სიახლეები

მუზეუმების საერთაშორისო დღე ბათუმში

18.05.2015 • 1809
მუზეუმების საერთაშორისო დღე ბათუმში

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდება მუზეუმთან მოქმედი კერამიკული სტუდია-სახელოსნოს პროდუქციის პრეზენტაცია და გივი ნახუცრიშვილის ფოტო-გამოფენა. მუზეუმში შესვლა და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართება საგანმანათლებლო პროექტის “მუზეუმი გვაერთიანებს“ დასკვნითი ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე: „ციხე-სიმაგრეები საქართველოში“. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მოსწავლეების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა, გაიმართება აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოება, მოეწყობა მშვილდოსანთა საჩვენებელი ტურნირი და “შავფაროსნების“ მონაწილეობით გაიმართება საბრძოლო-საჩვენებელი წარმოდგენა. ღონისძიების ორგანიზატორია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. 18 მაისს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში შესვლა თავისუფალია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის  მონაცემებით, საქართველოში სულ 191 მუზეუმია, რომელთაგან ყველაზე მეტი თბილისში (41), კახეთსა (30) და იმერეთში (27) მდებარეობს.

ბოლო მონაცემებით ყველაზე მეტი დამთვალიერებელი თბილისის მუზეუმებს ჰყავდა – 229 755 ადამიანი. მნახველთა რაოდენობით მეორე ადგილზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონია – 220 500 ვიზიტორით, მესამე ადგილზე კი შიდა ქართლის რეგიონია, სადაც მუზეუმებში 2013 წლის განმავლობაში – 175 500 დამთვალიერებელი იმყოფებოდა.

დამთვალიერებლების რაოდენობა დანარჩენ რეგიონებზე ასე გამოიყურება: კახეთი -126 800; აჭარა – 111 091; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 91 755; იმერეთი – 58 479; მცხეთა-მთიანეთი – 38 279; ქვემო ქართლი – 22 845; გურია – 19 422; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო-სვანეთი – 6 548.

ამავე წლის განმავლობაში, მუზეუმებში ექსკურსიების ყველაზე დიდი რაოდენობა შიდა ქართლში – 6938; კახეთსა – 6560 და თბილისში – 6249 დაფიქსირდა. ყველაზე მეტი გამოფენა კი თბილისისა (206) და აჭარის (120) მუზეუმებში გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი