19 მაისს ჩაქვში 19 ქვეყნიდან 98 მოჭადრაკე შეიკრიბება. ისინი ევროპის ქალთა ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროა. ჭადრაკში ევროპის ქალთა რიგით მე-16 ჩემპიონატს აჭარა მესამეჯერ მასპინძლობს. პირველად ქალთა შორის ევროპირველობა ბათუმში 2000 წელს ჩატარდა, მეორედ კი, ვაჟებს შორის – 2002 წელს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 87 მოჭადრაკე საერთაშორისო წოდების მქონეა, 10მონაწილე კი _ ვაჟთა შორის უმაღლესი საერთაშორისო დიდოსტატის ტიტულის მფლობელი. მონაწილეთა შორის არიან მსოფლიოს ორი ექსჩემპიონი პირად პირველობაში – ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა და უკრაინელიანა უშენინა. საქართველოდან მონაწილეობენ გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები: ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე და ნინო ბაციაშვილი. ჩემპიონატი სასტუმრო “ოაზისში” (Oazis Palace Chakvi) ჩატარდება. პირველი რაუნდი 19 მაისს, 15 საათზე გაიმართება. ჩემპიონატი 31 მაისს დასრულდება.
15 წლის მანძილზე ქართველი ქალი მოჭადრაკეების საუკეთესო შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე:
2000 წელი, ბათუმი – მაია ჩიბურდანიძე, III ადგილი;
2001 წელი, ვ არშავა _ ქეთევან არახამია, III ადგილი;
2013 წელი, ბელგრადი _ სალომე მელია, II ადგილი;
2014 წელი, პლავდოვი _ სალომე მელია, III ადგილი.