიც სასამართლო კლანის ყველაზე გავლენიან ფიგურად სახელდება საქართველოში.

ამ თემაზე:

მურუსიძის მანევრი – რატომ მობრუნდა მოსამართლე კლანის ლიდერად?

12 მარტს თბილისში „აჭარის მარში” გაიმართება

12 მარტს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, აჭარლები საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ თბილისში. შეკრების ადგილი მარჯანიშვილის მოედანია.

მოქალაქეები ითხოვენ „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები“.

„ჩვენ, აჭარელი მოსახლეობა, არ ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმს, რომელმაც უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, აწამა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, უდანაშაულო ადამიანები ციხეში გამოამწყვდია და ყოველდღიურად აგრძელებს პროტესტის ჩახშობას მუქარებით, დაჭერებით, ჯარიმების გამოწერებით თუ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

სწორედ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, 12 მარტს, თბილისში მცხოვრები აჭარელი მოსახლეობა მარჯანიშვილის მოედანზე შევიკრიბებით და პარლამენტისკენ მსვლელობას გავმართავთ.

ჩვენ ვუერთდებით ქართველი ხალხის მოთხოვნებს: გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

ერთად გავაგონოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას რეგიონების ხმა!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში, ფეისბუქზე.

„ჯიპიაის“ კონფერენცია – „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“

  • ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ ბათუმში  კონფერენცია გამართეს, რომლის სახელწოდება იყო „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“. კონფერენციას გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ და სპიკერებთან ერთად დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს სექტორში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

კონფერენციის მთავარი თემა სატრანსპორტო ინდუსტრიის სიახლეები, რეგულაციები და საკანონმდებლო ცვლილებები იყო. სპიკერებმა ვრცლად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე დგას ინდუსტრია. განხილული იყო ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ახალი შესაძლებლობები გადამზიდავებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი, კი იყო დაზღვევა, როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ხელს უწყობს ფინანსური რისკების შემცირებაში.

კონსტანტინე მანჯგალაძე , ჯიპიაი ჰოლდინგის ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე : ჩვენთვის საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა გადამზიდავებთან – გაგვეცნო მათთვის ჩვენი კომპანია და პროდუქტები. ამ მემორანდუმის საშუალებით ასოციაციის წევრ გადამზიდავებს ვთავაზობთ დაზღვევას უნიკალური პირობებით და კიდევ უამრავ ბენეფიტს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად.

 ერთადერთი მექანიზმი , რომელიც სატრანსპორტო კომპანიებს ფინანსურ ზარალს ააცილებს, დაზღვევაა.მთავარი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო გადამზიდავთა პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა, რადგან დღეს ეს პრობლემა ყველაზე მეტად აფერხებს სექტორს. იმისთვის, რომ ტვრთი სრულად დაზღვეული იყოს უშუალოდ ტვირთის და კონტეინერის დაზღვევასთან ერთად, აუცილებელია დაზღვეული იყოს იმ გადამზიდავის პასუხისმგებლობაც, რომელსაც ის გადააქვს. ეს დაზღვევა ეხმარება გადამზიდავებს კლიენტების მოძიებაშიც, რადგან დიდი კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელიანია, საქმე დაიჭიროს ისეთ გადამზიდავთან, რომელიც ზრუნავს საოპერაციო რისკებზე და ლოგისტიკას უპრობლემოდ მიხედავს და შესაბამისად, ითხოვენ სრულყოფილ ფინანსურ გარანტიებს. ჩვენ მზად ვართ მოვემსახუროთ ასოციაციის წევრ გადამზიდავებს და დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. „

ირაკლი ნემსაძე, საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციის პრეზიდენტი: გადამზიდავებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა შედგა. მსგავსი ღონისძიებებით გვინდა გავზარდოთ დაზღვევის კულტურა გადამზიდ კომპანიებში, იმისთვის რომ უმრავლესობა, როგორც მინიმუმ გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევას ფლობდეს. შესაბამისად სთავაზობდეს თავის დამკვეთს რისკებისაგან დაცულ სერვისს, აქედან გამომდინარე კი მიიღოს მაღალფასიანი დაკვეთები და გაიუმჯობესოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. შეხვედრაზე არაერთ მათთვის საინტერესო საკითხს შევეხეთ. ვისაუბრეთ გადაზიდვების სფეროში არსებულ ახალ რეგულაციებზე და იმ გამოწვევებზე, რაც გადამზიდავების წინაშე ყოველდღიურად დგას.“

ღონისძიების დასასრულს „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის პირობები საშუალებას მისცემს ასოციაციის წევრ გადამზიდავ კომპანიებს, ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით და სხვა ბენეფიტებით, რომლებიც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიები სთავაზობენ ასოციაციის წევრ გადამზიდავებს .

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მსგავსი კონფერენცია უკვე მესამედ გამართა. კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს გადაზიდვების სექტორს და უზრუნველყოს მისი მდგრადი განვითარება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

გამქრალი ადამიანები – დოკუმენტური ფილმი

2023 წლის 16 ივლისს ხელვაჩაურში ხემდი მალაყმაძე დაკრძალეს. ოჯახმა ხემდის ნეშტის დაკრძალვა დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ შეძლო. ხემდი მალაყმაძე იყო ერთი მათგანი იმ ათასობით ადამიანიდან, რომელიც სტალინურმა რეპრესიებმა გააქრო.

ეს ფილმი არის სტალინის მიერ შექმნილ რეპრესიულ სისტემაზე, რომელმაც იმსხვერპლა ათასობით უდანაშაულო ადამიანი. მსხვერპლთა უმრავლესობა რეაბილიტირდა იოსებ ჯუღაშვილის, იგივე სტალინის სიკვდილის შემდეგ.

გამქრალი ადამიანები

ამავე თემაზე:

სტალინმა არ იცოდა? – რა როლი ჰქონდა ტირანს 1937-38 წლების რეპრესიებში

სტატიები სტალინური რეპრესიების შესახებ:

1. როგორ მოვკლათ სტალინი – ინტერვიუ
2. რელიგიის სააგენტო საბჭოთა KGB-ს პოლიტიკის კლონია, ანუ როცა სტალინი ისევ ცოცხალია – ინტერვიუ
3. როდის შეწყვიტა სტალინმა რელიგიის გაქრობის პოლიტიკა და როგორ გაჩნდა წითელი სამღვდელოება – ინტერვიუ

მოსამართლე სახელაშვილი უვადოდ დანიშნეს, მან მზია ამაღლობელი ყალბი ოქმის საფუძველზე დააპატიმრა

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით 2022 წლის 10 მარტიდან გაამწესეს. გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე მოსამართლე უვადოდ უნდა დანიშნონ ან გაათავისუფლონ.

ამ მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავრეკეთ. სასამართლოს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შეკითხვას – გამწესდა თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილი უვადოდ – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უპასუხოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო ტელეფონზე სამუშაო საათებში ასევე ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არავინ გვიპასუხა.

პრესსამსახური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თვეებია აღარ ჰყავს.

ნინო სახელაშვილი რომ უვადოდ გამწესებულია, აჩვენებს სასამართლო სხდომების ჩამონათვალი – ნინო სახელაშვილი დღეს, 10 მარტს, 6 პროცესს ჩაატარებს, შემდეგ სასამართლო სხდომას –  19 მარტს.

ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, თუმცა მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გაიმართა. ახალდანიშნულმა მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.

  • რა ხდება?

ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

პაემნებზე უარი ბრალდებულებს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდებულებს საქართველოში ისევ არ ექნებათ ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის უფლება. მოქმედი კანონმდებლობით პატიმრებს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლება აქვთ.

ამ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს 2021 წელს მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლება „გამოძიების ინტერესებს“ ხელს უშლის:

„ბრალდებულის კონტაქტი ოჯახსა და ახლობლებთან ხანგრძლივი და ვიდეოპაემნების უფლების გამორიცხვით იზღუდება იმის გამო, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ გამოძიების ინტერესებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე, რაც წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საჭიროებას.

ბრალდებულისთვის, მისი ოჯახის წევრებთან დაწესებულების წარმომადგენლების მეთვალყურეობის გარეშე პირდაპირი და უშუალო კონტაქტის – ხანგრძლივი პაემნის გზით – შესაძლებლობის მინიჭებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას გამოძიების ინტერესებს და, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, რაც ასახულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არ იმყოფებოდნენ არსებითად ერთგვაროვან ვითარებაში, რადგან ხანგრძლივი პაემანი, როგორც ოჯახთან კავშირის ერთ-ერთი საშუალება, არის არა პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტი, არამედ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დაწესებულებაში მოთავსებულ პირთათვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც, სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი რისკისა და ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად ენიჭება მსჯავრდებულს.

„სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ვიდეო პაემნის, როგორც ოჯახთან კავშირის შენარჩუნების დამატებითი საშუალებით სარგებლობისას, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის რისკების არსებობის ფაქტზეც. მართალია, მოსარჩელის აზრით, ამგვარი რისკები შესაძლოა არსებობდეს სატელეფონო საუბრის დროსაც ინფორმაციის გაცვლის სახით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, ვიდეო პაემნის გამართვის პროცესში მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რამდენად მარტივად არის შესაძლებელი თუნდაც სხეულის ენით გამოძიების ინტერესების დაზიანება, რაც, თავისთავად, ხელს შეუშლის მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას.

გარდა ამისა, ვიდეო პაემანი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ვიდეოპაემნის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ვინაიდან სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, ვიდეო პაემნის მიმდინარეობისას, განახორციელოს აუდიო კონტროლი ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, ცალსახად იზრდება ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის ალბათობაც,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდიდა განსხვავებით დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისგან, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების ვიდეოპაემნის უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობას.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამგვარი საკანონმდებლო რეგულაციები არაპროპორციულად ზღუდავდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებებს.

ამ ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობასთან მიმართებით თეორიულად თანაბარი ინტერესის მიუხედავად, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ვერ იქნებიან მიჩნეულნი, როგორც არსებითად თანასწორები, რომელთა მიმართაც ერთგვაროვანი მოპყრობა უფრო გამართლებული იქნებოდა, ვიდრე გაუმართლებელი.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან კომუნიკაციას ვიდეო პაემნის მეშვეობით, მათ შორის, ისაუბრა იმის ალბათობაზე, რომ ვიდეოპაემანი მათი მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას არალეგიტიმური მიზნით.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ [მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი თევდორაშვილი] სახალხო დამცველს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა 2025 წლის 7 მარტს.

Exit mobile version