ნეტგაზეთი • RU

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა ევროდირექტივებს ეწინააღმდეგება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ტარიფების გაზრდას, ევროპარლამენტი კი საქართველოს მთავრობისგან იმ მექანიზმის შეცვლას ითხოვს, რის გამოც „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბაზარზე მონოპოლისტია. საქართველოს ენერგოსისტემაში სამი გამანაწილებელი კომპანია საქმიანობს: „ენერგო-პრო ჯორჯია“, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ (გაკოტრების რეჟიმში) და „თელასი“. 

 

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს „ენერგო-პრო-ეი-ეს“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას. იგი ერთდროულად ფლობს როგორც განაწილების, აგრეთვე წარმოების ლიცენზიებს. საქართველოში მის საკუთრებაშია გამანაწილებელი ქსელი და 16 ელექტროსადგური. სემეკის ინფორმაციით, ეს ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, განაწილების სისტემის ოპერატორის საქმიანობა გამიჯნული უნდა იყოს მიწოდებისა და წარმოების საქმიანობისგან.

 

სემეკში ასევე აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის გაუმიჯნაობა დისტრიბუციის საქმიანობისგან, გამორიცხავს ბაზარზე ალტერნატიული მიმწოდებლების გაჩენას. აქედან გამომდინარე, განაწილების ლიცენზიანტების სამოქმედო არეალში მიწოდების ბაზარი მონოპოლურია და ექსკლუზიურ მიმწოდებელს თავად განაწილების ლიცენზიატები წარმოადგენენ“.

 

2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, შეუსაბამოს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის ნორმატიული აქტები ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციებსა და დირექტივებს.

 

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა მიზნად ისახავს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების შესახებ საერთო წესების შემოღებას. მასში ასევე მოცემულია დებულებები მომხმარებელთა უფლებების, ქსელზე მესამე მხარის დაშვების, კონკურენციის შესახებ, ასევე რეგულირებადი და კონკურენტული სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნის მოთხოვნა, რომელიც ეხება ბუნებრივი მონოპოლიისა (საქსელო საქმიანობა) და გენერაცია-მიწოდების, როგორც კონკურენტული საქმიანობების, ერთმანეთისგან გამიჯვნას.

 

ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა. ფოტო: ბათუმელები

 

ასოცირების შეთანხმება, ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. ამ შეთანხმებით საქართველო ვალდებულია, ელექტროენერგეტიკულ სექტორში კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციებისა და დირექტივების მოთხოვნებთან.

 

ეს დირექტივები საქართველომ უნდა შეასრულოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ მიუერთდება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან 2016 წლამდე, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

 

სემეკში აცხადებენ, რომ ამჟამად საკანონმდებლო ბაზა ამ კუთხით ძალზე სუსტია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი როგორც საკანონმდებლო, ისე მოსახლეობის დონეზე.

 

„ევროდირექტივა ენერგეტიკული სექტორის შიდა ბაზრის შესახებ ნიშნავს, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ბაზარი. ძირითადი პრინციპებია – კონკურენცია, არადისკრიმინაციულობა, ანუ ყველა მოთამაშე ბაზრის უნდა იყოს ერთნაირ პირობებში, ქსელში თავისუფალი დაშვება, უსაფრთხო მიწოდება მომხმარებლებისთვის და ა.შ. ანუ კონკურენციის განვითარებას. აქედან გამომდინარე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა არ ჯდება ევროკავშირის სტანდარტებში. ისაა გამანაწილებელი კომპანია და მისი საქმეა მხოლოდ ტრანსპორტირება, ანუ დენის მიტანა, ხოლო ყიდვა-გაყიდვა ეს უნდა იყოს ტრეიდერების, ანუ მოვაჭრეების საქმე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

 

მისი თქმით, კონკურენციის პირობებში ჩნდება ბევრი ტრეიდერი, მოვაჭრე, რომელსაც აქვს ფული: „ის სთავაზობს მომხმარებელს თავის პირობებს – აი, მე მაქვს ელექტროენერგია ამ ფასად, ამ პირობებით… იქნება ბევრი შეთავაზება და ირჩევს მომხმარებელი იმას, რაც მისთვის უმჯობესია. რაც შეეხება მიწოდებას. დღეს რასაც გამანაწილებელი კომპანიები, იგივე „ენერგო-პრო ჯორჯია“ აკეთებენ, ეს არის მონოპოლია. ყიდვა-გაყიდვა უნდა იყოს სხვისი საქმე. ევროპა ამ სქემით მუშაობს“.

 

სემეკში მიიჩნევენ, რომ პერსპექტივაში ბაზარი თავად დაარეგულირებს დენის ფასსაც. რაც შეეხება, ვთქვათ, კურსის ცვლილებას, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს, ასეთ დროს მთელი რისკები (ზარალი იქნება თუ მოგება) რასაც გამანაწილებელი კომპანია ახლა იღებს თავის თავზე, შემდეგ გადავა მოვაჭრეებზე.

 

„განვითარებულ ევროპულ ბაზრებზე ენერგოსექტორი არის დარეგულირებული. უცებ ვერ გადახვალ ასეთ სისტემაზე, რადგან მოსახლეობა უნდა გყავდეს დაცული. კომისია ასე უცებ ვერ გაუშვებს ხელიდან იმ ბერკეტებს, რაც აქვს. ეს არ არის 2-3 წლის საქმე, 7 ან 10-წლიან პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი“, – ამბობს გოჩა შონია.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.