პედაგოგები მიღებენ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას, მაგრამ ძირითადადა მაინც მასწავლებელთა სახლის თანამშრომლები იქნებიან, ანუ ისინი, ვინც შემდეგში იქნებიან ჩართული სქემის განხორციელებაში.
თქვენი პრეზენტაციის შინაარსი არის სქემაში ჩართული პედაგოგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვება. როგორ ხდება ვიდეო გადაღება?
მანდ ორი მხარეა გასამიჯნი – მასწავლებელთა შეფასებაზე პასუხისმგებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, გამოცდების ცენტრი კი მხოლოდ გარე შეფასებაზეა პასუხისმგებელი. დღევანდელი შეხვედრა სწორედ გარეშეფასების მოდელის ჩვენებას წარმოადგენს. თავის მხრივ ეს მოდელი იმას გულისხმობს, მასწავლებელმა აჩვენოს, რომ შეუიძლია კარგი გაკვეთილის ჩატარება, ანუ პრაქტიკაში უნდა აჩვენოს თავისი ცოდნა; შესაბამისი პროფესიული უნარები, რომელიც შეუძლია პრაქტიკაში გამოავლინოს.
ამის აჩვენებენ გარე შეფასების პერიოდში – პროცესი ჩაიწერება ფირზე და შემდეგ შეფასდება ეს ფირი.
ფირს, ანუ ნამუშევარს ვინ აფასებს?
შეაფასებენ სპეციალურად მომზადებული გამსწორებლები, რომლებიც შეიძლება იყვნენ სკოლის მასწავლებლები, ზოგადად, აკადემიური წრის წარმომადგენლები?
შემფასებლების შერჩევის კრიტერიუმები რა იქნება?
შემუშავდა შეფასების გარკვეული რუბრიკები, რომელთა კარგი ცოდნა სავალდებულო იქნება შემფასებულისთვის, ანუ უნდა შეაფასო კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ტრენინგისა და გამოცდის შემდეგ ვინც დაადასტურებს, რომ ამ კრიტერიუმებით აფასებს, სწორედ ის გახდება შემფასებელი.
ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტების გამგეობის ბაზაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფების ძირითადი მიზნია პირუტყვის დაავადებების შესახებ ინფორმაციის მონაცემების შეგროვება – გავრცელება, ეფექტური ეპიზოოტური კარანტინების ჩატარების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მაღალმთიან ზაფხულის საძოვრებზე პირუტყვის გადარეკვისას მონიტორინგის წარმოება და მარშრუტის პატრულირება პირუტყვის დაავადებების გავრცელებისა და გარეული ცხოველების თავდასხმისგან, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების (მათ შორის საძოვრების) მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა და პირუტყვის დაავადებებისა და გარეული ცხოველების მიერ მიყენებული ზარალის დათვლა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გასატარებლად „მერსი ქორფსმა“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს მაღალი გამავლობის ავტომობილი გადასცა.
ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ორგანიზაცია ავტომობილებს უახლოეს დღეებში გადასცემს.
პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით პრევენციას აჭარის მუნიციპალიტეტებში არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.
წელს, 27 აპრილიდან სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ შემოიღო რეფერირების ახალი სისტემა და აჭარის მაღალმთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისების განხორციელებაზე უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა ძალიან მკაცრი გამოხმაურება, საგანგებო რეჟიმში ჩავატარეთ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაფართოებული სხდომა, მოვიწვიეთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ერთად და ვკითხეთ როგორი იყო მათი ხედვა ამ პრობლემაზე. ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს იქნებოდა დამღუპველი და სავალალო შედეგს გამოიწვევდა.
რა თქმა უნდა, გარკვეული პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით გატარდა. ეს აისახებოდა იმაში, რომ მოსახლეობას არ უნდა გადეხადა თანხა ან თუ გადაიხდიდა, ავუნაზღაურებდით სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისა და იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. მაგრამ რასაც ვერ ავუნაზღაურებდით და რასაც ვთხოვდით, იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ექიმის მომსახურება. სავალალო შედეგი მივიღეთ გუშინ: დარწმუნებული ვარ, გუშინ დაჭრილი 25 წლის ახალგაზრდის გადარჩენის შანსი, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა კლინიკაში, 100%-ით არსებობდა, მაგრამ საავადმყოფოში არ აღმოჩნდა ექიმი. ეს არის ის დამღუპველი პოლიტიკა, რომელსაც დასაბამი დაუდო ნაციონალურმა მოძრაობამ და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო მის ჩამოშლას.
ამასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, ბატონ დავით სერგეენკოს – ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს, ის არის, რომ სამედიცინო მომსახურეობა, რომელსაც კორპორაცია „ევექსი“ ახორციელებს, კლინიკები ხულოში, შუახევსა და ქედაში უნდა გადმოვიდეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა პროგრამის განხორციელება.
გადმოცემაში რას გულისხმობთ, ეს კლინიკები ხომ კერძო საკუთრებაა?
კერძო საკუთრება არის, მაგრამ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ამ სამედიცინო კორპორაციასთან. არ არსებობს, რომ მოლაპარაკების საფუძველზე ვერ მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩემთვის პიველადი მონაცემებით ცნობილია, რომ ისინიც გამოთქვამენ მზადყოფნას გარკვეული ფორმით დაუბრუნონ ეს სახელმწიფოს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა მოლაპარაკება „ევექსთან“, მაშინ სახელმწიფომ უნდა შექმნას ალტერნატიული სამედიცინო ცენტრები და სახელმწიფო პროგრამა სწორედ თავის ცენტრებში განახორციელოს. როდესაც „ევექსი“ დაინახავს, რომ მას ასეთი საშიშროება დაემუქრება, ის გადმოდგამს ნაბიჯს თანამშრომლობისკენ.
რამდენადაც ცნობილია, „ევექსს“ მაღალმთიან აჭარაში კლინიკების გახსნის პროცესში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფოსგან. ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, სახელმწიფოსა და „ევექსს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დეტალები და რამდენად ასრულებს „ევექსი“ ამ პირობებს?
დღევანდელი ბრიფინგის ერთ-ერთი თემა ესეც არის, რომ ჩვენ ვერაფრით მოვახერხოთ მისი მოპოვება და იქნება ჟურნალისტები დაგვეხმაროთ, რომ ხელშეკრულება რომელიც არის გაფორმებული სააქციო საზოგადოება „ევექსთან“, გახდეს საჯარო… ჩემთვის ამ ხელშეკრულებიდან ერთადერთი პუნქტი არის ცნობილი, როგორც ვიცი, „ევექსი“ ვალდებული იყო 7 წლის განმავლობაში განეხორციელებინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები. მან ესეც კი დაარღვია. 7 წელი არ გასულა და უკვე შეწყვიტა სამედიცნო მომსახურება. როგორც ჩემთვის ცნობილია, თავის დროზე დიდი სასათბურე პირობები, შეღავათები, დათმობები იყო, რომლითაც ალბათ გარკვეული საფინანსო ჯგუფები იყვნენ დაინტერესებული და სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენეს კერძო კომპანიის ინტერესები. ამან რა შედეგიც მოგვიტანა, სახეზეა. მე შევეცდები საჯარო გავხადო ეს ხელშეკრულება და ყველამ დაინახოს, რა ხელშეკრულება გააფორმა თავის დროზე ხელისფლებამ მოსახლობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე რომელი სახელმწიფო ინსტიტუტია?
რამდენადაც ვიცი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თუნდაც იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი და რომლითაც, როგორც თქვენ ამბობთ, დარღვეული ხელშეკრულების პირობა, კომპანია „ევექსს“ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა. რას ფიქრობთ თქვენ, როგორც უმაღლსი საბჭოს დეპუტატი ამ საკითხზე?
მე ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავაკეთე განაცხადება – აქ მარტო პასუხისმგებლობის საკითხი არ არის მნიშვნელოვანი – ვთქვათ ვინმე, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, დაისაჯა, მერე რა. ჩვენ ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ. მე მახსოვს ბატონ დავით სერგეენკოს პოზიცია, როდესაც თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში შესული იყო ახალი მენეჯმენტი და იქ შეიქმნა სერვისების განხორციელების საშიშროება. მაშინ ბატონი დავით სერგეენკო მივიდა კერძო კომპანიაში და ძალიან მკაცრად უთხრა – კი ბატონო, მესმის თქვენ ხართ კერძო კომპანია და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს კერძო კომპანიის საქმიანობაში, მაგრამ ეს მომსახურება – ჯანმრთელობის დაცვა, არის სახელმწიფოს პრეპოგატივაო. ეს არ არის ისეთი ბიზნესი, სახელმწიფო რომ არ ჩაერიოს. დიახაც, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი ყველა იმ დამნაშავეს, რომელთა გამოისობითაც დღევანდელი შედეგი დადგა. გარდა ამისა, სასწრაფო წესით უნდა გამოსწორდეს სიტუაცია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს და ვითარებაში შემოსავლის მიღებისა და ვებგვერდების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებსაიტებზე ატვირთეს, რითიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლებლები – დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა გამოძიება თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში ჩაატარეს.
ახლობლების თქმით, გარდაცვლილი მუცლის არეში იყო დაჭრილი და საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ საავადმყოფოში ქირურგის არყოფნის გამო იგი სისხლისგან დაიცალა. შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს.
აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ახლობელის ინფორმაციით, დაჭრილის დასახმარებლად ქირურგი ხულოდან გამოიძახეს, მაგრამ რეანომობილი გამოძახებიდან მხოლოდ 2 საათში მივიდა კლინიკაში (ბოლო ერთი კვირაა შუახევში გაუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მომსახურება. ამის მიზეზი იყო ის, რომ კომპანია „ევექსმა“, რომელიც მაღალმთიან აჭარში საავადმყოფოებს ფლობს, უარი თქვა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოში ქირურგი აღარ მუშაობს).
დათო დავითაძესთან ერთად დღეს კიდევ ორი ადამიანი დაჭრეს. სავარაუდოდ, მისივე ბიძაშვილები.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის პოლიციამ ქედაში დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაზე განხორციელდება.
უნივერსიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსის გენო აბულაძის თქმით, პირველ კორპუსზე შეღებვითი სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა ნინოშვილის მხირდან შესასვლელი ფოიე და შიდა ეზოში გამოიცვლება სკამები.
რაც შეეხება რუსთაველის #32-ში მდებარე ხუთსართულიან შენობას, გენო აბულაძის განმარტებით, ამჟამად ამ კორპუსის რემონტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაოებენ და მალე, მის შერემონტებაზეც გამოცხადებენ ტენდერს.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2012 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 16 აპრილამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) სამუ-შაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 000 000 ლარისა.
ტენდერის შემსყიდველმა, სამუშაობი ხელშეკრლების გაფორმებიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე (სასწავლო წლის დაწყებამდე) უნდა შეასრულოს.
უნივერსტიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერი 16 აპრილს გამოცხადდა. წინადადების მიღება 7 მაისამდე გაგრძელდება.
შუახევის საკრებულოს №22 დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალურ პრემიას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
სელიმ ხიმშიაშვილის პრემია ენიჭებათ პირებს:
ა) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილის, აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისათვის.
ბ) საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესწავლის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.
გ) სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ისტორიის გამორჩეული პუბლიკაციებისა და მეცნიერული კვლევებისათვის.
სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო მოწმობა, ატრიბუტიკა და ფულადი ჯილდო 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. დადგენილების თანახმად, პრემია ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია პრემიის მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და პიროვნების საიუბილეო თარიღის გამო.
პრემია მიენიჭებათ საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის საიუბილეო ღონისძიებაზე 2015 წელს და მომდევნო 5 წელიწადში ერთჯერ, სელიმობის ღონისძიების ცერემონიალზე – 3 ივნისს.
საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის ჩამორთმევა დაუშვებელია.
ქალებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ასიე კაიტამბა, მეორე ადგილზე – ეთერ ჩავლეიშვილი, ხოლო მესამე ადგილზე – თამარ ბურჭულაძე. ხოლო მამაკაცებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა ნიკოლოზ ფხაკაძემ, მეორე ადგილზე გავიდა ალიოშა ვასაძე, მესამეზე კი – ნიაზ ბოლქვაძე. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
დარტსში პირველობა აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრების გამართვა აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ტაბაღუას იდეა იყო. როგორც მან უთხრა „ბათუმელებს“, სამომავლოდ სურს ეს სახეობა განვითარდეს და ჩატარდეს საქართველოს პირველობა არა მარტო ვეტერანებს, არამედ ახალგაზრდებს შორისაც.
დარტსი ერთ-ერთი სპორტული სახეობაა. მისი მოთამაშეები კედელზე ჩამოკიდებული მრგვალი დაფის მიმართულებით გარკვეული მანძილიდან პატარა ისრებს ისვრიან. დარტსის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი მიიჩნევა და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პოპულარული სპორტული თამაშია. 1993 წლიდან ტარდება პროფესიონალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატიც. 2015 წელს ჩატარებული დარტსის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 1 250 000 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
დირექტორის ჩათვლით ამჟამად წყალბურთის კლუბში რვა ადამიანია დასაქმებული – 5 მწვრთნელი, იურისტი და ბუღალტერი. მათთვის ყოველთვიური ხელზე გასაცემი თანხა ჯამში 4260 ლარია. მწვრთნელების საშუალო ხელფასი 500 ლარია. ერთი და იმავე რაოდენობის ხელფასი (720 ლარი) აქვთ უფროს მწვრთნელსა და დირექტორს. გასულ წელს წყალბურთის კლუბის ბიუჯეტი 80 000 ლარი იყო, წელს კი – 100 000 ლარი გახდა. კონკრეტულად, სახელფასო ფონდი 11 638 ლარით გაიზარდა. კლუბს ბიუჯეტის გეგმაში 7800 ლარი მივლინებებზე (კვების, ტრანსპორტისა და სასტუმროს ხარჯები) აქვს გაწერილი, ეს ნაწილი გასულ წელთან შედარებით 520 ლარით შემცირდა. გაიზარდა აუზის მომსახურების ხარჯი. წელს ამ მომსახურებაზე 28 000 ლარი დაიხარჯება.
ხელბურთის კლუბი „ბათუმი“
მიმდინარე წელს ხელბურთის კლუბის დაფინანსება 18 500 ლარით გაიზარდა. უშუალოდ მერიისგან კლუბი 180 000 ლარს მიიღებს. კლუბში 22 ადამიანია დასაქმებული, აქედან 13 სპორტსმენი, ექვსი მწვრთნელი და ადმინისტრაციის კიდევ სამი თანამშრომელი დირექტორის ჩათვლით. ყველაზე მაღალი ხელფასი დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს აქვთ – 950 ლარი. მიუხედავად ბიუჯეტის ზრდისა, ეს ცვლილება არც სპორტსმენების და არც ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებზე არ ასახულა. კლუბში სპორტსმენების საშუალო ხელფასი 572 ლარია, მაქსიმალური კი – 750 ლარი (მხოლოდ ერთი სპორტსმენი იღებს).
სარაგბო კლუბი „ბათუმი“
სარაგბო კლუბი „ბათუმი“, საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ შემდეგ ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი კლუბია ბათუმში. 2015 წელს მის განკარგულებაში 1 246 851 ლარია. ბათუმის მერიამ კლუბი 700 000 ლარით (გასულ წელთან შედარებით 100 900 ლარით მეტით) დააფინანსა. მიუხედავად ამისა, კლუბის საერთო ბიუჯეტი წელს 195 143 ლარითაა შემცირებული. მერიის გარდა „ბათუმს“ დაფინანსების კიდევ ორი წყარო აქვს – საკუთარი ანგარიშიდან მიღებული საპროცენტო სარგებელი და საქართველოს რაგბის კავშირიდან მიღებული ყოველწლიური 400 000 ლარი. კლუბის ბუღალტრის, ზურაბ ცენტერაძის განმარტებით, ბიუჯეტის შემცირება საკუთარი სახსრების შემცირებითაა გამოწვეული: „წინა წელს თანამშრომლები უფრო ნაკლები გვყავდა, ნაკლები ხელფასი იყო. წელს გაიზარდა გუნდი, ხელფასები და შემცირდა საკუთარი სახსრები და წლის ნაშთი“. სარაგბო კლუბ „ბათუმში“ დასაქმებულ პირთა რაოდენობა 17 ადამიანით გაიზარდა. ამჟამად სპორტსმენებიანად კლუბი 78 ადამიანს ითვლის. აქედან 61 საშტატო, 17 კი – შტატგარეშე თანამშრომელია. საშტატო ერთეულში 45 მორაგბეა, შტატგარეშე კი – შვიდი. 14 პირი ადმინისტრაციულ განყოფილებაში მუშაობს. ბათუმის სარაგბო კლუბის დირექტორის ხელფასი ხელზე 1300 ლარია. 1100 ლარი ერიცხება მის მოადგილეს, ხოლო მთავარ მწვრთნელს დავით გუგუშვილს, 3000 ლარი – ყველაზე მაღალი ხელფასი კლუბში. კლუბში რაგბისტების საშუალო ხელფასი ხელზე 866 ლარია, მინიმალური ხელფასი – 100 ლარს, მაქსიმალური კი – 2500 ლარს შეადგენს.
საკალათბურთო კლუბი „ბათუმი 2010“
კლუბის დირექტორის ხელფასი 1650 ლარია, მთავარი მწვრთნელის კი – 3750 ლარი. კლუბში 23 თანამშრომელია. მათი ყოველთვიური სახელფასო ფონდი 67 671 ლარს შეადგენს. `ბათუმი 2010~-ს 14 კალათბურთელი ჰყავს, ამათგან 3 უცხოელი მოთამაშეა. ისინი ბათუმში, სპორტულ კლუბებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან. მაგალითად, ერთ-ერთი უცხოელი მოთამაშის ყოველთვიური ხელფასი 13 170 ლარია (6 875 აშშ დოლარი ლარის ექვივალენტი), ხოლო დანარჩენი ორი უცხოელის ხელფასი 9 578 ლარს (5000 აშშ დოლარი ლარის ექვივალენტი) შეადგენს. ქართველი კალათბურთელების ხელფასი 100 ლარიდან იწყება და 2500 ლარამდე აღწევს.
ბათუმის ”დინამო”
ბათუმის ”დინამო” ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სპორტული კლუბია. კლუბისგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის ”დინამოში” 87 ადამიანი მუშაობს. მათგან 19 ასაკობრივი გუნდის მწვრთნელია, 27 კი – ძირითადი გუნდის ფეხბურთელი. ”დინამოში” ფეხბურთელების საშუალო ხელფასი 2025 ლარია. საერთო ჯამში კი, მათზე გასაცემი ყოველთვიური ხელფასი 54 700 ლარია. ”ბათუმელებმა” ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სპორტული კლუბებისგან, ბოლო ორი წლის ბიუჯეტი ბათუმის ”დინამოსგანაც” გამოითხოვა, თუმცა მას ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია.
ფრენბურთის კლუბი ”ბათუმი”
კლუბის წლევანდელი ბიუჯეტი 114 000 ლარია. გასულ წელთან შედარებით ეს თანხა 19 000 ლარით გაიზარდა. ფრენბურთის კლუბში 14 სპორტსმენი, ოთხი მწვრთნელი, კლუბის დირექტორი და ბუღალტერი მუშაობს. მათზე გასაცემი ყოველთვიური ხელფასი ჯამში 5 950 ლარია. მწვრთნელის საშუალო ანაზღაურება 390 ლარია, სპორტსმენებისა კი – 287 ლარი. კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი დირექტორს – 850 ლარი და ბუღალტერს – 700 ლარი აქვთ.
„სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“
2015 წელს „სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში” 38 ადამიანი მუშაობს: დირექტორი (ხელფასი 1600 ლარი), ხუთი მწვრთნელი (თითოეულის ხელფასი – 900 ლარი), ორი ყინულის მომვლელი (450 ლარი), რვა მემანქანე (450 ლარი), სამი ელქტრიკოსი (400 ლარი), ხუთი დამლაგებელი (400 ლარი) და სხვა ტექნიკური საკითხის სპეციალისტები მუშაობენ. შარშანდელთან შედარებით ხელფასი მხოლოდ დამლაგებლებს – 20 ლარით გაეზარდათ. ”სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა” 2015 წელს ორი საშტატო ერთეული მწვრთნელ-ქორეოგრაფი (900 ლარი) და ჰოკეის სპეციალისტი (1200 ლარი) დაამატა. ეს თანამდებობები ამჟამად ვაკანტურია. მოთხოვნის მიუხედავად ბოლო ორი წლის ბიუჯეტი ”ბათუმელებისთვის” არც ”სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს” მოუწოდებია.
„ბათუმის საცხენოსნო კლუბი“
”ბათუმის საცხენოსნო კლუბში” ხუთი ადამიანია დასაქმებული: სპორტსმენი, მეჯინიბე, მთავარი ინსტრუქტორი, ბუღალტერი და დირექტორი. მათი ყოველთვიური ხელფასის ჯამი 4450 ლარია. 2015 წელს მერიამ საცხენოსნო სპორტს დაფინანსება 34 000 ლარით შეუმცირა და 116 000 ლარით აფინანსებს. აქედან პრემიის ჩათვლით სახელფასო ფონდი 52 275 ლარია. წელს კლუბში ხუთივე დასაქმებულის ხელფასი საშუალოდ 31%-ით გაიზარდა.
ბათუმის ავტოდრომი
ბათუმის ავტოდრომი ახალშექმნილი სპორტული ორგანიზაციაა, რომლის ამოცანა ავტოსპორტის პოპულარიზება და განვითარების ხელშეწყობაა. ავტოდრომის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 1200 ლარით შემცირდა და წელს იგი 83 800 ლარს შეადგენს. წელს ხელფასი მხოლოდ ერთ მრბოლელს, 375 ლარიდან 700 ლარამდე გაეზარდა. ავტოდრომში ხუთი ადამიანია დასაქმებული: კლუბის დირექტორი, მსაჯი, ბუღალტერი, ადმინისტრაციის მენეჯერი და ტექნიკური სპეციალისტი. მათ საზღაურზე ყოველთვიურად ჯამში 3450 ლარი გაიცემა. ავტოდრომში მინიმალურ ხელფასს – 400 ლარს, ტექნიკური სპეციალისტი და ბუღალტერი, ხოლო მაქსიმალურს – 1250 ლარს კლუბის დირექტორი იღებს.
საჭადრაკო კლუბი „ნონა“
„ნონას“ ბიუჯეტი 2014 წელს 142 300 ლარი იყო. წელს კი მის განკარგულებაში 259 000 ლარი იქნება. ”ნონაში” სულ ცხრა ადამიანი მუშაობს (4 შტატგარეშე). მოჭადრაკეების საშუალო ხელფასი 600 ლარია, მინიმალური – 400 ლარი, მაქსიმალური კი – 800 ლარი. კლუბის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წელს ევროპის ჩემპიონატისა და საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად კლუბი `ნონა~ რამდენიმე მწვრთნელს მოიწვევს. შარშან ამავე ჩემპიონატებისთვის კლუბმა ექვსი მწვრთნელი მოიწვია, რომელთა საერთო ანაზღაურებისთვის 29 338 ლარი დაიხარჯა.
თანამდებობის პირი, რომელმაც საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით დაარღვია კონკურსის წესები ან მისთვის სასურველ პირს შერჩევის კრიტერიუმი მოარგო, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. თუ საჯარო მოხელემ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ამ შინაარსის ცვლილების შეტანას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ითხოვს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს ნეპოტიზმთან ბრძოლას.
რას ფიქრობენ მაღალჩინოსნები აჭარაში კანონის ამგვარად ცვლილების შესახებ? – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ნეპოტიზმის კრიმინალიზების შესახებ „ბათუმელებთან“ კომენტარი არ გააკეთეს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ბესო შერვაშიძის თქმით, ავთანდილ ბერიძე საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ნეპოტიზმი დასჯადი შეიძლება გახდეს, ჯერ არ იცნობს და, შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გააკეთებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ არჩილ ხაბაძე ნეპოტიზმზე საუბრისგან ამჯერად თავს შეიკავებს.
„ქართველები რიცხობრივად პატარა ერი ვართ, ამიტომ ნეპოტიზმის თემა აქ ცოტა სხვა ასპექტში შეიძლება წარმოდგეს, პრობლემის მხრივაც და კანონის მხრივაც. რა ნიუანსებით მოხდება ამის მიღება ან არ მიღება, ამას დრო გვაჩვენებს. დღეს საქართველოში ეს პრობლემა დგას იმის გამო, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და შეიძლება სახელმწიფო მოხელემ რაღაც დოზით დაუშვას ეს შეცდომა. ამიტომ მე კანონის მიღებას მივესალმები“, – ამბობს კაკო ძნელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის მოსაზრებით, ნეპოტიზმი მიუღებელია, მაგრამ ნეპოტიზმი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ უნდა იყოს:
„მე ვფიქრობ, რომ ეს ნეპოტიზმთან ბრძოლის არასწორი ფორმაა. ნეპოტიზმი მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯებოდეს. ვერც ერთ ჩემს ნათესავს, ვერც შორეულს, ვერც ახლო ნათესავს ვერ ნახავთ თანამდებობაზე აჭარაში, მაგრამ თუ რაიმე მსგავსი ფაქტი აღმოჩნდება, სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელმაც ნეპოტიზმით დანიშნა ვინმე სამსახურში.
ნეპოტიზმის მოგვარება სხვაგვარადაც შეიძლება. მაგალითად, მე თუ ვინმე დავნიშნე ნეპოტიზმით და ეს დამიდასტურდა, მომთხოვონ კანონით, რომ მე ის ადამიანი გავუშვა სამსახურიდან. მაგრამ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ან საერთოდ მოვკვეთოთ კაცი სამსახურიდან – მე ამას არ ვეთანხმები. მითუმეტეს, თუ დაიჭერენ, ეს ხომ საერთოდ მიუღებელია. როცა ხმაურდება ასეთი ფაქტი, იმ ადამიანის რეპუტაცია ილახება – ესეც ერთგვარი დასჯაა.“
კომენტარზე უარი არ უთქვამს, თუმცა კითხვებზე, უნდა იყოს თუ არა ნეპოტიზმი დასჯადი, ან უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს პარლამენტმა ინიცირებული პროექტი ნეპოტიზმის დასჯადობის შესახებ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე არ პასუხობს. მინისტრი მხოლოდ კონკურსებზე კომენტარით შემოიფარგლა: „საჯარო და კერძო სექტორში კადრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონკრეტული პირის კეთილსინდისიერება მასზე დაკისრებული საქმიანობის შესრულებისას. კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია. კანონმდებლობა შპს-ებში კონკურსის წესით კადრების შერჩევას არ ითვალისწინებს, თუმცა კარგი თანამშრომლის პოვნა მხოლოდ მაღალი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ სამინისტროს შპს-ში სპეციალისტთა შერჩევა კონკურსით მოხდა. ჩვენი პრიორიტეტია არა შეივსოს ვაკანტური პოზიცია, არამედ შეირჩეს მაღალკვალიფიციური კადრები.“
მინისტრის ეს კომენტარი „ბათუმელებმა“ პრესსამსახურის დახმარებით, წერილობით მიიღო. კითხვების დაკონკრეტებისას დავით ბალაძემ „ბათუმელებს“ ასე უპასუხა: „თქვენ გაქვთ ჩემი კომენტარი.“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში ასევე მოახდენს იმ პირის მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების კრიმინალიზაციას, რომლის სასარგებლოდაც დაირღვა კონკურსის პირობები, თუ მან ამის შესახებ იცოდა. თუმცა, თუ პირი ამ დანაშაულის შესახებ ნებაყოფლობით მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებს, კანონპროექტის მიხედვით, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
პარლამენტში „ქართული ოცნების~ ფრაქციის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებით დამატებითი კანონპროექტის დამტკიცება საჭირო არ არის, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ნეპოტიზმი ისედაც იკრძალება. კანონპროექტის ავტორების თქმით კი, „პრაქტიკაში თითქმის არ ხდება აღნიშნული მუხლის ამგვარი ინტერპრეტაციით გამოყენება.“
ფესტივალზე ასევე ჩატარდება თემატური ლექციები და მასტერკლასები.
ფესტივალის ფორმატის მიხედვით, დღის პრიველი ნახევარი ეთმობა მოწვეული თეორეტიკოსების მიერ ლექცია-მასტერკლასების ჩატარებას, ხოლო დღის მეორე ნახევარი ეთმობა მუსიკალურ პერფორმანსებს და ვიდეო ინსტალაციებს.
წლევანდელი SoundSpring-ის პირველ დღეს, ანუ 8 მაისს, 17:00 საათზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ არჩილ გიორგობიანის, 9 მაისს კი – ნიკა მაჩაიძის ლექცია/მასტერკლასები. 10 მაისს, 14:00 საათზე ლექციას წაიკითხავს – კოკა ნიკოლაძე 17:00 საათზე კი ნინო ჟვანია.
ფესტივალის მუსიკალური ნაწილი, 8,9 და 10 მაისს 19:00 საათზე დაიწყება.
კონფერენცია შეეხებოდა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას დღეს და მათი გამოყენების პერსპექტივებს მომავალში.
ჭიპლარის სისხლის ბანკის ”ჯეოქორდის” სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილის თქმით ჭიპლარის სისხლის მიწოდება მათ ბანკში ბათუმიდანაც ხდება – ”ახლა გვინდა ჩვენი აქტივობის უფრო გაფართოვება და რაც სამშობიაროებია ბათუმში გვინდა, რომ ყველა მოვიწვიოთ.”
შეხვედრას ესწრებოდა ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მეან გინეკოლოგი კონსტანტინე მარდალეიშვილი, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლოლაძე, მეან გინეკოლოგები აჭარიდან და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
„მყავს მეუღლე, რვა წლის შვილი და მეგობრები, რომლებიც ჩემსავით ჟესტების ენით საუბრობენ. რომ არ მოვიწყინოთ, ვცდილობთ, ცხოვრება ჩვენ თვითონ გავიმრავალფეროვნოთ. პრობლემების მიუხედავად მაინც ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას და საუბარს“, – ამბობს მერი ჯაღათაშვილი. მას ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შევხვდით. ის სკოლის მოხალისე მოსწავლეებს ჟესტების ენას ასწავლის.
„ეს გაკვეთილები ბედის საჩუქარია“, – ამბობს მერი. ის ერთ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ნინო ჩხაიძეს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და ასე დაიწყო ყველაფერი.
„ნინო ჩემით დაინტერესდა და ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდა. ახლა აქ ვარ და სკოლის მოსწავლეებს ჟესტებით საუბარს ვასწავლი. ბედნიერი ვარ, რადგან მათ ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ“.
მერი თერთმეტი წელი სწავლობდა თბილისში, სპეციალურ სკოლაში, თუმცა სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო:
„ოჯახი ბათუმში შევქმენი და ახლა ამ ქალაქში ვცხოვრობ. რადგან სმენის პრობლემები მაქვს, სწავლის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. პროფესია არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ფიზიკური სამუშაო შევასრულო, თუმცა სამსახური მაინც არ არის. სმენის არმქონე თითქმის ყველა ადამიანი დაუსაქმებელია. ორი თუ სამი ადამიანი ვიცი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს, სულ ეს არის“, – ამბობს მერი.
მერის იმედი აქვს, რომ გამოჩნდებიან ისეთი დამსაქმებლები, რომლებიც მათ ელემენტარულ სამუშაოს მაინც მისცემენ და სახელმწიფო შემწეობაზე აღარ იქნებიან დამოკიდებულნი.
„გვითხრეს, რომ ახალი სასტუმრო აშენდა და ოცამდე სმენადაქვეითებულს დაგვპირდნენ დასაქმებას. ვნახოთ რა გამოვა. ბევრ ადგილზე მითხრეს უარი. პენსია ასი ლარი მაქვს და სოციალურ დახმარებას ვიღებ – ეს არის ჩემი შემოსავალი. ჩემს შვილს სმენითი პრობლემები არ აქვს, ამიტომ მინდა მას კარგი განათლება მივცე“, – გვეუბნება მერი.
სმენადაქვეითებული ადამიანების სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვთ. მერი ამბობს, რომ სმენადაქვეითებულთა საზოგადოებაც პირობითია: „წლების წინ აბუსერიძის ქუჩაზე ყოფილი საწარმოს შენობაში ერთი ოთახი იყო გამოყოფილი და დღესაც ამ ოთახში ვიკრიბებით ხოლმე. იქ ერთი ტელევიზორი დგას და გვპირდებიან კომპიუტერსაც. სხვა განსაკუთრებული ჩვენთვის არაფერია“.
მერისთან საუბარში ჟესტების ენის სპეციალისტი შორენა ლომაძე გვეხმარება. ის ამბობს, რომ ამ ერთ ოთახში ზოგჯერ სმენის პრობლემების მქონე ადამიანები ფილმებსაც უყურებენ, ის კი მათ შინაარსის გაგებაში ეხმარება.
„ვისაც სკოლის განათლება აქვს, მათ წერა-კითხვა შეუძლიათ, თუმცა არის რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან და მათთვის ძალიან რთულია კომუნიკაცია“, – ამბობს შორენა ლომაძე.
იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც ჟესტების ენა არ იცის, მერის სწორედ ანბანის ცოდნა ეხმარება:
„თუ ძალიან გამიჭირდა და ვერ მივახვედრე რა მინდა, ვთქვათ, მაღაზიაში ან ბაზარში, ფურცელზე ან ტელეფონში ვწერ და ვაჩვენებ. ბუნებრივია, ვერავის დავავალდებულებ, რომ ჟესტების ენა ისწავლოს. ეს, უბრალოდ, თანადგომის ამბავია, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ეს ბავშვები დაინტერესდნენ, ისინი მომავლის თაობაა და დროთა განმავლობაში ალბათ ჩვენც უფრო მეტ ადამიანთან შევძლებთ ურთიერთობას“, – ამბობს მერი.
ნინო ჩხაიძე მერისთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს: „ჟესტურ ენაზე ფიქრი მერის გაცნობის შემდეგ დავიწყე. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ-ერთი აქცია იყო, გამაჩერა და ხელებით მეკითხებოდა რა ხდებაო. ძალიან შევწუხდი, რომ არ შემეძლო ახსნა“.
ნინო ამ ამბის შემდეგ მერის კიდევ დაუკავშირდა და რამდენჯერმე შეხვდნენ. „ვთხოვე, ესწავლებინა ჟესტების ენა. ხან სახლში დავდიოდი მასთან, ხან კაფეში მივდიოდით ერთად, მერე ოფისშიც მოვიდა. ჟესტების სწავლის საჭიროება რეალურად გაჩნდა“.
ნინო ამბობს, რომ მერის ახალი მეგობრების შეძენის ალტერნატივა არ ჰქონდა და მაშინ მიხვდა, რომ რაღაცის შეცვლა აუცილებელი იყო.
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, თუ ვის უნდა აეღო შშმ პირთა კლუბის ორგანიზება და ჩვენ შეგვარჩიეს. ამ პროგრამაში საბაზისო დონეზე ჩავდეთ მოსწავლეებისთვის ჟესტების ენის შესწავლა, რადგან ისინი ყველაზე მოტივირებული და ენერგიულები არიან“.
ჟესტების ენის შესწავლის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
„ვინც გამოგვეხმაურა, მივიღეთ. ბათუმის თითქმის ყველა სკოლიდან ორ-ორი მოსწავლე შევარჩიეთ. აპრილის ბოლოს ამ მოსწავლეებმა ჟესტების ენაზე ღონისძიება უნდა გააკეთონ და ტემპი ისეთია, რომ ალბათ წარმატებული იქნება“.
ნინო ამბობს, რომ სახელმწიფოს შშმ პირების მიმართ ვალდებულება აქვს აღებული, მაგრამ რეალურად მათი საჭიროებებისთვის ნაკლები კეთდება. „ჟესტების ენის შესასწავლი პროექტი ჩვენთან დასრულდა. თუმცა, თუ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იქნება, ალბათ სახელმწიფოც მეტ ყურადღებას გამოიჩენს“.
ყველაზე მთავარი, როგორც ნინო ამბობს, ამ ყველაფერში არის ის, რომ ხვალ მერის ახალი მეგობრები ქუჩაში შეხვდებიან, ჟესტების ენით მიესალმებიან და მოიკითხავენ. „ურთიერთობის დასაწყისისთვის ეს საკმარისია, ამ ურთიერთობის გაგრძელების სურვილი კი, თავისით ჩნდება“.
მაჟორიტარი ფრანგული სიტყვაა და ქართულად უმრავლესობას ნიშნავს. ქართული კანონმდებლობით საკრებულოს მაჟორიტარი არის პირი, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ კონკრეტულ უბანში ხმების 50%-ზე მეტი მოაგროვა. შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი მან, როგორც ხალხის რჩეულმა, საკრებულოში ამ უბნის ინტერესების დაცვა და მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს. საკრებულოს სხვა პირებთან ერთად მიიღოს ხალხისა და ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები, აკონტროლოს მერიის მუშაობა და ბიუჯეტის ხარჯვა.
ბათუმის საკრებულოში ათი მაჟორიტარია, არჩევნებზე ათივემ კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით იყარა კენჭი. „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი, ორი მაჟორიტარი – კობა ჩხაიძე და ჯაბა ბერიძე ოპოზიციაში გადავიდა.
თუ როგორ აფასებს ამომრჩეველი თავისი უბნის მაჟორიტარის მუშაობას საკრებულოში, ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ამომრჩეველი გასულ კვირას ბათუმის სამ უბანში ე.წ. ბონი-გოროდოკში, ჭაობის დასახლებასა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოკითხა. რესპონდენტები შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ.
გამოკითხულთაგან უმეტესობა ამბობს, რომ არ იცის ვინ წარმოადგენს მის ინტერესებს საკრებულოში და არც ის სახელი და გვარი ახსოვს, რაც ცხრა თვის წინ საარჩევნო ბიულეტენზე შემოხაზა. კითხვაზე, ვის მიეცით ხმა თვითმმართველობის არჩევნებზე? – უმეტესობა პასუხობს, რომ ხმა „ოცნებას“ მისცა.
იშვიათად გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც მაჟორიტარს იცნობენ, მისი ტელეფონის ნომერი საკუთარ ტელეფონში აქვთ ჩაწერილი და მასთან დახმარების სათხოვნელადაც მისულან. „თეიმურაზ ბასილაძეა ჩვენი მაჟორიტარი. ყველას ეხმარება, კარგი კაცია“, – ამბობს ნონა ზაქარაძე. ის ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცხოვრობს.
„დილით რომ გამოვალ სახლიდან, საღამომდე სამსახურში ვარ, სახლში გვიან ვბრუნდები, მაჟორიტარი სად უნდა მენახა“, – ამბობს როინ გორგოშაძე, რომელიც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობს.
21 წლის ლუკასთვის, რომელიც ჭაობის დასახლებაში ცხოვრობს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მისი უბნის მაჟორიტარი, ამიტომ არც აინტერესებს. „არ ვიცი ვინ არის, გიორგი იქნება, ან ლუკა, ან დავითი. რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს?“- ამბობს ლუკა. ის ფიქრობს, რომ შეიძლება იცნობდეს კიდევაც მაჟორიტარს, შეიძლება შეხვედრია კიდევაც, მაგრამ არც მაშინ ეცოდინებოდა და არც ახლა იცის, რომ ის მისი უბნის მაჟორიტარია.
არის ბევრად განსხვავებული დამოკიდებულებაც: „ირაკლი მიქელაძე რომელია? – ჩვენი რომანის ბიჭი? – ჰოო, მაი დეპუტატია. ჭკვიანი ბაღანა ჩანდა თავიდანვე. არაფერი არ გვითხოვია მისთვის. რა უნდა გვეთხოვა?“
ბონი-გოროდოკის, ჭაობის დასახლებისა და შემოერთებული ტერიტორიების ამომრჩეველს ძირითადად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გადაადგილების პრობლემები აწუხებს, ითხოვენ ბავშვთა ბაღების მშენებლობას. ამ უბნების მაჟორიტარების თქმით, საკუთარ ამომრჩეველთან კონტაქტს ძირითადად ტერიტორიული ორგანოების ოფისებში ან რწმუნებულების დახმარებით აწარმოებენ.
თეიმურაზ ბასილაძე
თეიმურაზ ბასილაძეს, რომელიც კახაბრის უბნის მაჟორიტარია, ამომრჩეველთან ურთიერთობაში წინა წლებში რწმუნებულად მუშაობის გამოცდილება ეხმარება. მან „ბათუმელებთან“ დეტალურად აღწერა მის სამაჟორიტარო უბანში არსებული პრობლემები და მოსახლეობის სურვილებიც. ამ დრომდე ის ამ უბნის მაჟორიტარის მოვალეობის შესრულების გარდა სხვა საქმით არ იყო დაკავებული, მაგრამ ახლა კიდევ ერთი სამსახური დაემატა: „ახლახან საგზაო დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა.“
საკრებულოს იმ დეპუტატებს, რომლებიც საკრებულოს თანამდებობის პირები არ არიან, უფლება აქვთ სხვა სამსახურებშიც დასაქმდნენ. ჭაობის უბნის მაჟორიტარის თემურ ყურაშვილის განმარტებით, ეს საკრებულოს წევრის მუშაობას ხელს არ შეუშლის, რადგან მისივე თქმით, კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრი მაჟორიტარის მოვალეობის შესასრულებლად პერიოდულად სამსახურიდან რამდენიმე საათით უნდა გათავისუფლდეს.
მაჟორიტარის უფლებამოსილების ხარჯი თვეში რვაასი ლარია. პერიოდულად მათ სატელეფონო ხარჯებსაც უნაზღაურებენ. მაჟორიტარს არ ეძლევა სახელმწიფო მანქანა, თუმცა პერიოდულად მას შეუძლია საკრებულოს მორიგე მანქანა გამოიყენოს. მაჟორიტარს არც საწვავის ხარჯებს უნაზღაურებენ. იმაზე, რომ მაჟორიტარის ანაზღაურება მცირეა და ამიტომაც ხშირად ისინი პარალელურად სამუშაოს ეძებენ, `ბათუმელებს~ საკრებულოს სამივე მაჟორიტარმა უთხრა.
თემურ ყურაშვილი
თავისი უბნის პრობლემები, კონკრეტული ქუჩების, სახლებისა და ზოგჯერ კონკრეტული გვარებითაც კი კარგად იცის ჭაობის დასახლების მაჟორიტარმა თემურ ყურაშვილმა. ის ამ ეტაპზე ავარიული სახლების და ამ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლა-მოგვარებით არის დაკავებული. კითხვაზე, რატომ ვერ იცნობენ მას სამაჟორიტარო უბანში? პასუხობს: „მიკვირს, რომ ვერ დამასახელეს.“
ირაკლი მიქელაძე
ირაკლი მიქელაძის თქმით კი, მის სამაჟორიტარო უბანში ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე არხები და გაზიფიკაციაა. ის ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე აეროპორტის უბნის მაჟორიტარია. ირაკლი მიქელაძის თქმით, რასაც ის აუცილებლად გააკეთებს, მის უბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლია: „ეს ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში უნდა დასრულდეს და უნდა ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში ეს გაკეთდა.“
ბოლო პერიოდში საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლაზე საუბრობენ. ცვლილების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობას გაზრდის. ამაზე საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა.
თემურ ყურაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში იზრდება არჩეული პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ირაკლი მოქელაძის თმით, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ხალხთან, რომელმაც ის აირჩია, რადგან მომავალში იმავე უბანში ცხოვრების გაგრძელებას გეგმავს. თუმცა ამბობს, რომ არა „ქართული ოცნება“, მას ხალხი არ აირჩევდა: „ეს იყო პიროვნებას პლუს პარტიის იდეოლოგია. რომ ვთქვა, მე, ირაკლი მიქელაძემ მოვიგე არჩევნები, აბსურდი იქნება.“
შს სამინისტროს ცნობით სწავლების მიზანია, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მოხალისე-მაშველთა ჯგუფების შექმნა, მათი მხარდაჭერა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობა, რისკების სწორად შეფასება და საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება – “ეს აქტივობა დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაიუმჯობესონ ორგანიზაციული და ტექნიკური უნარები, რათა დაიცვან საცხოვრებელი გარემო ბუნებრივი კატასროფებისაგან”.
ღონისძიების ფარგლებში მოხალისე მაშველებმა ისწავლეს რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილება და დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აჭარის 3 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ხულოსა და შუახევშია დაგეგმილი. სწავლებას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი.
შს სამინისტრომ ქედაში მოხალისე-მაშველთა მომზადება ასოციაცია შავი ზღვის ეკოაკადემიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით განახორციელა. ღონისძიება პროექტის – „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში დაიგეგმა და ევროკომისიის მიერ ფინანსდება.
დაკავებულები 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ს. და 1972 წელს დაბადებული არჩილ თ.-ა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 30 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,237588 გრ. ბუპრენორფინს შეიცავს. ბრალდებულება აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში თურქეთიდან შემოიტანეს.
გამოძიება ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
აქციის მონაწილეები ჯერ ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის ქუჩიდან მთავრობის სახლთან გადმოინაცვლეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ თუ მთავრობა მხოლოდ ამ ორი კატეგორიის მიხედვით დაეხმარება ადამიანებს, გამოვა, რომ ისინი ამ მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს დაეხმარებიან, დანარჩენები კი ისევ ყურადღების მიღმა დარჩებიან. ეს გამოიწვევს პროტესტის ფორმის გამკაცრებას, ეს მიგვიყვანს რეგიონში სოციალურ აფეთქებამდე იმიტომ, რომ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება მრავალშვილიანები, შშმ პირები, უსახლკაროები, შრომის ვეტერანები და სხვა. აქ კიდევ არ არის მთელი ის მოსახლეობა მოსული. ველოდებით მთავრობის პასუხს, რომელიც ჯერ არ ჩანს”, – ამბობს ის.
საავადმყოფოს პრემსსამსახურის განმარტებით ჩვილი დედათა და ბავშვთა ცენტრში დღეს მიიყვანეს. „უმძიმეს, შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს საავადმყოფოში, მას დაყოვნების გარეშე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 1 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოზონოთერაპიის კაბინეტი აჭარაში პირველია. ოთახი, რომელიც ოზონის უახლესი და თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი, სრული დატვირთვით 4 მაისიდან ამოქმედდება.
თავდაპირველად კაბინეტი ორსულებს, ხანდაზმულებსა და გინეკოლოგიურ პაციენტებს მოემსახურება, რომლებსაც სხვადასხვა სახის ანთებითი და ვირუსული დაავადებები აღენიშნებათ. ასევე ონკოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, დერმატოლოგიურ და და გულსისხლძარღვთა დაავადებათა მქონე პაციენტებს. სამომავლოდ კი კაბინეტის პროფილის უფრო მეტად გაფართოება იგეგმება და იგი C ჰეპატიტითა და ოსტეოქონდროზით დაავადებულ პაციენტებსაც მოემსახურება.
ოზონოთერაპიის გამოყენება არ გამორიცხავს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ოზონის მედიცინაში გამოყენება ევროპაში პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, ხოლო საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში.
დღეს, ოზონოთერაპიის კაბინეტის პრეზენტაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე, ასევე ბათუმში მოქმედი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო ფონდმა “სოციალური პარნტიორობამ” გასული წლის 23 ნოემბერს, ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშთა პანსიონი გახსნა, რომელიც ამ ეტაპზე 50 სოციალურად დაუცველ ბავშვის სააღმზრდელო და საგანამანათლებლო მომსახურებას ეწევა.
ქობულეთში, ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მიერ დაფუძნებული ბავშვთა პანსიონი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 15 თებერვალს დააჯარიმა, რაც ფონდის ხელმძღვანელობამ უსამართლოდ მიიჩნია და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ფონდის ადმინისტრაციის განცხადებით მათ ჯანდაცვის სამინისტროს ორი მიმართულებით უჩივლეს: ”1. არსებული კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზირების გარეშე მოხდეს მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად ჯარიმა სრულიად უკანონოა. 2. იმ დროს, როდესაც აჭარის რეგიონში და მთელს საქართველოში ათობით გაურკვეველი წარმოშობისა და იდეოლოგიის პანსიონი უკვე არაერთი წელია უპრობლემოდ ფუნქციონირებს, დაჯარიმდა მხოლოდ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი”.
”დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურმა სააგენტომ მოითხოვა სოციალური სააგენტოს ჩართვა ამ პროცესში და ამის საფუძველზე სასამართლო პროცესი გადაიდო. კიდევ ერთხელ ხელოვნურად გააჭიანურეს პროცესი, სოციალური სააგენტო შეეძლოთ ორი თვის წინაც ჩაერთოთ საქმეში. შუამდგომლობის მომზადება ალბათ რამდენიმე კვირას კიდევ წაიღებს” – ამბობს ფონდი “სოციალური პარტნიორობის” პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი.
„სოციალური პარტნიორობას“ დაწესებული ჯარიმა არ გადაუხდია, გიორგი ქვირივიშვილი ამბობს, რომ თანხას ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ სასამართლო, ჯარიმას სამართლიანად სცნობს.
”ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარიმა გაუქმდეს. როგორც კი კანონში შევა ცვლილებები, რომელიც ჩვენს პანსიონს და აჭარაში არსებულ სხვა პანსიონებსაც კანონგარეშედ ცნობს (რაც აუცილებელია და ვიცით რომ ეს ცვლილება უნდა შევიდეს კანონში), ჩვენ მზად ვართ მივმართოთ შესაბამის სამსახურს ლიცენზირებაზე, მაგრამ სანამ ამას კანონი არ მოგვთხოვს – ჩვენ ლიცენზირებას არ გავივლით” – ამბობს გიორგი ქვრივიშვილი.
”დღეს პირველი მაისია, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ვაპროტესტებთ დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას საქართველოში და იმას, რომ მუშათა უფლებები, საქართველოს ძალიან ბევრ საწარმოში ირღვევა – ჭიათურაში, კაზრეთში, ჰესების მშენებლობებზე… მაგალითად 17 აპრილს ხულოშიც დაიღუპა ორი ადამიანი. დღეს ანალოგიური და უფრო მასშტაბური აქციები იმართება თბილისში, ქუთაისსა და ჭიათურაში. დღეს ჩვენ მუშებსა და ზოგადად მშრომელ ხალხს ვუხადებთ სოლიდარობას და მოვითხოვთ, რომ შეიქმნას რეალური, ქმედუნარიანი შრომითი ინსპექცია და რომ დასაქმებულებს შეუქმნან უსაფრთხო შრომითი გარემო. ასევე, მისცენ მათ მიერ გაწეული შრომის ადეკვატური ანაზღაურება” – ამბობს ილია ბერიძე, სტუდენტური მოძრაობა ”ალტერნატივას” წევრი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ორი ბრიგადა, აქვე იმყოფებოდნენ ენერგო- პრო ჯორჯიას თანამშრომლები. მეხანძრეებს წყლის გამოყენება არ დასჭირვებიათ.
შეხვედრაზე საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილმა, აჭარაში საჯარო და კერძო სექტორში არსებული შრომითი პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საჯარო სექტორში ბოლო პერიოდებში ადგილი ჰქონდა პირადი მოტივით საჯარო მოხელეების გათავისუფლებას და ამ მხრივ ყველაზე მეტად ადგილობრივი თვითმმართველობები გამოირჩევიან.
გარდა ამისა, საიას რეკომენდაციით აუცილებელია საჯარო სამსახურებში კონკურსების ჩატარების წესის დეტალური გაწერა, რადგან ხშირად არ იყო ცნობილი თუ რა კრიტერიუმებსა და რა ნიშნებზე დაყრდნობით ხდებოდა კონკურსანტების შერჩევა. მათივე რეკომენდაციით, ცვლილებებს საჭიროებს კომისიის წევრების არჩევის წესიც, რადგან მათ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევბი, როცა კანდიდატს მასზე დაბალი რანგის, ან სხვა დარგის სპეციალისტი აფასებდა.
კერძო სექტორში არსებული პრობლემების შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად უსაფრთხო შრომითი გარემო და პირობები დასახელდა. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, მათ გარკვეული რეკომენდაციები აქვთ დასაქმებულების ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და ამ სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, ასევე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების არ არსებობის და ამით გამოწვეული პრობლემების მოგვარების შესახებ – ”ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ხდება რომ დასაქმებული მოგვმართავს დახმარების თხოვნით და შრომითი ხელშეკრულების არ არსებობის გამო, ჩიხში შევდივართ” – ამბობს გიორგი ხიმშვაშვილი.
”ჩვენი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს შრომით უფლებებთან დაკავშჳრებით ზოგად პრობლემატიკას, როგორც სამართლებრივს ისე ფაქტობრივს. რეკომენდაციების ძირითადი არეალი მოიცავს საჯარო და კერძო სექტორებს. ეს შეეხება საჯარო სექტორში – კონკურსებსა და ატესტაციას, რაც შეეხება კერძო სექტორს, ეს არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, რომელიც სამართლებრივ დონეზე ჯერ კიდევ რჩება პრობლემად, ეს შეეხება ზე განაკვეთურ სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, მის შეწყვეტას და ა.შ.” – თქვა საიას თავმჯდომარემ.
პროექტის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა (ყოფილი პატიმარი, პატიმრის ოჯახის წევრი, პრობაციონერი) 980 ადამიანს.
იურიდიული დახმარების სერვისებით (დოკუმენტების მოწესრიგება, სამოქალაქო დავები, ნასამართლობისა და შეწყალების დოკუმენტების მომზადება) ისარგებლა 391-მა ადამიანმა.
პროფესიული განვითარების/განათლების კომპონენტით – 168 ადამიანმა.
პირველადი სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტებით მხარდაჭერის კომპონენტით – 49 ადამიანმა.
თვითდასაქმების ხელშეწყობის კომპონენტით (მცირე საოჯახო საწარმოების ჩამოყალიბება – განვითარება) – 125- მა ადამიანმა.
ბათუმის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასოდ ემსახურება. ბათუმის ფსიქოლოგიურ ცენტრში ოთხი ფსიქოლოგი და ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. ფსიქოლოგ მარიამ სტეფნაძის თქმით, კვირაში დაახლოებით ხუთ ბავშვს უწევენ ფსიქოლოგიურ მომსახურებას. ბავშვები ცენტრში, ძირითადად, სკოლიდან ხვდებიან მანდატურის, მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით.
„ჩვენი ცენტრი ემსახურება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ბათუმისა და მთლიანად აჭარის მასშტაბით. ჩვენთან მომართვისთვის რამე განსაკუთრებული წესი არ არსებობს. მომართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბავშვზე ზრუნავს და ბავშვის აღზრდის სფეროშია ჩართული. იქნება ეს მანდატური, ოჯახის წევრი თუ პედაგოგი. არასრულწლოვანი უნდა მოვიდეს მშობელთან ან მეურვესთან ერთად. მარტო მასწავლებელი ან მანდატური ვერ გადაწყვეტს, მაგალითად, ვიღაცა კლასში მოსწავლეს ვერ აწყნარებს, ადგეს და დამირეკოს, რომ პრობლემური ბავშვი ჰყავს და ეს ბავშვი ჩემთან უნდა მოვიდეს, ასე არ ხდება“, – ამბობს ბათუმის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი მულტიდისციპლინარულია. ეს ნიშნავს, რომ მოზარდები ცენტრში სხვადასხვა ტიპის მომსახურებას იღებენ. იქნება ეს ფსიქოკორექცია თუ ფსიქოთერაპია. პარალელურად, სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს იმაზე, თუ რა გარე ფაქტორებმა გამოიწვია ბავშვის ემოციური პრობლემები.
„ხშირად ხდება, რომ ცენტრში აგზავნიან ბავშვს, რომელიც, უბრალოდ, ცელქია. პირველივე კონსულტაციის შემდეგ ასეთი ბავშვი უბრუნდება სკოლას და ვწყვეტთ მასთან მუშაობას. არის ბავშვების კატეგორია, რომლებთანაც ვმუშაობთ ინდივიდუალურად. როდესაც ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემა არსებობს მშობლისა და ბავშვისაც – ჯაჭვური რეაქციაა ხოლმე, როგორც წესი. ამიტომ ერთობლივად ვმუშაობთ მშობელთან და ბავშვთან. ცალ-ცალკე ეფექტს არ იძლევა. 6-7 სამუშაო შეხვედრა ტარდება მათთან და როდესაც ინდივიდუალური მუშაობის შედეგს ვხედავთ, შემდეგ გადადის ბავშვი ჯგუფში. უმრავლეს შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვაღწევთ“, – ამბობს ცენტრის ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.
კითხვაზე, რამდენადაა დაცული კონფიდენციალობა და ვის მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, თუ როგორ მუშაობენ მოზარდთან, ცენტრის ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ინფორმაცია მოზარდის შესახებ მაქსიმალურადაა დაცული.
„კონფიდენციალობის გარეშე არ გვენდობა არც ბავშვი და არც მშობელი. ეს არის ყველაზე მკაცრი წესი, რომელსაც ვიცავთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მანდატურმა გამოუშვა, ის რეფერატს აგზავნის. ამის შემდეგ მანდატური აღარ არის საქმის კურსში თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს, რა მუშაობა მიმდინარეობს მასთან და ა.შ. მას შეუძლია მხოლოდ დინამიკაში დააკვირდეს – თუ აგრესიული იყო ბავშვი სკოლაში, როგორ შეიცვალა. სხვა ინფორმაცია ბავშვთან დაკავშირებით მას არ აქვს“, – ამბობს ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე. „მუშაობის ორმა წელმა ერთი რამ გვაჩვენა, იმდენად საინტერესოა ჯგუფური სამუშაოები, რომ მერე აღარ ეშინიათ. პირიქით მოჰყავთ აქ ბავშვები, თანაკლასელები,“ – ამბობს ცენტრის კიდევ ერთი ფსიქოლოგი ია ძაგანია.
ია ძაგანიას თქმით, ბავშვებთან მუშაობის პროცესში დიდი როლი ენიჭება მშობლებს. თუ როგორი შედეგი დადგება ბავშვთან მიმართებაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითანამშრომლებენ მშობლები ფსიქოლოგთან.
„ინდივიდუალური მუშაობა კვირაში მშობლებთან ერთი საათია და ამ ერთ საათში გლობალურ ცვლილებებს ელოდებიან. რეალურად თუ თვითონ არ შეცვალეს აღზრდის სტილი, შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ შედეგი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ იმუშავებენ მშობლები. ზოგი კარგად თანამშრომლობს, ზოგი – არა. რთულია დაინახო საკუთარ თავში პრობლემა. ამაში როდესაც ვინმე გეხმარება, ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევ. რთულია გააცნობიერო, რომ შვილის აგრესიული ქცევა, შესაძლოა შენი ბრალიც იყოს. თუ მშობელი არ თანამშრომლობს, შედეგიც ნაკლები დგება“, – ამბობს ია ძაგანია.
„ზედმეტი კომპიუტერიზაცია ხშირად ბავშვის აგრესიულ ქცევას უდგას სათავეში. ბავშვი ტექნიკასთანაა მიჯაჭვული, ამ შემთხვევაში მშობლის როლი იკარგება. როცა ბავშვი ჩუმად ზის კომპიუტერთან, მშობელი არის ბედნიერი. ხშირ შემთხვევაში ეს გვაძლევს ისეთ შედეგს, როგორიც არის ურთიერთობების პრობლემები, აგრესიული ქცევა, მშობლებსა და ბავშვებს შორის დაძაბულობა და ა.შ.“ – ამბობს ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.
ფსიქოლოგების თქმით, ბავშვის ემოციურ და ქცევით პრობლემებს მშობლების სიმკაცრე ან აღზრდის არასწორი მეთოდი იწვევს. ხშირად ერთი კონსულტაციაა საჭირო იმისთვის, რომ შედეგი დადგეს ან არ დადგეს.
„გვქონდა ერთი ასეთი შემთხვევა, მშობელი შვილს ექცეოდა ძალიან მკაცრად, თვლიდა, რომ თუ არ გაათამამებდა და ბავშვს გაზრდიდა სიმკაცრით, ის კარგად გაიზრდებოდა. როცა ვუთხარით, რომ ეს არის არასწორი და ბავშვს ხელი არ უნდა დაარტყას, ადგა და წავიდა. ამ ბავშვთან ვეღარ მოვახერხეთ მუშაობა“.
სპეციალისტების თქმით, პირველი კონსულტაციის მაქსიმალური შედეგი შეიძლება გამოიყურებოდეს ასე: `სეანსის დროს მშობელი იწყებს საუბარს პრობლემაზე, თავის შვილზე. როდესაც ადამიანი საუბრობს და თან თავის ნათქვამს უსმენს, ყოფილა შემთხვევა, საუბრის დროს მიმხდარა – „მე მგონი ჩემს შვილს არაფერი სჭირს. მეც რომ ვყოფილიყავი მის მდგომარეობაში, შეიძლება მეც მოვქცეულიყავი ასე~. როდესაც პრობლემა მშობელშია, ჩვენ ვცდილობთ მათ შვილის ტყავი მოვარგოთ და დავანახოთ, რას იგრძნობდნენ მათ ადგილას. ხშირად მშობელი ფიქრობს _ „მე, მე, მე~ და არ ფიქრობს, რას განიცდის ბავშვი“, – ამბობს ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე.
ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, ბავშვები მიიყვანონ ფსიქოლოგიურ ცენტრში:
„პირველ რიგში იმიტომ უნდა მოიყვანონ, რომ გაიზარდოს მათი ინფორმირებულობა. გაიზარდონ თვითონ როგორც მშობლები, როგორც პიროვნებები და როგორც შვილის აღმზრდელები. ისწავლონ სწორი აღზრდა და პრობლემებთან გამკლავება. როცა გარდატეხის ასაკზე ვლაპარაკობთ, ხშირია პრობლემები, მშობელი ვეღარ უმკლავდება და მოდის ჩვენთან. აუცილებელია დროული ჩართულობა. ძირითადად მოჰყავთ მაშინ, როდესაც სერიოზულ პრობლემას აწყდებიან. ძალიან დიდი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“.