სიახლეები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ალექსანდრე ჩიტიშვილს ტკივილი დაუამეს

16.05.2015 • 1430
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ალექსანდრე ჩიტიშვილს ტკივილი დაუამეს


ბატონო ჯემალ, როგორც ვიცით, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთ ფრაქციაში გაერთიანდით. რა გეგმები გაქვთ, პარტიაში შესვლასაც  გეგმავთ?

დიახ, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია შევქმენით ორმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ და მე, როგორც უპარტიო, დამოუკიდებელმა დეპუტატმა. „დემოკრატიული აჭარა“ – ასე ჰქვია ფრაქციას. ეს არის უფრო ტექნიკური ფრაქცია,  გამომდინარე იქედან, რომ მე დამოუკიდებელი ვარ და არც ერთ პარტიაში არა ვარ გაწევრიანებული.


ჯერჯერობით ჩემი ამ პარტიაში შესვლის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. შევთანხმდით, რომ აქტიურად ჩავრთულიყავით უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებში და გაგვეძლიერებინა ოპოზიციური ფრთა. დანარჩენი ყველაფერი წინ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უმაღლეს საბჭოში და საერთოდ ქვეყანაში.


კიდევ ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. როგორ აფასებთ ახალ გადაადგილებებს უმაღლეს საბჭოში?

უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შემდეგ „ოცნებამ“ დაკარგა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის და  ვიცე-სპიკერის თანამდებობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თანამდებობები ვაკანტური იყო. მინდა გითხრათ, რომ ვიცე-სპიკერთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და  ვიცე-სპიკერი არჩეულია, მაგრამ რატომღაც მმართველი უმრავლესობა ამას არ აღიარებს. ვფიქრობ, ეს საკითხი კიდევ დადგება დღის წესრიგში და ჩვენს  სიმართლეს დავამტკიცებთ.


რაც შეეხება საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, ოპოზიციას არ გვყავდა ჩვენი კანდიდატურა. ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა კი უარს ამბობდა ამ ვაკანსიის შევსებაზე.  ამდენად ჩვენ თვითონ გამოვხატეთ კეთილი ნება. სხვაგვარად ვერ შეაგროვებდა „ქართული ოცნება“ 11 ხმას. ჩვენ გვინდა უმართავი არ გახდეს უმაღლეს საბჭოში პროცესები, ამიტომ  შევთავაზეთ თანამშრომლობა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მათ მიერ წამოყენებულ კანდიდატურას, ანზორ თხილაიშვილს. ის ჩვენთვისაც მისაღები კანდიდატურა იყო.


უმაღლესი საბჭო თანამდებობების ასპარეზად არის გადაქცეული. უფრო მნიშვნელოვანია თუ ვინ  მოიპოვებს თანამდებობას, ვინ მოიპოვებს შეღავათებს. ახლა უთანამდებობოდ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ყოფილი ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე.  მე ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნების“ ამ თანამდებობის პირებს თავიანთი თანამდებობა ხალხის სამსახურისთვის გამოეყენებინათ და არა მარტო პირადი კეთილდღეობისთვის.


რამდენადაც ვიცი, არც მაილო ჯაშსა და სვეტლანა კუდბას აქვთ თანამდებობები…

მაილო ჯაში ფრაქციის თავმჯდომარეა და არც სვეტლანა კუდბა დატოვეს თანამდებობის გარეშე – ის ფრაციის თავმჯდომარის მოადგილეა და ასევე მოადგილის თანამდებობა უკავია ჩემს კომისიაში.


რაც შეეხება ბატონი ჩიტიშვილის თანამდებობაზე არჩევას ფრაქციის თავმჯდომარედ, ეს იყო ტრაგი-კომიკური სიტუაცია. ბატონი ალექსანდრესთვის გარკვეული დამსახურება რომ დაეფასებინათ, რაც  მას აქვს „ქართული ოცნების“ წინაშე და ის ტკივილი, რომ განექარვებინათ, რაც მას მიადგა კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების დროს, სწრაფად მოხდა გადაჯგუფება ფრაქციაში. შექმნეს ახალი ფრაქცია, რომელსაც არავითარი ღირებულება, არავითარი განსხვავებული პლატფორმა ქართული ოცნებისაგან არ გააჩნია და მოსახლეობა ამას დაინახავს. ეს ყველაფერი შექმნილი იყო თანამდებობის მისაღებად.

ამბობენ, რომ იმ კომპანიებს, რომლების დამფუძნებლადაც ფიქსირდებით, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ პრობლემები შეექმნა. ეს სიმართლეა?

ამას ვერ დავადასტურებ. ასეთი არაფერი ვიცი, თუ რამე გამომეპარა, გადავამოწმებ.

 

გადაბეჭდვის წესი