სიახლეები

ძეგლების პასპორტიზაცია – სარგებელი და რისკები

18.05.2015 • 1908
ძეგლების პასპორტიზაცია – სარგებელი და რისკები

 

ბათუმი. შენობა ასათიანი ქუჩაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბათუმი. შენობა ასათიანი ქუჩაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მოთხოვნაც იყო და პირველადი განხილვის შემდეგ ბათუმის ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ნაწილში თანხის გაუთვალისწინებლობა საკრებულოს რამდენიმე წევრის შენიშვნებს შორისაც მოხვდა, 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ მიმართულების დასაფინანსებლად ერთი თეთრიც არ ჩაუწერიათ. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებიდან ოთხი თვის შემდეგ კი, სიტუაციის მოულოდნელმა ცვლილებამ შიში და ეჭვები გააჩინა.

 

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ იმ ფონზე, რა ფორმითაც ეპყრობა ესა თუ ის დაინტერესებული ჯგუფი კულტურულ მემკვიდრეობას, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ამ პროცესს ძეგლების ნაწილი შეეწიროს. შეიძლება დაიდოს ისეთი დოკუმენტები, რაც ძეგლზე სტატუსის მოხსნის საფუძველი გახდება. კანონი ამბობს როდის ენიჭება ან ეხსნება ძეგლს სტატუსი, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად დაიცავენ ამ წესებს. საქართველოში იყო შემთხვევები, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სტატუსი არ ყოფილა მოხსნილი და ისე აუფეთქებიათ… მე მინახავს სპეციალისტების მიერ შედგენილი დოკუმენტი ერთსა და იმავე ძეგლზე, სადაც ერთი დოკუმენტი ამბობდა, რომ შენობა იმსახურებს ძეგლის სტატუსს, მეორე კი ამბობდა – არ იმსახურებს. აქედან გამომდინარე მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – ამბობს იურისტი სულხან სალაძე.

 

ძეგლების აღწერის აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს საზოგადოება `ბათომის~ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძეც. მისი თქმით, ძეგლების მიმართ ამ დრომდე არსებული დამოკიდებულება მას არ აძლევს მშვიდად ყოფნის საფუძველს. `ხელისუფლების ძალიან ბევრი ქმედება  ძეგლებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ იყოს დაცული. თუ 2015 წლის ბათუმის ბიუჯეტში დღემდე ძეგლების დაცვა-რესტავრაციისთვის ნული თეთრი იყო, ახლა საიდან გაჩნდა ეს 100 000 ლარი?“ – სვამს კითხვას შოთა გუჯაბიძე. მისივე თქმით, აუცილებელია არსებულ ნუსხას პასპორტიზაციის შემდეგ არაფერი მოაკლდეს.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის თქმით, ძეგლების რესტავრაციის დასაფინანსებლად მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა: „ვერ ვიტყვი, რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, სულ რაღაც ოცწუთიანი საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან სააგენტოს არ აქვს ამხელა ბიუჯეტი, მერიის ბიუჯეტში გამოინახა თანხა“. 

 

100 000 ლარი, რომელიც ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის პასპორტიზაციისთვის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ გამოიყო, ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებული ეკონომიიდან გაითვალისწინეს.

 

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღრიცხვა-პასპორტიზაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას ბათუმის მერია რამდენიმე დღეში გეგმავს. ამ დროისთვის ბათუმის მერიის განვითარების ფონდი კომპანიის შესარჩევი კრიტერიუმების გაწერაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად მუშაობს. ხელმძღვანელების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, როგორც სტატუსმინიჭებული ძეგლების შესწავლა-აღრიცხვა-მოძიება, ასევე ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღრიცხვაც უნდა უზრუნველყოს.

 

„ამის შემდეგ პროგრამულად უნდა გვქონდეს ინფორმაცია, სად არის ძეგლი, რა მდგომარეობაშია, ვინ ცხოვრობს შენობაში, ვის მფლობელობაშია და ასე შემდეგ…“ – განმარტა ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ავთანდილ დარჩიამ.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება, რაც შერჩეულმა კომპანიამ შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა მოუმზადოს, ძეგლებთან მიმართებაში ქალაქმშენებლობის განვითარების კონცეპტუალური გეგმაა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, უნდა დაიწეროს, თუ როგორ შეიძლება ქალაქმშენებლობითი პროცესების განვითარება ისე, რომ ძეგლების აღქმადობა არ დაირღვეს და ძეგლის ინტერესები არ დაზარალდეს:  „გარდა ამისა, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ბაზის კლასიფიკაცია მოვახდინოთ. კონსტრუქციული ნაწილი დეტალურად შეფასდება. თუ რა მდგომარეობაშია ძეგლი ფიზიკურად – საძირკველი, კედლები, ამას კონსტრუქტორი ცალკე ბარათით შეაფასებს. ბაზის დადების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ძეგლები კატეგორიებად დავყოთ. ურისკო ძეგლები, რომელსაც ფიზიკური განადგურების საფრთხე არ ემუქრება, როგორიცაა, მაგალითად, თიბისი ბანკის შენობა და ძეგლები, რომლებიც განადგურების პირასაა. შემდეგ უკვე მივყვებით იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ძეგლის ფიზიკური რისკები. პირველ რიგში ყველაზე მძიმე კატეგორიას გამოვყოფთ. ერთიან მიდგომაზე ძალიან გაგვიჭირდება საუბარი, საჭიროა ინდივიდუალური გეგმების შემუშავება. შემდეგ უკვე განვიხილავთ, რამდენს დაძლევს ბიუჯეტი და სად შეიძლება დავაინტერესოთ კერძო სექტორი ძეგლის გადარჩენით“.

 

მირანდა ჩარკვიანის თქმით, ამ დროისთვის ბათუმში 270-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სააგენტოს ხელმძღვანელი ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს, რადგან 2006 წლის შემდეგ ძეგლების ნუსხაში ახალსტატუსმინიჭებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია აღარ დაუმატებიათ.

 

შესაძლებელია თუ არა ინვენტარიზაციის შემდეგ ძეგლების არსებულ ნუსხას გამოაკლდეს ან დაემატოს შენობები? – ამ კითხვას სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს: „შემცირდება თუ არა უკვე არსებული ნუსხა, წინასწარ ამის თქმა გამიჭირდება“.

 

არსებული კანონმდებლობით „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, ფიზიკური პირი ჯარიმდება 5000, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით. 2013-2014 წლებში საჯარიმო სანქცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში შემთხვევაში გამოიყენეს. 2015 წელს ძეგლზე ხელყოფა არ დაფიქსირებულა. მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ბოლოს ძეგლის სტატუსი (2014 წლის 21 ნოემბერს) ბათუმში ასათიანის ქ. 28-ში მდებარე ორსართულიან შენობას მიენიჭა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: