სიახლეები

სემეკი: წყალზე ხანდაზმული დავალიანება ჩამოსაწერია

16.05.2015
სემეკი: წყალზე ხანდაზმული დავალიანება ჩამოსაწერია

 

ბათუმელმა ვალენტინა დენიაგამ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს შარშან, თებერვალში მიმართა და „ბათუმის წყლის“ მიმართ არსებული დავალიანების ჩამოწერა ითხოვა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა კი „ბათუმის წყალს“  „ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერა“ მოსთხოვა. კომპანიამ მოთხოვნა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ის ყოველთვიურად უგზავნიდა მომხმარებელს წყლის საფასურს და მოითხოვდა მის გადახდას.

 

დავაზე შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) იმსჯელა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა – მოქალაქე დენიაგას მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – „ბათუმის წყალი“ დაავალდებულა აბონენტისთვის 144,93 ლარი ჩამოეწერა. სემეკმა 2011 წლის თებერვლის თვემდე წარმოქმნილი ეს დავალიანება ხანდაზმულად მიიჩნია.

 

სემეკის გადაწყვეტილება არავის გაუსაჩივრებია, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“  კომპანიაში უთხრეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც დავალიანება ჩამოუწერიათ.

 

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში აცხადებენ, რომ დავალიანება, რომელიც წარმოიშვა სამი წლის წინ, ხანდაზმულია თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის არ არის გაფორმებული ცალკე ხელშეკრულება ვალის აღიარებაზე, დავალიანების გადანაწილებაზე ან გადახდის გადავადებაზე.

 

თავის მხრივ, სემეკის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „შპს „ბათუმის წყლის“ მოთხოვნა აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში დარიცხული საფასურის ანაზღაურების შესახებ, ექვემდებარება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას“.

 

„ბათუმის წყალს“ მოსახლეობისგან ე.წ. ძველი დავალიანება ჯამში 4 მილიონი ლარი აქვს ამოსაღები. ეს დავალიანებები 2006 წლიდანაა წარმოშობილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში აცხადებენ, რომ თუ აბონენტებს კომპანიასთან ძველ დავალიანებაზე (თუნდაც გადანაწილებაზე) რაიმე ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ, შეუძლიათ მათ მიმართონ.

 

„ამ პერიოდისთვის ასეთ აბონენტებს უფლება აქვთ, 2012 წლის მაისამდე წარმოშობილი დავალიანებების ჩამოწერა მოითხოვონ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მისდით გადასახადის ქვითრები. მთავარია, ხელშეკრულებით ან რაიმე სხვა დოკუმენტით არ ჰქონდეთ აღიარებული ეს დავალიანება“, – აღნიშნა `ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა გაგა კენჭოშვილმა. მისივე თქმით, ხანდაზმულობაზე მათ სამსახურში შესული ეს განცხადება ერთადერთია ბათუმიდან.

 

„დავალიანების ჩამოწერა არ არის სემეკის პრეროგატივა. ეს სასამართლოს პრეროგატივაა. ხანდაზმულობის გამო არ ხდება ჩამოწერა. ჩამოწერა შესაძლოა მოხდეს თუ დაადასტურებს აბონენტი, რომ არასამართლიანად დაერიცხა თანხა. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, ეგაა, რომ ვუნაწილებთ ვალს და თანდათან ვახდევინებთ. რახან მე ზემოქმედების ბერკეტი არ გამაჩნია და არ იხდის აბონენტი წლების განმავლობაში – ჩამომაწერენო, სადავო საკითხია. შეიძლება მართალი იყოს სემეკი და შეიძლება არა“, – განაცხადა შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსურმა დირექტორმა თემურ ბედინაძემ.

 

თემურ ბედინაძის თქმით, 2014 წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა დარიცხვას აღემატებოდა შემოსავალი: „120 ათასი ლარით მეტი შემოვიდა. წელს 400 ათასამდე შემოვა და ასე ნელ-ნელა დაიკლებს ძველი დავალიანებები. 7-8 წელი დასჭირდება, ალბათ მინიმუმზე რომ ჩამოვიდეს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: