სიახლეები

უცხოენოვანი საგანმანათლებლო რესურსები ქართულად

18.05.2015 • 3154
უცხოენოვანი საგანმანათლებლო რესურსები ქართულად

 

საგანმანათლებლო რესურსების გაქართულება ძირითადად მოხალისეობრივ საწყისებზე ხდება. ნატალია საგინაშვილი პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტია. თავისი სამუშაოს პარალელურად ოთხ წელზე მეტია საიტზე – www.ted.com სხვადასხვა გამოსვლას თარგმნის.

 

„2010 წელს აღმოვაჩინე ეს საიტი. პირველი ვიდეო, რომელსაც ვუყურე, იყო საიმონ საინეკის „როგორ შთააგონებენ ნამდვილი ლიდერები მოქმედებისკენ“. იმდენად დიდი მოტივაცია და შთაგონება გამიჩინა ამ ვიდეომ, რომ გამიჩნდა სურვილი მეთარგმნა. იმ ვიდეოებს შორის, რომლებიც ვთარგმნე, გამოვყოფდი ინტერვიუს რიჩარდ ბრენსონთან „ცხოვრება 30 000 ფუტის სიმაღლეზე“. 30 წუთის ხანგრძლივობისაა და საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე. ვთარგმნიდი ენთუზიაზმზე. ჩემი სარგებელი ის იყო, რომ ვიყავი ძალიან მაგარი საზოგადოების წევრი და ყოველი ვიდეოს თარგმნის შემდეგ მქონდა განცდა, რომ უფრო კარგი ტიპი ვიყავი საკუთარი თავისთვის“, – ამბობს ნატალია საგინაშვილი.

 

ყველა ვიდეო, რომელიც www.ted.com-ზე ქართულადაა, მოხალისეების მიერაა ნათარგმნი.

 

ted-ი შთაგონების წყაროა. ვიდეოები მეხმარება, სხვა კუთხიდან შევხედო  მოვლენებს, გავაღწიო ჩარჩოდან, განვავითარო საკუთარი თავი და შევიძინო ახალი ღირებულებები. ვიდეოებში, რომლებიც საიტზე იდება, არის ისეთი ღირებული ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაც კი შეცვალოს, მასში რაღაც ახალი გააღვიძოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს და გაიზიაროს იმ ადამიანთა იდეები და გამოცდილება, რომლებმაც მნიშვნელოვანი რაღაცები შექმნეს,“ – ამბობს ნატალია.

 

ნატალია მოხალისეობრივ თარგმანზე ამახვილებს ყურადღებას და ხსნის, თუ რატომ უნდა თარგმნო ენთუზიაზმზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

 

„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გათავისებული, რომ რაღაცა სარგებელი შექმნას საზოგადოებისთვის. ტედის ყოველი ვიდეოს თარგმნა საზოგადოებისთვის სარგებელია. შეიძლება ადამიანის ცხოვრებაც კი შეცვალოს ერთმა ვიდეომ“.

 

საგანმანათლებლო ფონდი „Educare Georgia“ თავისი საქმიანობით ცდილობს მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის გახადოს ხელმისაწვდომი. საგანმანათლებლო პლატფორმა მსოფლიოში აღიარებული ხანის აკადემიის ვიდეოებს თარგმნის. ხანის აკადემია (khanacademy.org) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ონლაინსკოლაა, რომელსაც დაახლოებით 12 მილიონი მოსწავლე იყენებს. ონლაინპლატფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა სალმან ხანმა შექმნა, სალმანი ბოსტონში ცხოვრობდა, საიდანაც ახალ ორლეანში მცხოვრებ ბიძაშვილებს დისტანციურად ასწავლიდა. მან ვიდეოგაკვეთილები ჩაწერა და იუთუბზე ატვირთა. დღეისათვის ხანის აკადემიის იუთუბ არხზე 4 ათასზე მეტი ვიდეოა ატვირთული სხვადასხვა თემატიკაზე, იქნება ეს მათემატიკა, ეკონომიკა და ფინანსები, ხელოვნება თუ სოციალური მეცნიერება. ცალკეა ვებგვერდი: khanacademy.org-ი, რომელიც მულტიფუნქციურია და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

 

 

„ხანის აკადემია პირველ პროექტად იმიტომ ავირჩიეთ, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. მოსწავლეებს შეეძლებათ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ, მიიღონ ევროპული ტიპის განათლება. მოუსმინონ წამყვან მასწავლებლებს. ხანის აკადემიის შექმნა დაიწყო ვიდეოებით, მაგრამ ამჟამად აქვს ძლიერი ონლაინპლატფორმა, სადაც 100 ათასამდე მაგალითია განთავსებული. მოსწავლეს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ლექციაც მოისმინოს და მაგალითიც გააკეთოს. თუ რაღაც არ იცის, მაშინ ალგორითმი აძლევს მას უფრო მარტივ მაგალითს. ამ ვებგვერდზე თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავისი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარის მიხედვით მიიღოს განათლება. მაგალითის გაკეთების შემდეგ, მოსწავლე ეგრევე იღებს პასუხს სწორია თუ არა მის მიერ შესრულებული დავალება. მერე შეუძლია ნახოს თითოეულ მიმართულებაში, სად არის ძლიერი, სად აქვს სუსტი მხარეები, რა უნდა გამოასწოროს. პლატფორმაც ისეთ მაგალითებს აძლევს ავტომატურად, რომ სადაც სუსტია, სწორედ ის ნაწილი გააძლიეროს,“ – ამბობს  საგანმანათლებლო ფონდ „Educare Georgia ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჯიბლაძე.

 

ფონდმა ხანის აკადემიის ვიდეოების თარგმნა მოხალისეებთან ერთად დაიწყო. სამომავლოდ დაგეგმილი აქვთ მთლიანად პლატფორმის თარგმნაც.

 

„თარგმნა დავიწყეთ მოხალისეობრივი პრინციპით, მინიმალური სამოტივაციო პაკეტი შევქმენით მთარგმნელებისთვის. მაგალითად, ონლაინკურსების დაფინანსება, ულიმიტო ინტერნეტი ტელეფონში ან აუდიოწიგნები. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში და ჩაერთნენ. ასევე მუშაობს გუნდი, რომელიც ამოწმებს ნათარგმნი ვიდეოების ხარისხს. ხანი რომ იყოს ქართულად, რაღაც მინიმუმი უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს მინიმუმი არის დაახლოებით 7 ათასი წუთი ვიდეომასალა სათარგმნი და მილიონ სამასი ათასი სიტყვა გადასათარგმნი ქართულად. ამიტომ მოხალისეობრივი პრინციპით ბოლომდე ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას. ვეძებთ დონორებს, რომლებიც ხანის აკადემიის ქართული ვერსიის მხარდამჭერები გახდებიან,“ – ამბობს გიორგი ჯიბლაძე.

 

კითხვაზე – თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ხანის აკადემიის თარგმნა, გიორგი ჯიბლაძე პასუხობს: „დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსწავლეა საქართველოში. მათგან 200 ათასს აქვს წვდომა ინტერნეტთან. პირველ რიგში, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხანის აკადემიია განკუთვნილია ყველასათვის, არ არის ვიწრო პროფილის. ძალიან დიდი მასშტაბი აქვს ქვეყნისთვის და, ვფიქრობთ, ნებისმიერ ბავშვს გამოადგება. ჩვენ ვარჩიეთ დიდი ენერგია დაგვეხარჯა, მაგრამ შედეგის მომტანი ყოფილიყო ნახევარი მილიონი ადამიანისთვის,“ – ამბობს გიორგი ჯიბლაძე.

 

„Educare Georgia ერთ-ერთი დამფუძნებელი მოხალისეობრივი თარგმნის აუცილებლობაზეც საუბრობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბავშვებმა უცხო ენა თუნდაც იმიტომ ისწავლონ, რომ ყველაფრის თარგმნა შეუძლებელია. პროექტი, რომლის განხორციელებაცა დაგეგმილი, სწორედ უცხო ენის ონლაინშესწავლას ეხება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: