ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდება მუზეუმთან მოქმედი კერამიკული სტუდია-სახელოსნოს პროდუქციის პრეზენტაცია და გივი ნახუცრიშვილის ფოტო-გამოფენა. მუზეუმში შესვლა და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ბათუმის მერია შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციას დააფინანსებს
დაბა ურეკში 55, კურორტ ბორჯომში 25, ხოლო კურორტ ახტალაში 15 შშმ პირი [თითოეული თითო თანმხლებთან ერთად] გაემგზავრება. მათ ტრანსპორტირებასა და კვებას ტენდერში გამარჯვებული უზრუნველყოფს. მერიის მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია. რაც შეეხება პრეტენდენტებს, ტენდერში მხოლოდ ერთი შპს „თოლია“ მონაწილეობდა, რომლის შეთავაზება აღნიშნული მომსახურებისთვის 106 ათას 287 ლარია. სწორედ ამ თანხაზე ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი ბათუმის მერიასაც.
ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში, შემსყიდველთან შეთანხმებით, ეტაპობრივად.
გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს: შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო სარეაბილიტაციო მომსახურება ზღვის კურორტზე, დაბა ურეკში, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე სასტუმროში ან სანატორიუმში 15 დღის განმავლობაში 2 ნაკადად, (პირველი ნაკადი 28 შშმ პირი და 28 თანმხლები პირი, მე-2 ნაკადი 27 შშმ პირი და 27 თანმხლები პირი);
საცხოვრებელი ნომრები, ორადგილიანი;
ბენეფიციარებისა და მათი თანმხლები პირების პირველადი სამედიცინო დახმარე- ბა; სამკურნალო მასაჟებისა და სამკურნალო ფიზკულტურის 15 სეანსი (უფასოდ) მხოლოდ ბენეფიციარებისათვის;
ბენეფიციარების და მათი თანმხლები პირების სამჯერადი სრულფასოვანი კვება წარმოდგენილი მენიუს შესაბამისად (ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შე- უძლია წარმოადგინოს უკეთესი მენიუ და შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაცი- ასთან);
ბენეფიციარების და მათი თანმხლები პირების ტრანსპორტირება ქ. ბათუმიდან და- ბა ურეკში და დაბა ურეკიდან ქ. ბათუმში.
ფაქტობრივად ანალოგიური პირობებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი შშმ პირები ბორჯომსა და ახტალაში. განსხვავება ის იქნება, რომ ბორჯომში არ იქნება სამკურნალო სეანსი, ხოლო ახტალაში იქნება ტალახის აბაზანები.
ხულოს გამგებლის მოადგილე: გზა რამდენიმე საათში აღდგება

„განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მდინარე, რომელც თხილვანაში ჩამოედინება, ყოველ გაწვიმებაზე იცვლის კალაპოტს. ახლა მუშაობს ერთი ტრაქტორი და გზა აღდგება. დამატებით საგზაო დეპარტამენტი ჩართავს ტექნიკას, თუ ეს საჭირო იქნება. 100-მეტრიან მონაკვეთზეა გზა აღსადგენი. ახალი არაფერია, გუშინ დიდი ნიაღვარი იყო“, – უხრა „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში ლაშა ბოლქვაძემ.
გამგებლის მოადგილის თქმით, გამგეობაში არ აქვთ ინფორმაცია, მდინარის მიერ საყანე ნაკვეთების მიტაცების შესახებ. „გამგებლის წარმომადგენლები გვყავს სოფლებში. თუ ასეთი რამ მართლა მოხდა, აუცილებლად გაგვაგებინებენ. თუ ვინმეს ყანა წაიღო მდინარემ, განცხადება უნდა დაწერონ, რის შემდეგაც სპეციალური კომისია შეიქმნება და საკითხს შეისწავლის“, – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.
დღეს, 18 მაისს, „ბათუმელებს“ სოფელ თხილვანადან აცნობეს მოქალაქეებმა, რომ ადიდებულმა მდინარემ ოთხი სოფლის ხიდი (ქვედა და ზედა თხილვანა, ბაკო და მთისუბანი), ასევე რამდენიმე ოჯახის საყანე ნაკვეთები წაიღო. აქ მცხოვრები რესპონდენტის თქმით, მდინარე გარკვეულ საფრთხეს საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის, ადგილზე კი ერთადერთი ტრაქტორი მუშაობს.
ხვალ ჩაქვში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 87 მოჭადრაკე საერთაშორისო წოდების მქონეა, 10მონაწილე კი _ ვაჟთა შორის უმაღლესი საერთაშორისო დიდოსტატის ტიტულის მფლობელი. მონაწილეთა შორის არიან მსოფლიოს ორი ექსჩემპიონი პირად პირველობაში – ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა და უკრაინელიანა უშენინა. საქართველოდან მონაწილეობენ გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები: ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე და ნინო ბაციაშვილი. ჩემპიონატი სასტუმრო “ოაზისში” (Oazis Palace Chakvi) ჩატარდება. პირველი რაუნდი 19 მაისს, 15 საათზე გაიმართება. ჩემპიონატი 31 მაისს დასრულდება.
15 წლის მანძილზე ქართველი ქალი მოჭადრაკეების საუკეთესო შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე:
2000 წელი, ბათუმი – მაია ჩიბურდანიძე, III ადგილი;
2001 წელი, ვ არშავა _ ქეთევან არახამია, III ადგილი;
2013 წელი, ბელგრადი _ სალომე მელია, II ადგილი;
2014 წელი, პლავდოვი _ სალომე მელია, III ადგილი.
ენმ-ი ბათუმში პოლიციას „მიშა მაგარიას“ ასმენინებს [ვიდეო]
ხულოში ადიდებულმა მდინარემ სოფლის ხიდები წაიღო
სოფელ თხილვანას მაცხოვრებელი ნინა გუნდაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადიდებული მდინარე საფრთხეს საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის.
„ამ დროისთვის სოფელში მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობს, თუმცა ვერ უმკლავდება ნიაღვარს. მდინარე გუშინ ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დააზიანა ყანები და ნათესები. წყალმა ჩემი ყანის ნახევარიც წაიღო. დაწყებულია მეწყერული პროცესები“, – ამბობს ის.
რესპონდენტის თქმით, ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში არ გამოჩენილან.

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონი“ გაიხსნა

„ჰილტონი“ ბათუმში ამოქმედების დღიდან 600 ადამიანს დაასაქმებს. სასტუმროს მენეჯმენტმა თანამშრომლები უკვე შეარჩია. 23-სართულიანი სასტუმროს სულ 247 ნომერი აქვს.
სასტუმროში იფუნქციონირებს 2 საკონფერენციო დარბაზი, 2 – რესტორანი, 2 – აუზი. სასტუმროში იმუშავებს კაზინო „ავსტრია“.
ენმ-ი ბათუმში პრემიერის მიერ სასტუმრო „ჰილტონის“ გახსნას აპროტესტებს

ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, ენმ-ის ახალგაზრდულ ორგანიზაციას პოლიცია არ აძლევს შესაძლებლობას 150 მეტრის რადიუსში მიუახლოვდნენ სასტუმრო „ჰილტონს“, სადაც ცერემონიალია დაგეგმილი. ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, მისი რამდენიმე თანაპარტიელი პოლიციამ დააკავა და მთავარი სამმართველოს შენობაში ჰყავთ გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები 173-ე მუხლის საფუძველზე (პალიციის კანონიერი მოთხოვნილებისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები.
„ბათუმელების“ კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები სასტუმრო „ჰილტონის“ წინ, მოპირდაპირე მხარეს დგანან ტრანსფარანტებით.
სასტუმროში იფუნქციონირებს 2 საკონფერენციო დარბაზი, 2 – რესტორანი, 2 – აუზი. სასტუმროში იმუშავებს კაზინო „ავსტრია“.
დღეს, სასტუმრო „ჰილტონის“ გახსნის ცერემონიალს ესწრება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის ჯერჯერობით სასტუმროში არ მისულა. „ჰილტონის“ მშენებლობა წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო.
ბელეტაჟის მფლობელები ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან

ეთერ და ნათელა მანელიშვილები ვაჟა-ფშაველას ქუჩის #14 ა-ში ცხოვრობენ, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებულ ბათუმურ ბელეტაჟში. ბოლო ოთხი წელია საპატრულო პოლიციას აქ ხშირად იძახებენ. მას შემდეგ, რაც მათი სახლის გვერდით კორპუსის მშენებლობა დაიწყო, დები ამბობენ, რომ მათი პრობლემები არ სრულდება.
„როცა მოვიდნენ და მითხრეს, სახლს ვაშენებთო, ვუთხარი, დაიცავით კანონი და სასაზღვრო კედელი დატოვეთ-მეთქი. ადგილი, რაც ჰქონდათ სახლის ასაშენებლად, 17 მეტრი იყო დაახლოებით და პროექტი იყო 19 მეტრსა და 20 სანტიმეტრზე. ადგნენ და ჩემ ხარჯზე გააკეთეს პროექტი, მიიტაცეს ჩვენი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში იმდენი მატერიალური, მორალური ზიანი მოგვაყენეს, თავს რომ ვეღარ ვიცავდით, საპატრულო პოლიციაში ვრეკავდით. აღარ მახსოვს უკვე ამ ხნის მანძილზე რამდენჯერ გამოვიძახეთ პატრული“, – ამბობს ეთერ მანელიშვილი.
სამშენებლო სამუშაოებს მანელიშვილების სახლის გვერდით კომპანია „დიეს ჯგუფი“ ასრულებს. მანელიშვილები ამბობენ, რომ გასულ კვირას კომპანიამ მშენებარე სახლის კედელზე, რომელიც მათ ეზოშია, ხარაჩოების მიმაგრება გადაწყვიტა, მათი თანხმობის გარეშე.
„ხარაჩოები ააშენეს გამყოფ კედელზე. დაცვის პოლიცია მოგვიგზავნეს, ეზოს კარი გაგვიღეთო, იძახდნენ. მათი იურისტი ეუბნებოდა მუშებს, კარი გაგვიღეთ, მე ვარ „ატვიჩაიო“. როგორ შემოვლენ მუშები ჩემს ეზოში? გამოვიძახე პატრული და მათ შეაჩერეს. უთხრეს, ეს კერძო საკუთრებაა და სასამართლოს ნებართვის გარეშე კენჭის ჩაგდების უფლება არ გაქვთო“, – ყვება ნათელა მანელიშვილი.
ამირან ცეცხლაძე, კომპანია „დიეს ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, კომპანია იძულებული ხდება სასამართლოს მიმართოს: „ყველა გზა ვცადეთ, მოლაპარაკება, კომპენსაცია შევთავაზეთ, ვთხოვეთ, შევეშვით ეზოში რამდენიმე საათით, რომ განვათავსოთ ხარაჩო კედლის შესაღებად, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი არიან. წავალთ სასამართლოში, სხვა გზა ჩვენ არ გვექნება. ბინები გაყიდული გვაქვს, ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ სახლი ექსპლუატაციაში შევიყვანოთ. ფასადი უნდა მოპირკეთდეს, სხვაგვარად სახლს მერიაში ვერ წარვადგენთ“. იგი უარყოფს, რომ კომპანიამ მანელიშვილების მიწის ნაკვეთი მიითვისა.
მანელიშვილები ამბობენ, რომ მიწის თაობაზე, რომელიც მათი თქმით, სამშენებლო კომპანიამ მიისაკუთრა, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, რადგან საქმის მსვლელობისთვის საქმის ღირებულების სამი პროცენტი წინასწარ უნდა დაიფაროს, მათ კი ამის საშუალება არ აქვთ. მანელიშვილები ამბობენ, რომ კომპანიისგან არც კომპენსაცია არ მიუღიათ.
„ღამის ოთხ საათზე მიდიოდა მუშაობა, ბულდოზერებით. გამინადგურეს ხეები ეზოში, მიწა საერთოდ გამოაცალეს ეზოს, პატრულის დახმარებით ვაიძულეთ, რომ დაეყარათ მიწა. ბათუმის საკრებულოს დადგენილებაც არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ წაგვართვეს მიწის ნაკვეთი და შევიწროვებული ვართ. ვიბრძვით რაც შეგვიძლია. რატომ არ შეიძლება ჩემს სახლში მშვიდად ვიცხოვრო? მათ ტერიტორიაზე რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ მე ნუ მეხებიან“, – ამბობს ეთერ მანელიშვილი.
დები იმ სტერეოტიპებზეც ყვებიან, რასაც მუდმივად აწყდებიან, განსაკუთრებით საკუთრების უფლებებისათვის ბრძოლაში. „კაცი არ გყავთ?! – ეს შეკითხვა მესმის ხშირად. რას ნიშნავს ეს, მე დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, მაქვს იმდენი განათლება და საკუთარი თავის, შესაძლებლობების რწმენა, რომ თავი დავიცვა. თუ დაინახეს, რომ ქალები არიან, თვლიან, რომ ადვილად შეიძლება მოტყუება. მე არავის დაცვა არ მჭირდება, მთავარია კანონმა დამიცვას, ამისთვის არ არის აუცილებელი კაცი იყო“, – ამბობს ნათელა მანელიშვილი.
ბელეტაჟი, სადაც მანელიშვილები ცხოვრობენ, ეთერისა და ნათელას მშობლების აგებულია. მაშინ, როცა ქალაქის ცენტრში კერძო სახლების მეპატრონეები სიხარულით ხვდებიან და ხშირად მენაშენეს თავადაც კი ეძებენ, მანელიშვილები ამბობენ, რომ სახლის გაყიდვაზე არასოდეს უფიქრიათ. „1953 წელს დაასრულა მამაჩემმა, შაქრო მანელიშვილმა ამ სახლის მშენებლობა. „სახლის ასაშენებლად ქვას რომ ვდებდი, ვამბობდი – ეს ქვა ნათელას, ეს – ეთერისო“, – ასე მიყვებოდა მამა. ოთახები მისი ხელითაა შელესილი, უსწორმასწოროა. რემონტი რომ გავაკეთე, მითხრეს, ჩამოვფხიკავთო და არ ჩამოვაფხეკინე, ასე მირჩევნია, ძვირფასია ჩემთვის. ჩვეულებრივად, ბათუმის შესაფერისად ვცხოვრობთ, რატომ უნდა ვიფიქროთ გაყიდვაზე“, – ამბობს ეთერ მანელიშვილი.
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ბელეტაჟის პატარა ეზოს ახლა მაღალსართულიანი სახლის ყრუ კედელი ჩრდილავს. მანელიშვილები ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების გამო ხეხილი განადგურდა, ეზოში აღარ დგას არც ნეკერჩხალი, არც იპონური ჯიშის ვაშლის ხე და არც ვარდები ყვავიან. თუმცა გადარჩა კაკლის ხე, რომელიც ეზოში თავისით ამოსულა, მაღალსართულიანი სახლის კედელთან კი, დებმა ყვავილები და ატმის ხეები დარგეს.
ბავშვით ხელში ყოველი დღე საზღვარზე
ასმათ სამხარაძე 20 წელია ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. „როცა ოჯახი შევქმენი, ჩემს მეუღლესთან ერთად ათას დოლარად ბინა დავიგირავე და იქ გადავედით. რვა წლის განმავლობაში შვილი არ შემეძინა. შემდეგ გამიჩნდა მარიამი, რომელიც, როგორც ექიმებმა მითხრეს, სრულიად ჯანმრთელი იყო. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბავშვს შიდა ქალის წნევა ჰქონია და მესამე აცრის შემდეგ ბავშვს დამბლა განუვითარდა“.
ასმათ სამხარაძე ამბობს, რომ ბავშვს არაბუნებრივი მოძრაობები აცრის შემდეგ შეამჩნია და ექიმს გამოკვლევა სთხოვა: „ექიმს ვუთხარი, რომ შიდა ქალის წნევა შეემოწმებინა, რაზეც ექიმმა მიპასუხა – შენ თვითონ გაქვს წნევა, ბავშვი თავისებურად თამაშობსო. ბავშვს ნერვიული სისტემა დაუზიანდა და ფეხზე ვეღარ დგება“.
ასმათი ამბობს, რომ შვილის მდგომარეობა ძალიან განიცადა მისმა მეუღლემ. „გულს უჩიოდა, შვილის გამოც ინერვიულა და აპრილში გარდაიცვალა. გარკვეული თანხა მქონდა შვილის სამკურნალოდ შეგროვებული, მაგრამ ამ თანხით მეუღლე დავკრძალე“.
„ჩემს დარდს ახალი პრობლემა დაემატა. ქმარი დაკრძალული არ მყავდა, გარაჟის მეპატრონემ გამომიცხადა, ადგილი უნდა დამიცალო, გაქირავება მინდაო. ეს გარაჟი ჩემი შვილის ნათლიას ჰქონდა გირაოში აღებული, მაგრამ არ სარგებლობდა. მე და ჩემს მეუღლეს ბინის ქირის გადახდა რომ აღარ შეგვეძლო, დაგვითმო და აი, ამ ბნელ და ნესტიან ავტოფარეხში გვიწევდა ცხოვრება. ახლა კი ამას დავტოვებ და არ ვიცი, სად წავალ. ჩემი მწირი შემოსავალით როგორ ვირჩინო თავი“.
ასმათ სამხარაძემ სოციალური დახმარების თხოვნით სახელმწიფოს მიმართა: „წინა წელს დამინიშნეს, მაგრამ მალევე შემიჩერეს, რატომ არ ვიცი. მერე ისევ მივმართე და აღმიდგინეს, მაგრამ ახლა მეუღლე რომ გარდაიცვალა, კორექტირება სანამ არ შევა მონაცემებში, მანამდე ვერ მიიღებთო. ამ კორექტირებას კი სამი თვე სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვე, იქნებ მარჩენალდაკარგულის პენსია მაინც დაუნიშნოთ ჩემს შვილს-მეთქი, მაგრამ მითხრეს, რომ ჩემი შვილი პენსიას ისედაც იღებს. შშმ პირის დახმარებას იღებს – 100 ლარს. ეს საკმარისია?
ზამთარში ძალიან გამიჭირდა და მერიას შეშა ვთხოვე, იმაზეც უარი მივიღე, ქალაქში არ ხარ ჩაწერილიო. აი, ასე ვწვალობ ყოველ დღე. ისე გამიჭირდა, შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და ჩაქვამდე რამდენჯერმე უბილეთოდაც ვიმგზავრე“, – გვეუბნება ის.
ასმათს ბავშვით ხელში თითქმის ყოველ დღე უწევს ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში სიარული, იქ მარიამი მასაჟებზე დაჰყავს. სახელმწიფო მკურნალობის მხოლოდ ნაწილს აფინანსებს, რაც მშობლის თქმით, არასაკმარისია.
„ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს სისტემატური მკურნალობა სჭირდებათ, შედეგი რომ დადგეს. სახელმწიფო მხოლოდ ათდღიან კურსს აფინანსებს, რომელიც სამ თვეში ერთხელ უტარდებათ ბავშვებს. ეს საკმარისი არ არის. დანარჩენი მკურნალობის თანხა კი, მშობლებმა უნდა ვიშოვოთ“.
ასმათის თქმით, მარიამი აქტიური ბავშვია. ამოძრავებს ფეხებს და დედა დარწმუნებულია, რომ კარგი მკურნალობის შემთხვევაში, ის ფეხზე დადგომას შეძლებს.
„თურქეთში მინდა წავიყვანო გამოკვლევაზე, მაგრამ ორი ათასი დოლარი ჯდება. თუ ამაში ჯანდაცვის სამინისტრო დამეხმარება, კარგი იქნება. საქართველოში ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს გულგრილად უყურებენ. რა აზრი აქვს, რომ ვუმკურნალოთო, – ერთ მშობელს ასე უთხრა ექიმმა, მაგრამ იმ ბავშვმა გაიარა. ვიცი, რომ მარიამიც შეძლებს“.
ძეგლების პასპორტიზაცია – სარგებელი და რისკები

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მოთხოვნაც იყო და პირველადი განხილვის შემდეგ ბათუმის ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ნაწილში თანხის გაუთვალისწინებლობა საკრებულოს რამდენიმე წევრის შენიშვნებს შორისაც მოხვდა, 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ მიმართულების დასაფინანსებლად ერთი თეთრიც არ ჩაუწერიათ. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებიდან ოთხი თვის შემდეგ კი, სიტუაციის მოულოდნელმა ცვლილებამ შიში და ეჭვები გააჩინა.
„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ იმ ფონზე, რა ფორმითაც ეპყრობა ესა თუ ის დაინტერესებული ჯგუფი კულტურულ მემკვიდრეობას, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ამ პროცესს ძეგლების ნაწილი შეეწიროს. შეიძლება დაიდოს ისეთი დოკუმენტები, რაც ძეგლზე სტატუსის მოხსნის საფუძველი გახდება. კანონი ამბობს როდის ენიჭება ან ეხსნება ძეგლს სტატუსი, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად დაიცავენ ამ წესებს. საქართველოში იყო შემთხვევები, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სტატუსი არ ყოფილა მოხსნილი და ისე აუფეთქებიათ… მე მინახავს სპეციალისტების მიერ შედგენილი დოკუმენტი ერთსა და იმავე ძეგლზე, სადაც ერთი დოკუმენტი ამბობდა, რომ შენობა იმსახურებს ძეგლის სტატუსს, მეორე კი ამბობდა – არ იმსახურებს. აქედან გამომდინარე მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – ამბობს იურისტი სულხან სალაძე.
ძეგლების აღწერის აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს საზოგადოება `ბათომის~ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძეც. მისი თქმით, ძეგლების მიმართ ამ დრომდე არსებული დამოკიდებულება მას არ აძლევს მშვიდად ყოფნის საფუძველს. `ხელისუფლების ძალიან ბევრი ქმედება ძეგლებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ იყოს დაცული. თუ 2015 წლის ბათუმის ბიუჯეტში დღემდე ძეგლების დაცვა-რესტავრაციისთვის ნული თეთრი იყო, ახლა საიდან გაჩნდა ეს 100 000 ლარი?“ – სვამს კითხვას შოთა გუჯაბიძე. მისივე თქმით, აუცილებელია არსებულ ნუსხას პასპორტიზაციის შემდეგ არაფერი მოაკლდეს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის თქმით, ძეგლების რესტავრაციის დასაფინანსებლად მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა: „ვერ ვიტყვი, რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, სულ რაღაც ოცწუთიანი საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან სააგენტოს არ აქვს ამხელა ბიუჯეტი, მერიის ბიუჯეტში გამოინახა თანხა“.
100 000 ლარი, რომელიც ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის პასპორტიზაციისთვის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ გამოიყო, ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებული ეკონომიიდან გაითვალისწინეს.
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღრიცხვა-პასპორტიზაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას ბათუმის მერია რამდენიმე დღეში გეგმავს. ამ დროისთვის ბათუმის მერიის განვითარების ფონდი კომპანიის შესარჩევი კრიტერიუმების გაწერაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად მუშაობს. ხელმძღვანელების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, როგორც სტატუსმინიჭებული ძეგლების შესწავლა-აღრიცხვა-მოძიება, ასევე ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღრიცხვაც უნდა უზრუნველყოს.
„ამის შემდეგ პროგრამულად უნდა გვქონდეს ინფორმაცია, სად არის ძეგლი, რა მდგომარეობაშია, ვინ ცხოვრობს შენობაში, ვის მფლობელობაშია და ასე შემდეგ…“ – განმარტა ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ავთანდილ დარჩიამ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება, რაც შერჩეულმა კომპანიამ შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა მოუმზადოს, ძეგლებთან მიმართებაში ქალაქმშენებლობის განვითარების კონცეპტუალური გეგმაა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, უნდა დაიწეროს, თუ როგორ შეიძლება ქალაქმშენებლობითი პროცესების განვითარება ისე, რომ ძეგლების აღქმადობა არ დაირღვეს და ძეგლის ინტერესები არ დაზარალდეს: „გარდა ამისა, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ბაზის კლასიფიკაცია მოვახდინოთ. კონსტრუქციული ნაწილი დეტალურად შეფასდება. თუ რა მდგომარეობაშია ძეგლი ფიზიკურად – საძირკველი, კედლები, ამას კონსტრუქტორი ცალკე ბარათით შეაფასებს. ბაზის დადების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ძეგლები კატეგორიებად დავყოთ. ურისკო ძეგლები, რომელსაც ფიზიკური განადგურების საფრთხე არ ემუქრება, როგორიცაა, მაგალითად, თიბისი ბანკის შენობა და ძეგლები, რომლებიც განადგურების პირასაა. შემდეგ უკვე მივყვებით იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ძეგლის ფიზიკური რისკები. პირველ რიგში ყველაზე მძიმე კატეგორიას გამოვყოფთ. ერთიან მიდგომაზე ძალიან გაგვიჭირდება საუბარი, საჭიროა ინდივიდუალური გეგმების შემუშავება. შემდეგ უკვე განვიხილავთ, რამდენს დაძლევს ბიუჯეტი და სად შეიძლება დავაინტერესოთ კერძო სექტორი ძეგლის გადარჩენით“.
მირანდა ჩარკვიანის თქმით, ამ დროისთვის ბათუმში 270-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სააგენტოს ხელმძღვანელი ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს, რადგან 2006 წლის შემდეგ ძეგლების ნუსხაში ახალსტატუსმინიჭებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია აღარ დაუმატებიათ.
შესაძლებელია თუ არა ინვენტარიზაციის შემდეგ ძეგლების არსებულ ნუსხას გამოაკლდეს ან დაემატოს შენობები? – ამ კითხვას სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს: „შემცირდება თუ არა უკვე არსებული ნუსხა, წინასწარ ამის თქმა გამიჭირდება“.
არსებული კანონმდებლობით „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, ფიზიკური პირი ჯარიმდება 5000, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით. 2013-2014 წლებში საჯარიმო სანქცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში შემთხვევაში გამოიყენეს. 2015 წელს ძეგლზე ხელყოფა არ დაფიქსირებულა. მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ბოლოს ძეგლის სტატუსი (2014 წლის 21 ნოემბერს) ბათუმში ასათიანის ქ. 28-ში მდებარე ორსართულიან შენობას მიენიჭა.
უცხოენოვანი საგანმანათლებლო რესურსები ქართულად
საგანმანათლებლო რესურსების გაქართულება ძირითადად მოხალისეობრივ საწყისებზე ხდება. ნატალია საგინაშვილი პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტია. თავისი სამუშაოს პარალელურად ოთხ წელზე მეტია საიტზე – www.ted.com სხვადასხვა გამოსვლას თარგმნის.
„2010 წელს აღმოვაჩინე ეს საიტი. პირველი ვიდეო, რომელსაც ვუყურე, იყო საიმონ საინეკის „როგორ შთააგონებენ ნამდვილი ლიდერები მოქმედებისკენ“. იმდენად დიდი მოტივაცია და შთაგონება გამიჩინა ამ ვიდეომ, რომ გამიჩნდა სურვილი მეთარგმნა. იმ ვიდეოებს შორის, რომლებიც ვთარგმნე, გამოვყოფდი ინტერვიუს რიჩარდ ბრენსონთან „ცხოვრება 30 000 ფუტის სიმაღლეზე“. 30 წუთის ხანგრძლივობისაა და საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე. ვთარგმნიდი ენთუზიაზმზე. ჩემი სარგებელი ის იყო, რომ ვიყავი ძალიან მაგარი საზოგადოების წევრი და ყოველი ვიდეოს თარგმნის შემდეგ მქონდა განცდა, რომ უფრო კარგი ტიპი ვიყავი საკუთარი თავისთვის“, – ამბობს ნატალია საგინაშვილი.
ყველა ვიდეო, რომელიც www.ted.com-ზე ქართულადაა, მოხალისეების მიერაა ნათარგმნი.
ted-ი შთაგონების წყაროა. ვიდეოები მეხმარება, სხვა კუთხიდან შევხედო მოვლენებს, გავაღწიო ჩარჩოდან, განვავითარო საკუთარი თავი და შევიძინო ახალი ღირებულებები. ვიდეოებში, რომლებიც საიტზე იდება, არის ისეთი ღირებული ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაც კი შეცვალოს, მასში რაღაც ახალი გააღვიძოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს და გაიზიაროს იმ ადამიანთა იდეები და გამოცდილება, რომლებმაც მნიშვნელოვანი რაღაცები შექმნეს,“ – ამბობს ნატალია.
ნატალია მოხალისეობრივ თარგმანზე ამახვილებს ყურადღებას და ხსნის, თუ რატომ უნდა თარგმნო ენთუზიაზმზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გათავისებული, რომ რაღაცა სარგებელი შექმნას საზოგადოებისთვის. ტედის ყოველი ვიდეოს თარგმნა საზოგადოებისთვის სარგებელია. შეიძლება ადამიანის ცხოვრებაც კი შეცვალოს ერთმა ვიდეომ“.
საგანმანათლებლო ფონდი „Educare Georgia“ თავისი საქმიანობით ცდილობს მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის გახადოს ხელმისაწვდომი. საგანმანათლებლო პლატფორმა მსოფლიოში აღიარებული ხანის აკადემიის ვიდეოებს თარგმნის. ხანის აკადემია (khanacademy.org) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ონლაინსკოლაა, რომელსაც დაახლოებით 12 მილიონი მოსწავლე იყენებს. ონლაინპლატფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა სალმან ხანმა შექმნა, სალმანი ბოსტონში ცხოვრობდა, საიდანაც ახალ ორლეანში მცხოვრებ ბიძაშვილებს დისტანციურად ასწავლიდა. მან ვიდეოგაკვეთილები ჩაწერა და იუთუბზე ატვირთა. დღეისათვის ხანის აკადემიის იუთუბ არხზე 4 ათასზე მეტი ვიდეოა ატვირთული სხვადასხვა თემატიკაზე, იქნება ეს მათემატიკა, ეკონომიკა და ფინანსები, ხელოვნება თუ სოციალური მეცნიერება. ცალკეა ვებგვერდი: khanacademy.org-ი, რომელიც მულტიფუნქციურია და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
„ხანის აკადემია პირველ პროექტად იმიტომ ავირჩიეთ, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. მოსწავლეებს შეეძლებათ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ, მიიღონ ევროპული ტიპის განათლება. მოუსმინონ წამყვან მასწავლებლებს. ხანის აკადემიის შექმნა დაიწყო ვიდეოებით, მაგრამ ამჟამად აქვს ძლიერი ონლაინპლატფორმა, სადაც 100 ათასამდე მაგალითია განთავსებული. მოსწავლეს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ლექციაც მოისმინოს და მაგალითიც გააკეთოს. თუ რაღაც არ იცის, მაშინ ალგორითმი აძლევს მას უფრო მარტივ მაგალითს. ამ ვებგვერდზე თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავისი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარის მიხედვით მიიღოს განათლება. მაგალითის გაკეთების შემდეგ, მოსწავლე ეგრევე იღებს პასუხს სწორია თუ არა მის მიერ შესრულებული დავალება. მერე შეუძლია ნახოს თითოეულ მიმართულებაში, სად არის ძლიერი, სად აქვს სუსტი მხარეები, რა უნდა გამოასწოროს. პლატფორმაც ისეთ მაგალითებს აძლევს ავტომატურად, რომ სადაც სუსტია, სწორედ ის ნაწილი გააძლიეროს,“ – ამბობს საგანმანათლებლო ფონდ „Educare Georgia ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჯიბლაძე.
ფონდმა ხანის აკადემიის ვიდეოების თარგმნა მოხალისეებთან ერთად დაიწყო. სამომავლოდ დაგეგმილი აქვთ მთლიანად პლატფორმის თარგმნაც.
„თარგმნა დავიწყეთ მოხალისეობრივი პრინციპით, მინიმალური სამოტივაციო პაკეტი შევქმენით მთარგმნელებისთვის. მაგალითად, ონლაინკურსების დაფინანსება, ულიმიტო ინტერნეტი ტელეფონში ან აუდიოწიგნები. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში და ჩაერთნენ. ასევე მუშაობს გუნდი, რომელიც ამოწმებს ნათარგმნი ვიდეოების ხარისხს. ხანი რომ იყოს ქართულად, რაღაც მინიმუმი უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს მინიმუმი არის დაახლოებით 7 ათასი წუთი ვიდეომასალა სათარგმნი და მილიონ სამასი ათასი სიტყვა გადასათარგმნი ქართულად. ამიტომ მოხალისეობრივი პრინციპით ბოლომდე ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას. ვეძებთ დონორებს, რომლებიც ხანის აკადემიის ქართული ვერსიის მხარდამჭერები გახდებიან,“ – ამბობს გიორგი ჯიბლაძე.
კითხვაზე – თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ხანის აკადემიის თარგმნა, გიორგი ჯიბლაძე პასუხობს: „დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსწავლეა საქართველოში. მათგან 200 ათასს აქვს წვდომა ინტერნეტთან. პირველ რიგში, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხანის აკადემიია განკუთვნილია ყველასათვის, არ არის ვიწრო პროფილის. ძალიან დიდი მასშტაბი აქვს ქვეყნისთვის და, ვფიქრობთ, ნებისმიერ ბავშვს გამოადგება. ჩვენ ვარჩიეთ დიდი ენერგია დაგვეხარჯა, მაგრამ შედეგის მომტანი ყოფილიყო ნახევარი მილიონი ადამიანისთვის,“ – ამბობს გიორგი ჯიბლაძე.
„Educare Georgia ერთ-ერთი დამფუძნებელი მოხალისეობრივი თარგმნის აუცილებლობაზეც საუბრობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბავშვებმა უცხო ენა თუნდაც იმიტომ ისწავლონ, რომ ყველაფრის თარგმნა შეუძლებელია. პროექტი, რომლის განხორციელებაცა დაგეგმილი, სწორედ უცხო ენის ონლაინშესწავლას ეხება.
”ბათუმი” ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა [ვიდეო | ფოტო]

შსს ”აკადემიამ” ბათუმის ”ბათუმი” – 76:74 დაამარცხა და ფინალში გადავიდა
შეხვედრის პირველი ნახევარი დიდი უპირატესობით „ბათუმელები“ იგებდნენ მაგრამ, 10 წუთიანი შესვენების შემდეგ შსს აკადემიამ ანგარიში თავის სასარგებლოდ შეცვალა, შეხვედრა 2 ქულით მოუგო, და სუპერლიგის ფინალისტობა გაინაღდა.
ბათუმის „ბათუმი“ მესამე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
შეხვედრის შემდეგ გუნდის მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს:
დავით უსტიაშვილი, ბათუმის „ბათუმის“ მწვრთნელი: „ თამაშ კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბოლოს დაღლა დაგვეტყო, იყო მომენტი ბოლო წამზე ვისროლეთ სამქულიანი ჩაგდების შემთხვევაში ვიგებდით, სამწუხაროდ ვერ ჩავაგდეთ. კალათბურთია ხდება ყველაფერი. ბიჭებს მადლობა ბრძოლისთვის. ორ დღეში გავიგებთ ვის ვეთამაშებით და ვიბრძოლებთ მესამე ადგილისთვის“.
კონსტანტინე (კოტე) ტუღუში, შსს აკადემიის მწვრთნელი: „როგორც მოსალოდნელი იყო „ბათუმმა“ დიდი შემართებით დაიწყო ბრძოლა. დასაწყისში ყველაფერი გამოსდიოდა, იბრძოდნენ ბოლომდე. თამაშის განმავლობაში 23 ქულასაც კი ვაგებდით, მაგრამ მეორე ნახევარში ჩემმა გუნდმა მაქსიმალური მობილიზება მოახდინა, გამოვასწორეთ ყველა შეცდომა. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს ამ თავდადებული ბრძოლისთვი, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბათუმელ გულშემატკივარს, რომელმაც ორივე გუნდს სასწაული ატმოსფერო შეგვიქმნა, უმაღლესი დონის კალათბურთი რომ გვეთამაშა“.
საკალათბურთო კლუბი შსს-ს ”აკადემი”
საკალათბურთო კლუბი ბათუმის ”ბათუმი”

#7 ირაკლი მიქელაძე – ბათუმის ”ბათუმის” კალათბურთელი

#13 ბექა წივწივაძე – შსს-ს ”აკადემიის” კალათბურთელი
დავით უსტიაშვილი – საკალათბურთო კლუბ ბათუმის ”ბათუმის” მწვრთნელი

კოტე ტუღუში – საკალათბურთო კლუბ შსს ”აკადემიის” მწვრთნელი
კალათბურთის სუპერლიგის ნახევარფინალში ბათუმის ”ბათუმისა” და შსს ”აკადემიის” შეხვედრას პოლიციელებიც ესწრებოდნენ

პირველი ტაიმი – ”ბათუმი” 54:36 შსს აკადემია

მაკა კუპატაძე – მსაჯი

#10 გიორგი შარაბიძე – შსს აკადემიის კალათბურთელი

შსს ”აკადემიის” კალათბურთელი #13 ბექა წივწივაძე და მსაჯი მაკა კუპატაძე
#1 ბობ ჯინ იანგი

ბათუმის ”ბათუმი” 74:76 შსს აკადემია | საქართველოს კალათბურთის სუპერლიგა – ნახევარფინალი | 16 მაისი 2015

საქართველოს სკოლებში ნახევარ მილიონზე მეტი მოსწავლეა
ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის 553 994 მოსწავლე ირიცხება. აქედან აჭარის ტერიტორიაზე – 53 998. მათ შორის ქალაქ ბათუმში – 26 621, ქედაში – 2 424, ქობულეთში 10 966, შუახევში 2 534, ხელვაჩაურში – 7 289, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – 4 164 მოსწავლე.
იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებმაც მიატოვეს სწავლა 2014/2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ქვეყნის მასშტაბით 14 104 შეადგინა. აქედან 8 196 ბიჭი და 5 908 გოგო იყო.
ზემოაღნიშნული სტატისტიკა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.

სოფელ დარჩიძეების მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს
„ბათუმელები“ შუახევის გამგებლის მოადგილეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ბოლო დროს შიდა გზები წვიმებისა და მეწყრული პროცესების გამო დაზიანდა.
„მე დავუკავშირდი რწმუნებულებს, შევადგენთ გეგმა-გრაფიკს და შიდა გზებს მოვაწესრიგებთ. ცენტრალური გზების მოწესრიგება კი საგზაო დეპარტამენტს ევალებ“, – უთხრა გამგებლის მოადგილემ ავთანდილ დიასამიძემ „ბათუმელებს“.
„ბათუმელებს.“


დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 67 მილიონზე მეტი
2015 წლის 17 მაისის 17 საათისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდა სულ 429 582 ადამიანს. თანხა დაუბრუნდა 229 038 ადამიანს. დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. თანხა მოქალაქეებს ეტაპობრივად უბრუნდებათ.
ბრალდებული პოლიციას დაკავებიასას ცემაში ადანაშაულებს
ბრალდებულის ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით მას დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებმა მას შემდეგ მიაყენეს, როცა ის დააკავეს. დაკავებისას მას ერთ-ერთმა პოლიციელმა დედისა და ცოლ-შვილის მისამართით უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც საპასუხოდ ბრალდებულმაც შეაგინა. ამის შემდეგ პილიციის თანამშრომლებმა ბრალდებულს ცემის შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. დაზიანებები ბრალდებულს ვიზუალურადაც ემჩნევა. დაზიანებები მიყენებული აქვს მარჯვენა თვალის არეში, ტანსაცმელიც კი სისხლით დასვრილი. პოლიციელები ამბობენ, რომ რ.კ-მ ხელბორკილის დადების შემდეგ. თვითდაზიანებები თავად მიიყენა“, – ამბობს ადვოკატი.
აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მიზნით დღეს ბრალდებული საქალაქო სასამართლოში პირველად წარადგინეს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა -აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. წინასასამრთლო სხდომის დღედ კი 2015 წლის 30 ივნისი განსაზღვრა.
ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები სიმართლეს არ შეესაბამება.
სტაჟირება ბათუმის მუნიციპალიტეტში
პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის ვებგვერდზე: progress.org.ge და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
მონაწილეთა რეგისტრაცია გაგრძელდება 2015 წლის 11 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 29 მაისიდან ჩატარდება გასაუბრება, რის საფუძველზეც პროგრამაში მონაწილე 25 ბათუმელ ახალგაზრდას შეარჩევენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საზაფხულო სტაჟირების პროგრამის მიზანია საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობაში ბათუმელი ახალგაზრდების თანამონაწილეობა, მათი გამოცდილების, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისა და ადგილიობრივ დონეზე უკეთესი ჩართულობისათვის.
პროექტი ხელს უწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდებთან უკეთესი კომუნიკაციის, ურთიერთობისა და თანამშრომლობის დამყარებას, რაც თავის მხრივ, აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩართვას და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტიანობას.
პროგრამა 2013 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტში.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ სწავლობენ და მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, არამედ თავად შექმნიან 5 პროგრამას, რომელთაგან საუკეთესოს ბათუმის საკრებულო ხმათა უმრაველსობით გამოავლენს. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
შსს 2,6 მილიონი ლარის პიკაპებს შეიძენს
პიკაპები, რომელთა შეძენასაც შსს აპირებს, სატენდერო პირობების თანახმად, უნდა იყოს ექსპლუატაციაში არ მყოფი, ოთხკარიანი, დიზელზე [მინიმუმ ოთხცილინდრიანი], საჭე – მარცხნივ, თეთრი ფერის, უნდა ჰქონდეს გარანტია – 5 წელი [ან 150 000 კმ, რომელიც უფრო ადრე შესრულდება]; არანაკლებ 100 ც/ძ-ისა და არაუმეტეს 150 ც/ძ-ის სიმძლავრის.
ტენდერში გამარჯვებულმა 20 ერთეული პიკაპი სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა გადასცეს, ხოლო დარჩენილი 30 ერთეული – ეტაპობრივად, 2015 წლის პირველ დეკემბრამდე. სატენდერო წინადადებების მიღება 27 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება.

ძეგლების პასპორტიზაცია – სარგებელი და რისკები
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მოთხოვნაც იყო და პირველადი განხილვის შემდეგ ბათუმის ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ნაწილში თანხის გაუთვალისწინებლობა საკრებულოს რამდენიმე წევრის შენიშვნებს შორისაც მოხდა, 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ მიმართულების დასაფინანსებლად ერთი თეთრიც არ ჩაუწერიათ. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებიდან ოთხი თვის შემდეგ კი, სიტუაციის მოულოდნელმა ცვლილებამ შიში და ეჭვები გააჩინა.
„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ იმ ფონზე, რა ფორმითაც ეპყრობა ესა თუ ის ინტერესთა ჯგუფი კულტურულ მემკვიდრეობას, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ამ პროცესს ძეგლების ნაწილი შეეწიროს. შეიძლება დაიდოს ისეთი დოკუმენტები, რაც ძეგლზე სტატუსის მოხსნის საფუძველი გახდება. კანონი ამბობს როდის ენიჭება ან ეხსნება ძეგლს სტატუსი, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად დაიცავენ ამ წესებს. საქართველოში იყო შემთხვევები, როცა კულტურის ძეგლებზე სტატუსები არ ყოფილა მოხსნილი და ისე აუფეთქებიათ… მე მინახავს სპეციალისტების მიერ შედგენილი დოკუმენტი ერთსა და იმავე ძეგლზე, სადაც ერთი დოკუმენტი ამბობდა, რომ შენობა იმსახურებს ძეგლის სტატუსს, მეორე კი ამბობდა _ არ იმსახურებს. აქედან გამომდინარე მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. “ – ამბობს იურისტი სულხან სალაძე.
ძეგლების აღწერის აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძეც. მისი თქმით, ძეგლების მიმართ ამ დრომდე არსებული დამოკიდებულება მას არ აძლევს მშვიდად ყოფნის საფუძველს.
„ხელისუფლების ძალიან ბევრი ქმედება ძეგლებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ იყოს დაცული. თუ 2015 წლის ბათუმის ბიუჯეტში დღემდე ძეგლების დაცვა-რესტავრაციისთვის ნული თეთრი იყო, ახლა საიდან გაჩნდა ეს 100 000 ლარი?“ – სვამს კითხვას შოთა გუჯაბიძე. მისივე თქმით, მისი პირობაა არსებულ ნუსხას პასპორტიზაციის შემდეგ არაფერი მოაკლდეს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის თქმით, ძეგლების რესტავრაციის დასაფინანსებლად მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა: „ვერ ვიტყვი, რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, სულ რაღაც ოცწუთიანი საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან სააგენტოს არ აქვს ამხელა ბიუჯეტი, მერიის ბიუჯეტში გამოინახა თანხა.“
100 000 ლარი, რომელიც ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის პასპორტიზაციისთვის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ გამოიყო, ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებული ეკონომიიდან გაითვალისწინეს.
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღრიცხვა-პასპორტიზაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას ბათუმის მერია რამდენიმე დღეში გეგმავს. ამ დროისთვის ბათუმის მერიის განვითარების ფონდი კომპანიის შესარჩევი კრიტერიუმების გაწერაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად მუშაობს. ხელმძღვანელების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, როგორც სტატუსმინიჭებული ძეგლების შესწავლა-აღრიცხვა-მოძიება, ასევე ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღრიცხვაც უნდა უზრუნველყოს.
„ამის შემდეგ პროგრამულად უნდა გვქონდეს ინფორმაცია, სად არის ძეგლი, რა მდგომარეობაშია, ვინ ცხოვრობს შენობაში, ვის მფლობელობაშია და ასე შემდეგ…“ -განმარტა ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ავთანდილ დარჩიამ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება, რაც შერჩეულმა კომპანიამ შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა მოუმზადოს, ძეგლებთან მიმართებაში ქალაქმშენებლობის განვითარების კონცეპტუალური გეგმაა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, უნდა დაიწეროს, თუ როგორ შეიძლება ქალაქმშენებლობითი პროცესების განვითარება ისე, რომ ძეგლების აღქმადობა არ დაირღვეს და ძეგლის ინტერესები არ დაზარალდეს: „გარდა ამისა, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ბაზის კლასიფიკაცია მოვახდინოთ. კონსტრუქციული ნაწილი დეტალურად შეფასდება. თუ რა მდგომარეობაშია ძეგლი ფიზიკურად – საძირკველი, კედლები, ამას კონსტრუქტორი ცალკე ბარათით შეაფასებს. ბაზის დადების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ძეგლები კატეგორიებად დავყოთ. ურისკო ძეგლები, რომელსაც ფიზიკური განადგურების საფრთხე არ ემუქრება, როგორიცაა, მაგალითად, თიბისი ბანკის შენობა და ძეგლები, რომლებიც განადგურების პირასაა. შემდეგ უკვე მივყვებით იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ძეგლის ფიზიკური რისკები. პირველ რიგში ყველაზე მძიმე კატეგორიას გამოვყოფთ. ერთიან მიდგომაზე ძალიან გაგვიჭირდება საუბარი, საჭიროა ინდივიდუალური გეგმების შემუშავება. შემდეგ უკვე განვიხილავთ, რამდენს დაძლევს ბიუჯეტი და სად შეიძლება დავაინტერესოთ კერძო სექტორი ძეგლის გადარჩენით.“
მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში 270-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სააგენტოს ხელმძღვანელი ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს, რადგან 2006 წლის შემდეგ ძეგლების ნუსხაში ახალსტატუსმინიჭებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია აღარ დაუმატებიათ.
შესაძლებელია თუ არა ინვენტარიზაციის შემდეგ ძეგლების არსებულ ნუსხას გამოაკლდეს ან დაემატოს შენობები? – ამ კითხვას სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს: „შემცირდება თუ არა უკვე არსებული ნუსხა, წინასწარ ამის თქმა გამიჭირდება.“
არსებული კანონმდებლობით „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, ფიზიკური პირი ჯარიმდება 5000, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით. 2013-2014 წლებში საჯარიმო ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სანქცია რვა შემთხვევაში გამოიყენეს. 2015 წელს ძეგლზე ხელყოფა არ დაფიქსირებულა. მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ბოლოს ძეგლის სტატუსი (2014 წლის 21 ნოემბერს) ბათუმში ასათიანის ქ. 28-ში მდებარე ორსართულიან შენობას მიენიჭა.

ბათუმის მერია სარეკლამო რგოლის მომზადებას გეგმავს
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს 60 – 120 წამიანი ვიდორგოლი, რომელშიც მერიის მიერ ბოლო რვა თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ქრონომეტრაჟი იქნება წარმოდგენილი.
ამ სამუშაოს შესრულებისთვის მერია ტენდერში გამარჯვებულს 1500 ლარს გადაუხდის.
ტენდერი 2015 წლის 5 მაისს გამოაცხადეს და 15 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ელეტრონულ ვაჭრობაზე ერთი პრეტენდენტიც არ დარეგისტრირდა რის გამოც ტენდერი არ შედგა. სავარაუდოდ ტენდერს მერია განმეორებით გამოაცხადებს.
უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი გაიზრდება
ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ამ დრომდე კაკო ძნელაძე ხელმძღვანელობდა, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი უხელმძღვანელებს, მასთან ერთად ფრაქციაში სვეტლანა კუდბა და ავთანდილ ბერიძე შედიან.
კოალიციის კიდევ ერთ ფრაქციას – „ქართული ოცნება – აჭარა“ ირაკლი ჯაში ხელმძღვანელობს, ფრაქციაში შედიან: გიორგი მასალკინი და დავით ბაციკაძე.
ახალ ფრაქციას „ დემოკრატიული აჭარა“ სულხან ღლონტი უხელმძღვანელებს, ამ ფრაქციაში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე შედიან.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უმაღლეს საბჭოში ორი ფრაქცია აქვს, ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც რობერტ ჩხაიძე ხელმძღვანელობს და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“, რომელსაც ირაკლი ბარამიძე ხელმძღვანელობს.
კონკრეტულად რამდენით გაიზრდება უმაღლესი საბჭოსთვის საჭირო დაფინანსება ახალი ფრაქციების შექმნის გამო, დაზუსტებულ ციფრს უმაღლეს საბჭოში ვერ ასახელებენ.
ამ დროისთვის უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერისა და აგრარული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობებია ვაკანტური.
საუკუნის წინანდელი სარეკლამო დოკუმენტები

საარქივო სამმართველოს ინფორმაციით, პირველ ფოტოზე გამოსახულია საუკუნეზე მეტი ხნის დოკუმენტი, რომელიც 1909 წელს ბათუმში მდებარე ბორმანის მაღაზიის რეკლამაა.
დოკუმენტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში მოხსენიებულია მარინის (დღევანდელი, მემედ აბაშიძის) გამზირზე მდებარე ეკლესია (სავარაუდოდ, წმინდა მიხეილ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც მდებარეობდა გამზირის დასაწყისში).
მეორე დოკუმენტი თარიღდება 1916 წლით. სარეკლამო ფურცელზე ჩამოწერილია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ამ კონკრეტულ სახელოსნოს შეუძლია. იქვე წერია ფასების შესახებაც.
ბათუმელი მოსწავლეები ინეტელექტუალურ თამაშებში ვიცე-ჩემპიონები გახდნენ
„ შესაძლებელი იყო ეს გუნდი ჩემპიონიც გამხადრიყო, მაგრამ ბოლო შეკითხვამ სხვაგვარად გადაწყვიტა ჩემპიაონის ბედი. ერთი ქულით წავაგეთ. ამ შეჯიბრებას ქვია ინტელექტის დღე, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართა. “ – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ინტელექტკლუბის წარმომადგენელმა დიმა დარჩიამ.
გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტმა საჩუქრად „ქინდლები“ და 700 ლარიანი ვაუჩერები გადაცა. ამ ვაუჩერს გამარჯვებულები სასწავლებელში მოხვედრის შემთხვევაში გამიყენებენ.
ბათუმის ბულვარში კომერციული საქმიანობის უფლებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ელექტრონული აუქციონები გამოცხადდება შემდეგ სახეობებზე, რომლებიც შემდგომში განთავსდება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე:
- ბატი-ბუტის აპარატი
- სიმინდის აპარატი
- სუვენირების დახლი
- გასართობი აპარატი
- გასართობი ატრაქციონი
- სასეირნო ველოსიპედი (რიგშა)
- სასეირნო ეტლი (პონი)
- ელექტრომობილი
- ჩამოსასხმელი ლუდის კასრი
- ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი)
- ნაყინის დახლმაცივარი (ასაწონი)
- ბამბის ნაყინი
- ტირი
- ფოტოჯიხური
- სათვალის დახლი
- 5D ატრაქციონი
- სასწორი
- საინფორმაციო დახლი
- ბურახის კასრი
- ბატიბუტი
- ლიტერატურული კუთხე
- საპირფარეშო
- სეგვეი
- ტენისის, ბილიარდის მაგიდა
- საპლაჟო ინფრასტრუქტურა
- გართობისა და კვების ობიექტი
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ www.eauction.ge -ზე, სადაც სსიპ „ბათუმის ბულვარი“ ელექტრონულ აუქციონებს გამოცხადებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოქლაქეებს შეუძლიათ მიმართონ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს: მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსს, დავით გამრეკელაშვილს. ტელ: 595 10 99 88; 0422 27 88 08
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ალექსანდრე ჩიტიშვილს ტკივილი დაუამეს
ბატონო ჯემალ, როგორც ვიცით, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთ ფრაქციაში გაერთიანდით. რა გეგმები გაქვთ, პარტიაში შესვლასაც გეგმავთ?
დიახ, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია შევქმენით ორმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ და მე, როგორც უპარტიო, დამოუკიდებელმა დეპუტატმა. „დემოკრატიული აჭარა“ – ასე ჰქვია ფრაქციას. ეს არის უფრო ტექნიკური ფრაქცია, გამომდინარე იქედან, რომ მე დამოუკიდებელი ვარ და არც ერთ პარტიაში არა ვარ გაწევრიანებული.
ჯერჯერობით ჩემი ამ პარტიაში შესვლის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. შევთანხმდით, რომ აქტიურად ჩავრთულიყავით უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებში და გაგვეძლიერებინა ოპოზიციური ფრთა. დანარჩენი ყველაფერი წინ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უმაღლეს საბჭოში და საერთოდ ქვეყანაში.
კიდევ ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. როგორ აფასებთ ახალ გადაადგილებებს უმაღლეს საბჭოში?
უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შემდეგ „ოცნებამ“ დაკარგა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თანამდებობები ვაკანტური იყო. მინდა გითხრათ, რომ ვიცე-სპიკერთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და ვიცე-სპიკერი არჩეულია, მაგრამ რატომღაც მმართველი უმრავლესობა ამას არ აღიარებს. ვფიქრობ, ეს საკითხი კიდევ დადგება დღის წესრიგში და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ.
რაც შეეხება საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, ოპოზიციას არ გვყავდა ჩვენი კანდიდატურა. ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა კი უარს ამბობდა ამ ვაკანსიის შევსებაზე. ამდენად ჩვენ თვითონ გამოვხატეთ კეთილი ნება. სხვაგვარად ვერ შეაგროვებდა „ქართული ოცნება“ 11 ხმას. ჩვენ გვინდა უმართავი არ გახდეს უმაღლეს საბჭოში პროცესები, ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლობა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მათ მიერ წამოყენებულ კანდიდატურას, ანზორ თხილაიშვილს. ის ჩვენთვისაც მისაღები კანდიდატურა იყო.
უმაღლესი საბჭო თანამდებობების ასპარეზად არის გადაქცეული. უფრო მნიშვნელოვანია თუ ვინ მოიპოვებს თანამდებობას, ვინ მოიპოვებს შეღავათებს. ახლა უთანამდებობოდ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ყოფილი ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე. მე ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნების“ ამ თანამდებობის პირებს თავიანთი თანამდებობა ხალხის სამსახურისთვის გამოეყენებინათ და არა მარტო პირადი კეთილდღეობისთვის.
რამდენადაც ვიცი, არც მაილო ჯაშსა და სვეტლანა კუდბას აქვთ თანამდებობები…
მაილო ჯაში ფრაქციის თავმჯდომარეა და არც სვეტლანა კუდბა დატოვეს თანამდებობის გარეშე – ის ფრაციის თავმჯდომარის მოადგილეა და ასევე მოადგილის თანამდებობა უკავია ჩემს კომისიაში.
რაც შეეხება ბატონი ჩიტიშვილის თანამდებობაზე არჩევას ფრაქციის თავმჯდომარედ, ეს იყო ტრაგი-კომიკური სიტუაცია. ბატონი ალექსანდრესთვის გარკვეული დამსახურება რომ დაეფასებინათ, რაც მას აქვს „ქართული ოცნების“ წინაშე და ის ტკივილი, რომ განექარვებინათ, რაც მას მიადგა კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების დროს, სწრაფად მოხდა გადაჯგუფება ფრაქციაში. შექმნეს ახალი ფრაქცია, რომელსაც არავითარი ღირებულება, არავითარი განსხვავებული პლატფორმა ქართული ოცნებისაგან არ გააჩნია და მოსახლეობა ამას დაინახავს. ეს ყველაფერი შექმნილი იყო თანამდებობის მისაღებად.
ამბობენ, რომ იმ კომპანიებს, რომლების დამფუძნებლადაც ფიქსირდებით, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ პრობლემები შეექმნა. ეს სიმართლეა?
ამას ვერ დავადასტურებ. ასეთი არაფერი ვიცი, თუ რამე გამომეპარა, გადავამოწმებ.
“ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა ევროდირექტივებს ეწინააღმდეგება
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს „ენერგო-პრო-ეი-ეს“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას. იგი ერთდროულად ფლობს როგორც განაწილების, აგრეთვე წარმოების ლიცენზიებს. საქართველოში მის საკუთრებაშია გამანაწილებელი ქსელი და 16 ელექტროსადგური. სემეკის ინფორმაციით, ეს ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, განაწილების სისტემის ოპერატორის საქმიანობა გამიჯნული უნდა იყოს მიწოდებისა და წარმოების საქმიანობისგან.
სემეკში ასევე აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის გაუმიჯნაობა დისტრიბუციის საქმიანობისგან, გამორიცხავს ბაზარზე ალტერნატიული მიმწოდებლების გაჩენას. აქედან გამომდინარე, განაწილების ლიცენზიანტების სამოქმედო არეალში მიწოდების ბაზარი მონოპოლურია და ექსკლუზიურ მიმწოდებელს თავად განაწილების ლიცენზიატები წარმოადგენენ“.
2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, შეუსაბამოს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის ნორმატიული აქტები ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციებსა და დირექტივებს.
ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა მიზნად ისახავს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების შესახებ საერთო წესების შემოღებას. მასში ასევე მოცემულია დებულებები მომხმარებელთა უფლებების, ქსელზე მესამე მხარის დაშვების, კონკურენციის შესახებ, ასევე რეგულირებადი და კონკურენტული სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნის მოთხოვნა, რომელიც ეხება ბუნებრივი მონოპოლიისა (საქსელო საქმიანობა) და გენერაცია-მიწოდების, როგორც კონკურენტული საქმიანობების, ერთმანეთისგან გამიჯვნას.

ასოცირების შეთანხმება, ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. ამ შეთანხმებით საქართველო ვალდებულია, ელექტროენერგეტიკულ სექტორში კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციებისა და დირექტივების მოთხოვნებთან.
ეს დირექტივები საქართველომ უნდა შეასრულოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ მიუერთდება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან 2016 წლამდე, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი წლის განმავლობაში.
სემეკში აცხადებენ, რომ ამჟამად საკანონმდებლო ბაზა ამ კუთხით ძალზე სუსტია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი როგორც საკანონმდებლო, ისე მოსახლეობის დონეზე.
„ევროდირექტივა ენერგეტიკული სექტორის შიდა ბაზრის შესახებ ნიშნავს, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ბაზარი. ძირითადი პრინციპებია – კონკურენცია, არადისკრიმინაციულობა, ანუ ყველა მოთამაშე ბაზრის უნდა იყოს ერთნაირ პირობებში, ქსელში თავისუფალი დაშვება, უსაფრთხო მიწოდება მომხმარებლებისთვის და ა.შ. ანუ კონკურენციის განვითარებას. აქედან გამომდინარე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა არ ჯდება ევროკავშირის სტანდარტებში. ისაა გამანაწილებელი კომპანია და მისი საქმეა მხოლოდ ტრანსპორტირება, ანუ დენის მიტანა, ხოლო ყიდვა-გაყიდვა ეს უნდა იყოს ტრეიდერების, ანუ მოვაჭრეების საქმე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.
მისი თქმით, კონკურენციის პირობებში ჩნდება ბევრი ტრეიდერი, მოვაჭრე, რომელსაც აქვს ფული: „ის სთავაზობს მომხმარებელს თავის პირობებს – აი, მე მაქვს ელექტროენერგია ამ ფასად, ამ პირობებით… იქნება ბევრი შეთავაზება და ირჩევს მომხმარებელი იმას, რაც მისთვის უმჯობესია. რაც შეეხება მიწოდებას. დღეს რასაც გამანაწილებელი კომპანიები, იგივე „ენერგო-პრო ჯორჯია“ აკეთებენ, ეს არის მონოპოლია. ყიდვა-გაყიდვა უნდა იყოს სხვისი საქმე. ევროპა ამ სქემით მუშაობს“.
სემეკში მიიჩნევენ, რომ პერსპექტივაში ბაზარი თავად დაარეგულირებს დენის ფასსაც. რაც შეეხება, ვთქვათ, კურსის ცვლილებას, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს, ასეთ დროს მთელი რისკები (ზარალი იქნება თუ მოგება) რასაც გამანაწილებელი კომპანია ახლა იღებს თავის თავზე, შემდეგ გადავა მოვაჭრეებზე.
„განვითარებულ ევროპულ ბაზრებზე ენერგოსექტორი არის დარეგულირებული. უცებ ვერ გადახვალ ასეთ სისტემაზე, რადგან მოსახლეობა უნდა გყავდეს დაცული. კომისია ასე უცებ ვერ გაუშვებს ხელიდან იმ ბერკეტებს, რაც აქვს. ეს არ არის 2-3 წლის საქმე, 7 ან 10-წლიან პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი“, – ამბობს გოჩა შონია.
8 მილიონზე მეტი ლარი სასმელი წყლისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული განსაკუთრებული შეთანხმებით, თუკი არ გაიზრდება წყლის ტარიფი, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მდგრადი ექსპლოატაციისთვის, ქალაქი ბათუმი ვალდებულია განახორციელოს შპს `ბათუმის წყლის” სუბსიდირება; გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ გაცემული შეღავათიანი სესხის დღგ-ს თანადაფინანსების მიზნით კი, ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 1,12 მილიონი ლარია გამოყოფილი.
3 მილიონ 253 ათასი ლარია განკუთვნილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გამრიცხველიანებისთვის (სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს).
2 მილიონ 150 ათასი ლარი დაიხარჯება მახინჯაური – მწვანე კონცხის წყლის ქსელის რეაბილიტაციასა და ჩაქვის ტერიტორიაზე – წყალარინების მობილური გამწმენდი ნაგებობის ქსელის მშენებლობისთვის.
„ბათუმის წყალი” ქლორირების მეთოდის შეცვლასაც გეგმავს. დღეს თუ წყალს თხევადი ქლორით წმენდენ, მალე ეს პროცესი ჰიპოქლორირებით შეიცვლება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰიპოქლორიდის დანადგარზე ხელშეკრულება გაფორმებულია და ალბათ ორი თვე მაინც დასჭირდება მონტაჟს, სწავლების კურსებს თანამშრომლებისთვის. აღნიშნული დანადგარისთვის ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
რაც შეეხება წყლის ხარისხს, კომპანიაში აცხადებენ, რომ „სინჯები შიდა ლაბორატორიაში ჩვეულებრივად მოწმდება და წყლის შემადგენლობა დაშვებულ ნორმებთან შესაბამისობაშია”.
აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აუქციონი გამოაცხადა

მყიდველმა საპრივატიზებო საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, კვარტალურად უნდა გადახდოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის განმავლობაში კი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის, არანაკლებ ორას ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება უნდა შეძლოს.
აუქციონის პირობები ითვალისწინებს ასევე საკონფერენციო დარბაზის, აპარტამენტებისა და სამორინეს მშენებლობას. ამ პროექტში შემსყიდველმა არანაკლებ 19 000 000 (ცხრამეტი მილიონი) აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელეოს.
აუქციონით გათვალისწინებული პირობით შემსყიდველმა მრავალფუნქციური შენობის ექსპლოატაციაში გაშვებიდან ექვსი თვის ვადაში არანაკლებ ორას ნომრიანი სასტუმრო და სამორინე უნდა გახსნას.
შენობის ექსპლოატაციაში შეყვანიდან ექვსი თვის ვადაში კი, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ მრავალფუნქციურ შენობაში მყიდველის ან მესამე პირის მიერ, არანაკლებ სამასი მოქალაქის დასაქმება უნდა უზრუნველყოს სადაც, დასაქმებულთა არანაკლებ 80% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს .
ამ შებობაში სასტუმრო და სამორინე შემსყიდველმა ამოქმედებიდან ათი წლის ვადაში უნდა შეინარჩუნოს, აუციონის პირობის მოთხოვნით დასაქმებულთა რაოდენობის შესანარჩუნება კი ობიექტის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით ევალება.
ხელშეკრულების გაფორმებიდან სამოცი თვის ვადაში, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით შემსყიდველმა საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ნებართვის ვერ მიღების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია საინვესტიციო მოცულობა გადაიტანოს ძირითად პროექტში და საინვესციტიო ვალდებულება გაზარდოს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ. დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც გათავისუფლდება ზემოაღნიშნული ვალდებულებისგან;
„ბათუმის წყალი“: არარენტაბელური საწარმო არასამართლიანი ტარიფებით
„ბათუმის წყალში“ 400 ადამიანია დასაქმებული. საშტატო განრიგსა და სახელფასო განაკვეთს ბათუმის მერი ამტკიცებს. პრემიებიც ბათუმის მერის თანხმობის შემთხვევაში გაიცემა – საწარმოს ხელმძღვანელობა მიმართავს განაცხადით და მერი ამტკიცებს. კომპანიის 100% წილის მფლობელიც ბათუმის მერიაა.
„ბათუმის წყალს“ ტარიფი არ შეუცვლია და როგორც ფინანსური დირექტორი აცხადებს, არც გეგმავენ შეცვლას. გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის დღეს შემდეგი ტარიფი მოქმედებს: მოსახლეობისთვის 1 კუბ/მ მოხმარებულ წყალზე 51 თეთრი, კომერციული ორგანიზაციებისთვის – 4 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაწესებულებებისთვის – 3,5 ლარი.
„თუ უნდათ, რომ ნორმალური მომარაგება იყოს ქალაქში, ამ ტარიფებით ეს არ მოხერხდება. ჩემი პირადი აზრია – ჩვენი ტარიფები უსამართლოა. მოსახლეობას აქვს ძალიან დაბალი ტარიფი, კომერციას აქვს 4 ლარი, ამიტომ კომერციულის გაზრდა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. თუ გაიზრდება, შესაძლოა გაზარდო, ვთქვათ, 20%-ით, მოსახლეობის კი – 70-80%-ით მაინც. ამხელა სხვაობა არ უნდა იყოს ტარიფებში“, – ამბობს თემურ ბედინაძე.
სემეკი: წყალზე ხანდაზმული დავალიანება ჩამოსაწერია
ბათუმელმა ვალენტინა დენიაგამ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს შარშან, თებერვალში მიმართა და „ბათუმის წყლის“ მიმართ არსებული დავალიანების ჩამოწერა ითხოვა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა კი „ბათუმის წყალს“ „ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერა“ მოსთხოვა. კომპანიამ მოთხოვნა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ის ყოველთვიურად უგზავნიდა მომხმარებელს წყლის საფასურს და მოითხოვდა მის გადახდას.
დავაზე შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) იმსჯელა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა – მოქალაქე დენიაგას მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – „ბათუმის წყალი“ დაავალდებულა აბონენტისთვის 144,93 ლარი ჩამოეწერა. სემეკმა 2011 წლის თებერვლის თვემდე წარმოქმნილი ეს დავალიანება ხანდაზმულად მიიჩნია.
სემეკის გადაწყვეტილება არავის გაუსაჩივრებია, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც დავალიანება ჩამოუწერიათ.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში აცხადებენ, რომ დავალიანება, რომელიც წარმოიშვა სამი წლის წინ, ხანდაზმულია თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის არ არის გაფორმებული ცალკე ხელშეკრულება ვალის აღიარებაზე, დავალიანების გადანაწილებაზე ან გადახდის გადავადებაზე.
თავის მხრივ, სემეკის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „შპს „ბათუმის წყლის“ მოთხოვნა აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში დარიცხული საფასურის ანაზღაურების შესახებ, ექვემდებარება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას“.
„ბათუმის წყალს“ მოსახლეობისგან ე.წ. ძველი დავალიანება ჯამში 4 მილიონი ლარი აქვს ამოსაღები. ეს დავალიანებები 2006 წლიდანაა წარმოშობილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში აცხადებენ, რომ თუ აბონენტებს კომპანიასთან ძველ დავალიანებაზე (თუნდაც გადანაწილებაზე) რაიმე ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ, შეუძლიათ მათ მიმართონ.
„ამ პერიოდისთვის ასეთ აბონენტებს უფლება აქვთ, 2012 წლის მაისამდე წარმოშობილი დავალიანებების ჩამოწერა მოითხოვონ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მისდით გადასახადის ქვითრები. მთავარია, ხელშეკრულებით ან რაიმე სხვა დოკუმენტით არ ჰქონდეთ აღიარებული ეს დავალიანება“, – აღნიშნა `ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა გაგა კენჭოშვილმა. მისივე თქმით, ხანდაზმულობაზე მათ სამსახურში შესული ეს განცხადება ერთადერთია ბათუმიდან.
„დავალიანების ჩამოწერა არ არის სემეკის პრეროგატივა. ეს სასამართლოს პრეროგატივაა. ხანდაზმულობის გამო არ ხდება ჩამოწერა. ჩამოწერა შესაძლოა მოხდეს თუ დაადასტურებს აბონენტი, რომ არასამართლიანად დაერიცხა თანხა. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, ეგაა, რომ ვუნაწილებთ ვალს და თანდათან ვახდევინებთ. რახან მე ზემოქმედების ბერკეტი არ გამაჩნია და არ იხდის აბონენტი წლების განმავლობაში – ჩამომაწერენო, სადავო საკითხია. შეიძლება მართალი იყოს სემეკი და შეიძლება არა“, – განაცხადა შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსურმა დირექტორმა თემურ ბედინაძემ.
თემურ ბედინაძის თქმით, 2014 წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა დარიცხვას აღემატებოდა შემოსავალი: „120 ათასი ლარით მეტი შემოვიდა. წელს 400 ათასამდე შემოვა და ასე ნელ-ნელა დაიკლებს ძველი დავალიანებები. 7-8 წელი დასჭირდება, ალბათ მინიმუმზე რომ ჩამოვიდეს“.
უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ავიაფრენების რაოდენობა იზრდება
მათივე ცნობით, მაისიდან ოქტომბრამდე მხოლოდ უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 10-მდე ავიაფრენაა დანიშნული. ზოგიერთი კომპანიის ინფორმაციით, აქტიურ სეზონზე შესაძლოა ფრენების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
უკრაინულმა ავიაკომპანია Yanair-მა, ოდესა-ბათუმი-ოდესას მიმართულებით რეგულარული ფრენები უკვე დაიწყო. ფრენები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს სრულდება. ჩარტერული ფრენები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიევი-ბათუმი-კიევის (ჟულიანის აეროპორტი) მიმართულებით 31 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე უკრაინული ავიაკომპანია Yanair-ი, ბათუმის მიმართულებით დამატებით ფრენებსაც გეგმავს.
14 ივნისიდან, კიევიდან-ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები „FlyUia“. პირდაპირი ავიარეისები ბორისპოლის აეროპორტიდან კვირაში 3-ჯერ: ორშაბათობით, შაბათობით და კვირაობით განხორციელდება. FlyUia-ს ინფორმაციითვე, ბათუმი-კიევის რეისზე ბილეთის ღირებულება 88 ევრო, ხოლო ბათუმი-კიევი-ბათუმის მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი 177 ევრო იქნება.
უკრაინიდან აჭარაში ტურისტებ ამიერიდან ავიაკომპანია Dniproavia-გადაიყვანს, რომელიც 3 ივნისიდან ბათუმის მიმართულებას ფრენებს განაახლებს. Dniproavia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს – ოდესიდან და დნეპროპეტროვსკიდან შეასრულებს.
ქირავდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა
ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქირავდება სამოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, კონდიციონერითა და საქალაქო ტელეფონით. ბინაში არის თანამედროვე ტექნიკა.
ფასი: 350 დოლარი.
მობ.: 591 978 073
”სტუდენტური დღეები აჭარა 2015” გრძელდება

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
– ბილიარდი – 18 მაისი.(საბილიარდო კლუბი „უნივერსი“ ლ.ასათიანის N21
– დარტსი -20 მაისი
– ბოულინგი-22 მაისი (ლ.ასათიანის N14)
დასკვნითი ღონისძიებები:
– 23მაისი ( ბათუმის საზაფხულო თეატრი)
– მის სტუდენტი.
– ორიგინალური ნომერი .
– მუსიკალური ნომერი.
– მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრება
გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდებიან როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ნომინაციებში, რომლებიც დაჯილდოვდებიან სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და ნომინაციისათვის შესაბამისი სპეციალურად დაწესებული პრიზებით.
ქობულეთის დამისამართება იწყება

დამისამართების სისტემის სრულყოფა გააუმჯობესებს: უძრავი ქონების რეგისტრაციას; სოციალური დახმარებების ადმინისტრირებას; ფოსტის, სახანძროს, სასწრაფო დახმარების და სამართალდაცვით მომსახურებებს
საარჩევნო სიის დაზუსტებას.
საქართველოს 20 ქალაქში მისამართების კორექტირება უკვე დასრულდა, 14 ქალაქში კი ისევ მიმიდნარეობს: ახალციხე, გორი, ბატუმი, გურჯაანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, საგარეჯო, სამტრედია, სენაკი, ფოთი, ხაშური.
ტაეკვონდოში ბერლინის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ბათუმელი ზურა კინწურაშვილი გახდა
გერმანიის დედაქალაქში, საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში 9 მაისს გაიმართა. ტურნირში 31 ქვეყნის 1100 სპორტსმი მონაწილეობდა, მათ შორის 3 ქართველი ტაეკვონდოისტი.



