სიახლეები

შუახევის მუნიციპალიტეტმა სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის პრემია დააწესა

03.05.2015 • 1405
შუახევის მუნიციპალიტეტმა სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის პრემია დააწესა


შუახევის საკრებულოს №22 დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალურ პრემიას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

სელიმ ხიმშიაშვილის პრემია ენიჭებათ პირებს:

ა) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილის, აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისათვის.

ბ) საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესწავლის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.

გ) სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ისტორიის გამორჩეული პუბლიკაციებისა და მეცნიერული კვლევებისათვის.

 

სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო მოწმობა, ატრიბუტიკა და ფულადი ჯილდო 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. დადგენილების თანახმად,  პრემია ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია პრემიის მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და პიროვნების საიუბილეო თარიღის გამო.

 

პრემია მიენიჭებათ საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის საიუბილეო ღონისძიებაზე 2015 წელს და მომდევნო 5 წელიწადში ერთჯერ, სელიმობის ღონისძიების ცერემონიალზე – 3 ივნისს.

 

საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის ჩამორთმევა დაუშვებელია.


გადაბეჭდვის წესი